Posted in წერილები ქუცნას

XXV წერილი ქუცნას – ნაღმზე რომ აფეთქდეს?

ქუც, შენთან გამოგზავნილი ძველი წერილები, დღეს ლამის სათითაოდ ამიხდეს, ხოდა ამიტომ, წინა წერილის არ იყოს, გადავწყვიტე წარსულის ამბები მოგიყვე ხოლმე, ალბათ ასე უფრო გამიადვილდება წარსულის წარსულში დატოვება, ვხვდები რომ იქიდან გადმოყოლილი რაღაცეები ხელს მიშლის აწმყოშიც და მომავალშიც, რამე კონკრეტულს ვერ დავასახელებ, თუმცა ფაქტია რომ ძველ ტრავმებს, გავლენა აქვთ ჩემზე, ჩემგან დამოუკიდებლად.

მე და ჩემს მეგობარს ერთი ასეთი ხუმრობა გვაქვს, ზოი, ვეკითხები, სამხედრო რომ შემიყვარდეს და ნაღმზე აფეთქდეს? ვიცინით გულიანად. და საერთოდ, როცა რაღაცაზე მოვიწყენთ ხოლმე, მაშინვე ეს მახსენდება და ისევ ვეკითხები, ისევ გულიანად ვიცინით.

ის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ალენ დელონი იყო, აი ასე, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ერთადერთი უნაკლოდ ლამაზი ადამიანი, ვისაც ჩემს თვალწინ ჩაუვლია. ვერანაირ შესწორებას ვერ შეიტანდით მის გარეგნობაში, მომხიბვლელობის და მიმზიდველობის უკანასკნელი შტრიხი მისთვის ბავშვურ ცელქობას დაემატებინა – ნაიარევი წარბთან.

ჩვენი შეხვედრა არ იყო მოულოდნელი და არც ერთი ნახვით შეგვყვარებია ერთმანეთი. მეგობრები ვიყავით. სტუდენტობის ბოლო წლებში, ძალიან ახალგაზრდები, ძალიან პატრიოტები და ძალიან პოლიტიკურები, საათობით ვკამათობდით და ვარჩევდით იდეოლოგიებს, ძალაუფლებებს, რეჟიმებს, სისტემებს, პოლიტიკურ მკვლელობებს, ეს ყველაფერი ხომ ასე ძალიან ახლობელი იყო იმ წლებში. დიდი გეგმები გვქონდა. მალე უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ის სამხედრო აკადემიას. კი, ალბათ მეოცნებეებიც ვიყავით. პოლიტიკურ მკვლელობებს გამოვიძიებდით, დამნაშავეებს დავსჯიდით.  ქვეყანას გადავარჩენდით, რომელსაც ახალი ძალა და ახალი სისხლი, ჰაერივით სჭირდებოდა.

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ეგრეა ხომ? მე ვფიქრობ, რომ ამ დროს ღმერთი ბოხი ხმით იცინის ხოლმე. ყველაფერი იმდენად სწრაფად და ბანალურად დასრულდა, ჟანრის რომელი კლასიკისთვის მიმეკუთვნებინა, არც კი ვიცოდი.

ბედნიერად საბანკეტო კაბას ვიკერავდი, უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ფრთები ალბათ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მქონდა გადაჭიმული. რეკავს ტელეფონი.

– ცოლი მომყავს.

– რა? (ეს არ იყო პირველი აპრილი)

– ცოლი მომყავს, ხმა უწყდება, თუმცა შეძლებს და გამოცრის ამ ორ სიტყვას.

– რას ნიშნავს ცოლი მოგყავს? დაბნეულობისგან, ბრაზისგან რა და როგორ მეთქვა აღარ ვიცოდი.

– ხუთი თვის ორსულია. ასე გადავწყვიტე. სხვა გზა არ მაქვს.

სხვა დანარჩენი, რაც მელაპარაკა, ვითომ ამიხსნა, განმიმარტა, უკვე ლირიკაა, არაფერი მესმოდა, არაფერი მახსოვს. მართლა არ მახსოვს.

აი ასე, უბრალოდ, დამირეკა და მითხრა რომ ცოლი მოყავს, ხაზის ტელეფონზე დამირეკა, დისკიანზე, რომელიც შემოსასვლელში იყო მისვარკული და შუაში, სამარილესავით გამოჭიმული ხომ არ დავიწყებდი ჯღნავილს? ვიდექი, ვუსმენდი და ყელი მისივდებოდა ცრემლების შეკავებისგან. მერე დავაგდე ყურმილი, გავვარდი საძინებელში და დიდხანს ვზლუქუნებდი პირქვე დამხობილი.

მე მიმატოვეს. ნაწილი პირველი. დუბლი ერთი.

შეიძლება ეს არ იყო დიდი სიყვარული, შეიძლება ეს უბრალოდ კარგი და ერთგული მეგობრობა იყო, შეიძლება ჩვენ დიდ პოლიტიკაში არ მოვსულიყავით, არც მკვლელობები გაგვეხსნა და ვერც ქვეყანა გადაგვერჩინა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა ერთმანეთის და გვჯეროდა იმის, რაზეც ვოცნებობდით და რასაც ვგეგმავდით.

აი ასე ბანალურად გაყვა წყალს, ნდობა და რწმენა, რომლის პოვნაც მას შემდეგ ძალიან მიჭირს ადამიანებში და ასევე გაცემაც.

ამ ამბავს, ახლა ისე გიყვები ქუც, თითქოს მხრებზე პლედმოსხმული ვიჯდე ბუხრის წინ, შვილიშვილებით გარშემორტყმული, რომლებიც დარწმუნებული არიან რომ ბებია ძილისწინა ზღაპარს უყვება, მაგრამ ეს ის ზღაპარი არ არის ნამდვილად, რომელსაც შვილიშვილებს მოვუყვები, ზღაპრები ხომ კარგად უნდა მთავრდებოდეს? ხომ ყოველთვის კარგად მთავრდება ზღაპარი? ხოდა მეც ის ზღაპარი მინდა, პაპა რომ მიყვებოდა ხოლმე ბავშვობაში, რომელიც კარგად მთავრდებოდა, სადაც პრინცი არ მიდიოდა, არც ნაღმზე ფეთქდებოდა, არც ქრებოდა და შვილიშვილებისთვის ნამდვილი ზღაპარი მექნება, კარგი დასასრულით.

Posted in ლიტერატურა, ჩემი ჩანახატები

ტურისტული ნაღმები

მეგობარმა ავღანეთში წასვლა შემომთავაზა. თარჯიმნად. თვითონ არ ეცალა. ბერლინში მიდიოდა. დავთანხმდი მორიდებული სიხარულით. შინაგანად კი ვდუღდი, ისე და იმდენი ხანი მინდოდა ავღანეთში წასვლა.

ისეთ ეიფორიაში ვიყავი, აფრენა, ფრენა და დაფრენა საერთოდ არ მახსოვს. ამბავის გაგების მომენტიდან, უკვე ავღანეთის მიწაზე მედგა ფეხი. მყარად. ისე მყარად, როგორც არასოდეს. ხშირად კი მეუბნებიან დაფრინავ, მიწაზე ჩამოდიო. ხოდა ვიდექი. ოღონდ ავღანეთის მიწაზე.

მიწაში კი ნაღმი იყო. უფრო მყარად დავდექი. თორემ კი იცით, ნაღმზე მსუბუქად დგომა, ისევ ჰაერში ამაფრენდა. არადა, მე ხომ ხშირად მეუბნებიან, დაფრინავ, მიწაზე ჩამოდიო. ხოდა ვიდექი. მყარად. ავღანეთის მიწის ნაღმზე.

გარშემო არავინ ჩანს. როგორც ჩანს, ნაღმზე მარტო მე ვდგავარ. იღბლიანი დღე მაქვს.

გამახსენდა ყველა ფილმი, სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც ნაღმზე იდგნენ ტიპები და ჰაერში დაფრინავდნენ. ცალკე ფეხი, ცალკე ნაწლავები, ცალკე თავი, ცალკე სისხლი.

გაფრენილი ფეხი ვერც მიწაზე დგება მყარად და ვერც პატრონს უბრუნდება.

უფეხოდ ბრუნდები შინ. შენს მიწაზე. უფეხო გმირი ხარ.

კაი ტიპი. მონდომებული ტიპი. ბევრი შეგიძლია უფრო. მთაზე ადიხარ, დარბიხარ, რეკორდებს ხსნი. აქვე ისიც გამახსენდა, როგორ ჟიმაობს უფეხებო მარიონ კოტიარის გმირი ფილმში, სულ მაინტერესებდა ეს საკითხი. ძალიან ვნებიანად სხვათაშორის. ამიდგა. უფეხებო ჟიმაობა უფრო უკეთესად გამოუვიდა, ვიდრე ფეხებიან მარიონს. ოღონდ ეგ ავღანეთში არ იდგა მყარად. დელფინების მწვრთნელი იყო. საფრანგეთში.  #ჟესუიმაღიონ

– გაები ჩიტო მახეში? – მესმის ვიღაც ტიპის ხმა. პოლა აბდულს ჰგავდა. არა, მართლა ასე კი არ მითხრა, მე მომეჩვენა.

წამში მომხსნა ნაღმიდან. გამოვშტერდი. ფეხებიც მაქვს, ხელებიც, თავიც და ნაწლავებიც კი ადგილზეა.

– ფული უნდა გადამიხადოთ – მეუბნება.

– რამდენი? – ავხედე, ფილმებში ბოლო წამს გადარჩენილის სახით.

– 7 დოლარი ერთი ნაღმი, მიპასუხა ისე თითქოს ზამშის საწმენდი შემომაჩეჩა.

ჰეჰეჰე, რამ გამახსენა, ზამშის საწმენდი, რა მაგარია, ისევ მჭირდება. მე ხომ ფეხები მაქვს.

ავდექი, დავიფერთხე ტანსაცმელი და 50 დოლარიანი გავუწოდე.

– 4 ნაღმი, ესე იგი 28 დოლარი უნდა ავიღო, და ჩანთა მოიქექა.

ხურდა და სავიზიტო ბარათი გამომიწოდა.

დავხედე ბარათს, ნაღმოსანი და ტელეფონის ნომერი ეწერა. მართლა პოლა აბდული ყოფილა. ოღონდ ტიპი რა. როჟა. ჩალმიანი.

– თუ სადმე ნაღმს გადაეყარეთ, არ მოგერიდოთ, დამირეკეთ – მითხრა ჰოლივუდის ღიმილით.

შემდეგ, ჩემი არეული ნაღმები გაასწორა და მორიგი მახე გაამზადა, ჩემსავით დაბდურა ტურისტებისთვის.

კარგი ბიზნესია ავღანეთისთვის. აბა აქ სხვა რა უნდა აკეთო.

ჩემი მასპინძელი ესფანდიარი იყო, ჩუმად ეცინებოდა განაღმვის დროს, მაგრამ მე შეჩვევას მივაწერე და ყურადღება აღარ მიმიქცევია.  როგორც იქნა, სახლსაც მივადექით, თუმცა ეს იყო ავღანური და არა არქიტექტურული გაგებით სახლი. სახლი, სადაც ჩემთვის, ფარდებით გატიხრული კუთხე უკვე მოემზადებინათ. ცალკე ოთახის საშუალება არ ჰქონდათ.

წამოვწექი იატაკზე და ხვალინდელ ნაღმებზე დავიწყე ფიქრი.

მე და პოლაც შევთანხმდით.

ის იქნება ჩემი გიდი ავღანეთში.

ჩემი ფეხით მინდა დავბრუნდე შინ.