წინანდალი: როიალიდან მფრინავ სანთლებამდე

სულ ვფიქრობდი და თან მეცინებოდა, რა უნდა მოხდეს, როგორი სასტუმრო უნდა იყოს, რომ იქ ჩემი ნებით დავგეგმო დასვენება და წავიდე დასარჩენად მეთქი. თითქმის ყველა რაიონში შემიძლია ჩავიდე და ვესტუმრო ნათესავს, ან ჩავიდე ბაბოსთან ანაგაში, სადაც გავიზარდე, შემოდგომაზე დავწუროთ ღვინო, ამოვავლოთ ჩურჩხელები და შევწვათ მწვადი. ეს ისე მოკლედ. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე არ მჭირდება სასტუმრო და არც რესტორანი, როდესაც კახეთს ვსტუმრობ, მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი და საჭიროა იმ ადგილობრივებისთვის და უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებსაც კახეთში დასვენების და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების სურვილიც აქვთ.

მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ, ალბათ, ბოლო 10-15 წელია, ინფრასტრუქტურა საქართველოს რეგიონებში მნიშვნელოვნად ვითარდება. არც კახეთია გამონაკლისი.

წელს, კახეთის კოლექციას, კიდევ ერთი და უაღრესად მნიშვნელოვანი ექსპონატი შეემატა – რადისონ ქოლექშენის ოჯახიდან. შესაბამისად, აქვე დასრულდა ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება კახეთში სასტუმროში დროის გატარებასთან დაკავშირებით.  ეს სწორედ ის ადგილია, რომელსაც ჩემი ნება-სურვილით, სიამოვნებით ვესტუმრებოდი.

წლების მანძილზე სასახლის და ტერიტორიის თავზე ბევრმა უბედურებამ გადაიარა, ჯერ გაყიდეს თავდაპირველმა მფლობელებმა, შემდეგ ცოტა ხნით იყო რომანოვების რეზიდენცია, დაიწვა, საბჭოთა კავშირის დროს იყო იქვე მდებარე ღვინის ქარხნის მუშების სასტუმრო, გადაკეთდა და შეიტანეს საბჭოთა არქიტექტურის ელემენტები, მოგვიანებით, გიორგი ლეონიძემ გამოვიდა ინიციატივით და სასახლე ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმად გადაკეთდა. 80-იან წლებში, სასახლემ კიდევ ერთი საბჭოური რეკონსტრუქცია გადაიტანა.

ახალი ეპოქა დაიწყო 2007 წელს, როდესაც წინანდლის მამულები მართვის უფლებით გადაეცა სილქ როუდ გრუფს. 1 წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ, 2008 წელს მამულები დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. ინფორმაციას სასახლის რეკონსტრუქციის შესახებ, უკეთესად მოისმენთ სასახლეში.  

ისტორიული ჩანაწერებში ვკითხულობდით და ვიცით, რომ წინანდალი და წინანდლის მამულის სულისჩამდგმელი ალექსანდრე ჭავჭავაძე მუდმივად სიახლეებისკენ ისწრაფოდა. იმ დროს და იმ საუკუნეში, წინანდალი იყო ყოველგვარი სიახლის, ნოვატორული ხედვების, ხელოვანების, მწერლების, პოეტების შეკრების კერა.

ეს იყო ადგილი, სადაც პირველად საქართველოს ისტორიაში ბოთლში ჩამოასხეს ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო.

ამ ადგილზე შემოაგორეს პირველი როიალი, ბილიარდი და ცხენებშებმული ეტლი.

სწორედ ასეთი მემკვიდრეობის იდეალური გაგრძელებაა რადისონ ქოლექშენის ახალი ოჯახის წევრი. ადგილი, სადაც ძველი და ახალი სრულიად ჰარმონიულად გადადის ერთმანეთში და ორივე ერთად სინქრონიზირდება გარემო ლანდშაფტში. აქ ძალიან იზრუნეს და იფიქრეს დეტალებზე, და დეტალების დეტალებზეც.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე, ალექსანდრე ჭავჭავაძე ევროპელ დეკორატორებს იწვევდა სასახლის ბაღის მოსაწყობად და სასახლეც ევროპულ ყაიდაზე იყო მოწყობილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოელი ხელოვანების მოწვევა ერთგვარი ქართული ტრადიციაა და სიახლის შემოტანის გარანტია. საბოლოოდ, ყველაფერს დრო აფასებს.

წინანდლის რადისონზე კი, არქიდეას ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ასევე იზრუნეს ამერიკელმა არქიტექტორმა ჯონ ფოტიადისიმ, ქრისტინა გაბასმა და დამიენ ფიგუერასმა. შენობის იერსახეში კი, საბოლოო და საკვანძო შტრიხები გერმანელმა ინდუსტრიული განათების დიზაინერმა ინგო მაურერმა და ქართველმა არტისტმა თამარა კვესიტაძემ დასვეს.

 

ღონისძიების ფოტოების ავტორი თამარ მირიანაშვილი & კონსტანტინე ბერულავა – ოდელია სტუდიო 

როგორ არ მოვკროპოთ ფოტო

ვერც კი წარმოიდგენთ, რა დიდი ტკივილია ფოტოგრაფისთვის, როდესაც ფოტოს ვუგზავნით ობიექტს და ეს უკანასკნელი ფეისბუქის პროფილზე აყენებს ისე, რომ კადრი იჭრება, ან ფეხი მოყვება, ან ხელი მოყვება ან სული და მთელი ფოტოს არსი იკარგება, იცვლება შინაარსი. დადეთ ისეთი სახით, როგორც მოგეცით, მოსაჩეხი რომ ყოფილიყო, ჩვენ მოვჩეხავდით.

სინამდვილეში კი, ძალიან მარტივია არ იყო ლეღვი!  ასე მაგალითად, ერთხელ დააკლიკო SKIP CROPPING-ს და თავიდან აიცილო ფოტოს ფეხქვეშ გათელვა და ასევე სამომავლოდ, ფოტოგრაფს არ დაუკარგოთ სურვილი გადაგიღოთ და გამოგიგზავნოთ ფოტო.

მივყვეთ ინსტრუქციას:  

პირველი და ერთადერთი ნაბიჯი:

ტვირთავთ ფოტოს და წითელი ისრით მითითებულ წარწერაზე აკლიკებთ ერთხელ! ვუალა!

 

მაგალითები: 

დაუჩეხავი

#2 დაჩეხილი

მაგალითი #2 

დაუჩეხავი

დაჩეხილი 

 

ენდობით ფოტოგრაფს?

ფოტოგრაფის ნდობის საკითხი, მას შემდეგ მაწუხებს, რაც თავად დავიწყე ღამის ცხოვრების, ქლაბინგის გადაღება. როგორც სხვა, ისე ამ შემთხვევაშიც, არასოდეს მიფიქრია პაპარაცული, დამაინტრიგებელი, სკანდალური ფოტოების გადაღებაზე, რისი შანსიც რასაკვირველია ყოველთვის მქონდა და აქვს ნებისმიერ ფოტოგრაფს, რომელიც ე.წ. nightlife photography-ით არის გატაცებულ/დაკავებული. თუ შემთხვევით, ობიექტისთვის არასასურველი კადრი მოხვდა ჩემს კამერაში, რაც შესაძლებელია მეორე დილას, ფხიზელ თვალზე ადამიანს არ მოეწონოს, ფოტო წაიშლება და არ მიაღწევს კლუბის, პაბის, ბარის მენეჯერამდე, თუ რასაკვირველია ასეთი გადაღება დაკვეთა იყო.

ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად მიზიდავს შავ-თეთრი ფოტოები და ვცდილობ, ფოტოდოკუმენტალისტიკის ჟანრში ჩავსვა ეს ყველაფერი და არ იყოს ვინმესთვის შეურაცხმყოფელი/არაესთეტიკური და ა.შ. ამის მიღწევა ცოტა რთულია იქ, სადაც ბევრი ალკოჰოლია, მაგრამ მაინც რაღაც გამომდის ხოლმე მგონი. 🙂

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ფოტოგრაფი და მენეჯერი ამდენს არ ფიქრობს, მეტიც, ზოგი საერთოდ არ ფიქრობს. გადაიღებენ ათასობით ფოტოს, არ გადაარჩევენ, პირდაპირ მიაწვდიან დამკვეთს და დამკვეთი ასევე დაუფიქრებლად ტვირთავს ფეისბუქზე ან სხვაგან.

შესაბამისად, ასეთ გვერდებზე შეხვდებით ფეხს თავში, გლანდებს, სასაზე მიკრულ საღეჭ რეზინს, ცხვირის ნესტოებს, იღლიის ფოსოებს და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი შორს არის რეპორტაჟისგან, დოკუმენტალისტიკისგან, ყოველგვარი ესთეტიკისგან, სამაგიეროდ ახლოს არის სრულ გულგრილობასთან და უპასუხისმგებლობასთან, პირველ რიგში ფოტოგრაფის და შემდეგ დამკვეთის, თუ გადაურჩეველი ფოტოები გადაეცა.

და საერთოდ, არავინ ფიქრობს იმაზე, უნდა თუ არა გადაღება ადამიანს, რომელიც პარასკევ საღამოს, დატვირთული კვირის შემდეგ მოდის დასალევად, გასართობად და საცეკვაოდ, რომელიც ვერ აკონტროლებს როგორ ტლინკაობს, ენას როდის გამოყოფს, ყირაზე როდის გადავა, და ამ დროს, მეორე დღეს უწყვეტ ფოტო კადრებად ხედავს ამ ყველაფერს, რომელიღაცა ბარის, პაბის თუ კლუბის ფეისბუქ გვერდზე;

"გაწიე ეგ დედამოტყნული კამერა" მეუბნება ბრიუს უილისი.  Vanity Fair-ისთვის დახურულ წვეულებას ვიღებდი, ერთადერთი ფოტოგრაფი ვიყავი დარბაზში, სხვა რა უნდა მექნა?" იხსენებს ფოტოგრაფი სტეფან ჯერომი.

“ნუ მიღებ. გაწიე ეგ დედამოტყნული კამერა” მეუბნება ბრიუს უილისი, როდესაც Vanity Fair-ისთვის დახურულ წვეულებას ვიღებდი; დარბაზში ერთადერთი ფოტოგრაფი ვიყავი, სხვა რა უნდა გამეკეთებინა?” იხსენებს ფოტოგრაფი სტეფან ჯერომი.

აქვე, ფოტოგრაფ დინა ლიტოვსკის ერთი ფოტოპროექტი მახსენდება  – “Untag This Photo” ანუ ასე ვთქვათ, “განსათაგი ფოტოები” :)), ფოტოები, საიდანაც წინა დღის თავბრუდამხვევი გართობის შემდეგ უბრალოდ თავი უნდა ამოითაგო. მაგალითად:

Photo credit: Dina Litovsky

Photo credit: Dina Litovsky

ერთი ასეთი ფოტო ყველას გვიგდია კარადაში, მეც გავხდი ასეთი უპასუხისმგებლო ფოტოგრაფის “მსხვერპლი”. ფოტოს ვერ ვნახავდი, ჩემს ოტორინოლარინგოლოგს, რომ არ დაერეკა და არ ეთქვა, შენს გლანდებს მოუსვლელად ვხედავო. 😀

როგორც ზემოთ აღვნიშნე, დიდი ხანია რაც ამ თემაზე პოსტის დაწერა მინდა და სტამბოლის კინოფესტივალზე ნანახმა ერთმა ძველმა ფილმმა, კიდევ უფრო მეტად მიბიძგა ამ პოსტის დაწერისკენ.

Studio 54 – ფილმი, ნიუ იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ვარსკლავური კლნუბის და მისი ბინადრების ცხოვრებას ასახავს. კლუბში მხოლოდ ვარსკვლავები დადიოდნენ, ამომავალი თუ მოქმედი კაშკაშა ვარსკვლავები, რიგითი ადამიანებისთვის კლუბი დახურული იყო. სასმელი, სიკვდილამდე ცეკვა, ნარკოტიკები, სექსი ყველა წარმოდგენილი თუ წარმოუდგენელი კუთხიდან; ეს იყო ადგილი, სადაც ვარსკლავები თავს გრძნობდნენ კომფორტულად, თავისუფლად და იყვნენ ისინი, რაც შეიძლება გარეთ, სხვაგან და სხვა ვითარებაში არ ყოფილიყვნენ.

თითქმის წარმოუდგენელია მაგრამ კლუბს ჰყავდა ორი უცვლელი ფოტოგრაფი, ტოდ პაპაჯორჯი და ჰასე პერსონი.

ამ ადამიანებმა კლუბის დიდების ზენიტში ყოფნის პერიოდში, დარწმუნებული ვარ, ყველა ფოტოგრაფისთვის სანატრელი და საოცნებო არქივი შექმნეს და გაუძლეს ცდუნებას არ გამოექვეყნებინათ ასეთი ძვირფასი ფოტოები.

ენდი უორჰოლი, ახლადფეხადგმული ბრუკ შილდსი, ლაიზა მინელი, ბიანკა ჯაგერი, ლიზ ტეილორი, მიკ ჯაგერი, გრეის ჯონსი, მაიქლ ჯექსონი, ელტონ ჯონი, თინა ტერნერი, ტრუმან კაპოტე, მარგო ჰემინგუეი, დაიანა როსი, შერი, სალვადორ დალი, ჯეკი კენედი ონასისი, არასრული ჩამონათვალია იმ ვარსკვლავებისა, რომლებიც სტუმრობდნენ სტუდიო 54-ს.

დაიანა როსი

დაიანა როსი

კიდევ ერთი კადრი სტუდიო 54-დან

კიდევ ერთი კადრი სტუდიო 54-დან

სტუდიო 54-ის ფოტოკადრებმა, თითქმის 40 წლისთავზე იხილა დღის სინათლე. წიგნის სახით გამოიცა. 70-იან წლებში გადაღებული ფოტოები, რაც დიდ სკანდალად შეიძლებოდა ქცეულიყო მაშინ, დღეს უკვე სრულიად დამსახურებულად ისტორიას და ფოტოდოკუმენტალისტიკას მიეკუთვნება.

ცხადია ყველა Nightlife ფოტოგრაფი, პაპაჯორჯი და პერსონი ვერ იქნება და ვერც ყველა მენეჯერი იქნება სტივ რაბელი.

და ბოლოს, თქვენც მინდა გკითხოთ, გყავთ ფოტოგრაფი, რომელსაც ენდობით?

———-

ტოდ პაპაჯორჯის ფოტოები 

ჰასე პერსონის ფოტოები 

ფოტოები საოჯახო ალბომიდან

დღეს თითქმის ყველას აქვს ფოტოკამერა ან ფოტოკამერით აღჭურვილი მობილური ტელეფონი, შესაბამისად შანსი იმისა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო მოვლენა გამოგვეპაროს, ძალიან მცირეა.  თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამა თუ იმ მოვლენას ან საერთოდ არავინ იღებს ან ძალიან ცოტა ფოტოგრაფია წარმოდგენილი.

მოდით, ცოტა ხნით დავბრუნდეთ წარსულში, პირველი, რაც მახსენდება, ჩემი სოფლის სოფლის სახლში აღმოჩენილი ფოტოალბომებია (რეალურად პირველი შეხვედრა ზოგადად ფოტოგრაფიასთან), შემდეგ სოფლის ფოტო ატელიე მახსენდება, სადაც ორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფოტო გადავიღეთ, ერთხელ ჩემს პატარა და – ძმასთან და ბიძასთან ერთად და ერთიც, ნათესავ გოგოებთან ერთად, დაბადების დღის და მთელი ღამე ქეიფის შემდეგ, დილას ნაბახუსევზე დავადექით ე.წ. მესურათეს. თბილისში მაცილებდნენ, მორიგი არდადეგების შემდეგ.

სამ თვიანი არდადეგების ერა მალე დასრულდა, მასთან ერთად ბავშვობაც, ფოტოებმა კი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ჩემს ცხოვრებაში.

ძველებურ ატელიებს დღეს იშვიათად გადააწყდებით, თუმცა ამ ატელიეებში და ოჯახებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფასდაუდებელი არქივები დარჩა.  ცხადია, ეს განსაკუთრებით იმ პერიოდს ეხება, როდესაც ფოტოკამერა ფუფუნება იყო, თუ იღებდნენ ისევ და ისევ ატელიეებში ან ფოტორეპორტიორები ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთებისთვის.

ჩვენთვის ცნობილი და საჯაროდ გამოტანილი ფოტოები ძალიან მცირეა, წინა პერიოდებიდან თითზე ჩამოსათვლელი ფოტოგრაფები ვიცით, ფოტოებიც ცხადია მათი პირადი არქივებიდანაა შემორჩენილი ან კერძო კოლექციებიდან.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გადაღებული ფოტოების უმეტესი ნაწილი მოგზაურების წყალობით არსებობს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს კუთხეებს სტუმრობდნენ. ზოგი ფოტოგრაფი იყო, ზოგიც უბრალოდ მოგზაური კამერით; გადაღებული ფოტოები ნაწილი საქართველოშია დაცული, ნაწილი საზღვარგარეთ, სხვადასხვა უნივერსიტეტების, ბიბლიოთეკების თუ მუზეუმების კუთვნილებაა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მნიშვნელოვანი არქივია კერძო კოლექციები, საოჯახო ფოტოალბომები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და წლიდან წლამდე მდიდრდება.

ასე ვთქვათ, “გასაჯაროებულ” საოჯახო ფოტოებს, პირველად სტამბოლის ძველ ქუჩებბში გადავეყარე. ფოტოები ქორწილებიდან, საოჯახო წვეულებებიდან, დაბადების დღეებიდან, ბავშვობიდან, სტუდენტობიდან, პირველი პაემნიდან და სხვა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტებიდან, ქუჩაში იყიდებოდა, დაბეჭდილი თუ ფირების სახით.

არ ვიცი, ამ ადამიანებმა იციან თუ არა იმის შესახებ, რომ მათი ცხოვრებისეული მომენტები ხან ქურუშად და ხან ერთ ლირად იყიდება სტამბოლის ქუჩებში. შეიძლება იციან ან არ. თუმცა გამვლელისთვის მეტად საინტერესოა, წამებში შენს თვალწინ იშლება ამა თუ იმ პერიოდის ვიზუალური ისტორია. შესაბამისად, საოჯახო ალბომების ისტორიული და ფოტოგრაფიული მნიშვნელობის გამო, დანაშაული უფრო ასეთი ფოტოების არ გამოჩენა მგონია.

მაგალითად, როდესაც ჯეოსელის და ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის “ციფრული ფოტომატიანე”-ს ფარგლებში სურამში, ერთ-ერთ ძველ ფოტოგრაფს ესტუმრნენ, აღმოჩნდა, რომ ფოტოგრაფი ორი თვის წინ გარდაცვლილიყო, ხოლო მის შვილს კი, ფოტოებით სავსე მთელი ექვსი ტომარა თონეში დაუწვავს, იმის გამო რომ ვერაფერში გამოიყენებდა და ბევრ ადგილს იკავებდა.

ასეთი ისტორიები ბევრია. თუმცა არსებობს საიმედო ისტორიებიც, ადამიანები, რომლებიც სხვებსაც უზიარებენ თავის ფოტოალბომებს გაცნობის, შესწავლის და დაცვის მიზნით.

მესტიასაც ამ მიზნით ვესტუმრეთ. ციფრული ფოტოარქივი დღითიდღე იზრდება, ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში სიარულით. მართალია, ფოტოების ავტორი ხშირად უცნობია, ხშირად მასზე გამოსახულ ადამიანებსაც ვერ იხსენებენ, მაგრამ ვუყურებთ ფოტოებს და ვხედავთ ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ადგილის შექმნაში, რომლებიც ქმნიან სვანეთს, ადგილის ისტორიას, იპყრობენ მწვერვალებს,  გაყავთ გზები, აგებენ სახლებს, ქმნიან კულტურის ცენტრებს, ბიბლიოთეკებს, სკოლებს, ადგილობრივ გაზეთს, ადამიანებს, რომლებიც დღეს უკვე აღარ არიან, რჩებიან ფოტოზე და ისტორიის განუყოფელ ნაწილად.

მესტია, 26.09.14

——-

"ნახტომი' - გურამ თიკანაძე

“ნახტომი’ – გურამ თიკანაძე

როდის გაიღიმეს ფოტოზე პირველად?

ჰუ ვეის “ზეთის ლამფა” საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გახდა ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე . ფილმმა შემახსენა ერთი კითხვა, რომელიც ჯერ კიდევ ძველი საოჯახო ალბომების თვალიერებისას გამიჩნდა –  როდის გაიღიმეს ფოტოზე პირველად? 

Butterlamp

Butter Lamp –  Directed by Hu Wei

რატომ უყურებდა ობიექტივს ყველა კუშტი სახით? მყარი, აკადემიური პოზით და წელში გამართული ჯდომისას, მხრებში გამართული დგომისას, არავითარი მოდუნებული ან მოშვებული მდგომარეობა. ამ ამბავს არაერთი ახსნა აქვს, მათ შორის საკმაოდ დამაჯერებელი და არგუმენტირებულიც.

დავიწყოთ იქიდან რომ, ვიქტორიანულ ეპოქაში (1837-1901) ქცევის და სილამაზის განსხვავებული ეტიკეტი და სტანდარტები არსებობდა; იმ პერიოდში მოკუმული ტუჩები, პატარა პირი უფრო იყო მოდაში, ასე ვთქვათ და ლამაზადაც ასე მიიჩნეოდა. მაგალითად, ჩემი ჭიხვინისგან შეწუხებული ბაბოც ასე მეუბნებოდა ხოლმე, რომ როდესაც ქალი იცინის, ორ კბილზე მეტი არ უნდა გამოაჩინოს სიცილის დროსო.  მაშინ ფოტოგრაფის რეპლიკაც განსხვავებული ყოფილა, ნაცვლად ცნობილი გამოთქმისა “Say cheese”, ამბობდნენ “Say prune”  (ქართულად “თქვი კუშტი” უხდება მგონი 😀 ). და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ პერიოდში, ღიმილს, სიცილს მხოლოდ ბავშვებზე, გლეხებზე და ლოთებზე შენიშნავდით.

გარდა ამისა, დღევანდელი ჩხაკაჩხუკისგან განსხვავებით, მაშინდელი ფოტოგრაფიაც ცხადია საკმაოდ მოუქნელი იყო, ექსპოზიციის დრო რამდენიმე წუთი, საათი შეიძლება ყოფილიყო. ასე მაგალითად, ნეპსის ცნობილი ფოტოს “ხედი ფანჯრიდან” გადაღებას რვა საათი დასჭირდა, ხოლო ნეპსის ჩანაწერების მოკვლევის შემდეგ გაირკვა რომ გადაღებას/ექსპოზიციას ზოგჯერ რამდენიმე დღე სჭირდებოდა.

პირველი ფოტო – გადაღებულია 1826 წელს.

მართალია, რაც დრო გადიოდა ექსპოზიციის დრო მცირდებოდა, თუმცა ფოტოგადაღება მაინც ხანგრძლივი პროცესი იყო, ამიტომ დიდხანს ღიმილიანი სახით დგომა ან ჯდომა, ასევე სხვადასხვა მოშვებულ/მოდუნებულ/სალაღობო პოზიციაში ყოფნა საკმაოდ რთული იყო. შესაბამისად, ადამიანები ფოტოებში ან სკამს ეყრდნობიან, ან მყარად სხედან, ან მაგიდაზე აქვთ ხელი ჩამოდებული, სხვადასხვა სახასიათო/პროფესიულ ნივთებთან ერთად, რაც შემდგომში მოგვიყვებოდა ამ ადამიანის შესახებ.

ყურადსაღები ამბავია კბილების საკითხიც. ისევ იმავე პერიოდში, რთული იყო კბილების ჰიგიენის დაცვა, ამასთან კბილების მკურნალობის ერთადერთი გზა, კბილის ამოღება იყო. შესაბამისად, უკბილოდ გაღიმება, ძალიან არასასურველი იყო ადამიანისთვის, რომელმაც ძლივს გამონახა ფული ფოტოს გადასაღებად. ჰო, დამავიწყდა მეთქვა რომ, ფოტოს გადაღება ფუფუნება იყო. დაგეროტიპების პერიოდში უკვე 15 დოლარი ღირდა ერთი ფოტოს გადაღება, ცოტა დიდ ფორმატზე 50 დოლარი. ადამიანები ფოტოს იღებდნენ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ხშირად ცხოვრებაში ერთხელ. აქედან გამომდინარე, ხომ ხვდებით როგორ ემზადებოდნენ ამ ამბავისთვის –  ფოტო მაქსიმალურად უზადო და სრულყოფილი უნდა ყოფილიყო. არავითარი ზედმეტი, არაკადემიური მიხვრ-მოხვრა, არავითარი ღიმილი – მითუმეტეს თუ კბილი არ გქონდა. “თქვი კუშტი”

Southworth and Hawes Studio XIX C.

Southworth and Hawes Studio XIX C.   დაგეროტიპი. საუსუორსის და ჰოვსის სტუდია

დადგა 1888 წელიც. ჯორჯ ისთმანმა ჩამოაყალიბა Kodak-ი, კომპანია, რომელმაც ფოტოგრაფია ფართო მასებში გაიტანა . ეს უკვე აღარ იყო ფუფუნება და მხოლოდ მდიდრების პრიორიტეტი.  უკვე, 1895 წელს კოდაკმა პირველი ჯიბის კამერა გამოუშვა, რომელიც მაშინ 5 აშშ დოლარი ღირდა (დღევანდელი 135 აშშ დოლარი), ხოლო 1900 წელს Brownie – 1 დოლარიანი კამერა გამოუშვა, რომელმაც სამუდამოდ გადაატრიალა ფოტოგრაფიული სამყარო. ადამიანებს უკვე ყოველდღიური მომენტების, რაც მთავარია თავისუფალი მიხვრა-მოხვრის და ღიმილის, სიცილის დაფიქსირებაც უფრო თამამად შეეძლოთ, ეს უკვე აღარ იყო ის ფოტოკამერა, რომლითაც სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ იღებდნენ ფოტოს.

კარგად ვიცით, მედია და კინო როგორ მოქმედებს ადამიანებზე, განსაკუთრებით ჰოლივუდი და განსაკუთრებით ის ჰოლივუდი, რომელიც იმავე პერიოდის პარალელურად ძლიერდებოდა. ეკრანზე უფრო და უფრო მეტი კინოვარსკლავი იღიმოდა, მითუმეტეს უხმო კინოში კიდევ უფრო ხაზგასმით ჩანდა სახის გამომემტყველებები, სხვადასხვა ემოციები. ღიმილი სოციალურად უფრო მიღებული გახდა საზოგადოებაში და შესაბამისად მიიღეს ფოტოგრაფიაშიც.

ამგვარად, ლოგიკური ჯაჭვის ბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ რომ ღიმილი დაახლოებით 1900-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, მაშინ როდესაც ფოტოგადაღება უფრო ხელმისაწვდომი გახდა მასებისთვის და საყვარელმა კინომსახიობებმაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინეს ეკრანებიდან.

ლაშქრობა მეტეოსადგურზე

ნაწილი I  – კინორომანტიკა ^_^

მეტეო სადგურზე ალბათ მხოლოდ ფანტასტიკურ სიზმარში თუ ავიდოდი და დილით, ავლილ-ჩავლილი გზის წარმოდგენისას შიშისაგან დაზაფრული გავიღვიძებდი.  თუმცა რაღაცნაირად და თანაც მოულოდნელად ეს ყველაფერი რეალობად იქცა, როდესაც ერთ დღესაც, Friend of friend-ს შევხვდით ქუჩაში სეირნობისას და გვითხრა რომ მომდევნო კვირას აპირებდნენ მეტეო სადგურზე ასვლას.

მთა-მთა და ტყე-ტყე ფეხით სიარულზე დიდად არ ვგიჟდები, თუმცა პირველი, რაც გამახსენდა იყო ფილმი “ვერტიკალური ზღვარი”, უცებ უცებ თვალწინ გამირბინა ფილმის კადრებმა და ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვა ლაშქრობის დეტალები, ამ ეიფორიაში ვიყავი. ❤

გადაწყდა, მივდივართ!

 

ნაწილი II – რეალობა    

რეალურად კი ძალიან მოუმზადებელი შევხვდი ასეთ მნიშვნელოვან ლაშქრობას. გამოუძინებელი, მთელი დღის გადარბენილ-გადმორბენილი, დასიცხული და უბედური გავუდექი გზას ყაზბეგისკენ, პარასკევ საღამოს. გზაში ვერ დავიძინე. ჩავედით ყაზბეგში, სამებამდეც და პირველ ღამისგასათევ ადგილამდე ფეხით მივედით, დაახლოებით ღამის სამი საათისკენ. იმ ღამესაც ვერ დავიძინე, ნესტიანი ჰაერი, სიცივე, დაღლილობა და დილას გავიღვიძე უბედურმა და თავგასიებულმა

:/

კაი ხანს მზეს ვეფიცხებოდი მოსაშუშებლად და თან ვფიქრობდი, წავიდე ზემოთ თუ დავბრუნდე უკან. მართლა ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ბოლოს ბუხრამ გადამარწმუნა. გავედით. რასაკვირველია გზადაგზა აღმოვაჩინე რომ ძალიან შეუფერებლად მეცვა, ძალიან მძიმე ბათინკები, მძიმე თბილი ქურთუკი, რომელიც თოვლის და წვიმის შემდეგ 100 კილო გახდა, არ მქონდა ზურგჩანთის საწვიმარი, შესაბამისად ზურგჩანთაც 100 კილო გახდა და ფაქტობრივად ასეთი გზისთვის და ლაშქრობისთვის ძალიან შეუფერებელი წონით ვიარე, რამაც ისევ მე დამაზარალა და სხვებიც შევაწუხე ჩემი წუწუნით. ამ ყველაფერს კი აკლიმატიზაცია აგვირგვინებდა.

დაახლოებით ექვსი საათი ავდიოდით მეტეო სადგურისკენ. იყო ბევრი აღმართი, დაღმართი, ხან ქვიანი, ხან თოვლიანი, ხან ყინულიანი, ბეთლემ ქოხისკენ ანუ მეტეოსკენ მიმავალი ბოლო აღმართი კი ბუკვალურად ფორთხვით ავიარე.

ერთ-ერთი პირველი აღმართის ნაწილი :დ

ფოტო მობილურიდან – შარშან დაღუპული უცხოელი ალპინისტების მემორიალი

 რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ბევრი ფოტო ვერ გადავიღე, წავიღე დიდი კამერა, რომელიც მედო ზურგჩანთაში. წამდაუწუმ გაჩერების, ზურგჩანთის მოხსნის და გადაღების დრო არ იყო (ხან ამინდი გვიშლიდა ხელს), უფრო მოხერხებული ამ შემთხვევაში მობილური ტელეფონი აღმოჩნდა. შესაბამისად, უფრო პატარა და კომპაქტური კამერა რომ წამეღო მეტი საინტერესო კადრი მექნებოდა და 4 კილომდე აპარატურის თრევა აღარ მომიწევდა.

ამ რეალობიდან გამომდინარე გიზიარებთ რამდენიმე რჩევას:

1) ჩაიცვით რაც შეიძლება მსუბუქად (ერთი თხელი შარვალი/თბოელასტიკი და საწვიმარი საკმარისია), ვინაიდან მუდმივად სიარული გიწევთ, ძალიან არ გცივათ და ზედმეტად თბილი და სქელი ტანსაცმელი უარესად გამძიმებთ და ხელს გიშლით სიარულში (რაც დამემართა კიდეც და ფოტოებშიც ნახავთ)

2) თან გქონდეთ გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდა (ასევე მსუბუქი)

3) მსუბუქი წყალგაუმტარი ზურგჩანთა ან საწვიმრით, რათა თავიდან აიცილოთ წყლით გაჟღენთვა და დამძიმება (ჩემი ზურგჩანთა შიგთავსიანად სველი იყო რომ ჩამოვედი)

4) საკვები მიგაქვთ მშრალი და კომპაქტური, არც ბევრი არ არის საჭირო (ძირითადად იკვებებით დილას გასვლისას და საღამოს ადგილზე მისვლისას)

5) აკლიმატიზაციას სხვადასხვა სიმპტომები აქვს, ამიტომ შეგიძლიათ თან იქონიოთ (გულის საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები) და რაც ყველაზე მთავარია ლიფთონის მწვანე ჩაი და ლიმონი ❤ ❤ ❤ სიცოცხლის ელექსირი!

6) იყავით კარგად გამოძინებული და დასვენებული

7) ხშირად შეისვენეთ, მოსვით ცოტა წყალი და დატკბით ულამაზესი ხედებით, ეს უკანასკნელი აქ ყველაზე მეტად გამშვიდებთ – უსასრულო სივრცეები და ბევრი მწვანე ფერი ❤ ❤ ❤

თუ ამ ყველაფერს არ შეასრულებთ, ჩათვალეთ რომ ისედაც რთულ და დამღლელ გზას, ასმაგად ართულებთ და თქვენც უარესად იღლებით.

ნაწილი III – მეტეო სადგური ანუ ბეთლემ ქოხი  ❤

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბოლო აღმართი მეტეო სადგურამდე ე.წ. ბოღმიანი, სულ ფორთხვით ვიარე და ახლაც არ მახსოვს როგორ ავიარე ბეთლემ ქოხის ოთხ საფეხურიანი კიბე. ოთახში ტაშით შემეგებნენ. ❤

რამდენიმე ხანს ვიყავი ძალიან სუსტად, მეძინებოდა მაგრამ ვერ ვიძინებდი, გულზე მიჭერდა, საშინელი გულისრევის შეგრძნება მქონდა, საერთოდ არ მშიოდა მიუხედავად იმისა რომ დილის მერე არაფერი მეჭამა. მხოლოდ ლიფთონის მწვანე ჩაი და ლიმონი მიბრუნებდა გულს, მეტ-ნაკლებად. მალევე, ქოხში მყოფმა ერთმა ალპინისტმა რაღაც წამალი მომცა და მაგის მერე მოვედი გონზე, დაბრუნდა გულიც, მადაც და ხასიათი. თვალებში გამოვიხედე.

ფოტო მობილურიდან – ხედი ბოღმიანიდან

თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ, მეტეო სადგური იგივე ბეთლემ ქოხი მყინვარწვერის კალთაზე, გერგეტის მყინვარის მხრიდან 3680 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, თუმცა თავად მეტეოს შენობაზე დამაგრებულ სტენდზე 3653 მ-ია მითითებული. ქოხის აშენების იდეა 20-იან წლებში გაჩნდა, როდესაც გააქტიურდა მყინვარწვერის დალაშქვრის მოსურნეთა რიცხვი და საჭირო გახდა ალპინისტებისთვის ღამისთევის და აკლიმატიზაციის გასავლელი ადგილი.

დღესაც, ეს შენობა მასპინძლობს უამრავ ტურისტს, მოლაშქრეს თუ ალპინისტს; აქ არის ღამის გასათევი ოთახები, რაღაც პერიოდით ირთვება შუქი, არის წყალი, შეგიძლიათ გათბეთ და ცხელი საკვებიც მოიმზადოთ. თუმცა ერთი კარგი ინვესტიცია არ აწყენდა ამ შენობის განახლებას და უფრო ადაპტირებას.

ჩვენი ოთახი ❤

სამზარეულო ^_^

შტაბი ანუ ოთახი, სადაც შეგიძლიათ გათბეთ, დაისვენოთ, გააშროთ სველი ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი, ითამაშოთ ნარდი, დომინო, კარტი და უბრალოდ იურთიერთოთ რა 😀

შტაბი იყო ურთიერთობა :D

შტაბი იყო ურთიერთობა 😀

ამ კიბის ბოლო საფეხურზე იჭერს ტელეფონი, კერძოდ კი, ჯეოსელის ქსელში ჩართული ტელეფონი 😀 ამით გავეცი პასუხი კითხვას თუ როგორ ვპოსტავდი 3653 მეტრი სიმაღლიდან 😀

ჯეოსელის კიბე

ჯეოსელის კიბე

ერთი სიტყვით, ბეთლემის ქოხი ის ადგილია, სადაც ყველა ჯიგარი და კაი ტიპი იყრის თავს ან შეიძლება ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს კაი ტიპობას, ვერ გეტყვით, მაგრამ ასე იყო ნამდვილად 😀 ამდენი ჭირ-ვარამის გადატანის შემდეგ, აღმართებზე ბღოტიალის, მდინაარების გატოპვის, ყინულის მოედანზე სიარულის და თოვლში შაგაობის შემდეგ, გვხდებათ კარგი სიტუაცია, კარგი ხალხი და რაც მთავარია ადგილობრივი, მხიარული მოხევეები ❤ თუ ვინმე წახვედით არაყს გაგატანთ ჩემს სახელზე 😀

 

ვიდრე ბოლო ნაწილზე გადავალ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჯგუფის ყველა წევრს ჩემი დახმარებისთვის და ატანისთვის, განსაკუთრებით კი მოლაშქრეთა ეროვნულ ფედერაციას – თითოეული თქვენგანის გარეშე, ეს ამბავი არ გამოვიდოდა.  ^_^ ❤ ❤ ❤

ჩვენ

ჩვენ

ნაწილი IV -ჩამოფორთხვა და ჯიგარი ბორჯღალიანი კაცი 

ჩამოსვლისას ამინდმა გვიმტყუნა, მოთოვა, მოსეტყვა, მოწვიმა, მონისლა. დავსველდით, მყინვარწვერის ენაზე ვისრიალეთ, დავეცი ერთხელ, გადამარჩინა ფუმფულა ტრაკმა 😀 ხოოდა ტალახში სიარული იყო კოშმარი, თან მტკივანი ფეხით.

ერთი სიტყვით ბოლო ძალებით მოვაღწიე სამების ძირში და განვერთხე ბალახზე. 😀 სად იყო და სად არა, სამებიდან მომავალი თეთრი პიკაპი გამოჩნდა, გააჩერა და ყაზბეგში ჩაყვანა შემოგვთავაზა ❤

წამოვფრინდი ფეხზე ❤ ❤ ❤

ბოლოს ასე რა გამიხარდა არ ვიცი 😀

სამება

სამება

ნაწილი V – აი, რომ ახვედით, მერე რა? 

ყაზბეგი სავსეა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებით, უფრო მეტად კი უცხოელი ტურისტები ეტანებიან ამ ალპინისტურ რეგიონს. სერვისი რომ არ ბრწყინავს ჩვენთან და საკვებს ყველგან ერთნაირად ვერ ამზადებენ ეს არახალია, მაგრამ ყაზბეგში მოხვეულმა სამოცდაათეთრიანმა ხინკალმა ყველა რეკორდი მოხსნა, ახლაც არ ვიცი რისგან იყო გაკეთებული და რატომ იყო ასეთი უგემური :/ :/ არადა ცენტრთან ახლოს იყო ეს დაწესებულება და წესით უნდა ზრუნავდეს იმაზე რომ ადგილობრივსაც და სტუმარსაც ნორმალურად გაუმასპინძლდეს და მერე გაკვირვებულმა არ იკითხოს ტურიზმს ფული როგორ შემოაქვს. მტკივანი ფეხით გასვლისას არ იკითხოს ნეტავ იქ რამ აგიყვანათ, რა გრჯიდათ და მსგავსი რამეები, იქ რომ არ ავსულიყავით ქალბატონო, ხომ არც თქვენს კაფეში არ შემოვიდოდით და არ დავხარჯავდით იმ ფულს, რაც დავხარჯეთ, არც ის კანადელი გოგონა შემოვიდოდა რომელმაც თავის სამოგზაურო რუკაზე ერთი თვით საქართველო ჩაინიშნა და რომელიც მეორე დღეს აპირებდა მყინვარწვერის დალაშქვრას და არც სხვა ვინმე.  და ზოგადად, ეს ადამიანები იზრუნებენ იმაზე რომ სხვამაც გაიგოს ყაზბეგის არსებობის შესახებ, მყინვარწვერის შესახებ და გაუზიარებს შთაბეჭდილებებს, რათა უფრო მეტი ადამიანი ესტუმროს რეგიონს და თქვენს სახინკლეშიც შემოვიდეს, თქვენც ეცადეთ რომ სათანადოდ დახვდეთ, არ დაგენანოთ ახალი პროდუქტი სტუმრისთვის, რადგან ფრაზა “ტურიზმს შემოაქვს ფული” არ ნიშნავს იმას რომ ტურისტი ღობის აქედან ფულს გადმოგიყრით და ისე ჩაივლის. მე კი ავიტან ფეხზე მაზოლს.

 

პ.ს. ეს ის ადგილია, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა აეხიროთ ❤

 

 

ფოტოები ზოოპარკიდან

თბილისის ზოოპარკი არ ბრწყინავს ცხოველებისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურით, არც ცხოველებს თუ ფრინველებს უბრწყინავთ ბეწვი თუ ბუმბული (ზოგს საერთოდ გასცვივდა), ატრაქციონებიც აქა-იქ მუშაობენ, თუმცა ეს ადგილი მაინც ერთ-ერთი მწვანე ადგილია თბილისში არსებული სხვა მწვანე გასართობ-სასეირნო ადგილებიდან;

ადგილი, რომელზეც შეიძლება ვენდის, მაკდონალდსა და ზოოპარკს შორის თამამად შეაჩეროს არჩევანი მშობელმა  და გაასეირნოს ბავშვი, აჩვენოს ცხოველები, ფრინველები და ერთ-ორ ატრაქციონზეც გაართოს.

სიამოვნებით ჩავამატებდი რამე ნორმალურ კვების პუნქტს ან არსებულს გავაუმჯობესებდი, ავამუშავებდი გაუქმებულ ატრაქციონებს, შადრევანებს და ა.შ.

თუმცა, უახლოეს პერსპექტივაში იგეგმება სიახლეები და დაველოდოთ 🙂

 ფოტოები თბილისის ზოოპარკიდან

ანტილოპა დიკ-დიკი

ანტილოპა დიკ-დიკი

 

დედა ლემური მუცელზე მიმაგრებული შვილი ლემურით

Continue reading

სინოპი [მულტიმედია]

სინოპში შარშან ვიყავი დასასვენებლად, სასიამოვნო მოგონებების გარდა, რასაკვირველია შინ ბევრი ფოტო და ცოტა ვიდეომასალა გამოვიყოლე.

შემდეგ, ხან სიზარმაცის და ხან მოუცლელობის გამო ვერ მოვახერხე მასალის ერთად აკინძვა. გუშინ გადავიწყვიტე ფოტოებისგან ამეწყო პატარა რგოლი, შემდეგ გამიტკბა, ჯერ ვიდეოები დავამატე, შემდეგ ტექსტი დავწერე, ჩემი და ჩაწერაში დამეხმარა და ასე ავაწყეთ ეს პატარა მულტიმედია პროდუქტი. 🙂

სინოპი|Sinop [ფოტოები]

თურქეთი ეს ის ქვეყანაა, წელიწადში ერთხელ მაინც რომ უნდა ესტუმრო, ხოლო თუ ავტობუსით არ გიმგზავრიათ , ჩათვალეთ რომ სიამოვნების დიდი ნაწილი თვითმფრინავიდან ქარისთვის გაგიტანებიათ, რასაკვირველია ჩემი აზრით.

გასულ, 2013 წელს ორჯერ მოვახერხე ჩასვლა, ერთხელ სტამბოლში და ერთხელაც სინოპში, შავი ზღვის სანაპიროზე, სინოპის ყურეში მდებარე პატარა ქალაქში.

სანამ სინოპამდე ჩავაღწევდით ორი ავტობუსი გამოვიცვალეთ. ჩასვლამდე კი ისე მქონდა შესწავლილი ეს პაწაწუნა ქალაქი, შემეძლო თვალდახუჭული მევლო ძველი ქალაქის პატარა ქუჩებში.

მეც ტურისტი ვარ, თუმცა არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ ტურისტების აურაცხელ შემოსევას გადაურჩა ეს ქალაქი, აქ უფრო მეტად ქალაქის მაცხოვრებლებს ნახავთ და თურქეთის სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ დამსვენებლებს, უფრო კანტიკუნტად კი სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დამსვენებლებს.

მიუხედავად იმისა რომ ქალაქი პატარაა და მთელი ათი დღის მანძილზე ჩვენც ყოველდღე ვათვალიერებდით, ბევრი რამ ვერ ვნახე და კვლავ სტუმრობის იმედით მოვინიშნე სამოგზაურო წიგნაკში (რომელიც არ მაქვს).

ფოტოები(ც) გადავიღე, თუმცა ამჯერად, შავ-თეთრი ფოტოებით შემოვიფარგლები, რომელიც Zenit 122-ით და კოდაკის უნატიფესი ფირის საშუალებით გადავიღე. 🙂

აქვე გპირდებით სინოპის შესახებ დაწვრილებით მიმოხილვას ფოტოებითურთ 🙂

გადაღებულია Sinop Antik Hotel-ში

გადაღებულია Sinop Antik Hotel-ში

Continue reading

მცხეთობა

რაღაცნაირი უღიმღამო მცხეთობა იყო, ჩვენი შემოდგომისთვის უჩვეულოდ აცხუნებდა მზე, ხალხი უწყვეტად დადიოდა ერთ გრძელ ქუჩაზე, იქეთ და აქეთ, აქეთ და იქეთ, ვერ იტევდა პატარა ქალაქი ამდენ ხალხს და მანქანებს, ქალაქის შესასვლელთან და გასასვლელთან მანქანების უზარმაზარი რიგი იდგა, ვისაც უმართლებდა მანქანას იქვე ტოვებდნენ და ფეხით მოდიოდნენ.

თბილისობასავით ქაოტური და აბდაუბდად ორგანიზებული იყო, არ ჩანს კარგად და არც მინიშნებებია იმის შესახებ თუ სად რა იმართება და  რა ღონისძიება ტარდება, ერთი დადებითი ის იყო რომ თბილისობისგან განსხვავებით უფრო მეტად იყო წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთები, მათ შორის ხის ნაკეთობები, ნაქსოვი და თექის ნივთები, სამკაულები და ა.შ.

mtskheta Continue reading

გულჰანეს პარკი სტამბოლში

სტამბოლის დიდი მასშტაბების მიუხედავად, ქალაქს სულ 6 პარკი აქვს. გულჰანეს პარკი, თარგმანში ყვავილების სახლი, ერთ-ერთია ამ ექვსი პარკიდან, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიხვიდეთ და დაისვენოთ, წამოსხდეთ მწვანე მოლზე, ხის სკამებზე და პატარა ხიდებზე შადრევნების გარშემო.

გულჰანეს პარკი გახლავთ სწორედ ის ადგილი, სადაც მუსტაფა ქემალ ათათურქის პირველი ძეგლი დადგეს, 1926 წელს. ამჟამად, პარკი ტოპკაპის სასახლეს ეკვრის, თუმცა ერთ დროს იგი სასახლის განუყოფელი ნაწილი იყო და საზოგადოებისთვის 1912 წელს გაიხსნა.

მიუხედავად იმისა რომ პარკის არსებობის შესახებ ვიცოდი, პარკში მაინც სრულიად შემთხვევით მოვხვდით, რადგან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტოპკაპის სასახლე ჩვეულებრივზე ადრე დაკეტეს იმ დღეს და ვერ შევედით სასახლეში.

აქვე პარკიდან შეგიძლიათ დატკბეთ ბოსფორის და მარმარილოს ზღვის ულამაზესი ხედებით და მოინახულოთ ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მუზეუმი, სადაც დაცულია ისლამური სამყაროს VIII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული გამოგონებების ნიმუშები.

გულჰანეს პარკი

გულჰანეს პარკი

ფოტოები გულჰანეს პარკიდან

ქუჩის მუსიკოსები სტამბოლში

სიცხეა, ჰაერი სულ უფრო და უფრო იკუმშება და სადღაც ქრება, სცენარის მიხედვით სუნთქვა უნდა გაგიჭირდეს, გრილ ადგილს ეძიებდე და თავზე ცივ წყალს ისხამდე, თუმცა ასე არ ხდება. გავდივარ გარეთ, მეც ვუერთდები ხალხის ნაკადს და ვტკბები სტამბოლით, სრულიად მარტო.

მარტო ბოდიალს არაფერი სჯობს, მითუმეტეს სტამბოლის მიხვეულ-მოხვეულ, მეტასტაზებივით გაბნეულ ვიწრო ქუჩებში და თუ ამ პაპანაქება სიამტკბილობაში ქუჩის მუსიკოსებიც შემოიჭრებიან, აღარასოდეს ფიქრობ უმისამართო სეირნობის სავარაუდო დასასრულზე.

ქუჩის მუსიკოსების სიმრავლით სტამბოლი არ გამოირჩევა, თუმცა აქა – იქ სასიამოვნოდ ამოხეთქავს ხოლმე საინტერესო და მრავალფეროვანი ჰანგები, ჩერდები, უსმენ და თან ისვენებ.

მშურს ხოლმე ქუჩის მუსიკოსების, მგონია რომ თითოეული მათგანი უფრო მეტად ახორციელებს თავის თავში თავისუფლების იდეას, ვიდრე ყოველდღიურ, გინდა-არ გინდა ყოფიერების ფერხულში ჩაბმული რომელიმე რიგითი მე. ეს არ არის მხოლოდ სამუშაო სამუშაოსთვის, ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით ასე გეჩვენება, ეს არის სიმღერა თავისუფლებისთვის, და ისეთი თავისუფალი ნოტებისთვის რომ გეშინია რომელიმე მათგანის უკიდეგანო თავისუფლებას ვერ გაუძლო და წაგაქციოს კიდეც.

მთავრდება მუსიკა და შემსრულებელი მთავაზობს კომპაქტ დისკს, ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვრჩები, მრგვალ, ვერცხლისფერ სფეროში მოთავსებული თავისუფლება მეხამუშა, მეუცხოვა და წამოვედი.
ცოტა ხანი, ხელებგამოშვერილი ნოტები კიდევ მომყვებოდნენ, თავისუფლება სურდათ, ნამდვილი თავისუფლება, ნელ-ნელა ყველაფერი მიილია ქუჩაც, მუსიკაც, ნოტიც და თავისუფლებაც.

street music

პრაღის ციხე-სიმაგრე

თუ კი ფეხზე მყარად დგახართ და ფეხსაცმელიც ხელს გიწყობთ, პრაღის თოვლიან ქუჩებში ხეტიალს არაფერი ჯობია, თუმცა პრაღის ციხე კომპლექსი ზუსტად ის ადგილია, რომელიც ზაფხულის მიწურულს ან შემოდგომის დასაწყისში კიდევ ერთხელ უნდა მოინახულოთ. პირველ რიგში იმიტომ რომ კომპლექსს უფრო უკეთესად დაინახავთ, სიამოვნებას მიიღებთ ულამაზესი პარკებში და სკვერებში სეირნობით და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ მთაზე, ციცაბო ადგილას დაგხვდებათ ყურძნით დახუნძლული ვენახი, ღია კაფე, სადაც დააჭაშნიკებთ ღვინოს, გლინტვეინს და სხვა სასმელებს.

თავად კომპლექსი ძველად იმპერატორების, დღეს კი ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციას წარმოადგენს, რომელიც მასშტაბით მსოფლიოში უდიდესი საპრეზიდენტო რეზიდენციაა.გინესის მიხედვით კი მსოფლიოში არსებული უძველესი ციხესიმაგრეებიდან უდიდესია, მოიცავს 70 000 კვ.მ. ფართობს.

კომპლექსის ისტორია IX საუკუნიდან იღებს სათავეს და ნელ-ნელა სხვადასხვა მეფის მმართველობის ჟამს მდიდრდებოდა და ვითარდებოდა სტრუქტურულად და მრავალფეროვანია არქიტექტურული,ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით. კომპლექსი მოიცავს წმ. ვიტუსის ტაძარს, წმ. გიორგის ბაზილიკას,მონასტერს, რამდენიმე სასახლეს, მუზეუმებს და ა.შ. კომპლექსის უდიდესი ნაწილი რასაკვირველია ღიაა ტურისტებისთვის.

კათედრალის ნაწილი
Continue reading

Staroměstské náměstí პრაღაში

პრაღაში რომ მოხვდეთ, ამისთვის ჯერ თბილისში ჩეხეთის საელჩოს უნდა მიაკითხოთ შენგენის ვიზის მისაღებად; მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტისთვის დაგჭირდებათ

1) პასპორტი

2) ცნობა სამსახურიდან

3) ბანკის ცნობა შესაბამისი სახსრების არსებობის შესახებ

4)  ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი

5) დაზღვევა

6) თვითმფრინავის ბილეთი (ჩეხეთის ავიახაზები), რომელიც ყველაზე ძვირი მთელი მოგზაურობისას – 400 ევრო, ორი გზა.

7) ასევე  დასტურის წერილი (confirmation letter) იმ სასტუმროდან, სადაც აპირებთ გაჩერებას პრაღაში იმის შესახებ რომ XX რიცხვიდან XX რიცხვამდე დაჯავშნულია სასტუმროს ნომერი.  

სასტუმროსთან დაკავშირებით მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ვინაიდან მეგობარს უკვე ჰქონდა პრაღაში მოგზაურობის გამოცდილება, ბევრი ფიქრით თავი არ ავიტკიეთ და პირდაპირ ნაცად გზას მივყევით. რაც იმაში გამოიხატებოდა რომ თითქოს ჩეხეთის საელჩო ითხოვს გადახდის დამადასტურებელ ქვითარს და ეს აუცილებლად ტურისტულმა სააგენტომ უნდა მოგცეს. მოვიქეცით ასე. ტურისტულმა სააგენტომ გაგვატანა ადგილობრივი გადახდის ქვითარი, რაც ჩეხეთის საელჩომ უკან არწყია და შესაბამისად მეორედ მოგვიწია რიგში ჩადგომა საელჩოში შესასვლელად ანუ + 1 კვირით გადაიწია პროცედურები.  

სინამდვილეში  კი უფრო მარტივად ყოფილა საქმე და არა ჩეხეთის საელჩოს პრეტენზიულობაში. Continue reading