XXVIII წერილი ქუცნას – გული საგულეში

მუხლები მტკივა. სიარული მიჭირს ან არ მინდა, არ ვიცი. წერილი ვერც მე წამოვიღე და სხვას კიდევ არ ვენდობი, ხომ იცი.

ბევრი რამ მოხდა, შენ კიდევ გართული ხარ შენი ქაოსური ყოველდღიურობით და ჩემი წუწუნით აღარ მინდოდა თავი მომებეზრებინა. არც გახსენდები, წერილის მოსაწერად არასოდეს იცლი, ან იქნებ არც გინდა. რა დრამა ხარ, გაიფიქრებ როცა ამ წერილს წაიკითხავ, თავს გადააქნევ, როგორც იცი ხოლმე. მეც ვიცი რომ დრამა ვარ და ყველაფერს ვართულებ, და ისიც ვიცი, რომ ერთადერთი ხარ, ვინც ამ დრამების განეიტრალების ტრაკი აქვს და სურვილიც არასოდეს უქრება. მერე რა რომ არასოდეს არ მწერ. მე ხომ ვიცი რა შეგიძლია. თუმცა რა დაგიმალო და მწყინს. შენგან მწყინს.

ჩემი გული მიწაშია. შენიც. წუხელ ბევრს ვფიქრობდი ამაზე, რაღაც შინაგანი ხმა მეუბნებოდა რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ხელის გაწვდენის მანძილზე დავმარხეთ, ვიფიქრეთ რომ ასე უფრო დავიცავდით, გატეხვისგან, ბევრი ტკივილისგან, გაჩერებისგან და ძალიან ღრმად დავმარხეთ. ერთმანეთს გავუცვალეთ და შევპირდით რომ ერთმანეთს არასოდეს ვეტყოდით, სად წავიღეთ ჩვენი გულები. ახლა მინდა რომ მითხრა, მინდა რომ მიწიდან ამოვიღო და დავაბრუნო საგულეში, თუკი ჯერ კიდევ ვარგა რამედ. შენც იგივეს გირჩევ. იქნებ დასრულდეს ქაოსი შენში და შენს გარშემო, იქნებ შეცვალო შენი მოსაბეზრებელი ყოველდღიურობა, ერთი და იგივე ადამიანები და ერთი და იგივე ადგილები, არ მოგბეზრდა? ვიცი რომ მოგბეზრდა, შენ თვითონ მითხარი. ხოდა აწიე ტრაკი, გაინძერი. დროა.

ბოლო დროს ხშირად მესიზმრება, რაღაც ქვა-ღორღიან დაღმართზე ჩავრბივარ გამალებით, მუხლი მეჭედება, ფსკერამდე მივდივარ და სახით ღორღში ვეცემი, აღმართზე ვეღარ ავდივარ. და ასე სულ, ვცდილობ და ვცდილობ, ფსკერის მერე აღმართია და იქ მინდა ასვლა რამდენი ხანია. რაღაც მაკლია. ერთხელაც მინდა მოსხლეტით გავიქცე, მუხლი არ გამიჩერდეს, სახით ქვა-ღორღში არ დავეცე და აღმართზე ავვარდე. იქიდან ყველაფერი ჩანს, იქიდან ყველაფერს ნათელი მოეფინება, ყველაფერი დალაგდება და უკან აღარ დავბრუნდები. შვებით ამოვისუნთქებ. ამოისუნთქებ შენც.

ალბათ ამიტომ მტკივა მუხლები. ალბათ ამიტომ ვერ მივიტანე წერილი საფოსტო ყუთამდე. ახლაც ჩვენს კატას გამოვატან, ისიც ფეხით წამოვა შენამდე, არც მანქანა ჰყავს და არც თვითმფრინავი ჯერ.

შემდეგ წერილამდე ქუც.

 

Advertisements

XXVII წერილი ქუცნას – ჩვენი პეპლები

დილაა. მინდა გითხრა რომ ფანჯარაში მზემ შემოიჭყიტა, მაგრამ მოგატყუებ. მზე ისე ჩახჩახებს, მგონი ღამეც არსად მიდის, მთელი ღამე გვერდით მიწევს მხურვალე და ვნებიანი საყვარელივით.

დილით დაღლილი ვიღვიძებ, მზისგან, ფიქრისგან და ოცნებებისგან. მუცელში გაჩენილ პეპლებს ტრანკვილიზატორით ვაძინებ. ვხვდები რომ მინდა მოგწერო, ბევრი მაქვს მოსაყოლი, ვდგები, პირზე ცივ წყალს ვისხამ  და გწერ. მომენატრე. პეპლებზე მინდა გესაუბრო. მუცელში მკვდარი პეპლების სასაფლაო მაქვს, ყოველ ჯერზე, როცა კი ჩნდებიან ან ვკლავ ან ვაძინებ. პეპლების მეშინია, უფრო სწორად იმის მეშინია, ვინმემ არ დამასწროს და ჩემამდე არ მოკლას, ასე უფრო გული დამწყდება, მეტკინება, ხოდა ამ ტკივილის მეშინია. ვინ თუ არა, შენზე კარგად ვინ იცის რამდენჯერ მოკლეს ჩემი პეპლები, მოულოდნელად, დაუგეგმავად, გაუფრთხილებლად, სპონტანურად . . .  პეპლების დატირებაც გეხსომება.

მონადირეები შებოჭილი, ჩამოუყალიბებელი და თავდაუჯერებელი ადამიანები არიან, თავისუფალი, მონავარდე და საკუთარ ძალებში დარწმუნებული სული, ისეთი იშვიათი მოვლენაა, მისი არსებობა უკვე მითი მგონია. სადღაც გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ რომ მე და შენ ვართ ასეთები, მე ზედმეტად რეალური ვარ, შენ ზედმეტად არარეალური, იმდენად, რომ მგონია წერილებიც არ მოდის შენამდე და ჩემს მონავარდე რეალობაში რჩება.

როცა მგონია რომ დაბრუნდი, როცა მგონია რომ რეალური ხდები და როცა მგონია როგორც იქნა ჩემს გვერდით ხარ, კიდევ უფრო მეშინია. ისევ რომ გაქრე? საკმარისია ჩვენი რეალური და უარყოფითი ენერგიით დამუხტული სივრცე შენი თავისუფალი სულისთვის? ხომ ხედავ რა უარყოფითია, დილაობით პეპლებს ვკლავ მუცელში.

თუმცა, სადაც მზე ეტევა ჩემს ოთახში, ერთად ვიძინებთ, ერთმანეთს ვესიზმრებით და ერთად ვიღვიძებთ, იქნებ შენც მოარჯულო ეს რეალური სამყარო, სადაც მე ვცხოვრობ, მე ხომ ამდენი ხანია შენს ირეალობას ვეგუები. არ გაყვედრი. მენატრები. უკვდავი პეპლები გამომიგზავნე ქუც. :*

XXVI წერილი ქუცნას – ბოდვები ვარდნამდე

ქუც, ეს წერილი, შეგიძლია თქვა, რომ საღი და დაბინდული გონების გამონაბოლქვია, გასხმული მუხრუჭების კვალში არეული.

სტამბოლში მივდივარ. თვითმფრინავში ვზივარ და ვფიქრობ პილოტის გერლფრენდს პოსტმენსტრუალური სინდრომი ხომ არ აქვს. ძალიან მძიმედ გადასატანია, როდესაც შენს გერლფრენდს პოსტმენსტრუალური სინდრომი აქვს, თან ამას წინათ აღმოვაჩინე რომ გადამდებია, შესაძლებელია შენს ბოიფრენდს გადასდო და იმათ კიდევ უჭირთ გადატანა, შეიძლება უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით, გააჩეროს თვითმფრინავი და ჩავიდეს. ვერ გაუძლოს ამხელა სტრესს.

მეტიც, ხომ გადასდებთ და თან დაგირეგულირდებათ ორივეს, ერთნაირად იწყებთ და ერთნაირად ამთავრებთ ანჩხლობას, სულის ხუთვებს, ერთმანეთის დაკაწვრას და დაკბენას.

მე მაინც ისევ პილოტისკენ გამირბის ფიქრები, ვხედავ როგორ იბერება, სივდება ბრაზისგან და ავიწყდება რომ ეს თვითმფრინავი გასართობი, სავარჯიშო სიმულატორი კი არ არის, ნამდვილი თვითმფრინავია, მთელი თავისი დიდებულებით, სერიოზულად ცაში ხარ და შენ მართავ. აქ ხალხი ზის, ცოცხალი ადამიანები არიან, თავისი შიშებით, ტკივილებით, მიტოვებებით, შეცდომებით, სიკეთეებით, პოსტმენსტრუალურ სინდრომიანი გერლფრენდებით და ბოიფრენდებით.

პილოტი გრძნობს ამ ყველაფერს? შეიძლება. უფრო სწორად ძალიან გრძნობს, ისე რომ წუხდება, პოსტმენსტრუალური სინდრომი შუბლში ურტყამს, ყურები უგუბდება, ჰაერი არ ყოფნის, მომენტალურად, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე, აჩერებს ათასობით კილომეტრზე გაშეშებულ თვითმფრინავს და ჩადის. უკანმოუხედავად ჩადის, პილოტს  სათითაოდ მოყვება ჩემოდნები, ზურგჩანთები, გულისრევის პაკეტები, სათამაშოები, ადამიანებიანი სკამები, პასპორტები, აიფონები, პლედში გახვეული პენსიონერი, რომელიც მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთურად მუშაობდა იმისათვის, რომ ცხოვრების ბოლო ორი ძღინკიანი წელიწადი მოგზაურობაში გაეტარებინა. ყველა მოფრინავდა, თავისუფალი ვარდნით ყველა პილოტს მოყვებოდა, რომელმაც უბრალოდ გააჩერა თვითმფრინავი და ჩ ა ვ ი დ ა.

იქნებ სიგარეტის მოსაწევად გავიდა? როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილს – მიწას, ნაწილ-ნაწილ, მთელი მხოლოდ პლედიანი მოხუცი გადარჩა, ძირს ეგდო, ხელში პასპორტი და ტურისტის ქამარ-საფულე ჩაებღაუჭებინა. თავში შავი ყუთი ჰქონდა მორტყმული, რომელიც სინამდვილეში ჭყეტელა ფორთოხლისფერი იყო.

მოგვიანებით, პრესა, ამ მოხუცზე დაწერს რომ, არც კი გაუგია რა მოხდა. თვითმფრინავში ეძინა. ძილში გაიპარა.

XXV წერილი ქუცნას – ნაღმზე რომ აფეთქდეს?

ქუც, შენთან გამოგზავნილი ძველი წერილები, დღეს ლამის სათითაოდ ამიხდეს, ხოდა ამიტომ, წინა წერილის არ იყოს, გადავწყვიტე წარსულის ამბები მოგიყვე ხოლმე, ალბათ ასე უფრო გამიადვილდება წარსულის წარსულში დატოვება, ვხვდები რომ იქიდან გადმოყოლილი რაღაცეები ხელს მიშლის აწმყოშიც და მომავალშიც, რამე კონკრეტულს ვერ დავასახელებ, თუმცა ფაქტია რომ ძველ ტრავმებს, გავლენა აქვთ ჩემზე, ჩემგან დამოუკიდებლად.

მე და ჩემს მეგობარს ერთი ასეთი ხუმრობა გვაქვს, ზოი, ვეკითხები, სამხედრო რომ შემიყვარდეს და ნაღმზე აფეთქდეს? ვიცინით გულიანად. და საერთოდ, როცა რაღაცაზე მოვიწყენთ ხოლმე, მაშინვე ეს მახსენდება და ისევ ვეკითხები, ისევ გულიანად ვიცინით.

ის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ალენ დელონი იყო, აი ასე, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ერთადერთი უნაკლოდ ლამაზი ადამიანი, ვისაც ჩემს თვალწინ ჩაუვლია. ვერანაირ შესწორებას ვერ შეიტანდით მის გარეგნობაში, მომხიბვლელობის და მიმზიდველობის უკანასკნელი შტრიხი მისთვის ბავშვურ ცელქობას დაემატებინა – ნაიარევი წარბთან.

ჩვენი შეხვედრა არ იყო მოულოდნელი და არც ერთი ნახვით შეგვყვარებია ერთმანეთი. მეგობრები ვიყავით. სტუდენტობის ბოლო წლებში, ძალიან ახალგაზრდები, ძალიან პატრიოტები და ძალიან პოლიტიკურები, საათობით ვკამათობდით და ვარჩევდით იდეოლოგიებს, ძალაუფლებებს, რეჟიმებს, სისტემებს, პოლიტიკურ მკვლელობებს, ეს ყველაფერი ხომ ასე ძალიან ახლობელი იყო იმ წლებში. დიდი გეგმები გვქონდა. მალე უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ის სამხედრო აკადემიას. კი, ალბათ მეოცნებეებიც ვიყავით. პოლიტიკურ მკვლელობებს გამოვიძიებდით, დამნაშავეებს დავსჯიდით.  ქვეყანას გადავარჩენდით, რომელსაც ახალი ძალა და ახალი სისხლი, ჰაერივით სჭირდებოდა.

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ეგრეა ხომ? მე ვფიქრობ, რომ ამ დროს ღმერთი ბოხი ხმით იცინის ხოლმე. ყველაფერი იმდენად სწრაფად და ბანალურად დასრულდა, ჟანრის რომელი კლასიკისთვის მიმეკუთვნებინა, არც კი ვიცოდი.

ბედნიერად საბანკეტო კაბას ვიკერავდი, უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ფრთები ალბათ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მქონდა გადაჭიმული. რეკავს ტელეფონი.

– ცოლი მომყავს.

– რა? (ეს არ იყო პირველი აპრილი)

– ცოლი მომყავს, ხმა უწყდება, თუმცა შეძლებს და გამოცრის ამ ორ სიტყვას.

– რას ნიშნავს ცოლი მოგყავს? დაბნეულობისგან, ბრაზისგან რა და როგორ მეთქვა აღარ ვიცოდი.

– ხუთი თვის ორსულია. ასე გადავწყვიტე. სხვა გზა არ მაქვს.

სხვა დანარჩენი, რაც მელაპარაკა, ვითომ ამიხსნა, განმიმარტა, უკვე ლირიკაა, არაფერი მესმოდა, არაფერი მახსოვს. მართლა არ მახსოვს.

აი ასე, უბრალოდ, დამირეკა და მითხრა რომ ცოლი მოყავს, ხაზის ტელეფონზე დამირეკა, დისკიანზე, რომელიც შემოსასვლელში იყო მისვარკული და შუაში, სამარილესავით გამოჭიმული ხომ არ დავიწყებდი ჯღნავილს? ვიდექი, ვუსმენდი და ყელი მისივდებოდა ცრემლების შეკავებისგან. მერე დავაგდე ყურმილი, გავვარდი საძინებელში და დიდხანს ვზლუქუნებდი პირქვე დამხობილი.

მე მიმატოვეს. ნაწილი პირველი. დუბლი ერთი.

შეიძლება ეს არ იყო დიდი სიყვარული, შეიძლება ეს უბრალოდ კარგი და ერთგული მეგობრობა იყო, შეიძლება ჩვენ დიდ პოლიტიკაში არ მოვსულიყავით, არც მკვლელობები გაგვეხსნა და ვერც ქვეყანა გადაგვერჩინა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა ერთმანეთის და გვჯეროდა იმის, რაზეც ვოცნებობდით და რასაც ვგეგმავდით.

აი ასე ბანალურად გაყვა წყალს, ნდობა და რწმენა, რომლის პოვნაც მას შემდეგ ძალიან მიჭირს ადამიანებში და ასევე გაცემაც.

ამ ამბავს, ახლა ისე გიყვები ქუც, თითქოს მხრებზე პლედმოსხმული ვიჯდე ბუხრის წინ, შვილიშვილებით გარშემორტყმული, რომლებიც დარწმუნებული არიან რომ ბებია ძილისწინა ზღაპარს უყვება, მაგრამ ეს ის ზღაპარი არ არის ნამდვილად, რომელსაც შვილიშვილებს მოვუყვები, ზღაპრები ხომ კარგად უნდა მთავრდებოდეს? ხომ ყოველთვის კარგად მთავრდება ზღაპარი? ხოდა მეც ის ზღაპარი მინდა, პაპა რომ მიყვებოდა ხოლმე ბავშვობაში, რომელიც კარგად მთავრდებოდა, სადაც პრინცი არ მიდიოდა, არც ნაღმზე ფეთქდებოდა, არც ქრებოდა და შვილიშვილებისთვის ნამდვილი ზღაპარი მექნება, კარგი დასასრულით.

XXIV წერილი ქუცნას: იალა, იალა! მოუსვი ნიჩაბს!

ერთი ამბავი უნდა მოგიყვე ქუც, ამ ზაფხულს გადამხდა თავს. ამჯერად ჯომარდობა ავიტეხე. მტკვარზე წავედით, ბორჯომისკენ. ყველაფერი იდეალურად იყო, ვიდრე გუნდმა არ აურია და ნავის მოძრაობა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ნიჩბის მოსმაზე არ დაეკიდა.  არაბი ტურისტების ჯგუფთან ერთად მოვხვდით ნავზე, ეზარებოდათ ნიჩბის მოსმა, ალბათ ფიქრობდნენ რომ მარტო ინსტრუქტორი მართავდა ნავს ან საერთოდაც დინებას ვემორჩილებოდით. არ გაჭრა არც ყვირილმა, არც ჯაჯგურმა, რამდენჯერმე პატარა ტალღებზე გადავრჩით ამოყირავებას. იალა, იალა! მოუსვი ნიჩაბს! არ ესმით. მორიგი აჩქარებული ადგილი, ძალიან რთული აღმოჩნდა, ნავმა ცხვირი აწია, წინ მსხდომებმა ნიჩაბი არ მოუსვეს დროულად და სწრაფად და ნავიანად ამოვტრიალდით. ჯერ გვერდით მჯდომი არაბი დამეცა თავზე, შემდეგ ნიჩაბი, ბოლოს ნავი წამომეფარა. ამ ყველაფერთან ერთად, არ დაგავიწყდეს რომ დიდი სისწრაფით წინ მივექანებით. მყისიერად ჩავიძირე, თავზე უზარმაზარი ნავია, ჟილეტმა ამომაგდო, ძლივს ვიპოვე ნავიდან გარეთ გამოსასვლელი, ვყლაპე წყალი, გამოვცურე და გარედან მოვეჭიდე ნავს. გადავრჩი. ახლა ნავმა მომიქცია წინიდან და დინებასთან ერთად უზარმაზარი ნავი მაწვება. არც კი ვიცი, იმ სწრაფი მონაკვეთიდან ნაპირამდე როგორ გავცურე. შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა, თუ რასაკვირველია პანიკას გადაურჩით.

დიდხანს ძალიან მხიარულად ვყვებოდი ისტორიას, შენთვისაც ვაპირებდი მხიარულად მომეყოლა, მაგრამ პოსტფაქტუმ შიშებმა არ მომცა ამის საშუალება. ამ შემთხვევის შემდეგ, ხშირად ვფიქრობ, ფეხი რომ გაჭედილიყო ფეხსამაგრში და ნავიდან საერთოდ ვერ გამოვსულიყავი? გვერდზე მჯდომი არაბი, რომელმაც ცურვა არ იცოდა, წყალქვეშ რომ ჩამჭიდებოდა გადარჩენის მიზნით? პანიკაში რომ ჩავვარდნილიყავი და ნავიდან გამოსასვლელი ვერ მომეძებნა? ათასნაირად დავატრიალე ეს ამბავი, თუმცა ფაქტი იყო გადავრჩით. ჩემს გვერდით მჯდომი არაბი კი ვერანაირად ვერ ჩამეჭიდებოდა, ასთმა ჰქონდა და შიშის შეტევისგან გონება დაკარგა წყალში. ისიც გადარჩა.

მოგვიანებით, შეგრძნებები რომ გავითავისე, მივხვდი რომ ნავის ქვეშ მოქცევისას წამიერად მეც გამოვეთიშე სამყაროს, ყურები დამიგუბდა, თვალები მაგრად დავხუჭე და არაფერი აღარ მესმოდა, უაზროდ ვიქნევდი ხელებს, საკუთარ სხეულს ვერ ვგრძნობდი.

აი ზუსტად ეს არის ქუც, ხანდახან არის მომენტები, როდესაც ცხოვრებას ეთიშები, შეიძლება რამდენიმე წამით, წუთით, მაგრამ ისეთი შეგრძნებაა თითქოს უზარმაზარი, დღედაღამ მოგუგუნე მაცივარი შტეფსელიდან გამორთეს. გაგახსენდა ხომ ეგ შვების შეგრძნება ყურებში და სხეულში ქუც? აი მაგას ვგულისხმობ, ამ დროს გარესამყარო ითიშება შენგან ან პირიქით, შენ ეთიშები სამყაროს.

ახლა, ცხელ აბაზანაში თავწარგულს მხოლოდ გამდინარე წყლის შხუილი მესმის, სადღაც შორს, ყრუდ, ისე თითქოს ჩანჩქერთან ჩამძინებოდეს ბუნებაში.

ამ დროს ხვდები, რა ჰაეროვანი ყოფილხარ, გრძნობ შენს უწონადობას და ამავდროულად შენს სიძლიერეს, რა შეგიძლია გადალახო, რამდენს შეგიძლია გაუმკლავდე და მეტიც, ისეთი ძლიერი აღმოჩნდე რომ საკუთარ თავს გადაახტე და დარჩე იქ, მოთმინებით, საიდანაც დიდი ხნის წინ უნდა წასულიყავი. კვლავ ძლიერად ამოვყვინთე აბაზანიდან, ისე როგორც მაშინ, გულაჩქარებული მტკვრიდან ამოვედი, სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ უნდა დავრჩე იქ, სადაც ვარ.

ზოგჯერ ვიბნევი, ვინ უფრო ძლიერია, ის ვინც იბრძოლა და ამოყვინთა, ის ვინც უბრძოლველად გაყვა დინებას, თუ ის ვინც გაყვა დინებას და დიდი ძალისხმევით უკან დაბრუნდა? გარკვეულწილად ყველა ძლიერია, თუმცა ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ძლიერი მგონია, რაც უფრო შორს ხარ გასული, ხომ მით უფრო რთულია დაბრუნება? ხომ მით უფრო დიდია გამოწვევა?

შენ როგორ ფიქრობ ქუც?

 

XXIII წერილი ქუცნას – ჩემი ესპრესო

ქუც,  ახლა ვიგრძენი დღეში რამდენჯერ გამოდიხარ შენი სახლიდან და ამოწმებ ხან საფოსტო ყუთს, ხანაც სახლის პარმაღს. ახლა ვიგრძენი შენი ლოდინი და შენი ტკივილი, რომელიც ვინ იცის რამდენჯერ მოგაყენე. არ გთხოვ პატიებას, ძალიან მრცხვენია და ძალიან მტანჯავს ეს გრძნობა. არ შეიძლება ჩემი საქციელი, ჩემი ასეთი უყურადღებობა, ჩემგან შენი ასეთი დავიწყება ოდესმე მაპატიო.  არ ვიმსახურებ. ვიცი. რას არ დავთმობდი ახლა, ჩემს გვერდით რომ აღმოჩნდე და აქაურობას გამარიდო, აქედან გამაქრო, სულ ცოტა ხნით მაინც, შენი მხარდაჭერა მჭირდება ისე, როგორც არასდროს. მუცელში პეპლები მომიკლეს.

გაგეცინება და, გუშინ პირველად მოვხარშე ესპრესო. ხომ იცი ჩემი მოთმინების ამბავი, უფრო სწორად ხომ იცი რომ სიტყვა მოთმინება, რას ნიშნავს, საერთოდ არ ვიცი.

დავასხი წყალი, დავახურე ერთი ნაწილი, ჩავყარე ყავა, დავახურე მეორე ნაწილი და შემოვდგი. ქვედა ეტაპზე ჩასხმული წყალი, ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად ზედა ეტაპზე უნდა ამოთუხთუხდეს, და დაგროვდეს ყავა, რომელიც გახეთქილ გულს, კიდევ უფრო გახეთქავს.

თუ წყლის და ყავის დოზები აგერია, და მეტი მოგივიდა, მაშინ ზედა ეტაპზე, ზედმეტად ბევრი ყავა გროვდება და ამდენ ესპრესოს ვეღარ ერევი, გული გიჩქარდება ან გერევა, თუ წყალი დააკელი, ზემოთ, ორიოდე ჩაის კოვზის ოდენა თუ ამოვა და არ გყოფნის, საშინელი დანაკლისის და უკმაყოფილების შეგრძნება გაქვს.

თითქოს რა მარტივია, ყავა ვერ მოგიდუღებია გოგოო? მეტყვი.

თურმე არ მცოდნია, ვხვდები რომ ბევრ შეცდომას ვუშვებ ქუც და ძალიან ბევრი რამ უნდა ვისწავლო, ისეთი რამეებიც კი, რაც მეგონა, თურმე ვიცოდი, მაგრამ არ მცოდნია.

არც პირველ ჯერზე გამომივიდა ესპრესო და არც მეორე ჯერზე, პირველად რამდენიმე წვეთი მივიღე და სასტიკად იმედგაცრუებული დავრჩი, მეორედ სამი კაცის სამყოფი მომივიდა.  ვერ გავუმკლავდი. გულის გახეთქვის შემეშინდა და გადავასხი, ეს წვეთ-წვეთად ნაგროვები ესპრესო.

შემდეგ თავიდან მოვადუღე, გავაუმჯობესე, მოთმინებაც და დოზებიც. C’est la vie.

როცა შენ დაბრუნდები, გპირდები მე და შენ მსოფლიოში ყველაზე დახვეწილ ესპრესოს დავლევთ და ბევრს ვისაუბრებთ, რამდენი რამ დაგვიგროვდა ქუც.

XXI წერილი ქუცნას -ამბორი მეოცნებეს ანუ სფეროს გზააბნეული ნახევრები

გიომი ხელზე მეამბორა და ამ ხანგრძლივმა ერთმა წუთმა ჩემი ცხოვრების წინა ოცდასამი წელი დაჩრდილა.” 

.. შმიტიოსტენდელი მეოცნებე 

* * *

რომ არა ერთი ფილმის და ერთი წიგნის გავლენა, კიდევ კარგა ხანს წერილს არ მოგწერდი ქუც.  ფილმმაც და წიგნმაც კედელთან მიმაყენა და მაიძულა მეფიქრა იმ განვლილ დღეებზე, რაზე ფიქრს აგრერიგად თავს ვარიდებ ხოლმე. მეგონა “ბრაიდსჰედში დაბრუნება” ცოტა მოვინელე, მაგრამ წიგნმა ისე შემაჯანჯღარა რომ გადავწყვიტე ეს წერილი მომეწერა შენთვის.

როგორ ფიქრობ იქნებ მეც მეოცნებე ვარ და ჩემი გამოგონილი სამყაროს იქით არც მე გავდივარ და არც სხვას ვუშვებ ღობის გადმოღმა? ეჭვი შემეპარა ჩემს თავში და შენი აზრიც მაინტერესებს.

არ მინდა ოსტენდელი მეოცნებესავით, მხრებზე პლედმოსხმული ვიჯდე ბუხართან და განუწყვეტელ ოცნებაში აღმომხდეს სული, იმ ოცნებებში რომელსაც თავად ვქმნი, ვშლი და ისევ თავიდან ვაშენებ.

თუმცა ოპტიმისტიც ვარ, ამით ისევ ჩემი რეალობა მკვებავს, ზღაპრები ცხოვრებაში არ გადამიტანია და არც ცხოვრება გადამიტანია ზღაპარში. ხან ვეგუები და ხანაც ვებრძვი რეალობას როგორც შემიძლია.

ხანდახან ვსუსტდები, სრულიად ადამიანურად და სრულიად პრინცესულად, ნაზად. როდის? ალბათ როდესაც რაღაც მომენტში ჩემს წინ ვიღაც უფრო ძლიერი დგას, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს, ისეთი როგორც გიიომის ამბორია, წამიერი, რომელიც ყველაფერს ცელავს, უკვე წასულ წლებსაც და თქვენ წარმოიდგინეთ მომავალსაც კი. ამბორი, რომლის გახსენებაც ყოველთვის იმეორებს იმ ემოციებს, რაც იმ წამს განიცადე და შეიგრძენი. აი ასეთ დროს ვსუსტდები და ვერ ვიკავებ ემოციებს, ან უფრო უარესი, იმ სიძლიერეს ვკარგავ რომელიც მოჩვენებითია ან ხელოვნურად ვმართავ სადავეებით, შეიძლება ჩემი საკუთარი თვითშეფასების ასაწევად, შეიძლება სხვების დასანახად.

ბევრი რამ გვაერთიანებს მე და მოხუც ემას, ოსტენდელ მეოცნებეს ქუც, თუმცა განსხვავებაც გვაქვს, მას მხოლოდ მეორე ხელთათმანი და მოგონებები აქვს, მე კი მოგონებები და რეალური შანსი სფეროს გზააბნეული მეორე ნახევარი ვიპოვო.

P.S. ნეტავ რა ზღაპრული წარსული აქვს ახლა იმ მოხუც ყავარჯნიან კაცს, რომელიც ჩემს მაგიდასთან ზის ლიტერატურულ კაფეში და ახლა ოსპის თუ სოკოს სუპს შეექცევა; ჩემდა უნებურად, ფანჯარასთან, მზიან მხარეს, მისი საყვარელი და ამოჩემებული ადგილი ამირჩევია წიგნის წასაკითხად, მთელი დღეა ის ვაჟა ფშაველას კითხულობს, მე კი ერიკ ემანუელ შმიტს.

gustav_Klimt_kiss

20 წერილი ქუცნას – სიჩუმის ფილოსოფია

თვითმფრინავმა თეთრი ღრუბლებიდან მცირე ბიძგებით ჩამოაჭრა და ვაცლავ ჰაველის სახელობის დათოვლილ აეროპორტში მსუბუქად შესრიალდა. დილის შვიდი საათია. ყველაზე ჩუმი სიჩუმეც კი ჩუმად არის. ყველაზე ხმაურიანი არსებები – ადამიანები თვალგახელილ ძილისპირულში ტოვებენ თვითმფრინავს და მოჩვენებებივით ქრებიან სხვადასხვა მიმართულებით.

ხმაურობს ჩემი ჩემოდანი, მაგრამ მაინც არ ცვლის ეს მდუმარების საერთო დინამიკას. ვსხდებით თითქმის ცარიელ, ვაგზლისკენ მიმავალ ავტობუსში და რაც უფრო ვიჭრებით პრაღის სიღრმეში, მით უფრო ვცილდებით ტყეებს, უკაცრიელ სივრცეებს და შევდივართ სიჩუმის ფილოსოფიაში, რომელიც ისეთი ორგანულია რომ ვერ აღვიქვამ.

მდუმარედ დგას გიდი, რომელიც დაუსრულებლად ელის გზააბნეულ ტურისტებს, რომლებიც ისე აცეცებენ თვალებს, როგორც ის სმენადაქვეითებული ბავშვი, რომელსაც პირველად სასმენი აპარატის მეშვეობით მოასმენინეს გარესამყაროს ხმაური.

ჩუმია ხალხიც სავსე მეტროც.

ისევ სინათლეზე გამოვდივართ და ვეძებთ სასტუმროს რუკაზე, უხმოდ გვჭირდება დახმარება, რასაც იქვე გამვლელი ჩეხი კარგად ხვდება, რომელმაც მიგვრეკა სასტუმრომდე, რომელსაც კარგა გვარიანად დავშორდით.

სასტუმროს სიჩუმემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, კიბეზე ფეხიც არ მინდოდა დამებიჯებინა, რომ რამე სიწყნარე არ დაერღვია. ძველი, პატარა ხავერდის სასტუმრო იყო.

ჰაერზე გასვლა გადავწყვიტეთ, ის-ის იყო კარის სახელურს ხელი ჩავჭიდე, რომ ეს გამეფებული სიჩუმე ისე ჩამომემსხვრა თავზე, თითქოს მდუღარე ქვა ესროლეს გაპრიალებულ შუშას.

„შე ნაძირალააა, მითხარი რა დაგაკელიი რაა . . .“ – მომესმა ქალის კივილი. მივიხედე და პატარა სცენა გათამაშდა თვალწინ, თეატრალიზებული, იქვე პატარა რესტორანში.

მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გავაცნობიერე რომ მე ჩეხური არ მესმის და ეს მდუღარე ქვა ჩემი მშობლიური ენა იყო.

მე პრაღაში ვარ ქუც, გუშინ ჩამოვედი.