წავიდეთ კინოში!


ადრეული ბავშვობიდან კინოთეატრი “გაზაფხული”, ბილეთების გრძელი და მოსაბეზრებელი რიგი მახსოვს. შემდეგ იყო რთული წლები, როდესაც მძაფრსიუჟეტიან ფილმებს არა ეკრანზე, არამედ რეალურ დროში და სივრცეში ვუცქერდით მთელი ქვეყანა. მეტიც, ფილმში ვმონაწილეობდით.  ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ, 1990 წელს, იმ პერიოდისთვის ზედგამოჭრილ ფილმზე წამიყვანა მამამ, კინოთეატრში “საქართველო” სერჯიო ლეონეს “ერთხელ ამერიკაში” ვნახეთ.

მას შემდეგ კინოთეატრებმა ნელ-ნელა გამოცოცხლება დაიწყეს და აი, 1997 წელს კინოპრემიერაზეც მოვხვდი. ტიტანიკი გადიოდა. სამეგრელოდან დეიდა იყო სტუმრად ჩამოსული, რუსთაველზე ვსეირნობდით და მე, დედა და დეიდა ფილმის სანახავად შევედით. ბილეთი ტიტანიკზე 3 ლარი ღირდა. 🙂

ესეც ჩემი შენახული ბილეთი <3

ესეც ჩემი შენახული ბილეთი ❤

არ მახსოვს რა ფილმებს ვუყურებდი კინოთეატრ გაზაფხულში, მაგრამ ჩემს ვიზუალურ მეხსიერებაზე ყველაზე ეფექტური ანაბეჭდი სწორედ ამ ორმა ფილმმა დატოვა.

სახლის პირობებში ფილმის ნახვა მაშინაც შეიძლებოდა და ახლა მითუმეტეს, ყველა ფორმის და ზომის მოწყობილობით შეგიძლიათ გადმოიწეროთ ფილმი ან ონლაინ რეჟიმში ნახოთ, კეთილსინდისერად, თუ არაკეთილსინდისიერად. თუმცა ის შთაბეჭდილება, ემოცია, მეხსიერების ანაბეჭდები, ხარისხი, რაც კინოეკრანზე ნანახ ფილმს მოაქვს, ვერაფერს შეედრება. შეუცვლელია.

დიდ ეკრანზე ფილმის ნახვის სიამოვნების პარალელურად, ფილმის მთავარი შემოსავალი სწორედ კინოთეატრებიდან მიღებული შემოსავლებია. შეიძლება ვთქვათ ლომის წილი შეაქვს ფილმის შემოსავალში. ამგვარად, დიდი ჭკუის დატანება არ უნდა იმას, რომ ადგილობრივი, ეროვნული კინოპროდუქტის განვითარებისთვის და ზოგადად კინოთეატრების ნორმალური ფუნქციონირებისათვის და მასობრივი ხელმისაწვდომობისთვის საჭიროა:

1) საგადასახადო შეღავათები კინოთეატრებისთვის

2) რაც შეიძლება მეტი კინოთეატრი, მინიმუმ ქვეყნის რამდენიმე ქალაქში.

3) ბილეთის ხელმისაწვდომი/დაბალი ფასი

4) ახალი ფილმების დროულად მოწოდება.

5) ჟანრების მრავალფეროვნება

6) სივრცე საავტორო კინოსთვის

7)  მეკობრე (პირატული ფილმების) ვებგვერდების კონტროლი/შეზღუდვა

8) ფილმების ხარისხიანად გახმოვანება ქართულ ენაზე

თბილისში ორი კინოთეატრი ფუნქციონირებს.  გაურკვეველია კინო საქართველოს ბედი, რომელიც ფუნქციონირებდა და შედარებით შეღავათიან ფასად ჰქონდათ ბილეთები.  გვაქვს ასევე კინოს სახლი, რომელსაც საავტორო/დამოუკიდებელი კინოს მოყვარულები ვსტუმრობთ ხოლმე.

კინოთეატრი რუსთაველიც და ამირანიც, ორივე კინოთეატრი მოგებაზე ორიენტირებული დაწესებულებაა, ამიტომ საავტორო, დამოუკიდებელ, არამასობრივ კინოს მხოლოდ ფესტივალებზე მასპინძლობს ხოლმე.

ფესტივალები კინოკულტურის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მაგალითად, შარშან, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მხოლოდ რამდენიმე ფილმის ნახვა მოვახერხე. ბილეთები არ იყო. ფილმები მხოლოდ რამდენიმე დარბაზში განაწილდა და რასაკვირველია საკმარისი არ იყო. ფესტივალის დროს ბილეთი 2 ლარი ღირს, ჩვეულებრივი კინოსეანსის დროს 11-12 ლარი. თავად განსაჯეთ.

ამგვარად, კინოთეატრების გარდა, ფესტივალის ორგანიზატორებს უწევთ მოიძიონ საკონფერენციო დარბაზები, სადაც მაყურებლები პროექტორის საშუალებით უყურებენ ფილმებს.

მაგალითად, CineDoc Tbilisi – დოკუმენტური ფილმების ფესტივალი , რომელიც ახლა, 15 სექტემბერს იწყება, ამირანის და რუსთაველის გარდა, კინოჩვენებები გოეთეს ინსტიტუტშიც იქნება თავისუფალი დასწრებით.

იგივე მდგომარეობაა, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზეც, ძირითად სეანსებს ბათუმის ერთადერთი კინოთეატრი “აპოლო”, ხოლო პარალელურ საფესტივალო ჩვენებებს სხვადასხვა სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი მასპინძლობს; მაგალითად, წლევანდელი ბიაფის აქტიური მხარდამჭერი იყო Batumi Divani Suites , ასევე სასტუმრო “რჩეული ვილა” , გარდა ამისა კინოჩვენებები იყო ერას მოედანზეც, დიდ ეკრანზე.

ბათუმის კინოფესტივალი, სხვა ფესტივალებთან შედარებით გამოირჩევა საჩვენებელი ადგილების სიმრავლით, თუმცა როგორც ამ და ისე სხვა შემთხვევაშიც, კარგი იქნება თუ კინოს ვნახავთ კინოეკრანებზე, მითუმეტეს ფესტივალის მასშტაბებში. ეს ეხება, ბიაფსაც, თბილისის კინოფესტივალსაც, სინედოკსაც და სხვა ფესტივალებს.

ეროვნულ კინოკულტურაში კარგი დროც იყო. 1918-1921 წლებში ოცზე მეტი კინოთეატრი იყო საქართველოში, მათ შორის “აპოლო,” “პალასი,” “ოდეონი,” “კოლიზეი,” “მუზა,” “მულენ-ელექტრიკი,” “ილუზიონი” და ა.შ.

პირველი კინოჩვენება ძმები ლუმიერების კინო დანადგარით შედგა 1896 წელს, ძმები ლუმიერების პარიზული პირველი კინოჩვენებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, ხოლო პირველი კინოთეატრი (საზაფხულო) 1905 წელს სოფია ივანიცკაიამ, ოდესელმა ბიზნესმენმა, მუშტაიდის ბაღში გახსნა.

ესეც ცნობის ფურცელი პირველი კინოჩვენების შესახებ.

ესეც ცნობის ფურცელი პირველი კინოჩვენების შესახებ.

როდესაც სხვა ქვეყნებს ვსტუმრობ, მაოცებს შენარჩუნებული ავთენტურობა, ძველი ქუჩები, ძველი მოვლილი შენობები, ისეთი შენობებიც კი, რომელთაც ისევ ის ფუნქცია შეინარჩუნეს, რაც ვთქვათ 60-70 ან მეტი წლის წინ ჰქონდათ.  ჩვენ რატომ ვებრძვით ძველ შენობებს ვერ გამიგია, რატომ არ შეიძლება აღმაშენებლის გამზირზე ისევ ისე დავდიოდეთ კინოთეატრ აპოლოში, როგორც მაშინ როდესაც ის აშენდა, 1909 წელს.

საბჭოთა კავშირის დროს კინოთეატრები ყველა ქალაქსა თუ სოფელში იყო, რასაკვირველია, შიმშილობის წლებში კინოთეატრებიც ისე გამოვხარეთ, როგორც სხვა დანარჩენი რამ. ახლა ეს შენობები ან მიტოვებულია, ან სხვა რამედ გადაკეთდა, მაგალითად, ჩემს სოფელში ყოფილი კინოკლუბი ეკლესიად გადააკეთეს. შესაბამისად, ფილმების სანახავად თავგამოდებული კინომანები თბილისში ჩამოდიან, ხოლო უმრავლესობა ცხადია ვერ ახერხებს ან დროის ან ფინანსების უქონლობის გამო.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, კინოს ბილეთი ძვირია, 11-12 ლარი. ნახევარ ქალაქს ფილმისთვის გამოივლი, დაპატიჟებ მეგობარ გოგოს, შვიდ წრეს შემოუვლი პარკინგის ცარიელი ადგილის მოსაძებნად, ხელს სასუსნავსაც გააყოლებ და კინოში ერთი ფილმის ნახვა, დაახლოებით 50-60 ლარი გიჯდება.

ცარიელი ადგილები მომრავლდა კინოში. ფილმის ონლაინ მოძიება, ჩამოტვირთვა და ხელუხლებელი ჯიბე უფრო მოსახერხებელია ბევრისთვის, რასაც ისევ და ისევ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები უწყობს ხელს.

როგორც ხერგიანმა დაწერა “საქართველოს (რეალურად კი თბილისის) კინოთეატრებში, შედგა დევიდ ფინჩერის ახალი ფილმის “გაუჩინარებული ქალი” პრემიერა”, რეალურად მართლა ასეა, ბათუმის “აპოლოს” თუ არ ჩავთვლით, სადაც რამდენიმე სხვადასხვა ფილმის ნახვის ალტერნატივაც კი არ არის, კინოჩვენებები დედაქალაქს არ სცდება. მეტიც, კინოთეატრების ისეთი დეფიციტია რომ პარლამენტის წევრებმა “სიმინდის კუნძული” პარლამენტში ნახეს.

2013 წლის მონაცემებით, კინოთეატრებში ფილმების ნახვით პირველ ადგილზეა სამხრეთ კორეა, შემდეგ აშშ, ავსტრალია და საფრანგეთი. პირველ ოთხეულში მოხვედრაზე, რასაკვირველია პრეტენზია ვერ გვექნება, თუმცა რადიკალურად ბევრი რამ უნდა შეიცვალოს რომ კინო იყოს ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის, ახალი და გასაგები ანუ მშობლიურ ენაზე გახმოვანებული. და რაც მთავარია, კინოთეატრები უნდა დაემატოს თბილისს და ბათუმს, ხოლო გაიხსნას თელავში, სიღნაღში, ქუთაისში და ა.შ.

შეიძლება ისეთი აღფრთოვანებით არ ვიაროთ, როგორც ბევრი წლის წინ დავდიოდით კინოში ან როგორც მიდიოდნენ ლუმიერების ფილმების სანახავად, შეიძლება ისეთ შთაბეჭდილებას ვეღარ ახდენს როგორც ადრე, რადგან ბევრი ნაგავი წამოვიდა, თუმცა ყოველთვის არის ის რაღაც, რისთვისაც ღირს კინოში დაბრუნება, ფილმში გადაკარგვა, დიდი ეკრანი და დიდი ემოცია.

მე ჯერ არ მინახავს ფინჩერის ფილმი. 😉

——-

ძმები ლუმიერების პირველი საჯაროდ ნაჩვენები ფილმი “ქარხნის გამოსასვლელი ლიონში”

Advertisements

3 comments on “წავიდეთ კინოში!

  1. გაზაფხულში სკოლიდან მივდიოდით შატალოზე 🙂
    მაგარი ანომალია კი იყო ეგ კინოთეატრი იმ დროს. მადლობა ბატონ ედუარდს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s