Posted in კინემატოგრაფია

სოციალური მედია კინოინდუსტრიაში

თემა დაწერილია  ტელე–კინო რეჟისურის  I  კურსის I სემესტრისთვის

“სოციალურმა მედიამ კინოწარმოების სამი მთავარი მიმართულება შეცვალა. ცვლილებები არა ევოლოციური, არამედ რევოლუციური იყო, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ფილმებზე, მათ წარმოებაზე და ნახვის ფორმებზე, უფრო მძაფრად, ვიდრე თავის დროზე ფილმების ახმოვანებამ მოახდინა.

კინოწარმოება კოლაბორაციული ხელოვნების ფორმაა, ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება. სოციალურმა მედიამ უბრალოდ შეცვალა კოლაბორაციის ფორმები, აქამდე არსებული, მხოლოდ კინოწარმოების პროცესის დროს არსებული კოლაბორაცია, შეიცვალა სცენარისტების, ფილმის მწარმოებლების და აუდიტორიას შორის კოლაბორაციით. ამ ცვლილებამ ლამის სეისმოლოგიური ეფექტი მოახდინა კინოინდუსტრიაზე და იმ ტრადიციებზე, რომლებიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა და რაც შობს სწორედ იმ წესრიგს და ატმოსფეროს, სადაც ჩვენი კინოტრადიციები უკვე აღარ გამოგვადგება.”

პირველი ტრადიცია, რომელიც თვალსა და ხელს შუა შემოგვემსხვრევა იქნება ხელოვნებისა და კომერციის გამიჯვნა. ჰოლივუდის კინომაგნატებს აღარ ექნებათ საშუალება ეგრეთ წოდებული კრეატიული პროცესი განსაზღვრონ ფულის, როგორც საზომი ერთეულის საშუალებით და თავად კრეატიულობა განმარტონ, როგორც გამოშვების თარიღის, მეტრიკის და ფინანსების მღვრიე ნარევი. ახალბედა კინომწარმოებლებიც უნებურად ეშვებიან ტორონტოს, სანდენსის და კანის კინოფესტივალების ფინანსურ მორევში.  სამომავლოდ, კინომწარმოებლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ორ ბანაკად დაიყოფიან, ისინი ვინც აძაგებენ და უარყოფენ სოციალურ მედიას და ისინი ვინც ხელგაშლილები აიტაცებენ მას.

მეორე ტრადიცია, რომელსაც სოციალური მედიის სამსხვერპლოზე მივიტანთ არის ტრადიციული ბარიერი აუდიტორიასა და მარკეტოლოგებს შორის. აქამდე, მარკეტოლოგს ამ ზღუდის გადავლა და აუდიტორიამდე მისვლა შეეძლო, მაგრამ მხოლოდ დიდი ფულის ფასად. ახალმა ციფრულმა ეპოქამ ეს ზღვარი ფაქტობრივად წაშალა, კინომწარმოებლებს შეუძლიათ მიაწოდონ ან შესთავაზონ თავიანთი პროდუქცია პირდაპირ აუდიტორიას, ტრადიციული ღირებულებისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლებ ფასად.

თუ კი ახლადგამოჩეკილი კინომწარმოებლები გაითავისებენ ამას და გამოიყენებენ ახალ მარკეტინგულ მეთოდებს, ეს განსაზღვრავს მათ კარიერას მომდევნო ოცდაათი წლის განმავლობაში.

მესამე ტრადიცია, რომელიც დანებდება სოციალურ მედიას იქნება სცენარების და ამბავის (თხრობის) განვითარების სტრუქტურები. ვინაიდან ახლანდელ და მომავალ კინომწარმოებლებს პირდაპირ აუდიტორიასთან შეუძლიათ დაკავშირება, შესაძლებელია, რომ აუდიტორია იქცეს სცენარის ან ამბავის განვითარების პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად, პროექტის დაწყების დღიდანვე.

ახალი კინომწარმოებლები აიტაცებენ და გამოიყენებენ სოციალური მედიის შესაძლებლობებს. ისინი საკუთარ თავს ვიდეოკომუნიკატორებად ჩათვლიან, რომლებიც ამბების გადმოცემის მრავალფეროვან ტექნიკას იყენებენ.  მათი ფილმები გადაახტება კინომწარმოებელსა და აუდიტორიას შორის არსებულ უფსკრულს. ამ ახალ ციფრულ ეპოქაში, ხელოვნებისა და კომერციისთვის არსებული შესაძლებლობები ახლებური ფორმატით, ერთმანეთის გვერდით იარსებებენ, რაც კინომწარმოებლებისთვის დიდი სტიმული და შთაგონების წყარო იქნება სოციალური მედიის ამ ახალ ეპოქაში. ისინი, ვინც ვერ მოახდენენ ადაპტაციას სოციალური მედიის ახალ სტრუქტურებთან, უბრალოდ ნელნელა მინავლდებიან და გაქრებიან”.

ასე მოკლედ და მშრალად მოგვითხრობს ცნობილი კინოპროდიუსერი ელიოტ გროუვი კინოინდუსტრიაზე სოციალური მედიის გავლენის შესახებ. 

როგორც ზემოაღნიშნულ სტატიაში ამბობს პროდიუსერი ელიოტ გროუვი, სოციალური მედიის ხიბლი არის მისი შესაძლებლობა პირდაპირ დავუკავშირდეთ ფართო საზოგადოებას, შევთავაზოთ ან მივაწოდოთ ჩვენი პროდუქტი, გავიგოთ მათი შეხედულებების შესახებ, მივიღოთ კრიტიკა თუ შენიშვნები ონლაინ რეჟიმში; შეგრძნება იმისა, რომ უშუალოდ მონაწილეობ კინოწარმოების პროცესში პოტენციური მაყურებლისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, ის მონდომებულია, აქტიურია, კინომწარმოებელს აწვდის თავის მოსაზრებებს, გამოხატავს მოწონებას ან პირიქით, მეგობრებსაც უზიარებს მომავალი ფილმის გადასაღები მოედნიდან ფოტოებს, თიზერებს, შედეგად ათასობით, ათიათასობით, ასიათასობით მაყურებელი მოლოდინშია, ერთი სული აქვთ როდის გამოვა ახალი ფილმი, რომ დაუყოვნებლივ გაეშურონ კინოთეატრებისკენ და შემდეგ უკვე ნანახით მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარონ ერთმანეთს.

გამიჭირდება გითხრათ, ბოლოს როდის შევხედე კინოთეატრის გარეთ გამოკრულ აფიშას, ან გზების გასწვრივ ჩამაგრებულ ბილბორდებს ან კინორეკლამას ტელევიზორში.

ადამიანი, რომელიც მისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს ორიენტირებულია მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის სწრაფად მიღებაზე, მათ შორის კინოს შესახებ. ასეთი ადამიანი ბევრია, მილიონობით, შესაბამისად კომპანიებმა, ამ შემთხვევაში კინოკომპანიებმა, მარკეტინგულ სტრატეგიებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს და სოციალური მედიის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით სასურველ სეგმენტზე გავიდნენ.

თუ კი აქამდე კინომწარმოებლები დიდძალ ფულს ხარჯავდნენ სატელევიზიო რეკლამებში, რადიო რეკლამებში, ბილბორდებზე, ჟურნალებზე და ა.შ., წარმატებული კინოგაქირავებისთვის, დღეს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს, მართალია ნაბიჯ–ნაბიჯ, მაგრამ მაინც ანაცვლებს სოციალური მედიის ფართო შესაძლებლობები  – თავისი ყველაზე მიმზიდველი და გემრიელი თვისებით – ადამიანებთან უშუალო ურთიერთობებით.

დაწყებული თვითდაფინანსებული დამოუკიდებელი ფილმებით და მრავალმილიონიანი ბიუჯეტიანი ფილმებით დამთავრებული, ყველა იყენებს სოციალური მედიის საშუალებებს (Facebook, Twitter, Youtube და ა.შ.) წარმოებული კინოპროდუქტის პიარისთვის და შესაბამისი სეგმენტის მოძიებისთვის.

კითხვაზე თუ რომელ ქვეყანაში ან ქალაქში მოიტანს კინოგაქირავება შემოსავალს, პასუხი მარტივია – იქ სადაც მეტი ინტერესია ამ ფილმის მიმართ, რაც სწორედ სოციალურ მედიაში პოტენციური აუდიტორიის აქტივობით მჟღავნდება, სოციალურ ქსელებში, ბლოგებზე და ა.შ.

ამ ახალი სტრატეგიის ერთ–ერთ ნიმუშად გამოდგება პარამაუნტის “პარანორმალური მოვლენები”, ფილმმა, რომლის ბიუჯეტი 15, 000 დოლარს შეადგენდა, 150 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოიტანა. 

პარამაუნტი აქტიურად იყენებდა ფეისბუქს ფილმის მხარდასაჭერად, ივენთების ფუნქციას, სადაც მომავალი ფანები აქტიურად გამოთქვამდნენ მათ ქვეყანაში ფილმის ჩვენების სურვილს.

კინოკომპანიის მიზანი იყო 1 მილიონი ფანის მოზიდვა, რომლებიც მოითხოვდნენ ფილმის ფართომასშტაბიან ჩვენებას. მიზანი მიღწეულ იქნა, და მომდევნო უიქენდზე შედეგმაც არ დააყოვნა, ფილმი 160 კინოეკრანზე აჩვენეს, თითო კინოჩვენებიდან, საშუალოდ  49,379 აშშ დოლარი შემოვიდა.

ეს ონლაინ კამპანიის ნამდვილი გამარჯვება იყო. შედეგები მაინც შთამბეჭდავი იქნებოდა, მიუხედავად გამოყენებული მარკეტინგული მეთოდისა, თუმცა ის ფაქტი, რომ კამპანია უშუალოდ ინტერნეტ–მიმართული იყო  და კერძოდ, სოციალურ მედიაზე ფოკუსირებული, ამ ყველაფერს გაცილებით საინტერესო ელფერი შესძინა.

ბოლო წლებში ასევე ძალიან აქტუალური გახდა ე.წ. ვირუსული კამპანია ფილმის ტრეილერის საშუალებით, ასეთი მძაფრი კამპანიით გამოირჩეოდნენ ფილმები “დასაწყისი” და “ტრონი: მემკვიდრეობა”, ორივე ფილმმა გამოსვლამდე დაამტკიცა უდიდესი მომავალი ფინანსური წარმატება და მაყურებელთა სიყვარული მოიპოვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ Disney Studio–მ პირველად სწორედ ფეისბუქში წარმოადგინა პოსტერები ფილმიდან “ალისა საოცრებათა ქვეყნიდან”, ხოლო შემდეგ კი ფილმის ტრეილერები.

ცოტა სასაცილოა, მაგრამ Sony–მ არ გამოიყენა ფეისბუქი ფილმის “სოციალური ქსელი” მხარდასაჭერად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანიამ თავი შეიკავა სოციალური მედია კამპანიისგან, ისინი აქტიურობდნენ ტვიტერზე, მაისფეისზე (MySpace) და სპეციალურ ვებგვერდზე.

რასაკვირველია, კინოსტუდიები აგზავნიან პრესრელიზებს, აქვთ კომპანიის ვეგბვერდები, ვებგვერდებზე მიბმული ბლოგები, საიდანაც შეიტყობთ უახლეს ამბებს, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად სტუდიები პირველ რიგში სწორედ ფეისბუქს და ტვიტერს იყენებენ უახლესი ტრეილერების პრეზენტაციისთვის.

საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არც თუ ისე ცოტა ფილმი გამოვიდა, მათგან მხოლოდ რამდენიმე იყენებდა სოციალური მედიის სხვადასხვა საშუალებებს – მიზეზი მარტივია, ჩვენში ეს ახალი ხილია და ხან გამოუცდელობის და ხანაც ახლისადმი შიშით ფეხაკრეფით ეპარებიან.

პირველ რიგში, აღსანიშნავია ქართულ–ამერიკული კინოპროდუქცია “2470F”, ფილმს აქვს შესაბამისი ვებგვერდი, არხი Vimeo–ზე, სადაც ატვირთულია ტრეილერები და ფეისბუქ გვერდი ოციათასამდე ფანით; ფილმის ფეისბუქ გვერდს აქვს ბილეთების დაჯავშნის აპლიკაცია, ამ მხრივ კინომწარმოებელი საკმაოდ აგრესიულ კამპანიას ეწეოდა, ვინაიდან ფილმი საქართველოში მხოლოდ 10 დღე გადიოდა; აქვე ნახავთ აპლიკაციას “გაგვიზიარეთ თქვენი აზრი”, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ფეისბუქი და სოციალური მედიის ნებისმიერი სხვა საშუალება უკვე თავისთავად აზრის გამოხატვის უამრავ ფორმას გვთავაზობს, მაგალითად როგორიცაა მოწონება (Like), კომენტარი (comment) და გაზიარება (Share), ეს აპლიკაცია ზედმეტია.

ფორმულა კრეატივის პროდუქცია “ჭამა და სექსი” ერთ–ერთი პირველი ფილმი იყო, რომელიც ფრიად აქტიურად ჩაება სოციალური მედიის ფერხულში. ფილმის გადაღებების პროცესში, ფილმის გამოსვლამდე სულ რაღაც 3 კვირით ადრე შეიქმნა ფეისბუქ ფანგვერდი, დაახლოებით 4000–მდე ფანით, სადაც აქტიურად დებდნენ ფოტოებს გადაღების მოედნიდან, ვიდეო რგოლებს, სტატუსებს, ფანებს შესთავაზეს ფოტოკონკურსი ფილმის თემაზე და გამარჯვებულებს კინოს ბილეთები გადასცეს; ფილმის გამოსვლამდე და ფილმის ჩვენების პროცესში სწორედ ფეისბუქზე, ბლოგებზე დაიწერა უამრავი პოსტი, ზოგი დადებითი, ზოგი უარყოფითი, რამაც ასევე დიდი როლი შეასრულა აუდიტორიის მოზიდვაში.

და ბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურ ქსელებს უკვე საქართველოშიც საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს (ფეისბუქზე 700 000–მდე 17+ წლის), სასურველია, საქართველოში მოქმედმა კინომწარმოებლებმა აქტიურად გამოიყენონ სოციალური ქსელები და უშუალო კონტაქტში შევიდნენ სამიზნე აუდიტორიასთან, მათი ფილმების პოპულარულობის და ფინანსური წარმატების მოსაპოვებლად.

ტრონი: მემკვიდრეობა 

 

————————————– 

References: 

Social Media For the Film Industry

Social Media / Movie Marketing

Alice in Wonderland on Facebook

ფილმი “247 F”

ფილმი “ჭამა და სექსი”

Special Thanks to სალომე ბარკერს 🙂