Posted in ჩემი ჩანახატები

ლურჯკაბიანი გოგონა

მთელი სამყარო სრულ წყვდიადში ჩაკარგულიყო. მხოლოდ ერთადერთ, პატარა მწვანე მოლის ნაგლეჯს ანათებდა ჩამავალი მზის სხივი, ფორთოხლისფერ დაღვინებულ ფერებში, სადაც ლურჯკაბიანი, ყვითელთმიანი პატარა გოგონა თეთრ, ხუჭუჭა ძაღლს ეთამაშებოდა.

ორივე უპატრონო იყო.  ასე ჩანდა. დიდხანს და მარტონი თამაშობდნენ მთელი დღეები. გოგონა რამდენჯერმე დაეცა მოლზე, ძაღლმა, ერთგულმა მეგობარმა თათი გაუწოდა და წამოაყენა. ლურჯკაბიანი გოგონა მწვანე მოლზე თავბრუსხვევამდე ბზრიალებდა. ყოველ ბზრიალზე, მწვანე მოლის ნაჭერი უფრო და უფრო იზრდებოდა, მზის სხივიც ძალებს იკრებდა. ფორთოხლისფერი უფრო ღვინდებოდა.

მე ამ ყველაფერს სიბნელიდან ვაკვირდებოდი. გახევებული. შუშის კედლის მიღმა, რომელსაც ვერ ვამტვრევდი.

ვკაწრავდით შუშას, ხანდახან ვყვიროდით, როცა ძალა გვქონდა, ფეხებს ვურტყავდით.

გოგონა ვერ გვხედავდა, ვერც ძაღლი. ისინი თავისთვის თამაშობდნენ, და როცა თამაშობდნენ, მზის სხივი უფრო ძლიერდებოდა. ბალახი უფრო მწვანდებოდა.

როცა არაფრის თავი აღარ გვქონდა, უბრალოდ ვისხედით და ვტიროდით. გვშურდა ლურჯკაბიანი გოგონასი, რომელიც სამყაროსგან გადარჩენილ ერთადერთ, პატარა მწვანე მოლის ნაგლეჯზე თამაშობდა. ვიცოდით, რომ ეს არ იყო უბრალო თამაში და რომ მისთვის არავის ხელი არ უნდა შეეშალა.

როცა გოგონა იღლებოდა და მოლზე წამოგორდებოდა, ძაღლი თავს არ ანებებდა, სანამ არ წამოაყენებდა და ისევ თამაშს არ დაიწყებდა.

და ასე უსასრულოდ.

სინათლის და მწვანე მოლის ნაგლეჯიც უფრო და უფრო იზრდებოდა.

გოგონაც იღლებოდა. ეცემოდა. ისევ დგებოდა. ბზრიალებდა.

და ასე უსასრულოდ.

შუშის კარი გაიღო და ქალი შემოვიდა, რომელსაც გოგონა მივარდა და ჩაეხუტა. ვიფიქრეთ რომ ლურჯკაბიანი გოგონას დედა იყო. ქალი გახევებული იდგა. ცოტა ხანი ცივი თვალებით უყურებდა მათ თამაშს. შემდეგ გოგონას მოკიდა ხელი და კარისკენ წავიდნენ. ძაღლი ეცა ქალს, არ ანებებდა გოგონას, ხან ფეხები დაუკბინა, ხან კაბა შემოაგლიჯა, ხან მხრებზე ეცა. ქალი შეუჩერებლად, ყინულივით მიდიოდა, ნაბიჯებიც არ იგრძნობოდა, ისე თითქოს ესკალატორზე იდგა.

წავიდნენ. კარი დაიხურა.

ძაღლი დაბრუნდა. დაღონებული წამოწვა ერთადერთ, პატარა მწვანე მოლის ნაგლეჯზე.

შუშის კარი ისევ აიღო. ოთხნი შემოვიდნენ, სტაფილოსფერ უნიფორმაში, გაზონის საკრეჭი მანქანებით ხელში.

მძიმედ ბღაოდნენ გაზონის საკრეჭი მანქანები.

ერთადერთი, პატარა მწვანე მოლის ნაგლეჯის გაკრეჭა დაიწყეს. დორბლი სდიოდათ სიამოვნებისგან.

ძაღლი ხან შუშის ერთ კედელს მიაწყდებოდა წკავწკავით, ხან მეორეს. უყეფდა, კბენდა, ხან ფეხებზე შეახტებოდა, ხან მხრებზე.

ვერ შეაჩერა. ვერც თავი დაიცვა. გაზონის საკრეჭმა ჩაითრია. პატარა, თეთრი თათებით ებღაუჭებოდა, მწვანე მოლის უკანასკნელ ბალახებს. წკავწკავებდა. თვალები სისხლით ჰქონდა სავსე.

ჩვენ ვბღაოდით შუშის კედლის მიღმა. სუნთქვა სულ უფრო და უფრო გვიჭირდა.

პატარა სასოწარკვეთილ თათებთან ერთად, პატარა მწვანე მოლის უკანასკნელი ბალახებიც გაქრა.

გამძღარი გაზონის საკრეჭი მანქანების ღმუილი მიწყდა.

სრულ წყვდიადში და სიჩუმეში აღმოვჩნდით.