Posted in წერილები ქუცნას

XXIV წერილი ქუცნას: იალა, იალა! მოუსვი ნიჩაბს!

ერთი ამბავი უნდა მოგიყვე ქუც, ამ ზაფხულს გადამხდა თავს. ამჯერად ჯომარდობა ავიტეხე. მტკვარზე წავედით, ბორჯომისკენ. ყველაფერი იდეალურად იყო, ვიდრე გუნდმა არ აურია და ნავის მოძრაობა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ნიჩბის მოსმაზე არ დაეკიდა.  არაბი ტურისტების ჯგუფთან ერთად მოვხვდით ნავზე, ეზარებოდათ ნიჩბის მოსმა, ალბათ ფიქრობდნენ რომ მარტო ინსტრუქტორი მართავდა ნავს ან საერთოდაც დინებას ვემორჩილებოდით. არ გაჭრა არც ყვირილმა, არც ჯაჯგურმა, რამდენჯერმე პატარა ტალღებზე გადავრჩით ამოყირავებას. იალა, იალა! მოუსვი ნიჩაბს! არ ესმით. მორიგი აჩქარებული ადგილი, ძალიან რთული აღმოჩნდა, ნავმა ცხვირი აწია, წინ მსხდომებმა ნიჩაბი არ მოუსვეს დროულად და სწრაფად და ნავიანად ამოვტრიალდით. ჯერ გვერდით მჯდომი არაბი დამეცა თავზე, შემდეგ ნიჩაბი, ბოლოს ნავი წამომეფარა. ამ ყველაფერთან ერთად, არ დაგავიწყდეს რომ დიდი სისწრაფით წინ მივექანებით. მყისიერად ჩავიძირე, თავზე უზარმაზარი ნავია, ჟილეტმა ამომაგდო, ძლივს ვიპოვე ნავიდან გარეთ გამოსასვლელი, ვყლაპე წყალი, გამოვცურე და გარედან მოვეჭიდე ნავს. გადავრჩი. ახლა ნავმა მომიქცია წინიდან და დინებასთან ერთად უზარმაზარი ნავი მაწვება. არც კი ვიცი, იმ სწრაფი მონაკვეთიდან ნაპირამდე როგორ გავცურე. შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა, თუ რასაკვირველია პანიკას გადაურჩით.

დიდხანს ძალიან მხიარულად ვყვებოდი ისტორიას, შენთვისაც ვაპირებდი მხიარულად მომეყოლა, მაგრამ პოსტფაქტუმ შიშებმა არ მომცა ამის საშუალება. ამ შემთხვევის შემდეგ, ხშირად ვფიქრობ, ფეხი რომ გაჭედილიყო ფეხსამაგრში და ნავიდან საერთოდ ვერ გამოვსულიყავი? გვერდზე მჯდომი არაბი, რომელმაც ცურვა არ იცოდა, წყალქვეშ რომ ჩამჭიდებოდა გადარჩენის მიზნით? პანიკაში რომ ჩავვარდნილიყავი და ნავიდან გამოსასვლელი ვერ მომეძებნა? ათასნაირად დავატრიალე ეს ამბავი, თუმცა ფაქტი იყო გადავრჩით. ჩემს გვერდით მჯდომი არაბი კი ვერანაირად ვერ ჩამეჭიდებოდა, ასთმა ჰქონდა და შიშის შეტევისგან გონება დაკარგა წყალში. ისიც გადარჩა.

მოგვიანებით, შეგრძნებები რომ გავითავისე, მივხვდი რომ ნავის ქვეშ მოქცევისას წამიერად მეც გამოვეთიშე სამყაროს, ყურები დამიგუბდა, თვალები მაგრად დავხუჭე და არაფერი აღარ მესმოდა, უაზროდ ვიქნევდი ხელებს, საკუთარ სხეულს ვერ ვგრძნობდი.

აი ზუსტად ეს არის ქუც, ხანდახან არის მომენტები, როდესაც ცხოვრებას ეთიშები, შეიძლება რამდენიმე წამით, წუთით, მაგრამ ისეთი შეგრძნებაა თითქოს უზარმაზარი, დღედაღამ მოგუგუნე მაცივარი შტეფსელიდან გამორთეს. გაგახსენდა ხომ ეგ შვების შეგრძნება ყურებში და სხეულში ქუც? აი მაგას ვგულისხმობ, ამ დროს გარესამყარო ითიშება შენგან ან პირიქით, შენ ეთიშები სამყაროს.

ახლა, ცხელ აბაზანაში თავწარგულს მხოლოდ გამდინარე წყლის შხუილი მესმის, სადღაც შორს, ყრუდ, ისე თითქოს ჩანჩქერთან ჩამძინებოდეს ბუნებაში.

ამ დროს ხვდები, რა ჰაეროვანი ყოფილხარ, გრძნობ შენს უწონადობას და ამავდროულად შენს სიძლიერეს, რა შეგიძლია გადალახო, რამდენს შეგიძლია გაუმკლავდე და მეტიც, ისეთი ძლიერი აღმოჩნდე რომ საკუთარ თავს გადაახტე და დარჩე იქ, მოთმინებით, საიდანაც დიდი ხნის წინ უნდა წასულიყავი. კვლავ ძლიერად ამოვყვინთე აბაზანიდან, ისე როგორც მაშინ, გულაჩქარებული მტკვრიდან ამოვედი, სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ უნდა დავრჩე იქ, სადაც ვარ.

ზოგჯერ ვიბნევი, ვინ უფრო ძლიერია, ის ვინც იბრძოლა და ამოყვინთა, ის ვინც უბრძოლველად გაყვა დინებას, თუ ის ვინც გაყვა დინებას და დიდი ძალისხმევით უკან დაბრუნდა? გარკვეულწილად ყველა ძლიერია, თუმცა ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ძლიერი მგონია, რაც უფრო შორს ხარ გასული, ხომ მით უფრო რთულია დაბრუნება? ხომ მით უფრო დიდია გამოწვევა?

შენ როგორ ფიქრობ ქუც?