დაგვიანება იცით კაცებმა – 2

მაშ ასე, დაგვიანება იცით კაცებმა ერთის შემქმნელებისგან თქვენ მოიგეთ მეორე პოსტი და ასევე დამსინავი მამრების შესანახი კონტეინერი. ^^

მთელი რიგი დისკუსიების, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, პირადი ამბების გადმოლაგების, შედარებითი დახასიათებების და ანალიზის შემდეგ, რაღაცნაირად შევჯერდი შემდეგზე:

დრამაქვინები – ანუ ბუზის სპილოდ ქცევის გურუები, მომენტი, როდესაც 37 სიცხე 200-ია, სურდო კი სამუდამოდ ლოგინად ჩავარდნის პერსპექტივა, რასაც თან ერთვის კაბის კალთაზე ჩამოკიდების დაუოკებელი სურვილი, საბურთალოდან თავისუფლებამდე მისვლა კი უბრალოდ არგონავტების ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობაა.

სტატუსი ქრონიკულია და საჭიროებს თვითშეფასების მუდმივ ამაღლებას.

ბარბი ბიჭი – სარკე, ასპრია, ჩვენი წელთაღრიცხვით 2017 წელი. მრავალი ასეული წლის შემდეგ, მეცნიერები ამ წარწერით უამრავ ასეთ ფოტოს აღმოაჩენენ გათხრებში. აქ, დრამაქვინმა იმუშავა საკუთარ თავზე, სხეულზეც, აიმაღლა თვითშეფასებაც, რასაც ცხადია უნდა მივესალმოთ, წამოვდგეთ და ტაში დავუკრათ, მაგრამ როგორც დრამაქვინები ამლაშებდნენ, ისე საკუთარ თავზე მუშაობაც გადაუმლაშდათ და უბრალოდ აიფონიან ბარბებად იქცნენ.

^_^

რვაფეხა – ის არის ყველგან, როგორც ქათმის ხორცი ქორწილში, როგორც ქელეხში ლოქო ქინძმარში,  ყოვლისმომცველი, უკიდეგანო, უსაზღვრო, ყველა სტატუსზე, ყველა კომენტარზე, ყველა ფოტოზე, ყველა ჩატში, სულ მოძრავი, სულ აქტიური. უიმედო, ვერ უშველით.

ამაზე სულ ეს მახსენდება ხოლმე

ფაქ ბოდი = ბოდი, ო, ბოდი ანუ სექსის კაცი ანუ უბრალოდ სექსი.  

კინჭოტა – კინჭოტი არის გრძელი ჯოხი, თონეში ჩავარდნილი პურის ამოსაღებად, სხვა სახელი ამ კატეგორიას ვერ მოვუძებნე, ფაქ ბოდიც არ გამოდის, ამბობს, რომ ურთიერთობა როგორც ასეთი არ უნდა, უნდა სექსი, საუბარი, მიწერ-მოწერა და ხანდახან საერთო მეგობრების წრეში  შეხვედრებიც ასევე გარდაუვალი იქნება, ანუ რა უნდა, იცის ვინმემ? გარდა იმისა რომ დრო და დრო, თონეში ჩავარდნილი პურივით მოგიწოდოს?

ძაფით გამობმულები – ეს არსად მიდის, არც შენ გიშვებს, სულ შენ გარშემო ტრიალებს, თუ ლაიქია, თუ შეარია, დაფაცურდება, დატრიალდება, არ შეგარცხვენს, მაგრამ ინბოქსში ვინ ვარო, ვინოო? ვინაო და ლენინის მავზოლეუმიო ❤

ხო ბიჭებს გვიყვარს ზანაჩკების დატოვება, თან თუ ტვინს არ იმას გიშვება იყოს თავისთვის პურს გთხოვს თუ წყალს. რა იცი ხვალ რა ხასიათზე გაიღვიძებ.”

 “gaurkvevlobashi amkofo jobs vidre mitovebaze utxra”

ცუილივით გაპარულები  – ანუ მიხვდით ხომ როგორ მიდიან? ცუილივით. მეტიც, რაღაც დროის მერე შეიძლება ეჭვიც შეგეპაროთ, რომ ასეთი ვინმე თქვენს ცხოვრებაში  საერთოდ არსებობდა. პერიოდულად, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გადამოწმების მიზნით, შედიხართ მის ფეისბუქ პროფილზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ნახულობთ, ნამდვილად არსებობდა თუ არა ის. რატომ მოვიდნენ, რატომ წავიდნენ, რა უნდოდათ, კაცმა არ იცის, ცხადია არც თვითონ.

Advertisements

გატეხილი ზურგები

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ზურგზე სიარული უყვართ, გატეხავენ ერთ ზურგს, გადავლენ უფრო მაღალ ზურგზე, ამასაც გატეხავენ და ასე შემდეგ, ზურგების კიბის უფრო მაღალ და მაღალ მწვერვალებს იპყრობენ. გატეხვამდე ზურგი ბევრს უძლებს, ბევრს ცდილობს, ცდილობს რომ გაუძლოს და დიდხანს ატაროს, კარგად ატაროს. ერთი შეხედვით რაღაც ჰარმონიაც უნდა იყოს, თავისებურად მაგრამ მაინც, ერთიც ხომ მსხვერპლია და მეორეც. ზურგზე მოსიარულე უიმედოა, არაფერი ეშველება, რადგან უკვე ძალიან დაგვიანებულია ადამიანმა საკუთარი ფეხით სიარული ისწავლოს.

აი ასეთი ხარ და მორჩა, დამოკიდებული და ჩამოკიდებული, ხელით სატარებელი და საჯიკავებელი, ყველგან ზურგით დადიხარ, ამ სიმაღლიდან უფრო კარგად ხედავ, უფრო მეტი საყრდენი გაქვს, უფრო მეტად იმკვიდრებ თავს, რაღაც დროის შემდეგ ისე ზულუქდები, რომ ზურგი ამას ვეღარ უძლებს და ტყდება. და შენ, უკვე მოფრთიანებული, ფეხმოკიდებული და უფრო მეტად თავდაჯერებული გადადიხარ სხვა ზურგზე, აგრძელებ დიდ და იოლ გზას.

ჩემ გარშემო ბევრი გატეხილი ზურგია. მეც გატეხილი ზურგი ვარ. ხშირად, ზურგი ძნელად მთელდება. უფრო ხშირად კი საერთოდ არ მთელდება.

 

გილოცავთ ვალენტინობას. ატარეთ მხოლოდ საკუთარი თავი. ❤

დაგვიანება იცით კაცებმა

ეპიზოდი I – მონადირე

– გამარჯობა, მიცანი?

– ვერა, ვერ გიცანი, რომელი ხარ?

– ჯგუფელები ვიყავით ბაღში, როგორ ვერ მიცანი, თმებს გწიწკნიდი, კუბიკებს გესროდი და შენს საჭმელს ვჭამდი, აღარ გახსოვს?

– პირიქით რომ გაგეკეთებინა, უფრო დამამახსოვრდებოდი ალბათ (სიცილი)

– მიყვარდი ბაღში

– ვა

– ახლახანს დავჯექი და დავფიქრდი რომ სულ შენ მიყვარდი, მთელი ეს წლები

– ახლა, ანუ 30 წლის შემდეგ? 

– კი, მიყვარხარ და მინდა რომ ერთად ვიყოთ

– მე არ მინდა, არ გიცნობ, არ ვიცი ვინ ხარ

– თავს იფასებ?

– არა, უბრალოდ არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ, მითუმეტეს არ მიყვარხარ და არც შენთან ყოფნა მინდა . . .

(უკვირს. თან ძალიან.)

– კარგი მაშინ ცოლს მოვიყვან.

– კარგი

(და მოყავს)

ასეთი დიალოგის კიდევ ბევრი ვერსია შემიძლია შემოგთავაზოთ, ბაღიდან, სკოლიდან, უნივერსიტეტიდან თუ ცხოვრების სხვა პერიოდებიდან; დასაწყისი, დასასრული თითქმის ერთნაირია ხოლმე, მხოლოდ ამბავის დრამატულობის დონე იკლებს ან მატულობს ხოლმე, ინდივიდუალურად. ყველაზე სევდიანი თითოეულ ამ ამბავში არის ის რომ, შენს უარს, პირობითად 30 წლის შემდეგ, მეორე მხარე იღებს როგორც თავის დაფასებას, “თავს იფასებ”, “მაწვალებ” და რაც ყველაზე სასაცილოა, იწყებენ ნადირობას, შტერები უფრო მეტად ვარდებიან ინტერესში და ერთი პროცენტითაც კი არ უშვებენ იმას რომ, გადაგინდა, გაცივდი, აღარ გიყვარს, სხვას ხვდები, აღარ გაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს ამდენი დრო გავიდა.

 

ეპიზოდი II – საჩოკი

როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ეს ეპიზოდი პირდაპირ ბმაშია წინა ეპიზოდთან, მაგრამ აქ უნდა გამოვყოთ საჩოკის რამდენიმე ქვეჯგუფი:

საჩოკი ნომერი 1 – ადამიანი, რომელიც 30 წელი (პირობითად) არ ჩანს, არ გაწუხებს, საერთოდ არ იცი მისი არსებობის შესახებ და ბოლოს სცენაზე გამოდის ანშლაგის და ბისზე გამოყვანის მოლოდინით ❤

საჩოკი ნომერი 2 – ადამიანი, რომელიც მუუუუუუუუდმივად შენს გვერდით არის, 24/7-ზე, ყველა დღე, ყველა წელი, არ გტოვებს არც ჭირში, არც ლხინში, მშვიდად ისმენს შენს სასიყვარულო ისტორიებს, გაძლევს რჩევებს, ოღონდ ისე კოხტად და მოქნილად, რომ თვითონაც ვერ ხვდება თავის მესაკუთრეობის, ეჭვიანობის და პოტენციური კონკურენტის თავიდან მოშორების აუტანლად მსუბუქ შტრიხებს ❤ და ვერასოდეს, ვერასოდეს ხვდება რა გითხრას, როდის გითხრას ან როგორ გითხრას.

(უმძიმესი შემთხვევა(ავტ. შენიშვნა)).

საჩოკი ნომერი 3 – ის შენს გვერდით არ არის, ის არის სადღაც, არც იცი სად, მაგრამ მან იცის შენი კონტაქტი, შენ იცი მისი, წლების ინტერვალით შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდეთ, ან მისი ან შენი ინიციატივით, გაგყვეს ცხოველების ბაზრობაზე და თეთრი ბაჭია გაყიდინოს ან რა ვიცი, სხვა რამე მსგავსი ჰეროიკული ნაბიჯი გადადგას. მოკლედ, ის არის, ის არსებობს, როგორც ჰამლეტის მამის აჩრდილი და როგორც კი მის სახელს ახსენებ, მაშინათვე შენთან გაჩნდება (ზღაპარივით).

(შემთხვევის სიმძიმე დაუდგენელია (ავტ. შენიშვნა))

 

ეპიზოდი III – დაუდეგარი საჩოკი

რასაკვირველია შესაძლებელი იყო ეს საჩოკი, საჩოკი ნომერი ოთხი ყოფილიყო, მაგრამ იმდენად გამოირჩევა რომ ცალკე ეპიზოდი დააკვდება.

ახლა აქ რა ხდება, აქ, თავიდანვე ორივემ იცით რომ იმას მოწონხარ, შენც მოგწონს, კარგად ხართ ერთად, დიდებულად, მაგრამ რაღაც პატარა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს: აი ამ მომენტში იცის რა უნდა, მაგრამ მეორე მომენტში აღარ იცის, ან აღარ ახსოვს. ერთ ადგილზე ვერ ისვენებს, ხან ვის მიასკდება, ხან ვის, თუმცა მუდმივად შენს გარშემო ტრიალებს, შენ ხომ ჯიბეში ჰყავხარ, სად წახვალ, არსად წამსვლელი შენ არ ხარ, ეს კარგად აქვს გათავისებული, და შენი მხრიდან მუდმივად აქვს მოთმინების, გაგებით მოკიდების და ლოიალურობის იმედი.

ეპიზოდი IV – წარსულის აჩრდილებთან მებრძოლები

მებრძოლი, ერთი შეხედვით გაუტეხელი სულის პატრონი, მუხას რომ მოგლეჯს და სად ჯანდაბაში წაიღოს რომ არ იცის, სულს ამოიღებს შენი გულისთვის, გორასაც ძვრას უზამს, პირამიდას დაეტაკება თავით, ევერესტზე ავა და ჩამოვა, უკვდავების წყალზე გაგეგზავნება, რომანტიკულ ვახშამსაც მოგიწყობს, ისეთ ადგილას, რასაც ახლა მარტო ჩემი ფანტაზიით ვერ ვიგონებ, მაგრამ აი, მუხთალი როა წუთისოფელი, წარსულის აჩრდილებს ვერაფერს უხერხებს, მოკალი და ვერ.

– აი საშინელი გამოცდილება მქონდა, ვერ გავრისკავ  

– აი ვერ დავიწყებ სერიოზულ ურთიერთობას, მეშინია პასუხისმგებლობების

(და თავისი მოტანილი სტენკა ისევ სახლში წაიღო)

– აი ბოდიში რო შეგაწუხე მარა სხვა მიყვარს რა

– აი ცოლი მყავდა აკვნიდან და ახლა იგივეს ვერ გავიმეორებ

– მიყვარხარ მაგრამ მეშინია, შენმა წინამორბედმა მიღალატა

(წინამორბედს დაშორდა ასე ხუთი წლის წინ – ავტ. შენიშვნა)

ციტატები შემიძლია კიდევ გავაგრძელო, მეტი დრამა შემოვიტანო, ასევე გაითვალისწინეთ რომ თუ ძალიან “გაგიმართლათ” წარსულთან მებრძოლი აჩრდილი შეიძლება იყოს საჩოკი და არა ისეთი, როგორიც აღვწერე.

და ბოლოს, ისევ დაბრუნდით პოსტის დასაწყისში და გადახედეთ პირველ დიალოგს, ეპიზოდების შესაბამისად. :დ  

 

 

ტონი მორისონი

არ მახსენდება თუ არსებობს ტონი მორისონის თარგმანები ქართულ ენაზე, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ნამდვილად არ შემხვედრია, სამწუხაროდ მაშინ (1999–2003) პროგრამაშიც არ იყო აფრო–ამერიკული ლიტერატურა, მიმოხილვის დონეზე მაინც, რომ გაევლოთ სტუდენტებს.

შესაბამისად ვუბრუნდები მაშინდელ თუ ახლანდელ მოგროვილ მასალას და პერიოდულად ბლოგზეც დავწერ, თუმცა არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამით ის ცარიელი ადგილები შეივსება, რაც ქართულ ენაზე ნათარგმნ ამერიკულ ლიტერატურის ისტორიაში და ზოგადად საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიაშია.

აფრო–ამერიკული ლიტერატურა  ჩემთვის ყველაზე მიმზიდველია. განსაკუთრებით კი 70–იანი  ანუ დაახლოებით იმ პერიოდიდან, როდესაც კონსოლიდაციის ეპოქა დაიწყო, დასრულდა ვიეტნამის კონფლიქტი, რასაც მალე აშშ–ს მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღიარება და ამერიკის დამოუკიდებლობის ორასი წლისთავი მოჰყვა.

შედეგად, 1980–იანი წლების “Me Decade” დადგა, სადაც ადამიანები, უფრო მეტ აქცენტს აკეთებდნენ პირად საკითხებზე, ვიდრე ზოგადსაკაცობრიო, სოციალურ თემებზე.

რაც შეეხება ლიტერატურას, აქ ძველი ტენდენციები შემორჩა, თუმცა აქა–იქ სუსტი ექსპერიმენტული ნაპერწკლებიც გაიელვებდა.

60–იანი წლების ექსპერიმენტული მწერლების მიერ მიტოვებული რეალიზმიც უკან იხევდა, რომელიც ხშირად მკვეთრად გამოხატულ ელემენტებთან შეზავდებოდა ხოლმე – თამამი სტრუქტურა, რომანი რომანში, როგორიცაა ჯონ გარდნერის “ოქტომბრის სინათლე” ან შავკანიან ამერიკელთა დიალექტი, ალისა უოლქერის ნაწარმოებში “იასამნისფერი”. უმცირესობის ლიტერატურაც უფრო და უფრო ვითარდებოდა. დრამა რეალიზმიდან უფრო კინემატიკურ, კინეტიკურ ფორმებს იღებდა.

ამ პერიოდში გამოჩნდა ასპარეზზე, ცნობილი აფრო–ამერიკელი ნოველისტი ტონი მორისონი. იგი ოჰაიოში დაიბადა, დაამთავრა ვაშინგტონის ჰოვარდის უნივერსიტეტი ინგლისური ენის განხრით (დიახ, ჩემი კოლეგა გახლავთ 😉 ), შემდეგ მაგისტრატურა, აქ ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მისი სამაგისტრო ნაშრომი “სუიციდის თემა უილიამ ფოლკნერის და ვირჯინია ვულფის შემოქმედებაში”.  შემდეგ ვაშინგტონის მთავარ საგამომცემლო სახლში მთავარ რედაქტორად მუშაობდა, და ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს.

მორისონს, მდიდარი ფერებით და ხასიათებით შექმნილმა ნაწარმოებებმა საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თავის მასშტაბურ, ყოვლისმომცველ რომანებში, შავკანიანთა კომპლექსურ ბუნებას, მრავალმხრივ ჭრილში გვიჩვენებს. მის ერთ–ერთ ადრეულ ნაწარმოებში “ლურჯი თვალი” (1970), პრინციპული ახალგაზრდა გოგონა, გვიყვება პეკოლა ბრიდლოვის ამბავს, რომელიც გადაურჩება მოძალადე მამის კლანჭებს. პეკოლა დარწმუნებულია, რომ მისი მუქი ფერის თვალები, რაღაც სასწაულით ლურჯად გადაიქცევა და ამის შემდეგ მას უფრო შეიყვარებენ. მორისონმა აღნიშნა, რომ მან, როგორც მწერალმა, ამ რომანის მეშვეობით შექმნა იდენტობის მისეული გაგება: “მე ვიყავი პეკოლაც, კლაუდიაც და ყველა.”

“სულა” (1973) მოგვითხრობს ორი ქალის ახლო მეგობრობის შესახებ. მორისონი აფრო–ამერიკელ ქალებს გვაცნობს, როგორც უნიკალურ, სრულად ინდივიდუალურ ხასიათებს, ვიდრე გავრცელებული სტერეოტიპებია.

მორისონის ნაწარმოებმა “სოლომონის სიმღერა” (1977) რამდენიმე ჯილდო მოიპოვა. ნაწარმოები მოგვითხრობს შავკანიანი მამაკაცის ოჯახთან და საზოგადოებასთან დაძაბული ურთიერთობების შესახებ.

ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა რომანმა “შეყვარებული”  (1987) მოგვითხრობს მძიმე, ტრაგიკულ ისტორიას ქალზე, რომელიც მოკლავს თავის ორი წლის შვილს, მონურად ცხოვრების სანაცვლოდ. ნაწარმოებში გამოყენებულია მაგიური რეალიზმის არარეალური, მითიური თხრობის ტექნიკა, აღწერს რა იდუმალ პერსონაჟს, სულს,  რომელიც თავის თავს უწოდებს შეყვარებულს; სული საცხოვრებლად ისევ თავის სახლს უბრუნდება და აქ იწყება საინტერესო ისტორიები, დედისა და შვილის ურთიერთობები, მონების მძიმე მდგომარეობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეს ის თემებია, რაც ამ წიგნში კარგად არის გაშლილი და დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მკითხველების, ასევე კრიტიკოსების მხრიდან.

მ ნაწარმოებისთვის, 1988 წელს, მწერალს პულიცერის პრემია გადაეცა. 

მორისონი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი რომანები ხელოვნების სრულყოფილი ნიმუშებია, ისინი შეიცავენ პოლიტიკურ მესიჯებსაც:

“ჩემი მიზანი არ არის მხოლოდ ჩემი ფანტაზიის რეალიზაციით სიამოვნების მიღება. . . დიახ, ნაწარმოები პოლიტიკური უნდა იყოს”.

1993 წელს, ტონი მორისონი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში.

დღემდე, 81 წლის ასაკშიც, იგი აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას და გახლავთ ჟურნალის “The Nation” სარედაქციო კოლეგიის წევრი.

პ.ს. ამ პოსტის წერისას, აღმოვაჩინე, რომ პროექტის “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”, არის შესაძლებლობა ითარგმნოს მწერლის ყველაზე პოპულარული ნაწარმოები “შეყვარებული”.

–––––––––––

მიუხედავად თეთრი კანისა, იგი ჩვენი პირველი შავკანიანი პრეზიდენტია. უფრო მეტად შავკანიანი, ვიდრე ნამდვილი შავკანიანი, რომელსაც ოდესმე ჩვენი შვილების თაობა აირჩევს. ესეც, რომ არ იყოს, მას აქვს ყველა ის შტრიხი, რაც ახასიათებთ შავკანიანებს: მარტოხელა მშობლის მიერ სიღარიბეში გაზრდილი, საქსოფონისტი, მაკდონალდსის მოყვარული ბიჭი არკანზასიდან.

– წერს ტონი მორისონი, წერილში 1998 წლის იმპიჩმენტის შესახებ.  🙂