Posted in აქეთური იქეთური, საზოგადოება

ეს დაღლილი, დაღლილი, დაღლილი მსოფლიო

თანამედროვე ადამიანი რობოტია, საწყის სტადიაზე. მუდმივად დაკავებული, მუდმივად გადარბენაზე და დაღლილი; გარკვეულ დონეზე, შეგრძნებები და გრძნობები ჯერ კიდევ შემოგრჩენია, თუმცა ან ვერ ათვითცნობიერებ ან ვერ უღრმავდები, არ გცალია, გარბიხარ, ძროხა უნდა გადააბა ჩრდილში.

დრო კი მიდის.

კმაყოფილების განცდის დროის არ ქონის გამო, კიდევ და კიდევ უფრო მეტს გეგმავ, იმაზე მეტს, ვიდრე ადამიანმა დღის ან თვის განმავლობაში შეიძლება მოასწროს, შესაბამისად დილით თუ იღვიძებთ იმ განწყობით, რომ მთებს გადადგამ, საღამოს აღმოაჩენ, რომ ერთ მთამდეც ვერ მიხვედი, არათუ რამდენიმე გადადგი.

საქმე იქამდე მიდის, რომ უამრავ რამეს ვეღარ ასწრებ, არ არის გამორიცხული დაეცეს ხარისხი, რომლის შემჩნევის უნარი დაკარგული გაქვთ და მხოლოდ გარშემომყოფები თუ ამჩნევენ, ისინიც ან ხათრის გამო არ გეტყვიან ან თუ გეტყვიან მხოლოდ ირიბად და თქვენი გადატვირთული გონების გამო, ქარაგმებს ვერც კი მიხვდებით.

პარალელურად, ის, რაც ამოვარდნილია ყოველდღიური რუტინიდან, ყველაფერი გამაღიზიანებელია, გსტრესავს და ზედმეტ ტვირთად გაწვება, დაახლოებით ისეთი რამეა, როცა ლოგინში, სადაც უნდა ჩაწვეთ, ერთზე მეტი ბალიში გვხდებათ და არ იცით, რა უყოთ სხვებს, საკითხს მარტივად გადაჭრით, ბალიშებს ლოგინიდან ძირს გადაყრით, მოიშორებთ. ანალოგიურად კრავთ ხელს მეგობრებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, შეყვარებულს, სხვა საქმეებს, რომელიც შეიძლება საინტერესო და სასარგებლო იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე მიგაჩნიათ რომ დროს კარგავთ და არაფერში გჭირდებათ , მაგალითად, წიგნის კითხვა, კინო, თეატრი, მოგზაურობა…

მაგრამ, აი დგება მომენტი, როდესაც წამიერად ათვითცნობიერებ რომ, უპს, ცხოვრება მიედინება, ოღონდ შენს გარეშე, სადღაც შენს გვერდით ხდება ყველაფერი და უკვე რასაც აკეთებ, რასაც შრომობ და სადაც თავით გადახტი, იმდენად მკაცრ რუტინად იქცა, რომ შენი კმაყოფილების და სიამოვნების გრძნობაც უკვე რუტინული ხდება, თითქმის ვეღარ გრძნობ. უბრალოდ, იცი, რომ როდესაც მორიგ საქმეს დაასრულებ და ბლოკნოტში ამაყად შემოხაზავ, სავარძელში უნდა გადაწვე და კმაყოფილებით გაიღიმო. იღიმი, სიამოვნებისგან ფშვინავ, მაგრამ ეს, ის არ არის, რაც გინდოდა, კვლავ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გაქვს და იგონებ და იგონებ ახალ გეგმებს, პროექტებს, ოცნებებს და უფრო და უფრო ართულებ შენს ყოველდღიურ რუტინას.

ეს ვიყავი მე დაახლოებით ხუთი წლის წინ. დაახლოებით ხუთი წლის წინ, ის საკვანძო წამი დადგა, რომელმაც მთლიანად შემცვალა და გადამატრიალა. რეცეპტი არ მაქვს.

ფილმი, რომელიც სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვნახე, ადრე რომ მენახა, ალბათ უფრო ადრეც მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას.

ფილმის მთავარი ხაზი რისკია, გამბედაობა, კარდინალურად შეცვალო შენი მდგომარეობა, შენი არსებობა, შენი არსებობის აზრი, სრულიად მოულოდნელად, როცა მთელი სიმძაფრით გრძნობ ფიალის ბოლო წვეთს, უფსკრულის პირზე შენს თითის წვერებს და ღამით წამოხტები, იგუდები ოფლში ჩაკარგული და სუნთქვაშეკრული, გადიხარ ოთახიდან, გარბიხარ ჰოლში, ჩარბიხარ კიბეებზე და გადიხარ სასტუმროდან. შენ იწყებ სუნთქვას. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ მთელი მსოფლიო შენთან ერთად იწყებს სუნთქვას.

რასაკვირველია, ცოლ-ქმარს შორის სიყვარული უკვე დიდი ხნის წინ გაქრა, და მხოლოდ რუტინულად არიან ერთად, რეჟიმში ჩართულები, რომლის შეცვლის სურვილი, უაღრესად დაკავებულებს და საქმეში გადავარდნილებს არც აქვთ. პასუხისმგებლობაც სადღაც გაქრა, რომელიც სიყვარულივით ერთი ნახვით არ მოდის, მაგრამ ერთი ხელის დაკვრით მიდის.

ამიტომ, ბიზნესმენი მამაკაცისთვის, სრულიად მოხერხებულია ერთი სკაიპ ვიდეოქოლი და ცოლისთვის იმის შეტყობინება, რომ ის სახლში აღარ დაბრუნდება, არც სამსახურში და არც შტატებში. ის რჩება პარიზში. ამ ეტაპზე აეროპორტის სასტუმროს ნომერში. შემდეგ მოიფიქრებს რას იზამს.

ადრე თუ გვიან, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა გაშალო ფრთები და გაფრინდე, ზემოდან თუ გვერდიდან შეხედო სხვა ყველაფერს, ჩიტის თვალთახედვიდან შემოუქროლო გარშემო, პირველ რიგში შენ საკუთარ თავს, შენს მეს. რუტინული სამსახური, მეგობრები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მუდმივად გაკავებენ ერთ წერტილზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასოდეს წყვეტ ფიქრს იმაზე, რომ ერთ დღესაც, შეკრავ ირაოს თუ ბარგს და თავისუფლად გაფრინდები, სადაც გინდა და როცა გინდა. შეიძლება ზოგჯერ შეგრცხვეს კიდეც ამ ფიქრების, მაგრამ ეს გაივლის.

წამი გადაწყვეტს ყველაფერს.

მე კი, რომელმაც ეს მომენტი უკვე გავიარე, სრული სიმშვიდით, სიამოვნებით შევიგრძენი ფილმის ყველაზე ლამაზი მომენტი, მომენტი, რომელსაც სრულიად მოულოდნელად ჩემი საყვარელი სიმღერა გასდევდა ფონად. ზუსტად მიზანში მოხვდა. ეს იყო დროული წამი.

გაბედეთ!

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ფეხბურთის ფანები თუ ქაჯები?

“შუადღისას წავედით ფეხბურთის მატჩზე თბილისისა და კიევის გუნდებს შორის. ეს იყო თვალწარმტაცი, სწრაფი და ცხარე ფეხბურთი. ვეება სტადიონზე თამაშს ესწრებოდა სულ მცირე ორმოცი ათასი მაყურებელი. ისინი ძალზე ემოციურად განიცდიდნენ მატჩის მსვლელობას, ვინაიდან კლუბების შეჯიბრი აქ სარგებლობს უდიდესი პოპულარობით. თუმცა თამაში სწრაფად და მძრაფრად მიმდინარეოდა და გააფრთებით იბრძოდნენ ბურთისთვის, არც შეხლა-შემოხლა, არც ჩხუბი არ მომხდარა. მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ წამოიჭრა უმნიშვნელო დავა. მატჩი დამთავრდა ანგარიშით ორით-ორი, და როგორც კი დასრულდა თამაში, მაშინვე რი მტრედი ააფრინეს ცაში. საქართველოში ძველად ყოველი შეჯიბრის შემდეგ, ჩხუბის შემდეგაც კი, გამარჯვებისას გაუშვებდნენ ხოლმე თეთრ მტრედს, დამარცხებისას შავს. ამ მტრედებს ამბავი მიჰქონდათ საქართველოს სხვა ქალაქებში. იმ დღეს კი, როდესაც მატჩი ფრედ დამთავრდა, გაუშვეს ორი მტრედი – შავიცა და თეთრიც და მათ მყისვე გადაუფრინეს სტადიონს.” 

ეს ჩანაწერი არც სიზმარია, არც პარალელური საქართველოდანაა, არამედ ამონარიდია ჯონ სთეინბეკის  “რუსული დღიურიდან”, რომელიც საქართველოს ორმოციან წლებში (1948წ.) სტუმრობდა.

გადის წლები, ფეხბურთი იცვლება, უფრო ველურდება და უხეშდება, იცვლებიან ფეხბურთის ფანებიც, იცვლებიან ტრიბუნებიც, სკამები არ უძლებს არც მატჩებს და არც ფანებს. მატჩებს გაძლიერებულად იცავენ პოლიციელები, კიდევ უფრო ხშირად სპეცრაზმი. არასასიამოვნო მომენტები ჩვენს სტადიონზეც გვახსოვს, ფანების თუ ფეხბურთელების მხრიდანაც.

გალათასარაი, ფენერბახჩე და ბეშიქთაში მეტოქე კლუბები არიან თურქეთში, დოკუმენტურ ფილმში “ერთიანი სტამბოლი”, სწორედ მათი ურთიერთდამოკიდებულებაა გადმოცემული. როგორ ემზადებიან მატჩისთვის, როგორ გადასცემენ თაობიდან თაობას საყვარელი კლუბის გულშემატკივრობას, რა სიძულვილს გრძნობენ მეტოქე გუნდის გულშემატკივრების მიმართ და ამასთან გულშემატკივრების ძველი თაობა როგორ ინარჩუნებს მთავარს – საკუთარი კლუბის პატივისცემას და საკუთარ ღირსებას.

“თუ გალათასარაი სხეულია ჩვენ მისი ხელები და მუშტები ვართ”  – ამბობს ფილმის ერთ-ერთი გმირი, ძველი თაობიდან.

“ბავშვობაში წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ ვუხეთქავდი თავს გალათასარაის ფანს, მაშინ 14 წლის ვიყავი.” – იხსენებს ბეშიქთაშის გულშემატკივარი.

“რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო, როდესაც ფორმა მაცვია, მე კლუბს და კულტურას წარმოვადგენ, ცუდად ვერ მოვიქცევი.” 

DSC_4417
გალათასარაის ფანები ისტიკლალზე, სტამბოლი 25 აგვისტო, 2014წ. ფენერბახჩეს და გალათასარაის მატჩის დღე. ფოტო (c) Tamar Mirianashvili

რასაკვირველია, ამის შესრულება ყოველთვის ადვილი არ არის, ხშირად სიტუაცია უკონტროლოა, გულშემატკივრების ახალი თაობა უფრო ფიცხი და დაუნდობელია. ამიტომ შეხლა-შემოხლის თავიდან არიდება ხშირად არ გამოსდით. მეტიც, ამ კლუბების ფანებს მატჩის დასრულების შემდეგაც, ეულად გარეთ სიარული უჭირთ. ამიტომ დადიან გუნდ-გუნდათ და ფანკლუბის ნიშნების გარეშე.

თუმცა დგება მომენტი, როდესაც გალათასარაი, ფენერბახჩე და ბეშიქთაში ერთ ხაზზე დგებიან, ერთმანეთს არ მტრობენ, აცვიათ საყვარელი კლუბის ფორმები და ერთად მღერიან ერთ სიმღერას, თუ როდის დადგა ეს სასწაული მომენტი, ეს უკვე ფილმში უნდა ნახოთ, რომელმაც გულდასაწყვეტად ბათუმის კინოფესტივალზე  ვერ გაიმარჯვა დოკუმენტურ სექციაში.  😦

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა, საზოგადოება

შედუღებული კარი

ხიდჩატეხილობის პრობლემას ამ ხანებზე შედუღებული კარის  პრობლემაც დაემატა. კარი რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა სკოლაში გადის და მშობლებს შედარებით კომფორტულად შეჰყავთ შვილები, ახლოს მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებმა შეადუღეს. მიზეზი სხვადასხვაა. ზოგი ამბობს რომ პარკინგის პრობლემაა და ეზო ივსება, ზოგი ამბობს რომ არ სურთ “ასეთმა ბავშვებმა” მათ ეზოზე გაიარონ.

ორივე შემთხვევა პრობლემაა. თუ პარკინგის პრობლემის გამო შეადუღეს კარი, რატომ ვერ მოაგვარა სკოლამ/მშობლებმა და მეზობლებმა ერთობლივად ალტერნატიული პარკინგის საკითხი, რატომ არ დააყენეს ეს საკითხი აქამდე, უფრო სერიოზულად და ხმაურიანად, მითუმეტეს როდესაც სპეციალური საჭიროების სკოლაზეა საუბარი. ხოლო თუ ამას ემატება დისკრიმინაციული დამოკიდებულებაც “ასეთმა ბავშვებმა” რომ მათ ეზოზე არ გაიარონ – ეს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა, ადამიანებში გაბატონებულ სიძულვილთან, სიბრალულთან, ინფორმაციის არ ქონასთან ბრძოლა ძალიან რთულია და დიდ დროს მოითხოვს. ამ პრობლემის მოგვარებას კი როგორც ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფლაერების დარიგება, 2-3 დღიანი ტრენინგების ჩატარება და მოვალეობის მოხდის მიზნით გადაღებული სატელევიზიო რგოლები არ შველის. ეს მხოლოდ წლიურ ან თვიურ ანგარიშში “პწიჩკების” დასასმელად თუ გამოადგებათ.

“თქვენი ეტლის ბორბლები იატაკს სვრის, დავიღალე წმენდით და თქვენი დევნით” – ეუბნება ანჩხლი დამლაგებელი, მოსწავლე გოგონას, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლაში, ფილმში  “გამოსასწორებელი კლასი” .  ამავე სკოლაში არ არის პანდუსები ზედა სართულებზე, ხოლო სკოლის შესასვლელში დამონტაჟებული რკინის ორი რელსის გამოყენება სრულიად შეუძლებელია. ლენას კლასელები ეხმარებიან სკოლაში შესვლისას, ყოველ დილას გადმოჰყავთ ეტლიდან და ცალ-ცალკე შეჰყავთ სკოლაში.

აქ არაფერ შუაშია სიბრალული. არავის არ სჭირდება თქვენი სიბრალული, ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელშეწყობა ელემენტარულ საჭიროებებში: თავისუფალ გადაადგილებაში, განათლების მიღებაში და მიღებული ცოდნით და განათლებით საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში, სწორედ ისე როგორც ამას შეძლებდა ნებისმიერი თქვენგანი, მიუხედავად შესაძლებლობისა თუ შეუძლებლობისა.

კარი უნდა გაიხსნას. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რის გამო შედუღდა, ნებისმიერი მიზეზი ამაზრზენი და დამთრგუნველია ყველა ადამიანისთვის. იზოლაცია კარგს არაფერს მოიტანს, კარი უნდა გაიხსნას რათა ერთმანეთი უკეთესად დავინახოთ, გავიცნოთ და შევიცნოთ, მხოლოდ ასე თუ დავამარცხებთ სიძულვილს და სიბრალულს.

კადრი ფილმიდან “გამოსასწორებელი კლასი” – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დოკუმენტური სექცია
Posted in ლიტერატურა, წერილები ქუცნას

19 წერილი ქუცნას – მატარებელი

მგონი ჩანაფიქრმა გაამართლა და საწადელს მივაღწიე – ჩემმა ბოლო, ცარიელმა წერილმა თავისი საქმე გააკეთა. საფოსტო ყუთში ერთი მუდმივად წაუკითხავი წერილი მაქვს, რომელსაც ვერ ვპოულობ, თუმცა ვიცი რომ შენ ხარ, ხელი წაგიცდა და გამოაგზავნე. არა უშავს, ვნახავ ოდესმე, მთავარია რომ ნავსი გატყდა და მე დაუსრულებლად აღარ ველოდები შენგან წერილებს.

ვიცი ძალიან არ გიყვარს როცა ქალებზე გელაპარაკები ხოლმე, მაგრამ ვის თუ არა შენ უნდა გავუზიარო ჩემი აზრები, რომელიც ჩემდა უნებურად ამყვებიან ხოლმე ხან წიგნის, ხან ფილმის და ხან რეალობის გადამკიდე.

ქალი – მსხვერპლი, გაგიგია ასეთი რამ ქუც? რაც არ უნდა ნაწარმოები გაგვევლო სკოლაში, მთავარი თემა ყველგან გმირ ქალთა სახეები იყო, აი მსხვერპლ ქალთა სახეებზე კი არასოდეს დამიწერია რამე.

ქუც, დეიდა ტულას იცნობ? უნამუნოს დეიდა ტულას? აი ზუსტად ახლა დავასრულე კითხვა და უამრავი ასეთი ქალი დამიდგა თვალწინ, რომელსაც რეალურად ვიცნობ. საზოგადოების თვალში ასეთი ქალი მსხვერპლად გამოიყურება, საწყალი, გაუთხოვარი თუ შინაბერა, უბედური რომელიც თავის წილ ბედნიერებას ვერ ეღირსა და სხვის შვილებს შეამსხვრია მთელი ახალგაზრდობა; უბედური რომელსაც მოხუცი დედ-მამის მოვლაში ამოხდა სული; და არასოდეს, არავინ ფიქრობს და უშვებს იმას, რომ ეს შეიძლება ამ ადამიანის არჩევანი იყოს, მისი მკაცრი გადაწყვეტილება, ცხოვრების მიზანი მხარში ამოუდგეს და დაეხმაროს მისთვის ძვირფას ადამიანებს და სულაც არ თვლიდეს თავს მსხვერპლად, უბედურად და განწირულად, არამედ პირიქით – აი ზუსტად ისეთი, როგორიც არის უნამუნოს დეიდა ტულა, ძლიერი, მოსიყვარულე, ერთგული, თუმცა ზოგჯერ ცოტა ეგოისტიც.

ანა კი ახალმა ფილმმა გამახსენა; მასზე ჯერ კიდევ მაშინ გესაუბრე, როდესაც გუდამაყარში ვისვენებდი ერთ მშვენიერ ზაფხულს, გახსოვს ქუც, რა კარგი დრო იყო? მაშინ პირველად წავიკითხე,  პირველი შთაბეჭდილება ვერ იყო ისეთი მყარი, ან კი როგორ იქნებოდა იმ ბავშვისთვის, რომელსაც მატარებელი ჯერ კიდევ, უბრალოდ მატარებელი ეგონა, რომელსაც პატარა გოგონა ზაფხულობით ბებიასთან მიყავდა სოფელში.

მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, მატარებლის კონტურები უფრო გამოიკვეთა და ჩვენც მივხვდით, რომ ანას თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს. ანა მოკლეს ადამიანებმა, ხალხმა, საზოგადოებამ. სხვას რას უნდა შეადარო საზოგადოება, თუ არა ჩაშავებულ, ჩაკირულ, გაყინულ მატარებელს, რომელიც შეუჩერებლად მოძრაობს, არ ელევა მამოძრავებელი ძალა; მატარებელს, რომელიც გადაგივლის ნებისმიერ დროს, ჩაგბურჯღნის და აგქნის ასო-ასო, ისე რომ ვეღარასოდეს გაიგებ რას ან ვის გადაუარა, როგორი იყო მის პირვანდელი სახე . . .

ესეც ჩაივლის, ჩაივლის და ისევ მატარებელი გვეტყვის რომ ვიღაც ბორბლებს ჩაუვარდა, ვიღაცამ თავი მოიკლა . . .

ოჰ, ეს მსხვერპლი

ეს საწყალი

ეს თავისი თავის მტერი . . .

და ასეა მუდამ

ვერ იგებ სად არის პირველი და სად ბოლო გაჩერება ქუც, დავდივართ წრეზე, მე, შენ და მატარებელი.