კინოფესტივალის გახსნა [ფოტო]

კულტურული ღონისძიებები, საკუთრივ კი ისეთი ღონისძიებები, სადაც უფასოდ შეიძლება დაესწრო ჩვენებებს, წარმოდგენებს, საღამოებს და ა.შ. ხშირად არ გვანებივრებენ საქართველოში. შესაბამისად, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დაწყებას დიდი სიამოვნებით ველოდები ხოლმე და შვებულების ერთ კვირას ყოველთვის ვინახავ სექტემბრისთვის.

ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დაესწროს კინორეჟისორების, პროდიუსერების თუ სხვა პროფესიონალების მასტერკლასებს, სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი ფილმების ჩვენებებს და თემატურ ვორქშოფებს მთელი ერთი კვირის მანძილზე, რასაკვირველია ეს ყველაფერი უფასოდ.

ვფიქრობ ეს არის შანსი, რომელიც ყველა კინომოყვარულმა უნდა გამოიყენოს და მითუმეტეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა სწავლობენ ამ სფეროში და მომავალში აპირებენ თავის წარდგენას საკუთარი შემოქმედებით. აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ სწავლება ამ მხრივ არ დგას მოწოდების სიმაღლეზე, მაქსიმალურად უნდა დაესწრონ მოწვეული სპეციალისტების მასტერკლასებს.

ფოტოები ბიაფის გახსნიდან 

biaff1

biaffcake

სექსი ვირთხასთან

როგორ ფიქრობ იჟიმავებდი ვირთხების თანდასწრებით? ქალაქქვეშა საკანალიზაციო ჯურღმულებში, მაშინ როდესაც ძალიან გშია და მწარე ხახვს, მწვანე ვაშლივით ახრამუნებ, მაშინ როდესაც წვიმის დროს შემოვარდნილ წყალში შეიძლება ამოიხრჩიო, მაშინ როდესაც ყოველ წუთს სიკვდილს ელოდები, გერმანელის ან ფულის შოვნის ინსტიქტით მოქსეული პოლონელის ხელით, რომელიც როდის დაგიჭერს და გადაგცემს გერმანელებს კაცმა არ იცის.

და რატომ?

იმიტომ რომ შენ უბრალოდ ებრაელი ხარ, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომია და ყველანაირ ადამიანურ ღირსებას აქ ავტომატის ჯერით აკვირდებიან.

თუმცა არა ყველანაირს.

არის ერთი კაი კაცი, ქალაქქვეშა სამყაროს კაცი, რომელიც საკუთარი ხელის გულივით იცნობს ამ ჯურღმულებს, მას ჩააქვს საკვები და ტანსაცმელი ებრაელებისთვის, რასაკვირველია გარკვეული შინაგანი თუ ცოლის წინააღმდეგობების ფასად და იმის შიშით, ვინმემ არ გაყიდოს ისიც და მის ოჯახს რამე არ დაემართოს.

აქამდე რაც მინახავს, იმ ფილმებში თითქოს მაინც ყველაფერი შელამაზებულია, ზის თავისთვის ტყვე და ამაღლებული გრძნობების გარდა არაფერს არ ავლენს.

შეუძლებელია ასე იყოს.

თავს ყველა კარგავს, რაღაც დროს თავს ყველა კარგავს, მითუმეტეს როდესაც 14 თვის მანძილზე მზის სხივი არ გინახავს. და რომ დაფიქრდე რატომაც არა, რა ვალდებული ხარ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო, ხანდახან უნდა აკეთო ის რითაც ეს პოსტი დავიწყე, წუმპეში, კანალიზაციის მილების და ვირთხების, მძინარე და მშიერი ქალების, კაცების და ბავშვების გარემოცვაში, გქონდეს კარგი სექსი.

მსგავსს რეალობას გვიჩვენებს რეჟისორიც.

თუმცა მაინც  ისმის კითხვა, რეალობაა ის, რაც გვგონია რომ შეიძლება რეალობა იყოს? ის ხდება, რაც შეიძლება მომხდარიყო ასეთ დროს და ასეთ სიტუაციაში, მოვპარავდით თუ არა სხვას ფულს, საჭმელს, მოვკლავდით თუ არა ამის გამო ვინმეს, ან გავგუდავდით თუ არა საკუთარ შვილს, იმის გამო რომ ერთი ჯურღმული ეკლესიის ქვეშ იყო და იქ არ გაეგოთ ებრაელი ბავშვის ჭყავილი?!

 

არ ვიცი . . .

 

–––––––

იცნობდეთ, ეს აგნეშკა ჰოლანდის ფილმია “სიბნელეში”, რომელიც, გამიმართლა და BIAFF-ის ფარგლებში ვნახე.

ბელა ტარის მასტერკლასი

მე არ მჭირდება ოპერატორი, მე მჭირდება პარტნიორი

მე არ მჭირდება სცენარისტი, მე მჭირდება პარტნიორი

მე არ მჭირდება კომპოზიტორი, მე მჭირდება პარტნიორი

დღეს ბელა ტარის მასტერკლასს დავესწარი, შეხვედრას სხვადასხვა დაინტერესებული პირების გარდა, მოქმედი ქართველი კინორეჟისორები ესწრებოდნენ. საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსია/საუბრიდან ორს, მსოფლიო კინო კრიზისს და სცენარის შესახებ დასმულ კითხვას გამოვყოფ, როგორც მეტად მტკივნეულ ადგილს თანამედროვე ქართულ კინემატოგრაფში.

კითხვა დაახლოებით ასე ჟღერდა: „რას იტყვით მსოფლიო კინო კრიზისზე, აღარ იღებენ ისეთ კარგ ფილმებს, როგორც ადრე, მომრავლდა უგემოვნო ფილმები თანამედროვე კინემატოგრაფში“

„სად არის კრიზისი?“  (აქ რეჟისორის გაკვირვებული სახე წარმოვიდგინოთ) მე არ ვფიქრობ რომ კრიზისია, უამრავი ფილმი კეთდება, ყველა რაღაცის გაკეთებას ცდილობს, ყველა მუშაობს, შენ თუ შეგიძლია მიდი და დაეხმარე; თუ ყველა ფილმი შედევრი არ არის, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას, მე ვერ ვხედავ კრიზისს.

იცით რა არის ნამდვილი კრიზისი, როდესაც არ გაქვს წინააღმდეგობის გაწევის ძალა და ენერგია და როდესაც აღარ გჯერა სხვა სამყაროს არსებობის.

მე მჯერა კინოსი, მე მჯერა ახალი თაობის და ძველი თაობისაც.

დრამატურგიის, სცენარის განვითარების პრობლემა, რას გვეტყვით ამის შესახებ?

სცენარს არასოდეს მივყვები, კინოში მთავარი ცხოვრებაა, გამოცდილება, პირველად 16 წლის ასაკაში გადავიღე, ვერავინ გასწავლის ფილმი როგორ გადაიღო, ამ ყველაფერს ცხოვრება გასწავლის, ხალხთან ურთიერთობა, გაცნობა, მე არ მქონდა დრო ვინმეს ამ მხრივ გავლენა მოეხდინა ჩემზე.

რეალური ადამიანები, საგნები, გარემო, რეალური შენ – აი ეს ქმნის რეალურ კინოს.

არ იფიქრო ქაღალდებზე, სცენარზე, იფიქრე რეალურ ადამიანებზე, რეალურ სიტუაციებზე, გარემოზე, სადაც ფილმი უნდა გადაიღო, სცენარზე თუ იფიქრე, კინორეჟისორი ვერ გახდები.

რასაკვირველია, ფილმს ძლიერი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს, რაც პირველ რიგში შენი თვალთახედვიდან უნდა გამომდინარეობდეს, ანუ როგორც ხედავ  მომავალ ფილმს და არა იჯდე და მუდმივად წერო, წერო, წერო და აფრიალო ქაღალდები.

რას ხედავ, რას ფიქრობ, რას გრძნობ – აი ეს გაგვიზიარე.

P.S. რეჟისორთან შეხვედრამდე თავი მისკდებოდა იმაზე ფიქრით თუ რა პრობლემა გვაქვს დრამატურგიაში, სცენარის, ამბავის განვითარებაში, ამ დისკუსიის შემდეგ მივხვდი რომ ქართველ რეჟისორებს აქვთ ერთი მთავარი პრობლემა – ისინი ძალიან ბევრს ფიქრობენ სცენარზე, ტექსტზე და არ ფიქრობენ იმ რეალობაზე, იმ რეალურ სიტუაციაზე რის შესახებაც ფილმის გადაღებას აპირებენ ანუ ვერ ხედავენ, ვერ ფიქრობენ, ვერ გრძნობენ მომავალ ფილმს.  შესაბამისად, სცენარი მუდმივად მშრალი, სწორხაზოვანი და განუვითარებელი გამოდის.

და ასევე მისი საინტერესო კომენტარი ბათუმში ნანახ მშენებლობებზე:

 “მე ვხედავ მშენებარე კაპიტალიზმის ეკლესიებს და არა ჰუმანიზმის ეკლესიებს, რა არის ეს? გაოგნებული ვარ . . .”

 

 

ფული ჯოჯოხეთს ანათებს

ფული ჯოჯოხეთს თუ ანათებს, იქნებ ისეთი რამეც არის ერთი წლის შვილი დაუმარხავი დაგატოვებინოს ტყეში და მგლების საჯიჯგნად მიგაგდებინოს . . . სიმბოლურადაც კი მომეჩვენა, როდესაც ფილმის მთავარი გმირი ერთ ხელში ფულით სავსე ტომსიკით, ხოლო მეორე ხელში ცეცხლის დასანთები ფიჩხით მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც მამა წერაქვით გამალებით თხრის შვილის საფლავს ჩაყინულ მიწაში.

არადა საქმე თითქოს ერთობ მარტივად გამოიყურება, მდიდარმა მოხუცმა გადაწყვიტა თავისი ქონება ღარიბებისთვის დაერიგებინა იმ ადგილას, საიდანაც თვითონ იყო წარმოშობით, ამ მისიის შესრულება კი თავის შვილებს დაავალა, თუმცა რიგ შემთხვევაში გაუგებარია ვინ არიან მთავარი გმირები, და-ძმა, ცოლ-ქმარი, შეყვარებულები ან უბრალოდ ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს საჭირო როლს ირგებენ შეუფერხებლად.

მიუხედავად იმისა რომ „და-ძმა“ საკმაოდ ღარიბულ, თითქმის დაუსახელებელ ადგილას ტრიალებდნენ და ცდილობდნენ იქ მცხოვრები ადამიანების დახმარებას, რამდენიმე შემთხვევაში საკმაოდ რთული აღმოჩნდა ფულის დატოვება და მათ გარკვეული სცენის გათამაშება უწევდათ (ჩხუბის და ა.შ.) რის შემდეგაც ფულს ადრესატს ასე ვთქვათ აჩეჩებდნენ.

თუმცა რაც უფრო ეშხში შევიდა ფილმი, „ძმა“ მით უფრო გათამამდა და რომ ხალხის გრძნობებზე დაიწყო თამაში, ის უფრო და უფრო დაუნდობელი ხდებოდა:

„ყურანზე დაიფიცე რომ ამ ფულს შენს ძმას არ მისცემ“ – ეუბნება მთავარი გმირი კიდევ ერთ იღბლიანს, თავისივე ძმის თანდასწრებით.

„არ დამარხო შვილი და მისი სხეულის ერთ კილოგრამში 1 მილიონს მოგცემ, მგლებიც ხომ ცოცხალი არსებები არიან, მათაც ხომ შიათ“ – ეუბნება შვილმკვდარ მამას.

„არ მოკლა შენი ჯორი და გადაგიხდი“,

– არადა ჯორის პატრონს გული შესტკივა მასზე, წლებია ჯორი მისი განუყრელი  და ერთგული თანამგზავრია, ახლა კი გდია ფეხმოტეხილი და პატრონისგან ელის კუთვნილ ტყვიას, რათა დროზე მოეღოს ბოლო მის ტანჯვა-წამებას.  თუმცა ამაოდ, ჯორის პატრონი იღებს ფულს და მიდის, მომაკვდავი ჯორი კი რჩება კვლავ სანატრელი ტყვიის მოლოდინში.

თუ რა შეუძლია ფულს, ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს თუნდაც ფილმში და თუნდაც ფილმის გარეთ, და ბოლო დროს განვითარებული ამბების და თუნდაც ამ ფილმის შემდეგ არც კი მებადება კითხვა თუ სად დგას ზღვარი ანგარებასა და უანგარობას შორის და რა შეიძლება არ გააკეთოს ადამიანმა ფულის სანაცვლოდ.

ირანული ფილმი “მოკრძალებული მიღება” ბიაფის საკონკურსო მხატვრული ფილმებიდან

Modest Reception from trigon-film on Vimeo.

პ.ს. ფილმს კი ერთობ საინტერესო ელფერს სძენს ის ფაქტი რომ რეჟისორიც, სცენარისტიც და მსახიობიც ერთი და იგივე ადამიანი – მანი ჰაღიღია.