Posted in აქეთური იქეთური, Travelling

12 ადგილი საქართველოში – ხარისხიანად და ზომიერ ფასად დასვენებისთვის

კორონას გადამკიდე, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ წელს, ძირითადად ადგილზე მოგვიწევს უქმეების/შვებულების გატარება. ამიტომ, სიამოვნებით გიზიარებთ გურამ მეგრელიშვილის შეკრებილ სასარგებლო ინფორმაციას და ამასთან, შეგიძლიათ თქვენი გამოცდილი ვერსიებიც შემოგვაშველოთ:

🍴🍽 1: შიდა და ქვემო ქართლი:

🍷 შიდა ქართლში სანახაობას რა გამოლევს, თითქოს რომ ვიცით იქაურობა და არც ვიცით, ეს ამბავია. საქართველოში ყველაზე მეტი ციხე-სიმაგრე და ისტორიული ძეგლი ხომ აქაა და ამის გარდა, ადგილობრივი კულინარია და ღვინო ცალკე დიდი თავგადასავალია.

🍷 ზოგადი რომ არ იყოს რჩევა, კონკრეტულ 2 სანახაობას გირჩევდით, პირველი შიდა ქართლში, კავთურას ხეობის დათვალიერებაა, საქართველოს ამაზონის, უმაგრესი საფეხმავლო ტურების გაკეთება შეიძლება და ადვილი მისადგომია თბილისიდანაც და იმერეთიდანაც. დაღლილმა ადამიანმა ხომ უნდა ისადილოს და ივახშმოს, ამისთვის საუკეთესო ადგილი, ახლაც და მერეც არის Merebashvili’s Marani / მერებაშვილის მარანი
(551597000)

🍷 თუ ხეტიალი არ მოგწონთ და 1 დღიანი გასეირნება დაგიგეგმავთ, მაშინ სოფელი “ქვემო ჭალა” იდეალურია. თბილისიდან 50 კმ-ია, სანახაობა ბევრია, ფოტოების გადასაღები მინიმუმ 4 მაგარი ლოკაციაა (თამუნიას საფლავი და სხვილოს ციხე, საიდანაც შერეკილები გაიქცნენ, გოგირდის აბანოები, მართალია უფუნქციო, მაგრამ ძალიან ლამაზი, ამილახვრების სასახლე და მარანი (აბი-გლუკოზას სცენა) და კარბელაშვილების სახლ-მუზეუმი). მგონი სტუმრებს უკვე იღებენ და Artem Merebashvili არტემ მერებაშვილის საოჯახო სასტუმროშიც შეგიძლიათ გაჩერდეთ ან ისადილოთ ნოყიერად, სანდოდ და სანიმუშოდ.

🍷 თუ პატრიოტიზმი მოგაწვათ, მაშინ ნიქოზში ჩახვალთ, გიორგი მჭედლიძის ბაღების მშენებლობას დაათვალიერებთ, იქვე ცუგებივით დაბმულ რუს სამხედროებს დედა-ბუდიანად მოიკითხავთ და თუ წელსვე მოესწრო, მჭედლიძისვე რესტორანში გაილუკმებით.

🍷 ქვემო ქართლში, ბოლნისი უნდა ნახოთ, იქაური ღვინოებით და გერმანული კვალით. ესეც 1 დღიანი ამბავია.ასევე ძალიან მაგარი საფოტოვე და საჩექინე ადგილია წმინდა პეტრე-პავლეს ახალაშენებული მონასტერი. ხელისგულზე დევს ნახევარი ქართლი, ისეთი ადგილია.


🍴🍽 2: იმერეთში გაზაფხულზევე წავიდოდი, სადაც დინოზავრმა დააბიჯა, ყველაფერი ხომ აქაა და ამის გარდა, მთავარი მუღამი იმერეთში ადამიანები არიან. 2 დღიანი ტურის დაგეგმვა არ დაჯდება ძვირი, ვინც შემიძლია გირჩიოთ, Two sisters • ორი და საოჯახო სასტუმრო “2 და” (558425758) არის. ნამყოფი ვარ და ყველაფერი არის ხარისხიანი და გულიანი. ვფიქრობ, რესტორანში ჭამას, სოფლად გაჩერება აჯობებს.
ჭიათურასთან ახლოსაა და კი უკვირს ბევრს, რა ნახა ამ ქალაქშიო, მაინც, მიმაჩნია, საქართველოს საუკეთესო ქალაქი დადგება ოდესმე. სანამ დადგება, ახლა ნახავთ როგორიცაა ისეთს..

🍴🍽 3: რაჭა სამ დღიანი შეგიძლიათ, ან დაყოფაც მოსულა – ზემო რაჭა, ქვემო რაჭა. უღეტეხილგადავლილს, გაჩერება საოჯახო სასტუმრო Guest house – Village Khvanchkara/ საოჯახო სასტუმრო ხვანჭკარაში “ხვანჭკარაში” შეგიძლიათ. ამბროლაურთან ახლოსაა და 100 წლის ოდაში დაიძინებთ, კაი ლორიან ლობიანს მისცემთ და ხვანჭკარასაც დააგემოვნებთ. ახლო-მახლო სანახაობაც ბლომადაა, სასტუმრო სახლის მფლობელი დაგაკვალიანებთ უპრობლემოდ.

🍷 ონის გზაზე კერესელიძეების მარანი/Kereselidze Wine Cellar მარანია (591974716). ჯერ ხალხს არ იტოვებენ მგონი, მაგრამ თუ ონისკენ მიდიხართ, არ უნდა გამოტოვოთ. ფანტასტიკური ღვინო აქვთ და ამაზე კარგს ვერაფერს გაუგზავნით უცხოელ მეგობრებს.

🍷 ონში საოჯახო სასტუმრო “მხატვრის სახლი” რაჭაში / Family Hotel “Gallery”. Georgia “მხატვრის სახლში” დარჩენა შეგიძლიათ, ძალიან მაგარი მზარეული ჰყავთ და აქვთ შიდა ტურებიც (იმდენ რამეს განახებენ, რაჭველებსაც გაგაოცებენ)

🍴🍽4: ლეჩხუმი ძალიან მაგარი საქართველოა, თუ უბრალოდ დასვენება გინდათ, კაი ჭამა-კაი სმა, კაი ჰაერით და გადაფურცლული წიგნით, ნასპერში წადით. Xatuna Gurchumalidze ხათუნა ღურჭუმალიძე დაგხვდებათ ისე, რომ შეიძლება მიწა იყიდოთ იქვე (ამაშიც დაგეხმარებათ) და დარჩეთ.

🍴🍽 5: სვანეთში სანახავს რა გამოლევს, მაგრამ რას ნახავ და რას შეჭამ, ვის დაელაპარაკები და როგორ ადამიანს, ხომ აქვს მნიშვნელობა?
ბალს ქვემოთ, ბეჩოში ეკა კვიციანის (557286595) ვუწევ რეკომენდაციას. ჯერ ერთი, რომ მაგარი ოჯახია, გონიერი, ზომიერი, გემრიელი. მერე, ეკა პოეტია და სხვანაირად უყურებს სტუმარსაც და ქვეყანასაც, ამიტომ, თითოეული ჩვენგანის სტუმრობა სვანეთში კონკრეტული ადამიანის და ადამიანური ხაზის მხარდაჭერაცაა. წარმოიდგინეთ, დილით რომ გამოხვალ აივანზე და უშბას ჩახედავ თვალებში, ე, ისეთი სახლია კვიციანის სახლი. სანახავი ხეობაშიც ბლომადაა და ისედაც, გარეთ.

🍷 მეორე რეკომენდაცია – ჰეშკილის ქოხები • Heshkili huts. (595525118) ან რა ღირსეული ოჯახი, ან რა საუბრის მანერა, ან რა კერძები? მგონია, რომ ეს ადამიანები გადაინახეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ სვანეთში (ბალს ზემოთ) ამოსული ტურისტებისთვის ეჩვენებინათ, აი, ასეთები ვიყავით ისტორიული ქართველებიო.
დავითი მომღერალია და “რიჰო”-ში მღერის. ამ წინადადებას ნუ გაატარებთ, ისე, “მომღერალია” და მღერის კი არა, სერიოზული მუსიკოსია და ანსამბლიც საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი.

🍴🍽 6: სამეგრელოს გამოტოვებას სჯობს ისევ უცხოეთში იმოგზაუროთ, რადგან ეს ამბავი არ მოგეტევებათ.
ახლა აქ რა ხდება, ზუგდიდში თუ გაჩერდებით და ღირს დაბანაკება, უნდა ესტუმროთ Besiki Tshitanava ბესიკ ჭითანავას. ნამდვილი კოლხი და ნამდვილი გურმანი არის ეს კაცი. მეგრული კულინარია ხომ ცნობილია და იმ ცნობილებში კიდო უფრო ცნობილია ბესიკი თავის გემრიელობებით. პატარა, კოხტა სახლი აქვს და შეიძლება დარჩენიტაც მიგიღოთ. იაფი და სანდოა, ევროპული ხარისხი.

🍷 ახლა მეორე სამეგრელო, შურუბუმუები, კანიონები, ოცინდალეები, ქუაქანცალიები და კოლხური მისტიკა. მთელი მიდამოს ნახვა თავისუფლად შეგიძლიათ მარტვილში თუ დაბანაკდით, აქ ვისთან ვჩერდებით? – სწორია, კარგად გამოიცანით – საოჯახო მარანი – ოდა / Oda Family Winery საოჯახო მარანი “ოდა”. დედა, მამა, 2 ბავშვი. თუ ველური ბუნებაც გინდათ, თან პეწი გინდათ, თან საპირფარეშოში ერთჯერადი მოხმარების პირსახოცი, თან ვალით მოგზაურობთ, თან 5 ვარსკვლავს ითხოვთ და თან ცოტა ფული გაქვთ, Keto Ninidze ქეთო ნინიძეს უნდა დაურეკოთ (ოღონდ წინასწარ).

🍴🍽 7: ზემო აჭარაში ვითომ რატომ არ უნდა წავიდეთ, რადგან ქვემოთ ბათუმია? აი, ყველა რომ წავა ბათუმში, ჩვენ უნდა წავიდეთ ხიხაძირში, Туры в ущелье Хихани Tours In Khikhani Gorge ტურები ხიხანის ხეობაში სასტუმრო “ხიხაძირი” (5917140 15) თავისი უმაგრესი, უმაგრესი და უმაგრესი მასპინძლით იაშა გაბაიძითა და დარიკო აბაშიძით, 5 შვილით და უსუფთავესი გულით. ამაზე მაგარ ადგილას ვერც შეჭამთ, ვერც დალევთ. იშიმშილეთ მთელი გზა, რომ უფრო გემრიელად მიირთვათ რასაც დარიკო გაამზადებს. ადგილობრივი ყველი აქვთ კანფეტი.

🍴🍽 8: ხევსურეთს გამოვტოვებდი? ჩემი საყვარელი მხარეა. შატილში ჭინჭარაულებთან, მასპინძელი Shorena Liqokeli შორენა ლიქოკელი (598370317). კარგი ხალხი, სანდო ხალხი, გონიერი ხალხი. ალექსი ჭინჭარაულის სანათესაოა და იგივე კოშკი, სადაც ის დაიბადა.

🍷 ახლა აქეთ, როშკა. სადაც ხევსურეთს ვახსენებთ, მე Shota Tsiklauri შოთა წიკლაურიც მახსენდება. ამ კაცმა წლები შეალია საკუთარ მხარეს და ჩვენი სტუმრობა და ფულის იქ დახარჯვა, შეეხიდებოდა. სანახაობა არის ბევრი, უსაფრთხო და დიდხანსდასამახსოვრებელი.

🍴🍽 9: ყაზბეგს შეიძლება ტურისტი არ აკლია, მაგრამ რაც მეტი იქნება ქართველი, მით ნაკლებად ილაპარაკებენ რუსულად. 1 დღეში თბილისიდან და 2 დღეში სხვა წერტილებიდან მოინახულებთ აქაურობას, მაგრამ ჩემი რჩევაა, ღამე გაათიოთ სტეფანწმინდაში, რომ დილით დაინახოთ რა ლამაზია ეს დალოცვილი მყინვარწვერი.

🍷 ღამე დარჩენას ვაჟა ჩოფიკაშვილის სასტუმროში, სადილზე კი გირჩევთ ელისო გელაშვილის კაფეს. საკუთარი ბებო როგორც დაგხვდებოდათ, ისე დაგვხდებათ ეს ქალიც. უმაგრესი კერძები აქვს და რომ ეტყვით, ვინ გირჩათ, კიდევ უფრო გემრიელი გახდება ყველაფერი.

🍴🍽 10: სამცხე-ჯავახეთი სულ დაჩაგრულია, გვგონია, რომ იქითაც წავალთ, “ოდესმე” და ეს ოდესმე არ დადგა არასოდეს. არადა, საქართველო რომ გვქვია, ამ მხარეს უნდა ვუმადლოდეთ, ამიტომ, 10 მცნებაში 1 ის წერია, რომ წადით, ნახეთ ცალკე სამცხე და ცალკე ჯავახეთი თავის უმაგრესი ტბებიანადო (ასეთი და ამდენი ტბა საქართველოში არსადაა).

აქაც ხომ მოგინდებათ ჭამა? ვის ვურეკავთ? კუკური მეტრეველს. რატომ? იმიტომ, რომ ასეა საჭირო, იმიტომ, რომ ძალიან მაგარი მეგზური და ადამიანია, ფოტოხელოვანი და საკუთარი მხარის ამაგდარი, ნაღდი მესხი. თუ ვერ დაეტევით, დაგაკვალიანებთ ვის მიმართოთ დასაძინებლად-საჭმელად.

🍴🍽 11: გურიაში მარტო ნათესავებთან წასვლა კი არაა საქმე, ან ზღვისკენ მოგზაურობისას “ჩავლა”, აქაურობა მნიშვნელოვნად სანახავია.
ჩემი რეკომენდაცია ჩაის გზის დამაარსებელს, Lika Megreladzeლიკა (599260402) მეგრელაძეს. დასაძინებელიც გადასარევი აქვს, ეზოც, კარიც, მენიუც და თვალებიც. თუკი ვინმე გადაცმულ ელჩს გინდა წააწყდეთ, მასთან უნდა დაბინავდეთ. ფასი და ხარისხი სრულ შესაბამისობაშია.

🍴🍽 12: კახეთში, მოდი პირდაპირ ვიტყვი, სანახაობას რა გამოლევს და კაი პურმარილსაც რა გამოლევს, მაგრამ სად ვჭამოთ საუკეთესოდ, ეს მარადიული დილემა აქვე გადავწყვიტოთ მარტივად ა) Lomtadzeebis Marani Velistsikhe “ლომთაძეების მარანში”, (591332466) ბ) Kakha Tchotiashvili (593985502) ჭოტიაშვილების მარანში.

Posted in Uncategorized

სად მეძინა შატილში

არც მეტი არც ნაკლები, პირველად მეძინა X-XI საუკუნეებით დათარიღებულ, ჩეჩნეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეტანილ შატილის კოშკში.

შეგრძნება საოცარი იყო, განმეორდება თუ კოშკს კიდევ ვესტუმრები.

სულ რაღაც ერთი დღე–ღამე გავატარეთ კოშკში და ადამიანურად დავისვენე, გარშემო უჩვეულო სიგრილე, ზოგჯერ სიცივე იყო, მდინარის ხმაურზე ჩამეძინა და ისევ მდინარის ხმაურზე გამომეღვიძა, რომელიც იქვე ჩამოდიოდა.

ვერ ვიტყვი რომ კოშკი კარგ მდგომარეობაშია, რეაბილიტაციას საჭიროებს, სულ ახლახან კომპლექსის სამხრეთ ფასადი ჩამოიშალა, ამბობენ რომ მალე დაიწყება სარეკონსტრუქციო სამუშაოები და იმედია, მორიგი სტუმრობისას ლიფტები და შუშის სრა–სასახლეები არ დამხვდება და ისევ ისეთი ძველი სახე ექნება შენარჩუნებული, როგორმაც მყისიერად ძველ, ხევსურულ რომანტიზმში გადამისროლა.

კოშკი ქვემოდან, მდინარე არღუნის პირიდან
კოშკის დიასახლისი – ქალბატონი ნინო
კოშკის სატრაპეზო და ჩვენი გუნდის ნაწილი 🙂
ჩემი ოთახი ❤
ხედი ჩემი ოთახის სარკმლიდან – დილა 😉

 

რაც უფრო ვშორდებოდით მით უფრო გული მწყდებოდა, კიდევ მინდა იქ დაბრუნება 😦

პ.ს. დანარჩენი ფოტოები იხილეთ Eat and Tour–ს გვერდზე