Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ბებერი ჰამბურგელი ბოზების სისხლი და ცრემლები

სწორედ იმის დადასტურება იქნება ამ პოსტის სათაური, რასაც რეჟისორი აღნიშნავს ინტერვიუში თავისი ახალი ფილმის “ოქროს ხელთათმანის” შესახებ. 

სისხლის, ცრემლების, ტყვნისა და შიმშილის გარეშე ფილმი არ იყიდება. ეს არის ის, რითაც დღეს კინოინდუსტრია და ზოგადად მედია პურს ჭამს. აირჩიე ან ეს, ან პირველი ოცეულის ყველა ვარსკვლავი შენს ფილმში ან უკვე კარგად ნაცნობი ფილმების სიქველები თუ პრიქველები. თან ფილოსოფიური სიღრმეც და თან კომერცია იშვიათად გამოდის, როგორც მედიაში, ასევე კინოში. 

ფატიჰ აკინის ფილმი ძალიან სასტიკია, ფილმის სიუჟეტი 70-იანი წლების ჰამბურგში ვითარდება და ცნობილი სერიული მკვლელის ფრიც ჰონკას შესახებ გვიყვება. ფილმის გამოსვლის შემდეგ რეჟისორი მიზოგინიაში და მკვლელის ჰეროიზაციაში დაადანაშაულეს. ბერლინის კინოფესტივალის საზოგადოება შოკში იყო. 

ეკრანიდან სისხლის, ძღნერის და გერმანული სარდელების ერთმანეთში არეული სუნი გიგრძვნიათ? სწორედ ეგ იყო. 

სტრანკის ბესტსელერის წაკითხვის შემდეგ, აკინმა წიგნზე უფლებები მოიპოვა. “დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ფილმს გადავიღებდი, თუმცა არ მინდოდა ჩემთვის ვინმეს დაესწრო. ყოველთვის მინდოდა საშინელებათა ფილმი გადამეღო და როდესაც დღეს, ნეტფლიქსის და ამაზონის ეპოქაში კინოსამყაროს ვაკვირდები, საშინელებათა ჟანრი ერთადერთია, რაც კინოეთეატრებში მუშაობს, რადგან ეს ჟანრი, სხვა ჟანრებთან შედარებით გამორჩეულია კოლექტიური განცდებით”. 

აღნიშნავს რეჟისორი ქოლაიდერთან ინტერვიუში. 

ფილმიც და წიგნიც მთლიანად დგას სიმახინჯეზე და სექსუალურ იმედგაცრუებაზე. ის იმდენად მახინჯი იყო, რომ თავის ტოლ ქალებთან ურთიერთობას ვერ ამყარებდა. მისი ერთადერთი ნავსაყუდელი ალკოჰოლიკი, ყოფილი ბებერი ბოზები იყვნენ, რომლებიც ახლა ალკოჰოლიკებად ქცეულიყვნენ და დღენიადაგ ბარში ისხდნენ. 

“საკმაოდ მახინჯი სამყაროა და ეს ჩემთვის გამოწვევა იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვცხოვრობთ ახლა, სპა და გამაჯანსაღებელი სალონების, ფიტნეს კლუბების ეპოქაში”. 

 

აღსანიშნავია, რომ ფილმის გარემო თითქმის იდეალურად არის აღდგენილი ფოტოდოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით. საავტორო კინოს კვალობაზე, ფილმი შემოსავლიანიც აღმოჩნდა. გაქირავების პირველ კვირაში ნახევარი მილიონი დოლარი მოაგროვა და ჩაეშვა გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, იტალიის, თურქეთის და სხვა ქვეყნების კინოგაქირავებაში.

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ქართული ფილმების მოკლე მიმოხილვა

წელს BIAFF-ზე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი უჩვენეს. ფესტივალზე ნაჩვენები ფილმებიდან ერთი-ორი ფილმის გარდა ვერცერთი დაიკვეხნის, რომ არსებულ რეალობას გამოეხმაურა, რამე ისეთი პრობლემა ასახა, რამაც წინა წელს ან იმის წინა წელს აგვაღელვა, გაგვაერთიანა ან პირიქით, დაგვშალა და გაგვფანტა. როგორც წესი, ასეთი ფილმების დიდი ნაწილი ან სადიპლომო ნამუშევარია ან სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის საჭირო პორტფოლიოს შესავსები ნაწილია.

 

სრულმეტრაჟიანი ფილმი 

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “მოსავალი”, ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა, რომლის რეჟისორია მიშო ანთაძე.  ფილმის სიუჟეტი კახეთში ვითარდება. ამ დოკუმენტურ ფილმს სადამკვირვებლო/ობსერვაციული ნიშა უჭირავს და როგორც ფილმის შესავალი გვაუწყებს ოცი წლის წინ უკუნ სიბნელეში ვიყავით, ხოლო ახლა საქართველო ბიტკოინების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. კახეთი კი, ცნობილია ღვინის, ხილის ხორცის და ახლა უკვე კრიპტოვალუტის წარმოებით. კადრი კადრს ცვლის და ვხედავთ, როგორ მონაწილეობს ტექნოლოგია ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ წველიან რძეს, უვლიან ფუტკარს, ასხამენ ქარხნულ ღვინოს და როგორ ქმნიან კომპიუტერები ვირტუალურ ვალუტას. ძალიან ვიწრო ზღვარია და ძალიან უნდა ეცადო, რომ ასეთი ფილმისგან პროპაგანდისტული ნაგავი არ შეგრჩეს ხელში, რომელიც რეალურ პრობლემას კი არ ასახავს რეგიონში და მთლიანად ქვეყანაში (ელექტროენერგიის გაძვირებას პირდაპირ უკავშირებენ კრიპტოვალუტის წარმოებას), არამედ გვაჩვენებს იმას, თუ როგორი აყვავებულია ეს მხარე, ყველა დასაქმებულია, უხვი მოსავალია, რძე მიაქვთ გასაყიდად, წყალი მოჩუხჩუხებს, ერთი სიტყვით, კარგად რომ არ ვიცნობდე კახეთს და ხშირად რომ არ ჩავდიოდე ჩემს სოფლებში, ძალიან მომინდებოდა კახეთში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადასვლა, სადაც არანაირი შემაფერხებელი გარემოება არ არის, რომ ადამიანმა ნორმალურად იცხოვროს, იმუშაოს და შექმნას მოსავალი.

სამწუხაროდ, ჩემთვის ეს ფილმი პროპაგანდისტულია და არ ასახავს რეალობას, პრობლემას.

mosavali_misho_antadze

 

 

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები (საკონკურსო)

“ცუდი ხალხი”, გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმია, 20 წუთიანი ქრონომეტრაჟით. ფილმის მოქმედება 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება.  ნაჩქარევად, გადარბენით ვხედავთ ყველაფერს, რომ სასწრაფოდ და გადაუდებლად შეგვიქმნას 90-იანების ეპოქაში ყოფნის შეგრძნება. ისე როგორც ტრეილერში, პურის რიგები, სასწრაფოს მანქანა, სროლა, კაცის კვლა და ა.შ. გააზრებასაც ვერ ასწრებ, ისე სწრაფად ეტენება ყველაფერი კადრში. ფილმში განსაკუთრებით სუსტია დიალოგები, გიტოვებს სიცარიელის შეგრძნებას, ზოგჯერ უადგილოა, შეუსაბამო, მსახიობების შესრულება კი, ზედაპირული და ხელოვნური.

 


“კარს მიღმა” – ნიკა ქურდაძის 31 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ინგლისურ ენაზეა, ალბათ პროდიუსერების და რეჟისორის მიზანი იყო საერთაშორისო ბაზრის დაპყრობა, ან შეიძლება რეჟისორი საზღვარგარეთ სწავლობს, არ ვიცი. თუმცა, მხატვრულად, ოპერატორული ნამუშევრის თვალსაზრისით ფილმი ტექნიკურად გამართულია. მსახიობებს, რაც შეეხება ზოგი ქართველია, ზოგი ენის მატარებელი. თუმცა ეს ნამდვილად არ იყო უპირატესობა, ამ ფილმში ქართველი მსახიობები უკეთესად წარმოაჩენენ თავს და ნაკლებად ხელოვნურები არიან.

 

სოსო ბლიაძის ფილმი “ტრადიცია” – როგორც ჩანს რეჟისორმა ეს ფილმი გადაიღო ფილმად, და არა მორიგ სადიპლომოდ, სრულმეტრაჟიანი ფილმის პრელუდიად ან საფესტივალოდ, ყოველშემთხვევაში, როგორც მაყურებელს, ასეთი რამ არ მიგვრძნია. მოკლე დროში, სულ რაღაც 20 წუთში, ფილმი მოგვითხრობს საქართველოს ტრადიციებში გერმანელი გეი წყვილის ხალისიანი მოგზაურობის ამბავს, რამაც შეიძლება ბევრი გააღიზიანოს.  :)) გირჩევთ ნახოთ თბილისის კინოფესტივალზე დეკემბერში.

 

და ბოლოს, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი რეჟისორების და ფილმების დიდი ნაწილი საკმაოდ სუსტად არის წარმოდგენილი ტრადიციულ თუ ახალ მედიაში (ნიუსები, რევიუები, იუთუბზე პორტფოლიო, პირადი გვერდები ან ვებგვერდები და ა.შ).

 

 

 

 

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ტაქსის მძღოლი – ადამიანი რკინის კუბოში 

“კოლეჯში სწავლამდე კინოსთან შეხება არ მქონია. სეკულარულსა და რელიგიურ ცხოვრებას შორის ნაკლებად იყო კავშირი, კინოში არ დავდიოდი, სიტუაციიდან გამომდინარე; უაღრესად რელიგიურ საზოგადოებაში ვიზრდებოდი.    

ჩვენს უბანში ახლოს ძველი კინოთეატრი იყო, სადაც ბერგმანის ფილმებს აჩვენებდნენ, იქ ვნახე პირველად “მარწყვის მდელო”. ჩემთვის ახლობელი იყო, სემინარიის თემებთან მსგავსებას ვხედავდი. ასევე აჩვენებდნენ 60-იანი წლების ევროპულ ფილმებს, ტრიუფოს, ბრესონის, ანტონიონის და სხვათა ფილმებს. კინოს ისტორიაში ყველაზე ინტელექტუალური და ამაღელევებელი პერიოდი იდგა.    

აქ ნელ-ნელა ვიწყებ ფიქრს იმაზე, რომ მსურს ვწერო კინოს შესახებ. ფილმის შექმნა საჩემო საქმე არ იყო. ბევრი ფილმი არ მქონდა ნანახი და გადავწყვიტე მენახა. წავედი ნიუ იორკში. იქ შევხვდი ჩემს მენტორს პოლინ კაელს, რომელმაც გამიწია რეკომენდაცია და ერთ-ერთი გაზეთისთვის კინოზე წერა დავიწყე.   

“ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება” – მარტინ სკორსეზე, პოლ შრეიდერი (1988)

 

1969 წლის მარტი გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ვნახე რობერტ ბრესონის “ჯიბის ქურდი”, სადაც ორი ისეთი სცენა იყო, რამაც ჩემი ცხოვრება განსაზღვრა. პირველმა სცენამ ჰარმონიაში მოაქცია ჩემი სულიერი სამყარო და კინო სამყარო, ჩემი რელიგიური წარსული და მომავალი, ხოლო მეორე სცენა დამეხმარა იმის გათვითცნობიერებაში, რომ ფილმის შექმნა შემეძლო.  

ამ შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ დაიწერა “ტაქსის მძღოლი”.   

ნიუ იორკში ჩასვლის შემდეგ საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე, არ მქონდა შემოსავალი, დავდიოდი ბარებში, მეძინა პორნო კინოთეატრებში, განმივითარდა კუჭის წყლული, რის გამოც დიდხანს ვიწექი საავადმყოფოში; 

“სწორედ მკურნალობის პერიოდში დაფიქრდა ტაქსის მეტაფორაზე: “აი, სწორედ ეს ვიყავი: ადამიანი რკინის ყუთში, კუბოში, რომელიც დაბორიალობს ქალაქში, სრულიად მარტო”.”

 დიახ, ეს ტიპი მე ვარ, ყვითელ ყუთში დამწყვდეული, სრულიად მარტო, რომელიც რაც დრო გადის, უფრო და უფრო ბრაზდება. 

მე ვიგრძენი, რომ თუ ამ ბიჭის შესახებ არ დავწერდი, მაშინ თავად გადავიქცეოდი ამ ბიჭად.  

სცენარს ვუყურებდი, როგორც თვითერაპიას და არა როგორც წარმატებას.  

დავიწყე წერა, რასაკვირველია უცებ არ გამოვიდა, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა. გაყიდვას არ ვაპირებდი, აგენტს დავუტოვე და  დავბრუნდი ლოს ანჟელესში, სადაც დავწერე სცენარი იაპონელ განგსტერებზე, რომელიც გაიყიდა (The Yakuza – 1974). 

სწორედ, ამ პერიოდში ინტერვიუ ჩავწერე ბრაიან დე პალმასთან, რომლის შესახებ სტატიას ვწერდი და ვუთხარი, სცენარი დავწერე მეთქი. გაეცინა, თუმცა დამთანხმდა რომ წაიკითხავდა. წაიკითხა კიდეც და მითხრა, ეს საჩემო სცენარი არ არისო და გადასცა სკორსეზეს. ასე გადაწყდა ტაქსის მძღოლის ბედი.   

ფილმში ძალიან ბევრი საუბრები იყო მარტოობის შესახებ, მარტინს ვუთხარი რომ ამოგვეღო, რადგან ტაქსის დიდი სალონი, სადაც ეს ტიპია გაჭედილი, ისედაც მეტყველებს მარტოობაზე.  

პოლ შრეიდერი, მარტინ სკორსეზე და რობერტ დე ნირო

რაც შეეხება ზოგადად სცენარის წერას, წერა და რეჟისურა განსხვავდება ერთმანეთისგან, პერსონაჟები, დიალოგები, ამბის თხრობა, ვიზუალური ენა – ბევრი ნიუანსია. 

სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები, არ მინდა 10 კარგი მწერალი, მე მინდა 10 კარგი პრობლემა. თუ ამბავი ვითარდება და ამის მოყოლა შეგიძლია 45 წუთის განმავლობაში, ისე რომ არავინ მოიწყინოს, შენ უკვე გაქვს ფილმი. როდესაც ყვებით, თვალით კონტაქტი მნიშვნელოვანია, რადგან ადვილად მივხვდები, როდის გკარგავ და შევეცდები შენს დაბრუნებას. 

საჭირო დროს უკვე მთლიანი ამბავი მაქვს თავში და ზუსტად ვიცი, რა მექნება სცენარის მე-17 გვერდზე. მოყოლისას ასევე ხვდები, რომ თხრობა აღარ არის საჭირო და სცენარი თავად გეუბნება, დამწერეო. 

ამერიკელი ჟიგოლოს გადასაღებ მოედანზე – პოლ შრეიდერი და რიჩარდ გირი.

ლიტერატორის შეკითხვა: რას გვეტყვით თქვენი ბოლო ფილმის “First Reformed”-ის  შესახებ? 

დაახლოებით 3-4 წლის წინ ვნახე პაველ პავლიკოვსკის “იდა”. როდესაც ფილმის შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი, გზაში ვფიქრობდი, მალე 70 წლის ვხდები და უკვე დროა ეს ფილმი გადავიღო, მერე რა რომ აქამდე არ მინდოდა ამის გადაღება. 

ფილმი წიგნს არ შეადაროთ. 

ყველა დროის ჩემთვის საინტერესო ფილმიდან ავიღე მცირე ნაწილები. 

მთავარი გმირი ჯორჯ ბერნანოსის ნაწარმოებიდან “მღვდლის დღიური”. 

ასევე ბერგმანის ფილმიდან. 

ბოლო სცენა კარლ დრეიერის ფილმიდან. 

ტარკოვსკის მსხვერპლშეწირვიდან…

და შემდეგ ეს ყველაფერი ავურ-დავურიე ტაქსის მძღოლის სტილში.” 

 

 

——–
აღსანიშნავია, რომ ფილმისთვის “პირველი რეფორმირებული ეკლესია” პოლ შრეიდერმა მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო სცენარისთვის და ამერიკის კინო ინსტიტუტმა 2018 წლის 10 საუკეთესო ფილმის სიაში შეიტანა.  

ინტერვიუ/მასტერკლასი ჩავწერე პოლ შრეიდერთან შეხვედრაზე, BIAFF-ის ფარგლებში. 

ქშიშტოფ ზანუსთან და პოლ შრეიდერთან ერთად / ბათუმი / 2019
Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ახალი ქართული ფილმები ბიაფზე

რაღაც ახალი ყოველწლიურად არის ქართულ კინოში, ზოგჯერ შეგვიძლია ფორმაზე და შინაარსზე ვიკამათოთ, ხოლო ზოგჯერ უბრალოდ საკამათო არაფერია.  გამოვალთ დარბაზიდან და ყველა, თავის ქნევით და ნწ, ნწ, ნწ ამოძახილით შევაფასებთ ფილმს. ჰა და ჰა, რომელიმემ ამოიკნავლოს:

“არადა, კარგი კადრები იყო,

არადა კარგი კადრები იყო.”

“თემასაც არა უშავდა,

თემასაც არა უშავდა”

წელს რამდენიმე ახალ ფილმს ვნახავთ, მივყვეთ თარიღებს:

 

19 სექტემბერი  

გერმანიის, აზერბაიჯანის და საქართველოს კოპროდუქცია

სეზონის დასასრული”, ელმარ იმანოვი, 2019; 92 წთ.

20 სექტემბერი 

მოკლემეტრაჟიანი ფილმები 

“გამოფენა კოსმოსში” – ROMANOZ, To Ko, 2019წ. 30 წთ.

21 სექტემბერი
სრულმეტრაჟიანი ფილმი 

“მოსავალი” – მიშო ანთაძე, 2019, 70წთ.   (საკონკურსო ფილმი)

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები (საკონკურსო)

“ცხოველი”, ამირან დოლიძე, საქართველო, 2019; 30 წთ.


“ცუდი ხალხი”, გიორგი თავართქილაძე, საქართველო, 2019; 20 წთ.


კარს მიღმა, ნიკა ქურდაძე, საფრანგეთი / საქართველო, 2019; 31 წთ.


“გაბანა”, გიგა ბაინდურაშვილი, საქართველო, 2019; 30 წთ.

“ტრადიცია”, სოსო ბლიაძე, საქართველო, 2019; 22 წთ. 

არასაკონკურსო

“მარქსის ქუჩა 12”, ირინე ჟორდანია, საქართველო

 

საბავშვო ფილმები 

“ანზორის ბედი”, “SOS” – ფრანგი რეჟისორის ჟილ ლემონოს (Gilles Lemounaud) მიერ საქართველოში გადაღებული ფილმები.

 

ბიაფის სტუმრებმა ასევე ნახეს:

“ეს ცხოვრება”, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

“აღლუმი” “ნინო ჟვანია, 87წთ. 

“გამჭვირვალე სამყარო”ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი, 2018; 82 წთ

 

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

BIAFF: სექტემბერი კინოსია და კინო ბათუმშია

BIAFF – ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი, წელს უკვე მეთოთხმეტედ გაიხსნება. ისტორია 2006 წელს დაიწყო, თუმცა მე, როგორც კინობლოგერი, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს, პირველად 2012 წელს ვესტუმრე და მას შემდეგ, ყოველ წელს, აქტიურად ვესწრები და ვაშუქებ კინოფესტივალს. ყველას ვისაც გიყვართ კინო, მუშაობთ კინოში, კინოსთან და კინოსთვის, ფესტივალი საშუალებას გაძლევთ ნახოთ ფილმები სხვადასხვა ქვეყნიდან – მოკლემეტრაჟიანი, სრულმეტრაჟიანი, მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმები, დიდოსტატთა კოლექციები, კლასიკის რეტროსპექტივა. ასევე, დაესწროთ ცნობილი კინორეჟისორების, პროდიუსერების, მსახიობების, კინოოპერატორების მასტერკლასებს, პრესკონფერენციებს, ვორქშოფებს.  ერთი სიტყვით, ხელიდან გასაშვები ამბავი არ არის, სექტემბერი კინოსია და კინო ბათუმშია.

წლევანდელი კინოგანრიგი შეგიძლიათ იხილოთ, კინოფესტივალის ვებ-გვერდზე.

საპატიო სტუმრები არ აკლია ბათუმის კინოფესტივალს. არც რიგით XIV კინოფესტივალი იქნება ამ მხრივ გამონაკლისი და წელს ბათუმში ველოდებით, პოლ შრეიდერს – ამერიკელ კინოსცენარისტს და კინორეჟისორს, გეილ ენ ჰერდს – ამერიკელ კინოპროდიუსერს და სცენარისტს, დენის ლავანს – ფრანგ კინომსახიობს,  ქშიშტოფ ზანუსსპოლონელ კინორეჟისორს, ალექსანდრე მინდაძესკინოსცენარისტს რუსეთიდან, ვეით ჰელმერს – გერმანელ კინორეჟისორს და ტატიანა დეტლოფოსონს, – კინოპრომოუტერს ამერიკიდან.

 

სტუმრების გამოცდილების გათვალისწინებით, კინოფესტივალზე ძალიან საინტერესო მასტერკლასები გველოდება, შესაბამისად, სტუმრებსაც უფრო ახლოდან გაგაცნობთ.

 

[ფოტო მთავარზე: პოლ შრეიდერი, მარტინ სკორსეზე და რობერტ დე ნირო, ფილმის “ტაქსის მძღოლი” გადასაღებ მოედანზე]

 

მასტერკლასების და პრესკონფერენციების განრიგი 

16 სექტემბერი

12.30-14.00 – პოლ შრეიდერი (აშშ) – მასტერკლასი/Q&A

16.00  – 17.00 – დენის ლავანი (საფრანგეთი), ვეიტ ჰელმერი (გერმანია) –  Q&A/პრესკონფერენცია

17.00-18.30 – ქშიშტოფ ზანუსი (პოლონეთი) –  მასტერკლასი/Q&A

ადგილმდებარეობა სასტუმრო „WYNDHAM Batumi

დენის  ლავანი  და  ევა  მენდესი, ლეოს კარაქსის  ფილმში  “Holy Motors”

19 სექტემბერი 

12.30-13.00 – პრეს კონფერენცია – „გამოფენა კოსმოსში“ –  რომანოზი /თო კო მზარელუა

13.00-14.00 – ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) –  მასტერკლასი/Q&A

ადგილმდებარეობა სასტუმრო „WYNDHAM Batumi

 

16.00 – 17.30 – “WIFT-Caucasus” პანელი – „წარმატების ფორმულა“ – საპატიო სტუმარი – გეილი ანე ჰურდი, აშშ (პროდუსერი ფილმებისა –  The Terminator, The Walking Dead, Armageddon, Aliens და ა.შ.).

ადგილმდებარეობა სასტუმრო „RADISSON BLUE Batumi“

ფილმის  “უცხო” პროდიუსერი გეილ ენ ჰერდი და რეჟისორი ჯეიმს ქემერონი

20 სექტემბერი 

13.00-14.30 – “როგორ ვაწარმოოთ ფილმის პრომოუშენი ოსკარის და ოქროს გლობუსის დაჯილდოების ნომინაციისთვის” – ტატიანა დეტლოფსონი, აშშ (ფესტივალების და კინოფილმების პრომოუშენის ექსპერტი)

ადგილმდებარეობა სასტუმრო „WYNDHAM Batumi

 

21 სექტემბერი 

12.30-13.30 – „CREATIVE EUROPE-ის პროგრამის შესაძლებლობები მხატვრული ფილმებისთვის“ – დიანა მაღლაკელიძე, ქეთი შენგელია (“შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში”)

15.00-15.40 – პრესკონფერენცია / შეხვედრა – მოკლემეტრაჟიანი ფილმების ქართველ რეჟისორებთან

16.00-17.30 –  „ახალი ქართული კინოსკოლის“ პრეზენტაცია – შეხვედრა გელა ბაბლუანთან

ადგილმდებარეობა სასტუმრო „WYNDHAM Batumi