Posted in აქეთური იქეთური, კულინარიული ამბები

სოფია მელნიკოვას ფა(ნ)ჩრიანი დუქანი

ჩვენს ქვეყანაში კარგი საკვების და კარგი მომსახურების ერთად ნახვა ისეთი რამეა ქუდბედიანებსაც რომ არ უმართლებთ.

ხდება ხოლმე რომ რაღაც ადგილს ამოიჩემებ ხან მეგობრის ხათრით, ხან “მოდი აქვე ვართ და შევირბინოთ”, ხან “ნორმალური საკვების” ხათრით, ერთი სიტყვით, ასე და ამგვარად ასეთი ამოჩემებული ადგილი სოფია მელნიკოვას დუქანი აღმოჩნდა.

დუქანში უფრო ზაფხულობით დავდიოდით, ხან ტალავერის ქვეშ ვისხედით, ხანაც ვარდებიანი ბაღში ლიტერატურის მუზეუმის ეზოში და მშვიდად ველოდებოდით მიმტანების მოწყალებას საათობით. თუმცა, ამ სასიამოვნო გარემოს მიუხედავად, მაშინაც რამდენჯერმე მივეცით შენიშვნა (პოსტიც კი დავწერე) მიმტანების გაბრაზებულ სახეებთან, სიზანტესთან და გულმავიწყობასთან დაკავშირებით. მიმტანები ხან ჩვენთვის უხილავ სივრცეში იკარგებოდნენ, ხან შეკვეთის გატარება ავიწყდებოდათ და 1 საათის შემდეგ აღმოჩნდებოდა რომ სულ არ შეუკვეთავთ შენი კერძი, ხან კიდევ ერთის ნაცვლად მეორე კერძი მოჰქონდათ, ჩაწერას ხომ ვერასოდეს დააყენეს საშველი.

დუქანში საუკეთესოს თუ არა ერთ-ერთ საუკეთესო ხინკალს ამზადებდნენ, ერთხელაც მოხდა ისე რომ იმ გემრიელი ხინკლის შემქმნელი დროებით შეცვალეს და ერთი-ორჯერ სტუმრობის შემდეგ რომ ხინკლის ფაზლი მოგვართვეს, მელნიკოვა დროებით დავივიწყეთ.

ამასობაში, დუქანის გასტრონომიული კრეატივი უფრო განვითარდა და ხინკლის ფაზლის შემდეგ, მომგებიანი ხინკალი შესთავაზეს მომხმარებელს, მოგება არც მეტი და არც ნაკლები, ჩახვეულ-ჩაღვლარჭნილი დალალი აღმოჩნდა.

ჩემი მეგობარი აღმოჩნდა ასეთი იღბლიანი, სულ ახლომახლო სამეგობრო წრეში, სამი მოგება დაფიქსირდა.

ვინც ვერ მოვიგეთ, გადავწყვიტეთ კიდევ გვეცადა, ის კი გვითხრეს მზარეული ძველი დააბრუნეს და მოგების შანსი არ გაქვთო, მაგრამ არ შევეპუეთ და კიდევ ვესტუმრეთ მელნიკოვას. ❤

არც ამჯერად გამიმართლა, ისევ ჩემმა მეგობარმა მოიგო, ასე 15-20 სანტიმეტრის სიგრძის თმა , ხოლო ჩემმა დამ ატმის წვენი მთელი ხუთი ჭიანჭველით. ბედი არ გინდა კაცო?!

თმის შესახებ მიმტანს ვაცნობეთ, მიმტანმა გაიღიმა, ნწ, ნწ, თავი გადააიქნია და ჩეკი სრულად მოგვიტანა.

ჰო, აქვე დამავიწყდა მეთქვა რომ ხინკალს ერთი საათი და ორმოცი წუთი ველოდეთ.

ჩვენს ქვეყანაში არსებობს თუ არა ვინმე ან რამე, რომელიც სარესტორნო სტანდარტებს ან/და ხარისხს ამოწმებს სიმართლე გითხრათ არ ვიცი. მელნიკოვას დუქანი არც თუ ისე პატარა ადგილია, მაგიდები დგას დარბაზში, ტალავერში და მუზეუმის ეზოშიც, მიუხედავად სიდიდისა ისეთი პატარა სამზარეულო აქვთ, თაგვი კუდს ვერ მოიქნევს, თუმცა ამაყად დადიან კატები. სამზარეულოს კარი, რომელიც პირდაპირ ეზოში გადის მუდმივად ღიაა, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ არ აქვთ გამწოვი და ეზოს მტვერის და კატების შესვლის ხარჯზე ანიავებენ სამზარეულოს.

აქვე არსებობს ასეთი სარესტორნო სტანდარტიც, რომ სამზარეულოდან, სამზარეულოს უნიფორმით მზარეული გარეთ არ უნდა გამოვიდეს, თუმცა ეს წესიც ირღვევა: მოსაწევად, შესვენებისთვის თუ მზესუმზირის საკნატუნოდ უნიფორმაში გამოწყობილი მელნიკოვას მზარეულები ხშირად დაგვხდებიან ლიტერატურის მუზეუმის ეზოში, სკამზე ფეხმორთხმულები.

და სხვა თუ არაფერი, გუშინ იმ მაგიდასთან ვისხედით ექვსი ადამიანი, რომელთაც ლომის თუ არა წინწკლებიანი ლეოპარდის წილი მაინც შევიტანეთ ამ “ზაბიგალოვკის” პიარში და მინიმუმ ყურად უნდა ეღოთ ის რჩევები თუ პრეტენზიები რომლებსაც იგებდნენ ჩვენგან თუ სხვა მომხმარებლებისგან.

ძალიან გული დაგვწყდა და გვეწყინა.

Posted in კულინარიული ამბები

მეორადი ხინკალი, მწვადი, ცეცხლი და ნავთი

როგორც მოგეხსენებათ ჭამა ჩვენს ქვეყანაში, სექსის შემდეგ მეტად პრიორიტეტულია საკითხია, პირველი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მეორე კი კერძო, ჩვენც გვიყვარს ჭამა, უცხოსაც ვთავაზობთ, თუ ვაყვარებთ, თუ ვტენით, არ უნდათ მაგრამ მასპინძელი სახეებით მაინც ვტენით. ჭამას, როგორც წესი წინ შიმშილი უსწრებს, ”ისე რა” შიმშილის დროს აიტან და დაელოდები პარკინგის ადგილს, ან განაგრძობ ძებნას ან მიხვალ შენთვის საყვარელ და სანდო ადგილას. მაგრამ ძლიერი, წერტილოვანი და შეტევითი ხასიათის შიმშილის დროს ასე არ ხდება. პარკინგის ადგილის არარსებობისას შეიძლება შენზე პატარა მანქანას ზემოდან გადაუარო, სულაც არ გაჩერდე, არ დაელოდო და რომელიმე ახლოს მდებარე ასე თუ ისე ცნობილ თუ სანდო რესტორანს მიადგე. ისე გშია, რომ სულაც არ გიკვირს რომ საღამოს რესტორნების პიკის საათებში, უზარმაზარ პარკინგზე სულ ორიოდე მანქანა დგას, მუდამ გადატვირთულ და უადგილო რესტორანში შესულს არც ის არ გიკვირს რომ მხოლოდ რამოდენიმე ადგილია დაკავებული და დანარჩენი ჰა ხინკალი და ჰა მოედანი, თითქოს რესტორანი გვეუბნებოდა, მოდით, შემოიხედეთ ხალხოო, სულ თქვენი არ ვარო! შევიხედეთ! წინასწარ გონებრივად შემზადებული ვარ რომ აქ, როგორც ყოველთვის, დიდი ხანი მომიწევს ლოდინი, მინიმუმ 20-30 წუთი მაინც. მთელი დღის მომუშავეთა და მოშიმშილეთა შეკვეთა ასე გამოიყურებოდა: 20 ხინკალი, 1 მწვადი, 1 ყველიანი ჩებურეკი, ცეცხლი და ნავთი. დავსხედით, დავდეთ ჩანთები, გავიდა ჩემი დაქალი ხელის დასაბანად, შემოვიდა და ეს ყველაფერი მყისიერად მოიტანეს და დააწყეს მაგიდაზე. ”ვააჰ, ასე მალე” – აღმომხდა ძალიან გაკვირვებულს. 5 წუთში შეკვეთა მოეტანოთ, მსგავს რამეს არ მოვსწრებივარ არცერთ რესტორანში, კარგად გვესმის ალბათ როგორი საკვები შეიძლება მოიტანონ 5 წუთში, სალათები, ყველეული, მწნილი და ა.შ. ცივი კატეგორიის საჭმელები. დადებიდან 2 წუთში ხინკალს ოხშივარი გაუქრა, გაცივდა, არ ჰგავდა ის ახალგაკეთებულ, ახალმოხარშულ, ლაპლაპა ხინკალს . . . . მწვადი! გახიკინებული, გამომშრალი, თითქმის დამწვარი, შეცხელებულ-შემოცხელებული . . . და თითქმის ცივი . . . . ამას გარდა, ახლოს ვისხედით ღია მაყალთან, სადაც მწვადი არ შემწვარა ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში, არც მწვადის ჩვეული სურნელი ტრიალებდა . . . რამდენიმე ხნის წინ კიდევ ერთ დაწესებულებაში ვიყავი, სადაც სხვადასხვანაირი ხაჭაპურის ზეთზე შეცხელებული, უკვე დაჭრილი, ერთმანეთზე დალაგებული ნაჭრები მოგვიტანეს. სანამ პირადად არ ვნახე და არ შევესწარი, არ მჯეროდა, რომ საკვების შებრუნება, ჩაბრუნების პრაქტიკა აპრობირებული იყო რესტორნებში. ვის, ვის და ეს მე არ შემეშლებოდა. საქართველოს მაცხოვრებლებიც ხელს უწყობენ ამ ტენდენციას, უკვეთავენ 100 ხინკალს, მიირთმევენ 40-ს და 60 ხინკალი გამოდის რომ ხელმეორედ იყიდება! იგივე ვრცელდება სხვა საკვებზეც, მაშინ როდესაც სულ არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის რომ რამდენჯერმე შემწვარი მწვადი, ხაჭაპური და ა.შ. კერძი მიირთვათ. ყოველშემთხვევაში ის მაინც გაითვალისწინეთ, რომ მწვადი შამფურით მოატანინოთ და ხაჭაპური თქვენს თვალწინ დაჭრან.

ერთი რამ კი ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ, პატარა უწყინარი კულინარიული აქცია: 1) ყოველთვის შევუკვეთოთ იმდენი, რამდენის ჭამაც შესაძლებელია!

2) თუ მაინც დარჩა, ვთხოვოთ რესტორანის პერსონალს, შეგვიფუთოს და თან გაგვატანოს!

პირველი აქციის შესრულება ძნელია ბევრისთვის, მაგრამ მონდომების შემთხვევაში შეიძლება ამ საკითხის გამოსწორება, მოდით ერთმანეთის ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, როგორც მინიმუმ! მეორე აქციის შესრულება უფრო ძნელია, თუმცა უკვე ვხედავ რომ ბევრი ამას აკეთებს და ტენდენციაც ვითარდება, რესტორნებსაც მოთხოვნისას აქვთ ქაღალდის პაკეტები ასეთი შემთხვევისთვის. ეს არ არის სირცხვილი! ეს მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა! სირცხვილი არის 100 ხინკლის შეკვეთა და 60-ის ადგილზე დატოვება! ზედმეტი ფულის გადაყრა, ან თქვენი შრომა არ გენანებათ? ან იმისი ვინც დაგპატიჟათ? დატოვებული ხელმეორედ იყიდება და ამ დროს კი გარეთ ვიღაც მშიერი რჩება! ან თუ ესეც გეზარებათ, ის მაინც წარმოიდგინეთ დილით შემწვარი ხინკალი როგორ გესიამოვნებათ.

პ.ს. ასე ხდება, როდესაც საყვარელ ადგილს   უღალატებ.

პ.პ.ს. მე კი გპირდებით კრიტიკულ პოსტებს, ორი ბწკარიც რომ იყოს დავწერ/აღვწერ და თქვენც მოგიწოდებთ იგივეს.