Posted in კულტურა

დღე მუზეუმში – კავკასიის ფლორა და ფაუნა


გუშინ, ეროვნულ მუზეუმში ვიყავით კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენის სანახავად, უფრო მარტივად – ბუნებისმეტყველების მცირე მუზეუმის სანახავად.

ასეთი მუზეუმები ბევრ ქვეყანას აქვს და როგორც წესი, ეს არა სხვა დიდი მუზეუმის ნაწილი, არამედ ცალკე, დამოუკიდებელი მუზეუმია, უჭირავს ძალიან დიდი სივრცე, სამუზეუმო ექსპონატები განაწილებულია დიდ დიორამებში, ყველაფერი კარგად არის ამონათებული და დაინტერესებული ადამიანებიც კარგად ათვალიერებენ ობიექტს. მეტიც, მაგალითად, ნიუ იორკში, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში, ასეთი ვიტრაჟების წინ გრძელი სკამებია და მსურველს შეუძლია დაჯდეს და დახატოს მისთვის სასურველი ობიექტი; აბა, სხვა ვითარებაში რომელ ცხოველს ან ფრინველს გააჩერებთ ისე, რომ ზედმიწევნით კარგად დახატოთ?!

რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ მუზეუმში განთავსებულ სექციას, როგორც გაირკვა, ასეთი სრული სახით ეს მცირე სექცია გახსნეს 2018 წელს. ექსპონატი ბევრია, თუმცა ძალიან პატარა ადგილი ეთმობა და საგამოფენო ვიტრაჟებში ყველაფერი ერთად არის შეყრილი, ისე როგორც სუვენირების მაღაზიაში და ძალიან ჭირს კარგად დათვალიერება. ასევე, ზოგიერთი ვიტრაჟი ისე დაბალზეა, მე და ლუკამ იატაკზე ხოხვით დავათვალიერეთ.

კარგი ის არის, რომ National Geographic საქართველოსთან თანამშრომლობით შეიქმნა საქართველოს ბიომრავალფეროვნების ილუსტრირებული რუკა, თაჩსქრინით, სადაც დამატებით შეგიძლიათ მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია. თაჩსქრინები აქვს სხვა ექსპონატებსაც და შეგიძლიათ ნახოთ დამატებითი ინფორმაცია ან მოისმინოთ ამა თუ იმ ცხოველის ხმა სხვადასხვა სიტუაციაში.  

ერთი სიტყვით, სულ არარსებობას, რაღაც მაინც რომ გვაქვს, ეს უკვე კარგია, ამიტომ მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანებისთვის შესანიშნავია დასათვალიერებლად,  და სასურველ ობიექტებზე დასაკვირვებლად, მათ შორის გადაშენების პირას მყოფ ან უკვე გადაშენებულ სახეობებზე.  ორშაბათის გარდა ყოველდღე მუშაობენ, ფასი კი, მოსწავლისა და სტუდენტებისთვის არის 2 ლარი, ზრდასრულისთვის 15 ლარი, გიდის მომსახურება სასკოლო ჯგუფებისთვის 15 ლარი, საოჯახო პაკეტი 2 მოზრდილი + 3 ბავშვი – 25 ლარი, უფრო დეტალური ჩამონათვალი ამ ლინკზე.

ავტორი:

Photographer, Filmmaker, Blogger

დატოვე კომენტარი