პიანინოზე დადიოდით?


მე დავდიოდი პიანინოზე, რასაკვირველია არა ბუკვალურად, უბრალოდ მაშინ ასე ამბობდნენ.

რატომ დავდიოდი არ ვიცი, უბრალოდ მთელი რიგი მშობლების ატაცება/გატაცება იყო ასეთი, რომლებსაც შვილები პიანინოზე დაყავდათ.

ადრეული 90–იანი წლები იყო და მეც დავიწყე პიანინოზე სიარული. ყველას ჰყავდა მეზობლად მუსიკის მასწავლებელი, ლეილა, ნუნუ, მადონა, ლამზირა, ჩვენს მეზობლად მუსიკის მასწავლებელი ნელი ცხოვრობდა და მიუხედავად გაჭირვების წლებისა, მთელი უბანი ნელისთან დადიოდა. ყველას უჭირდა, მაგრამ ნელის არ უჭირდა. უბანში სამი შეძლებული ადამიანი იყო, ნელი – ის ვინც მუსიკას ასწავლიდა, მანანა ის ვინც დიდ ტორტებს აცხობდა და კიდევ ერთი (სახელი არ მახსოვს) ვინც ოთახებს აქირავებდა.

პიანინო ვერ ვისწავლე, 4 წელი ვიჩანჩალე, ყოველ წასვლაზე ცრემლ–ხავილნარევი ვოკალის თანხლებით, შეწუხდნენ მშობლები, შეწუხდა ბაბო “ბალღს ნუ აწვალებთო”. აქვე მუსიკის მასწავლებელმა ნელიმ ოტორინოლარინგოლოგობაც იტვირთა და დასვა დიაგნოზი: “სმენა არ აქვს”. – და მოხდა დიდი ტრაგედია – შვიდწლედი ვერ დავამთავრე!

გაუსაძლისი იყო პიანინოზე სიარული, ან რა გასაძლები იქნებოდა ყოველ გაკვეთილზე “დგაფაააან” – სახაზავი ხელებში. ვერ ვიტანდი ბახს, შორიდანვე ვცნობდი, სხვებთან შედარებით მისი ნოტები უფრო მუქი იყო, უფრო მუქი კი ნიშნავს უფრო რთულს და მძიმეს. როგორც კი ნელი მასწავლებელი გვერდით ოთახში გავიდოდა, გავლაღდებოდი და მივუშვებდი ხოლმე თითებს თავის ნებაზე, თუმცა მყისიერად მესმოდა ნელის გამკივანი ხმა “თავიდაააან”. ანუ შემეშალა და თავიდან უნდა დამეწყო.  მაშინ ვერა და წლების მერე მივხვდი, როგორ ხვდებოდა მეორე ოთახში გასული მუსიკის მასწავლებელი ჩემს შეცდომას. პასუხი შემაშფოთებლად მარტივი აღმოჩნდა: მას სმენა ჰქონდა და მე არა.

კლასიკა არ მაინტერესებდა, სახლში მისული მეზობელს ვთხოვდი ჭრელო პეპელა გაფრინდინელას დაკვრა ესწავლებინა; არ მქონდა ისეთი ასაკი რომ კლასიკაზე გამეფრინა ან მეგრძნო მთელი თავისი არსით, როგორც ვიგრძენი მოგვიანებით და მომინდა კიდეც სწავლა, მაგრამ უკვე QWERTY–ზე მორგებული თითების დამორჩილება გვიანი აღმოჩნდა.

შვიდწლედი რომ ვერ დავამთავრე ეს დიდი სირცხვილი იყო მაშინ, თუმცა, მართალია სმენა ყურებში არ აღმომაჩნდა, ის წარმატებით განვითარებულიყო ფეხებში, რამაც 7 წელზე მეტი წარმატებით მაცეკვა ქართული ცეკვები.

ამოცანა თუ გამოცანა, რომელიც 90–იან წლებში პიანინოზე სიარულს უკავშირდება მაინც ვერ ამოვხსენი, რა იყო ეს? საშუალება რომ როგორმე ცარიელი სივრცე შეევსოთ? ბავშვისთვის არაფერი მოეკლოთ? როგორმე უფერული ცხოვრება გაეფერადებინათ? თუ, თუ რა? არადა რა სირცხვილი ვჭამე შვიდწლედი ვერ დავამთავრე.

და როგორ ფიქრობთ, ვინც დაამთავრა შვიდწლედი, დიპლომიც აქვს და ერთი ნოტის აღებაც არ შეუძლიათ, სახე მოიხიეს კლასიკით? არა, მათ უბრალოდ მეტი ნებისყოფა აღმოაჩნდათ ალბათ და მეტი წნეხი მშობლებისგან. ეს არის და ეს.

უკაცრავად და, თქვენ დადიოდით პიანინოზე?   🙂

Advertisements

25 comments on “პიანინოზე დადიოდით?

  1. უი პოსტის ბოლოსაც ყოფილა იგივე კითხვა.ჰოდა, კი დავდიოდი და სულ ღიმილით ჩამეკითხა ეს პოსტი, გამახსენდა რაღაცეები :))
    მე უფრო კარგი პირობები მქონდა, ჩემი ირინა სახლში მაკითხავდა : )) თან რისი დაკვრაც მინდოდა მცოდნოდა იმას მასწავლიდა , ჰოდა მშვენივრად ვუკრავდი მაშინდელ “ჰიტად” გცეულ სიმღერას გიგა კვენეტაძის და და ვიღაც პატარა ბავშის შესრულებით , ასევე ქუჩის ბიჭებისა და ნინი ქარსელაძის დუეტსაც ვარახუნებდი:)) რა დამავიწყებს პირველ რამდენიმე გაკვეთილს,იმხელაზე მაჭერინებდა კლავიშებზე თითებს ეს ჩემი ირინა, სულ ვაი დედას ძახილით და სლუკუნით ვუკრავდი გამებს. მერე კლასიკაშიც გადავიჭერით და “ელიზეს” სულ სხვადასხვა ვარიაციებში ვასრულებდი, საკუთარი იმპროვიზაციით. ჰო , არ დამავიწყდება სირტაკი, რომლის დაკვრაც რატომღაც ძალიან გამიადვილდა და დღემდე უშეცდომოდ მახსოვს. კიდევ ბევრ რამეს გაიხსნებედი. ისე, როცა დავანებე თავი, წლების მერე მომინდა დაკვრა მცოდნოდა. ამჯერად კლასიკის და როცა ნოტები გადმოვიღე და ერთი ხაზის წასაკითხად რამდენიმე წუთი დამჭირდა, მივხვდი რომ გვიან გამოვიღვიძე..ახლაც გული მწყდება

  2. ახლაც დავდივარ : ) პროსტა პიანინოზე სიარული არ ჰქვია მაგას, საქართველოში წამყვანი მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლე ვარ, მაგრამ მომავალი წლიდან ვტოვებ იქაურობას, დრო აღარ მყოფნის :დ გული მწყდება 🙂

    • ჰო ამიტომაც აღვნიშნე რომ პიანინოზე სიარულს ბუკვალურად არ ვგულისხმობდი, მაშინ ასე მოიხსენიებდნენ 😀

  3. დავდიოდი 7 წელი, მახსოვს როგორც ჯოჯოხეთი, მახსოვს ბაბუას ვეხვეწებოდი მოვიტყვილოთ ვითომ ვიყავი თქო 🙂 დავამთავრე, დიპლომიც ავიღე, მაგრამ მას მერე არ მივკარებივარ პიანინოს საერთოდ… მეც სულ ვკითხულობ რა იყო ეს, რატომ უნდა ევლო ყველას პიანინოზე, არ ვიცი პასუხს ვერავინ მცემს 🙂

    • ჰო ბევრია ჩემს გარშემოც ასე, რომ შვიდწლედი დაამთავრა დიპლომიც აქვს, მაგრამ პრაქტიკაში დღემდე არ/ვერ იყენებს :))

  4. უი, დავდიოდი და შვიდწლედის წარჩინებით დამთავრების დიპლომიც მაქვს, მააშ!!! 😀 😀 😀
    თავიდან დიდი ენთუზიზამით მოვეკიდე ამ საკითხს, თანაც სულ ახალთ-ახალი ფორტეპიანო მიყიდეს მშობლებმა! 😉
    სწავლების შუა წლები კოშმარი იყო: სოლფეჯიომ და მისმა დიქტანტებმა ჩემი ბავშვობა გაამწარეს 😀 !! მასწავლებელი ვერ გამოდგა კარგი ამხსნელი და ვერაფრით ავუღე ალღო! ჰოდა, იყო ერთი დავიდარაბა ოჯახში, განსაკუთრებით ბებიაჩემის მხრიდან: ,,ადი, გოგო, ზევით (ანუ მეორე სართულზე, სადაც პიანინო იდგა), იმეცადინე მუსიკა!!!!” 😀
    ბოლოს კი, პიანინოს ვერ მაშორებდნენ 😀 :D! რატომღაც ძალიან შემიყვარდა, და დღემდე შემიძლია ახალი ნაწარმოების გარჩევა, დაზეპირება და შესრულება!
    ეს კი იმიტომ მოხდა, რომ მასწავლებლის ახსნითი უნარის ‘fail”-ის გამო, ცოტა რომ გავიზარდე და რუსული “დავამხეცე” ისე, რომ რუსულ სოლფეჯიოს წიგნის წაკითხვა შევძელი, ჩემით ჩავუჯექი ამ საგანს და ვისწავლე!
    მახსოვს, ბოლო წელს ჩემით გავარჩიე და ვისწავლე ბახის ერთ-ერთი სონატა, და თანაც ისე კარგად, რომ მასწავლებელმა კონცერტზე გამომიყვანა!!! 😀 😀 😀
    საბედნიეროდ, სმენა და სიმღერის უნარი ორივე მშობლიდან დამყვა!!! 🙂
    “პიანინოზე სიარულის” დროს ნასწავლი 3-4 კლასიკური ნაწარმოები კი დღემდე მახსოვს და ვასრულებ კიდეც 😀 !
    პრინციპში, კარგი იყო “პიანინოზე სიარული”, ხომ იცით!!! 😉 თანაც სულ რაღაც 32 მანეთი ღირდა თვეში!!! 😀 😀 😀 😀
    ნეტა, ახლა რა ღირს?! (thinking) …. 🙂

    • ყოჩაღ შენ 🙂 🙂 🙂
      არც დღეს ღირს ძვირი, უბრალოდ მგონი ასეთი მოთხოვნადი აღარ არის როგორც მაშინ. თან ათასი საშუალებაა მასწავლებლის გარეშეც ისწავლო რაღაცეები. ნუ შეიძლება კლასიკური ნაწარმოებები ვერა, მაგრამ სიმღერებს კი.

  5. 5 კლასში ვიყავი დედამ ,,პიანინოზე” რომ მიმიყვანა, სულ 2 დღე ვიარე და ოჯახში გამოვაცხადე, მესამედ მისვლას აღარ ვაპირებ–თქო, რაზეც დედამ მკითხა: რომ გაიზრდები და სხვა გოგოები დაუკრავენ, გული არ დაგწყდება და არ მეტყვი, ნეტავ მაშინ დაგეძალებინა და მეც მცოდნოდა დაკვრაო? მე კი ვუპასუხე: პირობას გაძლევ, რომ სხვა გოგოების ნიჭზე გული არასროს დამწყდება–თქო! როგორც ყოველთვის, მშობლებმა გაითვალისწინეს ჩემი ინტერესები და მესამედ აღარ წავუყვანივარ :))

  6. დავდიდი, დავდიოდი 🙂 7 წელი. ჯერ დედაჩემი უნდა დამჯდარიყო პიანინოსთან ოღონდ და მე მარტო მერე ვჯდებოდი. სიკვდილივით მეზარებოდა. რამდენიმეჯერ მოვიტყუე, მივედი, და მასწავლებელი არ დამხვდა-მეთქი. რო გამიგეს, ისეთი ამბავი ატყდაააა….. კონცერტებზეც გავდიოდი, ცუდად არ ვუკრავდი. სოლფეჯიო ნაღდად ჩემი ტკივილი იყო. ნოტებს მათემატიკური მეთოდებით ვიმახსოვრებდი. 🙂 შვიდწლედი პატიოსნად და წარმატებით დავამთავრე 🙂 მანამდე მეზარებოდა ძალიან, რო დავამთავრე, მერე უფრო ვუკრავდი და ვარჩევდი ხოლმე რაღაცეებს. ისიც 2-3- წელი გამყვა, მეტი არა. ახლა ნოტების ცნობაც კი მიჭირს, დაკვრაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია.

    მარადიული კითხვა მეც მაწუხებს: რა საჭირო იყო???? მაგრამ ალბათ გემოვნების ჩამოსაყალიბებლად, აზროვნების განსავითარებლად… მაინც მადლობა დედას, რომ 8 წელი (0 ჯგუფშიც კი ვიყავი) ამდენს გაუძლო მაშინდელ უჯიშო ყოფაში ცოტა სილამაზის შემოსატანად.

    • არ ვიცი გემოვნების ჩამოყალიბება ჯუჯღუნ–ჯუჯღუნით და თან როდესაც 5–6 წლის ასაკში იწყებ სიარულს რამდენად შესაძლებელია, იქით–იქით ცოტა მოზრდილ ასაკში კიდევ შეიძლება ალბათ 🙂 who knows . . .

  7. მე არ მივლია პიანინოზე, “დავლევ” მასწავლა ჩემმა მეზობელმა სიმღერებიდან და რა ნოტი რომელ ხაზზე იწერებოდა ის, მერე ავდექი და ჩემით დავიწყე გარჩევა “მთვარის სონატის” (მაშინ ერთი გოგო მომწონდა და ის გიჟდებოდა მთვარის სონატაზე. მაგრამ როგორც შემდეგ აღმოვაჩინე, საერთოდ არ ჰქონდა მოსმენილი, უბრალოდ მოდაში იყო მთვარის სონატის მოწონება).

    ახლა კითხვა, რატომ დადიოდნენ ბავშვები პიანინოზე და მათი მეზობლები კედლებზე.
    პირველი მიზეზი ალბათ ის იყო, რომ მოდური გახდა “ჩემი შვილი პიანინოზე დადის”, მეორე – რაც ჩვენს მშობლებს დააკლდათ იმის მიცემას ცდილობდნენ შვილებისთვის, მესამე – პიანინო უმეტესობა ოჯახებში ჰქონდათ და რამეში ხო უნდა გამოეყენებინათ, მეოთხე – ბავშვი რამით ხომ უნდა დაკავებულიყო?!.

    🙂

    • ჰო, პიანინო მართლაც ყველგან იყო, დაკვრა არ იცოდნენ, მაგრამ მაინც 😀 😀
      კარგი მიზეზები ჩამოთვალე.
      მთვარის სონატა და Fur Elise იყო მოდაში კიდევ, სამწუხაროდ არც ერთი მასწავლა ჩემმა მასწავლებელმა 🙂 მივალთ იქამდეო . . . 🙂 🙂

      პ.ს. ჩემი ძმა რომ დაიბადა და ფული აჩუქეს იმით მიყიდეს პიანინო, მანამდე მეზობელთან ვმეცადინეობდი 😀 😀 😀

  8. მეტი წნეხი მშობლებისგან და დასრულებული 11-წლედი – “ამ ბავშვს სმენა აქვს, მერე რა რომ ვერ უკრავს და აცდენს” -ით.

    მატრაკვეცობა იყო, ყველა მშობელს ისე ჰქონდა საკუთარ შვილში ელისო ვირსალაძის აღმოჩენის იმედი, როგორც ზურიკელას – განძის. თან, შეჯიბრი ერთმანეთის, იმის შვილი თუ უკრავს, ჩემი რითაა ნაკლები.

    ერთადერთი შედეგი ამ ყველაფრის, ის იყო, რომ არასდროს ვჯდები პიანინოსთან. იმდენი კი ვისწავლე, რომ ვიცოდე, როგორ უნდა დაიკრას და შესრულდეს ნაწარმოები, ჩემი ტექნიკა კი იმდენად შორსაა სასურველისგან, თავმოყვარეობა მაიძულებს, პიანინოს თავი მხოლოდ მტვერის გადასამენდად გადავხადო.

  9. ჩემ მასწავლებელს ნათელა ერქვა! უბედურ ქალს ფსიხოპატი ქმარი ჰყავდა და როდის უმტყუნებდა არავინ იცოდა! ერთხელ შუა მეცადინებაზე შემოვარდა და ფარდები ჩამოხია… ამის მერე აღარ მივლია… ხან სად გადავუხვევდი ხან სად… საბოლოოდ ჩემი ძმა შეათრიეს… მარა რა საჭიროა 1 მუსიკათმცოდნე იყოს ოჯახში ჩემემადე ვერ დავიდა… კი დავისვენე დაა!!

  10. მე დავდიოდი, ოღონდ თბილისში არა. დასასვენებლად რომ ვიყავი ბებიაჩემთან, ერთი ზაფხული ვიარე. რატომ ვიარე, დღემდე არ ვიცი. უფრო სწორად, მომწონდა სხვა რომ უკრავდა და მაგიტომ. დღეს ერთადერთი ვიცი ძაღლების ვალსი 😀 😀 😀 აა და კიდევ, “ჟილი უ ბაბუსი” 😀

  11. ჩემი ტკივილი. მაგან დამიმახინჯა მე ბავშვობა და ცნობიერება :დ არ ვიცი, რატომ დავამთავრე შვიდწლედი. ნოტების დანახვაზე დღესაც ინფარქტამდე მივდივარ :))

    რაღაცატომ ჩემებს ეგონათ, რომ უკეთესი მშობლები იქნებოდნენ თუ დაკვრას თავიანთი ინიციატივით და ძალადობით მასწავლიდნენ :/

  12. დავდიოდიო? დავქონდით, დამაჩანჩალებდნენ.80-იან წლებში ხდებოდა ეს ამბავი. ვაპროტესტებდი როგორც შემეძლო აფერისტულ – არტისტულ-ისტრიკული გამონახტომებით და ჩემი ორ ფორტეზე შესრულებული ხივილნარევი ბღავილიც არაერთხელ მოუსმენიათ მეზობლებს. მეზიზღებოდა პიანინო, სახაზვიანი სვეტა მასწავლებელი,იდიოტური სოლფეჯიო, ყოველი ორშაბათი, ოთხშაბათი და ,,კრასნი ოკტიაბრი”. ოჯახის წევრებს იდეური თანხმობა ჰქონდათ ამ საკითხში დედაჩემთან და 6 მტანჯველი წელი დამჭირდა თითო-თითოდ გადმომებირებინა ისინი. საბოლოოდ, მაინც არ დავამთავრე! 🙂 გაბრაზებულმა დედამ ,,კრასნი ოკტიაბრი” გულწრფელად გადაულოცა ჩემს მამიდაშვილს,რის გამოც მუდივად მსაყვედურობდა საწყალი. დიდი ხნის შემდეგ კურსელებმა დამარწმუნეს ეჭვებში, რომ არც ხმა მქონდა და არც სმენა და რაღა ბავშვობაში ვიქნებოდი ბელადი? 🙂 საერთოდ როგორ მიმიღეს იმ სკოლაში ჩემი ცოდვით სავსე მასწავლებლებმა ან როგორ მიტანდნენ?
    ეყტობა, ყველა დროის მშობელი ერთნაირად აზროვნებს. მეც ზუსტად ასე მეუბნებოდნენ ,, გაიზრდები, შენი ამხანაგები რომ დაუკრავენ, მაშინ დაგწყდება გული და გვისაყვედურებ, რატომ არ დამაძალეთო”. მაგას როგორ წამოვაყვედრებდი, ბედნიერი ვიყავი. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s