შათოქაანელი ბოცვერები


ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, შინდანელი მეგობრები შეიკრიბნენ და შათოქაანში წავიდნენ, ბოცვერების ახალი ხორცის საყიდლად. თამბირას დაბადების დღე იყო და ტყეში საპიკნიკოდ წასვლას აპირებდნენ, რა შეედრებოდა ახლად დაკლული ბოცვერის მწვადებს.

ჰე-ჰე-ჰეი! ბოცვერებო! მალე თქვენი ფუნჩულა ხორცით ჩავიტკბარუნებ პირს, რამე საწინააღმდეგო ხომ არ გაქვთ? არა ხომ?  ასეც ვიცოდი, – მტკიცედ ჩაილაპარაკა ლაილამ, როდესაც მეგობრები შათოქაანის საყასბოში შემოვიდნენ.

სასაკლაოს სიჩუმეს მხოლოდ ბოცვრების სიჩუმე და რიგში მდგომი ხალხის ჩოჩქოლი თუ არღვევდა. ბოცვერები დაკვლის დროსაც კი არ გამოსცემდნენ ხმას.

მეგობრები დიდხანს იდგნენ სასაკლაოს რიგში. სასაკლაოს შორს გაეთქვა სახელი. გარშემო ქალაქებიდან თუ ქვეყნებიდან, ყველა შათოქაანის სასაკლაოზე მოდიოდა ბოცვერის ხორცის საყიდლად.

თუკი აქამდე, ბოცვერები ჩუმად იდგნენ სასაკლაოს რიგში, ლაილას შეძახილმა თითქოს სიმხნევე გააჩინა, ჯერ აქა-იქ, შემდეგ ნელ-ნელა იმატა გამხნევებულთა რიცხვმა.

ლაილას არ ეგონა თუ მისი ხუმრობით წამოძახილი ბოცვერებსაც ესმოდათ, საერთოდ ვერ წარმოიდგენდა რომ ადამიანის ხმა და თან შინდანური ენა ესმოდათ მეზობელ შათოქაანელ ბოცვრებს.  ზოგიერთმა ბოცვერმა, რომელიც უფრო ახლოს იდგა სასაკლაოსთან და ერთმანეთზე თოკით გადაებათ, სირბილი და ღრენა დაიწყეს და რიგში მდგომი ადამიანებისკენ აგრესიულად იწევდნენ.

ლაილას, ვახლესას  და კარლინგს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ეს ნირშეცვლილი სანახაობა. ერთობოდნენ. ხუმრობდნენ. ბოცვერებს ბაძავდნენ და თან ბოცვერებისკენ იშვერდნენ ხელს, უდარდელი სიცილ-კისკისით.

იქვე, შორიახლოს, თამბირამაც შეამჩნია ეს ცვლილება და გამალებით ფოტოებს უღებდა გამოცოცხლებულ ბოცვერებს. ისიც იცინოდა.

სასაკლაოს მეორე მხარეს აშვებული ბოცვერები იყვნენ, შემოღობილ ადგილას იმდენი და ისე მჭიდროდ იდგნენ, ერთი დიდი, თეთრად გადაპენტილი მდელო გეგონებოდათ.  იქ უარესი ჩოჩქოლი შეიქნა, ხან ერთი მიახტებოდა ეკლიან მავთულხლართს, ხან მეორე.  თამბირას, რომელიც მავთულხლართნ უფრო ახლოს იდგა, უცებ საშინელი ღრიალი შემოესმა. გაიხედა.  ბოცვერებს თურმე პირის გაღება და ხმის ამოღებაც შესძლებიათ.

თვალებს არ უჯერებდა, ნუთუ ეს ის ბოცვერები არიან, რომლებიც აქამდე მშვიდად, წყნარად, ბედსშეგუებული ელოდნენ თავის რიგს, შათოქაანის განთქმული საყასბოს სასაკლაოს  ველზე… იქნებ ეს ლაილას შეძახილის ბრალია,   გამხნევდნენ და თავიანთ უმწეო და სასაცილო მდგომარეობაზე გახელდნენ, ფიქრობდა თამბირა.

კარლინგი უფრო გაუთამამდა ბოცვერებს, ღობის იქით ხან კეტით, ხან ბალახ-ბულახით ახელებდა. ბოცვერები ისე აჩოჩქოლდნენ, რომ თამბირას ხმა აღარ ესმოდა კარლინგს, რომ შეეწყვიტა ბოცვერების გამოწვევა.

უცებ ერთი მოზრდილი ბოცვერი ამოხტა და სახეში ეცა კარლინგს, ყური მოაჭამა. ეს ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ყველა ადგილზე გაქვავდა, რიგში მდგომი ადამიანებიც, მხოლოდ კარლინგის განწირული ყვირილიღა ისმოდა. გონზე მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ გაყოყოჩებული ბოცვერი უფრო აზვირთდა, მოიმატა და რაღაცნაირად გამორჩეული გახდა სხვა ბოცვერებს შორის. ნაღველი სდიოდა ეშვებიდან.

თამბირა როგორც იქნა გონს მოეგო და მეგობრებისკენ გამოიქცა თავქუდმოგლეჯილი. ვერ  მიუსწრო. კარლინგს ოთხი ბოცვერი დაეტაკა და ღობის იქით გადაათრიეს საჯიჯგნად.

გამოფხიზლებული და გაღიზიანებული ბოცვერების პირველი მსხვერპლი, ყველაზე თამამი და ენამოსხლეტილი კარლინგი გახდა.

ღმერთმა აცხონოს, მას ძალიან უყვარდა ბოცვერის მწვადები.

რაც შემდეგ მოხდა, არ გაგაოცებთ. ლოგიკური დასასრული იყო დაგროვილი ვნებების, ბრაზის, სტრესის, დეპრესიის, სიჩუმე გაიბერა და დაინგრა, საიდანაც გაცხოველებული ბოცვერები გამოცვივდნენ, მზად იყვნენ ყველა და ყველაფერი შუაზე გაეგლიჯათ. ამოენთხიათ ყველაფერი, რასაც ამ წლების განმავლობაში ითმენდნენ ადამიანებისგან. სასტიკი ადამიანებისგან, რომლებიც მათზე ათასგვარ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. კლავდნენ, კუწავდნენ, ტყნავდნენ, ანაწევრებდნენ, სელფებს იღებდნენ მოტყნულ ნაკუწებთან. ისინი ვერ შეაკავა ფარატინა მავთულხლართმა. ვერც კონცერტებმა და ვერც სხვა სანახაობამ.

ბოცვერებმა ყველა შეჭამეს ვინც იქ იყო, მათ შორის თამბირაც, ლაილაც და კარლინგიც. ვინც ვერ შეჭამეს მავთულხლართის მიღმა მოაქციეს.

რაც შემდეგ მოხდა, არც ის გაგაოცებთ. ლოგიკური გაგრძელება იყო დაგროვილი ვნებების, ბრაზის, სტრესის, დეპრესიის…

ახლა ბოცვერები კლავდნენ, კუწავდნენ, ტყნავდნენ, ანაწევრებდნენ და სელფებს იღებდნენ მოტყნულ ნაკუწებთან. არც კონცერტები და არც სანახაობა.

ისევ იგივე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s