Posted in კინემატოგრაფია

რა უყვარს გასპარ ნოეს

ერთი ამოსუნთქვით სანახავ ფილმებში, ძალიან მნიშვნელოვან ადგილს მივუჩენდი გასპარ ნოეს ახალ ფილმს „კულმინაცია“.  ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, პირველივე კადრის გახსნისთანავე ფეხქვეშ მიწა გეცლებათ, მთელი ფილმის მანძილზე ელვის სისწრაფით ბნელ და სახიფათო გვირაბში ვარდებით და ბოლოს, ერთბაშად მზის სინათლეზე გამოდიხართ. როგორ და რა მდგომარეობაში  გამოდიხართ, ეს უკვე მთელი ფილმია.

ერთ ფურცელზე დაწერილი და ორ კვირაში გადაღებული ფილმი სრულიად თავბრუდამხვევია, მთვრალი და ძაან გასულია. რეჟისორიც მთვრალი და გასულია, ისევე როგორც მისი კამერა, რომელსაც ხელიდან არ უშვებს და ცდილობს მაქსიმალურად გაახანრძლივოს ეფექტი გრძელი კადრებით, წითელ სანგრიაში, სისხლში და ნარწყევში ამოვლებული გრძელი კადრებით.

„მე არ მიყვარს ადამიანებზე ლაბორატორიის ვირთხებივით დაკვირვება. შენ უნდა იყო ვირთხა  ვირთხებს შორის.“ ასეც არის, სხვანაირად კარგი ფილმი არ გამოვა.

ცხოვრების კულმინაციურ მომენტებში ვიღაც ბევრს ჭამს, ვიღაც სასმელში ღვივდება, ვიღაც ბოლთას სცემს და ბევრს ეწევა. ყველას ჩვენ ჩვენი საშუალება გვაქვს მდგომარეობიდან გამოსვლის, ბედნიერების გაასმაგების მისაღწევად. ამ ფილმში ცეკვა პირველია, ცეკვავენ თავისუფალი მოცეკვავეები, პრივატული „ტუსოვკების“, იუთუბის ვარსკვლავები.

გასპარ ნოეს უყვარს ცეკვა. „მიყვარს სექსი, ცურვა და ცეკვა. ჩემი ცხოვრების ყველაზე კულმინაციურ მომენტებში საცეკვაოდ მივდივარ. ყოველთვის როდესაც პარიზში ვბრუნდები, მივდივარ კლუბებში. თავი მავიწყდება, როდესაც ვცეკვავ.“

მეც ასე დამემართა. თავი დამავიწყდა, როდესაც კულმინაციას ვუყურებდი.

 

——-

“კულმინაცია” იგივე “ექსტაზი” ვნახეთ ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის, დიდოსტატთა კოლექციაში. ამჟამად გადის კინოთეატრებში

 

Posted in აქეთური იქეთური, საზოგადოება

მე შენ ჩემს ფერფლს განდობ

“დღესასწაულის მიზანია, დაგვავიწყოს, რომ საცოდავი მარტოსულები ვართ და ერთ დღეს ყველანი დავიხოცებით”

მ. უელბეკი 

———–

გიცეკვიათ სამბა მეგობართან ერთად, დილის ხუთ სააათზე ბათუმის ბულვარში?  ან ვალსი ან რამე სხვა, არ აქვს მნიშვნელობა და ქარისთვის გაგიტანებიათ ის კომპლექსები, რომელიც გეძახის, უი, შეხედე ამ შუაღამეს ბულვარში ცეკვავს და გაკავებს. მე მიცეკვია, გარშემო ადამიანების სახეებიც მახსოვს, ზოგის ცოტა გაკვირვებული, ზოგის გაღიმებული ან გახარებული, მაგრამ არა გაოგნებული ან ვაი შენს პატრონს სახეები. ამის შემდეგ ვფიქრობ და მგონია რომ სხვების ვაი შენს პატრონს სახეებსაც ჩვენ ვქმნით, ჩვენი წარმოსახვის პროექციაა მათი სახეები და სინამდვილეში არ არსებობს. თუ ნაბიჯებს თამამად და თავდაჯერებულად დგამ, შეიძლება შეცდომითაც, ასეთ სახეებს ვერ ნახავ გარშემო, ისინი უბრალოდ ვერ გაბედავენ ასეთი სახეების შექმნას თავდაჯერებული და საკუთარ ნაბიჯებში დარწმუნებული ადამიანის წინაშე. შეიძლება დაიბოღმონ, შეშურდეთ შენი თავაწყვეტილი თავისუფლების, მათ ხომ ასეთი თავდაჯერებული ნაბიჯები არასოდეს გადაუდგამთ ცხოვრებაში, მეტიც, ნაბიჯი საერთოდ არ გადაუდგამთ, ერთ ადგილას დგანან.

ზოგადად რას ვაკეთებთ ადამიანები? ზოგადად არ ვიცი და კონკრეტულად კი, დღისით კომპლექსებს ვებრძვით, შიშებს ვთოკავთ, თავს ვაკონტროლებთ, ღამით კი დამარცხებულები ვიძინებთ, ჩვენც და ჩვენი კომპლექსებიც. ბევრი ბრძოლით გათანგული, საკუთარი თავის გაკონტროლებით დაღლილი, რაღაც მომენტში ხვდები, რომ კომპლექსების და შიშების დამარცხების საუკეთესო გზა მოდუნება და მათი იგნორირებაა, რა წამსაც ამას მიხვდებით, იმ წამს გაივლით ტრიუმფალურ თაღში, თავაწეული და ამაყი. გამარჯვებული. უფრო მეტი დრო დაგრჩებათ საკუთარი თავისთვის, ოცნებების ასრულებისთვის, რეალიზებისთვის, უფრო მეტი საქმის გაკეთებისთვის, დრო ხომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია, ის იმდენად ცოტა გვაქვს, რომ აბსურდია საკუთარი თავის კონტროლს და კომპლექსებთან ბრძოლას შევალიოთ.  ეს დრო მხოლოდ ერთმანეთს უნდა შევალიოთ და სხვა ბევრ საინტერესო და სასარგებლო საქმეს.

ჯარმუშის ბოლო ფილმის ერთი სცენა მახსენდება, სადაც მარადიული ცოლი ეუბნება მარადიულ ქმარს, “არ მესმის, ამდენი ხანი ცოცხლობდე და მაინც არ გესმოდეს . . . საკუთარი თავით შეპყრობა დროის ფუჭად კარგვაა. გამოიყენე გადარჩენის მიზნით, ბუნების დაფასებისთვის, სიკეთისთვის და მეგობრობისთვის .. . ცეკვისთვის! შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულშიც კარგად გაგიმართლა”.

დღეს, დედაჩემმა და მამაჩემმა ქორწინების 35 წლისთავი აღნიშნეს, ყველა ურთიერთობაშია აღმასვლა და დაღმასვლა, რაც ალბათ უფრო საინტერესოს ხდის ყველაფერს და ერთგვარი გამოწვევასავითაა სიძნელეების გადალახვა და ურთიერთობასაც ეს კვებავს. ალბათ.

რომ არა ერთგული ქალი და ნამდვილი მეწყვილე, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ და მეორე ნახევრის ძალებში და შესაძლებლობებში, სებასტიან სალგადოს სახით რიგითი ბიზნესმენი, ეკონომისტი გვეყოლებოდა, რომლის სახელიც ვიწრო წრეს არ გასცდებოდა. ფოტოგრაფიაში გადასვლის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს, ეს არ იყო ადვილი, ახალი ხილი იყო იმ წლებში და დიდი რისკი იყო ოჯახისთვის, მისი ფოტორედაქტორიც ცოლი გახდა, ის, ვინც ყველაზე კარგად იცნობდა სალგადოს, მის ცხოვრებას და მის ფოტოებს.

ძალიან ბევრი პესიმისტურად უყურებს, ცოლ-ქმრობის კი არა, შეყვარებულობის პერიოდსაც კი ვერ ქაჩავენ დიდხანს და ერთად. მე ჯერ კიდევ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მჯერა რომ არსებობს ურთიერთობა რომელიც დროს გაუძლებს, სადღაც ჯარმუშიც ხომ ამას უშვებს, სიყვარულის და ურთიერთობის მარადიულობას. სიკეთით, მეგობრობით და ცეკვით გაჯერებული მარადიულობას.

“ვერ მოვიგებ. სიყვარული რუსული რულეტკასავით არის, არავის უყვარს ჩემში არსებული ნამდვილი მე, მხოლოდ სახელ და ვარსკვლავს ეტრფიან. ძალიან სწრაფად მიყვარდება და ყოველთვის ტკივილით ვამთავრებ. სხეული ჭრილობებით მაქვს დაფარული. მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, გარეგნულად ძლიერი, რომელიც მუდმივად მაჩოს პროექციას ახდენს სცენაზე, სინამდვილეში შინაგანად ძალიან რბილი ვარ, ვდნები”. მერკურის რომ არ ეთქვა ეს სიტყვები, ალბათ მე ვიტყოდი და კიდევ ბევრი იტყოდა ჩემთან ერთად. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რამ ხვდება ერთმანეთს, ის ვისაც შენი სუსტი მე უყვარს, ძლიერ მეს ვერ აიტანს და პირიქით, ვისაც შენი ძლიერი მე უყვარს, ის შენს სისუსტეებს ვერ აიტანს, პატარა წყენას და გაბუტვასაც კი ვერ აიტანს, როგორ გაბედე და ცრემლი გადმოაგდე, შენ ხომ ასეთი ძლიერი ხარ.

როგორია მამაკაცი რომელიც გეტყვის, მე შენ ჩემს ფერფლს განდობ? ალბათ ზუსტად ისეთი, რომელსაც ისე ეყვარები, ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტის გარეშე, მთელ ცხოვრებას ერთად გაატარებთ და ისე გეყვარება, რომ თვალის დაუხამხამებლად გაუყოფ მეორე მამაკაცს და წვეულებებზე ერთად მიუსხდებით მაგიდას, ერთ მხარეს შენ და მეორე მხარეს, მისი იმჟამინდელი ბოიფრენდი. ეს მამაკაცი ფრედი მერკურია. ეს ქალი კი მერი ოსტინი – Love of his life.

“ჩვენი სიყვარული ცრემლებით დასრულდა, რამაც უფრო ღრმა და მჭიდრო კავშირი შექმნა ჩვენს შორის და ეს ზუსტად ის არის, რასაც ვერავინ წაგვართმევს. ეს მიუწვდომელია . .. .  ყველა ჩემი საყვარელი მეკითხება, რატომ ვერ ჩავანაცვლე მერი, ეს უბრალოდ შეუძლებელია . . ..  ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ და ეს სიყვარულის საუკეთესო ფორმაა. მილიონი პრობლემა შეიძლება მქონდეს, მაგრამ გვერდით მერი მყავს და ეს ყველაფერს გადამატანინებს… მერი ჩემი ერთადერთი მეგობარია და სხვა არავინ არ მინდა “.

მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან.

Posted in კინემატოგრაფია

შემიყვარე, მეცეკვე და შემომეწან

ადამიანი მოცეკვავედ იბადება. ვერა ოსტატი  და ვერც წლები ვერ მოახდენს სასწაულებს და უნიჭო შეგირდისგან კარგ მოცეკვავეს ვერ შექმნის. შეიძლება შეიძინო კონკრეტული ცეკვის ტექნიკა, მაგრამ ვერასოდეს შეიძენ განსაკუთრებულ და გამორჩეულ ტალანტს; ვერასოდეს ვიამაყებ,  რომ მე ოდესმე განსაკუთრებულად ნიჭიერი შეგირდი მყავდა. პავლოვა არა ჩემი, არამედ  თვით ღმერთის შეგირდია”. 

ჯორჯ ბალანჩინი  

ბოლო ეპიზოდი

მთელი დღე მუშაობ, ყოველდღე მუშაობ, მთელი წელი მუშაობ, საღამოს მოდიხარ სახლში და ცდილობ რამე აზრიანი გააკეთო, მაგრამ ისეთი დაღლილი და მისავათებული ხარç მშიერი ან მაძღარი მგელიც რომ გეცეს, რეაქცია არ გექნება. სამსახურიდან გამოსულს გასასვლელთან ვიღაც გხვდება, ესალმები ისე, თითქოს ფაფუკი ღრუბლიდან ახლა ჩამოხტი, იღიმი და მანქანასთან მისული ხვდები, როგორ გამოიარე მთელი ეს გზა, მიმიკურად შერჩენილი ღიმილით, არადა ნაცნობს რახანია დაშორდი.

მანქანაში ჯდები და აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებლად გადიხარ რუტინულ გზას, იმდენად რუტინულს, რომ იქნებ ერთ დღესაც საჭეს ხელი გაუშვა და მანქანა თავისით წავიდეს.

უკვე სახლშიც მიხვედი და სამი დღის წინ გადმოწერილ ფილმს რთავ; პოლონური ფილმია, თანამედროვე ცეკვებზე, მარტივი სახელწოდებით “Kochaj i Tancz”. იმედოვნებ, რომ რთული და დაძაბული დღის შემდეგ, ფილმი სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენს, მაგრამ უდიდესია სიამოვნება, როდესაც იმედი მოლოდინს აჭარბებს და უფრო მეტიც, ფილმის შემდეგ ცეკვით იწყებ სუნთქვას. უჯერებ ფილმს და ამის შემდეგ, ყოველ ნაბიჯს შენს მეწყვილესთან ერთად ისე დგამ, თითქოს აი სადაცაა ყინულის თხელი ფენა ჩაგიტყდება.

ბოლოსწინა ეპიზოდი

თითქმის ყოველთვის უნდა დაუჯეროთ დიდ მაესტროს, შეიძლება უსმენთ, მაგრამ სათანადადოდ ვერ აღიქვათ ნათქვამი. მე მოვისმინე პინას ნათქვამი – ეს ფილმი არის მათთვის ვინც ცოტა რამ იცის ცეკვის შესახებ. დიახ, ეს სიტყვები კარგად რომ გამეთავისებინა, ფილმის შემდეგ უფრო მეტი სიამოვნების განცდა მექნებოდა ალბათ, ვიდრე უკმარისობის. თუმცა საინტერესო იყო ფილმის კონცეფცია – ცეკვას და მოცეკვავეს არ აქვს ასაკი, უასაკოა, დროსთან და სივრცესთან შეზავებული, როგორც იტყვიან, მთავარია სულს ეცეკვებოდეს, ან როგორც თავად პინას უყვარდა თქმა, “მე არ მაინტერესებს როგორ მოძრაობ, მე მაინტერესებს რა გამოძრავებს შენ”, დიახ, მთავარია ყოველთვის იყოს მოძრაობის მიზეზი, აუცილებლად წინ მოძრაობის, და აქ უკვე ასაკს, სქესს და თმაში ჭაღარას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ბებერი, გამხდარი, ჭაღარა თმებჩამოყრილი შემოეწან იატაკს, სკამს, კედელს და პარტნიორს, თუ კი გაგიმართლა და იპოვე!

პირველი ეპიზოდი

5 წლის ხარ და იწყებ ცეკვას, რამდენიმე დღე ისე დადიხარ, მაყურებლად, პატარაა და შეეჩვიოსო, ფიქრობენ; შენ მოგწონს როგორ ცეკვავენ უფროსები, თვალებგაფართოებული, შეუმჩნეველი წერტილი ხარ უზარმაზარ დარბაზში, შემდეგ, ნელ–ნელა შენც შეურთდი, მორცხვად როგორც ყოველთვის, შეგაპარეს რაღაც–რაღაც ილეთები, მასწავლებელი ხედავს, რომ კარგად მიყვები, უფრო ართულებს, სრულ ხაზებზე გადადის,  ქუსლი, წვერი, ქუსლი წვერი, ვაჰ რა ბედენაა, უკვე ცერებზე დგები და ეს ქუსლი, წვერი და ახტომა ვერა და ვერ გამოგდის, გიჟდება მასწავლებელი; უკვე ორ საათზე მეტია ცეკვავთ, შენც დაიღალე, პატარა ხარ, მასწავლებლის მოთმინება პიკს აღწევს, ნერვიულად ბოლთას სცემს, მისავათებული უცებ გრძნობ ჰაერში გაელვებულ პარკეტის ნაჭერს და კოჭის ძლიერ წვას, ცრემლებს ყლაპავ და გაფიცხებული, ახალი ენერგიით, ჯინიანად შეუჩერებლად იმეორებ, ქუსლი, ახტომა, წვერი, ქუსლი, ახტომა, წვერი და ასე სულ, ბოლომდე . . .  გამოგივიდა. დღეს მოვრჩით გაკვეთილს ბავშვებო, ხვალამდე!  – იტყვის დაღლილი ქორეოგრაფი და ჩქარი ნაბიჯით გადის დიაგონალზე.

მეორე ეპიზოდი

ხანი გამოხდა, ისევ ცეკვავ, ისევ რეპეტიცია, მოთელვა გაქვთ ძელთან, ერთ მწკრივად, შავ სამოსში გამოწყობილი ხაზი ადის და ჩადის სინქრონში, ფეხი გვერდზე, ფეხი წინ, ხელი განზე, ხელი მაღლა . . უეცრად მუსიკა წყდება, მასწავლებელი მოემართება დიაგონალზე, ჯერ არ იცი, რას აპირებს, ფიქრობ რომ რაღაც ილეთს გაჩვენებთ, ახლოვდება, არეალიც ვიწროვდება, მზერა შენზე ფოკუსირდება, ახლა ფიქრობ რომ რაღაც განსაკუთრებული გააკეთე და ცალკე გამოგიყვანს საჩვენებლად, ნაბიჯების ხმა შეწყდა, სახე სახესთან მოვიდა, ხვდები რას აკეთებ? – გესმის ხმა, უარის ნიშნად თავს იქნევ, ვერ ხვდები? – ყვირის უფრო გაბრაზებული, ვერა, – ჩურჩულებ შეშინებული, ემჩნევათ, ვერც სხვები ხვდებიან, მოგვიანებით ჰაერში გაელვებული გაშლილი ხელი გახსენდება, შემოწნული სილისგან ლოყა გეწვის, ვერ ხვდები რა მოხდა, გადააგდე კევა! – ისმის ღრიალი. ცრემლები ნიკაპთან გეწვნება, მუსიკა გრძელდება და ისევ აგრძელებთ სინქრონში, ფეხი გვერდზე, ფეხი წინ, ხელი განზე, ხელი მაღლა, ცრემლები ნიკაპთან . .

მესამე ეპიზოდი

წლები გადის, შენ წარმატებული მოცეკვავე ხარ, სოლისტი, დიდ სცენაზე გამოდიხარ, ბევრი ტაში გახსოვს, თუმცა ყოველი გასვლის წინ უფრო ძლიერი ტაშის იმედი გაქვს, დიდია მოლოდინები. ისევ მკაცრი მასწავლებელი გყავს, ახლა უკვე ქალი, ყოველთვის გეჩხუბება, არასოდეს გაქებს, კონცერტზე უსაზღვროდ ბევრი ხალხია, კიბის საფეხურებზე სხედან, გასასვლელებში დგანან, ნემსიც კი არ ჩავარდება, იმდენი ხალხია, სამაგიეროდ ერთი ლურსმანი დარჩება სცენაზე, პერსონალურად შენთვის; შენ სოლოს ცეკვავ, სრულ წრეზე გადიხარ ცერებზე, სამ ბრუნს აკეთებ და წუღით ლურსმანს ედები, მთელ დარბაზში ერთადერთ ლურსმანს! ერთმანეთის მიყოლებით ეცემით ძირს, შენ, შენი ნაწნავები და ქუდი, წამიერად სწევ თავს და შეშინებული პირველ რიგში მყოფ ქორეოგრაფს ეძებ, ადექი, ადექი! – გესმის მისი ხმა ქვეცნობიერად; წამიერად ხტები და ცეკვავ, ვითომც არაფერი, ეწევი ანსამბლს, ცეკვა სრულდება, დიდი ტაში, ბევრი ტაში! შეშინებული გამოდიხარ და პირველივეს შენს ქორეოგრაფს ეჩეხები, მოემართება გაშლილი ხელებით, შენ, შეშინებული, ინერციით უკან ხტები, ის კი, გიხუტებს, მაგრად გიკრავს გულში და გაქებს, პირველად მთელი შენი საცეკვაო კარიერის მანძილზე, ყველაზე მკაცრი ქორეოგრაფი გაქებს! – ყოჩაღ! მაგარი ხარ, ვამაყობ შენით!  . . .

სწორედ მაშინ ხვდები, დაცემა ყოველთვის არ ნიშნავს წაგებას, ტალახს, ვარდნას, და რომ ზოგჯერ დაცემა ტაშს და შექებასაც იმსახურებს, მთავარია ღირსეულად ადგე, არ დაიბოღმო და გააგრძელო შენი საქმე ისევ ისე, დაუღალავი ცეცხლით.

—–

Kochaj i Tancz

Posted in Travelling

სად ხარ მეთ?

ეძღვნება ლევან ღამბაშიძეს 🙂

მას შემდეგ რაც ფეისბუქზე თავმოკლულმა და აწ უკვე მხიარულმა იუზერმა, ერთ-ერთ დისკუსიაზე, სტუმრების მოლოდინში ხსენებული ვიდეო გვიჩვენა, სულ მინდოდა დამეწერა ამის შესახებ.  თქვენ და კიდევ 16360279 მომხმარებელს ეს ვიდეო ალბათ უკვე ნანახი აქვს, მაგრამ მე ეგ არ მაინტერესებს, თავმოკლულმა მომხმარებელმა ისე ლაღად და მხიარულად წარმოადგინა იგი, რომ გულში ჩამრჩა.

აი ასე, ერთ დღესაც მიატოვა ჩვენმა მეთმა სამსახური, კარიერა, მოაჯდა ჩემოდნებს და დაიწყო მოგზაურობა.  ცხადია თავიდან მთელი დანაზოგი შემოეხარჯა და დამეთანხმებით მოგზაურობაც არ არის იაფი სიამოვნება, რაც არ უნდა ფეხით და საძილე ტომრით აკიდებულმა იაროთ, მითუმეტეს ისეთი მოგზაურობისთვის როგორშიც მეთია ჩაბმული მარტო ფეხები არ არის საკმარისი, ფრთებიც საჭიროა. Continue reading “სად ხარ მეთ?”