Posted in აქეთური იქეთური, საზოგადოება

როგორ ვიყიდოთ დიპლომი?


შიმშილია, სამოქალაქო ომია, დარია, თუ ავდარია, ქვეყანაში დიპლომების მარათონი არასოდეს ცხრება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ იცვლება პროფესიების ბუმი, მაგრამ არასოდეს ვარდება მოთხოვნა დიპლომებზე.

90-იანებში ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მედიცინის მიმართულება, შესაბამისად, სამედიცინო უნივერსიტეტიც ერთ-ერთი ძვირადღირებული იყო ჯერ მოწყობის ღირებულების და შემდეგ სტუდენტის ჩათვლების/გამოცდების ღირებულების თვალსაზრისით.

  • სამედიცინოზე ჩააბარა?
  • ჰო, აბა რა, ოჯახს იმდენი ფული აქვს, აბა, გაუჭირდებოდათ, თუ?

ცოტა ხანში, პოპულარობით დაეწია და გაუტოლდა სამართალმცოდნეობის და ეკონომიკის ფაკულტეტები. სამართალი იმდენად პოპულარული გახდა, რომ პრაქტიკულად ყველა არსებულ და “ჩაწოლილ” ფაკულტეტს სამართალი ჩაუმატეს თავსა თუ ბოლოში, ასე მაგალითად, სამართალი და წყალქვეშა მეღვინეობა, სამართალი და კაი პურის ჭამა, სამართალი და ჭოკზე ხტომა და ა.შ.

რასაკვირველია, ასეთ ბუმს ერთი და ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი ვერ გაუძლებდა და სოკოებივით გაჩნდა ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, კოლეჯები, მითჰუნ ჩაკრაბორტის სახელობის ინდურ-ქართული ინდუსტრიული ინსტიტუტი, სულო და გულო, რა აღარ იყო. ყველა კუთხე-კუნჭულში, სკოლის, ბაღის თუ მიტოვებულ მუნიციპალურ შენობებში სასწავლო დაწესებულებები იყო გამართული.

ქართული განათლების სისტემაში რენესანსის ხანა იდგა.

ერთი სიტყვით, ყველას ვისაც სწავლა ეზარებოდა, არ უნდოდა სიარული, გაზულუქებული მშობლების გატუტუცებული შვილი ან/და ყრუ ლოსი იყო, შანსი ჰქონდა ნანატრი დიპლომი აეღო.

ასე და ამგვარად, მივიღეთ არაკომპეტენტური დიპლომიანების მთელი თაობა.  რასაკვირველია და აუცილებლად აღსანიშნავია, რომ იყვნენ გამონაკლისები, მაგალითად, 200 კაციან კურსზე, 5 გამონაკლისი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა, ეს საერთო სურათს ვერ და არ ცვლის.

ასევე იყვნენ ისეთებიც, ვისაც მისაღები/დამამთავრებელი გამოცდების ალიაქოთიც ეზარებოდა, ასევე ეზარებოდა ეს “მიდი, დედი, ორჯერ-სამჯერ მაინც დაენახე უნივერსიტეტში”. ასეთი ტიპაჟებისთვის, პირდაპირ გამზადებული დიპლომის ყიდვის ვარიანტი არსებობდა. ასეთი კი ბევრი იყო მაშინ, გამზადებული, დაბეჭდილი ბლანკების აღრიცხვიანობა სრულიად უკონტროლო იყო, არ არსებობდა ელექტრონული ბაზა, სადაც შეამოწმებდი. ამიტომ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შეგეძლო დიპლომის ყიდვა.

ორიათასიანების დასაწყისში აქტუალური იყო საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა, აქაც წამოიჭრა დიპლომების/პროფესიების საკითხი. აი, ასე ლამაზად, შავი ტურისტული სააგენტოს უსტაბაში გამოაღებდა სეიფს, გამოალაგებდა ცარიელ ბლანკებს (რაც 90-იანებში იავარქმნილი უნივერსიტეტის შენობების ნადავლი იყო ან თავადაც ნაყიდი ჰქონდა) და სასურველ პროფესიაზე შეუვსებდა, საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს.

ასეთ შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლებოდა შემვსებს ტექნიკური ხასიათის შეცდომები დაეშვა.

ერთია როდესაც უნივერსიტეტის, კოლეჯის თანამშრომელი აყალბებს და ზუსტად იცის რა უნდა ჩაწეროს, როდის და ა.შ. და მეორეა, როდესაც ისეთი პირი აყალბებს, რომელსაც შეხება აღარ აქვს ამ უნივერსიტეტთან და შესაბამისად, არც დეტალური ინფორმაცია გააჩნია.

ფიქრობთ, რომ ამ პერიოდში დამთავრდა ყალბი დიპლომების ეპოქა? და განათლების რეფორმამ შეცვალა ან მოთხოვნის ან მიწოდების დონე? გარკვეულწილად შეცვალა, თუმცა მთლიანად არ აღმოუფხვრია, უფრო ვიტყოდი, რომ გაუმჯობესდა, დაიხვეწა ტექნოლოგიები და ამასთან, აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტების, კოლეჯების დიპლომების თუ სერთიფიკატების გაცემის შემოწმება რიგითი ადამიანებითვის შეუძლებელია.

2014 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შეძენის და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მერაბ ი. და დავით ჩ. სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს 4 000 ლარის სანაცვლოდ, ძველი თარიღით ამზადებდნენ. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მე-2 კურსზე ჩარიცხვის სანაცვლოდ მოქალაქეებს 5 000 აშშ დოლარს ართმევდნენ.

წყარო 

2017 წელს, დაკავებულმა პირმა დაამზადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი, რომელიც შემდგომში  ერთ-ერთ მოქალაქეზე 2 600 აშშ დოლარად გაასაღა.

წყარო

2018 წელს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ერთერთი კომერციული დაწესებულების სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი 3 300 ლარად გაასაღა. იმერეთის რეგიონში არსებული დაწესებულების ხელმძღვანელმა დაამზადა და 1 800 ლარად გაასაღა ოფისმენეჯერის სპეციალობის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

წყარო 

დავუბრუნდეთ ისევ შემოწმების საკითხს, თუ უნივერსიტეტის/კოლეჯის დიპლომს ტექნიკური ან ფიზიკური ხარვეზი/წუნი არ აღენიშნება, არავის გაუჩნდება დიპლომის/სერთიფიკატის შემოწმების სურვილი თუ მიზეზი. თუ გაუჩნდა შემოწმების სურვილი, პირადად, ნებისმიერი ინდივიდი ვერ შეამოწმებს.  ამის გათვალისწინებით, ბუნებაში და საქართველოში ბევრი ისეთი დიპლომი და სერთიფიკატია, რაც სასწრაფო შემოწმებას და საჯარო ელექტრონული ბაზის შექმნას მოითხოვს.

მაგრამ მერე ფული ვინ აკეთოს ლეგალურად თუ არალეგალურად?

 

რაც შეეხება ნამდვილობის შემოწმების არსებულ პროცედურას, ასეთი კომპეტენცია აქვს  სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, რომელიც ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან.

წყარო    1

წყარო 2 

უცხოური სასწავლო დაწესებულებები ხშირად ითხოვენ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმებას, რასაც ასევე ახორციელებს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სადაც უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
 1.  განცხადება (განცხადება ივსება ელექტრონულად, ცენტრში ან შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ფოსტის მეშვეობით);
2. საგანმანათლებლო დოკუმენტის დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი  (უცხოური დოკუმენტის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
4.  შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
არსებობს ასევე ვებ-გვერდები, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა დიპლომი და გაამხიარულოთ ან თქვენი მეგობრები, ან დამსაქმებლები ან მთელი საზოგადოება.

ავტორი:

Blogger, Photographer, Filmmaker

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s