Posted in საზოგადოება

ლაქტაცია და მისი მტრები

თაია მახარაშვილის წერილი  

 

გასულმა ორმა თვემ ახალი გამოცდილება შემძინა, რომელიც უთუოდ უნდა გაგიზიაროთ, რადგან ეს საკითხი სცდება ძუძუთი კვებას, დედაშვილობას და საკმაოდ რთულ საზოგადო პრობლემად ისახება.

დედის რძე რომ შეუცვლელია ბავშვის მყარი იმუნური სისტემის ჩამოსაყალიბებლად, ეს აქსიომატური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ახლა მინდა სოციალური ურთიერთობების იმ მანკიერ მხარეზე ვისაუბრო, რომელიც დედასაც და შვილსაც უქმნის ლაქტაციის და მისი საოცარი, არამხოლოდ კვებითი, არამედ ემოციური სარგებელის გარეშე დარჩენის საფრთხეს.

  1. ყველაფერი ჯერ კიდევ სამშობიაროდან იწყება, როდესაც ახალბედა დედას უმტკიცებენ, რომ მან უნდა დაისვენოს, ამიტომ, ბავშვს ღამით თვითონ გამოკვებავენ ხელოვნური რძით. ეს ფიქსირდება სამშობიაროების უმრავლესობაში. თუ ბავშვმა ღამით ხელოვნური საკვების ჭამა დაიწყო, დიდი შანსია, რომ მოეწონოს, ბოთლით კვებაზე დამოკიდებული გახდეს, შეუმცირდეს მოთხოვნილება დედის რძეზე და შედეგად, დედას შეუმცირდეს ან გაუშრეს რძე.
  2. სამშობიაროდანვე იწყება ქალის დაკომპლექსება, რომ მისი რძე არასაკმარისია. არგუმენტად მოჰყავთ ბავშვის ტირილი. არადა, ბავშვმა შეიძლება ათასი სხვა მიზეზით იტიროს. პირველ რიგში ახალ სამყაროსთან ადაპტაციის რთული პერიოდის გამო. თუ ქალი შეცდა და დაიჯერა ეს, მას მაშინვე ურეკლამებენ რომელიმე ხელოვნურ ნარევს და ე.წ. დამატება ასევე სრულდება დედის რძის ჯერ შემცირებით და შემდეგ სრულად გაშრობით.
  3. თუ ქალი მრავალწევრიან ოჯახში ცხოვრობს (ძირითადად, ქმრის ნათესავებში, თუმცა არც სისხლით ნათესავები აკლებენ ხელს), ის სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდება და მე ამ ძალადობას სს კოდექსში შევიტანდი, რადგან ის მომავალი თაობის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია. რაში მდგომარეობს ეს ძალადობა: რამდენჯერაც ბავშვი იტირებს, ქალს ეკითხებიან, მშიერი ხომ არაა ბავშვი, ხომ არ აკლდება რძე, ხომ არ დაუმატებს ხელოვნურ რძეს. ასევე, მოძველებული შეხედულებისამებრ, ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ და მიუთითებენ, რომ ესა თუ ის საკვები შეიძლება ბავშვისთვის მავნე იყოს, ამიტომ, პრაქტიკულად, დიეტაზე სვამენ. შედეგი კვლავ იგივეა: ქალი ყოველდღიურ სტრესშია, კომპლექსდება, იძულებული ხდება დაუმატოს ხელოვნური კვება, ხოლო არასრულფასოვანი კვების გამო რძე ისედაც მცირდება. საბოლოოდ ბავშვი რჩება დედის რძის გარეშე, თუმცა ოჯახის სხვა წევრების დიიიდი მზრუნველობის ქვეშ.
  4. პედიატრები – პირველივე გეგმიურ ვიზიტზე ბავშვი თუ სამკეცა ღაბაბით არაა წარმოდგენილი და ნამატი სულ მცირე 800 გრამი არაა, ექიმების დიდი ნაწილი დედებს ღიად უცხადებს, რომ ბავშვი მშიერია და სთავაზობენ კონტრაქტორის შეთავაზებულ ხელოვნურ რძეს. სინამდვილეში, დადგენილია ყოველთვიური ნამატის მინიმუმი, რომლის შესახებაც მათ უნდა უზრუნველყონ მშობლის ინფორმირება, თუ კომპეტენტურები არიან ან მავნე განზრახვა არ აქვთ. ფაქტია, რომ ამ კატეგორიის პედიატრების მსხვერპლი დღეს ბევრი ბავშვია.

დროა, სახელმწიფომ შექმნას ლაქტაციის შესახებ ორსულთა ინფორმირების რაიმე ეფექტიანი მექანიზმი, რადგან სამშობიაროები და პედიატრები ამას ყოველთვის არ აკეთებენ.

რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ქალბატონო დეიდებო, დაანებეთ თავი თქვენს რძლებს, შვილებს, დისწულებს/ძმისწულებს, დისწულის/ძმისწულის ცოლებს და მიხედეთ საკუთარ საქმეს, თუ გინდათ, რომ ბავშვები თავს ბედნიერად გრძნობდნენ და ჯანსაღად ჩამოყალიბდნენ.

პოსტი ინსპირირებულია სოციალურ ქსელში ასობით ქალის ნაამბობით/დაწერილით.

Posted in საზოგადოება

5G და მსოფლიო

(c) zazabichi

სამწუხაროდ, 5G აჟიოტაჟმა ისეთი სახე მიიღო, რომ მის რეალურ პერსპექტივაზე საუბარი ყველას დაავიწყდა, ან თუ საუბრობს, ისიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრეს-რელიზზე დაყრდნობით, რომელიც სინამდვილისგან შორს დგას.

საქმე იმაშია, რომ უახლოეს წლებში საქართველოში 5G-ს პერსპექტივა მინიმალურია, რადგან ის დაკავშირებულია კოლოსალურ ინვესტიციებთან. ჯერ კიდევ კორონავირუსამდე 5G-ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიები საქართველოს პოტენციურ კლიენტადაც არ მოიაზრებდნენ. მაგალითად, 2014-2017-2018 წლებში MWC ფორმატში ვესწრებოდი სატელეკომუნიკაციო გიგანტების ქინოუთებს, რომელთა ყველაზე ოპტიმისტურ სქემაშიც კი, საქართველოში (South Caucasus) კომერციული 5G ინფრასტრუქტურის გამართვა 2025 წლისთვის ივარაუდებოდა. და ესეც კორონავირუსამდე…

4G-სგან განსხვავებით, 5G სტანდარტულ მოხმარებელზე უფრო ნაკლებად არის ორიენტირებული; ის მათ ქცევას და ცხოვრების წესს მინიმალურად ცვლის პირდაპირი გაგებით. მხოლოდ ირიბად. არსებულ რეალობაში სერვისის საცალო გაყიდვებიდან ქართული ოპერატორები სასურველ შემოსავალს ვერ მიიღებენ, რადგან Facebook-ის სქროლვისას 5G-ს უპირატესობა არ იგრძნობა, ხოლო ქართული ტელევიზიები და ონლაინ სტრიმინგ სერვისები ისეთი ხარისხით გადაიცემა, რომელსაც 5G არ ესაჭიროება. თავის დროზე, 4G-ის საქართველოში გაშვება სმარტფონების ბუმს დაემთხვა, როდესაც მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა სოციალური ქსელების გამოყენება დაიწყო. ამიტომ გახდა ის ყოველდღიური ყოფითი ნორმა.

5G სიხშირეები სამ უხეშ კატეგორიად რომ ჩავშალოთ, სამი სპექტრიდან (დაბალი, საშუალო, მაღალი) დაბალს ოპერატორები იყენებენ საცალო ბაზრის დასაფარად, საშუალოს – საწარმოებისთვის, ხოლო მაღალს კი, მაღალტექნოლოგიური საწარმოების და კომპანიებისთვის.

რომელი სეგმენტი გეგულებათ საქართველოში?

სამივე სეგმენტის ანალიზზე დაყრდნობით, ამ ეტაპზე 5G ტექნოლოგია კომერციულად მხოლოდ განვითარებული ეკონომიკებისთვის არის მომგებიანი. ეს იმ ქვეყნებს ეხება, სადაც მონაცემთა მაღალსიჩქარიანი გადაცემა პირდაპირ კავშირშია ბიზნესის ეფექტურობასთან; ასწრაფებს ავტომატიზაციას, ზრდის საწარმო სიმძლავრეს, ახალ შესაძლებლობებს აძლევს მაღალ-ტექნოლოგიურ მედიცინას, ხელს უწყობს ჭკვიანი ქალაქების განვითარებას, ჭკვიანი ქარხნების აშენებას და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამგვარად, მსოფლიოს წესრიგს ის უკარნახებს, ვის ხელშიც ეს ტექნოლოგია იქნება.

ჩვენთან კი, მობილური ტრაფიკის ყველაზე მსხვილი კორპორატიული მომხმარებელი სათამაშო (გემბლინგ) ინდუსტრიაა, რომელსაც ონლაინ რულეტკის დასატრიალებლად არსებული სისწრაფეც ყოფნის.

ხოდა რა IOT და რა 5G?! – ყველანი 7G-ის ზეთისცხებაზე!

Posted in საზოგადოება

ტიტები, შიშები, კორონები და პასკები

წუხელ მესიზმრებოდა ჩემს სოფელში ვეძებდი სახლს, სადაც ბავშვობაში ხშირად ვსტუმრობდი მეგობრებს, პასკა უნდა ამეტანა მეგობრის დედისთვის, რომელმაც შვილები დააბინავა და მარტო იყო. დავდიოდი პასკით ხელში და ვეძებდი. სიზმარში აღარ მახსოვდა სოციალური დისტანცია, უფრო სწორად, მახსოვდა, მაგრამ ვიცოდი, რომ სიზმარი იყო და სიზმარში შეიძლება ვესტუმროთ ადამიანებს, მივუტანოთ პასკა და პირადად მივულოცოთ აღდგომა.

ცხადში კი, მხოლოდ გონიერი ადამიანები დარჩნენ სახლში, შეიძლება ზოგი შიშით, ზოგი პასუხისმგებლობის გრძნობით, ზოგიც ერთმანეთის პატივისცემით, რაც საბოლოო ჯამში გონივრულ საქციელად ინათლება.

და კვლავაც ცხადში, სოფლის მაცხოვრებლები ეზო-ჭიშკრიდან გაუსვლელად, ხმამაღალი გადაძახილებით ულოცავდნენ ერთმანეთს აღდგომას.

მაგრამ ყველა ასეთი გონიერი არ იყო.

აკრძალვებმა უფრო გაუღვიძათ ჟინი და ზოგი ფეხით, ზოგი ცხენით და ზოგი ველოსიპედით მივიდა ეკლესიაში.

და რას მივიღებთ? თქვენი უპასუხისმგებლო ნავარდის შედეგად, ადამიანები კიდევ უფრო დიდხანს დარჩებიან სახლში უსამსახუროდ, უფულოდ და ულუკმაპუროდ, კიდევ ბევრ პოლიციელს მოუწევს გარეთ ყურყუტი და კიდევ უფრო მეტად გაწყდებიან წელში ექიმები.

„არ გვეშინია“, ამბობენ ისინი. თუმცა მგონია ეს ის ხალხია, ვისაც ყველაზე მეტად ეშინია, ყველაზე მეტად არ სცემს პატივს საკუთარ თანამემულეებს და ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობით გამოირჩევა.

არ ეშინიათ, მაგრამ მაინც ეშინიათ, რომ 5G ანტენა შეიწოვს ჩვენს ენას, მამულს, სარწმუნოებას და ხურდაში უხილავ ვირუსებს გადმოგვიყრის, საზიარო კოვზისგან განსხვავებით.

ჩვენ არც მეხსიერება გვაქვს. არ გვახსოვს ყვავილით დასახიჩრებული და გარდაცვლილი ხალხი, მაგრამ გვახსოვს ტიტები, კრწანისის ყაყაჩოები და აფრენილი გნოლი ყორღანის ბოლოს.

თუ რამე გვახსოვს მხოლოდ ზედაპირულად, რაღაც დაფლეთილი სურათებივით, რომელსაც ბევრი ნაწილი აკლია ან ჩვენ დავაკელით, დავბლოკეთ, როგორც რაღაც მენტალური ჭრილობა და მეხსიერების უხილავ კუნჭულებში მივჩექმეთ.

შედეგად, გვიჭირს ანალიზი, ვერაფერს ვიხსენებთ ან არ ვიხსენებთ, არც ვეძებთ, არც ვკითხულობთ, შესაბამისად, საფიქრალიც ბევრი არაფერია.

და თუ ადამიანი არ ფიქრობს, არც საშიშია რამე და ჯიქურ მიდის პრობლემებისკენ, იქნება ეს უხილავი ვირუსი, თუ ხილული მტერი.

სიყვარული, შიში, პასუხისმგებლობა და ერთმანეთის პატივისცემა კი, მხოლოდ ფიქრებისგან დაღლილი გონების ნაყოფია.

სხვანაირად უბრალოდ ვერ გადავრჩებით.

 

Posted in მედიცინა, საზოგადოება

COVID-19 და ტესტირების საშუალებები

კორონავირუსზე ტესტირება შესაძლებელია სამი მეთოდით და ჩემი ბლოგის სტუმრები შეეცდებიან მეტ-ნაკლებად მარტივი ენით ახსნან ტიტანების ჭიდილი:

1. პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია  – PCR)
2. სწრაფი ტესტი ანტიგენზე 
3. სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე 

 

1. პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია – PCR) 

კეთდება მხოლოდ ლაბორატორიაში და დგინდება ვირუსის გენეტიკური მასალის იდენტურობა არსებულ ნიმუშთან (კორონას შემთხვევაში რნმ-ს – რიბონუკლეინ მჟავას) და მაღალი სიზუსტით გამოირჩევა.

შესაბამისად, აღნიშნული ტესტი ადგენს ვირუსის არსებობას როგორც დაავადების დაწყებისთანავე, ისე ინკუბაციის სულ ბოლო პერიოდშიც. პასუხს სჭირდება 45 წუთიდან ზემოთ. ქვეყნის მასშტაბით გვაქვს 50 ლაბი მზადყოფნაში (C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დამსახურებით).  თუ ამ ლაბორატორიებს ექნებათ ტესტების/კიტების/კარტრიჯების მარაგი, ყველა ტესტის გაკეთება შესაძლებელია რამდენიმე საათში. აპარატის გამტარობა არის 100-მდე ერთდროულად. ქვეყნის მოსახლეობის მცირე რაოდენობის და ჩინეთთან/ნიუიორკთან/ლონდონთან შედარებით დაბალი სიმჭიდროვის მოსახლეობის გამო,  ჩვენთვის ამის გაკეთება უფრო მარტივია, და რაღაც ეტაპამდე – შესაძლებელიც კი. ამ რაღაც ეტაპზე ჯერ არ ვართ, ჯერ გვაქვს რესურსი, რომ ავუვიდეთ.

აქედან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასეთი აპარატები და კიტები, რადგან ყველაზე ზუსტი მონაცემების მისაღებად უნიკალური საშუალებაა.

2. სწრაფი ტესტი ანტიგენზე 

სწრაფი ტესტი ანტიგენზე ადგენს ვირუსის არსებობას 85% – მდე სიზუსტით და ეს უკვე მაშინ, როდესაც ადამიანი უკვე დიდი ხანია გადამდებია. მისი მიზანია კონკრეტულ პოპულაციაში ან დაწესებულებაში უკვე დაინფიცირებულების სწრაფად გამოვლენა, ანუ მხოლოდ იქ, სადაც მაღალი ალბათობით ბევრი დაინფიცირებულია. თუმცა, ისევ და ისევ, ტესტზე უარყოფითი პასუხი არ არის გარანტია იმისა, რომ ადამიანს ვირუსი უკვე არ აქვს და უკვე გადამდები არ არის, რადგან უშუალოდ ტესტი ვერ ავლენს ადრეულ ეტაპს და ვერც საკმარისი სიზუსტით.

3. სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე 

ეს ტესტიც ასევე 50-70% სიზუსტით არის წარმოდგენილი და ასევე დაავადების დაწყებიდან (და არა ინკუბაციისას) მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ავლენს ადამიანის სხეულში მიმდინარე აქტიურ, მ წ ვ ა ვ ე პროცესს (ანტისხეულები ჩნდება მხოლოდ მწვავე პროცესის შემდეგ) ან უკვე გ ა დ ა ტ ა ნ ი ლ და დასრულებულ პროცესს. სწორედ ამიტომ, ამერიკას და ინგლისს დიდი ამბავი აქვს ამ ტიპის ტესტებზე (წყარო CNN – ყოველდღე, ყველა ბრიფინგი, ყველა სპეციალისტი), რომ გამოავლინონ ხომ არ ჰყავთ უ კ ვ ე ვირუსგადატანილი ხალხი, ვინც მოიხადა, ანუ რომელსაც რაღაც გაურკვეველი დროით (ჯერ არ ვიცით რამდენხნიანი) აქვს იმუნიტეტი და შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს, ჩაბრუნდეს ეს ხალხი ეკონომიკაში და არ დაიქცეს ქვეყანა. ანტისხეულების მქონე ადამიანი ჩვენი განძია (People with antibodies will be a valuable asset – დღეს დილოთ მოვისმინე CNN-ზე, ერთ-ერთი ინტერვიუდან, არ მახსოვს გვარი).

აქედან ლოგიკურია, რომ ჩვენ არ გვაქვს მეორე პრიორიტეტი, რადგან ზუსტად ვიცით რომ დიდ პოპულაციას ჯერ ეს ვირუსი ჩუმად არ გადაუტანია ; ვიცით, რომ მასიურად ხალხი ავად არ ყოფილა, ამიტომ ვერ ვიპოვით ეკონომიკაში ჩასაბრუნებელ იმუნიტეტიან ხალხს, სულ რომ 3 მლნ გავტესტოთ. მაშინ ჯერ უნდა დავაავადოთ და მერე გამოვავლინოთ. პირველი მიზეზით კიდევ არ გვჭირდება ანტისხეულებით ძებნა, რადგან

ა). დაგვიანებული იქნება ამ ტესტის იმედით დიდი ხნის დაავადებულების აღმოჩენა და;

ბ) საბედნიეროდ, ჯერჯერობით გვყოფნის ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რომ მაქსიმალურად პირველი – პჯრ მეთოდით გავტესტოთ ყველა საეჭვო ადამიანი.

 

ავტორი I შენიშვნა: მე არ ვარ ექიმი, არც ეპიდემიოლოგი, არც ლაბორანტი. ინფორმაცია შევაჯამე ლამის ყველა ქართულენოვანი ინტერვიუს, WHO-ს ვებგვერდის, ამერიკული და ბრიტანული საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემების და სტატიების საფუძველზე. თუ რამე მეშლება ან უნდა დავამატო, მითხარით. მაგრამ ტროლების დაზეპირებულ სისულელეებზე, წინასწარ ვამბობ, მძიმე რეაქცია მექნება. 

ავტორი II: მიკრობიოლოგი 

Posted in საზოგადოება

10 პლატფორმა დისტანციურად მუშაობისთვის

დისტანციური მუშაობის შემთხვევაში, სხვადასხვა ციფრული პლატფორმა ცხოვრებას და მუშაობას უფრო გაგიმარტივებთ. ასეთი პლატფორმები დაგეხმარებათ ვიდეოზარების განხორციელებაში, დაგეგმვაში, დოკუმენტების და ინფორმაციის შენახვასა და გაზიარებაში.

როი შენგელიას რეკომენდაციით, გთავაზობთ 10 პლატფორმას დისტანციური მუშაობისთვის. შ

1. Zoom Video Communications  – შესანიშნავი არჩევანია შეხვედრებისთვის, ვებინარებისთვის, კონფერენციებისთვის.

2. Slack – გუნდური კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.

3. Trello /  Asana
Task მენეჯერები, რომელიც გამოგადგებათ დავალებების გასაზიარებლად, შესრულების პროცესში, უკვე შესრულებული დავალებების ჩასანიშნად და გასაზიარებლად.


4. Miro – ეს არის ერთი დიდი, ვირტუალური დაფა მთელი გუნდისთვის. გამოგადგებათ იდეების გენერირებისთვის, ბრეინშტორმინგისთვის – წერეთ, ხატეთ და აჩვენეთ რაც გსურთ.

5. Toggl – დრო ძვირფასი და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით დისტანციურად მუშაობის დროს.

6. Calendly – ინტერვიუების, კონფერენციების დაგეგმვის და დაჯავშნის კარგი საშუალება. პირდაპირ Google Calendar-თან ინტეგრაციით.

7. Notion Bitrix24
All-in-one workspace და კორპორატიული პორტალი, სადაც შეგიძლიათ დოკუმენტაცია და ინფორმაცია განათავსოთ.

8.  LiveChat Intercom – დაყენების საუკეთესო დროა, თუ მომხმარებლებთან ტელეფონით საუბრობთ. ამით ციფრულ არხებსაც განავითარებთ და მაქსიმალურად შეამცირებთ მოცდის დროს ტელეფონებზე. ასევე, Facebook messenger-საც მიაბამთ.

9. Timezone – დაგეხმარებათ, როდესაც თქვენი გუნდის წევრები დროის სხვადასხვა სარტყელში მუშაობენ.

10. Sorry APP / Pingdom – დაგეხმარებათ ონლაინ სერვისის/გვერდების/საიტების მუშაობის მონიტორინგისთვის და ხარვეზის შემთხვევაში შეგატყობინებთ როგორც თქვენ, ასევე თქვენ მომხმარებლებს.

Google Drive და Google GSuite – ეს ყველასთვის საყვარელი და სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანი პლატფორმები არ შევიყვანე სიაში, რადგან მგონი ყველამ ვიცით რომ საჭიროა და აქტიურად ვიყენებთ. 

 

გაგვიზიარეთ თქვენი სამუშაო ვარიანტებიც.

———

ფოტო მთავარზე:  Polina Zimmerman – Pexels

Posted in აქეთური იქეთური, საზოგადოება

ონლაინ სწავლების სახელმძღვანელო სკოლებისათვის

ეს სახელმძღვანელო დამუშავებულია www.futurelab.ge-ს მიერ და გათვალისწინებულია სკოლებისთვის, თუმცა მოცემული რესურსები ასევე შეიძლება გამოგადგეთ პროფესიული სასწავლო კურსების, საუნივერსიტეტო კურსების დისტანციურ/ონლაინ რეჟიმზე გადასაყვანად.

სარჩევი:

  • შესავალი
  • მოსამზადებელი სამუშაოები სკოლის მხრიდან
  • ტექნიკური პარამეტრები
  • გამოსაყენებელი პლატფორმები
  • გაკვეთილის დაგეგმვა
  • მასწავლებელთა ქმედებები
  • მოსწავლეთა ქმედებები

1. შესავალი

როგორც მოსწავლემ ასევე მასწავლებელმა შესაძლებელია განახორციელონ სასწავლო პროცესი სახლიდან გაუსვლელად. პროცესში შესაძლებელია მაქსიმალური შედეგის მიღწევა სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მოსწავლის ცოდნის ეფექტურად კონსტრუირებას, წინარე და არსებული ცოდნის შემოწმებას, ეფექტურ კომუნიკაციას. 

ონლაინ სწავლების განსახორციელებლად სიმარტივის და სანდოობის მხრიდან შემოგთავაზებთ რამოდენიმე მექანიზმის გამოყენებას. 

A. კლასის მართვისთვის: Google Classrooms-ს (კლასის მართვა, საგნების მიხედვით ოთახების შექმნა, საგნების მიხედვით ონლაინ ოთახში ბავშვის მოწვევა, დავალებების მიცემა, გამოკითხვების ფორმის შექმნა და ბავშვებისთვის შეთავაზება,  სხვადასხვა ციფრული თუ ვიდეოფაილის გაზიარება, ოპერატიული კომუნიკაცია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის და ა.შ.

B. ვიზუალური/აუდიო კომუნიკაციისთვის: ZOOM (100 მოსწავლისთვის ერთდროული მაუწყებლობა, მოსწავლეებისათვის კამერის/მიკროფონის ჩართვა გამორთვა, კომპიუტერის ეკრანის გაზიარება პრეზენტაციის ან სხვა ნებისმიერი მულტიმედია ან ტექსტური ფაილის ჩვენებისთვის, მოსწავლის მხრიდან ხელის აწევა კითხვის დასმისთვის, მიმდინარე გაკვეთილის ჩაწერის ფუნქცია).

C. დამატებითი რესურსები, სწავლის პროცესის ეფექტურობის გაზრდისთვის: Kahoot, Quizizz, Khanacademy, Youtube

2. მოსამზადებელი სამუშაოები სკოლის მხრიდან

A. მასწავლებლებმა შესაძლებელია სასწავლო პროცესი განახორციელონ სახლიდან გაუსვლელად. 

B. პროცესის უზრუნველსაყოფად მასწავლებელს უნდა ჰქონდეს პერსონალური ან პორტატიული კომპიუტერი, ვებ კამერით, მიკროფონით და აუდიო სისტემით (ყურსასმენები ან აუდიო დინამიკები).

C. ინტერნეტში შეერთება არანაკლებ 2მბ/წ.

D. მასწავლებელს და მოსწავლეს უნდა ჰქონდეთ/გახსნას www.gmail.com – ის ელექტრონული ფოსტის ანგარიში – აღნიშნული ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან უნდა გადამოწმდეს. 

E. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, შეიძლება/უნდა გამოიყენონ მშობლის მიერ შექმნილი www.gmail.com – ის ელექტრონული ფოსტა. 

F. ადმინისტრაციის მიერ უნდა შეგროვდეს ყველა ბავშვის www.gmail.com – ზე გახსნილი ელექტრონული მეილის მისამართი, ერთიან სტრუქტურირებულ ფაილში (დონე, კლასი, სახელი – გვარი, მეილი, საკონტაქტო ტელეფონი)

G. მასწავლებელმა წინასწარ უნდა განახორციელოს Google Classrooms-ში  http://classroom.google.com საკუთარი კლასის შექმნა. 

H. Google Classrooms-ში http://classroom.google.com  კლასის შექმნის შემდეგ, მასწავლებელმა უნდა დააკოპიროს კლასის კოდი და ჩასვას ერთიან ფაილში, რომელსაც ბავშვები გამოიყენებენ კონკურეტული საგნის მიხედვით კლასის მოსაძებნად. ამ საერთო ფაილს აკეთებს ადმინისტრაცია.   

I. სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეკრიბოს ყველა მასწავლებლის მიერ შექმნილი Google Classrooms-ის კოდი ერთიან გაზიარებულ ფაილში (Google Docs-ში). 

J. აღნიშნული ფაილი ადმინისტრაციამ, შესაბამისი ინსტრუქციით უნდა გაუგზავნოს ბავშვს/ბავშვის მშობელს. 

K. ცხრილის ფორმის ფაილში იქნება მითითებული კლასი, საგანი, მასწავლებლის სახელი გვარი, ონლაინ კლასის Google Classrooms-ის კოდი. 

L. მასწავლებლებმა ასევე უნდა გაიარონ რეგისტრაცია სისტემა www.zoom.us-ზე ვიდეოკონფერენციის განსახორციელებლად.  

M. საჭიროების ან დაინტერესების შემთხვევაში Kahoot.com, Quizziz.com-ზეც

3. ქმედებები მასწავლებლის მხრიდან ონლაინ გაკვეთილის ჩასატარებლად

A. მასწავლებელი წინასწარ ემზადება გაკვეთილისთვის, ჩვეულ რეჟიმში (ამზადებს კლასში წარმოსადგენ პრეზენტაციას, ეძებს ვიდეო ფაილებს, რომლებსაც უჩვენებს ბავშვებს. აკეთებს ქუიზს, ემზადება თხრობითი მასალის მოსაყოლად

B. გაკვეთილის დაწყებამდე 10-15 წუთით ან სრულიად წინა დღეს შედის ZOOM-ზე და ქმნის ვიდეო სესიას, უთითებს დაწყების დროს, ცხრილის მიხედვით.

C. ასევე წინა დღეს შედის  http://classroom.google.com -ზე და ერთჯერადად ქმნის საკუთარი საგნის მიხედვით სასწავლო ოთახს – Create class.  

D. გაკვეთილის დაწყებამდე მასწავლებელი კომპიუტერში ხსნის Google Classrooms-ს (http://classroom.google.com ) და ZOOM (www.zoom.us) -ს, გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე. 

E. ამოწმებს, მუშაობს თუ არა ყველა სისტემა გამართულად. 

F. გასათვალისწინებელია ფაქტორი, რომ ZOOM-ის  უფასო ვერსიაში ჯგუფური (მაქ.100 მონაწილესთან) ვიდეო/აუდიო სესიის ჩატარება მხოლოდ 40 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი. 

G. სესიის ფანჯრის გახსნის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს – მომხმარებლების მოწვევა – Invite

H. ფანჯარაში გამოჩნდება ლინკი, რომელიც დააკოპირეთ და განათავსეთ Google Classrooms-ის,  Stream გვერდზე.  

I. მიესალმეთ ბავშვებს Stream გვერდზე ტექსტურად, დაწერეთ თუ რას გააკეთებთ დღეს გაკვეთილის განმავლობაში, ასევე დაურთეთ ლინკი ვიდეო/აუდიო რეჟიმში გადასასვლელად ZOOM-ის გამოყენებით.

J. გადადით ZOOM-ში და შეამოწმეთ თუ შემოვიდა ყველა მოსწავლე სისტემაში. 

K. სისტემაში შესასვლელად ბავშვს მხოლოდ ლინკზე დაჭერა სჭირდება.

L. ბავშვების შემოსვლის შემდეგ ვიდეომაუწყებლობის გაუარესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამორთოთ ვიდეო კავშირი ბავშვების მხრიდან და მხოლოდ თქვენ ჩანდეთ, ასევე კომენტარების და ხმაურის შემთხვევაში გამოურთოთ მიკროფონები და ჩართოთ საჭიროების შემთხვევაში. 

M. ZOOM-ის მეშვეობით ჩართეთ თქვენი კომპიუტერის ეკრანის გაზიარების ფუნქცია. 

N. შეარჩიეთ პრეზენტაცია ან ფაილი, რომელიც გინდათ, რომ ბავშვებს აჩვენოთ და პირდაპირ ZOOM-ის ეკრანიდან ჩართეთ, გამოსახულება ავტომატურად გამოჩნდება ყველა ბავშვის ეკრანზე. 

O. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ სალექციო პროცესი და გაკვეთილის განმავლობაში განახორციელოთ სხვა და სხვა ქმედებები, რომელიც გჭირდებათ რეფლექსიისთვის, ჩაატაროთ ტესტი. 

P. შესაძლებელია გაკვეთილი ჩაატაროთ შეტრიალებული საკლასო ოთახის პრინციპით და უკვე მოხდეს წინასწარ Google Classrooms-ის მეშვეობით გაზიარებული მასალის გაცნობა და დისკუსია. 

4. ქმედებები მოსწავლის მხრიდან 

A. ბავშვს შეუძლია შევიდეს სისტემაში, როგორ კომპიუტერის ასევე მობილური ტელეფონის მეშვეობით. 

B. სახლში უნდა ჰქონდეს ინტერნეტ შეერთება არანაკლებ 2მბ/წ სიჩქარის.

C. სასურველია, გაკვეთილების დროს არ იყოს სხვა სისტემების მხრიდან ინტერნეტ არხზე დატვირთვა. 

D. მოსწავლე სასურველია, იმყოფებოდეს კომფორტულ და კონცენტრირებულ გარემოში.

E. მოსწავლე ან მშობელი ამოწმებს მუშაობს თუ არა დინამიკები კომპიუტერში აუდიო ფაილის გახსნით, თუ გააჩნია მიკროფონი ამოწმებს მიკროფონს ( თუ მოსწავლეს არ გააჩნია დინამიკები, ის უკუკავშირს განახორციელებს ტექსტური ჩატით)

F. გაკვეთილის დაწყებამდე 5-10 წუთით ადრე მოსწავლე/მოსწავლის მშობელი შედის, www.gmail.com – ზე, პოულობს სკოლის მიერ გამოგზავნილ გაკვეთილების ცხრილს და კონკრეტული საგნის კოდს ნახულობს. 

G. შედის http://classroom.google.com -ზე, მარჯვენა კუთხეში აჭერს + ნიშანს, და ირჩევს Join Class.

H. შეჰყავს სასწავლო ცხრილის მიერ განსაზღვრული საგნის კოდი.  

I. Google Classrooms-ში, Sream-ზე ნახულობს მასწავლებლის დავალებას  და ხსნის ZOOM-ის ლინკს, რომელიც მითითებულია მასწავლებლის მიერ. 

J. უსმენს გაკვეთილს, ასრულებს მასწავლებლის დავალებებს.

Posted in აქეთური იქეთური, Travelling

12 ადგილი საქართველოში – ხარისხიანად და ზომიერ ფასად დასვენებისთვის

კორონას გადამკიდე, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ წელს, ძირითადად ადგილზე მოგვიწევს უქმეების/შვებულების გატარება. ამიტომ, სიამოვნებით გიზიარებთ გურამ მეგრელიშვილის შეკრებილ სასარგებლო ინფორმაციას და ამასთან, შეგიძლიათ თქვენი გამოცდილი ვერსიებიც შემოგვაშველოთ:

🍴🍽 1: შიდა და ქვემო ქართლი:

🍷 შიდა ქართლში სანახაობას რა გამოლევს, თითქოს რომ ვიცით იქაურობა და არც ვიცით, ეს ამბავია. საქართველოში ყველაზე მეტი ციხე-სიმაგრე და ისტორიული ძეგლი ხომ აქაა და ამის გარდა, ადგილობრივი კულინარია და ღვინო ცალკე დიდი თავგადასავალია.

🍷 ზოგადი რომ არ იყოს რჩევა, კონკრეტულ 2 სანახაობას გირჩევდით, პირველი შიდა ქართლში, კავთურას ხეობის დათვალიერებაა, საქართველოს ამაზონის, უმაგრესი საფეხმავლო ტურების გაკეთება შეიძლება და ადვილი მისადგომია თბილისიდანაც და იმერეთიდანაც. დაღლილმა ადამიანმა ხომ უნდა ისადილოს და ივახშმოს, ამისთვის საუკეთესო ადგილი, ახლაც და მერეც არის Merebashvili’s Marani / მერებაშვილის მარანი
(551597000)

🍷 თუ ხეტიალი არ მოგწონთ და 1 დღიანი გასეირნება დაგიგეგმავთ, მაშინ სოფელი “ქვემო ჭალა” იდეალურია. თბილისიდან 50 კმ-ია, სანახაობა ბევრია, ფოტოების გადასაღები მინიმუმ 4 მაგარი ლოკაციაა (თამუნიას საფლავი და სხვილოს ციხე, საიდანაც შერეკილები გაიქცნენ, გოგირდის აბანოები, მართალია უფუნქციო, მაგრამ ძალიან ლამაზი, ამილახვრების სასახლე და მარანი (აბი-გლუკოზას სცენა) და კარბელაშვილების სახლ-მუზეუმი). მგონი სტუმრებს უკვე იღებენ და Artem Merebashvili არტემ მერებაშვილის საოჯახო სასტუმროშიც შეგიძლიათ გაჩერდეთ ან ისადილოთ ნოყიერად, სანდოდ და სანიმუშოდ.

🍷 თუ პატრიოტიზმი მოგაწვათ, მაშინ ნიქოზში ჩახვალთ, გიორგი მჭედლიძის ბაღების მშენებლობას დაათვალიერებთ, იქვე ცუგებივით დაბმულ რუს სამხედროებს დედა-ბუდიანად მოიკითხავთ და თუ წელსვე მოესწრო, მჭედლიძისვე რესტორანში გაილუკმებით.

🍷 ქვემო ქართლში, ბოლნისი უნდა ნახოთ, იქაური ღვინოებით და გერმანული კვალით. ესეც 1 დღიანი ამბავია.ასევე ძალიან მაგარი საფოტოვე და საჩექინე ადგილია წმინდა პეტრე-პავლეს ახალაშენებული მონასტერი. ხელისგულზე დევს ნახევარი ქართლი, ისეთი ადგილია.


🍴🍽 2: იმერეთში გაზაფხულზევე წავიდოდი, სადაც დინოზავრმა დააბიჯა, ყველაფერი ხომ აქაა და ამის გარდა, მთავარი მუღამი იმერეთში ადამიანები არიან. 2 დღიანი ტურის დაგეგმვა არ დაჯდება ძვირი, ვინც შემიძლია გირჩიოთ, Two sisters • ორი და საოჯახო სასტუმრო “2 და” (558425758) არის. ნამყოფი ვარ და ყველაფერი არის ხარისხიანი და გულიანი. ვფიქრობ, რესტორანში ჭამას, სოფლად გაჩერება აჯობებს.
ჭიათურასთან ახლოსაა და კი უკვირს ბევრს, რა ნახა ამ ქალაქშიო, მაინც, მიმაჩნია, საქართველოს საუკეთესო ქალაქი დადგება ოდესმე. სანამ დადგება, ახლა ნახავთ როგორიცაა ისეთს..

🍴🍽 3: რაჭა სამ დღიანი შეგიძლიათ, ან დაყოფაც მოსულა – ზემო რაჭა, ქვემო რაჭა. უღეტეხილგადავლილს, გაჩერება საოჯახო სასტუმრო Guest house – Village Khvanchkara/ საოჯახო სასტუმრო ხვანჭკარაში “ხვანჭკარაში” შეგიძლიათ. ამბროლაურთან ახლოსაა და 100 წლის ოდაში დაიძინებთ, კაი ლორიან ლობიანს მისცემთ და ხვანჭკარასაც დააგემოვნებთ. ახლო-მახლო სანახაობაც ბლომადაა, სასტუმრო სახლის მფლობელი დაგაკვალიანებთ უპრობლემოდ.

🍷 ონის გზაზე კერესელიძეების მარანი/Kereselidze Wine Cellar მარანია (591974716). ჯერ ხალხს არ იტოვებენ მგონი, მაგრამ თუ ონისკენ მიდიხართ, არ უნდა გამოტოვოთ. ფანტასტიკური ღვინო აქვთ და ამაზე კარგს ვერაფერს გაუგზავნით უცხოელ მეგობრებს.

🍷 ონში საოჯახო სასტუმრო “მხატვრის სახლი” რაჭაში / Family Hotel “Gallery”. Georgia “მხატვრის სახლში” დარჩენა შეგიძლიათ, ძალიან მაგარი მზარეული ჰყავთ და აქვთ შიდა ტურებიც (იმდენ რამეს განახებენ, რაჭველებსაც გაგაოცებენ)

🍴🍽4: ლეჩხუმი ძალიან მაგარი საქართველოა, თუ უბრალოდ დასვენება გინდათ, კაი ჭამა-კაი სმა, კაი ჰაერით და გადაფურცლული წიგნით, ნასპერში წადით. Xatuna Gurchumalidze ხათუნა ღურჭუმალიძე დაგხვდებათ ისე, რომ შეიძლება მიწა იყიდოთ იქვე (ამაშიც დაგეხმარებათ) და დარჩეთ.

🍴🍽 5: სვანეთში სანახავს რა გამოლევს, მაგრამ რას ნახავ და რას შეჭამ, ვის დაელაპარაკები და როგორ ადამიანს, ხომ აქვს მნიშვნელობა?
ბალს ქვემოთ, ბეჩოში ეკა კვიციანის (557286595) ვუწევ რეკომენდაციას. ჯერ ერთი, რომ მაგარი ოჯახია, გონიერი, ზომიერი, გემრიელი. მერე, ეკა პოეტია და სხვანაირად უყურებს სტუმარსაც და ქვეყანასაც, ამიტომ, თითოეული ჩვენგანის სტუმრობა სვანეთში კონკრეტული ადამიანის და ადამიანური ხაზის მხარდაჭერაცაა. წარმოიდგინეთ, დილით რომ გამოხვალ აივანზე და უშბას ჩახედავ თვალებში, ე, ისეთი სახლია კვიციანის სახლი. სანახავი ხეობაშიც ბლომადაა და ისედაც, გარეთ.

🍷 მეორე რეკომენდაცია – ჰეშკილის ქოხები • Heshkili huts. (595525118) ან რა ღირსეული ოჯახი, ან რა საუბრის მანერა, ან რა კერძები? მგონია, რომ ეს ადამიანები გადაინახეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ სვანეთში (ბალს ზემოთ) ამოსული ტურისტებისთვის ეჩვენებინათ, აი, ასეთები ვიყავით ისტორიული ქართველებიო.
დავითი მომღერალია და “რიჰო”-ში მღერის. ამ წინადადებას ნუ გაატარებთ, ისე, “მომღერალია” და მღერის კი არა, სერიოზული მუსიკოსია და ანსამბლიც საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი.

🍴🍽 6: სამეგრელოს გამოტოვებას სჯობს ისევ უცხოეთში იმოგზაუროთ, რადგან ეს ამბავი არ მოგეტევებათ.
ახლა აქ რა ხდება, ზუგდიდში თუ გაჩერდებით და ღირს დაბანაკება, უნდა ესტუმროთ Besiki Tshitanava ბესიკ ჭითანავას. ნამდვილი კოლხი და ნამდვილი გურმანი არის ეს კაცი. მეგრული კულინარია ხომ ცნობილია და იმ ცნობილებში კიდო უფრო ცნობილია ბესიკი თავის გემრიელობებით. პატარა, კოხტა სახლი აქვს და შეიძლება დარჩენიტაც მიგიღოთ. იაფი და სანდოა, ევროპული ხარისხი.

🍷 ახლა მეორე სამეგრელო, შურუბუმუები, კანიონები, ოცინდალეები, ქუაქანცალიები და კოლხური მისტიკა. მთელი მიდამოს ნახვა თავისუფლად შეგიძლიათ მარტვილში თუ დაბანაკდით, აქ ვისთან ვჩერდებით? – სწორია, კარგად გამოიცანით – საოჯახო მარანი – ოდა / Oda Family Winery საოჯახო მარანი “ოდა”. დედა, მამა, 2 ბავშვი. თუ ველური ბუნებაც გინდათ, თან პეწი გინდათ, თან საპირფარეშოში ერთჯერადი მოხმარების პირსახოცი, თან ვალით მოგზაურობთ, თან 5 ვარსკვლავს ითხოვთ და თან ცოტა ფული გაქვთ, Keto Ninidze ქეთო ნინიძეს უნდა დაურეკოთ (ოღონდ წინასწარ).

🍴🍽 7: ზემო აჭარაში ვითომ რატომ არ უნდა წავიდეთ, რადგან ქვემოთ ბათუმია? აი, ყველა რომ წავა ბათუმში, ჩვენ უნდა წავიდეთ ხიხაძირში, Туры в ущелье Хихани Tours In Khikhani Gorge ტურები ხიხანის ხეობაში სასტუმრო “ხიხაძირი” (5917140 15) თავისი უმაგრესი, უმაგრესი და უმაგრესი მასპინძლით იაშა გაბაიძითა და დარიკო აბაშიძით, 5 შვილით და უსუფთავესი გულით. ამაზე მაგარ ადგილას ვერც შეჭამთ, ვერც დალევთ. იშიმშილეთ მთელი გზა, რომ უფრო გემრიელად მიირთვათ რასაც დარიკო გაამზადებს. ადგილობრივი ყველი აქვთ კანფეტი.

🍴🍽 8: ხევსურეთს გამოვტოვებდი? ჩემი საყვარელი მხარეა. შატილში ჭინჭარაულებთან, მასპინძელი Shorena Liqokeli შორენა ლიქოკელი (598370317). კარგი ხალხი, სანდო ხალხი, გონიერი ხალხი. ალექსი ჭინჭარაულის სანათესაოა და იგივე კოშკი, სადაც ის დაიბადა.

🍷 ახლა აქეთ, როშკა. სადაც ხევსურეთს ვახსენებთ, მე Shota Tsiklauri შოთა წიკლაურიც მახსენდება. ამ კაცმა წლები შეალია საკუთარ მხარეს და ჩვენი სტუმრობა და ფულის იქ დახარჯვა, შეეხიდებოდა. სანახაობა არის ბევრი, უსაფრთხო და დიდხანსდასამახსოვრებელი.

🍴🍽 9: ყაზბეგს შეიძლება ტურისტი არ აკლია, მაგრამ რაც მეტი იქნება ქართველი, მით ნაკლებად ილაპარაკებენ რუსულად. 1 დღეში თბილისიდან და 2 დღეში სხვა წერტილებიდან მოინახულებთ აქაურობას, მაგრამ ჩემი რჩევაა, ღამე გაათიოთ სტეფანწმინდაში, რომ დილით დაინახოთ რა ლამაზია ეს დალოცვილი მყინვარწვერი.

🍷 ღამე დარჩენას ვაჟა ჩოფიკაშვილის სასტუმროში, სადილზე კი გირჩევთ ელისო გელაშვილის კაფეს. საკუთარი ბებო როგორც დაგხვდებოდათ, ისე დაგვხდებათ ეს ქალიც. უმაგრესი კერძები აქვს და რომ ეტყვით, ვინ გირჩათ, კიდევ უფრო გემრიელი გახდება ყველაფერი.

🍴🍽 10: სამცხე-ჯავახეთი სულ დაჩაგრულია, გვგონია, რომ იქითაც წავალთ, “ოდესმე” და ეს ოდესმე არ დადგა არასოდეს. არადა, საქართველო რომ გვქვია, ამ მხარეს უნდა ვუმადლოდეთ, ამიტომ, 10 მცნებაში 1 ის წერია, რომ წადით, ნახეთ ცალკე სამცხე და ცალკე ჯავახეთი თავის უმაგრესი ტბებიანადო (ასეთი და ამდენი ტბა საქართველოში არსადაა).

აქაც ხომ მოგინდებათ ჭამა? ვის ვურეკავთ? კუკური მეტრეველს. რატომ? იმიტომ, რომ ასეა საჭირო, იმიტომ, რომ ძალიან მაგარი მეგზური და ადამიანია, ფოტოხელოვანი და საკუთარი მხარის ამაგდარი, ნაღდი მესხი. თუ ვერ დაეტევით, დაგაკვალიანებთ ვის მიმართოთ დასაძინებლად-საჭმელად.

🍴🍽 11: გურიაში მარტო ნათესავებთან წასვლა კი არაა საქმე, ან ზღვისკენ მოგზაურობისას “ჩავლა”, აქაურობა მნიშვნელოვნად სანახავია.
ჩემი რეკომენდაცია ჩაის გზის დამაარსებელს, Lika Megreladzeლიკა (599260402) მეგრელაძეს. დასაძინებელიც გადასარევი აქვს, ეზოც, კარიც, მენიუც და თვალებიც. თუკი ვინმე გადაცმულ ელჩს გინდა წააწყდეთ, მასთან უნდა დაბინავდეთ. ფასი და ხარისხი სრულ შესაბამისობაშია.

🍴🍽 12: კახეთში, მოდი პირდაპირ ვიტყვი, სანახაობას რა გამოლევს და კაი პურმარილსაც რა გამოლევს, მაგრამ სად ვჭამოთ საუკეთესოდ, ეს მარადიული დილემა აქვე გადავწყვიტოთ მარტივად ა) Lomtadzeebis Marani Velistsikhe “ლომთაძეების მარანში”, (591332466) ბ) Kakha Tchotiashvili (593985502) ჭოტიაშვილების მარანში.

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

სტამბოლის კინოფესტივალი და ჰიჩკოკი დიდ ეკრანზე

სტამბოლის კინოფესტივალი თურქეთის ყველაზე მასშტაბური კინოფესტივალია, რომელიც 1982 წლიდან იღებს სათავეს და  FIAPF-ის მიერ აკრედიტირებული საერთაშორისო ღონისძიებაა. ყოველწლიურად, პროგრამით ნაჩვენებია 180-მდე ფილმი სხვადასხვა ოფიციალურ სექციაში, ესენია: საერთაშორისო კონკურსი, ეროვნული კონკურსი, ადამიანის უფლებები კინოში, ეროვნული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი და ეროვნული დოკუმენტური ფილმების კონკურსი.  

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია კოპროდუქციის პლატფორმა Meetings on the Bridge, რომელიც შედგება სამი ნაწილისგან – მიმდინარე პროექტები, მეზობლები და ფილმის განვითარების ვორქშოფი. სექცია მეზობლები (Neighbours) ითვალისწინებს პროექტების წარდგენას მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან. ამ პლატფორმაზე, დამწყებ რეჟისორებს საშუალება ეძლევათ ახალი პროექტები და მიმდინარე ფილმები საერთაშორისო დონეზე წარადგინონ, მიიღონ დაფინანსება და ითანამშრომლონ.

წლევანდელი ფესტივალი რიგით მესამეა ჩემთვის და განსაკუთრებით ველოდები ეროვნულ კონკურსებს, სრულ პროგრამასაც მალე დაგაწევთ. ^^

სტამბოლის კინოფესტივალის ოფიციალური პოსტერის ავტორია ჯემ ოზუდურუ – ადგილობრივი არტისტი.

წელს, კინოფესტივალის ფოკუსშია კინორეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი.  მისი გარდაცვალებიდან 40 წლის თავზე, ახალგაზრდა თაობა და რეჟისორის თაყვანისმცემლები დიდ ეკრანზე ნახავენ 15 მხატვრულ ფერად ფილმს. ესენია:

თოკი (1948)
თხის რქის ნიშნის ქვეშ (1949)
მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ M  – (3D) (1954)
ფანჯარა ეზოს მხარეს (1954)
ქურდის დაჭერა (1955)
უსიამოვნებები ჰარისთან (1955)
კაცი, რომელმაც ზედმეტი იცოდა (1956)
თავბრუსხვევა (1958)
ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთის გავლით (1959)
ჩიტები (1963)
მარნი(1964)
ჩამოხეული ფარდა (1966)
ტოპაზი (1969)
სიგიჟე (1972)
ოჯახური შეთქმულება (1976)

 

Image result for HITCHCOCK ON SET

 

ფესტივალის სტუმრებს ასევე გველის თურქული კინოკლასიკის რეტროსპექტივა. წელს გვიჩვენებენ ატიფ იილმაზის  აღდგენილ კინოშედევრს როგორ გადავარჩინოთ ასიე (1987). ეჟისორი, თურქული კინოს ნებისმიერ პერიოდში დიდი სითამამით გამოირჩეოდა და არ ერიდებოდა ტაბუდადებულ თემებზე ფილმების გადაღებას. მისი რამდენიმე ფილმი შეგიძლიათ იხილოთ ქართულ პორტალზეც –  ატიფ იილმაზის ფილმები

აღსანიშნავია, რომ მსახიობს და მუსიკოსს ჰუმეირას – მთავარი როლის შემსრულებელ ქალს ფილმში “როგორ გადავარჩინოთ ასიე ” გადაეცემა კინოფესტივალის საპატიო ჯილდო.

თურქული რეპის ერთ-ერთი პირველი ნიმუში ჰუმეირას შესრულებით.   

Posted in Uncategorized

Laundromat: ფულის გათეთრების 10 საუკეთესო ქვეყანა

თეთრ ფურცელზე შავით ნაწერის, ერთი-ორი ხელმოწერის და ბეჭდის საფუძველზე, რომელიმე პაწაწუნა ქვეყანაში, იქმნება რაღაც კომპანია, რომელსაც ჰყავს ვიღაც დირექტორი და აქვს რაღაც მისამართი. არც იფიქროთ მოძებნოთ, პირდაპირი გაგებით, აგურის კედელს შეეჯახებით, ზუსტად ისე, როგორც სტივენ სოდერბერგის ახალ ფილმში “Laundromat”. 

ამ კომპანიის ანგარიშზე, ზემოაღნიშნულ ვიღაც დირექტორს შეაქვს რაღაც ფული და შემდეგ უკვე, სხვა უფრო განვითარებულ ქვეყანაში აფუძნებს ან პირდაპირ ყიდულობს უკვე არსებულ კომპანიას და იქ რიცხავს ფულს ან/და აწარმოებს ამა თუ იმ მსხვილ ბიზნესს. 

რა სარგებელი აქვს ასეთ ქვეყნებს? ასეთი ოფშორული ქვეყნების შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი, სწორედ იმ იურიდიულ ფირმებზე მოდის, რომელიც აფუძნებენ კომპანიებს, კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, რომ იურიდიული ფირმა აუცილებლად გჭირდებათ კომპანიის სამართავად. ერთ-ერთი ასეთი იურიდიული ფირმა იყო “მოსაკა ფონსეკა” – პანამის დოკუმენტების და სოდერბერგის ფილმის ვარსკვლავი. მოსაკა/ფონსეკამ თითქმის 240000 ოფშორული კომპანია დააფუძნეს, მათ შორის ვიხილეთ 85 ქართველი მდიდარი, ზოგი მილიონერი, ზოგი მილიარდერი და ზოგი უბრალოდ წარმომადგენელი. 

ადამიანებს ოფშორული კომპანიების დაფუძნების ბევრი მიზეზი აქვთ, მათ შორისაა საგადასახადო შეღავათები, უკანონოდ მოპოვებული, ჩემგან, თქვენგან მოპარული ფულის სათანადოდ გადამალვა და გაკანონიერება, საკუთარ ქვეყანაში ბიზნესის დაუცველობის მუდმივი განცდა და სხვა მრავალი.  

სხვადასხვა დროს ოფშორული კომპანიები საქართველოში ფლობდნენ და ფლობენ წყალმომარაგების, სადაზღვევო კომპანიებს, ტელე-რადიო მაუწყებლობას და სხვა მსხვილ კომპანიებს. 

ფილმშიც ერთ-ერთი გამთამაშებელი სწორედ სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც უბედური შემთხვევის შემდეგ კომპენსაციას ვერ უხდის დაზარალებულ მხარეებს. სწორედ აქ იწყება აბლაბუდის ქსელი, სადაც იხლართებიან დაზარალებულები, რაც უფრო მეტად მოძრაობენ პასუხისმგებელი პირის ძიების პროცესში, მით უფრო სქელდება და გაუვალი ხდება ეს ქსელი. 

ძალიან ძნელია ყველაფერში გარკვევა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მსგავსი რამ კონკრეტულად თქვენ, პირადად არ გაზარალებთ, არასოდეს გქონიათ შეხება და ეს ყველაფერი თქვენთვის უბრალოდ მონაცემებია, სტატისტიკაა, ხოლო ირიბ ზიანს ვერ ხედავთ. 

პირდაპირ ვთქვათ, რომ ასეთი დოკუმენტური მასალა მოსაწყენია, სცენარისტი სკოტ ბერნსი და რეჟისორი სტივენ სოდერბერგი სერიოზული გამოწვევის წინაშე იდგნენ – მათ ეს მოსაწყენი ბუღალტერია, ეკონომიკა და სამართალი – მარტივად, გასაგებად, საინტერესოდ, და მხიარულად უნდა მოეწოდებინათ. 

შავი იუმორი, თვითირონია, სწორი აქცენტები, კინოოპერატორული ნამუშევარი, და კარგად შერჩეული მსახიობები, ეს არის ამ ფილმის მთავარი დადებითი თვისებები. იმ ადამიანებს, რომლებიც მეტ სიღრმეს მოითხოვენ ამ ფილმისგან, ვურჩევდი უყურონ დოკუმენტურ ფილმებს საკითხის შესახებ და ასევე, წაიკითხონ ჯეიკ ბერნშტეინის წიგნი, რომლის მიხედვითაც გადაიღო ფილმი სოდერბერგმა. 

 

ფულის გათეთრების 10 საუკეთესო ქვეყანა:  

1 ლუქსემბურგი

2 კაიმანის კუნძულები

3 ირლანდია

4 შვეიცარია

5 ბერმუდის

6 ჰონგ კონგი

7 ჯერსი

8 ნიდერლანდები

9 სინგაპური

10 ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები 

 

ვრცლად საკითხავი:

  1. ოფშორული კომპანიები საქართველოში  
  2. ქართველი ოფშორელების სრული სია  
  3. Secrecy World: 
    Inside the Panama Papers Investigation of Illicit Money Networks and the Global Elite
Posted in აქეთური იქეთური, საზოგადოება

როგორ ვიყიდოთ დიპლომი?

შიმშილია, სამოქალაქო ომია, დარია, თუ ავდარია, ქვეყანაში დიპლომების მარათონი არასოდეს ცხრება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ იცვლება პროფესიების ბუმი, მაგრამ არასოდეს ვარდება მოთხოვნა დიპლომებზე.

90-იანებში ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მედიცინის მიმართულება, შესაბამისად, სამედიცინო უნივერსიტეტიც ერთ-ერთი ძვირადღირებული იყო ჯერ მოწყობის ღირებულების და შემდეგ სტუდენტის ჩათვლების/გამოცდების ღირებულების თვალსაზრისით.

  • სამედიცინოზე ჩააბარა?
  • ჰო, აბა რა, ოჯახს იმდენი ფული აქვს, აბა, გაუჭირდებოდათ, თუ?

ცოტა ხანში, პოპულარობით დაეწია და გაუტოლდა სამართალმცოდნეობის და ეკონომიკის ფაკულტეტები. სამართალი იმდენად პოპულარული გახდა, რომ პრაქტიკულად ყველა არსებულ და “ჩაწოლილ” ფაკულტეტს სამართალი ჩაუმატეს თავსა თუ ბოლოში, ასე მაგალითად, სამართალი და წყალქვეშა მეღვინეობა, სამართალი და კაი პურის ჭამა, სამართალი და ჭოკზე ხტომა და ა.შ.

რასაკვირველია, ასეთ ბუმს ერთი და ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი ვერ გაუძლებდა და სოკოებივით გაჩნდა ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, კოლეჯები, მითჰუნ ჩაკრაბორტის სახელობის ინდურ-ქართული ინდუსტრიული ინსტიტუტი, სულო და გულო, რა აღარ იყო. ყველა კუთხე-კუნჭულში, სკოლის, ბაღის თუ მიტოვებულ მუნიციპალურ შენობებში სასწავლო დაწესებულებები იყო გამართული.

ქართული განათლების სისტემაში რენესანსის ხანა იდგა.

ერთი სიტყვით, ყველას ვისაც სწავლა ეზარებოდა, არ უნდოდა სიარული, გაზულუქებული მშობლების გატუტუცებული შვილი ან/და ყრუ ლოსი იყო, შანსი ჰქონდა ნანატრი დიპლომი აეღო.

ასე და ამგვარად, მივიღეთ არაკომპეტენტური დიპლომიანების მთელი თაობა.  რასაკვირველია და აუცილებლად აღსანიშნავია, რომ იყვნენ გამონაკლისები, მაგალითად, 200 კაციან კურსზე, 5 გამონაკლისი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა, ეს საერთო სურათს ვერ და არ ცვლის.

ასევე იყვნენ ისეთებიც, ვისაც მისაღები/დამამთავრებელი გამოცდების ალიაქოთიც ეზარებოდა, ასევე ეზარებოდა ეს “მიდი, დედი, ორჯერ-სამჯერ მაინც დაენახე უნივერსიტეტში”. ასეთი ტიპაჟებისთვის, პირდაპირ გამზადებული დიპლომის ყიდვის ვარიანტი არსებობდა. ასეთი კი ბევრი იყო მაშინ, გამზადებული, დაბეჭდილი ბლანკების აღრიცხვიანობა სრულიად უკონტროლო იყო, არ არსებობდა ელექტრონული ბაზა, სადაც შეამოწმებდი. ამიტომ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შეგეძლო დიპლომის ყიდვა.

ორიათასიანების დასაწყისში აქტუალური იყო საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა, აქაც წამოიჭრა დიპლომების/პროფესიების საკითხი. აი, ასე ლამაზად, შავი ტურისტული სააგენტოს უსტაბაში გამოაღებდა სეიფს, გამოალაგებდა ცარიელ ბლანკებს (რაც 90-იანებში იავარქმნილი უნივერსიტეტის შენობების ნადავლი იყო ან თავადაც ნაყიდი ჰქონდა) და სასურველ პროფესიაზე შეუვსებდა, საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს.

ასეთ შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლებოდა შემვსებს ტექნიკური ხასიათის შეცდომები დაეშვა.

ერთია როდესაც უნივერსიტეტის, კოლეჯის თანამშრომელი აყალბებს და ზუსტად იცის რა უნდა ჩაწეროს, როდის და ა.შ. და მეორეა, როდესაც ისეთი პირი აყალბებს, რომელსაც შეხება აღარ აქვს ამ უნივერსიტეტთან და შესაბამისად, არც დეტალური ინფორმაცია გააჩნია.

ფიქრობთ, რომ ამ პერიოდში დამთავრდა ყალბი დიპლომების ეპოქა? და განათლების რეფორმამ შეცვალა ან მოთხოვნის ან მიწოდების დონე? გარკვეულწილად შეცვალა, თუმცა მთლიანად არ აღმოუფხვრია, უფრო ვიტყოდი, რომ გაუმჯობესდა, დაიხვეწა ტექნოლოგიები და ამასთან, აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტების, კოლეჯების დიპლომების თუ სერთიფიკატების გაცემის შემოწმება რიგითი ადამიანებითვის შეუძლებელია.

2014 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შეძენის და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მერაბ ი. და დავით ჩ. სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს 4 000 ლარის სანაცვლოდ, ძველი თარიღით ამზადებდნენ. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მე-2 კურსზე ჩარიცხვის სანაცვლოდ მოქალაქეებს 5 000 აშშ დოლარს ართმევდნენ.

წყარო 

2017 წელს, დაკავებულმა პირმა დაამზადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი, რომელიც შემდგომში  ერთ-ერთ მოქალაქეზე 2 600 აშშ დოლარად გაასაღა.

წყარო

2018 წელს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ერთერთი კომერციული დაწესებულების სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი 3 300 ლარად გაასაღა. იმერეთის რეგიონში არსებული დაწესებულების ხელმძღვანელმა დაამზადა და 1 800 ლარად გაასაღა ოფისმენეჯერის სპეციალობის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

წყარო 

დავუბრუნდეთ ისევ შემოწმების საკითხს, თუ უნივერსიტეტის/კოლეჯის დიპლომს ტექნიკური ან ფიზიკური ხარვეზი/წუნი არ აღენიშნება, არავის გაუჩნდება დიპლომის/სერთიფიკატის შემოწმების სურვილი თუ მიზეზი. თუ გაუჩნდა შემოწმების სურვილი, პირადად, ნებისმიერი ინდივიდი ვერ შეამოწმებს.  ამის გათვალისწინებით, ბუნებაში და საქართველოში ბევრი ისეთი დიპლომი და სერთიფიკატია, რაც სასწრაფო შემოწმებას და საჯარო ელექტრონული ბაზის შექმნას მოითხოვს.

მაგრამ მერე ფული ვინ აკეთოს ლეგალურად თუ არალეგალურად?

 

რაც შეეხება ნამდვილობის შემოწმების არსებულ პროცედურას, ასეთი კომპეტენცია აქვს  სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, რომელიც ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან.

წყარო    1

წყარო 2 

უცხოური სასწავლო დაწესებულებები ხშირად ითხოვენ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმებას, რასაც ასევე ახორციელებს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სადაც უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
 1.  განცხადება (განცხადება ივსება ელექტრონულად, ცენტრში ან შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ფოსტის მეშვეობით);
2. საგანმანათლებლო დოკუმენტის დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი  (უცხოური დოკუმენტის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
4.  შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
არსებობს ასევე ვებ-გვერდები, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა დიპლომი და გაამხიარულოთ ან თქვენი მეგობრები, ან დამსაქმებლები ან მთელი საზოგადოება.
Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ბებერი ჰამბურგელი ბოზების სისხლი და ცრემლები

სწორედ იმის დადასტურება იქნება ამ პოსტის სათაური, რასაც რეჟისორი აღნიშნავს ინტერვიუში თავისი ახალი ფილმის “ოქროს ხელთათმანის” შესახებ. 

სისხლის, ცრემლების, ტყვნისა და შიმშილის გარეშე ფილმი არ იყიდება. ეს არის ის, რითაც დღეს კინოინდუსტრია და ზოგადად მედია პურს ჭამს. აირჩიე ან ეს, ან პირველი ოცეულის ყველა ვარსკვლავი შენს ფილმში ან უკვე კარგად ნაცნობი ფილმების სიქველები თუ პრიქველები. თან ფილოსოფიური სიღრმეც და თან კომერცია იშვიათად გამოდის, როგორც მედიაში, ასევე კინოში. 

ფატიჰ აკინის ფილმი ძალიან სასტიკია, ფილმის სიუჟეტი 70-იანი წლების ჰამბურგში ვითარდება და ცნობილი სერიული მკვლელის ფრიც ჰონკას შესახებ გვიყვება. ფილმის გამოსვლის შემდეგ რეჟისორი მიზოგინიაში და მკვლელის ჰეროიზაციაში დაადანაშაულეს. ბერლინის კინოფესტივალის საზოგადოება შოკში იყო. 

ეკრანიდან სისხლის, ძღნერის და გერმანული სარდელების ერთმანეთში არეული სუნი გიგრძვნიათ? სწორედ ეგ იყო. 

სტრანკის ბესტსელერის წაკითხვის შემდეგ, აკინმა წიგნზე უფლებები მოიპოვა. “დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ფილმს გადავიღებდი, თუმცა არ მინდოდა ჩემთვის ვინმეს დაესწრო. ყოველთვის მინდოდა საშინელებათა ფილმი გადამეღო და როდესაც დღეს, ნეტფლიქსის და ამაზონის ეპოქაში კინოსამყაროს ვაკვირდები, საშინელებათა ჟანრი ერთადერთია, რაც კინოეთეატრებში მუშაობს, რადგან ეს ჟანრი, სხვა ჟანრებთან შედარებით გამორჩეულია კოლექტიური განცდებით”. 

აღნიშნავს რეჟისორი ქოლაიდერთან ინტერვიუში. 

ფილმიც და წიგნიც მთლიანად დგას სიმახინჯეზე და სექსუალურ იმედგაცრუებაზე. ის იმდენად მახინჯი იყო, რომ თავის ტოლ ქალებთან ურთიერთობას ვერ ამყარებდა. მისი ერთადერთი ნავსაყუდელი ალკოჰოლიკი, ყოფილი ბებერი ბოზები იყვნენ, რომლებიც ახლა ალკოჰოლიკებად ქცეულიყვნენ და დღენიადაგ ბარში ისხდნენ. 

“საკმაოდ მახინჯი სამყაროა და ეს ჩემთვის გამოწვევა იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვცხოვრობთ ახლა, სპა და გამაჯანსაღებელი სალონების, ფიტნეს კლუბების ეპოქაში”. 

 

აღსანიშნავია, რომ ფილმის გარემო თითქმის იდეალურად არის აღდგენილი ფოტოდოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით. საავტორო კინოს კვალობაზე, ფილმი შემოსავლიანიც აღმოჩნდა. გაქირავების პირველ კვირაში ნახევარი მილიონი დოლარი მოაგროვა და ჩაეშვა გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, იტალიის, თურქეთის და სხვა ქვეყნების კინოგაქირავებაში.

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ქართული ფილმების მოკლე მიმოხილვა

წელს BIAFF-ზე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი უჩვენეს. ფესტივალზე ნაჩვენები ფილმებიდან ერთი-ორი ფილმის გარდა ვერცერთი დაიკვეხნის, რომ არსებულ რეალობას გამოეხმაურა, რამე ისეთი პრობლემა ასახა, რამაც წინა წელს ან იმის წინა წელს აგვაღელვა, გაგვაერთიანა ან პირიქით, დაგვშალა და გაგვფანტა. როგორც წესი, ასეთი ფილმების დიდი ნაწილი ან სადიპლომო ნამუშევარია ან სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის საჭირო პორტფოლიოს შესავსები ნაწილია.

 

სრულმეტრაჟიანი ფილმი 

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “მოსავალი”, ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა, რომლის რეჟისორია მიშო ანთაძე.  ფილმის სიუჟეტი კახეთში ვითარდება. ამ დოკუმენტურ ფილმს სადამკვირვებლო/ობსერვაციული ნიშა უჭირავს და როგორც ფილმის შესავალი გვაუწყებს ოცი წლის წინ უკუნ სიბნელეში ვიყავით, ხოლო ახლა საქართველო ბიტკოინების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. კახეთი კი, ცნობილია ღვინის, ხილის ხორცის და ახლა უკვე კრიპტოვალუტის წარმოებით. კადრი კადრს ცვლის და ვხედავთ, როგორ მონაწილეობს ტექნოლოგია ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ წველიან რძეს, უვლიან ფუტკარს, ასხამენ ქარხნულ ღვინოს და როგორ ქმნიან კომპიუტერები ვირტუალურ ვალუტას. ძალიან ვიწრო ზღვარია და ძალიან უნდა ეცადო, რომ ასეთი ფილმისგან პროპაგანდისტული ნაგავი არ შეგრჩეს ხელში, რომელიც რეალურ პრობლემას კი არ ასახავს რეგიონში და მთლიანად ქვეყანაში (ელექტროენერგიის გაძვირებას პირდაპირ უკავშირებენ კრიპტოვალუტის წარმოებას), არამედ გვაჩვენებს იმას, თუ როგორი აყვავებულია ეს მხარე, ყველა დასაქმებულია, უხვი მოსავალია, რძე მიაქვთ გასაყიდად, წყალი მოჩუხჩუხებს, ერთი სიტყვით, კარგად რომ არ ვიცნობდე კახეთს და ხშირად რომ არ ჩავდიოდე ჩემს სოფლებში, ძალიან მომინდებოდა კახეთში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადასვლა, სადაც არანაირი შემაფერხებელი გარემოება არ არის, რომ ადამიანმა ნორმალურად იცხოვროს, იმუშაოს და შექმნას მოსავალი.

სამწუხაროდ, ჩემთვის ეს ფილმი პროპაგანდისტულია და არ ასახავს რეალობას, პრობლემას.

mosavali_misho_antadze

 

 

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები (საკონკურსო)

“ცუდი ხალხი”, გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმია, 20 წუთიანი ქრონომეტრაჟით. ფილმის მოქმედება 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება.  ნაჩქარევად, გადარბენით ვხედავთ ყველაფერს, რომ სასწრაფოდ და გადაუდებლად შეგვიქმნას 90-იანების ეპოქაში ყოფნის შეგრძნება. ისე როგორც ტრეილერში, პურის რიგები, სასწრაფოს მანქანა, სროლა, კაცის კვლა და ა.შ. გააზრებასაც ვერ ასწრებ, ისე სწრაფად ეტენება ყველაფერი კადრში. ფილმში განსაკუთრებით სუსტია დიალოგები, გიტოვებს სიცარიელის შეგრძნებას, ზოგჯერ უადგილოა, შეუსაბამო, მსახიობების შესრულება კი, ზედაპირული და ხელოვნური.

 


“კარს მიღმა” – ნიკა ქურდაძის 31 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ინგლისურ ენაზეა, ალბათ პროდიუსერების და რეჟისორის მიზანი იყო საერთაშორისო ბაზრის დაპყრობა, ან შეიძლება რეჟისორი საზღვარგარეთ სწავლობს, არ ვიცი. თუმცა, მხატვრულად, ოპერატორული ნამუშევრის თვალსაზრისით ფილმი ტექნიკურად გამართულია. მსახიობებს, რაც შეეხება ზოგი ქართველია, ზოგი ენის მატარებელი. თუმცა ეს ნამდვილად არ იყო უპირატესობა, ამ ფილმში ქართველი მსახიობები უკეთესად წარმოაჩენენ თავს და ნაკლებად ხელოვნურები არიან.

 

სოსო ბლიაძის ფილმი “ტრადიცია” – როგორც ჩანს რეჟისორმა ეს ფილმი გადაიღო ფილმად, და არა მორიგ სადიპლომოდ, სრულმეტრაჟიანი ფილმის პრელუდიად ან საფესტივალოდ, ყოველშემთხვევაში, როგორც მაყურებელს, ასეთი რამ არ მიგვრძნია. მოკლე დროში, სულ რაღაც 20 წუთში, ფილმი მოგვითხრობს საქართველოს ტრადიციებში გერმანელი გეი წყვილის ხალისიანი მოგზაურობის ამბავს, რამაც შეიძლება ბევრი გააღიზიანოს.  :)) გირჩევთ ნახოთ თბილისის კინოფესტივალზე დეკემბერში.

 

და ბოლოს, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი რეჟისორების და ფილმების დიდი ნაწილი საკმაოდ სუსტად არის წარმოდგენილი ტრადიციულ თუ ახალ მედიაში (ნიუსები, რევიუები, იუთუბზე პორტფოლიო, პირადი გვერდები ან ვებგვერდები და ა.შ).

 

 

 

 

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ტაქსის მძღოლი – ადამიანი რკინის კუბოში 

“კოლეჯში სწავლამდე კინოსთან შეხება არ მქონია. სეკულარულსა და რელიგიურ ცხოვრებას შორის ნაკლებად იყო კავშირი, კინოში არ დავდიოდი, სიტუაციიდან გამომდინარე; უაღრესად რელიგიურ საზოგადოებაში ვიზრდებოდი.    

ჩვენს უბანში ახლოს ძველი კინოთეატრი იყო, სადაც ბერგმანის ფილმებს აჩვენებდნენ, იქ ვნახე პირველად “მარწყვის მდელო”. ჩემთვის ახლობელი იყო, სემინარიის თემებთან მსგავსებას ვხედავდი. ასევე აჩვენებდნენ 60-იანი წლების ევროპულ ფილმებს, ტრიუფოს, ბრესონის, ანტონიონის და სხვათა ფილმებს. კინოს ისტორიაში ყველაზე ინტელექტუალური და ამაღელევებელი პერიოდი იდგა.    

აქ ნელ-ნელა ვიწყებ ფიქრს იმაზე, რომ მსურს ვწერო კინოს შესახებ. ფილმის შექმნა საჩემო საქმე არ იყო. ბევრი ფილმი არ მქონდა ნანახი და გადავწყვიტე მენახა. წავედი ნიუ იორკში. იქ შევხვდი ჩემს მენტორს პოლინ კაელს, რომელმაც გამიწია რეკომენდაცია და ერთ-ერთი გაზეთისთვის კინოზე წერა დავიწყე.   

“ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება” – მარტინ სკორსეზე, პოლ შრეიდერი (1988)

 

1969 წლის მარტი გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ვნახე რობერტ ბრესონის “ჯიბის ქურდი”, სადაც ორი ისეთი სცენა იყო, რამაც ჩემი ცხოვრება განსაზღვრა. პირველმა სცენამ ჰარმონიაში მოაქცია ჩემი სულიერი სამყარო და კინო სამყარო, ჩემი რელიგიური წარსული და მომავალი, ხოლო მეორე სცენა დამეხმარა იმის გათვითცნობიერებაში, რომ ფილმის შექმნა შემეძლო.  

ამ შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ დაიწერა “ტაქსის მძღოლი”.   

ნიუ იორკში ჩასვლის შემდეგ საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე, არ მქონდა შემოსავალი, დავდიოდი ბარებში, მეძინა პორნო კინოთეატრებში, განმივითარდა კუჭის წყლული, რის გამოც დიდხანს ვიწექი საავადმყოფოში; 

“სწორედ მკურნალობის პერიოდში დაფიქრდა ტაქსის მეტაფორაზე: “აი, სწორედ ეს ვიყავი: ადამიანი რკინის ყუთში, კუბოში, რომელიც დაბორიალობს ქალაქში, სრულიად მარტო”.”

 დიახ, ეს ტიპი მე ვარ, ყვითელ ყუთში დამწყვდეული, სრულიად მარტო, რომელიც რაც დრო გადის, უფრო და უფრო ბრაზდება. 

მე ვიგრძენი, რომ თუ ამ ბიჭის შესახებ არ დავწერდი, მაშინ თავად გადავიქცეოდი ამ ბიჭად.  

სცენარს ვუყურებდი, როგორც თვითერაპიას და არა როგორც წარმატებას.  

დავიწყე წერა, რასაკვირველია უცებ არ გამოვიდა, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა. გაყიდვას არ ვაპირებდი, აგენტს დავუტოვე და  დავბრუნდი ლოს ანჟელესში, სადაც დავწერე სცენარი იაპონელ განგსტერებზე, რომელიც გაიყიდა (The Yakuza – 1974). 

სწორედ, ამ პერიოდში ინტერვიუ ჩავწერე ბრაიან დე პალმასთან, რომლის შესახებ სტატიას ვწერდი და ვუთხარი, სცენარი დავწერე მეთქი. გაეცინა, თუმცა დამთანხმდა რომ წაიკითხავდა. წაიკითხა კიდეც და მითხრა, ეს საჩემო სცენარი არ არისო და გადასცა სკორსეზეს. ასე გადაწყდა ტაქსის მძღოლის ბედი.   

ფილმში ძალიან ბევრი საუბრები იყო მარტოობის შესახებ, მარტინს ვუთხარი რომ ამოგვეღო, რადგან ტაქსის დიდი სალონი, სადაც ეს ტიპია გაჭედილი, ისედაც მეტყველებს მარტოობაზე.  

პოლ შრეიდერი, მარტინ სკორსეზე და რობერტ დე ნირო

რაც შეეხება ზოგადად სცენარის წერას, წერა და რეჟისურა განსხვავდება ერთმანეთისგან, პერსონაჟები, დიალოგები, ამბის თხრობა, ვიზუალური ენა – ბევრი ნიუანსია. 

სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები, არ მინდა 10 კარგი მწერალი, მე მინდა 10 კარგი პრობლემა. თუ ამბავი ვითარდება და ამის მოყოლა შეგიძლია 45 წუთის განმავლობაში, ისე რომ არავინ მოიწყინოს, შენ უკვე გაქვს ფილმი. როდესაც ყვებით, თვალით კონტაქტი მნიშვნელოვანია, რადგან ადვილად მივხვდები, როდის გკარგავ და შევეცდები შენს დაბრუნებას. 

საჭირო დროს უკვე მთლიანი ამბავი მაქვს თავში და ზუსტად ვიცი, რა მექნება სცენარის მე-17 გვერდზე. მოყოლისას ასევე ხვდები, რომ თხრობა აღარ არის საჭირო და სცენარი თავად გეუბნება, დამწერეო. 

ამერიკელი ჟიგოლოს გადასაღებ მოედანზე – პოლ შრეიდერი და რიჩარდ გირი.

ლიტერატორის შეკითხვა: რას გვეტყვით თქვენი ბოლო ფილმის “First Reformed”-ის  შესახებ? 

დაახლოებით 3-4 წლის წინ ვნახე პაველ პავლიკოვსკის “იდა”. როდესაც ფილმის შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი, გზაში ვფიქრობდი, მალე 70 წლის ვხდები და უკვე დროა ეს ფილმი გადავიღო, მერე რა რომ აქამდე არ მინდოდა ამის გადაღება. 

ფილმი წიგნს არ შეადაროთ. 

ყველა დროის ჩემთვის საინტერესო ფილმიდან ავიღე მცირე ნაწილები. 

მთავარი გმირი ჯორჯ ბერნანოსის ნაწარმოებიდან “მღვდლის დღიური”. 

ასევე ბერგმანის ფილმიდან. 

ბოლო სცენა კარლ დრეიერის ფილმიდან. 

ტარკოვსკის მსხვერპლშეწირვიდან…

და შემდეგ ეს ყველაფერი ავურ-დავურიე ტაქსის მძღოლის სტილში.” 

 

 

——–
აღსანიშნავია, რომ ფილმისთვის “პირველი რეფორმირებული ეკლესია” პოლ შრეიდერმა მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო სცენარისთვის და ამერიკის კინო ინსტიტუტმა 2018 წლის 10 საუკეთესო ფილმის სიაში შეიტანა.  

ინტერვიუ/მასტერკლასი ჩავწერე პოლ შრეიდერთან შეხვედრაზე, BIAFF-ის ფარგლებში. 

ქშიშტოფ ზანუსთან და პოლ შრეიდერთან ერთად / ბათუმი / 2019
Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

BIAFF 2019 – გამარჯვებულები

2019 წლის ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები:

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი 

გამარჯვებული – “ცხოველი”, ამირან დოლიძე

სპეციალური პრიზი – “იმედი”, ალექსანდრა მარკოვა

DSC_5633.JPG

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – “მაფიის გადაღება” (იტალია)

სპეციალური პრიზი – “ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ”

სპეციალური პრიზი – Lovemobil (გერმანია)

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური 

ოცნებების სასახლე, რეზა მირკარიმი (ირანი)

მხატვრული ფილმების საერთაშორისო  კონკურსი

ჟიურის სპეციალური პრიზი – “End of the Season” – გერმანია, აზერბაიჯანი, საქართველო

საუკეთესო მსახიობი ქალი – ჩემრე ებბუზია, ფილმი “სამი დის ამბავი”, თურქეთი

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ქაიან აჩიქგოზი, ფილმი “სამი დის ამბავი”, თურქეთი

საუკეთესო რეჟისორი – რეზა მირკარიმი, ფილმისთვის “ოცნებების სასახლე” (ირანი)

download.jpeg

ფესტივალის გრანპრი გადაეცა ფილმს “Let there be light”, Marko Skop (უნგრეთი).

kviff-let-there-be-light_copy.jpg

 

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

სამეცნიერო ფანტასტიკის პირველი ლედი უკვე საქართველოშია

სამეცნიერო ფანტასტიკის პირველი ლედი, გნებავთ საი-ფაის პირველი ლედი, სწორედ ასე უწოდებენ ცნობილ ამერიკელ ტელე-კინოპროდიუსერს გეილ ენ ჰერდს, რომელიც უკვე საქართველოშია და ხვალ ბათუმის კინოფესტივალზე გვესტუმრება. ტერმინატორი, უცხო, უფსკრული, არმაგედონი, ჰალკი, დანტეს მწვერვალი, ვირუსი, ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რაც ჰერდს, როგორც პროდიუსერს შეუქმნია.

პირველი ლედის კინოკარიერა 1984 წელს დაიწყო, ფილმითტერმინატორი“.  იგი იყო ფილმის როგორც პროდიუსერი, ასევე თანასცენარისტი ჯეიმს ქემერონთან ერთად. ფილმმა მოიპოვა როგორც კომერციული წარმატება, ასევე კრიტიკოსთა აღიარება, ჟურნალმა “TIME” 10 საუკეთესოს შორის დაასახელა, ხოლო სულ ახლახან, კონგრესის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ “ტერმინატორი” ფილმების ეროვნულ რეესტრში შეიტანა.

ტერმინატორის შემდეგ, ჯეიმს ქემერონმა და გეილ ენ ჰერდმა, უკვე როგორც წყვილმა, გააკეთეს ფილმი “უცხო“, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად არის მიჩნეული, გამოსვლის წელს (1986)  180 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა კინოგაქირავებიდან.

სხვა ფილმები გეილ ენ ჰერდის პროდიუსირებით 

უფსკრული (ჯეიმს ქემერონი) 

 

Raising Cain (Brian De Palma) 

 

Punisher (Jonathan Hensleigh)

 

ფოტო გეილ ენ ჰერდის ტვიტერის ოფიციალური  ანგარიშიდან ❤

https://platform.twitter.com/widgets.js