Posted in აქეთური იქეთური, საზოგადოება

როგორ ვიყიდოთ დიპლომი?

შიმშილია, სამოქალაქო ომია, დარია, თუ ავდარია, ქვეყანაში დიპლომების მარათონი არასოდეს ცხრება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ იცვლება პროფესიების ბუმი, მაგრამ არასოდეს ვარდება მოთხოვნა დიპლომებზე.

90-იანებში ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მედიცინის მიმართულება, შესაბამისად, სამედიცინო უნივერსიტეტიც ერთ-ერთი ძვირადღირებული იყო ჯერ მოწყობის ღირებულების და შემდეგ სტუდენტის ჩათვლების/გამოცდების ღირებულების თვალსაზრისით.

  • სამედიცინოზე ჩააბარა?
  • ჰო, აბა რა, ოჯახს იმდენი ფული აქვს, აბა, გაუჭირდებოდათ, თუ?

ცოტა ხანში, პოპულარობით დაეწია და გაუტოლდა სამართალმცოდნეობის და ეკონომიკის ფაკულტეტები. სამართალი იმდენად პოპულარული გახდა, რომ პრაქტიკულად ყველა არსებულ და “ჩაწოლილ” ფაკულტეტს სამართალი ჩაუმატეს თავსა თუ ბოლოში, ასე მაგალითად, სამართალი და წყალქვეშა მეღვინეობა, სამართალი და კაი პურის ჭამა, სამართალი და ჭოკზე ხტომა და ა.შ.

რასაკვირველია, ასეთ ბუმს ერთი და ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი ვერ გაუძლებდა და სოკოებივით გაჩნდა ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, კოლეჯები, მითჰუნ ჩაკრაბორტის სახელობის ინდურ-ქართული ინდუსტრიული ინსტიტუტი, სულო და გულო, რა აღარ იყო. ყველა კუთხე-კუნჭულში, სკოლის, ბაღის თუ მიტოვებულ მუნიციპალურ შენობებში სასწავლო დაწესებულებები იყო გამართული.

ქართული განათლების სისტემაში რენესანსის ხანა იდგა.

ერთი სიტყვით, ყველას ვისაც სწავლა ეზარებოდა, არ უნდოდა სიარული, გაზულუქებული მშობლების გატუტუცებული შვილი ან/და ყრუ ლოსი იყო, შანსი ჰქონდა ნანატრი დიპლომი აეღო.

ასე და ამგვარად, მივიღეთ არაკომპეტენტური დიპლომიანების მთელი თაობა.  რასაკვირველია და აუცილებლად აღსანიშნავია, რომ იყვნენ გამონაკლისები, მაგალითად, 200 კაციან კურსზე, 5 გამონაკლისი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა, ეს საერთო სურათს ვერ და არ ცვლის.

ასევე იყვნენ ისეთებიც, ვისაც მისაღები/დამამთავრებელი გამოცდების ალიაქოთიც ეზარებოდა, ასევე ეზარებოდა ეს “მიდი, დედი, ორჯერ-სამჯერ მაინც დაენახე უნივერსიტეტში”. ასეთი ტიპაჟებისთვის, პირდაპირ გამზადებული დიპლომის ყიდვის ვარიანტი არსებობდა. ასეთი კი ბევრი იყო მაშინ, გამზადებული, დაბეჭდილი ბლანკების აღრიცხვიანობა სრულიად უკონტროლო იყო, არ არსებობდა ელექტრონული ბაზა, სადაც შეამოწმებდი. ამიტომ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შეგეძლო დიპლომის ყიდვა.

ორიათასიანების დასაწყისში აქტუალური იყო საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა, აქაც წამოიჭრა დიპლომების/პროფესიების საკითხი. აი, ასე ლამაზად, შავი ტურისტული სააგენტოს უსტაბაში გამოაღებდა სეიფს, გამოალაგებდა ცარიელ ბლანკებს (რაც 90-იანებში იავარქმნილი უნივერსიტეტის შენობების ნადავლი იყო ან თავადაც ნაყიდი ჰქონდა) და სასურველ პროფესიაზე შეუვსებდა, საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს.

ასეთ შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლებოდა შემვსებს ტექნიკური ხასიათის შეცდომები დაეშვა.

ერთია როდესაც უნივერსიტეტის, კოლეჯის თანამშრომელი აყალბებს და ზუსტად იცის რა უნდა ჩაწეროს, როდის და ა.შ. და მეორეა, როდესაც ისეთი პირი აყალბებს, რომელსაც შეხება აღარ აქვს ამ უნივერსიტეტთან და შესაბამისად, არც დეტალური ინფორმაცია გააჩნია.

ფიქრობთ, რომ ამ პერიოდში დამთავრდა ყალბი დიპლომების ეპოქა? და განათლების რეფორმამ შეცვალა ან მოთხოვნის ან მიწოდების დონე? გარკვეულწილად შეცვალა, თუმცა მთლიანად არ აღმოუფხვრია, უფრო ვიტყოდი, რომ გაუმჯობესდა, დაიხვეწა ტექნოლოგიები და ამასთან, აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტების, კოლეჯების დიპლომების თუ სერთიფიკატების გაცემის შემოწმება რიგითი ადამიანებითვის შეუძლებელია.

2014 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შეძენის და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მერაბ ი. და დავით ჩ. სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს 4 000 ლარის სანაცვლოდ, ძველი თარიღით ამზადებდნენ. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მე-2 კურსზე ჩარიცხვის სანაცვლოდ მოქალაქეებს 5 000 აშშ დოლარს ართმევდნენ.

წყარო 

2017 წელს, დაკავებულმა პირმა დაამზადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი, რომელიც შემდგომში  ერთ-ერთ მოქალაქეზე 2 600 აშშ დოლარად გაასაღა.

წყარო

2018 წელს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ერთერთი კომერციული დაწესებულების სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი 3 300 ლარად გაასაღა. იმერეთის რეგიონში არსებული დაწესებულების ხელმძღვანელმა დაამზადა და 1 800 ლარად გაასაღა ოფისმენეჯერის სპეციალობის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

წყარო 

დავუბრუნდეთ ისევ შემოწმების საკითხს, თუ უნივერსიტეტის/კოლეჯის დიპლომს ტექნიკური ან ფიზიკური ხარვეზი/წუნი არ აღენიშნება, არავის გაუჩნდება დიპლომის/სერთიფიკატის შემოწმების სურვილი თუ მიზეზი. თუ გაუჩნდა შემოწმების სურვილი, პირადად, ნებისმიერი ინდივიდი ვერ შეამოწმებს.  ამის გათვალისწინებით, ბუნებაში და საქართველოში ბევრი ისეთი დიპლომი და სერთიფიკატია, რაც სასწრაფო შემოწმებას და საჯარო ელექტრონული ბაზის შექმნას მოითხოვს.

მაგრამ მერე ფული ვინ აკეთოს ლეგალურად თუ არალეგალურად?

 

რაც შეეხება ნამდვილობის შემოწმების არსებულ პროცედურას, ასეთი კომპეტენცია აქვს  სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, რომელიც ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან.

წყარო    1

წყარო 2 

უცხოური სასწავლო დაწესებულებები ხშირად ითხოვენ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმებას, რასაც ასევე ახორციელებს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სადაც უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
 1.  განცხადება (განცხადება ივსება ელექტრონულად, ცენტრში ან შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ფოსტის მეშვეობით);
2. საგანმანათლებლო დოკუმენტის დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი  (უცხოური დოკუმენტის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
4.  შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
არსებობს ასევე ვებ-გვერდები, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა დიპლომი და გაამხიარულოთ ან თქვენი მეგობრები, ან დამსაქმებლები ან მთელი საზოგადოება.
Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ბებერი ჰამბურგელი ბოზების სისხლი და ცრემლები

სწორედ იმის დადასტურება იქნება ამ პოსტის სათაური, რასაც რეჟისორი აღნიშნავს ინტერვიუში თავისი ახალი ფილმის “ოქროს ხელთათმანის” შესახებ. 

სისხლის, ცრემლების, ტყვნისა და შიმშილის გარეშე ფილმი არ იყიდება. ეს არის ის, რითაც დღეს კინოინდუსტრია და ზოგადად მედია პურს ჭამს. აირჩიე ან ეს, ან პირველი ოცეულის ყველა ვარსკვლავი შენს ფილმში ან უკვე კარგად ნაცნობი ფილმების სიქველები თუ პრიქველები. თან ფილოსოფიური სიღრმეც და თან კომერცია იშვიათად გამოდის, როგორც მედიაში, ასევე კინოში. 

ფატიჰ აკინის ფილმი ძალიან სასტიკია, ფილმის სიუჟეტი 70-იანი წლების ჰამბურგში ვითარდება და ცნობილი სერიული მკვლელის ფრიც ჰონკას შესახებ გვიყვება. ფილმის გამოსვლის შემდეგ რეჟისორი მიზოგინიაში და მკვლელის ჰეროიზაციაში დაადანაშაულეს. ბერლინის კინოფესტივალის საზოგადოება შოკში იყო. 

ეკრანიდან სისხლის, ძღნერის და გერმანული სარდელების ერთმანეთში არეული სუნი გიგრძვნიათ? სწორედ ეგ იყო. 

სტრანკის ბესტსელერის წაკითხვის შემდეგ, აკინმა წიგნზე უფლებები მოიპოვა. “დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ფილმს გადავიღებდი, თუმცა არ მინდოდა ჩემთვის ვინმეს დაესწრო. ყოველთვის მინდოდა საშინელებათა ფილმი გადამეღო და როდესაც დღეს, ნეტფლიქსის და ამაზონის ეპოქაში კინოსამყაროს ვაკვირდები, საშინელებათა ჟანრი ერთადერთია, რაც კინოეთეატრებში მუშაობს, რადგან ეს ჟანრი, სხვა ჟანრებთან შედარებით გამორჩეულია კოლექტიური განცდებით”. 

აღნიშნავს რეჟისორი ქოლაიდერთან ინტერვიუში. 

ფილმიც და წიგნიც მთლიანად დგას სიმახინჯეზე და სექსუალურ იმედგაცრუებაზე. ის იმდენად მახინჯი იყო, რომ თავის ტოლ ქალებთან ურთიერთობას ვერ ამყარებდა. მისი ერთადერთი ნავსაყუდელი ალკოჰოლიკი, ყოფილი ბებერი ბოზები იყვნენ, რომლებიც ახლა ალკოჰოლიკებად ქცეულიყვნენ და დღენიადაგ ბარში ისხდნენ. 

“საკმაოდ მახინჯი სამყაროა და ეს ჩემთვის გამოწვევა იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვცხოვრობთ ახლა, სპა და გამაჯანსაღებელი სალონების, ფიტნეს კლუბების ეპოქაში”. 

 

აღსანიშნავია, რომ ფილმის გარემო თითქმის იდეალურად არის აღდგენილი ფოტოდოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით. საავტორო კინოს კვალობაზე, ფილმი შემოსავლიანიც აღმოჩნდა. გაქირავების პირველ კვირაში ნახევარი მილიონი დოლარი მოაგროვა და ჩაეშვა გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, იტალიის, თურქეთის და სხვა ქვეყნების კინოგაქირავებაში.

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ქართული ფილმების მოკლე მიმოხილვა

წელს BIAFF-ზე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი უჩვენეს. ფესტივალზე ნაჩვენები ფილმებიდან ერთი-ორი ფილმის გარდა ვერცერთი დაიკვეხნის, რომ არსებულ რეალობას გამოეხმაურა, რამე ისეთი პრობლემა ასახა, რამაც წინა წელს ან იმის წინა წელს აგვაღელვა, გაგვაერთიანა ან პირიქით, დაგვშალა და გაგვფანტა. როგორც წესი, ასეთი ფილმების დიდი ნაწილი ან სადიპლომო ნამუშევარია ან სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის საჭირო პორტფოლიოს შესავსები ნაწილია.

 

სრულმეტრაჟიანი ფილმი 

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “მოსავალი”, ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა, რომლის რეჟისორია მიშო ანთაძე.  ფილმის სიუჟეტი კახეთში ვითარდება. ამ დოკუმენტურ ფილმს სადამკვირვებლო/ობსერვაციული ნიშა უჭირავს და როგორც ფილმის შესავალი გვაუწყებს ოცი წლის წინ უკუნ სიბნელეში ვიყავით, ხოლო ახლა საქართველო ბიტკოინების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. კახეთი კი, ცნობილია ღვინის, ხილის ხორცის და ახლა უკვე კრიპტოვალუტის წარმოებით. კადრი კადრს ცვლის და ვხედავთ, როგორ მონაწილეობს ტექნოლოგია ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ წველიან რძეს, უვლიან ფუტკარს, ასხამენ ქარხნულ ღვინოს და როგორ ქმნიან კომპიუტერები ვირტუალურ ვალუტას. ძალიან ვიწრო ზღვარია და ძალიან უნდა ეცადო, რომ ასეთი ფილმისგან პროპაგანდისტული ნაგავი არ შეგრჩეს ხელში, რომელიც რეალურ პრობლემას კი არ ასახავს რეგიონში და მთლიანად ქვეყანაში (ელექტროენერგიის გაძვირებას პირდაპირ უკავშირებენ კრიპტოვალუტის წარმოებას), არამედ გვაჩვენებს იმას, თუ როგორი აყვავებულია ეს მხარე, ყველა დასაქმებულია, უხვი მოსავალია, რძე მიაქვთ გასაყიდად, წყალი მოჩუხჩუხებს, ერთი სიტყვით, კარგად რომ არ ვიცნობდე კახეთს და ხშირად რომ არ ჩავდიოდე ჩემს სოფლებში, ძალიან მომინდებოდა კახეთში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადასვლა, სადაც არანაირი შემაფერხებელი გარემოება არ არის, რომ ადამიანმა ნორმალურად იცხოვროს, იმუშაოს და შექმნას მოსავალი.

სამწუხაროდ, ჩემთვის ეს ფილმი პროპაგანდისტულია და არ ასახავს რეალობას, პრობლემას.

mosavali_misho_antadze

 

 

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები (საკონკურსო)

“ცუდი ხალხი”, გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმია, 20 წუთიანი ქრონომეტრაჟით. ფილმის მოქმედება 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება.  ნაჩქარევად, გადარბენით ვხედავთ ყველაფერს, რომ სასწრაფოდ და გადაუდებლად შეგვიქმნას 90-იანების ეპოქაში ყოფნის შეგრძნება. ისე როგორც ტრეილერში, პურის რიგები, სასწრაფოს მანქანა, სროლა, კაცის კვლა და ა.შ. გააზრებასაც ვერ ასწრებ, ისე სწრაფად ეტენება ყველაფერი კადრში. ფილმში განსაკუთრებით სუსტია დიალოგები, გიტოვებს სიცარიელის შეგრძნებას, ზოგჯერ უადგილოა, შეუსაბამო, მსახიობების შესრულება კი, ზედაპირული და ხელოვნური.

 


“კარს მიღმა” – ნიკა ქურდაძის 31 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ინგლისურ ენაზეა, ალბათ პროდიუსერების და რეჟისორის მიზანი იყო საერთაშორისო ბაზრის დაპყრობა, ან შეიძლება რეჟისორი საზღვარგარეთ სწავლობს, არ ვიცი. თუმცა, მხატვრულად, ოპერატორული ნამუშევრის თვალსაზრისით ფილმი ტექნიკურად გამართულია. მსახიობებს, რაც შეეხება ზოგი ქართველია, ზოგი ენის მატარებელი. თუმცა ეს ნამდვილად არ იყო უპირატესობა, ამ ფილმში ქართველი მსახიობები უკეთესად წარმოაჩენენ თავს და ნაკლებად ხელოვნურები არიან.

 

სოსო ბლიაძის ფილმი “ტრადიცია” – როგორც ჩანს რეჟისორმა ეს ფილმი გადაიღო ფილმად, და არა მორიგ სადიპლომოდ, სრულმეტრაჟიანი ფილმის პრელუდიად ან საფესტივალოდ, ყოველშემთხვევაში, როგორც მაყურებელს, ასეთი რამ არ მიგვრძნია. მოკლე დროში, სულ რაღაც 20 წუთში, ფილმი მოგვითხრობს საქართველოს ტრადიციებში გერმანელი გეი წყვილის ხალისიანი მოგზაურობის ამბავს, რამაც შეიძლება ბევრი გააღიზიანოს.  :)) გირჩევთ ნახოთ თბილისის კინოფესტივალზე დეკემბერში.

 

და ბოლოს, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი რეჟისორების და ფილმების დიდი ნაწილი საკმაოდ სუსტად არის წარმოდგენილი ტრადიციულ თუ ახალ მედიაში (ნიუსები, რევიუები, იუთუბზე პორტფოლიო, პირადი გვერდები ან ვებგვერდები და ა.შ).

 

 

 

 

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ტაქსის მძღოლი – ადამიანი რკინის კუბოში 

“კოლეჯში სწავლამდე კინოსთან შეხება არ მქონია. სეკულარულსა და რელიგიურ ცხოვრებას შორის ნაკლებად იყო კავშირი, კინოში არ დავდიოდი, სიტუაციიდან გამომდინარე; უაღრესად რელიგიურ საზოგადოებაში ვიზრდებოდი.    

ჩვენს უბანში ახლოს ძველი კინოთეატრი იყო, სადაც ბერგმანის ფილმებს აჩვენებდნენ, იქ ვნახე პირველად “მარწყვის მდელო”. ჩემთვის ახლობელი იყო, სემინარიის თემებთან მსგავსებას ვხედავდი. ასევე აჩვენებდნენ 60-იანი წლების ევროპულ ფილმებს, ტრიუფოს, ბრესონის, ანტონიონის და სხვათა ფილმებს. კინოს ისტორიაში ყველაზე ინტელექტუალური და ამაღელევებელი პერიოდი იდგა.    

აქ ნელ-ნელა ვიწყებ ფიქრს იმაზე, რომ მსურს ვწერო კინოს შესახებ. ფილმის შექმნა საჩემო საქმე არ იყო. ბევრი ფილმი არ მქონდა ნანახი და გადავწყვიტე მენახა. წავედი ნიუ იორკში. იქ შევხვდი ჩემს მენტორს პოლინ კაელს, რომელმაც გამიწია რეკომენდაცია და ერთ-ერთი გაზეთისთვის კინოზე წერა დავიწყე.   

“ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება” – მარტინ სკორსეზე, პოლ შრეიდერი (1988)

 

1969 წლის მარტი გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ვნახე რობერტ ბრესონის “ჯიბის ქურდი”, სადაც ორი ისეთი სცენა იყო, რამაც ჩემი ცხოვრება განსაზღვრა. პირველმა სცენამ ჰარმონიაში მოაქცია ჩემი სულიერი სამყარო და კინო სამყარო, ჩემი რელიგიური წარსული და მომავალი, ხოლო მეორე სცენა დამეხმარა იმის გათვითცნობიერებაში, რომ ფილმის შექმნა შემეძლო.  

ამ შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ დაიწერა “ტაქსის მძღოლი”.   

ნიუ იორკში ჩასვლის შემდეგ საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე, არ მქონდა შემოსავალი, დავდიოდი ბარებში, მეძინა პორნო კინოთეატრებში, განმივითარდა კუჭის წყლული, რის გამოც დიდხანს ვიწექი საავადმყოფოში; 

“სწორედ მკურნალობის პერიოდში დაფიქრდა ტაქსის მეტაფორაზე: “აი, სწორედ ეს ვიყავი: ადამიანი რკინის ყუთში, კუბოში, რომელიც დაბორიალობს ქალაქში, სრულიად მარტო”.”

 დიახ, ეს ტიპი მე ვარ, ყვითელ ყუთში დამწყვდეული, სრულიად მარტო, რომელიც რაც დრო გადის, უფრო და უფრო ბრაზდება. 

მე ვიგრძენი, რომ თუ ამ ბიჭის შესახებ არ დავწერდი, მაშინ თავად გადავიქცეოდი ამ ბიჭად.  

სცენარს ვუყურებდი, როგორც თვითერაპიას და არა როგორც წარმატებას.  

დავიწყე წერა, რასაკვირველია უცებ არ გამოვიდა, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა. გაყიდვას არ ვაპირებდი, აგენტს დავუტოვე და  დავბრუნდი ლოს ანჟელესში, სადაც დავწერე სცენარი იაპონელ განგსტერებზე, რომელიც გაიყიდა (The Yakuza – 1974). 

სწორედ, ამ პერიოდში ინტერვიუ ჩავწერე ბრაიან დე პალმასთან, რომლის შესახებ სტატიას ვწერდი და ვუთხარი, სცენარი დავწერე მეთქი. გაეცინა, თუმცა დამთანხმდა რომ წაიკითხავდა. წაიკითხა კიდეც და მითხრა, ეს საჩემო სცენარი არ არისო და გადასცა სკორსეზეს. ასე გადაწყდა ტაქსის მძღოლის ბედი.   

ფილმში ძალიან ბევრი საუბრები იყო მარტოობის შესახებ, მარტინს ვუთხარი რომ ამოგვეღო, რადგან ტაქსის დიდი სალონი, სადაც ეს ტიპია გაჭედილი, ისედაც მეტყველებს მარტოობაზე.  

პოლ შრეიდერი, მარტინ სკორსეზე და რობერტ დე ნირო

რაც შეეხება ზოგადად სცენარის წერას, წერა და რეჟისურა განსხვავდება ერთმანეთისგან, პერსონაჟები, დიალოგები, ამბის თხრობა, ვიზუალური ენა – ბევრი ნიუანსია. 

სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები, არ მინდა 10 კარგი მწერალი, მე მინდა 10 კარგი პრობლემა. თუ ამბავი ვითარდება და ამის მოყოლა შეგიძლია 45 წუთის განმავლობაში, ისე რომ არავინ მოიწყინოს, შენ უკვე გაქვს ფილმი. როდესაც ყვებით, თვალით კონტაქტი მნიშვნელოვანია, რადგან ადვილად მივხვდები, როდის გკარგავ და შევეცდები შენს დაბრუნებას. 

საჭირო დროს უკვე მთლიანი ამბავი მაქვს თავში და ზუსტად ვიცი, რა მექნება სცენარის მე-17 გვერდზე. მოყოლისას ასევე ხვდები, რომ თხრობა აღარ არის საჭირო და სცენარი თავად გეუბნება, დამწერეო. 

ამერიკელი ჟიგოლოს გადასაღებ მოედანზე – პოლ შრეიდერი და რიჩარდ გირი.

ლიტერატორის შეკითხვა: რას გვეტყვით თქვენი ბოლო ფილმის “First Reformed”-ის  შესახებ? 

დაახლოებით 3-4 წლის წინ ვნახე პაველ პავლიკოვსკის “იდა”. როდესაც ფილმის შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი, გზაში ვფიქრობდი, მალე 70 წლის ვხდები და უკვე დროა ეს ფილმი გადავიღო, მერე რა რომ აქამდე არ მინდოდა ამის გადაღება. 

ფილმი წიგნს არ შეადაროთ. 

ყველა დროის ჩემთვის საინტერესო ფილმიდან ავიღე მცირე ნაწილები. 

მთავარი გმირი ჯორჯ ბერნანოსის ნაწარმოებიდან “მღვდლის დღიური”. 

ასევე ბერგმანის ფილმიდან. 

ბოლო სცენა კარლ დრეიერის ფილმიდან. 

ტარკოვსკის მსხვერპლშეწირვიდან…

და შემდეგ ეს ყველაფერი ავურ-დავურიე ტაქსის მძღოლის სტილში.” 

 

 

——–
აღსანიშნავია, რომ ფილმისთვის “პირველი რეფორმირებული ეკლესია” პოლ შრეიდერმა მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო სცენარისთვის და ამერიკის კინო ინსტიტუტმა 2018 წლის 10 საუკეთესო ფილმის სიაში შეიტანა.  

ინტერვიუ/მასტერკლასი ჩავწერე პოლ შრეიდერთან შეხვედრაზე, BIAFF-ის ფარგლებში. 

ქშიშტოფ ზანუსთან და პოლ შრეიდერთან ერთად / ბათუმი / 2019
Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

BIAFF 2019 – გამარჯვებულები

2019 წლის ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები:

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი 

გამარჯვებული – “ცხოველი”, ამირან დოლიძე

სპეციალური პრიზი – “იმედი”, ალექსანდრა მარკოვა

DSC_5633.JPG

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – “მაფიის გადაღება” (იტალია)

სპეციალური პრიზი – “ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ”

სპეციალური პრიზი – Lovemobil (გერმანია)

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური 

ოცნებების სასახლე, რეზა მირკარიმი (ირანი)

მხატვრული ფილმების საერთაშორისო  კონკურსი

ჟიურის სპეციალური პრიზი – “End of the Season” – გერმანია, აზერბაიჯანი, საქართველო

საუკეთესო მსახიობი ქალი – ჩემრე ებბუზია, ფილმი “სამი დის ამბავი”, თურქეთი

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ქაიან აჩიქგოზი, ფილმი “სამი დის ამბავი”, თურქეთი

საუკეთესო რეჟისორი – რეზა მირკარიმი, ფილმისთვის “ოცნებების სასახლე” (ირანი)

download.jpeg

ფესტივალის გრანპრი გადაეცა ფილმს “Let there be light”, Marko Skop (უნგრეთი).

kviff-let-there-be-light_copy.jpg

 

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

სამეცნიერო ფანტასტიკის პირველი ლედი უკვე საქართველოშია

სამეცნიერო ფანტასტიკის პირველი ლედი, გნებავთ საი-ფაის პირველი ლედი, სწორედ ასე უწოდებენ ცნობილ ამერიკელ ტელე-კინოპროდიუსერს გეილ ენ ჰერდს, რომელიც უკვე საქართველოშია და ხვალ ბათუმის კინოფესტივალზე გვესტუმრება. ტერმინატორი, უცხო, უფსკრული, არმაგედონი, ჰალკი, დანტეს მწვერვალი, ვირუსი, ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რაც ჰერდს, როგორც პროდიუსერს შეუქმნია.

პირველი ლედის კინოკარიერა 1984 წელს დაიწყო, ფილმითტერმინატორი“.  იგი იყო ფილმის როგორც პროდიუსერი, ასევე თანასცენარისტი ჯეიმს ქემერონთან ერთად. ფილმმა მოიპოვა როგორც კომერციული წარმატება, ასევე კრიტიკოსთა აღიარება, ჟურნალმა “TIME” 10 საუკეთესოს შორის დაასახელა, ხოლო სულ ახლახან, კონგრესის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ “ტერმინატორი” ფილმების ეროვნულ რეესტრში შეიტანა.

ტერმინატორის შემდეგ, ჯეიმს ქემერონმა და გეილ ენ ჰერდმა, უკვე როგორც წყვილმა, გააკეთეს ფილმი “უცხო“, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად არის მიჩნეული, გამოსვლის წელს (1986)  180 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა კინოგაქირავებიდან.

სხვა ფილმები გეილ ენ ჰერდის პროდიუსირებით 

უფსკრული (ჯეიმს ქემერონი) 

 

Raising Cain (Brian De Palma) 

 

Punisher (Jonathan Hensleigh)

 

ფოტო გეილ ენ ჰერდის ტვიტერის ოფიციალური  ანგარიშიდან ❤

https://platform.twitter.com/widgets.js

 

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ახალი ქართული ფილმები ბიაფზე

რაღაც ახალი ყოველწლიურად არის ქართულ კინოში, ზოგჯერ შეგვიძლია ფორმაზე და შინაარსზე ვიკამათოთ, ხოლო ზოგჯერ უბრალოდ საკამათო არაფერია.  გამოვალთ დარბაზიდან და ყველა, თავის ქნევით და ნწ, ნწ, ნწ ამოძახილით შევაფასებთ ფილმს. ჰა და ჰა, რომელიმემ ამოიკნავლოს:

“არადა, კარგი კადრები იყო,

არადა კარგი კადრები იყო.”

“თემასაც არა უშავდა,

თემასაც არა უშავდა”

წელს რამდენიმე ახალ ფილმს ვნახავთ, მივყვეთ თარიღებს:

 

19 სექტემბერი  

გერმანიის, აზერბაიჯანის და საქართველოს კოპროდუქცია

სეზონის დასასრული”, ელმარ იმანოვი, 2019; 92 წთ.

20 სექტემბერი 

მოკლემეტრაჟიანი ფილმები 

“გამოფენა კოსმოსში” – ROMANOZ, To Ko, 2019წ. 30 წთ.

21 სექტემბერი
სრულმეტრაჟიანი ფილმი 

“მოსავალი” – მიშო ანთაძე, 2019, 70წთ.   (საკონკურსო ფილმი)

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები (საკონკურსო)

“ცხოველი”, ამირან დოლიძე, საქართველო, 2019; 30 წთ.


“ცუდი ხალხი”, გიორგი თავართქილაძე, საქართველო, 2019; 20 წთ.


კარს მიღმა, ნიკა ქურდაძე, საფრანგეთი / საქართველო, 2019; 31 წთ.


“გაბანა”, გიგა ბაინდურაშვილი, საქართველო, 2019; 30 წთ.

“ტრადიცია”, სოსო ბლიაძე, საქართველო, 2019; 22 წთ. 

არასაკონკურსო

“მარქსის ქუჩა 12”, ირინე ჟორდანია, საქართველო

 

საბავშვო ფილმები 

“ანზორის ბედი”, “SOS” – ფრანგი რეჟისორის ჟილ ლემონოს (Gilles Lemounaud) მიერ საქართველოში გადაღებული ფილმები.

 

ბიაფის სტუმრებმა ასევე ნახეს:

“ეს ცხოვრება”, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

“აღლუმი” “ნინო ჟვანია, 87წთ. 

“გამჭვირვალე სამყარო”ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი, 2018; 82 წთ

 

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

BIAFF: სექტემბერი კინოსია და კინო ბათუმშია

BIAFF – ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი, წელს უკვე მეთოთხმეტედ გაიხსნება. ისტორია 2006 წელს დაიწყო, თუმცა მე, როგორც კინობლოგერი, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს, პირველად 2012 წელს ვესტუმრე და მას შემდეგ, ყოველ წელს, აქტიურად ვესწრები და ვაშუქებ კინოფესტივალს. ყველას ვისაც გიყვართ კინო, მუშაობთ კინოში, კინოსთან და კინოსთვის, ფესტივალი საშუალებას გაძლევთ ნახოთ ფილმები სხვადასხვა ქვეყნიდან – მოკლემეტრაჟიანი, სრულმეტრაჟიანი, მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმები, დიდოსტატთა კოლექციები, კლასიკის რეტროსპექტივა. ასევე, დაესწროთ ცნობილი კინორეჟისორების, პროდიუსერების, მსახიობების, კინოოპერატორების მასტერკლასებს, პრესკონფერენციებს, ვორქშოფებს.  ერთი სიტყვით, ხელიდან გასაშვები ამბავი არ არის, სექტემბერი კინოსია და კინო ბათუმშია.

წლევანდელი კინოგანრიგი შეგიძლიათ იხილოთ, კინოფესტივალის ვებ-გვერდზე.

საპატიო სტუმრები არ აკლია ბათუმის კინოფესტივალს. არც რიგით XIV კინოფესტივალი იქნება ამ მხრივ გამონაკლისი და წელს ბათუმში ველოდებით, პოლ შრეიდერს – ამერიკელ კინოსცენარისტს და კინორეჟისორს, გეილ ენ ჰერდს – ამერიკელ კინოპროდიუსერს და სცენარისტს, დენის ლავანს – ფრანგ კინომსახიობს,  ქშიშტოფ ზანუსსპოლონელ კინორეჟისორს, ალექსანდრე მინდაძესკინოსცენარისტს რუსეთიდან, ვეით ჰელმერს – გერმანელ კინორეჟისორს და ტატიანა დეტლოფოსონს, – კინოპრომოუტერს ამერიკიდან.

 

სტუმრების გამოცდილების გათვალისწინებით, კინოფესტივალზე ძალიან საინტერესო მასტერკლასები გველოდება, შესაბამისად, სტუმრებსაც უფრო ახლოდან გაგაცნობთ.

 

[ფოტო მთავარზე: პოლ შრეიდერი, მარტინ სკორსეზე და რობერტ დე ნირო, ფილმის “ტაქსის მძღოლი” გადასაღებ მოედანზე]

 

მასტერკლასების და პრესკონფერენციების განრიგი 

16 სექტემბერი

12.30-14.00 – პოლ შრეიდერი (აშშ) – მასტერკლასი/Q&A

16.00  – 17.00 – დენის ლავანი (საფრანგეთი), ვეიტ ჰელმერი (გერმანია) –  Q&A/პრესკონფერენცია

17.00-18.30 – ქშიშტოფ ზანუსი (პოლონეთი) –  მასტერკლასი/Q&A

ადგილმდებარეობა სასტუმრო „WYNDHAM Batumi

დენის  ლავანი  და  ევა  მენდესი, ლეოს კარაქსის  ფილმში  “Holy Motors”

19 სექტემბერი 

12.30-13.00 – პრეს კონფერენცია – „გამოფენა კოსმოსში“ –  რომანოზი /თო კო მზარელუა

13.00-14.00 – ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) –  მასტერკლასი/Q&A

ადგილმდებარეობა სასტუმრო „WYNDHAM Batumi

 

16.00 – 17.30 – “WIFT-Caucasus” პანელი – „წარმატების ფორმულა“ – საპატიო სტუმარი – გეილი ანე ჰურდი, აშშ (პროდუსერი ფილმებისა –  The Terminator, The Walking Dead, Armageddon, Aliens და ა.შ.).

ადგილმდებარეობა სასტუმრო „RADISSON BLUE Batumi“

ფილმის  “უცხო” პროდიუსერი გეილ ენ ჰერდი და რეჟისორი ჯეიმს ქემერონი

20 სექტემბერი 

13.00-14.30 – “როგორ ვაწარმოოთ ფილმის პრომოუშენი ოსკარის და ოქროს გლობუსის დაჯილდოების ნომინაციისთვის” – ტატიანა დეტლოფსონი, აშშ (ფესტივალების და კინოფილმების პრომოუშენის ექსპერტი)

ადგილმდებარეობა სასტუმრო „WYNDHAM Batumi

 

21 სექტემბერი 

12.30-13.30 – „CREATIVE EUROPE-ის პროგრამის შესაძლებლობები მხატვრული ფილმებისთვის“ – დიანა მაღლაკელიძე, ქეთი შენგელია (“შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში”)

15.00-15.40 – პრესკონფერენცია / შეხვედრა – მოკლემეტრაჟიანი ფილმების ქართველ რეჟისორებთან

16.00-17.30 –  „ახალი ქართული კინოსკოლის“ პრეზენტაცია – შეხვედრა გელა ბაბლუანთან

ადგილმდებარეობა სასტუმრო „WYNDHAM Batumi

 

Posted in აქეთური იქეთური, საზოგადოება

ტრანსპორტი – ქვეყნის უსახურობა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა იმდენად მოძველებული თემაა, რომ ადამიანები უკვე ეგუებიან, ზოგს ვერც კი წარმოუდგენია, როგორ შეიძლება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ისე მოხვდეს, რომ რიგში დგომა არ მოუწიოს, არ ელოდოს, განსაკუთრებით კი, საღამოს ან გვიანი საღამოს საათებში, და რასაკვირველია პიკის საათებში. ეს ყველაფერი წლის სასწავლო პერიოდში გვირგვინდება თვალუწვდენელი საცობებით.

მიზეზები ბევრია, გაიზარდა მანქანების რაოდენობა, კორპუსების, სადაც არ არის გათვალისწინებული პარკინგი, ასევე იმატა ხალხმაც, ქალაქში, სხვადასხვა წერტილების დამაკავშირებელი ტრანსპორტი საკმარისი აღარ არის, თბილისის ზოგ რაიონში კი იმდენად არასაკმარისია, რომ შეგვიძლია ვთქვათ, საერთოდ არ არსებობს.   საღამოს 21:00-22:00 საათის შემდეგ გამორიცხულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმედად ყოფნა, თუ რასაკვირველია მეტრო არ გიწყობთ ხელს. მეტრო კი, ყველას არ აწყობს. მეტრო ყველგან არ მიდის.

თუ პირადი მანქანა არ გყავთ, საღამოს სახლიდან გასვლა რაიმე ღონისძიებაზე, საქმეზე თუ ისე გასართობად, უკან ტაქსით ან/და ფეხით დაბრუნებას ნიშნავს, ზოგჯერ გაჩერებაზე, რამდენიმე, ერთი მიმართულების ადამიანი შეუზიარდება ერთმანეთს და ერთობლივად აჩერებენ ტაქსს. შესაბამისად, როგორც კი, ადამიანს ოოდნავ სტაბილური შემოსავლის წყარო უჩნდება, მიდის და ყიდულობს მანქანას, სესხით თუ განვადებით, ასევე შესაძლებელია სკუტერი და მოტო, თუ რასაკვირველია გაგიმართლათ და პოლიციის თავზე ცხოვრობთ ან გაქვთ ავტოფარეხი სკუტერის/მოტოს/ველოს დასაბინავებლად, ან ყოველდღე აგაქვთ/ჩამოგაქვთ, თუ გაგიმართლათ და გაქვთ ლიფტიც.

როგორი დრამაა? გავაგრძელოთ, დღეს ამ პოსტში გავარჩევ აეროპორტებს და აეროპორტთან დამაკავშირებელ ტრანსპორტს.

თბილისის აეროპორტი 

რა არის ტურისტის პირველი შთაბეჭდილება ქვეყანაში? აეროპორტი, (რასაკვირველია საჰაერო შემოსვლის შემთხვევაში).

თბილისის აეროპორტში რეისების დიდი ნაწილი ღამით/გამთენიისას სრულდება. აეროპორტში არ არის მეტრო.  რჩება აეროპორტიდან წამოსვლის რამდენიმე ვარიანტი:

  1. N37 ავტობუსი, რომელიც ახლახან შეცვალეს ახალი ავტობუსით და დადის ოფიციალურად ყოველ 35 წუთში ერთხელ, რაც სხვათაშორის მხოლოდ 2016 წლის შემდეგ შეიცვალა; 2019  წელს, OC-MEDIA-ს მიერ  მომზადებულ  ფოტორეპორტაჟში ვხედავთ,  რომ  ღამის  ავტობუსი ზამთარში, ეს არის თავშესაფარი ბორბლებზე;    

2.  მატარებელი – რკინიგზის სადგურიდან – თბილისის აეროპორტამდე 

დიდი ზარზეიმით გახსნის შემდეგ, მატარებელი მხოლოდ დღის საათებში მოძრაობდა, კერძოდ კი, დღეში სამჯერ. ეს ის პერიოდია, როდესაც თითქმის არცერთი რეისი არ სრულდებოდა დღისით. დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ნეტგაზეთის სტატიაში.

დიდი დავიდარაბის შემდეგ (ვერ დავადგინე როდის) დაემატა 1 რეისი ღამით. კერძოდ კი, დილის 4:00 საათზე. ანუ, თუ ჩამოფრინდით სამ საათზე უნდა დაელოდოთ დილის ოთხამდე, თუ ჩამოფრინდით დილით ხუთზე, თქვენი მატარებელი უკვე წასულია. ბაი ბაი.

3. ტაქსი ანუ იგივე SVAVItaxi 

აეროპორტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქართულ ენაზე ვკითხულობთ, რომ ტაქსის ღირებულება ქალაქის ცენტრამდე 25 ლარია. ხოლო ამავე ვებ-გვერდზე, ინგლისურ ენაზე წერია, რომ ფასი დამოკიდებულია მრიცხველზე და 30 ლარიდან 50 ლარამდე მერყეობს.

განსხვავებულ სურათს გვაძლევს, აეროპორტის მგზავრთა მონათხრობი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, უცხოელი მგზავრების მიერ გადახდილი თანხები: 100 დოლარი, 60 დოლარი, 150 ლარი და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ ეს ტაქსები იქვე დგას, აეროპორტის ტერიტორიაზე.

4. ნათესავების დახვედრა ცხვარით, ოციანით, ყვავილებით ან მის გარეშე 

5. მასპინძლის/შეკვეთილი ტრანსფერის დახვედრა 

6. გამოძინება და ლოდინი  

აქვე შეგახსენებთ, რომ ვსაუბრობთ ქვეყნის დედაქალაქზე და ქვეყანაზე, სადაც იმატა ტურისტების რაოდენობამ და ასევე, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად იმატა, ადგილობრივი მოსახლეობის ფრენების რიცხვმაც.

არ ითქმის მოკლე პოსტში ეს ამბავი. ვაგრძელებთ.

ქუთაისის აეროპორტი 

იყო დრო, რაღაცნაირად საკმარისი იყო ახალი აეროპორტის მასშტაბები, ახლა აღარ გვყოფნის და ფართოვდება. არ ვიცი, ამ რეკონსტრუქციის ბრალი იყო, თუ რა იყო, მაგრამ როგორც კი კარი გაიღო და აეროპორტის შენობაში შევედით, ისეთი სუნი იდგა, სასწაულად გაუსაძლისი, თითქოს მატარებლის სუნნარევ კანალიზაციის კოლექტორს ვადექით თავზე, დამლაგებლები წამდაუწუმ წმენდნენ იატაკს, რასაც თავის მხრივ რაღაც მფრინავი მწერები ეხვეოდნენ ზედ. შემდეგ ჩართეს არ ვიცი რა, შეიძლება ვენტილაცია ან კონდიცირება, რომელიც ქარხანასავით გუგუნებდა მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც იქ ვიდექით. საკვები ობიექტები ისევ ისეთი, როგორიც იყო. ჰო, ჩამოსვლის შემდეგაც იგივე სუნი გვეფეთა. იმედია რეკონსტრუქციის შემდეგ გამოსწორდება ეს ყველაფერი.

ტრანსპორტი ქუთაისის აეროპორტამდე

ქუთაისის აეროპორტს თბილისიდან პირდაპირ რეჟიმში, ავიარეისებზე მორგებული რამდენიმე ოპერატორი ემსახურება, რამდენიმე რა, ორი. ჯორჯიან ბასი და ომნიბასი. ასევე გავლით, მეტრო ჯორჯიას ავტობუსი.

ასევე შეგიძლიათ იმგზავროთ პირადი მანქანით და დატოვოთ აეროპორტის ფასიან პარკინგზე.

რაც შეეხება, ომნიბასს, ახალი წესი შემოუღია, ყოვლდღიური, არასამგზავრო ზურგჩანთაც, სადაც პირადი ნივთები მეწყო, საფულე, წიგნი, ბლოკნოტი, დამატოვებინეს ავტობუსის საბარგულში. რასაკვირველია, ეს ნივთები გზაში მჭირდებოდა და პრაქტიკულად ცარიელი ჩანთა მივაწოდე ჩასაბარებლად. თან არ დაგავიწყდეთ, ეს ის ბარგია, რომელიც ბორტზე დაშვებულია. კარგი, წესია, წესი იყოს, ოკ. მაგრამ ჰოი, საოცრებავ, აქეთობისას, ისევ დავტოვე, სხვებმაც დატოვეს. თუმცა აღმოჩნდა რომ ეს წესი ყველას არ ეხებოდა. ჩემს უკან მსხდომ უცხოელებს, ერთს დიდი სამოგზაურო ჩანთა ჰქონდა ამოტანილი, მეორეს კი ხელში ჩვეულებრივი სამგზავრო ჩანთა. თეორიულად მგზავრობა სულ 4 საათიანია ხოლმე, თუმცა ომნიბასს ჰქონდა ბევრი გაჩერება, გვარიანი ქრონომეტრაჟით, ამიტომ მგზავრობა დროში ძალიან გაიწელა.

ასევე შანსი გაქვთ გამვლელ ავტობუსს ან მარშუტკას დაელოდოთ, და რასაკვირველია ტაქსებს, რაც უხვად დაგხვდებათ. ფასიც უხვი აქვთ, გააჩნია რომელი ქვეყნიდან მოდიხართ და სად მიდიხართ.

ყველაზე  კურიოზული ამ სიტუაციაში არის ის, რომ სავსებით შესაძლებელია ქუთაისიდან უფრო იაფად გაფრინდეთ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, ვიდრე თბილისიდან ქუთაისში ჩახვიდეთ.

შედარებისთვის, პრაღის აეროპორტიდან საზოგადოებრივი ავტობუსები ყოველ 10 წუთში გადის ცენტრის მიმართულებით. პრაღის ტრანსპორტის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბლოგზე.

თუ გამომრჩა რამე, შენიშვნები და დამატებები ტრანსპორტთან დაკავშირებით გამოუშვით კომენტარებში. ^^

 

 

 

ფოტო მთავარზე: აეროპორტი LaGuardia | 2017

Posted in აქეთური იქეთური, Photography

წინანდალი: როიალიდან მფრინავ სანთლებამდე

სულ ვფიქრობდი და თან მეცინებოდა, რა უნდა მოხდეს, როგორი სასტუმრო უნდა იყოს, რომ იქ ჩემი ნებით დავგეგმო დასვენება და წავიდე დასარჩენად მეთქი. თითქმის ყველა რაიონში შემიძლია ჩავიდე და ვესტუმრო ნათესავს, ან ჩავიდე ბაბოსთან ანაგაში, სადაც გავიზარდე, შემოდგომაზე დავწუროთ ღვინო, ამოვავლოთ ჩურჩხელები და შევწვათ მწვადი. ეს ისე მოკლედ. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე არ მჭირდება სასტუმრო და არც რესტორანი, როდესაც კახეთს ვსტუმრობ, მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი და საჭიროა იმ ადგილობრივებისთვის და უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებსაც კახეთში დასვენების და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების სურვილიც აქვთ.

მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ, ალბათ, ბოლო 10-15 წელია, ინფრასტრუქტურა საქართველოს რეგიონებში მნიშვნელოვნად ვითარდება. არც კახეთია გამონაკლისი.

წელს, კახეთის კოლექციას, კიდევ ერთი და უაღრესად მნიშვნელოვანი ექსპონატი შეემატა – რადისონ ქოლექშენის ოჯახიდან. შესაბამისად, აქვე დასრულდა ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება კახეთში სასტუმროში დროის გატარებასთან დაკავშირებით.  ეს სწორედ ის ადგილია, რომელსაც ჩემი ნება-სურვილით, სიამოვნებით ვესტუმრებოდი.

წლების მანძილზე სასახლის და ტერიტორიის თავზე ბევრმა უბედურებამ გადაიარა, ჯერ გაყიდეს თავდაპირველმა მფლობელებმა, შემდეგ ცოტა ხნით იყო რომანოვების რეზიდენცია, დაიწვა, საბჭოთა კავშირის დროს იყო იქვე მდებარე ღვინის ქარხნის მუშების სასტუმრო, გადაკეთდა და შეიტანეს საბჭოთა არქიტექტურის ელემენტები, მოგვიანებით, გიორგი ლეონიძემ გამოვიდა ინიციატივით და სასახლე ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმად გადაკეთდა. 80-იან წლებში, სასახლემ კიდევ ერთი საბჭოური რეკონსტრუქცია გადაიტანა.

ახალი ეპოქა დაიწყო 2007 წელს, როდესაც წინანდლის მამულები მართვის უფლებით გადაეცა სილქ როუდ გრუფს. 1 წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ, 2008 წელს მამულები დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. ინფორმაციას სასახლის რეკონსტრუქციის შესახებ, უკეთესად მოისმენთ სასახლეში.  

ისტორიული ჩანაწერებში ვკითხულობდით და ვიცით, რომ წინანდალი და წინანდლის მამულის სულისჩამდგმელი ალექსანდრე ჭავჭავაძე მუდმივად სიახლეებისკენ ისწრაფოდა. იმ დროს და იმ საუკუნეში, წინანდალი იყო ყოველგვარი სიახლის, ნოვატორული ხედვების, ხელოვანების, მწერლების, პოეტების შეკრების კერა.

ეს იყო ადგილი, სადაც პირველად საქართველოს ისტორიაში ბოთლში ჩამოასხეს ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო.

ამ ადგილზე შემოაგორეს პირველი როიალი, ბილიარდი და ცხენებშებმული ეტლი.

სწორედ ასეთი მემკვიდრეობის იდეალური გაგრძელებაა რადისონ ქოლექშენის ახალი ოჯახის წევრი. ადგილი, სადაც ძველი და ახალი სრულიად ჰარმონიულად გადადის ერთმანეთში და ორივე ერთად სინქრონიზირდება გარემო ლანდშაფტში. აქ ძალიან იზრუნეს და იფიქრეს დეტალებზე, და დეტალების დეტალებზეც.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე, ალექსანდრე ჭავჭავაძე ევროპელ დეკორატორებს იწვევდა სასახლის ბაღის მოსაწყობად და სასახლეც ევროპულ ყაიდაზე იყო მოწყობილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოელი ხელოვანების მოწვევა ერთგვარი ქართული ტრადიციაა და სიახლის შემოტანის გარანტია. საბოლოოდ, ყველაფერს დრო აფასებს.

წინანდლის რადისონზე კი, არქიდეას ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ასევე იზრუნეს ამერიკელმა არქიტექტორმა ჯონ ფოტიადისიმ, ქრისტინა გაბასმა და დამიენ ფიგუერასმა. შენობის იერსახეში კი, საბოლოო და საკვანძო შტრიხები გერმანელმა ინდუსტრიული განათების დიზაინერმა ინგო მაურერმა და ქართველმა არტისტმა თამარა კვესიტაძემ დასვეს.

 

ღონისძიების ფოტოების ავტორი თამარ მირიანაშვილი & კონსტანტინე ბერულავა – ოდელია სტუდიო 

Posted in საზოგადოება

ჩვენ ეს არ დაგვემართება

გასაოცარი თავდაჯერების ხალხი ვართ, ქუჩაზე შეიძლება ისე გადავიდეთ, არც კი გავიხედოთ იმ მიმართულებით, საიდანაც მანქანა მოდის. გავიკეთოთ ყურსასმენები, თავი ჩავრგოთ ტელეფონში და უცაბედად გამოგვრჩეს თავახდილი ჭა ფეხქვეშ ან მანქანა, რომელიც სიგნალით ჩვენსკენ მოემართება, რომელსაც ვინ იცის, ვინ მართავს, იქნებ რამდენიმე ღამის უძინარი სასწრაფოს მძღოლია, იქნებ ისაა, ვისაც ეს-ესაა გააგებინეს, რომ მის კორპუსში გაზი აფეთქდა?

სასწაულად გვჯერა ჩვენი ოთხი კედლის, როგორც კი ამ ოთხ კედელში შევდივართ, გვგონია არაფერი შეგვეხება, თუნდაც სამყარო ჩამოიქცეს გარშემო. გაზის სუნია, რა მოხდა, იცის ხოლმე. წყლის მილი გასკდა? მე რატომ დავრეკო, ვისაც გაუსკდა იმან დარეკოს. ლიფტი გაფუჭდა? სულ არ მეხება ლიფტი, პირველზე ვცხოვრობ. სხვენიდან წყალი ჩამოდის? არც ეგ მეხება, პირველზე ვცხოვრობ. არც სადარბაზოს სისუფთავე მეხება, ჩემს კიბის უჯრედს ვასუფთავებ, ეს არის და ეს. კორპუსის ასაშენებლად კლდე მოანგრიეს? მდინარის კალაპოტი ჩააბეტონეს? ტყე გაკაფეს? ეგ თუ ჩემს ოთხ კედელში არ ხდება, მე არ მეხება, ჩემთან ყველაფერი კარგად არის. იდეალურად.

ყოველგვარ ზოგად პასუხისმგებლობას გადაჩვეულები ვართ. შენ რაც გემართება, ის მე არ დამემართება, მე სხვანაირად ვარ დაცული ჩემს ოთხ კედელში.  დიახ!

ისეთი თავდაჯერების ხალხი ვართ, ხანდახან მგონია ისლანდიაში ხომ არ ვცხოვრობთ ან სადმე მსგავს ნორმალურ, უსაფრთხო ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ზრუნავს, სადაც სამშენებლო და სხვა შესაბამისი კომპანიები იცავენ წესებს და სტანდარტებს და სადაც ადამიანები სიკვდილის რიგში უფრო ვდგავართ და არა პასუხისმგებლობების.

 

 

 

 

Posted in საზოგადოება

გზა სამშობიარო სახლიდან სიქრით სანტამდე, შუაში ტორტებით

საჩუქარი და შესაბამისად ყურადღება ორივე მხარისთვის – გამცემისთვისაც და მიმღებისთვისაც სასიამოვნო პროცესია, იქამდე სანამ ეს ვალდებულებად, იძულებად და ყოველწლიურ ლოდად ქცეულ რუტინად არ იქცევა.

თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი სკოლიდან იწყება, ცდებით. ყველაფერი იწყება სამშობიარო სახლიდან, სადაც ჯერ ექთნებს და ექიმებს მარხავთ ძღვენში, რათა თქვენს ახალდაბადებულ შვილს „მეტი ყურადღება“ მიაქციონ, „რამე არ დააკლონ“ – პალატაში უფრო მეტჯერ შემოგიყვანონ ვიდრე გათვალისწინებულია.

შემდეგ ამბავი გრძელდება საბავშვო ბაღში, ზეიმის ფულის შეგროვება, რვა მარტს, სამ მარტს მასწავლებლების საჩუქრები, მასწავლებლების დაბადების დღეები და ა.შ. ამ ყველაფერს 90-იანებში შეშის და ჩატეხილი შუშების ფული ემატებოდა.

სკოლაშიც იგივე სურათი, აბა, მასწავლებელს პატივი ხომ უნდა ვცეთ, გამოიდებდა თავს რომელიმე მასწავლებელთან დაახლოებული ან დაახლოების მოსურნე მშობელი, სხვა მშობლებიც, ყოველ შემთხვევაში მათი უმრავლესობა არ ჩამორჩენის და კარგი სოციალური სტატუსის დაფიქსირების მიზნით უკან არ იხევდა, მიუხედავად იმისა ჰქონდათ თუ არა მათ ამის საშუალება.თუ არ დადებდი ფულს, იჩაგრებოდა ბავშვიც და თქვენ წარმოიდგინეთ მშობელიც დაცინვის მსხვერპლი ხდებოდა.

სიტუაცია უფრო რთულდება, როდესა ოჯახში 2-3 ან მეტი ბავშვი დადის სკოლაში. აქაც, სხვა ყველაფერს, 90-იანებში შეშის, ჩატეხილი შუშის და ფონდის ფული ემატებოდა.

მტერს და ავს თუ სკოლის გარდა სხვაგანაც დადიოდი, მაგალითად ცეკვაზე ან საერთო სავალდებულო გაწვევით მუსიკალურ შვიდწლედში. გაკვეთილის მიმდინარეობისას, კართან მომლოდინე მშობლები განსაკუთრებულად საშიშ სიმბიოზს ქმნიდნენ, ისინი მუდმივად ელოდნენ მსხვერპლს გასაჯიჯგნად იქვე თუ გრძელვადიან პერიოდში.  არავის აინტერესებდა ვის უჭირდა, ჰქონდათ თუ არა საშუალება, ამას არავინ კითხულობდა. მთავარი იყო ძღვენი პედაგოგებისთვის, რომელსაც სიხარულით და ბედნიერებით აცახცახებულები მიიტანდნენ სკოლაში თუ სადმე სხვაგან.

თითქოს ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ლიბერალზე წავიკითხეთ სკოლის მოსწავლეს როგორ არ აჭამეს ერთი ნაჭერი ტორტი, იმის გამო რომ მშობელმა მასწავლებლისთვის განკუთვნილი ტორტის ფული არ დადო.

ერთხელ თამარა ბაბო გამყვა ცეკვაზე, ქიზიყელი ქალია, პირდაპირი, მშობლების სინდიკატის საშუალებით გაიგო რომ ორ ცეკვაში სოლოს მიმატებდნენ და შესაბამისად განსხვავებული კაბები უნდა შემეკერა. ბაბომ, „არ გვაქვს მაგის საშუალება, ვერ შევუკერავთ განსხვავებულ კაბებსო“ – კაი ხანს ეყოთ რეპლიკებად ბაბოს ნათქვამი.

ამის გარდა, სტატუსების მიხედვით, კლასიც და შესაბამისად მშობლებიც იყოფოდნენ გადამხდელებად და არ ან ვერ გადამხდელებად და იმის მიხედვით მოდიოდა შენამდე ამბები ამა თუ იმ საკითხზე ფულის შეგროვებისა.

ასე მაგალითად, არშეხვედრილ ტორტის ნაჭერზე გამახსენდა, ერთხელ ცეკვის სტუდიაში ფოტოგრაფი მოიყვანეს, 90-იანი წლების დასაწყისია, გადაგვიღეს ფოტოები. არ ვიცოდით ვინ მოიყვანა მასწავლებელმა, მშობელმა, თუ რამე გაზეთიდან იყვნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, სინდიკატის მცირე ნაწილი ჩუმად ათვალიერებდა ფოტოებს. ჰო, ფოტო არ შემხვდა.

გადავედით უნივერსიტეტში, აქ სიტუაცია ისეთი რთული არ არის, მშობლების სინდიკატი კარს ფიზიკურად მოშორებულია, მაგრამ შემორჩენილია მექრთამე-ლექტორების კატეგორია. ერთ-ერთ გამოცდაზე ხინკალი შეგვიკვეთა ოფიციალურად, რამდენიმე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ როდესაც მთელი კურსის ბედი ხინკალზე კიდია, ვეღარ შეეწინააღმდეგები. ასეთ დროს საჭიროა 100%-იანი წინააღმდეგობა და მთელ კურსს ხომ არ ჩააგდებდა? მოკლედ, ამოვიტანეთ ხინკალი, სიჩქარეში კიბეებზე დაგვეყარა ნაწილი და ისევ ავკრიფეთ, დავალაგეთ სინზე. შენიშვნა მოგვცა, რამდენი პილპილი წაგიყრიათო. :დ

ასევე, ლეგენდების დონეზე მაინც გვახსოვს ჩათვლის წიგნაკებში ჩადებული ფული, გამოცდებზე გოჭებით და ხაჭაპურებით სირბილი და რესტორნის დახურვით დაცული დისერტაციები.

ახლა, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მავნებლობა შეაჯამეთ, გადაამუშავეთ და გადავიდეთ სამსახურში, სადაც უნდა ასიამოვნო უფროსს, თანამშრომლებს და ახლა უკვე საახალწლოდ სიქრით სანტას მადლიც მოისხა. 10-დან 9 შემთხვევაში პროცესი ვალდებულებითი ხასიათისაა, არ გააკეთებ და გაირიცხები კასტიდან, წრიდან, დაკარგავ სოციალურ სტატუსს, თანამშრომლები ამრეზით, დაცინვით გიყურებენ – ამიტომ შენც დგები და იხდი ამ ყველაფრის სანაცვლოდ, მერე რა რომ მთელი ხელფასის დატოვება მოგიწიოს სამსახურში, ზოგჯერ შეიძლება ფულის სესხებაც დაგჭირდეს – სამაგიეროდ სტატუსი გაქვს.

შესაბამისად, ყველა ვინც უკანასკნელ ფანჩარს იბრდღვნით და ფულს დებთ, საჩუქარს ყიდულობთ იძულებით და ვალდებულებით, თითო აგურს დებთ ამ განუკითხაობაში და მახინჯი “ტრადიციის” შენარჩუნებაში. თქვენი ბრალია იმ ბავშვს რომ ტორტი არ შეხვდა.

 

და ბოლოს,  კითხვა მაქვს: სტატუსი თუ ტორტი?

 

Posted in კინემატოგრაფია

რა უყვარს გასპარ ნოეს

ერთი ამოსუნთქვით სანახავ ფილმებში, ძალიან მნიშვნელოვან ადგილს მივუჩენდი გასპარ ნოეს ახალ ფილმს „კულმინაცია“.  ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, პირველივე კადრის გახსნისთანავე ფეხქვეშ მიწა გეცლებათ, მთელი ფილმის მანძილზე ელვის სისწრაფით ბნელ და სახიფათო გვირაბში ვარდებით და ბოლოს, ერთბაშად მზის სინათლეზე გამოდიხართ. როგორ და რა მდგომარეობაში  გამოდიხართ, ეს უკვე მთელი ფილმია.

ერთ ფურცელზე დაწერილი და ორ კვირაში გადაღებული ფილმი სრულიად თავბრუდამხვევია, მთვრალი და ძაან გასულია. რეჟისორიც მთვრალი და გასულია, ისევე როგორც მისი კამერა, რომელსაც ხელიდან არ უშვებს და ცდილობს მაქსიმალურად გაახანრძლივოს ეფექტი გრძელი კადრებით, წითელ სანგრიაში, სისხლში და ნარწყევში ამოვლებული გრძელი კადრებით.

„მე არ მიყვარს ადამიანებზე ლაბორატორიის ვირთხებივით დაკვირვება. შენ უნდა იყო ვირთხა  ვირთხებს შორის.“ ასეც არის, სხვანაირად კარგი ფილმი არ გამოვა.

ცხოვრების კულმინაციურ მომენტებში ვიღაც ბევრს ჭამს, ვიღაც სასმელში ღვივდება, ვიღაც ბოლთას სცემს და ბევრს ეწევა. ყველას ჩვენ ჩვენი საშუალება გვაქვს მდგომარეობიდან გამოსვლის, ბედნიერების გაასმაგების მისაღწევად. ამ ფილმში ცეკვა პირველია, ცეკვავენ თავისუფალი მოცეკვავეები, პრივატული „ტუსოვკების“, იუთუბის ვარსკვლავები.

გასპარ ნოეს უყვარს ცეკვა. „მიყვარს სექსი, ცურვა და ცეკვა. ჩემი ცხოვრების ყველაზე კულმინაციურ მომენტებში საცეკვაოდ მივდივარ. ყოველთვის როდესაც პარიზში ვბრუნდები, მივდივარ კლუბებში. თავი მავიწყდება, როდესაც ვცეკვავ.“

მეც ასე დამემართა. თავი დამავიწყდა, როდესაც კულმინაციას ვუყურებდი.

 

——-

“კულმინაცია” იგივე “ექსტაზი” ვნახეთ ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის, დიდოსტატთა კოლექციაში. ამჟამად გადის კინოთეატრებში

 

Posted in კინემატოგრაფია

კიმ კი-დუკის ადამიანები

საავტორო კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა კიმ კი-დუკი კორეელი კინორეჟისორია, მან ფილმების გადაღება, საკმაოდ გვიან ან შეიძლება ჩვენთვის გვიან, 36 წლის ასაკში დაიწყო. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დიდოსტატთა კოლექცია, საშუალებას გვაძლევს ვნახოთ ასეთი ფილმები. 2016 წელს ვნახეთ კიმ კი-დუკის ფილმი „STOP“. წელს კი, მისი ახალი ფილმი „ადამიანი, კოსმოსი, დრო და ადამიანი“.

კორეელი რეჟისორის ფილმები ქვეყნის საზღვრებს გარეთ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს.

კითხვაზე, თუ რატომ არის კიმი უფრო პოპულარული სხვა ქვეყნებში, ვიდრე თავის სამშობლოში, ის პასუხობს, რომ მთავარი მიზეზი ის ფილოსოფიაა, რაც მის ფილმებში დევს.

„უცხოელი ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან, რატომ არის ჩემი ნაშრომები უფრო პოპულარული სხვა ქვეყნებში. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ისტორიები ადამიანების უნივერსალურობაზეა დაფუძნებული. იმას ვგულისხმობ, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ერი თავის თავზე კარგს ფიქრობს, მაგრამ ჩვენ, კორეელები, განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი თავით, რადგან გვასწავლიან, რომ სხვებზე უკეთესები ვართ. მაგრამ თუ იმოგზაურებ და მსოფლიოს ნახავ, აღმოაჩენ, რომ ყველა ეროვნებას აქვს თავისი უნიკალურობა. მეც სწორედ ამის ჩვენება მომწონს ჩემს ფილმებში“.

როგორც ვიცით, კიმ კი-დუკმა გადაღება 36 წლის ასაკში დაიწყო (90-იან წლებში, პარიზში), თუმცა მის ანგარიშზე უკვე საკმაოდ ბევრი ფილმია  – 23, მათ შორის კინოფილმი „პიეტა“, რომელიც ვენის 69-ე საერთაშორისო ფილმების ფესტივალის (VIFF) ოქროს ლომის მფლობელი გახდა.

ფილმის „ადამიანი, კოსმოსი, დრო და ადამიანი“ (Inkan, gongkan, sikan grigo inkan), მეორე სახელწოდება „ადამიანების დრო“ გადაღება 2017 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის ივლისში დასრულდა.  როგორც მისი ფილმების უმრავლესობაში, ამ შემთხვევაშიც ფილმის რეჟისორი, პროდიუსერი, მემონტაჟე (ან/და კინოოპერატორი) არის კიმ კი-დუკი.

რამდენიმე შეკითხვა THE KOREA TIMES-ისთვის მიცემული ინტერვიუდან.

[თარგმანი კონსტანტინე ბერულავა]

—-

ჟურნალისტი: თქვენი ფილმები ძირითადად ფოკუსირებულია მთავარი გმირის ფსიქოლოგიაზე. რატომ?

კიმ კი-დუკი: უკვე 20 წელია ფილმების ვიღებ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ადამიანების ისტორიამდე დადის. არის მეორე საკითხიც. ჩემს ფილმებს მე ვაფინანსებ და არ შემიძლია ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდა. ვერ დავხარჯავ ბევრ ფულს სპეც. ეფექტებზე ან ისეთ სამუშაოზე, რომელიც შეზღუდავს ჩემი ნამუშევრის დრამატულობას ან აქცენტს მისი გმირებიდან სხვაგან გადაიტანს. დაფინანსება უკეთესი ფილმის გადაღების საშუალებას იძლევა, თუმცა, ერთადერთი გზა იმისა, რომ დიდი ინვესტირების გარეშე კარგი ფილმი გამოვიდეს, არის გმირების ემოციების სწორად ჩამოყალიბება და გადმოცემა.

ჟურნალისტი: თქვენს ფილმებში ხშირად არის ამაზრზენი და უხერხული სცენები. რატომ გვიჩვენებთ მათ გამუდმებით?   

კიმ კი-დუკი:  არ მინდა, მოვიტყუო ჩემს ფილმებში.ფილმიდან ფილმამდე ვიხვეწები და ვფიქრობ, სწორი საქციელია ასეთი სცენების თავისუფლად გადმოცემა. საზოგადოება იცნობს ბევრ სასიამოვნოდ საყურებელ ფილმს. თუ ჩემი ნამუშევრები მხოლოდ მცირე აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი, მინდა, რომ ისეთი ფილმები შევქმნა, რომელიც ჩემი მაყურებლის ყურადღებას მიიპყრობს. ჩემს ფილმებში ჩემი საკუთარი სამყარო მაქვს და ის ისტორიის ცენტრი უნდა იყოს. ასევე შეიძლება, ხალხმა სხვანაირად აღიქვას ჩემი ფილმები დროის გასვლასთან ერთად ან ხელმეორედ ყურებისას.

ჟურნალისტი: რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვენლოვანი ფილმის გადაღებისას?

კიმ კი-დუკი: სიმართლე, როგორც ცოტა ხნის წინ ვთქვი. კიმ კი-დუკი კიმ კი-დუკია. მთავარია ფილმი იყოს გულწრფელი. როგორც კი ჩემს ფილმს აუდიტორიის და ბაზრის გემოვნებას მოვარგებ და მასში სათამაშოდ პოპულარულ მსახიობებს მოვიწვევ, მე გავქრები და ჩემთან ერთად ჩემი სიმართლეც გაქრება ფილმებიდან. მინდა ვთქვა, რომ ჩემი ფილმების გადაღებისას მხოლოდ საკუთარ გულის ძგერას ვუსმენ.

Posted in კინემატოგრაფია

პაველ პავლიკოვსკის ცივი ომი

პაველ პავლიკოვსკი დიდ ბრიტანეთში მოღვაწე პოლონელი კინორეჟისორია. წელს ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე, დიდოსტატთა კოლექციაში ვნახეთ მისი ახალი, შავ-თეთრი ფილმი „ცივი ომი“.  2018 წელს კანის კინოფესტივალზე პაველ პავლიკოვსკს ამ ფილმისთვის საუკეთესო რეჟისორის პრიზი გადაეცა. კანის კინოფესტივალის წარმატებამდე იყო კინოფილმი „იდა, ასევე შავ-თეთრი, რომელმაც სხვა ბევრ საინტერესო ჯილდოსთან ერთად, 2015 წელს მიიღო ოსკარი საუკეთესო ფილმისთვის, უცხოენოვან კატეგორიაში.

გთავაზობთ ამონარიდს რეჟისორის ინტერვიუდან, რომელიც გამოქვეყნდა THE TIMES-ში, სადაც იგი საუბრობს თავის ახალ, ძალიან პოეტურ და მუსიკალურ კინოზე „ცივი ომი“.

—–

პაველი თავისი ახალი ფილმისთვის გმირს ეძებდა.

„მინდოდა ვინმე ისეთი, ვინც ომამდელი პერიოდის ტიპს ჰგავდა, ისეთი ვინც ომამდე დაიბადა. თუმცა დღესდღეობით, მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებლები რთული საპოვნელია, ზოგი ძალიან ბავშვურია, ზოგი ფემინური ან ლაწირაკი. ძნელია იპოვო გრეგორი პეკი. არც პოლონეთშია ბევრი. თომაში ერთადერთია“.

ქალის მთავარი როლის შემსრულებლის მოძებნა ასეთი რთული არ იყო. ჯოანა კულიგი ზულას როლისთვის იყო დაბადებული – ზესექსუალური, მრავალწახნაგოვანი, რთული. თუ აქამდე არცერთი ფილმიდან არ გახსოვთ, ამის შემდეგ აუცილებლად დაგამახსოვრდებათ, როგორც კინოში ერთ-ერთი საუკეთესო ცეკვის სცენის ვარსკვლავი, როკ-ენ-როლის ცეცხლი.

 „ერთი კვირის განმავლობაში რეპეტიციები გვქონდა მოცეკვავეებთან ერთად, მაგრამ ზუსტად გადაღების წინ, მთელი ქორეოგრაფიული ნახაზი ჩავხსენით, მეტი სიმძაფრისთვის.“

რეჟისორი ასევე ამბობს, რომ იგი ფილმებს „ძერწავს“, რაც ნიშნავს იმას, რომ იწყებს სცენარით და ამთავრებს სრულიად განსხვავებული შედეგით.

 „დღეს როდესაც კომუნიზმის შესახებ ფილმს იღებენ, ეს ფილმი არის ერთი უბრალო სწროხაზოვანი ნარატივი იმის შესახებ, თუ რა დიდი ბოროტება იყო კომუნიზმი. მაგრამ, თუ შენი გმირები რეალურად შეგყავს ამ გარემოს სიღრმეში, ეს უფრო მძლავრი იარაღია.  ამის შემდეგ არ გიწევთ, მაყურებელს დაუღეჭოთ, თუ რამდენად ბოროტია ეს სისტემა, შეგიძლიათ, უბრალოდ აჩვენოთ, როგორ გავლენას ახდენს ადამიანთა ცხოვრებაზე და როგორ აბინძურებს გარშემო ყველაფერს. არასოდეს ვიჭერ საქმეს პოლიტიკასთან, მე უბრალოდ ვცდილობ, გავაკეთო რაღაც კონკრეტული, სადაც ისტორია ბუნებრივად, თავისით მოდის ან ისედაც იქ არის “

„ცივი ომი“ პირველ რიგში პავლიკოვსკის მშობლებზეა. ამბავი და გმირები მათ არ ჰგვანან, მაგრამ ვნებიანი, წარმოუდგენელი სიყვარულის დინამიკა ზუსტად იგივეა. ისინიც დახეტიალობენ ევროპაში, ისინიც შორდებიან და კვლავ იწყებენ თავიდან.