დაგვიანება იცით კაცებმა

ეპიზოდი I – მონადირე

– გამარჯობა, მიცანი?

– ვერა, ვერ გიცანი, რომელი ხარ?

– ჯგუფელები ვიყავით ბაღში, როგორ ვერ მიცანი, თმებს გწიწკნიდი, კუბიკებს გესროდი და შენს საჭმელს ვჭამდი, აღარ გახსოვს?

– პირიქით რომ გაგეკეთებინა, უფრო დამამახსოვრდებოდი ალბათ (სიცილი)

– მიყვარდი ბაღში

– ვა

– ახლახანს დავჯექი და დავფიქრდი რომ სულ შენ მიყვარდი, მთელი ეს წლები

– ახლა, ანუ 30 წლის შემდეგ? 

– კი, მიყვარხარ და მინდა რომ ერთად ვიყოთ

– მე არ მინდა, არ გიცნობ, არ ვიცი ვინ ხარ

– თავს იფასებ?

– არა, უბრალოდ არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ, მითუმეტეს არ მიყვარხარ და არც შენთან ყოფნა მინდა . . .

(უკვირს. თან ძალიან.)

– კარგი მაშინ ცოლს მოვიყვან.

– კარგი

(და მოყავს)

ასეთი დიალოგის კიდევ ბევრი ვერსია შემიძლია შემოგთავაზოთ, ბაღიდან, სკოლიდან, უნივერსიტეტიდან თუ ცხოვრების სხვა პერიოდებიდან; დასაწყისი, დასასრული თითქმის ერთნაირია ხოლმე, მხოლოდ ამბავის დრამატულობის დონე იკლებს ან მატულობს ხოლმე, ინდივიდუალურად. ყველაზე სევდიანი თითოეულ ამ ამბავში არის ის რომ, შენს უარს, პირობითად 30 წლის შემდეგ, მეორე მხარე იღებს როგორც თავის დაფასებას, “თავს იფასებ”, “მაწვალებ” და რაც ყველაზე სასაცილოა, იწყებენ ნადირობას, შტერები უფრო მეტად ვარდებიან ინტერესში და ერთი პროცენტითაც კი არ უშვებენ იმას რომ, გადაგინდა, გაცივდი, აღარ გიყვარს, სხვას ხვდები, აღარ გაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს ამდენი დრო გავიდა.

 

ეპიზოდი II – საჩოკი

როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ეს ეპიზოდი პირდაპირ ბმაშია წინა ეპიზოდთან, მაგრამ აქ უნდა გამოვყოთ საჩოკის რამდენიმე ქვეჯგუფი:

საჩოკი ნომერი 1 – ადამიანი, რომელიც 30 წელი (პირობითად) არ ჩანს, არ გაწუხებს, საერთოდ არ იცი მისი არსებობის შესახებ და ბოლოს სცენაზე გამოდის ანშლაგის და ბისზე გამოყვანის მოლოდინით ❤

საჩოკი ნომერი 2 – ადამიანი, რომელიც მუუუუუუუუდმივად შენს გვერდით არის, 24/7-ზე, ყველა დღე, ყველა წელი, არ გტოვებს არც ჭირში, არც ლხინში, მშვიდად ისმენს შენს სასიყვარულო ისტორიებს, გაძლევს რჩევებს, ოღონდ ისე კოხტად და მოქნილად, რომ თვითონაც ვერ ხვდება თავის მესაკუთრეობის, ეჭვიანობის და პოტენციური კონკურენტის თავიდან მოშორების აუტანლად მსუბუქ შტრიხებს ❤ და ვერასოდეს, ვერასოდეს ხვდება რა გითხრას, როდის გითხრას ან როგორ გითხრას.

(უმძიმესი შემთხვევა(ავტ. შენიშვნა)).

საჩოკი ნომერი 3 – ის შენს გვერდით არ არის, ის არის სადღაც, არც იცი სად, მაგრამ მან იცის შენი კონტაქტი, შენ იცი მისი, წლების ინტერვალით შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდეთ, ან მისი ან შენი ინიციატივით, გაგყვეს ცხოველების ბაზრობაზე და თეთრი ბაჭია გაყიდინოს ან რა ვიცი, სხვა რამე მსგავსი ჰეროიკული ნაბიჯი გადადგას. მოკლედ, ის არის, ის არსებობს, როგორც ჰამლეტის მამის აჩრდილი და როგორც კი მის სახელს ახსენებ, მაშინათვე შენთან გაჩნდება (ზღაპარივით).

(შემთხვევის სიმძიმე დაუდგენელია (ავტ. შენიშვნა))

 

ეპიზოდი III – დაუდეგარი საჩოკი

რასაკვირველია შესაძლებელი იყო ეს საჩოკი, საჩოკი ნომერი ოთხი ყოფილიყო, მაგრამ იმდენად გამოირჩევა რომ ცალკე ეპიზოდი დააკვდება.

ახლა აქ რა ხდება, აქ, თავიდანვე ორივემ იცით რომ იმას მოწონხარ, შენც მოგწონს, კარგად ხართ ერთად, დიდებულად, მაგრამ რაღაც პატარა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს: აი ამ მომენტში იცის რა უნდა, მაგრამ მეორე მომენტში აღარ იცის, ან აღარ ახსოვს. ერთ ადგილზე ვერ ისვენებს, ხან ვის მიასკდება, ხან ვის, თუმცა მუდმივად შენს გარშემო ტრიალებს, შენ ხომ ჯიბეში ჰყავხარ, სად წახვალ, არსად წამსვლელი შენ არ ხარ, ეს კარგად აქვს გათავისებული, და შენი მხრიდან მუდმივად აქვს მოთმინების, გაგებით მოკიდების და ლოიალურობის იმედი.

ეპიზოდი IV – წარსულის აჩრდილებთან მებრძოლები

მებრძოლი, ერთი შეხედვით გაუტეხელი სულის პატრონი, მუხას რომ მოგლეჯს და სად ჯანდაბაში წაიღოს რომ არ იცის, სულს ამოიღებს შენი გულისთვის, გორასაც ძვრას უზამს, პირამიდას დაეტაკება თავით, ევერესტზე ავა და ჩამოვა, უკვდავების წყალზე გაგეგზავნება, რომანტიკულ ვახშამსაც მოგიწყობს, ისეთ ადგილას, რასაც ახლა მარტო ჩემი ფანტაზიით ვერ ვიგონებ, მაგრამ აი, მუხთალი როა წუთისოფელი, წარსულის აჩრდილებს ვერაფერს უხერხებს, მოკალი და ვერ.

– აი საშინელი გამოცდილება მქონდა, ვერ გავრისკავ  

– აი ვერ დავიწყებ სერიოზულ ურთიერთობას, მეშინია პასუხისმგებლობების

(და თავისი მოტანილი სტენკა ისევ სახლში წაიღო)

– აი ბოდიში რო შეგაწუხე მარა სხვა მიყვარს რა

– აი ცოლი მყავდა აკვნიდან და ახლა იგივეს ვერ გავიმეორებ

– მიყვარხარ მაგრამ მეშინია, შენმა წინამორბედმა მიღალატა

(წინამორბედს დაშორდა ასე ხუთი წლის წინ – ავტ. შენიშვნა)

ციტატები შემიძლია კიდევ გავაგრძელო, მეტი დრამა შემოვიტანო, ასევე გაითვალისწინეთ რომ თუ ძალიან “გაგიმართლათ” წარსულთან მებრძოლი აჩრდილი შეიძლება იყოს საჩოკი და არა ისეთი, როგორიც აღვწერე.

და ბოლოს, ისევ დაბრუნდით პოსტის დასაწყისში და გადახედეთ პირველ დიალოგს, ეპიზოდების შესაბამისად. :დ  

 

 

პირველი ქალი ბოსტონის მარათონზე

“პირველად, ბოსტონის მარათონს 1964 წელს ვუყურე მამასთან ერთად და მას შემდეგ არ ამომდის გონებიდან”, “სრულიად ირაციონალური სიყვარული იყო, სირბილს არ ჰქონდა მიზეზი, მთლიანად სცილდებოდა ყოველგვარ სოციალურ და კულტურულ ნორმებს ქალისთვის და მხოლოდ მამაკაცების სოციალურ სივრცეს განეკუთვნებოდა”  – იხსენებს ბობი გიბი, პირველი ქალი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბოსტონის მარათონში და სრულად დაფარა დისტანცია სამ საათში, 21 წუთში და 40 წამში, წითელი ჯვრის მედდის თეთრი ტყავის ფეხსაცმელებით.

მარათონს არასოდეს არ აღიქვამდა როგორც რაღაც სპორტულ ღონისძიებას, არამედ როგორც სიხარულის და თავისუფლების მომტან რბოლას, გაზაფხულის მოსვლას.

მიუხედავად იმისა რომ ბობიმ იცოდა იმ სოციალური წნეხის შესახებ, რომელსაც ქალები განიცდიდნენ იმ პერიოდში, ის ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა რომ ბოსტონის მარათონი ქალებისთვის დახურული იყო, სანამ 1966 წელს წერილი არ გაუგზავნა საორგანიზაციო კომიტეტს მარათონში მონაწილეობის თხოვნით.

“წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა მევარჯიშა; არ მქონდა შესაბამისი წიგნები, არ არსებობდა ქალის სპორტული სამოსი. მხოლოდ ექთნის ფეხსაცმელები მქონდა, რადგან ექთნის დამხმარედ ვმუშაობდი”.

Continue reading

19 წერილი ქუცნას – მატარებელი

მგონი ჩანაფიქრმა გაამართლა და საწადელს მივაღწიე – ჩემმა ბოლო, ცარიელმა წერილმა თავისი საქმე გააკეთა. საფოსტო ყუთში ერთი მუდმივად წაუკითხავი წერილი მაქვს, რომელსაც ვერ ვპოულობ, თუმცა ვიცი რომ შენ ხარ, ხელი წაგიცდა და გამოაგზავნე. არა უშავს, ვნახავ ოდესმე, მთავარია რომ ნავსი გატყდა და მე დაუსრულებლად აღარ ველოდები შენგან წერილებს.

ვიცი ძალიან არ გიყვარს როცა ქალებზე გელაპარაკები ხოლმე, მაგრამ ვის თუ არა შენ უნდა გავუზიარო ჩემი აზრები, რომელიც ჩემდა უნებურად ამყვებიან ხოლმე ხან წიგნის, ხან ფილმის და ხან რეალობის გადამკიდე.

ქალი – მსხვერპლი, გაგიგია ასეთი რამ ქუც? რაც არ უნდა ნაწარმოები გაგვევლო სკოლაში, მთავარი თემა ყველგან გმირ ქალთა სახეები იყო, აი მსხვერპლ ქალთა სახეებზე კი არასოდეს დამიწერია რამე.

ქუც, დეიდა ტულას იცნობ? უნამუნოს დეიდა ტულას? აი ზუსტად ახლა დავასრულე კითხვა და უამრავი ასეთი ქალი დამიდგა თვალწინ, რომელსაც რეალურად ვიცნობ. საზოგადოების თვალში ასეთი ქალი მსხვერპლად გამოიყურება, საწყალი, გაუთხოვარი თუ შინაბერა, უბედური რომელიც თავის წილ ბედნიერებას ვერ ეღირსა და სხვის შვილებს შეამსხვრია მთელი ახალგაზრდობა; უბედური რომელსაც მოხუცი დედ-მამის მოვლაში ამოხდა სული; და არასოდეს, არავინ ფიქრობს და უშვებს იმას, რომ ეს შეიძლება ამ ადამიანის არჩევანი იყოს, მისი მკაცრი გადაწყვეტილება, ცხოვრების მიზანი მხარში ამოუდგეს და დაეხმაროს მისთვის ძვირფას ადამიანებს და სულაც არ თვლიდეს თავს მსხვერპლად, უბედურად და განწირულად, არამედ პირიქით – აი ზუსტად ისეთი, როგორიც არის უნამუნოს დეიდა ტულა, ძლიერი, მოსიყვარულე, ერთგული, თუმცა ზოგჯერ ცოტა ეგოისტიც.

ანა კი ახალმა ფილმმა გამახსენა; მასზე ჯერ კიდევ მაშინ გესაუბრე, როდესაც გუდამაყარში ვისვენებდი ერთ მშვენიერ ზაფხულს, გახსოვს ქუც, რა კარგი დრო იყო? მაშინ პირველად წავიკითხე,  პირველი შთაბეჭდილება ვერ იყო ისეთი მყარი, ან კი როგორ იქნებოდა იმ ბავშვისთვის, რომელსაც მატარებელი ჯერ კიდევ, უბრალოდ მატარებელი ეგონა, რომელსაც პატარა გოგონა ზაფხულობით ბებიასთან მიყავდა სოფელში.

მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, მატარებლის კონტურები უფრო გამოიკვეთა და ჩვენც მივხვდით, რომ ანას თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს. ანა მოკლეს ადამიანებმა, ხალხმა, საზოგადოებამ. სხვას რას უნდა შეადარო საზოგადოება, თუ არა ჩაშავებულ, ჩაკირულ, გაყინულ მატარებელს, რომელიც შეუჩერებლად მოძრაობს, არ ელევა მამოძრავებელი ძალა; მატარებელს, რომელიც გადაგივლის ნებისმიერ დროს, ჩაგბურჯღნის და აგქნის ასო-ასო, ისე რომ ვეღარასოდეს გაიგებ რას ან ვის გადაუარა, როგორი იყო მის პირვანდელი სახე . . .

ესეც ჩაივლის, ჩაივლის და ისევ მატარებელი გვეტყვის რომ ვიღაც ბორბლებს ჩაუვარდა, ვიღაცამ თავი მოიკლა . . .

ოჰ, ეს მსხვერპლი

ეს საწყალი

ეს თავისი თავის მტერი . . .

და ასეა მუდამ

ვერ იგებ სად არის პირველი და სად ბოლო გაჩერება ქუც, დავდივართ წრეზე, მე, შენ და მატარებელი.