8 წუთი Manhattan Short-ის გამარჯვებულია

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი “8 წუთი” მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებული გახდა. თავდაპირველად, ჟიურიმ ფილმი ათ ფინალისტს შორის დაასახელა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფესტივალის ოცწლიანი ისტორიის მანძილზე, ფინალისტებს შორის ქართული ფილმი მოხვდა. ამის შემდეგ, 10 საუკეთესო ფილმი, მსოფლიოს მასშტაბით 300 კინოთეატრში უჩვენეს. გამარჯვებულები მაყურებლებს ხმის მიცემის სისტემით უნდა გამოევლინათ, ორგანიზატორებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხმათა რეკორდული რაოდენობა მიიღეს და მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებული, ოქროს მედალის მფლობელი ქართული ფილმი “8 წუთი” გახდა.

ამას გარდა, ფესტივალის ფინალისტი ფილმები, მათ შორის “8 წუთი” ავტომატურად იღებს ოსკარზე ფილმის წარდგენის კვალიფიკაციას და ერთი კვირის განმავლობაში ლოს ანჟელესის კინოთეატრებში უჩვენებენ.

ასევე, ფილმი საუკეთესო საი-ფაი ფილმად აღიარეს სიდნეის ინდი ფილმების კინოფესტივალზე და შესულია კოტბუსის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში (გერმანია).

აღსანიშნავია, რომ “8 წუთი”, სრულიად განსხვავებული, დინამიური და უკვე ძალიან წარმატებული ფილმი არის Sibler Films-ის (რეჟისორები: გიორგი გოგიჩაიშვილი, დათო აბრამიშვილი. სცენარისტები: ზაზა კოშკაძე, მარი ბექაური. პროდიუსერები: გეგა ხმალაძე, მაგდა დათუაშვილი) სადებიუტო პროექტი.

რაც შეეხება ეროვნულ კინოფესტივალებს, “8 წუთი” მონაწილეობდა ბათუმის საერთაშორის კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, თუმცა ფილმი პრიზის გარეშე დარჩა. პროგრამის ჟიურის წევრები: საფარ ჰაქდადოვ   (ტაჯიკეთი), ჰანა მახმალბაფი  (დიდი ბრიტანეთი), ნინელი ჭანკვეტაძე (საქართველო).

ქართველ კინოკრიტიკოსებს, კინობლოგერებს, ვლოგერებს, ჟურნალისტებს “8 წუთის” ნახვის საშუალება მიეცათ ბაკურიანში, კინოცენტრის მიერ ორგანიზებულ კინოფორუმზე, სადაც ფილმმა ძირითადად კინოკრიტიკოსთა ახალგაზრდა თაობის მოწონება დაიმსახურა.

შეშინებული ქართველი რეჟისორები

ფესტივალის დასაწყისში, პოსტში აღვნიშნე კიდეც, წლიდან წლამდე როგორ მატულობს ახალი ქართული ფილმები, შეძლებისდაგვარად უმჯობესდება ხარისხიც, ზოგი ფილმი ფესტივალებზეც მოგზაურობს. თუმცა მთელი რიგი პრობლემების გარდა, ძირითად სისუსტედ კვლავ სცენარი და მსახიობების შერჩევა რჩება. ეს წელიც არ არის გამონაკლისი, მეტიც, რაღაც მომენტში, უფრო უარესობისკენ წავსულვართ, ვიდრე უკეთესობისკენ.

ვუყურებდი მოკლემენტრაჟიან საკონკურსო ფილმებს და ვფიქრობდი, უფრო სწორად, ვცდილობდი წარმომედგინა ფილმის ფურცელზე დაწერილი ვერსია, კადრების, ფერების, ყველაფრის გარეშე და გამეგო, როგორ, რანაირად მოხდა ისე რომ ასეთი დაუმუშავებელი, დრამატურგიულად გაუმართავი, ზოგან თავის, ზოგან ბოლოს, ზოგან შუა ნაწილის არმქონე სცენარი იქცა ფილმად, მიიღო დაფინანსება, ადამიანები დაითანხმეს სამუშაოდ და საბოლოოდ, ფილმი მაყურებლამდეც მივიდა.

უზარმაზარი გადამღები ჯგუფიდან, როგორ ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც იტყოდა, ჰეი, რაღაც ვერ გამოდის, ამბავი არ იკვრება, პრობლემა არ დგას, კვანძი ვერ შევკარით, ვერც გავხსენით, რაღაც ხომ შევცვალოთ? ხომ არ ჯობია კამერა ვამოძრაოთ? და მაყურებელს ლამაზი ფოტოალბომი არ დავათვალიერებინოთ, არ გვინდა ამდენი უძრავი კადრი, ფოტოების დათვალიერება რომ უნდოდეს, კინოში კი არა, ფოტოგამოფენაზე წავა ადამიანი, ან ეს ფერები? თინეიჯერი გოგოს რეტრიკა ალბომია?

სამწუხაროდ, რეჟისორებს ფილმების დაწყებამდე შევხვდით, თორემ აუცილებლად შევეკითხებოდი, გეშინიათ კამერის მოძრაობის?

პაუზები, პაუზები, პაუზები, გაყინული კადრები, თითქოს ამით გინდა მეტი დრამა შემოიტანო და იღებ იმას, რომ მაყურებელი უხერხულად იშმუშნება, ადგომა და გასვლაც ერიდება, აქა-იქ სიცილსაც აყრის, თუმცა ჯობია ტირილი.

იდეები მშვენიერი იყო, კარგი დამუშავების შემთხვევაში, ნორმალურ მოკლემეტრაჟიან ფილმებს მივიღებდით, საზოგადოებისთვის პრობლემურ და საინტერესო თემებზე.

აღარ მახსოვს ვინ თქვა, რეჟისორი პირველ რიგში მაყურებელიც უნდა იყოსო, მაყურებლის თვალით შეხედოს ფილმს და შეაფასოსო, ჰოდა, კიდევ მეორე კითხვაც მექნებოდა რეჟისორებთან, თქვენს ფილმებს არ უყურებთ? ან პროდიუსერი ან ვინმე ფილმს არ უყურებს? თუ შენიშვნას ვერ გიბედავთ? თუ გაძლევენ შენიშვნებს, მაგრამ არ ითვალისწინებთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ხართ თქვენს ღრმა ჩანაფიქრში და მთელი დანარჩენი სამყარო ვერ გიგებთ და თქვენ წინააღმდეგ არიან?

გთხოვთ, ან უფრო დიდხანს იმუშავეთ იდეაზე, სცენარზე, გადაღების ფორმებზე ან გაითვალისწინეთ უფრო გამოცდილი ადამიანების რჩევებიც ან ყველაფერი ერთად ან კიდევ, ნურც ჩვენ გვაწვალებთ და ნურც თქვენს ჭუჭუს.

რა მინდა ფილმისგან პირველ რიგში? მოძრაობა, დინამიურობა მინდა, ამბავი მომიყევით მოძრაობით და დინამიურობით, რასაკვირველია, თუ საჭიროა პაუზაც უნდა გამოიყენოთ და გაყინული კადრიც, მაგრამ პაუზა და გაყინული კადრი ისეთ დროს და იმ დოზით უნდა იყოს, რომ ამბავი მოძრაობას არ წყვეტდეს და გაყინული კადრი, კინოდარბაზის ტექნიკურ ხარვეზზე არ მიუთითებდეს.

მიყოლებით რამდენიმე ფილმს ვუყურე, აი, სადღაც მეორე თუ მესამე ფილმის შემდეგ, ვიღაცამ ძლიერად ხელი მკრა და ფილმში შემაგდო, გიჟივით დავრბივარ, ვერ ვხვდები რა ხდება, რაღაც ძველი სახლის აივანზე ვარ, ფეხებში მედება ყველა, ადამიანები, გარეთ გამოტანილი ნივთები, ყველა დარბის, კივის, წივის, რვა წუთში მზე ქრება. ღმერთო, კამერა მოძრაობს და მეც ფილმში ვარ, აი, მინდა ვიყვირო, რომ კამერა მოძრაობს, აქეთ-იქეთ დავყავართ თავის ნებაზე, მერე ვფიქრობ, რა დროს ეგ არის, მზე ქრება 8 წუთში. იმდენად ვერ ამოვისუნთქე რომ ამ პოსტისთვის ერთი კადრის გადაღება მინდოდა და დამავიწყდა. სრული მოულოდნელობა და საუკეთესო მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ყველაზე მარტივი, უბრალო ამბავი მოვყვეთ თანმიმდევრულად, სავსედ, მაყურებელი გადმოვათრიოთ სკამიდან, ფილმში შევითრიოთ და საათს არ უყუროს, როდის გავა 8 წუთის 13 წუთი.