ოცნებები გვიან ხდება

დღეს, ერთი მოხუცი ბაბუ ვნახე რუსთაველზე, რომელსაც მიწისქვეშა ამოსასვლელთან, უკვე კარგა ხნის ფერდაკარგული ჟურნალ-გაზეთები, პოსტერები, კედლის ანბანები და რუქები გასაყიდად გამოეტანა. აქა-იქ თვალში მომხვდა რამდენიმე ისეთი ჟურნალი, რომელსაც 90-იან წლებში მეც ვაგროვებდი, ვჭრიდი პლაკატებს და ჩემს ოთახში კედლებზე ვაკრავდი. ბაბუს, მადონას შავ-თეთრი პოსტერიც კი შემოენახა. თუ ორიოდე ტელე ან რადიო გადაცემას არ ჩავთვლით, ჩემთვის, ეს ჟურნალები ერთადერთი წყარო იყო მაშინ, რომ რაღაც დამატებითი გამეგო კინომსახიობების, რეჟისორების და ზოგადად კინოს შესახებ. ჰო, ინტერნეტი მაშინ არ გვქონდა, ხოლო შუქი ზუსტად მაშინ მოდიოდა, როცა მეორე არხზე ტომიჯერი (და არა Tom & Jerry) იწყებოდა.
ჟურნალებიდან ამოჭრილ დიდ პოსტერებს კედელს ვუთმობდი, პატარებს რვეულში ვაკრავდი და აღწერილობას ვურთავდი; ეს რვეულები ახლაც შენახული მაქვს.

90
90-იანი წლები საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მთელი თინეიჯერობა სწორედ ამ გაყინულ, ბნელ პერიოდს დაემთხვა, არა თეატრი, არა კინო, არაფერი მსგავსი არ ხდებოდა, საღამოს ქუჩაში გასვლა საშიში იყო, მხოლოდ ტელევიზორში თუ ვნახავდით რამეს, მაგალითად გადაცემა “ილუზიონში”. ასე მეხუთე კლასში ვიქნებოდი, მამამ პირველად კინოთეატრში რომ წამიყვანა, პირველად ანუ რაც ჩემს მეხსიერებას დაამახსოვრდა როგორც კინოში წასვლა, ეს იყო კინოთეატრი “საქართველო”, დაახლოებით 1990 წელი, და ვნახეთ სერჯო ლეონეს ფილმი “ერთხელ ამერიკაში”, მესამე ნაწილი.

ზუსტად ვერ ვიხსენებ, პირველად როდის გამიჩნდა ფილმის გადაღების სურვილი, მაგრამ მახსოვს რატომ გამიჩნდა, 90-იანებში გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტას ერთი ბრწყინვალე თვისება ჰქონდა, ადამიანები ერთმანეთს უკეთესად ვხედავდით, ვუსმენდით და ვესაუბრებოდით ერთმანეთს, გარშემო ხდებოდა ბევრი, ხშირად სამწუხარო, მაგრამ საინტერესო ამბავი; თითოეული ასეთი ამბავი, თავისი შემადგენელი სცენებით, დიალოგებით თუ მონოლოგებით უკვე იყო კინო, კინო, რომელსაც მხოლოდ გონებაში თუ ჩაიწერდი და დაიმახსოვრებდი. ასე გროვდებოდა გამოცდილება, ილექებოდა ამბები და იზრდებოდა წარმოსახვა.

ოცნებები გვიან ხდება, თუმცა ესეც კარგია რომ პროფესია რეჟისორი არ გახდა ჩემი პირველი პროფესია, და არის რიგით მესამე, თუმცა ახლაც მგონია, ჯერ ისევ ადრე ხომ არ არის, იმდენად რთული და მნიშვნელოვანი პროფესიაა, პროფესია რომელსაც ფეხდაფეხ გამოცდილების მიღების გარდა, ჯერ კიდევ არჩევამდე მოითხოვს ძალიან დიდ გამოცდილებას.

წესით, ჩემი პირველი ფილმი “დაიცავი გუდიაშვილი” უნდა ყოფილიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო ფილმის პოსტპროდაქშენი. ამგვარად, ჩემი პირველი, დასრულებული ფილმია “The Bridge”, რომელიც ბათუმში გადავიღე, BIAFF-ის და Postcode Fillms-ის  მხარდაჭერით. ამ თემაზე ფილმის გადაღებას ჩემგან ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ეს არის ფილმი, ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც დელფინების მწვრთნელად მუშაობს ბათუმის დელფინარიუმში. 90-იანებისგან განსხვავებით, ახლა ადამიანებს უფრო მეტი სივრცე და საშუალება აქვთ აირჩიონ ზუსტად ის პროფესია, რომელიც ძალიან უყვართ, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდნენ და არა მხოლოდ სიტუაციის და გარემოების შესაბამისად, პრაგმატულ მოტივებზე დაყრდნობით, ამ ფილმის გადაღების მთავარი იდეაც სწორედ ეს იყო, აკეთო ის რაც გიყვარს, რითაც არ იღლები, რაც არ გბეზრდება, მიუხედავად იმისა იღებ ანაზღაურებას თუ არა.

აქა ამბავი წულუკიანის დიპლომისა

ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ 2008 წლის 10 ნოემბრიდან იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გახდა საქართველოს პროკურატურა, რომელიც ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას,  გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობას, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.

უწყების ხელმძღვანელი, მთავარი პროკურორი კი გახლავთ განათლებით იურისტი არჩილ კბილაშვილი.

რაც შეეხება თავად იუსტიციის მინისტრს, “პროკურატურის შესახებ”  საქართველოს კანონის თანახმად, გვაქვს ასეთი განმარტებები:

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ა) პროკურორი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს მთავარი პროკურორი (შემდგომში – მთავარი პროკურორი), მისი მოადგილეები და ა.შ. Continue reading

ლიტერატურა, ციხე და რუსული მენტალიტეტი

ციხის თემა ძალიან გავრცელებულია რუსულ ლიტერატურაში.

ამის სათავე შეიძლება რუსულინ ოქროს ხანის პოეტების – პუშკინის, ლერმონტოვის ნაწარმოებებში ვეძიოთ, რომლებიც ხშირად აკრიტიკებდნენ მეფის რუსეთს და ავტოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც მოსახლეობის ღარიბი ნაწილი

მოკლებული იყო საკუთარი უფლებების რეალიზებას. ხოლო ამ პოეტებს, ლიბერალური შემოქმედების გამო, ხშირად შორეულ გადასახლებაში აგზავნიდნენ.
ანტონ ჩეხოვი ესტუმრა კუნძულ სახალინს (ციხე–კუნძული 1917 წლამდე), მწერალმა სამი თვე დაჰყო კუნძულზე და დაწერა „Остров Сахалин“, სადაც მოგვითხრო, თუ როგორ საშინლად და დამამცირებელად ეპყრობოდნენ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
კიდევ ერთი მწერალი და ჟურნალისტი, რომელიც ეწვია სახალინს იყო – ვლას დოროშევიჩი; მან დოკუმენტალურად აღწერა მსჯავრდებულების ცხოვრება, მათ შორის ლეგენდარული მძარცველი ქალი – სონია ბლიუვშტეინი (Сонька Золотая Ручка).

მიუხედავად რუსეთში მონარქიის დამხობისა, ამით ადამიანების რეპრესიები არ დასრულებულა.
სტალინმა, ლენინის გარდაცვალების შემდეგ, რეპრესიების ახალი ერა დაიწყო, შექმნა რა ე.წ. გულაგები. მილიონობით უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ცნობილი მეცნიერები, ექიმები და ხელოვანები „საბჭოთა ხალხის მტრებად“ შერაცხეს და ამ ბანაკებში გააგზავნეს სხვა ჩვეულებრივ დამნაშავეებთან ერთად.
გულაგებში გამეფებული სისასტიკის მასშტაბები შესანიშნავად აღწერა ალექსანდრე სოლჟენიცინმა, თავის ეპიკურ რომანში „Архипелаг ГУЛаг“.

კიდევ ერთი მწერალი, სერგეი დოვლათოვი შეეცადა ციხის თემის გაშლას, თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში „ზონა: ციხის ზედამხედველის ჩანაწერები“, სადაც საბჭოთა ციხე, სწორედ ციხის ზედამხედველის რაკურსიდან არის წარმოდგენილი.
საუკუნეების მანძილზე, ხალხი ცენტრალურ მთავრობას (მაგ. მეფეებს ან კომუნისტურ პარტიას) ხედავდა როგორც რეპრესიულ მანქანას, სადაც ხალხის კუთხეში მისაყანებლად ერთადერთი ეფექტური საშუალება დაპატიმრებების სერია იყო.
ხოლო ოქროს ხანის მეამბოხეებს დღესაც დიდ პატივს სცემს რუსი ხალხი.

კომუნიზმიდან კაპიტალიზმისკენ უხეშმა გადართვამ, მძიმე გარდამავალი პერიოდი გამოიწვია; წამოვიდა უმუშევრობის დიდი ტალღა, რაც თავის მხრივ, 90-იან წლებში კრიმინალურ ცუნამად გარდაიქმნა. ქუჩები სავსე იყო ციხიდან ახალგამოსული ხალხით და პირიქით, კიდევ ბევრსაც აპატიმრებდნენ.

თინეიჯერები გაერივნენ ყოფილ პატიმრებში, რომლებმაც თავის მხრივ, სწრაფად აითვისეს ციხის სლენგი და მენტალიტეტი. უფრო უფროსები ქმნიდნენ ბანდფორმირებებს, ციხის იერარქიის გათვალისწინებით, ცუდად ეპყრობოდნენ თავისზე უმცროსებს ან იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეწერებოდნენ მათ ჯგუფში. მათი მსხვერპლი ბავშვებიდან ზოგი მხოლოდ 4 ან 5 წლის იყო, რომელთა პიროვნულ განვითარებაზე, თვითშეფასებაზე და პირად წარმატებაზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა სწორედ ასეთმა გარემომ.
ყველაზე დიდი საზღაური, რასაც ახლა ვიხდით ამ ყველაფრისთვის არის ის, რომ ციხის ცხოვრება შეერწყა მეინსტრიმის კულტურას.
ასე მაგალითად, ყველაზე პოპულარული რუსული ტელესერიალები ასევე ციხეებს, ციხის ცხოვრებას ეხება. ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჟანრი – დანაშაულის და ციხის მოტივებზე აგებული რუსული შანსონია.

რუსული კრიმინალური დრამა “Бригада” (2002) მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ხელიხელ აგოგმანებს კრიმინალურ ავტორიტეტებს, ძალიან კარგად ასახავს სწორედ ამ, 1989-1999 პერიოდს.

მიუხედავად იმისა რომ, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ერთი შეხედვით ღია ქვეყანა იყო, ქვეყნის მოქალაქის შეგრძნება ჯერ კიდევ შორს იყო თავისუფლების შეგრძნებისგან.
თუ თვალს ადევნებთ მიმდინარე მოვლენებს, ქვეყანას მართავს KGB-ს ყოფილი თანამშრომლების ჯგუფი, კრიმინალური კორპორაცია. თუ ვინმემ წინააღმდეგობა გაუწია პუტინს და მის მომხრეებს, ან მკვდარია ან ციხეშია (მაგალითად, ხოდორკოვსკი).
თუმცა შარშან სიტუაცია შეიცვალა, ფეხს იდგამს ახალი საზოგადოება, რომელიც უფრო დარწმუნებულია თავის ქმედებებში, უფლებებში. გასულ ზამთარს, ათასობით ადამიანი გამოვიდა რუსეთის ქალაქებში, რომლებიც დუმის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ.
მაგრამ, მიუხედავად ამ ახალი ტალღისა, რუსი ხალხის უმრავლესობამ პუტინს მისცა ხმა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში (ოფიციალური თუ დამოუკიდებელი ეგზითპოლების შესაბამისად).
მაშ რატომ აძლევს ხალხი ხმას იმ მთავრობას, რომლისაც არ სჯერა? ვფიქრობ პასუხი ისევ ციხის ფსიქოლოგიაშია, რომელიც გავლენას ახდენს რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილზე.

ჩემი აზრით, ამ ფსიქოლოგიის სახასიათო შტრიხებია:
– ავტორიტეტისადმი შიში და უნდობლობა
– ფულისა და ძალაუფლების პატივისცემა (მაშინ როდესაც ინდივიდის ძირითადი უფლებები უგულებელყოფილია)
– თავისუფლების, როგორც რაღაც მიუწვდომლად ან ზღაპრად წარმოდგენა
– სამოქალაქო საზოგადოების წარმატებაში ეჭვის შეტანა/ურწმუნობა
– ციხის იერარქიის, როგორც საზოგადოების ნორმალური, შესაფერისი მდგომარეობის მიღება.

სანამ რუსეთში ეს ფსიქოლოგია დომინირებს, ლიტერატურა კვლავ შეეცდება დაინახოს კავშირი ციხესა და ადამიანის სულს შორის, ციხესა და სახელმწიფოს შორის, ციხესა და საზოგადოებას შორის, და ა.შ.

პოსტის ეკუთვნის გრიგორი რიჟაკოვს

 

შემდეგ პოსტში განვიხილავთ გ. მანველიძის მგლებს, ტელესერიალებს “მგლების ხორუმი” და “ცხელი ძაღლი”, ბიძინა კვერნაძის

“ასეთია ქურდი კაცის ბედი
ფათერაკი უკან დასდევს მუდამ
და სიცოცხლის ნახევარზე მეტი
ციხე-ციხე გაატაროს უნდა” – ს

მელოდიის თანხლებით 😉

პიანინოზე დადიოდით?

მე დავდიოდი პიანინოზე, რასაკვირველია არა ბუკვალურად, უბრალოდ მაშინ ასე ამბობდნენ.

რატომ დავდიოდი არ ვიცი, უბრალოდ მთელი რიგი მშობლების ატაცება/გატაცება იყო ასეთი, რომლებსაც შვილები პიანინოზე დაყავდათ.

ადრეული 90–იანი წლები იყო და მეც დავიწყე პიანინოზე სიარული. ყველას ჰყავდა მეზობლად მუსიკის მასწავლებელი, ლეილა, ნუნუ, მადონა, ლამზირა, ჩვენს მეზობლად მუსიკის მასწავლებელი ნელი ცხოვრობდა და მიუხედავად გაჭირვების წლებისა, მთელი უბანი ნელისთან დადიოდა. ყველას უჭირდა, მაგრამ ნელის არ უჭირდა. უბანში სამი შეძლებული ადამიანი იყო, ნელი – ის ვინც მუსიკას ასწავლიდა, მანანა ის ვინც დიდ ტორტებს აცხობდა და კიდევ ერთი (სახელი არ მახსოვს) ვინც ოთახებს აქირავებდა.

პიანინო ვერ ვისწავლე, 4 წელი ვიჩანჩალე, ყოველ წასვლაზე ცრემლ–ხავილნარევი ვოკალის თანხლებით, შეწუხდნენ მშობლები, შეწუხდა ბაბო “ბალღს ნუ აწვალებთო”. აქვე მუსიკის მასწავლებელმა ნელიმ ოტორინოლარინგოლოგობაც იტვირთა და დასვა დიაგნოზი: “სმენა არ აქვს”. – და მოხდა დიდი ტრაგედია – შვიდწლედი ვერ დავამთავრე!

გაუსაძლისი იყო პიანინოზე სიარული, ან რა გასაძლები იქნებოდა ყოველ გაკვეთილზე “დგაფაააან” – სახაზავი ხელებში. ვერ ვიტანდი ბახს, შორიდანვე ვცნობდი, სხვებთან შედარებით მისი ნოტები უფრო მუქი იყო, უფრო მუქი კი ნიშნავს უფრო რთულს და მძიმეს. როგორც კი ნელი მასწავლებელი გვერდით ოთახში გავიდოდა, გავლაღდებოდი და მივუშვებდი ხოლმე თითებს თავის ნებაზე, თუმცა მყისიერად მესმოდა ნელის გამკივანი ხმა “თავიდაააან”. ანუ შემეშალა და თავიდან უნდა დამეწყო.  მაშინ ვერა და წლების მერე მივხვდი, როგორ ხვდებოდა მეორე ოთახში გასული მუსიკის მასწავლებელი ჩემს შეცდომას. პასუხი შემაშფოთებლად მარტივი აღმოჩნდა: მას სმენა ჰქონდა და მე არა.

კლასიკა არ მაინტერესებდა, სახლში მისული მეზობელს ვთხოვდი ჭრელო პეპელა გაფრინდინელას დაკვრა ესწავლებინა; არ მქონდა ისეთი ასაკი რომ კლასიკაზე გამეფრინა ან მეგრძნო მთელი თავისი არსით, როგორც ვიგრძენი მოგვიანებით და მომინდა კიდეც სწავლა, მაგრამ უკვე QWERTY–ზე მორგებული თითების დამორჩილება გვიანი აღმოჩნდა.

შვიდწლედი რომ ვერ დავამთავრე ეს დიდი სირცხვილი იყო მაშინ, თუმცა, მართალია სმენა ყურებში არ აღმომაჩნდა, ის წარმატებით განვითარებულიყო ფეხებში, რამაც 7 წელზე მეტი წარმატებით მაცეკვა ქართული ცეკვები.

ამოცანა თუ გამოცანა, რომელიც 90–იან წლებში პიანინოზე სიარულს უკავშირდება მაინც ვერ ამოვხსენი, რა იყო ეს? საშუალება რომ როგორმე ცარიელი სივრცე შეევსოთ? ბავშვისთვის არაფერი მოეკლოთ? როგორმე უფერული ცხოვრება გაეფერადებინათ? თუ, თუ რა? არადა რა სირცხვილი ვჭამე შვიდწლედი ვერ დავამთავრე.

და როგორ ფიქრობთ, ვინც დაამთავრა შვიდწლედი, დიპლომიც აქვს და ერთი ნოტის აღებაც არ შეუძლიათ, სახე მოიხიეს კლასიკით? არა, მათ უბრალოდ მეტი ნებისყოფა აღმოაჩნდათ ალბათ და მეტი წნეხი მშობლებისგან. ეს არის და ეს.

უკაცრავად და, თქვენ დადიოდით პიანინოზე?   🙂