ჯეინ ეარი – ძლიერი ქალი


XIX საუკუნის შუა პერიოდის ინგლისის ლიტერატურული ცხოვრება მდიდარია ჟანრებით და პრობლემატიკით; მაგრამ თუ რომანტიზმის ხანაში წამყვანი პოეზია იყო. 30-იანი წლებიდან უპირატესობა პროზას მიენიჭა, ლიტერატურული ნაწარმოების ყველაზე გავრცელებული ფორმა გახდა რომანი; რომანის ფართო გამომხატველობითი შესაძლებლობები, მწერალს საშუალებას აძლევდა ნათლად გადმოეცა ინდივიდებისა თუ ფართო მასების ყოფა-ცხოვრება.

ამ პერიოდის კრიტიკული რეალიზმის ერთერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია შარლოტა ბრონტე. მისი შემოქმედება მჭიდროდ ეკვრის მისივე ცხოვრებას. მის კალამს ეკუთვნის ოთხი რომანი, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული და წარმატებული არის ჯეინ ეარი. მწერალმა რომანში ბევრი ავტობიოგრაფიული ელემენტი ჩააქსოვა და პირველად ფსევდონიმით გამოსცა. მთავარი გმირი ქალის სახეში კარგად არის წარმოდგენილი უსამართლობის და ძალადობის წინააღმდეგ პროტესტი.

მე არ შევუდგები ნაწარმოების შინაარსის დეტალურად განხილვას , უბრალოდ, ზოგადად მივყვები შარლოტას და მისი დების შემოქმედებაში დასახულ სოციალურ პრობლემატიკას, რაც დღესაც აქტუალური და მრავალი განხილვის საგანია. დები ბრონტეების შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევდა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის თემა. ჯეინ ეარი იყო ახალი გმირი ლიტერატურაში, ქალი ”მგზნებარე იდეალით და გამჭრიახი გონებით, თავისუფალი ადამიანი, დამოუკიდებელი ნებისყოფით, რასაც ამაყად უსვამს ხაზს როჩესტერთან”. ჯეინ ეარი დიამეტრალურად განსხვავდებოდა, ვიქტორიანული ეპოქისთვის დამახასაითებელი, დამყოლი და მორჩილი ხასიათის ქალისგან. ჩვეულებისამებრ, ამ ეპოქის ტიპის ქალს უნდა მოეწყო თავისი ცხოვრება, ანუ აუცილებლად უნდა გათხოვილიყო, გამხდარიყო დიასახლისი და ამგვარად, ქმრის ხაზით მოეპოვებინა გარკვეული სოციალური სტატუსი და ადგილი საზოგადოებაში. სწორედ ამ პერიოდში გამოქვეყნებული დიკენსის რომანის გმირი ქალები როუზ მეილი, ქეით ნიკლბი, რუთ ლინჩჳ, იყვნენ მსგავსი ქალურობის განსახიერებანი, უფრო მეტიც რუთის გადაუტვირთავი გონება კონცენტრირებული იყო, მხოლოდ გემრიელი, ხორციანი პუდინგების ცხობაზე.

XVIII საუკუნის საზოგადო მოღვაწე და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი მერი უოლსტონკრაფტი წერდა, რომ მკითხველს არა მარტო სიამოვნება უნდა მიანიჭო, არამედ უნდა გააგებინო ქალური ბუნების რეალურობა. უდავოა, რომ შარლოტა ბრონტემ განავრცო უოლსტონკრაფტისეული იდეა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის შესახებ და ჯეინის სახით გამოთქვა, იმ დროისთვის საკმაოდ მიუღებელი და ახლაც, ხშირად სადავო აზრი იმის შესახებ, რომ ქალს აქვს უფლება გაიზიაროს მამაკაცის შესაძლებლობები. თვლიან, რომ ქალები უფრო ხშირად და მშვიდად ეგუებიან უმოქმედო მდგომარეობას, – ფიქრობს ჯეინი; მაგრამ ქალებიც ხომ იგივეს გრძნობენ, რასაც კაცები. მათი შესაძლებლობებიც ხომ ისეთივე რეალიზაციას მოითხოვენ, როგორც მათი ძმების, მამების, ქმრების, ისინი იტანჯებიან ზედმეტი შეზღუდვებით, სხვა რა არის ის ”წითელი ოთახი” სადაც ურჩ ჯეინს გამოამწყვდევენ, თუ არა მსგავსი შეზღუდვების ალეგორია?! ანუ იმ დროის მამაკაცების აზრით (და ახლაც(?)) ქალებმა, მხოლოდ პუდინგები უნდა აკეთონ, დაკემსონ წინდები, დაუკრან ფორტეპიანოზე, მოქსოვონ ხელჩანთები.

თავად შარლოტა ბრონტემ, როდესაც რობერტ საუთის თავისი ლექსები  გაუგზავნა, მისგან პასუხად მიიღო, რომ ლიტერატურა არ არის ქალის საქმე, რადგანაც იგი ხელს უშლის ქალს ოჯახური მოვალეობების შესრულებასა და ბავშვის აღზრდაში. საბოლოოდ, შარლოტას აზრით, სქესთა თანასწორუფლებიანობა გულისხმობდა სოციალურ, პოლიტიკურ და რა თქმა უნდა ემოციონალურ და ფსიქოლოგიურ თანასწორუფლებიანობას.

ის ფაქტი, რომ მან ხმა აიმაღლა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობაზე, ეს უკვე თავისთავად დიდი სითამამე იყო XIX საუკუნის, 40-იან წლებში და მითუმეტეს სასულიერო პირის ქალიშვილისთვის. არც ის იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ მორიდებული და აღმზრდელი ქალის სახით შექმნა სრულიად ახალი და განსხვავებული პერსონაჟი, რომელიც ამავდროულად ძლიერი და თავდაჯერებული ქალის სახით. მის რომანში ქალი არის თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელი, ინტელექტის და ხასიათის სიძლიერით, სწორედ რომ მამაკაცის თანასწორი.

ბრონტეს რომანებში, თითქოს რომანტიზმსა და რეალიზმს შორის შედგა გარკვეული კავშირი, ამ შემთხვევაში კი ჯეინ ეარი დასტურია იმისა, რომ არ არსებობს მკაცრად გამიჯნული ისტორიულ-ლიტერატურული მიმდინარეობების საზღვრები, ანუ არ არის აუცილებელი ყოველმა ახალმა მიმდინარეობამ უარყოს და შთანთქას წინამორბედი, პირიქით, ახალმა შეიძლება შეითავსოს ძველის ელემენტები. და რატომაც არა, გადის წლები, საუკუნეები და პრობლემატიკა უცვლელი რჩება, უფრო მეტი კითხვები ჩნდება, უფრო მეტი დავობს არის თუ არა საჭირო ქალისა და მამაკაცის თანასწორობა.

Advertisements

17 comments on “ჯეინ ეარი – ძლიერი ქალი

  1. ნაკლებად პოპულარულია, მაგრამ ბევრად უფრო ფემინისტურია ანა ბრონტეს ”უაილდფელ ჰოლის მცხოვრები” (The Tenant of Wildfell Hall) – ახალგაზრდა ქალი ბავშვით უღირს ქმარს გამოექცევა და დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას. ეს კანონითაც იკრძალებოდა და როგორც ჩანს, საერთოდ გაუგონარი რამე იყო მაშინ.
    ისეთი რამეები წერია და ისეთი მოსაზრებებია გამოთქმული ამ წიგნში, რომ ლამის გამიჭირდა დაჯერება 1840-იან წლებში რომ დაიწერა 🙂

    • კი ასეა და საერთოდ იმ პერიოდის ქალი მწერლების გამბედაობით და შემოქმედებით ძალიან მოხიბლული ვარ 🙂 🙂

  2. ბრონთე, ვოინიჩი, სანდი, მიურიელ სფარქი და კო. არ წამიკითხავს, იმიტომ რომ რომ ლიტერატურა არ არის ქალის საქმე. 🙂

    თუმცა, ფრანსუაზა საგანი და ვირჯინია ვულფი მომწონს.
    ურსულა ლე გუინი კიდო.

  3. აჰა, ამაზე მეტი რაღა გინდათ? ლიტერატურა ქალის საქმე არააო, მარტო მეცხრამეტე საუკუნეში კი არ ფიქრობდნენ ასე: ახლაც ხშირად გაიგონებტ ასეთ ფრაზას ,,პრადვინუტი” ჯეელებისგან. 🙂

  4. როგორ მიყვარს ,,ჯეინ ეარი”..ჯერ კიდევ სულ პატარა ვიყავი როცა წავიკითხე და უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი..ის ისეთი საოცარია,ზომიერად ამაყი,მტკიცე გონების,ურყევი ხასიათის,მაღალი გრძნობების მატარებელი..სიფრიფანა,ბეღურასავით პატარა ,ანგელოზივი ფაქიზი,მაგრამ ამავდროულად კლდესავით ურყევი და ძლიერი…
    შარლოტა ბრონტე უდიდესი მწერალია მართლაც,საოცარი ნაზავია კრიტიკული რეალიზმის და რომანტიზმის..ისეთივე ოსტატობითაა დახატული ეპოქის პრობლემები როგორც ის საოცარი სიყვარული, რომელიც ჯეინს და როჩესტერს აკავშირებდათ..ლამის ბავშვობიდანვე ის იქცა ჩემთვის ნამდვილი სიყვარულის იდეალად.

    ,,საუბარი ერთმანეთთან ეს არის სინამდვილეში მხიარული და ხმამაღალი ფიქრი…” მართლაც შესანიშნავია…

  5. ჯეინი ჩემი საყვარელი პერსონაჟია… დღემდე, ვკითხულობ და იმდენ რამეს ვპოულობ, გაკვირვებას ვარ : )

  6. საერთოდ არ მიყვარს მწერლების დაყოფა ,,ქალურებად” და ,,მამაკაცურებად”. სისულელეა. მწერალი ან ხარ, ან-არა. კაცებიც წერენ ყვავილებზე და ქალები-ნიჰილიზმზე. სქესის მიხედვით არაა განსაზღვრული, ვინ რაზე დაწერს. ასეთი სტერეოტიპული დაყოფა სასაცილოა. სიმონ დე ბოვუარი ქალი იყო და ეგზისტენციალიზმზე წერდა, პრუსტი კაცი იყო და-ყვავილებზე. ასეთი დაყოფის წინააღმდეგი ვარ. მწერალი არის მწერალი და არა ,,ქალური”, ან ,,კაცური”.

  7. საოცარი წიგნია ,რომელიც გვაცნობს ცხოვრების ავ კარგს ხოლო ჯენეტი ეს არის პერსონაჯი რომელმაც მართლაც ბევრი გააოცა თავისი სიმამაცითა და პირდაპირობით.რამდენადაც ბუნებრივად არა იყო ლამაზი იმდენად ლამაზი სულის პარტონი იყო ..

  8. გამოხმაურება: 2013 წელი ბლოგზე | Litterator's Blog

  9. როგორ მიყვარს… ალბათ ათჯერ მაინც მაქვს წაკითხული.
    და გინსბურგის ჯეინი მიყვარს ძალიან. ეს ის შემთხვევაა, როცა ნაწარმოები და ფილმი სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s