Posted in კინემატოგრაფია

რობინ ჰუდი – Robin Hood


”გუგლი გუგლობდესო და ქადა ორივე ხელით იჭმევაო”, ”ვინც გუგლავს ის პოულობსო” მოგვაწოდა ანდაზების ახალი ვერსიები ერთმა საინტერესო ადამიანმა; ჩემი გუგლი-მუგლ საძიებო სიტყვა იყო ”რობინ ჰუდი” , ქართულ ენაზე, თუმცა უშედეგოდ, რობინ ჰუდის ფილმების სხვადასხვა ვერსიების უბადრუკი ქართული ანოტაციების და ერთი გაძვალტყავებული ბლოგის გარდა ვერაფერი ვიხეირე; სამაგიეროდ მდიდარი ინფორმაცია მომაწოდა ”ROBIN HOOD”-ის ძიებამ, ხოლო ”РОБИН ГУД” არც მიცდია.

600 წლის გმირი და კვლავ მასშტაბური ინტერესის საგანი, მთავარ როლებზე ყველა დროის საუკეთესო და პოპულარული მსახიობები, კამერის მიღმა მუდამ წარმატებული რეჟისორები, ფილმის ბიუჯეტი ერთიანად შთამბეჭდავი, შედარებაც კი არ შეიძლება! რობინ ჰუდის პირველი ჰოლივუდური ვერსია თავისი დროის ყველაზე მსხვილ ბიუჯეტიანი ფილმად ითველბოდა-  ფილმის ბიუჯეტი ”სულ რაღაც” 2 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მაგრამ არაფერი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ხალხი, გმირებს ხომ ხალხი ქმნის, ხალხი, რომლისთვისაც იბრძვიან ისინი რომელთა თავგანწირვის, ერთგულების, სიყვარულის მაგალითები ლეგენდებად გადაეცემა თაობიდან თაობას; არაფერი არ იწერება, მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით, ხალხური სიმღერებით, ლექსებით, პოემებით თუ ბალადებით გადადის ხელიდან ხელში.

ისტორიული ისტორია

ხალხური პოეზია  ინგლისსა და შოტლანდიაში მე-15 საუკუნეში გაიფურჩქნა. მისი ყველაზე საინტერესო ნიმუში იყო ბალადა (ძვ. ფრანგულიდან – balade, ძვ. პროვანსალურში – ბალადა, სიმღერა ცეკვის თანხლებით, balar -ცეკვა, გვიანდელი ლათინურიდან – ballāre);

შინაარსის მიხედვით ბალადები იყოფიან სამ ჯგუფად: ისტორიული, ჰეროიკული და რომანტიული; ისტორიული ბალადა აგებული იყო ისტორიულ ფაქტზე, მაშინ როდესაც ჰეროიკული ხასიათის ბალადები იყო კანონისგან ან ოჯახისგან დევნილი ადამიანების შესახებ; გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ბალადები უმეტესწილად სრულდებოდა სიმღერების სახით და მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით, იგი სოფლებსა და ქალაქებში გართობის საუკეთესო საშუალება იყო, (ხალხის ცხოვრების ეს ეპიზოდი საუკეთესოდ არის წარმოდგენილი რიდლი სკოტის ამჟამინდელ ვერსიაში, ჩემი აზრით), ასეთი გართობა წარმოდგენისა და თამაშობების ერთგვარი კოლორიტული მიქსი იყო.

ჩვენთვის ყველაზე მეტად ცნობილი რობინ ჰუდის ბალადები დაახლოებით 40-მდე ცალკეულ ბალადას ითვლის, რომელიც მე-14 და მე-15 საუკუნეებში დაიწერა.

მისი სახელი პირველად გვხვდება უ. ლენგლენდის პოემაში ”პეტრე მხვნელის ხილვა” (1377); შემდეგ ე.უინტოუნის ”შოტლანდიის ჭეშმარიტ ქრონიკებში” (დაახლოებით 1420წ);

ბალადების პირველი კრებული ”რობინ ჰუდის მცირე სიმღერები” გამოქვეყნდა 1495 წელს; მისი სახე განსაკუთრებით პოპულარული იყო აღორძინების ეპოქაში, გვხვდება უ. შექსპირის, ბ. ჯონსონის და უ. სკოტის ნაწარმოებებში; ქართულ ენაზე რობინ ჰუდის ბალადები 1957 წელს გამოქვეყნდა (გ. გაჩეჩილაძის თარგმანი);

ამ ბალადებში, რობინ ჰუდი წარმოდგენილია როგორც იომენი, რაც იმ დროისთვის ნიშნავდა დამოუკიდებელ მოვაჭრეს ან ფერმერს. მხოლოდ მე-16 საუკუნის გვიანდელ პერიოდში ხდება იგი ტიტულოვანი, და გვევლინება, როგორც ჰანტიგტონის გრაფი, რობერტ ლოქსლი, მოგვიანებით რობერტ ფიტც ოოს.

მე-16 საუკუნის გვიანდელი პერიოდი, ასევე ის დროა, როდესაც რობინ ჰუდი ჩნდება 1190-იან წლებში, მეფე რიჩარდის ჯვაროსნული ბრძოლების დროს. ერთ-ერთო თავდაპირველი რობინ ჰუდის ბალადა ეხება მეფე ედუარდს (ედუარდ I, II  და III ინგლისს მართავდნენ 1272 წლიდან 1377 წლამდე). რობინ ჰუდის იდეა, საქსონელი კეთილშობილების და ნორმანდიელი ლორდების ბრძოლაში, ჩნდება მე-19 საუკუნეში (Thierry, Histoire de la Conquête de l’Angleterre par les Normands, livr. xi), მნიშვნელოვანი როლით ჩანს ასევე სერ უოლტერ სკოტის აივენჰოში  (1819, თავი 40-41), სადაც თანამედროვე რობინ ჰუდის დებიუტია  ”კანონისგან დევნილთა მეფე და კეთილი ადამიანების პრინცი”, როგორც მას რიჩარდ ლომგული უწოდებს.

რობინ ჰუდის რომანტიული ურთიერთობა მარიონთან (თავდაპირველად ცნობილი როგორც მატილდა) ასევე გვიანდელი პერიოდის ნაყოფია და სავარაუდოდ რაღაც კავშირშია ფრანგულ პასტორალურ პიესასთან ”რობინის და მარიონის თამაში” (Jeu de Robin et Marion, 1280). გარდა სახელებისა, რობინ ჰუდის სხვა რაიმე კავშირი ამ პიესასთან არ არის დაფიქსირებული.

ბალადებში მისი მეგობრები ( მხიარული მხლებლები) არიან: ბერი ტაკი, უილ სკარლეტი, და პატარა ჯონი, რომელსაც პატარას დაცინვით ეძახდნენ, სინამდვილეში დიდი იყო 7 ფუტის სიმაღლის.  ალენედეილი რობინ ჰუდის ბალადების მოგვიანებით შექმნილი პერსონაჟია.

Coeur de Lion

მას შემდეგ რაც 1189 წელს, მოტეხილი, იმედგაცრუებული, შვილებისგან და საფრანგეთის მეფისგან დამარცხებული ჰენრი II გარდაიცვალა, ტახტზე მისი მეამბოხე ვაჟი რიჩარდი ავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან მცირე ხნით იყო საკუთრივ ინგლისში, რიჩარდ I ყოველთვის ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ და პატივცემულ მეფე რჩდებოდა. მისი მეტსახელი კი Coeur de Lion ”ლომგული” ადასტურებს იმას, რომ იმდროინდელი კულტურა, ისევე როგორც მისი წინამორბედებისა მკვეთრად ერწყმოდა ფრანგულს.  რიჩარდი იყო მამაცი და კარგი ჯარისკაცი; იგი იბრძოდა წმინდა მიწაზე მუსლიმანების წინააღმდეგ; როდესაც წმინდა მიწიდან ბრუნდებოდა რიჩარდი შეიპყრო ავსტრიის ჰერცოგმა, რომელსაც ებრძოდა იერუსალიმში. ჰერცოგმა მის გასაშვებად მოითხოვა ფული და ინგლისს ორი წელი დასჭირდა იმისათვის რათა გამოსასყიდი დაეფარა. ოდნავ მოგვიანებით, 1199 წელს იგი საფრანგეთში მოკლეს. რიჩარდს მთლიანობაში ოთხი თუ ხუთი წელი აქვს გატარებული იმ ქვეყანაში, რომლის მეფეც ის იყო. რიჩარდს ვაჟი არ ჰყავდა, შესაბამისად ტახტზე მისი ძმა ჯონი ავიდა. ჯონი ტახტზე ასვლამდე უკვე არაპოპულარული იყო ისეთ სამ მნიშვნელოვანი წრის ხალხში, როგორიც იყო: დიდებულები, ვაჭრები და სასულიერო პირები (ეკლესია).

ჯონს ხალხი პატივს არ სცემდა პირველ რიგში მისი გაუმაძღრობის გამო. ჩვეულებრივი ამბავი იყო როდესაც ფეოდალი ლორდის ქალიშვილის გათხოვების შემთხვევაში ფეოდალს მეფისთვის ფული უნდა გადაეხადა, თუმცა ჯონი ჩვულებრივზე უფრო მეტს ითხოვდა. ასევე, როდესაც დიდებული კვდებოდა, მის მემკვიდრე ვაჟიშვილს მეფისთვის ფული უნდა გადაეხადა სამკვიდროს მიღებისთვის. საკუთარი შემოსავლის გაზრდის მიზნით მეფემ ამაზეც გაზარდა გადასახადი, თუ გარდაცვლილს მემკვიდრე არ ჰყავდა, ჩვეულებრივად მისი მამულები სხვა დიდებულს გადაეცემოდა მეფე ჯონს დრპ გაჰყავდა იტოვებდა რა საკუთრებაში სამკვიდრო მამულებს და იღებდა მათგან სარგებელს (მოსავალს ა.შ.)  (აქ ეპიზოდი ფილმიდან, როდესაც შერიფი ემუქრება მარიონს, რომ მისი ქმარი არ დაბრუნდებოდა, მოხუცი მამამთილი მალე მოკვდებოდა და იგი ქუჩაში აღმოჩნდებოდა, შესაბამისად კარზე მომდგარ რობინ ჰუდს მარიონი ქმრად ხოლო მისი მამამთილი შვილად, რობერტ ლოქსლად აცხადებენ).

მოკლედ, შევეცადე თქვენთვის ის ისტორიული ფაქტები წარმომედგინა რაც მეტ-ნაკლებად ფილმის უახლეს ვერსიაში არის მოყვანილი. თუმცა მომეჩვენა თუ არა არ ვიცი, თითქოს რიდლი სკოტი შეეცადა ლომგულის დაკნინებას და მეფე ჯონის მიმართ მცირედ დადებითი გრძნობების გაღვივებას მაყურებლის თვალში. ეს ისე სხვათაშორის.

კინო ისტორია

ქრონოლოგიურად მივყვეთ მეტ-ნაკლებად ცნობილ კინო ვერსიებს:

1908წ – რობინ ჰუდი და მისი თანამებრძოლნი

რობინი  – რობინ ჰუდი

პირველი მოკლემეტრაჟიანი, შავ-თეთრი, მუნჯი ფილმი, რომელიც გადაიღო პერსი სტოუმ, ინგლისში. მას მოჰყვა კიდევ ორი მუნჯი ფილმი, ”რობინ ჰუდი, კანონისგან დევნილი” – 1912 წელს, 30 წუთიანი და ”რობინ ჰუდის დღეები” – 1913 წელს, საბოლოოდ სამივე მალე დავიწყებას მიეცა. ისიც არ არის ცნობილი პირველ ფილმში ვინ ასრულებდა რობინ ჰუდის როლს.

1922 – რობინ ჰუდი

რობინი: ჰანტიგტონის გრაფი

ჰოლივუდის პირველი ფილმი გადაიღეს 1922 წელს. სცენარის ავტორი, პროდუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი იყო დუგლას ფეარბენქსი. ეს იყო იმ დროის ყველაზე ძვირადღირებული ფილმი, დაახლოებით 1.5 მილიონ დოლარამდე დაჯდა მისი გადაღება. დუგლას ფეარბენქსმა თავისი ცნობილი ქალების გულთამპყრობელის იმიჯით რობინი რომანტიულ გმირად აქცია. არ დაუშურებიათ ამ ფილმისთვის ბრწყინვალე დეკორაციები, ციხე-სიმაგრეც კიი ააგეს; ხმალაობის, ბრძოლების სცენებმა და კასკადიორებმა გააოგნეს მე-20 საუკუნის დასაწყისის მაყურებელი, ამ ფილმმა ყველაფერი მანამდე არსებული გადაფარა თავისი ბრწყინვალებით.

1938 – რობინ ჰუდის თავგადასავლები

რობინი: რობინი, ლოქსლის გრაფი

Warner Bros-ის ფილმი, ამ ფილმმა ისევე როგორც მისმა წინამორბედმა დაამკვიდრა ტენდეცია ფილმმეიკერებში, თუ ქმნი რობინ ჰუდზე ფილმს, მაშინ ბოლომდე უნდა დაიხარჯო თუ არა და წახვიდე სახლში. ეს ფილმი 2 მილიონი დოლარი დაჯდა, და Warner Bros-ის ერთ-ერთი კინოჰიტი გახდა. მოიპოვა კინო აკადემიის სამი ჯილდო. მთავარი როლის შემსრულებელმა ეროლ ფლინმა კი შექმნა ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო და შთამბეჭდავი კინოსახე.

1954 – რობინ ჰუდის და მისი თანამებრძოლების ისტორია

რობინი: რობინ ჰუდი

ეს ფილმი იყო დისნეის პროდუქცია მის ანიმაციურ ვერსიამდე. მთავარ როლში ცნობილი რიჩარდ ტოდი მონაწილეობდა; რომ არა ბედისწერა და გადაღებების კონფლიქტური პერიოდები  იგი პირველი ჯეიმს ბონდი იქნებოდა, რომელსაც რობინ ჰუდის როლიც ექნებოდა შესრულებული.  თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ ნამდვილმა პირველმა ჯეიმს ბონდმა სწორედ, რომ ითამაშა რობინ ჰუდის როლი. ფილმის ფორმულა არ შეცვლილა, ჯვაროსნები, პრინცი ჯონი, ირმებზე ნადირობა, მშვილდოსნობის შეჯიბრი, შეპყრობა, გაქცევა, გამარჯვება და მეფე რიჩარდი.

1964 – რობინი და 7 ჰუდი

რობინი: რობო

ამ ისტორიული ამბავის სხვადასხვა ვარიაციისგან განსხვავებით ფრენკ სინატრას ვერსია ცალკე აღნიშვნის ღირსია. შერვუდის ტყის ნაცვლად მოქმედება ხდება ჩიკაგოში, ჯვაროსნების ნაცვლად, ქალაქში განგსტერები გვევლინებიან და რა თქმა უნდა ეს არის მიუზიკლი. აბა თქვენ წარმოგიდგენიათ ტყეში ცხენით მოჯირითე ფრენკ სინატრა მშვილდისრით? ეს ზუსტად ის სტილი იყო რაც ფრენკს ყველაზე მეტად უხდებოდა.

1973 – რობინ ჰუდი (ანიმაციური ფილმი)

რობინ ჰუდის ანიმაციური ვერსია სათავეს 1930-იანი წლებიდან იღებს. ფიფქია და შვიდი ჯუჯას (1937) გამოშვების შემდეგ, უოლტ დისნეი დაინტერესდა მე-12 საუკუნის ლეგენდით მელია რენარის შესახებ. წლების მანძილზე მრავალი ცდა იყო როგორმე ამ ლეგენდიდან რაიმე შეექმნათ, მაგრამ დისნეის გუნდისთვის პრობლემა და მიუღებელი იყო ის რომ მელა რენარი იყო ერთი მშიშარა, ფლიდი, გაიძვერა თაღლითი.

დისნეის ლეგენდარული ანიმატორი კენ ანდერსონი, მამოძრავებელი ძალა იყო რობინ ჰუდის ლეგენდის გმირების ანიმაციურ პერსონაჟებად გარდაქმნის პროცესში. იმის გათვალისწინებით, რომ დისნეის მთელი პერსონალი გადართული იყო ”არისტოკრატი კატების” (1970) პროდაქშენზე, ანდერსონი ბეჯითად მუშაობდა რობინ ჰუდის ანიმაციური სამყაროს შექმნაზე.

”როგორც ამ ამბავის და ხასიათების კონცეფციის ავტორმა, მე ზუსტად ვიცოდი, რომ რობინი მელია უნდა ყოფილიყო, ხოლო მარიონი კი მომხიბლავი მელაკუდა, პატარა ჯონი, ცნობილი თავისი სიდიდით, ნამდვილად დიდი გაბარიტების დათვი უნდა ყოფილიყო” – ამბობდა ანდერსონი.

ანიმაციური ფილმის ბიუჯეტი თითქმის იგივე იყო, რაც რობინ ჰუდის პირველი ჰოლივუდური ფილმისა – 1.500 000 აშშ დოლარი. ხოლო მოგება იყო ისეთი რაც არცერთ ანიმაციურ ფილმს მანამდე არ მოუტანია – 9.500 000 აშშ დოლარი.

1976 – რობინი და მარიონი

რობინი: რობინ ჰუდი

რობინ ჰუდის ამ ვერსიაში ჩემი ფავორიტი მსახიობები მონაწილეობენ. თუმცა მათი რობინ ჰუდული თავგადასავლები არ ვიცოდი ვიდრე ამ პოსტის წერა არ დავიწყე. შონ კონერი გასაგებია, მაგრამ ოდრი ჰებპერნი?! ვერ წარმომედგინა. ეს იყო ოდრი ჰეპბერნის პირველი ფილმი 9 წლიანი პაუზის შემდეგ.  მსახიობები არ იყვნენ ისეთი ახალგაზრდები, როგორც სხვა ფილმებში, ამბავი ისევ იგივეა ოღონდ ოდნავ განსხვავებულად მთავრდება.

ფილმის ბიუჯეტი: £5,000,000

1991 – რობინ ჰუდი: ქურდების პრინცი

რობინი: სერ რობინ ლოქსლი

უჰ რამდენი დრო გასულა ამ ფილმის შემდეგ J თითქმის ოცი წელი. ასეა თუ ისე ქევინ რეინოლდსის ვერსია თანამედროვე თაობის ყველაზე აღიარებული ფილმია. ეს იყო, ბოლო მსხვილბიუჯეტიანი ვერსია რიდლი სკოტის ფილმამდე. მორგან ფრიმენი, ალან რიკმენი, მერი ელიზაბეთ მასტრანტონიო, კევინ კოსტნერი და თვით შონ კონერი მეფე რიჩარდის როლში- ეს ამ ფილმის ბრწყინვალე თანავარსკლავედი გახლავთ.  განსხვავებული ამ ფილმში გახლავთ ის, რომ ციხე-სიმაგრეები, კოშკები და ზოგადად სცენები უფრო მეტად რეალურია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 90-იანების ეპიკური მოდისთვის დამახასიათებელი სასიყვარულო სიმღერა ბრაიან ადამსის შესრულებით – ”Everything I do I do it For you”, ოსკარის ნომინაციით და უამრავი პრიზით დამშვენებული (Grammy, MTV Movie Award, ASCAP Award, Most Performed Song from a Film და სხვა). ჰიტი, რომელიც 17 კვირის განმავლობაში 1 ადგილზე იყო ბრიტანულ ჩარტებში.

ბიუჯეტი – $48,000,000  (წინამორბედებისგან ძალიან ძალიან განსხვავებული)

და შედეგად

მოგება – $390,493,908

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ცნობილი ჰიტი ფილმის ფონზე:

2001 – ქურდების პრინცესა

რობინი: გვინი, რობინ ჰუდის და მარიანის ქალიშვილი

მე ეს ახალგაზრდა ქალბატონი ფილმით ”დომინო” გავიცანი, მაგრამ დომინომდე, და სანამ ეს დომინო შემდეგ კარიბის ზღვაში შეცურავდა მეკობრეებთან ერთად და ვიდრე ბოლოს და ბოლოს ჰერცოგინია გახდებოდა, მშვენიერი კირა ნაიტლი არც მეტი და არც ნაკლები ქურდების პრინცესა გახლდათ 🙂 🙂 -. ABC-იმ, სატელევიზიო ფილმისთვის, ამბავში უამრავი ელემენტი შეიცვალა რათა რობინ ჰუდის ქალიშვილი – ქურდების პრინცესა როლს  მორგებოდა და გამოსულიყო მამის ჩრდილიდან. რა თქმა უნდა პრინცი აქაც არის, რომელიც პრინცესას ეხმარება და სიყვარულიც თავის გზას პოულობს.

2010 – რობინ ჰუდი

რობინი: რობინ ლონგსტრაიდი

ჩემთვის რიდლი სკოტის ვერსიამ სრულიად წალეკა ყველა სხვა დანარჩენი. ”გლადიატორის” რეჟისორისგან სხვას არც არაფერს ველოდი.

ინგლისში გადაღებებისთვის მოსამზადებლად, რამოდენიმე თვის მანძილზე გადამღები ჯგუფი და მსახიობთა გუნდის 4 მთავარი წევრი ცხოვრობდა რასელ ქროუს ფერმაში, ახალ სამხრეთ უელსში (ავსტრალიის შტატი). ისინი ყოველდღიურად ბაიკებით რბოლით, (ეს რაში სჭირდებოდათ ვერ ვხვდები) ცხენებით ჯირითით, იოგით, დარბაზში ვარჯიშით და მშვილდის ტყორცნით იყვნენ დაკავებულები. ღამეს კი მუსიკას უთმობდნენ, რადგან რობინ ჰუდის ისტორიის გმირები არა მხოლოდ მებრძოლები, მუსიკოსებიც არიან. კადრს მიღმა ურთიერთობამ და დიდმა მეგობრამ ფილმშიც დამაჯერებელი გახადა მათი ქცევა.

შერვუდის ტყე აღარ არსებობს სარრის მიმდებარედ. ასე რომ თითქმის ყველა სცენა გადაღებულია ავსტრალიაში. სარიში აიგო ნოთინგჰემის მთელი სოფელი, ერთ-ერთ კერძო მამულში.

ფილმში მოცემულია ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდი, სადაც მონაწილეობს მეფე რიჩარდ ლომგული. რაც თვალში მომხვდა ლედი მარიონი საკმაოდ ძლიერი ქალია. მისი ქმარი წლების წინ მეფე რიჩარდს გაჰყვა ლაშქრობაში და არც იცის ცოცხალია თუ მკვდარი. იგი მოხუც მამამთილთან ერთად ცხოვრობს და იმ დროინდელი ულმობელი კანონების თანახმად, მისი გარდაცვალების შემთხვევაში მამულებს ჩამოართმევენ და ქუჩაში დარჩება, რასაც ბოროტი შერიფი ხშირად ბოროტად ახსენებს. მარტოდ მარტო უძღვება უზარმაზარ მეურნეობას და სახლ-კარს. ხოლო შემოსავალი თითქმის მთლიანად ხარბ და გაუმაძარ მეფე ჯონს მიაქვს. თუმცა რობინ ლონგსტრაიდის გამოჩენის შემდეგ, რომელსაც მისი გარდაცვლილი მეუღლის ხმალი მოაქვს, სრულიად შეიცვლება სურათი.

საბრძოლო სცენებზე მე ვერაფერს გეტყვით თავად უნდა ნახოთ.

რეჟისორი – რიდლი სკოტი

რობინ ჰუდი – რასელ ქროუ (ოსკარის მფლობელი)

ლედი მარიონი – ქეით ბლანშეტი (ოსკარის მფლობელი)

წლევანდელი კანის კინო ფესტივალი გაიხსნა სწორედ ამ ფილმის პრემიერით, 2010 წლის 14 მაისს.

ფილმის ბიუჯეტი – 237 000 000 აშშ დოლარი

(თუ გინდა გაიქეცით და შერვუდის ტყეში იღრიალეთ, მაგრამ ასეა)

ფილმის მოგება – 24 მაისის მონაცემებით $ 68,473,345 (10 დღეში)

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. An illustrated History of Britain – David McDowall (Longman) 2000
  2. English Literature – TD Volosova, MJ Hecker, VV Rogoff (1974)
  3. ქსე – ტომი 8 (გვ 418)

ლინკები:

ANIMATION ARCHIVE

Reynard Fox Legend

Robin and Marian

BOX OFFICE

etc.

ავტორი:

Blogger, Photographer, Filmmaker

13 thoughts on “რობინ ჰუდი – Robin Hood

  1. ძალიან საინტერესო და ვრცელი ინფორმაციაა. ამდენი ფილმი თუ იყო რობინზე გადაღებული არ ვიცოდი :))))

  2. ვაჰ ყოჩაღ!!!! მაგარი იყო. მე უნდა გამოვტყდე და მხოლოდ ანიმაციური ფილმი მაქვს ნანახი და მიყვარდა ბავშვობაში. მგონი შონ კონერის მონაწილეობითაც ნანახი მაქვს, აღარ მახსოვს.
    ახალ რობინს უყურებ მერე 😉

  3. კარგი მომიხილვაა 🙂
    და რობინის კომიკური ვერსიები სადაა? :დ
    კევინას რობინი უფრო მახსოვს მე, რა ცუდია 😦

  4. კევინას რობინი მეც ყველაზე მეტად მახსოვდა, იმ დროს ეგ სასტავი იყო მაგარი პოპულარული და ფილმიც კარგი გამოვიდა 🙂 🙂

    კომიკური სიტუაციები ყველა რობინს ახლავს მგონი 🙂 🙂 🙂

  5. როგორც იქნა ვნახე ეს ბოლო რობინ ჰუდი. კარგი ფილმი ჩანს, ნორმალური, მაგრამ რობინ ჰუდი რატომ დაარქვა ვერ გამიგია რა :დ

  6. :))))) ეგ მეც ვიფიქრე, ვიფიქრე, ვიფიქრე მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და დავტოვე რობინ ჰუდი :)))))) ეტყობა რიდლიც ასე მოიქცა :))))))

  7. ძალიან კარგი ბლოგია. ინტერესით წავიკითხე და მომეწონა.
    რობინ ჰუდი კიდევ მართლა მაგარია. მახსოვს ტომ სოიერში ბავშვების საყვარელი გმირი რომ არის. :))

  8. მე BBC-ს სერიალი მირჩევნი ყველას და კიდევ ანიმაციური ვერსია. მთელი ბავშვობა ამ მულტფილმზე მაქვს გატარებული 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s