დაგვიანება იცით კაცებმა – 2

მაშ ასე, დაგვიანება იცით კაცებმა ერთის შემქმნელებისგან თქვენ მოიგეთ მეორე პოსტი და ასევე დამსინავი მამრების შესანახი კონტეინერი. ^^

მთელი რიგი დისკუსიების, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, პირადი ამბების გადმოლაგების, შედარებითი დახასიათებების და ანალიზის შემდეგ, რაღაცნაირად შევჯერდი შემდეგზე:

დრამაქვინები – ანუ ბუზის სპილოდ ქცევის გურუები, მომენტი, როდესაც 37 სიცხე 200-ია, სურდო კი სამუდამოდ ლოგინად ჩავარდნის პერსპექტივა, რასაც თან ერთვის კაბის კალთაზე ჩამოკიდების დაუოკებელი სურვილი, საბურთალოდან თავისუფლებამდე მისვლა კი უბრალოდ არგონავტების ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობაა.

სტატუსი ქრონიკულია და საჭიროებს თვითშეფასების მუდმივ ამაღლებას.

ბარბი ბიჭი – სარკე, ასპრია, ჩვენი წელთაღრიცხვით 2017 წელი. მრავალი ასეული წლის შემდეგ, მეცნიერები ამ წარწერით უამრავ ასეთ ფოტოს აღმოაჩენენ გათხრებში. აქ, დრამაქვინმა იმუშავა საკუთარ თავზე, სხეულზეც, აიმაღლა თვითშეფასებაც, რასაც ცხადია უნდა მივესალმოთ, წამოვდგეთ და ტაში დავუკრათ, მაგრამ როგორც დრამაქვინები ამლაშებდნენ, ისე საკუთარ თავზე მუშაობაც გადაუმლაშდათ და უბრალოდ აიფონიან ბარბებად იქცნენ.

^_^

რვაფეხა – ის არის ყველგან, როგორც ქათმის ხორცი ქორწილში, როგორც ქელეხში ლოქო ქინძმარში,  ყოვლისმომცველი, უკიდეგანო, უსაზღვრო, ყველა სტატუსზე, ყველა კომენტარზე, ყველა ფოტოზე, ყველა ჩატში, სულ მოძრავი, სულ აქტიური. უიმედო, ვერ უშველით.

ამაზე სულ ეს მახსენდება ხოლმე

ფაქ ბოდი = ბოდი, ო, ბოდი ანუ სექსის კაცი ანუ უბრალოდ სექსი.  

კინჭოტა – კინჭოტი არის გრძელი ჯოხი, თონეში ჩავარდნილი პურის ამოსაღებად, სხვა სახელი ამ კატეგორიას ვერ მოვუძებნე, ფაქ ბოდიც არ გამოდის, ამბობს, რომ ურთიერთობა როგორც ასეთი არ უნდა, უნდა სექსი, საუბარი, მიწერ-მოწერა და ხანდახან საერთო მეგობრების წრეში  შეხვედრებიც ასევე გარდაუვალი იქნება, ანუ რა უნდა, იცის ვინმემ? გარდა იმისა რომ დრო და დრო, თონეში ჩავარდნილი პურივით მოგიწოდოს?

ძაფით გამობმულები – ეს არსად მიდის, არც შენ გიშვებს, სულ შენ გარშემო ტრიალებს, თუ ლაიქია, თუ შეარია, დაფაცურდება, დატრიალდება, არ შეგარცხვენს, მაგრამ ინბოქსში ვინ ვარო, ვინოო? ვინაო და ლენინის მავზოლეუმიო ❤

ხო ბიჭებს გვიყვარს ზანაჩკების დატოვება, თან თუ ტვინს არ იმას გიშვება იყოს თავისთვის პურს გთხოვს თუ წყალს. რა იცი ხვალ რა ხასიათზე გაიღვიძებ.”

 “gaurkvevlobashi amkofo jobs vidre mitovebaze utxra”

ცუილივით გაპარულები  – ანუ მიხვდით ხომ როგორ მიდიან? ცუილივით. მეტიც, რაღაც დროის მერე შეიძლება ეჭვიც შეგეპაროთ, რომ ასეთი ვინმე თქვენს ცხოვრებაში  საერთოდ არსებობდა. პერიოდულად, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გადამოწმების მიზნით, შედიხართ მის ფეისბუქ პროფილზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ნახულობთ, ნამდვილად არსებობდა თუ არა ის. რატომ მოვიდნენ, რატომ წავიდნენ, რა უნდოდათ, კაცმა არ იცის, ცხადია არც თვითონ.

Advertisements

XXV წერილი ქუცნას – ნაღმზე რომ აფეთქდეს?

ქუც, შენთან გამოგზავნილი ძველი წერილები, დღეს ლამის სათითაოდ ამიხდეს, ხოდა ამიტომ, წინა წერილის არ იყოს, გადავწყვიტე წარსულის ამბები მოგიყვე ხოლმე, ალბათ ასე უფრო გამიადვილდება წარსულის წარსულში დატოვება, ვხვდები რომ იქიდან გადმოყოლილი რაღაცეები ხელს მიშლის აწმყოშიც და მომავალშიც, რამე კონკრეტულს ვერ დავასახელებ, თუმცა ფაქტია რომ ძველ ტრავმებს, გავლენა აქვთ ჩემზე, ჩემგან დამოუკიდებლად.

მე და ჩემს მეგობარს ერთი ასეთი ხუმრობა გვაქვს, ზოი, ვეკითხები, სამხედრო რომ შემიყვარდეს და ნაღმზე აფეთქდეს? ვიცინით გულიანად. და საერთოდ, როცა რაღაცაზე მოვიწყენთ ხოლმე, მაშინვე ეს მახსენდება და ისევ ვეკითხები, ისევ გულიანად ვიცინით.

ის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ალენ დელონი იყო, აი ასე, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ერთადერთი უნაკლოდ ლამაზი ადამიანი, ვისაც ჩემს თვალწინ ჩაუვლია. ვერანაირ შესწორებას ვერ შეიტანდით მის გარეგნობაში, მომხიბვლელობის და მიმზიდველობის უკანასკნელი შტრიხი მისთვის ბავშვურ ცელქობას დაემატებინა – ნაიარევი წარბთან.

ჩვენი შეხვედრა არ იყო მოულოდნელი და არც ერთი ნახვით შეგვყვარებია ერთმანეთი. მეგობრები ვიყავით. სტუდენტობის ბოლო წლებში, ძალიან ახალგაზრდები, ძალიან პატრიოტები და ძალიან პოლიტიკურები, საათობით ვკამათობდით და ვარჩევდით იდეოლოგიებს, ძალაუფლებებს, რეჟიმებს, სისტემებს, პოლიტიკურ მკვლელობებს, ეს ყველაფერი ხომ ასე ძალიან ახლობელი იყო იმ წლებში. დიდი გეგმები გვქონდა. მალე უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ის სამხედრო აკადემიას. კი, ალბათ მეოცნებეებიც ვიყავით. პოლიტიკურ მკვლელობებს გამოვიძიებდით, დამნაშავეებს დავსჯიდით.  ქვეყანას გადავარჩენდით, რომელსაც ახალი ძალა და ახალი სისხლი, ჰაერივით სჭირდებოდა.

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ეგრეა ხომ? მე ვფიქრობ, რომ ამ დროს ღმერთი ბოხი ხმით იცინის ხოლმე. ყველაფერი იმდენად სწრაფად და ბანალურად დასრულდა, ჟანრის რომელი კლასიკისთვის მიმეკუთვნებინა, არც კი ვიცოდი.

ბედნიერად საბანკეტო კაბას ვიკერავდი, უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ფრთები ალბათ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მქონდა გადაჭიმული. რეკავს ტელეფონი.

– ცოლი მომყავს.

– რა? (ეს არ იყო პირველი აპრილი)

– ცოლი მომყავს, ხმა უწყდება, თუმცა შეძლებს და გამოცრის ამ ორ სიტყვას.

– რას ნიშნავს ცოლი მოგყავს? დაბნეულობისგან, ბრაზისგან რა და როგორ მეთქვა აღარ ვიცოდი.

– ხუთი თვის ორსულია. ასე გადავწყვიტე. სხვა გზა არ მაქვს.

სხვა დანარჩენი, რაც მელაპარაკა, ვითომ ამიხსნა, განმიმარტა, უკვე ლირიკაა, არაფერი მესმოდა, არაფერი მახსოვს. მართლა არ მახსოვს.

აი ასე, უბრალოდ, დამირეკა და მითხრა რომ ცოლი მოყავს, ხაზის ტელეფონზე დამირეკა, დისკიანზე, რომელიც შემოსასვლელში იყო მისვარკული და შუაში, სამარილესავით გამოჭიმული ხომ არ დავიწყებდი ჯღნავილს? ვიდექი, ვუსმენდი და ყელი მისივდებოდა ცრემლების შეკავებისგან. მერე დავაგდე ყურმილი, გავვარდი საძინებელში და დიდხანს ვზლუქუნებდი პირქვე დამხობილი.

მე მიმატოვეს. ნაწილი პირველი. დუბლი ერთი.

შეიძლება ეს არ იყო დიდი სიყვარული, შეიძლება ეს უბრალოდ კარგი და ერთგული მეგობრობა იყო, შეიძლება ჩვენ დიდ პოლიტიკაში არ მოვსულიყავით, არც მკვლელობები გაგვეხსნა და ვერც ქვეყანა გადაგვერჩინა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა ერთმანეთის და გვჯეროდა იმის, რაზეც ვოცნებობდით და რასაც ვგეგმავდით.

აი ასე ბანალურად გაყვა წყალს, ნდობა და რწმენა, რომლის პოვნაც მას შემდეგ ძალიან მიჭირს ადამიანებში და ასევე გაცემაც.

ამ ამბავს, ახლა ისე გიყვები ქუც, თითქოს მხრებზე პლედმოსხმული ვიჯდე ბუხრის წინ, შვილიშვილებით გარშემორტყმული, რომლებიც დარწმუნებული არიან რომ ბებია ძილისწინა ზღაპარს უყვება, მაგრამ ეს ის ზღაპარი არ არის ნამდვილად, რომელსაც შვილიშვილებს მოვუყვები, ზღაპრები ხომ კარგად უნდა მთავრდებოდეს? ხომ ყოველთვის კარგად მთავრდება ზღაპარი? ხოდა მეც ის ზღაპარი მინდა, პაპა რომ მიყვებოდა ხოლმე ბავშვობაში, რომელიც კარგად მთავრდებოდა, სადაც პრინცი არ მიდიოდა, არც ნაღმზე ფეთქდებოდა, არც ქრებოდა და შვილიშვილებისთვის ნამდვილი ზღაპარი მექნება, კარგი დასასრულით.