Posted in Photography

როგორ არ მოვკროპოთ ფოტო

ვერც კი წარმოიდგენთ, რა დიდი ტკივილია ფოტოგრაფისთვის, როდესაც ფოტოს ვუგზავნით ობიექტს და ეს უკანასკნელი ფეისბუქის პროფილზე აყენებს ისე, რომ კადრი იჭრება, ან ფეხი მოყვება, ან ხელი მოყვება ან სული და მთელი ფოტოს არსი იკარგება, იცვლება შინაარსი. დადეთ ისეთი სახით, როგორც მოგეცით, მოსაჩეხი რომ ყოფილიყო, ჩვენ მოვჩეხავდით.

სინამდვილეში კი, ძალიან მარტივია არ იყო ლეღვი!  ასე მაგალითად, ერთხელ დააკლიკო SKIP CROPPING-ს და თავიდან აიცილო ფოტოს ფეხქვეშ გათელვა და ასევე სამომავლოდ, ფოტოგრაფს არ დაუკარგოთ სურვილი გადაგიღოთ და გამოგიგზავნოთ ფოტო.

მივყვეთ ინსტრუქციას:  

პირველი და ერთადერთი ნაბიჯი:

ტვირთავთ ფოტოს და წითელი ისრით მითითებულ წარწერაზე აკლიკებთ ერთხელ! ვუალა!

 

მაგალითები: 

დაუჩეხავი

#2 დაჩეხილი

მაგალითი #2 

დაუჩეხავი

დაჩეხილი 

 

Posted in აქეთური იქეთური

ჩემს პირწიგნაკელებს!

ზღაპარს რა ერქვა არ მახსოვს, მაგრამ მოკლედ გეტყვით, იყო ერთი მეფე, რომელიც კვდებოდა და შვილს უთხრა, შვილო ისე მოიქეცი, რომ შენს ქვეყანაშიც და უცხო ქვეყნებში ყველგან მიგესვლებოდესო. შვილიც დაჰპირდა, რომ თხოვნას შეუსრულებდა. იმოგზაურა შვილმა და დროის შემდეგ კვლავ მამას ეახლა.

– ”აბა, შვილო რა ჰქენი, გაჭირვების ჟამს თავშესაფარი თუ გექნება, როგორ შეასრულე დანაპირები” – ჰკითხა მამამ.

– ”მამა, მე ყველგან ვიყავი და სახლები, მამულები ვიყიდეო” – შვილმაც ახარა.

– ეჰ, შვილო . .. მე სახლების ყიდვა არ მითქვამს, მეგობრები უნდა შეგეძინა ყველგან, ხალხი გაგეცნო, სადმე რომ წახვალ, დაგვხდეს, რომ დაგჭირდეს გვერდში დაგიდგეს, უცხო ქვეყანაში მისი იმედი გქონდეს . . . .

ჰეჰ, მეფე, მეფე სად არ იყო მაშინ პირწიგნაკი 🙂 ხომ არ დასჭირდებოდა შენს შვილს აქეთ-იქეთ სიარული და სახლების ყიდვა 🙂

მგონი მე გამიმართლა, ისევე როგორც ყველას პირწიგნაკში, სადაც არ უნდა მივიდეთ ყველგან მეგობარი გველოდება 🙂 საქართველოს სხვადასხვა ქალაქები, და არა მხოლოდ, თურქეთი, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, აშშ, იაპონია, ჩინეთი და ა.შ.

ამას წინათ მამაჩემმა მკითხა შენც ხარ Fეისბუქშიო?

ჰმ, რა უხერხული კითხვაა 🙂

კი მამა ვარ და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, არ ინერვიულო 🙂

და ზუსტად ვიცი ყველგან მიმესვლება 🙂

მიყვარხართ პირწიგნაკელებო!

Posted in აქეთური იქეთური

Fეისბუქი vs წყარო

ძალიან ძალიან დიდი ხნის წინ, ასე 10-15 წლის პაპაჩემმა ერთი ხუმრობა თუ მერე ხუმრობად  ქცეული ნამდვილი ამბავი მომიყვა ჩვეული იუმორით:

სოფელში წყაროზე თავშეყრა დიდ როლს თამაშობს, არჩევენ ამბებს, ცვლიან ინფორმაციას ერთმანეთის შესახებ, მეზობლების, მეზობლების მეზობლების შესახებ, ამასობაში ზოგი წყალს ავსებს, ზოგი რეცხავს, ზოგიც რიგში დგას და ბჭობენ რა ხდება დუნიაზე.

ერთ-ერთი წარმატებული ოჯახის უფროსი სოფელში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დანიშნეს.

სანამ დანიშნავდნენ:

წყაროდან დაბრუნებული ცოლი ქმარს ეუბნება: ”შენზე ამბობენ კოლმეურნეობის თავმჯდომარედ უნდა დანიშნონო

ქმარი: ”ნეტაი ჭორებს ყურს არ უგდებდე, რა თავმჯდომარე რი თავმჯდომარე”

ასე ორიოდ დღის შემდეგ ეს კაცი დანიშნეს კოლმეურნეობის თავმჯდომარედ.

წყაროდან დაბრუნებული ცოლი: ”ამბობენ შენს კოლმეურნეობაში შაქროს, რომ ტრაქტორები აბარია, ჩუმად საწვავს ყიდისო და ფულს იჯიბავსო”

ქმარი: ”ქალო, განა მაგის მეტი საქმე არა გაქვსოო?”

წყაროდან დაბრუნებული ცოლი: ”ამბობენ ღამით ყურძენს კრეფს ვიღაც ვენახში და აბარებს ქარხანაშიო და კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ციხე ემუქრებაო”

ქმარი: ”რა ციხე რის ციხე, უსაქმურების ხროვაა მაგ თქვენს წყაროზეო”

ორიოდ დღის შემდეგ ქმარი დაიჭირეს.

მივიდა ცოლი ციხეზე სანახავად და ქმარს ეუბნება: ”პროკურორი ამბობს 15 წელი ემუქრებაო

ქმარი: ”პროკურორმა კი არა ქალო წყაროზე რას ამბობენ წყაროზე, ეგ მითხარიო”

კოლმეურნეობის თავმჯდომარე 🙂 ფილმიდან ”სიყვარული ყველას უნდა ”

ახლა შეგიძლიათ წყარო ამოაგდოთ ამ ამბავიდან და ჩასვათ Fეისბუქი