Posted in კინემატოგრაფია

კიმ კი-დუკის ადამიანები

საავტორო კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა კიმ კი-დუკი კორეელი კინორეჟისორია, მან ფილმების გადაღება, საკმაოდ გვიან ან შეიძლება ჩვენთვის გვიან, 36 წლის ასაკში დაიწყო. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დიდოსტატთა კოლექცია, საშუალებას გვაძლევს ვნახოთ ასეთი ფილმები. 2016 წელს ვნახეთ კიმ კი-დუკის ფილმი „STOP“. წელს კი, მისი ახალი ფილმი „ადამიანი, კოსმოსი, დრო და ადამიანი“.

კორეელი რეჟისორის ფილმები ქვეყნის საზღვრებს გარეთ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს.

კითხვაზე, თუ რატომ არის კიმი უფრო პოპულარული სხვა ქვეყნებში, ვიდრე თავის სამშობლოში, ის პასუხობს, რომ მთავარი მიზეზი ის ფილოსოფიაა, რაც მის ფილმებში დევს.

„უცხოელი ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან, რატომ არის ჩემი ნაშრომები უფრო პოპულარული სხვა ქვეყნებში. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ისტორიები ადამიანების უნივერსალურობაზეა დაფუძნებული. იმას ვგულისხმობ, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ერი თავის თავზე კარგს ფიქრობს, მაგრამ ჩვენ, კორეელები, განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი თავით, რადგან გვასწავლიან, რომ სხვებზე უკეთესები ვართ. მაგრამ თუ იმოგზაურებ და მსოფლიოს ნახავ, აღმოაჩენ, რომ ყველა ეროვნებას აქვს თავისი უნიკალურობა. მეც სწორედ ამის ჩვენება მომწონს ჩემს ფილმებში“.

როგორც ვიცით, კიმ კი-დუკმა გადაღება 36 წლის ასაკში დაიწყო (90-იან წლებში, პარიზში), თუმცა მის ანგარიშზე უკვე საკმაოდ ბევრი ფილმია  – 23, მათ შორის კინოფილმი „პიეტა“, რომელიც ვენის 69-ე საერთაშორისო ფილმების ფესტივალის (VIFF) ოქროს ლომის მფლობელი გახდა.

ფილმის „ადამიანი, კოსმოსი, დრო და ადამიანი“ (Inkan, gongkan, sikan grigo inkan), მეორე სახელწოდება „ადამიანების დრო“ გადაღება 2017 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის ივლისში დასრულდა.  როგორც მისი ფილმების უმრავლესობაში, ამ შემთხვევაშიც ფილმის რეჟისორი, პროდიუსერი, მემონტაჟე (ან/და კინოოპერატორი) არის კიმ კი-დუკი.

რამდენიმე შეკითხვა THE KOREA TIMES-ისთვის მიცემული ინტერვიუდან.

[თარგმანი კონსტანტინე ბერულავა]

—-

ჟურნალისტი: თქვენი ფილმები ძირითადად ფოკუსირებულია მთავარი გმირის ფსიქოლოგიაზე. რატომ?

კიმ კი-დუკი: უკვე 20 წელია ფილმების ვიღებ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ადამიანების ისტორიამდე დადის. არის მეორე საკითხიც. ჩემს ფილმებს მე ვაფინანსებ და არ შემიძლია ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდა. ვერ დავხარჯავ ბევრ ფულს სპეც. ეფექტებზე ან ისეთ სამუშაოზე, რომელიც შეზღუდავს ჩემი ნამუშევრის დრამატულობას ან აქცენტს მისი გმირებიდან სხვაგან გადაიტანს. დაფინანსება უკეთესი ფილმის გადაღების საშუალებას იძლევა, თუმცა, ერთადერთი გზა იმისა, რომ დიდი ინვესტირების გარეშე კარგი ფილმი გამოვიდეს, არის გმირების ემოციების სწორად ჩამოყალიბება და გადმოცემა.

ჟურნალისტი: თქვენს ფილმებში ხშირად არის ამაზრზენი და უხერხული სცენები. რატომ გვიჩვენებთ მათ გამუდმებით?   

კიმ კი-დუკი:  არ მინდა, მოვიტყუო ჩემს ფილმებში.ფილმიდან ფილმამდე ვიხვეწები და ვფიქრობ, სწორი საქციელია ასეთი სცენების თავისუფლად გადმოცემა. საზოგადოება იცნობს ბევრ სასიამოვნოდ საყურებელ ფილმს. თუ ჩემი ნამუშევრები მხოლოდ მცირე აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი, მინდა, რომ ისეთი ფილმები შევქმნა, რომელიც ჩემი მაყურებლის ყურადღებას მიიპყრობს. ჩემს ფილმებში ჩემი საკუთარი სამყარო მაქვს და ის ისტორიის ცენტრი უნდა იყოს. ასევე შეიძლება, ხალხმა სხვანაირად აღიქვას ჩემი ფილმები დროის გასვლასთან ერთად ან ხელმეორედ ყურებისას.

ჟურნალისტი: რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვენლოვანი ფილმის გადაღებისას?

კიმ კი-დუკი: სიმართლე, როგორც ცოტა ხნის წინ ვთქვი. კიმ კი-დუკი კიმ კი-დუკია. მთავარია ფილმი იყოს გულწრფელი. როგორც კი ჩემს ფილმს აუდიტორიის და ბაზრის გემოვნებას მოვარგებ და მასში სათამაშოდ პოპულარულ მსახიობებს მოვიწვევ, მე გავქრები და ჩემთან ერთად ჩემი სიმართლეც გაქრება ფილმებიდან. მინდა ვთქვა, რომ ჩემი ფილმების გადაღებისას მხოლოდ საკუთარ გულის ძგერას ვუსმენ.

Posted in კინემატოგრაფია

პაველ პავლიკოვსკის ცივი ომი

პაველ პავლიკოვსკი დიდ ბრიტანეთში მოღვაწე პოლონელი კინორეჟისორია. წელს ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე, დიდოსტატთა კოლექციაში ვნახეთ მისი ახალი, შავ-თეთრი ფილმი „ცივი ომი“.  2018 წელს კანის კინოფესტივალზე პაველ პავლიკოვსკს ამ ფილმისთვის საუკეთესო რეჟისორის პრიზი გადაეცა. კანის კინოფესტივალის წარმატებამდე იყო კინოფილმი „იდა, ასევე შავ-თეთრი, რომელმაც სხვა ბევრ საინტერესო ჯილდოსთან ერთად, 2015 წელს მიიღო ოსკარი საუკეთესო ფილმისთვის, უცხოენოვან კატეგორიაში.

გთავაზობთ ამონარიდს რეჟისორის ინტერვიუდან, რომელიც გამოქვეყნდა THE TIMES-ში, სადაც იგი საუბრობს თავის ახალ, ძალიან პოეტურ და მუსიკალურ კინოზე „ცივი ომი“.

—–

პაველი თავისი ახალი ფილმისთვის გმირს ეძებდა.

„მინდოდა ვინმე ისეთი, ვინც ომამდელი პერიოდის ტიპს ჰგავდა, ისეთი ვინც ომამდე დაიბადა. თუმცა დღესდღეობით, მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებლები რთული საპოვნელია, ზოგი ძალიან ბავშვურია, ზოგი ფემინური ან ლაწირაკი. ძნელია იპოვო გრეგორი პეკი. არც პოლონეთშია ბევრი. თომაში ერთადერთია“.

ქალის მთავარი როლის შემსრულებლის მოძებნა ასეთი რთული არ იყო. ჯოანა კულიგი ზულას როლისთვის იყო დაბადებული – ზესექსუალური, მრავალწახნაგოვანი, რთული. თუ აქამდე არცერთი ფილმიდან არ გახსოვთ, ამის შემდეგ აუცილებლად დაგამახსოვრდებათ, როგორც კინოში ერთ-ერთი საუკეთესო ცეკვის სცენის ვარსკვლავი, როკ-ენ-როლის ცეცხლი.

 „ერთი კვირის განმავლობაში რეპეტიციები გვქონდა მოცეკვავეებთან ერთად, მაგრამ ზუსტად გადაღების წინ, მთელი ქორეოგრაფიული ნახაზი ჩავხსენით, მეტი სიმძაფრისთვის.“

რეჟისორი ასევე ამბობს, რომ იგი ფილმებს „ძერწავს“, რაც ნიშნავს იმას, რომ იწყებს სცენარით და ამთავრებს სრულიად განსხვავებული შედეგით.

 „დღეს როდესაც კომუნიზმის შესახებ ფილმს იღებენ, ეს ფილმი არის ერთი უბრალო სწროხაზოვანი ნარატივი იმის შესახებ, თუ რა დიდი ბოროტება იყო კომუნიზმი. მაგრამ, თუ შენი გმირები რეალურად შეგყავს ამ გარემოს სიღრმეში, ეს უფრო მძლავრი იარაღია.  ამის შემდეგ არ გიწევთ, მაყურებელს დაუღეჭოთ, თუ რამდენად ბოროტია ეს სისტემა, შეგიძლიათ, უბრალოდ აჩვენოთ, როგორ გავლენას ახდენს ადამიანთა ცხოვრებაზე და როგორ აბინძურებს გარშემო ყველაფერს. არასოდეს ვიჭერ საქმეს პოლიტიკასთან, მე უბრალოდ ვცდილობ, გავაკეთო რაღაც კონკრეტული, სადაც ისტორია ბუნებრივად, თავისით მოდის ან ისედაც იქ არის “

„ცივი ომი“ პირველ რიგში პავლიკოვსკის მშობლებზეა. ამბავი და გმირები მათ არ ჰგვანან, მაგრამ ვნებიანი, წარმოუდგენელი სიყვარულის დინამიკა ზუსტად იგივეა. ისინიც დახეტიალობენ ევროპაში, ისინიც შორდებიან და კვლავ იწყებენ თავიდან.