ტირიან ჩვენი სხეულები

თითქმის ერთი თვეა სავარჯიშო დარბაზში დავდივარ, ხანმოკლე დიეტის და შენარჩუნების ეტაპების შემდეგ, არჩევანი სავარჯიშო დარბაზზე შევაჩერე, მეზარებოდა მაგრამ მარტო არ ვიყავი და ვიფიქრე რომ არ ვიზარმაცებდი. დავრჩი მარტო. ცოტა შემეშინდა იმის, ყველა სხვა რუტინის მსგავსად ესეც მალე მომბეზრდებოდა და შევწყვეტდი. ღრმად ამოვისუნთქე და ჩავფიქრდი, ჩავფიქრდი იმ მიზეზებზე რატომ უნდა მევლო სპორტდარბაზში, არც მეტი არც ნაკლები ჩემ თავს გულახდილობა მოვთხოვე, ვინმესთვის უნდა გამეკეთებინა ეს? არა, ხაზგასმით არა. მინდოდა ისევ პასიურ რიტმს დავბრუნებოდი? რასაკვირველია არა. ხოდა, ავაფრიალე ტრენერის დაწერილი შაბლონური პროგრამა და დავიწყე ვარჯიში. თავიდან, დღეგამოშვებით დავდიოდი, ვაცდენდი კიდეც, ახლა ყოველდღე დავდივარ. ვარჯიშს დღითიდღე უფრო ვუმატებ, უნებლიედ ჩემი თავი დავიჭირე, რომ უკვე წელში გამართულიც კი დავდივარ და საერთოდ შემძლებია თურმე.

ძალიან მნიშვნელოვანია გარემო და ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად ვარჯიშობენ ამ სივრცეში, განსაკუთრებით გოგოები რასაკვირველია.

დღესაც, შუადღის მორიგი ვარჯიშის დროს, სარბენ ბილიკზე სირბილისას და მუსიკის ფონზე ვათვალიერებდი მოვარჯიშეების სახეებს და ვფიქრობდი, როგორ მიიღეს აქ მოსვლის გადაწყვეტილება,  სვანეთის მთების და კოშკების ფონზე შიშველი, მოვლილი, ფორმაში მყოფი სხეულის დანახვა ვითომ? მეგობარი გოგოს ან მეგობარი ბიჭის ჩიჩინი? მშობლების ან და-ძმის ჩიჩინი? თუ ჩემსავით დასხდნენ ესენიც და შეკითხვები წააყარეს საკუთარ თავს?

აი, ჩემ წინ დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცი ვარჯიშობს, საშინლად უკმაყოფილო სახით,  ისე თითქოს 10 ან 20 წლით უმცროსმა გერლფრენდმა კინწისკვრით გამოაგდო, წადი ივარჯიშე, ღიპი დაიგდეო, ესეც საწყალი ხან ერთ რკინას მიაწყდება, ხან მეორეს, ყოველ ამოქაჩვაზე ისეთი სახე აქვს, გეგონება ტრენაჟორს ეხვეწებოდეს ცოტათი მაინც დამსუბუქდიო. მის ყოველ მოძრაობაზე ვგრძნობდი რომ გარშემო ყველა დამნაშავე ვიყავით, ყოველშემთხვევაში ასე ჩანდა. ან შეიძლება არ მეჩვენებოდა და მართლაც ასე იყო, ზედმეტად ბევრს ხომ არ ვითხოვთ ხოლმე ერთმანეთისგან? ყველას ხომ არ სიამოვნებს ჯანსაღი წესით ცხოვრება? იქნებ არ უნდა ფორმაში ყოფნა და მხნეობა? იქნებ ფიქრობს რომ ღიპი მისი ბუნებრივი მდგომარეობაა და ეს ასაკი სწორედ ღიპის, მოდუნებული კუნთების და მუდმივი დაღლილობის ასაკია? რატომ უნდა შევუშალოთ ხელი?

ან იქნებ ის 25-27 წლის ბიჭი, რომელიც ასწევს ერთ გირს და ორი საათი მისჩერებია სარკეს ან ტელეფონს და დარწმუნებულია რომ ეს ფორმა და შემართება მთელი ცხოვრება გაყვება, ეს მისი გენეტიკაა და არაფერი შეიცვლება, ამ ეტაპზე კი, დარბაზში ერთ ხელში გირით და მეორე ხელში აიფონით, უბრალოდ მილფებს დაათვალიერებს.

ხოდა რა არის მთავარი? მთავარია თქვენ სად ხართ კომფორტში, პირველ რიგში საკუთარ თავთან თუ ხართ კომფორტულად? თუ წვალობთ, იტანჯებით და ეს ის არ არის, რასაც რეგულარულად და სისტემატურად გააკეთებდით მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ნუ აატირებთ თქვენს სხეულებს, ჯობია სხვა რამე სცადოთ, აერობიკა, ცეკვა, სირბილი, ცურვა, იოგა, ჭოკით ხტომა და არ იფიქროთ იმაზე ხალხი რას იტყვის, რაღა დროს შენი ფორმაში ჩადგომაა, აწი შენ ვერ დაიბრუნებ ძველ ფორმებს, თუ გათხოვდი უნდა გასუქდე კიდეც აბა როგორ, 35 წლის კაცი ხარ და აბა ღიპი არ გექნება? და ა.შ. პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ ეს ხალხი სანაგვეზე გადაყაროთ, დამიჯერეთ ამ დროს ერთ 25 კილოს მყისიერად ჩამოიკლებთ და მშვიდად გადახვალთ შენარჩუნების და სტაბილურობის ეტაპზე.

Advertisements