Posted in კინემატოგრაფია, კულტურა, Photography, Travelling

სინოპი [მულტიმედია]

სინოპში შარშან ვიყავი დასასვენებლად, სასიამოვნო მოგონებების გარდა, რასაკვირველია შინ ბევრი ფოტო და ცოტა ვიდეომასალა გამოვიყოლე.

შემდეგ, ხან სიზარმაცის და ხან მოუცლელობის გამო ვერ მოვახერხე მასალის ერთად აკინძვა. გუშინ გადავიწყვიტე ფოტოებისგან ამეწყო პატარა რგოლი, შემდეგ გამიტკბა, ჯერ ვიდეოები დავამატე, შემდეგ ტექსტი დავწერე, ჩემი და ჩაწერაში დამეხმარა და ასე ავაწყეთ ეს პატარა მულტიმედია პროდუქტი. 🙂

Posted in Photography, Travelling

სინოპი|Sinop [ფოტოები]

თურქეთი ეს ის ქვეყანაა, წელიწადში ერთხელ მაინც რომ უნდა ესტუმრო, ხოლო თუ ავტობუსით არ გიმგზავრიათ , ჩათვალეთ რომ სიამოვნების დიდი ნაწილი თვითმფრინავიდან ქარისთვის გაგიტანებიათ, რასაკვირველია ჩემი აზრით.

გასულ, 2013 წელს ორჯერ მოვახერხე ჩასვლა, ერთხელ სტამბოლში და ერთხელაც სინოპში, შავი ზღვის სანაპიროზე, სინოპის ყურეში მდებარე პატარა ქალაქში.

სანამ სინოპამდე ჩავაღწევდით ორი ავტობუსი გამოვიცვალეთ. ჩასვლამდე კი ისე მქონდა შესწავლილი ეს პაწაწუნა ქალაქი, შემეძლო თვალდახუჭული მევლო ძველი ქალაქის პატარა ქუჩებში.

მეც ტურისტი ვარ, თუმცა არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ ტურისტების აურაცხელ შემოსევას გადაურჩა ეს ქალაქი, აქ უფრო მეტად ქალაქის მაცხოვრებლებს ნახავთ და თურქეთის სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ დამსვენებლებს, უფრო კანტიკუნტად კი სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დამსვენებლებს.

მიუხედავად იმისა რომ ქალაქი პატარაა და მთელი ათი დღის მანძილზე ჩვენც ყოველდღე ვათვალიერებდით, ბევრი რამ ვერ ვნახე და კვლავ სტუმრობის იმედით მოვინიშნე სამოგზაურო წიგნაკში (რომელიც არ მაქვს).

ფოტოები(ც) გადავიღე, თუმცა ამჯერად, შავ-თეთრი ფოტოებით შემოვიფარგლები, რომელიც Zenit 122-ით და კოდაკის უნატიფესი ფირის საშუალებით გადავიღე. 🙂

აქვე გპირდებით სინოპის შესახებ დაწვრილებით მიმოხილვას ფოტოებითურთ 🙂

გადაღებულია Sinop Antik Hotel-ში
გადაღებულია Sinop Antik Hotel-ში

Continue reading “სინოპი|Sinop [ფოტოები]”

Posted in კინემატოგრაფია

მე, სოხუმში

ღამე წავედით, მე და ჩემი მეგობარი ნოჩურა, საზღვარზეც ღამე გადავედით, გამთენიისას უკვე სოხუმში ვიყავით, ფეხით მივდიოდით, ციოდა . . . პირველად ვიყავით სოხუმში, დაბნეული და მოწყურებული ადამიანივით ვიყურებოდი აქეთ-იქეთ, საით გამეხედა და რა დამეთვალიერებინა არ ვიცოდი, ხანდახან ვჩერდებოდით, ვისვენებდით და ტელეფონით სურათებს ვიღებდი, არავინ გვიშლიდა, არც არავინ შეგვხვედრია პრინციპში. მხოლოდ ჩვენ მივდიოდით გზაზე, ზღვის ხმაური, მინგრეული გზა, ჩამოშლილი შენობები, ასე მეგონა მეოთხე დონის სიზმარში მოვხვდი, ისე როგორც ფილმში ”დასაწყისი”. სახლები იშვიათი იყო, სულ სასტუმროები, წინა ფასადზე ჩამონგრეული, შიგნიდან კი შედარებით მოწესრიგებული. მივათრევდით ჩემოდნებს, კამერას, შტატივს, ფილმის გადასაღებად ჩამოვედით და ალბათ ასე ორი კვირა დავრჩებოდით.

წვიმა დაიწყო, კოკისპირულად წვიმდა, როგორც იქნა მივადექით იმ სახლს, სადაც გველოდებოდნენ. ხო დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩვენთან ერთად იყო კატაც, ოღონდ მოგყვავდა თუ მოგვყვებოდა კარგად არ მახსოვს.

დიასახლისი შემოგვეგება, ვკანკალებდით, სიცივე ძვალ-რბილში გვქონდა გამჯდარი, ოთახში შეგვიძღვა, მაგრამ გვთხოვა, რომ კატა ცალკე ოთახში დაგვეტოვებინა მის ძაღლთან ერთად. ცოტა შევცბუნდი, კატა ძაღლთან როგორ უნდა შემეგდო, მაგრამ დიასახლისმა დამამშვიდა, პირველი შემთხვევა არ არის და მორიგდებიანო.

სითბოთი და ცხელი ჩაით ცოტა გონს მოვედით, სახლში კომპიუტერი იყო, სასწრაფოდ ჩავრთე, რომ უკვე გადაღებული სურათები არავის წაერთმია და საიტზე დამედო. დიასახლისს არ გამოჰპარვია ჩემი ნერვიული ფორხიალი და დამამშვიდა, არავინ დაგიშლის გადაღებას და არც არავინ წაგართმევს რამესო. ცოტა გულზე მომეშვა, ჩვენ ხომ აქ მთელი ორი კვირა უნდა გვემუშავა, არავის ვიცნობდით, არც ხალხს, არც გარემოს, მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი, რომ იქ თბილად დაგხვდებოდნენ და იქ გველოდნენ.

მეორე დღეს ადრიანად უნდა გავსულიყავით, ამიტომ ადრე დავიძინეთ, მთელი ღამე ვბორგავდი ნერვიულობისგან, თან მეშინოდა, თან კატაზე ვნერვიულობდი, არ ვიცოდი ხვალ სად მივდიოდით, ვის უნდა შევხვედროდით, როგორ შევხვდებოდნენ, გადმოცემაც არის და გადმოცემაც, წვიმის ხმა სადღაც მიწყდა, არ მახსოვს როდის ჩამეძინა, ან თუ მეძინა საერთოდ.

მაღვიძარამ დარეკა, ყოველ დილით პიაცოლა მაღვიძებს თოლიების და ზღვის ხმაურით, ყოველ დილით მინდა ეს ხმაური ნამდვილი იყოს და მე ფეხშიშველი დავდიოდე ზღვის სანაპიროზე.

მზემ ჩემი საძინებლის ფარდა გადასწია, დაღლილი და შეწუხებული ვახელ თვალებს, ვფიქრობ ჩემს ღამეულ სიზმარზე, აფხაზეთზე, ზღვაზე, ფილმზე, რომელიც ვერ გადავიღე, კატაზე, რომელიც იქ დავტოვე . . . და რატომ ეს ყველაფერი, მე ხომ მხოლოდ ზაფხულობით დასასვენებლად დავდიოდი იქ, მე ხომ არ ვარ აფხაზეთიდან, სადღაც ვიღაც გადაჭარბებულ პათოსში ჩამითვლის ყოველივეს, ვიღაცას გული აუჩუყდება, ვიღაც ჩაიქირქილებს, მე კი ყველას გეტყვით, რომ თქვენ ჩემს სიზმარში იყავით და ჩვენ ყველა ერთად სოხუმში ვიყავით, ეს არის და ეს.

”არ დგები?” საძინებელში შემოდის დედაჩემი.

”კი” ვპასუხობ, და მეც, მთელი ღამის ნამგზავრი და გადაღლილი ისევ ვდგები და სამსახურში მივდივარ.

ჩანაწერს ვუძღვნი ჩემს ყველა მეგობარს აფხაზეთიდან.

17 ნოემბერი, 2010წ.