რა გჭირს? არაფერი

“ქართველი კაცი ვერ მოკლავს ქართველ ქალს,

იმიტომ რომ ისინი ისედაც მკვდრები არიან.”

თქვა ზაალ ჩხეიძემ შეხვედრაზე “როგორ დავხოცოთ ქალები”.

და ამაზე რატომღაც ერთი ისტორია გამახსენდა. ეს ისტორია იმდენად უცნაური და უჩვეულოა, სიმართლეს თუ შეესაბამება უკვე ვეღარც ვიჯერებ, მაგრამ მგონია რომ კარგად ეხმაურება ამ ფრაზას.

ქალი რომელიც შრომობს, დადის ბაზარში მუშაობს, ზრდის შვილებს, უვლის ქმარს, რომელიც გამუდმებით სახლში ზის, იტანს მისგან შეურაცხყოფას, ნეკნების ჩამტვრევას, ეჭვიანობას, უმადურობას და ბოლოს, ერთ მშვენიერ დღეს, მორიგი რუტინული დღის დასასრულს, როდესაც სახლში ტვირთით მოსული შეეცდება ცოტა ხნით სავარძელზე ჩამოჯდეს და დაისვენოს, ქმარი არ აძლევს ამის უფლებას. აი აქ ქალს ეკეტება, მოთმინების ფიალა ევსება, მთელი ამ წლების მკვდრადყოფნის შემდეგ ცოცხლდება, ქმარს წინააღმდეგობას უწევს და თვითმკლველობას ცდილობს.

საბოლოოდ, შეხვედრის დასასრულს ყველაფერი ქართულ მწერლობას დაბრალდა, სადაც არ არის ქალის ნარატივი, არ ჩანს ქალის ხმა, არ ვიცით რა სურს ქალს, როდის სურს, რატომ სურს, ვინ არის, როგორია, რაზე ოცნებობს .. ..

გვყავს მხოლოდ შორენა (დიდოსტატის მარჯვენა), თინათინი, თამარ მეფე, ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა და ა.შ. სტერეოტიპებით გაჯერებული, მწერლის ინდივიდუალური გადმოსახედიდან იდეალური ქალი, იდეალური ქართველი ქალი; ადამიანები კითხულობენ ამ წიგნებს და მოცემულობად იღებენ რომ ასეთი უნდა იყოს კაცი, ასეთი უნდა იყოს ქალი, ქალი შეიძლება იყოს მხოლოდ დედა, რომელიც წამოხტება დილის ოთხ საათზე, ხელებს აიკაპიწებს რომ დილით ცხელ ჩაისთან ხაჭაპურები დაგახვედროს, ასევე შეიძლება იყოს და, დროთა განმავლობაში დამ მუტაცია განიცადა და არაუბრალოდ და, არამედ კაი ბიჭის და გახდა, რამაც ქალი კიდევ უფრო დახუნძლა ვალდებულებებითა და მოთხოვნებით, ასევე შეიძლება იყოს ცოლი, რომელიც უნდა იყოს შორენა, თინათინი, თამარ მეფე და ა.შ.

ეგ იქით იყოს და მე რომ თამარ მეფეობას მთხოვთ,

ერთი დავით სოსლანი რომელი ხართ, გამოდით აბა. o.O

ზღაპრებით, ლეგენდებით, რომანებით თუ ისტორიით არცთუ ისე ბევრი რამის გაგება შეუძლია კაცს ქალის შესახებ, არც ცდილობს რამე გაიგოს, მოისმინოს, თუ რამე რუტინიდან ან სტერეოტიპიდან გადახვეულს გაიგებს, იზაფრება, ცბუნდება, გეწინააღმდეგება, გეჩხუბება და შენც, შესაბამისად აღარ გიჩნდება სურვილი ისევ რამე აუხსნა, დაელაპარაკო და გააგებინო.

იქნებ არ გინდა სახლის დალაგება და მთელი დღე ლოგინზე გდება გინდა?

იქნებ სწავლის გაგრძელება გინდა?

იქნებ ტატუს გაკეთება გინდა?

სიგარეტის გაბოლება გინდა?

იქნებ დანძრევა გინდა?

იქნებ სექსი არ გინდა, გინდა გადაბრუნდე და დაიძინო

იქნებ ჯერ არ გინდა ბავშვი

იქნებ, იქნებ, ბევრი იქნებ არის, უფრო ღრმაც, მტკივნეულიც და ყოვლისმომცველი საკითხები.

ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, კითხვაზე რა გჭირს? პასუხია – არაფერი.

კაციც ჩაივლის, ქვეტექსტების გაგებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, არც იოცნებოთ. პასუხი არაფერი მისთვის უბრალოდ არაფერს ნიშნავს და მორჩა. ამიტომაც, ამ ტიპის კაცები ყოველთვის რჩებიან ყველაფრის მიღმა, მხოლოდ სირაქლემას პოზის ანაბარად, ყველაფერი ხდება მათ გარეშე და მერე უკვირთ, უკვირთ რატომ ვერ იპოვეს შორენა, თინათინი ან თამარი და ვერ ხვდებიან რომ დროა გამოვიდნენ ლეგენდებიდან, ზღაპრებიდან, სტერეოტიპებიდან და მწერლების, ისტორიკოსების შექმნილი იდეალებისგან. ისინი ხომ უბრალოდ არ არსებობენ და არც არსებობდნენ. აღიარეთ და შეეგუეთ!

ვადღეგრძელებთ ქალებს

დიდი ხნის წინ, როცა დედამიწაზე ყველაფერი სხვანაირად იყო, ეშმაკი მსოფლიოს ყველა კუთხეში აგროვებდა ლამაზ ქალებს და მშვენიერ მარგალიტებად აქცევდა მათ, ბოლოს იმდენი დაუგროვდა რომ მძივი გააკეთა;

ერთხელაც კაცმა არ იცის რატომ (ალბათ უფლის ბრძანებით) გადაწყვიტა ეს მარგალიტები ისევ გაეფანტა მთელს დედამიწაზე და ისევ მშვენიერ ქალებად ექცია, გაატანა ეს მძივი არწივს და უთხრა ყველა ქვეყანაში თი მარგალიტი ჩააგდეო, ასეც იქცეოდა არწივი, ყველა ქვეყანაში რომელსაც გადაუფრენდა ერთ მარგალიტს აგდებდა.

სულ მალე მოუახლოვდა საქართველოს და ეს მძივი კლდის წვერს გამოედო და გაწყდა, მარგალიტების უმეტესობა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვარდა და ისინი ულამაზეს ქალებად იქცნენ

ხოდა მოდით ამ სასმისით ჩვენ ქალებს, ლამაზ მანდილოსნებს გაუმარჯოს.  

 

ყოველი მომდევნო მეგობრის დაოჯახებისას, ბავშვობა ისე ილეოდა როგორც სათაგურში გამომწყვდეული ყველი, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებდი რომ ამ წასვლას, მათი გაბედნიერება და ცხოვრების ახალ, სასიამოვნო ეტაპზე გადასვლა ერქვა.

ვერ მოგვიწია კარგი პერიოდი, 90-იანი წლები, უსახსრობა, გაჭირვება, ბევრი მათგანი თავის მდგომარეობას უარესიდან ცუდისკენ  თუ შეცვლიდა და ამით ყველა კმაყოფილდებოდა.

ზოგი გაიპარა, ზოგი უფრო უარესი საბედოს დევნისგან შეწუხებული, მშობლების შერჩეულ მისთვის სასიკეთო ვარიანტს დათანხმდა, ზოგიც მოიტაცეს.

თუ აღმოჩნდებოდა რომ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი როგორც სიდუხჭირის დონით, ისე ოჯახის ახლად შეძენილი წევრების მხრიდან დამოკიდებულებით, წასასვლელი მაინც აღარსად გქონდა. უკან ხომ არ დაბრუნდებოდი ამ უბედურ დროს და ისევ შენს მშობლებს ხომ არ დააწვებოდი ჭირად, რომელთაც სხვა შვილებიც ჰყავდათ და თავი ისედაც ძლივს გაჰქონდათ.

ვალებით გადახდილი ქორწილის, თაფლობის თვის და მხიარულების მარაგის ამოწურვის შემდეგ იწყებდი შეგუებას.

ეგუებოდი უფულობას, მუდმივ უარს შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე

ეგუებოდი დედამთილის თუ მამამთილის უხეშობას (არ გაუხარდათ მათ ახალი ტვირთი)

ეგუებოდი გაღიზიანებულ ქმარს რომელიც ადრე ასეთი არ ჩანდა (მერე შეიცვალა)  

ეგუებოდი შენსკენ ბზრიალ-ბზრიალით წამოსულ ხან ღომის მოსაზელ ჩოგანს, ხან მწვანილის საჭრელ დაფას, ხან რას და ხან რას, რაც ხელში მოხვდებოდა ან შენს ქმარს ან დედამთილს

ეგუებოდი მუდმივად აწითლებულ ზურგს

ეგუებოდი შენს საკუთარ თავს რომელიც ძალიან გტკიოდა, გამუდმებით თმების მოქაჩვისგან ან მანქანის მინაზე მირტყმისგან

გენატრებოდა მშობლების სახლი და ბავშვობა

გინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ გააგრძელე, დედამთილმა ახლა მაგაში გვახდევინე ფული, ისედაც ქორწილის გამო ასეთი ვალები დავიდეთ ან რაში გჭირდება სწავლა, მაინც სახლში უნდა იყო, ბავშვები გაზარდოო.  ქმარს სხვა მიზეზი ჰქონდა, საშინლად ეჭვიანობდა, ადრე ასეთი არ ჩანდა, სანამ გაყვებოდი კოშკებს გიგებდა, კიდევაც აქ იყო ყველაზე წარმატებული, მითიური კოშკების მშენებლობაში.

თუმცა ისეც არ იყო რომ მხოლოდ გაჭირვებამ და უსახსრობამ შექმნა ნიადაგი ნაჩქარევად შეგექმნა ოჯახი. ამას სხვა ბევრი წინაპირობა ჰქონდა.

შენ ხარ ის ვისაც ბავშვობიდან პატარძლად ამზადებენ, იპრანჭები, სოფელში ჭიშკართან მეგობრების შეკრებაზე არ გახვალ ისე რომ გვარიანად არ გამოიპრანჭო, ქელეხში კერძებით დახუნძლული სინების ტარებასაც ვერავინ გასწრებს, აქაც კოხტად გამოწკეპილ-დავარცხნილი ხარ, და იღიმი, კეკლუცობ ისე თითქოს არავინ მომკვდარა, ისე თითქოს არავის გლოვობენ. ეს აქაური ტრადიციაა.  გასათხოვარი ქალის ტრიალი ქელეხში. ბევრი ფლირტი, ბევრი რომანი და ბევრი ურთიერთობა იწყება ქელეხიდან. ბევრი ოჯახიც იქმნება.

ქორწილშიც იგივენაირად იქცევი როგორც ქელეხში, ოღონდ აქ უკვე სუფრის გაწყობაში უნდა მოიწონო თავი, ფერადი ხელსახოცები ორიგინალურად ჩამოაცვა ჩანგალს, ჩადო ჭიქაში თუ ამოდო თეფშებს ან გააკეთო ქაღალდის ნავები.

და აი დგება მომენტი, ვიღაც თვალს გკრავს, შემდეგ პაემანია, შემდეგ ქორწილი, ბევრი სადღეგრძელო, ბედნიერებას გისურვებენ, ხან ქალურს, ხან ისე, კარგად შეზარხოშებულები და განსხვავებული სასმისით მალე გამრავლებას და ასევე ბედნიერ დედობას გისურვებენ.

ასეთ სადღეგრძელოებს შემდეგშიც მრავალგზის მოისმენ, ძალით, თავის არშერცხვების მიზნით გადახდილ დაბადების დღეებზე, ახალი წლის სუფრაზე და სხვა გამონაკლის შემთხვევებში.

დალოცავენ შენს კარგ დიასახლისობას, დედობას, შვილობას და კიდევ და კიდევ გამრავლებას და ბედნიერებას მოგისურვებენ, ხანდახან ქალურსაც.

და მერე ნელ-ნელა აღმოჩნდება რომ ოჯახი სადაც შედიოდი და რომელსაც ასე აქებდნენ მეზობლები და ახლობლები, ისეთი კარგი ვერ აღმოჩნდა. პირველი მსუბუქი კონფლიქტის შემდეგ, მამამთილმა პირველი მფრინავი ობიექტი გააცნო სახლში საქმის გასარჩევად შეკრებილ მოყვრებს – ხილის მძიმე ვაზა, ბროლის. ადრესატმა მოხერხებულად აიცილა მფრინავი ობიექტი. საბედნიეროდ.

შემდეგ მეორე მფრინავი ობიექტი გაიცანი, რომელსაც ერთი ფეხით გაასწარი ჭიშკარში – დედამთილმა იქვე, ჭიშკართან მიწაში ჩარჭობილ ლომს ასწავლა შენსკენ ფრენა.

შემდეგ იყო ტვინის სამჯერ შერყევა, განქორწინება და თავისუფლება. მართლაც თავისუფლება.

ყველაფერი დასრულდა. ამჯერად კარგად და არა ისე როგორც იმ ქალის შემთხვევაში, ოთხი შვილი რომ ჰყავდა და ქმარმა ნაწლავები გამოაყრევინა. მოკლა.

ამ პოსტში ასევე უნდა ყოფილიყო სტატისტიკა, გამოკითხვები, სხვადასხვა ექსპერტის კომენტარი თუ ინტერვიუ, რესპოდენტი და რესპოდენტის ფოტოები სახის იდენტიფიკაციის გარეშე და უამრავი სხვა რამ რაც UN Women-ის ვორქშოფზე შევიძინე და მასწავლეს და რასაც ალბათ ბევრი თქვენგანი უბრალოდ გვერდს აუვლიდა, არ წაიკითხავდა, არ დააინტერესებდა და ალბათ მართალიც იქნებოდით.

ეს ბლოგია და მე შევეცადე ამ ყველაფრისთვის გვერდი ამევლო და მაქსიმალურად პირადი ისტორიები მომეთხრო, ის რაც გაზეთში არ წამიკითხავს შემთხვევით, ის რაც სოფლის წყაროზე არ გამიგია ჭორის სახით, ის რაც ფეისბუქზე არ წამიკითხავს ვიღაც ფრენდის სტატუსის სახით, არამედ დამეწერა ის რაც ზუსტად მოხდა ჩემს გარშემო, ჩემთან ახლოს და ის რაშიც მე ჩავერიე, რაშიც ვმონაწილეობდი და რაც პირადად ვიხილე.

ამ პოსტში არეულია რამდენიმე ადამიანის სხვადასხვა ისტორია, ცხადია სახელები არ გამოვიყენე, შეიძლება ბევრი რამ გეცნოთ, ხშირ შემთხვევაში ხომ ასეთი ისტორიები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება.

ფოტოც შემთხვევით შევარჩიე, ჩემი არქივიდან და რასაკვირველია არ ასახავს პოსტში მოყვანილ ადამიანებს და ამბებს.

შიში ეს არის ის რის გამოც ძალადობის მსხვერპლი ადამიანები ხმამაღლა ვერ/არ ყვებიან თავის ისტორიებს, მითუმეტეს იდენტიფიკაციაზე საუბარიც კი არ შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ მსხვერპლი უკვე დიდი ხანია მოძალადეს ჩამოშორდა, ცხოვრობს დამოუკიდებლად, გადარჩა და ფეხზე მყარად დადგა, მაინც თავს იკავებენ მოყვნენ საკუთარი თავის შესახებ და მათი გადარჩენა, საკუთარ თავში ძალის პოვნა და წინსვლა მაგალითი გახდეს სხვა ბევრი ადამიანისთვის.

gisosebi

ჯეინ ეარი – ძლიერი ქალი

XIX საუკუნის შუა პერიოდის ინგლისის ლიტერატურული ცხოვრება მდიდარია ჟანრებით და პრობლემატიკით; მაგრამ თუ რომანტიზმის ხანაში წამყვანი პოეზია იყო. 30-იანი წლებიდან უპირატესობა პროზას მიენიჭა, ლიტერატურული ნაწარმოების ყველაზე გავრცელებული ფორმა გახდა რომანი; რომანის ფართო გამომხატველობითი შესაძლებლობები, მწერალს საშუალებას აძლევდა ნათლად გადმოეცა ინდივიდებისა თუ ფართო მასების ყოფა-ცხოვრება.

ამ პერიოდის კრიტიკული რეალიზმის ერთერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია შარლოტა ბრონტე. მისი შემოქმედება მჭიდროდ ეკვრის მისივე ცხოვრებას. მის კალამს ეკუთვნის ოთხი რომანი, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული და წარმატებული არის ჯეინ ეარი. მწერალმა რომანში ბევრი ავტობიოგრაფიული ელემენტი ჩააქსოვა და პირველად ფსევდონიმით გამოსცა. მთავარი გმირი ქალის სახეში კარგად არის წარმოდგენილი უსამართლობის და ძალადობის წინააღმდეგ პროტესტი.

მე არ შევუდგები ნაწარმოების შინაარსის დეტალურად განხილვას , უბრალოდ, ზოგადად მივყვები შარლოტას და მისი დების შემოქმედებაში დასახულ სოციალურ პრობლემატიკას, რაც დღესაც აქტუალური და მრავალი განხილვის საგანია. დები ბრონტეების შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევდა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის თემა. ჯეინ ეარი იყო ახალი გმირი ლიტერატურაში, ქალი ”მგზნებარე იდეალით და გამჭრიახი გონებით, თავისუფალი ადამიანი, დამოუკიდებელი ნებისყოფით, რასაც ამაყად უსვამს ხაზს როჩესტერთან”. ჯეინ ეარი დიამეტრალურად განსხვავდებოდა, ვიქტორიანული ეპოქისთვის დამახასაითებელი, დამყოლი და მორჩილი ხასიათის ქალისგან. ჩვეულებისამებრ, ამ ეპოქის ტიპის ქალს უნდა მოეწყო თავისი ცხოვრება, ანუ აუცილებლად უნდა გათხოვილიყო, გამხდარიყო დიასახლისი და ამგვარად, ქმრის ხაზით მოეპოვებინა გარკვეული სოციალური სტატუსი და ადგილი საზოგადოებაში. სწორედ ამ პერიოდში გამოქვეყნებული დიკენსის რომანის გმირი ქალები როუზ მეილი, ქეით ნიკლბი, რუთ ლინჩჳ, იყვნენ მსგავსი ქალურობის განსახიერებანი, უფრო მეტიც რუთის გადაუტვირთავი გონება კონცენტრირებული იყო, მხოლოდ გემრიელი, ხორციანი პუდინგების ცხობაზე.

XVIII საუკუნის საზოგადო მოღვაწე და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი მერი უოლსტონკრაფტი წერდა, რომ მკითხველს არა მარტო სიამოვნება უნდა მიანიჭო, არამედ უნდა გააგებინო ქალური ბუნების რეალურობა. უდავოა, რომ შარლოტა ბრონტემ განავრცო უოლსტონკრაფტისეული იდეა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის შესახებ და ჯეინის სახით გამოთქვა, იმ დროისთვის საკმაოდ მიუღებელი და ახლაც, ხშირად სადავო აზრი იმის შესახებ, რომ ქალს აქვს უფლება გაიზიაროს მამაკაცის შესაძლებლობები. თვლიან, რომ ქალები უფრო ხშირად და მშვიდად ეგუებიან უმოქმედო მდგომარეობას, – ფიქრობს ჯეინი; მაგრამ ქალებიც ხომ იგივეს გრძნობენ, რასაც კაცები. მათი შესაძლებლობებიც ხომ ისეთივე რეალიზაციას მოითხოვენ, როგორც მათი ძმების, მამების, ქმრების, ისინი იტანჯებიან ზედმეტი შეზღუდვებით, სხვა რა არის ის ”წითელი ოთახი” სადაც ურჩ ჯეინს გამოამწყვდევენ, თუ არა მსგავსი შეზღუდვების ალეგორია?! ანუ იმ დროის მამაკაცების აზრით (და ახლაც(?)) ქალებმა, მხოლოდ პუდინგები უნდა აკეთონ, დაკემსონ წინდები, დაუკრან ფორტეპიანოზე, მოქსოვონ ხელჩანთები.

თავად შარლოტა ბრონტემ, როდესაც რობერტ საუთის თავისი ლექსები  გაუგზავნა, მისგან პასუხად მიიღო, რომ ლიტერატურა არ არის ქალის საქმე, რადგანაც იგი ხელს უშლის ქალს ოჯახური მოვალეობების შესრულებასა და ბავშვის აღზრდაში. საბოლოოდ, შარლოტას აზრით, სქესთა თანასწორუფლებიანობა გულისხმობდა სოციალურ, პოლიტიკურ და რა თქმა უნდა ემოციონალურ და ფსიქოლოგიურ თანასწორუფლებიანობას.

ის ფაქტი, რომ მან ხმა აიმაღლა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობაზე, ეს უკვე თავისთავად დიდი სითამამე იყო XIX საუკუნის, 40-იან წლებში და მითუმეტეს სასულიერო პირის ქალიშვილისთვის. არც ის იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ მორიდებული და აღმზრდელი ქალის სახით შექმნა სრულიად ახალი და განსხვავებული პერსონაჟი, რომელიც ამავდროულად ძლიერი და თავდაჯერებული ქალის სახით. მის რომანში ქალი არის თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელი, ინტელექტის და ხასიათის სიძლიერით, სწორედ რომ მამაკაცის თანასწორი.

ბრონტეს რომანებში, თითქოს რომანტიზმსა და რეალიზმს შორის შედგა გარკვეული კავშირი, ამ შემთხვევაში კი ჯეინ ეარი დასტურია იმისა, რომ არ არსებობს მკაცრად გამიჯნული ისტორიულ-ლიტერატურული მიმდინარეობების საზღვრები, ანუ არ არის აუცილებელი ყოველმა ახალმა მიმდინარეობამ უარყოს და შთანთქას წინამორბედი, პირიქით, ახალმა შეიძლება შეითავსოს ძველის ელემენტები. და რატომაც არა, გადის წლები, საუკუნეები და პრობლემატიკა უცვლელი რჩება, უფრო მეტი კითხვები ჩნდება, უფრო მეტი დავობს არის თუ არა საჭირო ქალისა და მამაკაცის თანასწორობა.

მესიჯები და ძალადობა

დილას მობილურზე მომდის ასეთი სახის მესიჯი:

გსურთ ოჯახში ძალადობის პრობლემის არსებობისას მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია მის გადასაჭრელად? გამოაგზავნეთ OK – SMS ნომერზე 1247. SMS-ი უფასოა.

 

ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობა როგორც წესი არ მიაჩნია რომ მას ასეთი დახმარება სჭირდება, არ ფიქრობს რომ მას აღნიშნული იურიდიული დახმარება საერთოდ რამეში დაეხმარება, ის ფიქრობს რომ თუ მეუღლე გაიგებს ამის შესახებ უარეს დღეში ჩავარდება და აღარ ცდილობს სიტუაციის გამწვავებას, ან გაგიკვირდებათ მაგრამ შეიძლება მობილურიც არ ჰქონდეს საერთოდ (სოფლებში) და აღნიშნული OK – SMS  ვერ გამოაგზავნოს ან ასეთ მდგომარეობაშია უკვე ჩავარდნილი: