Posted in აქეთური იქეთური, საზოგადოება

მე შენ ჩემს ფერფლს განდობ

“დღესასწაულის მიზანია, დაგვავიწყოს, რომ საცოდავი მარტოსულები ვართ და ერთ დღეს ყველანი დავიხოცებით”

მ. უელბეკი 

———–

გიცეკვიათ სამბა მეგობართან ერთად, დილის ხუთ სააათზე ბათუმის ბულვარში?  ან ვალსი ან რამე სხვა, არ აქვს მნიშვნელობა და ქარისთვის გაგიტანებიათ ის კომპლექსები, რომელიც გეძახის, უი, შეხედე ამ შუაღამეს ბულვარში ცეკვავს და გაკავებს. მე მიცეკვია, გარშემო ადამიანების სახეებიც მახსოვს, ზოგის ცოტა გაკვირვებული, ზოგის გაღიმებული ან გახარებული, მაგრამ არა გაოგნებული ან ვაი შენს პატრონს სახეები. ამის შემდეგ ვფიქრობ და მგონია რომ სხვების ვაი შენს პატრონს სახეებსაც ჩვენ ვქმნით, ჩვენი წარმოსახვის პროექციაა მათი სახეები და სინამდვილეში არ არსებობს. თუ ნაბიჯებს თამამად და თავდაჯერებულად დგამ, შეიძლება შეცდომითაც, ასეთ სახეებს ვერ ნახავ გარშემო, ისინი უბრალოდ ვერ გაბედავენ ასეთი სახეების შექმნას თავდაჯერებული და საკუთარ ნაბიჯებში დარწმუნებული ადამიანის წინაშე. შეიძლება დაიბოღმონ, შეშურდეთ შენი თავაწყვეტილი თავისუფლების, მათ ხომ ასეთი თავდაჯერებული ნაბიჯები არასოდეს გადაუდგამთ ცხოვრებაში, მეტიც, ნაბიჯი საერთოდ არ გადაუდგამთ, ერთ ადგილას დგანან.

ზოგადად რას ვაკეთებთ ადამიანები? ზოგადად არ ვიცი და კონკრეტულად კი, დღისით კომპლექსებს ვებრძვით, შიშებს ვთოკავთ, თავს ვაკონტროლებთ, ღამით კი დამარცხებულები ვიძინებთ, ჩვენც და ჩვენი კომპლექსებიც. ბევრი ბრძოლით გათანგული, საკუთარი თავის გაკონტროლებით დაღლილი, რაღაც მომენტში ხვდები, რომ კომპლექსების და შიშების დამარცხების საუკეთესო გზა მოდუნება და მათი იგნორირებაა, რა წამსაც ამას მიხვდებით, იმ წამს გაივლით ტრიუმფალურ თაღში, თავაწეული და ამაყი. გამარჯვებული. უფრო მეტი დრო დაგრჩებათ საკუთარი თავისთვის, ოცნებების ასრულებისთვის, რეალიზებისთვის, უფრო მეტი საქმის გაკეთებისთვის, დრო ხომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია, ის იმდენად ცოტა გვაქვს, რომ აბსურდია საკუთარი თავის კონტროლს და კომპლექსებთან ბრძოლას შევალიოთ.  ეს დრო მხოლოდ ერთმანეთს უნდა შევალიოთ და სხვა ბევრ საინტერესო და სასარგებლო საქმეს.

ჯარმუშის ბოლო ფილმის ერთი სცენა მახსენდება, სადაც მარადიული ცოლი ეუბნება მარადიულ ქმარს, “არ მესმის, ამდენი ხანი ცოცხლობდე და მაინც არ გესმოდეს . . . საკუთარი თავით შეპყრობა დროის ფუჭად კარგვაა. გამოიყენე გადარჩენის მიზნით, ბუნების დაფასებისთვის, სიკეთისთვის და მეგობრობისთვის .. . ცეკვისთვის! შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულშიც კარგად გაგიმართლა”.

დღეს, დედაჩემმა და მამაჩემმა ქორწინების 35 წლისთავი აღნიშნეს, ყველა ურთიერთობაშია აღმასვლა და დაღმასვლა, რაც ალბათ უფრო საინტერესოს ხდის ყველაფერს და ერთგვარი გამოწვევასავითაა სიძნელეების გადალახვა და ურთიერთობასაც ეს კვებავს. ალბათ.

რომ არა ერთგული ქალი და ნამდვილი მეწყვილე, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ და მეორე ნახევრის ძალებში და შესაძლებლობებში, სებასტიან სალგადოს სახით რიგითი ბიზნესმენი, ეკონომისტი გვეყოლებოდა, რომლის სახელიც ვიწრო წრეს არ გასცდებოდა. ფოტოგრაფიაში გადასვლის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს, ეს არ იყო ადვილი, ახალი ხილი იყო იმ წლებში და დიდი რისკი იყო ოჯახისთვის, მისი ფოტორედაქტორიც ცოლი გახდა, ის, ვინც ყველაზე კარგად იცნობდა სალგადოს, მის ცხოვრებას და მის ფოტოებს.

ძალიან ბევრი პესიმისტურად უყურებს, ცოლ-ქმრობის კი არა, შეყვარებულობის პერიოდსაც კი ვერ ქაჩავენ დიდხანს და ერთად. მე ჯერ კიდევ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მჯერა რომ არსებობს ურთიერთობა რომელიც დროს გაუძლებს, სადღაც ჯარმუშიც ხომ ამას უშვებს, სიყვარულის და ურთიერთობის მარადიულობას. სიკეთით, მეგობრობით და ცეკვით გაჯერებული მარადიულობას.

“ვერ მოვიგებ. სიყვარული რუსული რულეტკასავით არის, არავის უყვარს ჩემში არსებული ნამდვილი მე, მხოლოდ სახელ და ვარსკვლავს ეტრფიან. ძალიან სწრაფად მიყვარდება და ყოველთვის ტკივილით ვამთავრებ. სხეული ჭრილობებით მაქვს დაფარული. მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, გარეგნულად ძლიერი, რომელიც მუდმივად მაჩოს პროექციას ახდენს სცენაზე, სინამდვილეში შინაგანად ძალიან რბილი ვარ, ვდნები”. მერკურის რომ არ ეთქვა ეს სიტყვები, ალბათ მე ვიტყოდი და კიდევ ბევრი იტყოდა ჩემთან ერთად. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რამ ხვდება ერთმანეთს, ის ვისაც შენი სუსტი მე უყვარს, ძლიერ მეს ვერ აიტანს და პირიქით, ვისაც შენი ძლიერი მე უყვარს, ის შენს სისუსტეებს ვერ აიტანს, პატარა წყენას და გაბუტვასაც კი ვერ აიტანს, როგორ გაბედე და ცრემლი გადმოაგდე, შენ ხომ ასეთი ძლიერი ხარ.

როგორია მამაკაცი რომელიც გეტყვის, მე შენ ჩემს ფერფლს განდობ? ალბათ ზუსტად ისეთი, რომელსაც ისე ეყვარები, ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტის გარეშე, მთელ ცხოვრებას ერთად გაატარებთ და ისე გეყვარება, რომ თვალის დაუხამხამებლად გაუყოფ მეორე მამაკაცს და წვეულებებზე ერთად მიუსხდებით მაგიდას, ერთ მხარეს შენ და მეორე მხარეს, მისი იმჟამინდელი ბოიფრენდი. ეს მამაკაცი ფრედი მერკურია. ეს ქალი კი მერი ოსტინი – Love of his life.

“ჩვენი სიყვარული ცრემლებით დასრულდა, რამაც უფრო ღრმა და მჭიდრო კავშირი შექმნა ჩვენს შორის და ეს ზუსტად ის არის, რასაც ვერავინ წაგვართმევს. ეს მიუწვდომელია . .. .  ყველა ჩემი საყვარელი მეკითხება, რატომ ვერ ჩავანაცვლე მერი, ეს უბრალოდ შეუძლებელია . . ..  ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ და ეს სიყვარულის საუკეთესო ფორმაა. მილიონი პრობლემა შეიძლება მქონდეს, მაგრამ გვერდით მერი მყავს და ეს ყველაფერს გადამატანინებს… მერი ჩემი ერთადერთი მეგობარია და სხვა არავინ არ მინდა “.

მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან.

Posted in მედიცინა, საზოგადოება

30 წელი

1991 წელი, ნოემბრის თვე – თუ მეხსიერება არ მღალატობს, პირველად ამ დაავადების შესახებ მაშინ გავიგე როდესაც ფრედი მერკური გარდაიცვალა. ეს დავადებაც ზუსტად ამ ასაკის არის ჩემს ცნობიერებაში. თუმცა საქართველოში ის 1989 წელს აღმოაჩინეს, ხოლო პირველად, აშშ დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ოფიციალურად 1981 წელს დააფიქსირა. ადრინდელი გენეტიკური კვლევები კი მიუთითებს რომ შიდსი პირველად დაახლოებით XVIII საუკუნის ბოლოს ან XIX საუკუნის დასაწყისში გამოვლინდა დასავლეთ აფრიკაში.

შემდეგ პერიოდულად ვიგებდი ადამიანების ინფიცირების ან გარდაცვალების შესახებ. დაავადება სულ უფრო და უფრო მუქ ფერებს იძენდა, აივ დადებითი ერთგვარი სტიგმა გახდა საზოგადოებაში, რაც თავის მხრივ ასოცირდებოდა უფრო ღრმად ფესვებგამდგარ სტიგმებთან, როგორიცაა ნარკომანია და პროსტიტუცია.

წლების მანძილზე, რაც უფრო დაიხვეწა დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდები, მით უფრო გაუმჯობესდა შედეგებიც.

წამალი სრულად განკურნებისთვის ახლაც არ არსებობს, თუმცა პრეპარატების კომბინაციით შესაძლებელია დროული მკურნალობა, დაავადების სტაბილიზაცია და სხვადასხვა გართულებების პრევენცია, ისე რომ ადამიანმა ნორმალურ, ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძონ ცხოვრება, საქმიანობა და არ შეეზღუდოთ კანონით მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები, მაგალითად როგორიც არის დასაქმების უფლება. ხშირია შემთხვევა როდესაც ამ ნიშნით ადამიანებს ათავისუფლებენ სამსახურიდან, უარს ეუბნებიან სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებაზე (სტომატოლოგიური, რეპროდუქციული, ოჯახის დაგეგმვა, სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკა, ანალიზები და ა.შ.)  აქ მიზეზი ისევ და ისევ შეიძლება იყოს არაინფორმირებულობა ან არასწორი ინფორმაციის ფლობა.

30 წელი არ არის ბევრი იმისთვის, რომ თავდაპირველი სტერეოტიპები გააცამტვერო და გააგებინო ადამიანებს რომ აივ დადებითის სიახლოვეს ყოფნა არ წარმოადგენს გარშემომყოფთათვის საშიშროებას და საფრთხეს.

საოცარი ფაქტები მოვისმინე სოციალური მედიის კვლევისა და განვითარების ფონდში ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის გამართულ შიდსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრაზე, წლების წინ ერთგან თანასოფლელებმა სახლი გადაწვეს, რადგან იქ მცხოვრები ადამიანი შიდსით გარდაიცვალა, მეორეგან გარდაცვლილის კუბოს ხელი არ მოკიდეს და ა.შ. მსგავსი ფაქტები.

აქაც ისევ და ისევ მიზეზი ის ბურუსია და ბინდია, რაც ამ დაავადებას/ინფექციას ახლავს თან. განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც არც თუ ისე ხელმისაწვდომია ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში დაავადებას მალავენ, არ ხდება დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, გაცხადებულს კი კეთროვანივით არიდებენ თავს.

თუ არ იქნა შესაბამისი ყურადღება, მოვლა და მკურნალობა შეიძლება მწვავე რესპირატორული დაავადებაც (ე.წ. გრიპი) ლეტალურად დასრულდეს.

ამავე შეხვედრაზე პოზიტიური ამბავიც გავიგეთ, აივ დადებითი (ქალბატონი) დაქორწინდა და ახლა ბავშვის გაჩენასაც გეგმავენ, ჯანმრთელობას ვუსურვებ ახალ ოჯახს.

და მაინც დაავადების რა გადაცემის გზები არსებობს? 

1) დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ პირთან;

2) ინფიცირებულ სისხლთან ან სისხლის პროდუქტებთან ექსპოზიციით – აივ ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას, არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით.

ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით;

3) ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

 ამ უკანასკნელს რაც შეეხება, თუ კი დედა გადის ანტირეტროვირუსულ  თერაპიას და ბავშვს გააჩენს საკეისრო კვეთით, ინფექციის გადაცემის კოეფიციენტი მხოლოდ 1%–ს შეადგენს. ინფექციის რისკს ასევე განაპირობებს მშობიარობისას დედისმიერი ვირუსის კონცენტრაცია, რაც უფრო მეტია კონცენტრაცია, მით უფრო მაღალია გადაცემის რისკიც. ძუძუთი კვება კი 4%–მდე ზრდის გადაცემის რისკს. 

ინფექციის პრევენციის საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა უსაფრთხო სექსი, რისთვისაც არსებობს როგორც მამაკაცის, ასევე ქალის პრეზერვატივები და შპრიცების/ნემსების გაცვლის პროგრამები. 

მოგეხსენებათ, ინფორმაციის მასობრივად და ფართოდ გადაცემის საშუალება ისევ და ისევ ტელევიზია და რადიო გახლავთ. შესაბამისად მათი ვალდებულებაა ადამიანებს მიაწოდონ ზუსტი და მრავალმხრივი ინფორმაცია ინფექციის/დაავადების ირგვლივ, ასევე მაქსიმალურად შეეცადონ, რომ ნეგატიურ კონტექსტში არ განიხილონ სხვადასხვა ფაქტები.

ამ შეხვედრას 3 ტელეკომპანია აშუქებდა, თუმცა ისინი მხოლოდ დასაწყისში დაესწრნენ და სიუჟეტიც შესაბამისად მოკლე და არაფრის მომცემი გააკეთეს.

რაც შეეხება ტერმინებს და სახელდებებს, უპრიანია და კორექტულია თუ მოიხსენიებთ როგორც აივ დადებითს და არა ისე როგორც ხშირად მოიხსენიებენ, ”სპიდიანი”, “შიდსიანი”  უბრალოდ უხერხული და არაკორექტულია ადამიანების დიაგნოზით მოხსენიება.

 p.s. შეხებით სიყვარული გადადის, შიდსი არა 🙂 

მაესტროს სიუჟეტი 

იმედის სიუჟეტი 

 პალიტრა TV

რეალტივი :შ 

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შიდსის ცენტრის აქცია საქართველოში. 

ასევე ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია ღონისძიება – იხილეთ ბმული