Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ქართული ფილმების მოკლე მიმოხილვა

წელს BIAFF-ზე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი უჩვენეს. ფესტივალზე ნაჩვენები ფილმებიდან ერთი-ორი ფილმის გარდა ვერცერთი დაიკვეხნის, რომ არსებულ რეალობას გამოეხმაურა, რამე ისეთი პრობლემა ასახა, რამაც წინა წელს ან იმის წინა წელს აგვაღელვა, გაგვაერთიანა ან პირიქით, დაგვშალა და გაგვფანტა. როგორც წესი, ასეთი ფილმების დიდი ნაწილი ან სადიპლომო ნამუშევარია ან სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის საჭირო პორტფოლიოს შესავსები ნაწილია.

 

სრულმეტრაჟიანი ფილმი 

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “მოსავალი”, ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა, რომლის რეჟისორია მიშო ანთაძე.  ფილმის სიუჟეტი კახეთში ვითარდება. ამ დოკუმენტურ ფილმს სადამკვირვებლო/ობსერვაციული ნიშა უჭირავს და როგორც ფილმის შესავალი გვაუწყებს ოცი წლის წინ უკუნ სიბნელეში ვიყავით, ხოლო ახლა საქართველო ბიტკოინების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. კახეთი კი, ცნობილია ღვინის, ხილის ხორცის და ახლა უკვე კრიპტოვალუტის წარმოებით. კადრი კადრს ცვლის და ვხედავთ, როგორ მონაწილეობს ტექნოლოგია ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ წველიან რძეს, უვლიან ფუტკარს, ასხამენ ქარხნულ ღვინოს და როგორ ქმნიან კომპიუტერები ვირტუალურ ვალუტას. ძალიან ვიწრო ზღვარია და ძალიან უნდა ეცადო, რომ ასეთი ფილმისგან პროპაგანდისტული ნაგავი არ შეგრჩეს ხელში, რომელიც რეალურ პრობლემას კი არ ასახავს რეგიონში და მთლიანად ქვეყანაში (ელექტროენერგიის გაძვირებას პირდაპირ უკავშირებენ კრიპტოვალუტის წარმოებას), არამედ გვაჩვენებს იმას, თუ როგორი აყვავებულია ეს მხარე, ყველა დასაქმებულია, უხვი მოსავალია, რძე მიაქვთ გასაყიდად, წყალი მოჩუხჩუხებს, ერთი სიტყვით, კარგად რომ არ ვიცნობდე კახეთს და ხშირად რომ არ ჩავდიოდე ჩემს სოფლებში, ძალიან მომინდებოდა კახეთში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადასვლა, სადაც არანაირი შემაფერხებელი გარემოება არ არის, რომ ადამიანმა ნორმალურად იცხოვროს, იმუშაოს და შექმნას მოსავალი.

სამწუხაროდ, ჩემთვის ეს ფილმი პროპაგანდისტულია და არ ასახავს რეალობას, პრობლემას.

mosavali_misho_antadze

 

 

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები (საკონკურსო)

“ცუდი ხალხი”, გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმია, 20 წუთიანი ქრონომეტრაჟით. ფილმის მოქმედება 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება.  ნაჩქარევად, გადარბენით ვხედავთ ყველაფერს, რომ სასწრაფოდ და გადაუდებლად შეგვიქმნას 90-იანების ეპოქაში ყოფნის შეგრძნება. ისე როგორც ტრეილერში, პურის რიგები, სასწრაფოს მანქანა, სროლა, კაცის კვლა და ა.შ. გააზრებასაც ვერ ასწრებ, ისე სწრაფად ეტენება ყველაფერი კადრში. ფილმში განსაკუთრებით სუსტია დიალოგები, გიტოვებს სიცარიელის შეგრძნებას, ზოგჯერ უადგილოა, შეუსაბამო, მსახიობების შესრულება კი, ზედაპირული და ხელოვნური.

 


“კარს მიღმა” – ნიკა ქურდაძის 31 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ინგლისურ ენაზეა, ალბათ პროდიუსერების და რეჟისორის მიზანი იყო საერთაშორისო ბაზრის დაპყრობა, ან შეიძლება რეჟისორი საზღვარგარეთ სწავლობს, არ ვიცი. თუმცა, მხატვრულად, ოპერატორული ნამუშევრის თვალსაზრისით ფილმი ტექნიკურად გამართულია. მსახიობებს, რაც შეეხება ზოგი ქართველია, ზოგი ენის მატარებელი. თუმცა ეს ნამდვილად არ იყო უპირატესობა, ამ ფილმში ქართველი მსახიობები უკეთესად წარმოაჩენენ თავს და ნაკლებად ხელოვნურები არიან.

 

სოსო ბლიაძის ფილმი “ტრადიცია” – როგორც ჩანს რეჟისორმა ეს ფილმი გადაიღო ფილმად, და არა მორიგ სადიპლომოდ, სრულმეტრაჟიანი ფილმის პრელუდიად ან საფესტივალოდ, ყოველშემთხვევაში, როგორც მაყურებელს, ასეთი რამ არ მიგვრძნია. მოკლე დროში, სულ რაღაც 20 წუთში, ფილმი მოგვითხრობს საქართველოს ტრადიციებში გერმანელი გეი წყვილის ხალისიანი მოგზაურობის ამბავს, რამაც შეიძლება ბევრი გააღიზიანოს.  :)) გირჩევთ ნახოთ თბილისის კინოფესტივალზე დეკემბერში.

 

და ბოლოს, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი რეჟისორების და ფილმების დიდი ნაწილი საკმაოდ სუსტად არის წარმოდგენილი ტრადიციულ თუ ახალ მედიაში (ნიუსები, რევიუები, იუთუბზე პორტფოლიო, პირადი გვერდები ან ვებგვერდები და ა.შ).

 

 

 

 

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ახალი ქართული ფილმები BIAFF-ზე

მოვიდა სექტემბერი და მოვიდა  ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დროც. წელს ფესტივალს 17 სექტემბერს გაიხსნება და 24 სექტემბერს დასრულდება. კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, გახსნის ფილმი კი იქნება გიორგი ოვაშვილის “ხიბულა“, რომელიც ასახავს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრების ბოლო დღეებს.

ავად თუ კარგად, დამოკიდებულებით თუ დამოუკიდებლად, ნაცნობობით თუ უნაცნობოდ და ძირითადად მაინც სხვა ქვეყნების დახმარებით, წლიდან წლამდე ახალი ქართული ფილმები მატულობს, ადგილ-ადგილ ხარისხის ამაღლებაც შეინიშნება. მთელი რიგი პრობლემების გარდა, ძირითად სისუსტედ კვლავ სცენარი და მსახიობების შერჩევა რჩება. გულით ვისურვებდი, რომ იქნებ, წელს მაინც ახალმა ფილმებმა ცოტა წინ წაიწიონ ამ კუთხითაც და ერთი ოვაშვილის იმედად არ ვიყოთ ხოლმე.  Continue reading “ახალი ქართული ფილმები BIAFF-ზე”