Posted in აქეთური იქეთური, Photography

წინანდალი: როიალიდან მფრინავ სანთლებამდე


სულ ვფიქრობდი და თან მეცინებოდა, რა უნდა მოხდეს, როგორი სასტუმრო უნდა იყოს, რომ იქ ჩემი ნებით დავგეგმო დასვენება და წავიდე დასარჩენად მეთქი. თითქმის ყველა რაიონში შემიძლია ჩავიდე და ვესტუმრო ნათესავს, ან ჩავიდე ბაბოსთან ანაგაში, სადაც გავიზარდე, შემოდგომაზე დავწუროთ ღვინო, ამოვავლოთ ჩურჩხელები და შევწვათ მწვადი. ეს ისე მოკლედ. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე არ მჭირდება სასტუმრო და არც რესტორანი, როდესაც კახეთს ვსტუმრობ, მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი და საჭიროა იმ ადგილობრივებისთვის და უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებსაც კახეთში დასვენების და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების სურვილიც აქვთ.

მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ, ალბათ, ბოლო 10-15 წელია, ინფრასტრუქტურა საქართველოს რეგიონებში მნიშვნელოვნად ვითარდება. არც კახეთია გამონაკლისი.

წელს, კახეთის კოლექციას, კიდევ ერთი და უაღრესად მნიშვნელოვანი ექსპონატი შეემატა – რადისონ ქოლექშენის ოჯახიდან. შესაბამისად, აქვე დასრულდა ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება კახეთში სასტუმროში დროის გატარებასთან დაკავშირებით.  ეს სწორედ ის ადგილია, რომელსაც ჩემი ნება-სურვილით, სიამოვნებით ვესტუმრებოდი.

წლების მანძილზე სასახლის და ტერიტორიის თავზე ბევრმა უბედურებამ გადაიარა, ჯერ გაყიდეს თავდაპირველმა მფლობელებმა, შემდეგ ცოტა ხნით იყო რომანოვების რეზიდენცია, დაიწვა, საბჭოთა კავშირის დროს იყო იქვე მდებარე ღვინის ქარხნის მუშების სასტუმრო, გადაკეთდა და შეიტანეს საბჭოთა არქიტექტურის ელემენტები, მოგვიანებით, გიორგი ლეონიძემ გამოვიდა ინიციატივით და სასახლე ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმად გადაკეთდა. 80-იან წლებში, სასახლემ კიდევ ერთი საბჭოური რეკონსტრუქცია გადაიტანა.

ახალი ეპოქა დაიწყო 2007 წელს, როდესაც წინანდლის მამულები მართვის უფლებით გადაეცა სილქ როუდ გრუფს. 1 წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ, 2008 წელს მამულები დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. ინფორმაციას სასახლის რეკონსტრუქციის შესახებ, უკეთესად მოისმენთ სასახლეში.  

ისტორიული ჩანაწერებში ვკითხულობდით და ვიცით, რომ წინანდალი და წინანდლის მამულის სულისჩამდგმელი ალექსანდრე ჭავჭავაძე მუდმივად სიახლეებისკენ ისწრაფოდა. იმ დროს და იმ საუკუნეში, წინანდალი იყო ყოველგვარი სიახლის, ნოვატორული ხედვების, ხელოვანების, მწერლების, პოეტების შეკრების კერა.

ეს იყო ადგილი, სადაც პირველად საქართველოს ისტორიაში ბოთლში ჩამოასხეს ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო.

ამ ადგილზე შემოაგორეს პირველი როიალი, ბილიარდი და ცხენებშებმული ეტლი.

სწორედ ასეთი მემკვიდრეობის იდეალური გაგრძელებაა რადისონ ქოლექშენის ახალი ოჯახის წევრი. ადგილი, სადაც ძველი და ახალი სრულიად ჰარმონიულად გადადის ერთმანეთში და ორივე ერთად სინქრონიზირდება გარემო ლანდშაფტში. აქ ძალიან იზრუნეს და იფიქრეს დეტალებზე, და დეტალების დეტალებზეც.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე, ალექსანდრე ჭავჭავაძე ევროპელ დეკორატორებს იწვევდა სასახლის ბაღის მოსაწყობად და სასახლეც ევროპულ ყაიდაზე იყო მოწყობილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოელი ხელოვანების მოწვევა ერთგვარი ქართული ტრადიციაა და სიახლის შემოტანის გარანტია. საბოლოოდ, ყველაფერს დრო აფასებს.

წინანდლის რადისონზე კი, არქიდეას ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ასევე იზრუნეს ამერიკელმა არქიტექტორმა ჯონ ფოტიადისიმ, ქრისტინა გაბასმა და დამიენ ფიგუერასმა. შენობის იერსახეში კი, საბოლოო და საკვანძო შტრიხები გერმანელმა ინდუსტრიული განათების დიზაინერმა ინგო მაურერმა და ქართველმა არტისტმა თამარა კვესიტაძემ დასვეს.

 

ღონისძიების ფოტოების ავტორი თამარ მირიანაშვილი & კონსტანტინე ბერულავა – ოდელია სტუდიო 

ავტორი:

Photographer, Filmmaker, Blogger

დატოვე კომენტარი