Posted in Travelling

შემოდგომა ბერლინში ანუ აბა, მე რა გირჩიოთ?

მოდი, ხვალ ბერლინში წავიდეთ, ერთ საღამოს, რომელიმე მეგობარს გადაულაპარაკებ და კოპიტნარის აეროპორტიდან, სულ რაღაც ოთხ საათში ბერლინში ამოყოფ თავს. ამისთვის აღარ გჭირდებათ უთვალავი დოკუმენტის მომზადება, თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება, შემდეგ საელჩოში ჩაწერა და გასაუბრება ვიზის მისაღებად.

ლარნაკა (კვიპროსი), პრაღა (ჩეხეთი), პარიზი (საფრანგეთი), ბერლინი, დორტმუნდი, მემიმნგენი (გერმანია), ათენი, თესალონიკი (საბერძნეთი), ბუდაპეშტი (უნგრეთი), მილანი, რომი (იტალია), ვილნიუსი (ლიტვა), ვარშავა, ვროცლავი, კატოვიცე (პოლონეთი), ბარსელონა (ესპანეთი), ლონდონი (დიდი ბრიტანეთი) – ეს ის ქალაქებია, სადაც ქუთაისიდან პირდაპირი რეისით გაფრინდებით. ჩაუსაფრდით დაბალფასიან ბილეთებს და თუ კონკრეტულ თარიღებზე არ გინდათ რომელიმე ქვეყანაში მოხვედრა, ძალიან იაფად შეიძენთ ბილეთებს.

ვიზალიბერალიზაციის და ვიზეარის პარამეტრებზე ჩემი ბუებიანი ჩემოდნის მორგების შემდეგ, ეს იყო ჩემი პირველი გასვლა შენგენის ზონაში, თან მქონდა პასპორტი, ბილეთი ნიქ ქეივის კონცერტზე, სასტუმროს ჯავშანი (booking.com), ონლაინ გაკეთებული სამოგზაურო დაზღვევა (არაორიგინალი) და ანგარიშზე თანხა. პასპორტ კონტროლზე მესაზღვრემ მხოლოდ პასპორტს და ფაილში ჩადებულ საბუთებში პირველივე ფურცელს – ნიქ ქეივის კონცერტზე დასასწრებ ბილეთს დახედა. ამ მესაზღვრესთან ყველაზე ნაკლებად მინდოდა მოხვედრა, ბევრ კითხვებს სვამდა, დიდხანს უკირკიტებდა საბუთებს და რიგი თითქმის 1 საათი გაიჭიმა.

“შენც ნიქ ქეივზე? ჰეჰ”, – ჩაიცინა ფრაუ ფროილაინმა და შტამპი უხეთქნა ჩემს პასპორტს.

ასე და ამგვარად, ლამის ერთი თვითმფრინავი ხალხი, ნიქ ქეივის კონცერტზე ჩამოვედით ბერლინში კოპიტნარის აეროპორტიდან.

ბერლინისთვის მთელი შვიდი დღე მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქს პირველად ვსტუმრობდი, დღეში ოცდაათი ისტორიული ადგილის ჩამორბენით ნახვა და ღამით მისიკვდილება მიზნად არ დამისახავს, არც რამე კონკრეტული სანახაობების სია მქონდა ხელთ. ერთი სიტყვით, ისე მივდიოდი როგორც აქამდე ყველა სხვა ქალაქში.

ახალს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რომ თბილისთან შედარებით თითქმის ყველა ქალაქი დიდია, შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გამოიზოგოთ დრო, ენერგია, თვალები, ტვინი, მაგდანას ლურჯასავით მოსაბრუნებელი რომ არ შეიქნეთ. ვინ თქვა აღარ მახსოვს “სამყარო წიგნია და ის ვინც არ მოგზაურობს, უყურებს წიგნის მხოლოდ ერთ გვერდს”, არცერთ მუზეუმში რომ არ შეხვიდეთ, არცერთი ისტორიული ადგილი რომ არ ნახოთ, მხოლოდ ქუჩებში სიარულით უკვე უდიდესი მოცულობის ვიზუალური და ხმოვანი ინფორმაცია შემოდის, რომლისგანაც მალე იღლებით, დრო და დრო, სათანადოდ ვეღარ აღიქვამთ, ამიტომ ჩემი რჩევაა ამ ყველაფრის რაოდენობა შეამციროთ და თან, სანახაობა (მუზეუმები, ღია და დახაურული ისტორიული ადგილები), გართობა (კონცერტი, ღამის კლუბი, კინო, თეატრი), ჭამა/დალევა (ლუდის ბარები, რესტორნები, კაფეები) ერთმანეთს შეუნაცვლოთ.

დაივიწყეთ ყველა მზრუნველი ადამიანი, რომელიც თითქმის კივილით გეუბნებათ “ეს თუ არ გინახავს, ესე იგი შენ ბერლინი არ გინახავს”, “იქ წადი აუცილებლად!”, “ეს რომ არ ნახო, თვალებში როგორ ჩამხედავ პროსტაააა”, “აი, ეს 50 ადგილი უნდა ნახო ყველა ვარიანტში, ჩემს ძუძუებს გაფიცებ” და ა.შ. ყველა, ვინც კი ოდესმე რამე ვერ მოასწრო და გულში ხინჯად ჩარჩა, შენ გტენის ან თუ ვინმეს რამე კონკრეტული ემოცია და მოგონება აკავშირებს, მაგალითად ანა ფრანკის პირველი ნაბიჯების ქუჩის, მარცხენა ტროტუარის მეშვიდე ქვასთან – აუცილებლად გირჩევთ რომ ეს ქვა ნახოთ. თუ თქვენ ამ სიებს, თქვენი ჩექინების და ფოტოების ქვეშ დატოვებულ რჩევებს გაედევნებით, სანუგეშოს ვერაფერს გეტყვით, თავით ხტებით რაღაც გაუაზრებელ მარათონში და გიჟივით იწყებთ მოცემული დავალებების შესრულებას, რათა შეკითხვაზე “ნახე გოგოოოო?”, არ დაიბნეთ და სხარტად უპასუხოთ, – “კიიი გოგოოო, რა სიგიჟე იყოოოოოოო”.
ამას აუცილებლად მოყვება რა უნდა ჭამო, სად უნდა ჭამო, რა დალიო, სად დალიო, სად იცეკვო და ასე უსასრულოდ.

რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი გემოვნება და ინტერესია, ყველა ადამიანის რჩევა რომ გაითვალისწინოთ, შვიდი დღე კი არა ერთი წელი გადაბმულად არ გეყოფათ. ეს რჩევები კარგ შემთხვევაში მათი ინდივიდუალური გემოვნებიდან ან ინტერესებიდან გამომდინარეობს და უარეს შემთხვევაში, ისინიც სხვის ფეხის ხმას არიან აყოლილები. თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც.

რას ვაკეთებ მე:

1) ვყიდულობ ადგილობრივ სიმ-ბარათს და ვრთავ ინტერნეტს ანუ ვზოგავ დროს და ნერვებს. რუკაზე ვხედავ როგორ მივიდე ამა თუ იმ ადგილამდე, ვხედავ რა ტრანსპორტი მოძრაობს, რა დროს მოდის ეს ტრანსპორტი და ცხოვრება მიხარია.  სანამ საზ. ტრანსპორტით ვმოძრაობთ ვუყურებთ რუკას და ვაკვირდებით სადაც ახლა ვიმყოფებით იმ ადგილთან ახლოს, კიდევ რამე საინტერესო ხომ არ არის, რაც შეიძლება ათასშვიდასი მეგობრის მოცემულ სიაში არ შედიოდეს, რადგან სანამ ამ “50 ადგილი, რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ” სიის ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მიხვალთ, შუაში შეიძლება საინტერესო რამეები გამოტოვოთ.

პ.ს. ამჯერად LYCAMOBILE-ის სტენდი პირდაპირ ბანჰოფზე დაგხვდა, შეიყვანეს საპასპორტო მონაცემები და გერმანული მისამართი (ანუ იმ ადგილის მისამართი სადაც ჩერდებით) და ადგილზე გააქტიურეს 5 გბ ინტერნეტი და ადგილობრივ ქსელებზე უფასო სალაპარაკო დრო.

2) დავინახე რამე საინტერესო მეტროს ან ტრამვაის ფანჯრიდან? ჩავდივარ! თქვენ წარმოიდგინეთ და კარი მარტო იმ სადგურში არ იღება, სადაც პოპულარული ღირსშესანიშნაობები მდებარეობს.

3) ვერიდები ხალხმრავალ ტურისტულ ადგილებს, ერთი-ორთან შეიძლება გზად მოვხვდე.

4) დღეში მაქსიმუმ 1-2 მუზეუმს ვსტუმრობ, რასაკვირველია, ეს დამოკიდებულია მუზეუმის მასშტაბებზე.

5) დავდივარ ფეხით, ვკტბები ქუჩის საჭმელ-სასმელით და ვიღებ ფოტოებს.

6) როდესაც ვიღლები მივდივარ სასაფლაოზე, ყველა ქალაქში ყველაზე მშვიდი და ლამაზი ადგილი სასაფლაოა.

7) მოგზაურობის დროს, რაც უფრო ნაკლები ადამიანი იქნებით, მით უკეთესი თქვენთვისაც და მათთვისაც. ორზე მეტი ადამიანი უკვე ნიშნავს იმას, რომ ერთს შია, მეორეს სწყურია, მესამეს ფეხსაცმელმა ფეხი ატკინა და ვეღარ დადის, მეოთხეს წუხელ ცუდი სიზმარი ჰქონდა და სურვილი აქვს საათობით იჯდეს ენდი უორჰოლის მაო ძედუნის წინ, მეხუთეს შესცივდა და დედა უნდა, მეექვსეს გარეთ უნდა და ასე უსასრულოდ.

8) თუ ვინმე რამეს გაბარებთ, ეს წაიყოლე და პეტრეს გადაეცი, ან პავლეს შეხვდი, ეს გამოართვი და ჩამომიტანე, ან ისე უბრალოდ ხვდებით ვინმეს, ჩათვალეთ რომ მინიმუმ ნახევარი დღე ამას ეძღვნება და მთელი იმ დღის გეგმა ამ საკითხის ირგვლივ უნდა გადააწყოთ.

სულ ეს იყო მოკლედ, მე რა ვნახე და რის ნახვას ვისურვებდი, ეს უკვე შემდეგ პოსტში 😉

Posted in Photography, Travelling

ლაშქრობა მეტეოსადგურზე

ნაწილი I  – კინორომანტიკა ^_^

მეტეო სადგურზე ალბათ მხოლოდ ფანტასტიკურ სიზმარში თუ ავიდოდი და დილით, ავლილ-ჩავლილი გზის წარმოდგენისას შიშისაგან დაზაფრული გავიღვიძებდი.  თუმცა რაღაცნაირად და თანაც მოულოდნელად ეს ყველაფერი რეალობად იქცა, როდესაც ერთ დღესაც, Friend of friend-ს შევხვდით ქუჩაში სეირნობისას და გვითხრა რომ მომდევნო კვირას აპირებდნენ მეტეო სადგურზე ასვლას.

მთა-მთა და ტყე-ტყე ფეხით სიარულზე დიდად არ ვგიჟდები, თუმცა პირველი, რაც გამახსენდა იყო ფილმი “ვერტიკალური ზღვარი”, უცებ უცებ თვალწინ გამირბინა ფილმის კადრებმა და ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვა ლაშქრობის დეტალები, ამ ეიფორიაში ვიყავი. ❤

გადაწყდა, მივდივართ!

 

ნაწილი II – რეალობა    

რეალურად კი ძალიან მოუმზადებელი შევხვდი ასეთ მნიშვნელოვან ლაშქრობას. გამოუძინებელი, მთელი დღის გადარბენილ-გადმორბენილი, დასიცხული და უბედური გავუდექი გზას ყაზბეგისკენ, პარასკევ საღამოს. გზაში ვერ დავიძინე. ჩავედით ყაზბეგში, სამებამდეც და პირველ ღამისგასათევ ადგილამდე ფეხით მივედით, დაახლოებით ღამის სამი საათისკენ. იმ ღამესაც ვერ დავიძინე, ნესტიანი ჰაერი, სიცივე, დაღლილობა და დილას გავიღვიძე უბედურმა და თავგასიებულმა

:/

კაი ხანს მზეს ვეფიცხებოდი მოსაშუშებლად და თან ვფიქრობდი, წავიდე ზემოთ თუ დავბრუნდე უკან. მართლა ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ბოლოს ბუხრამ გადამარწმუნა. გავედით. რასაკვირველია გზადაგზა აღმოვაჩინე რომ ძალიან შეუფერებლად მეცვა, ძალიან მძიმე ბათინკები, მძიმე თბილი ქურთუკი, რომელიც თოვლის და წვიმის შემდეგ 100 კილო გახდა, არ მქონდა ზურგჩანთის საწვიმარი, შესაბამისად ზურგჩანთაც 100 კილო გახდა და ფაქტობრივად ასეთი გზისთვის და ლაშქრობისთვის ძალიან შეუფერებელი წონით ვიარე, რამაც ისევ მე დამაზარალა და სხვებიც შევაწუხე ჩემი წუწუნით. ამ ყველაფერს კი აკლიმატიზაცია აგვირგვინებდა.

დაახლოებით ექვსი საათი ავდიოდით მეტეო სადგურისკენ. იყო ბევრი აღმართი, დაღმართი, ხან ქვიანი, ხან თოვლიანი, ხან ყინულიანი, ბეთლემ ქოხისკენ ანუ მეტეოსკენ მიმავალი ბოლო აღმართი კი ბუკვალურად ფორთხვით ავიარე.

ერთ-ერთი პირველი აღმართის ნაწილი :დ
ფოტო მობილურიდან – შარშან დაღუპული უცხოელი ალპინისტების მემორიალი

 რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ბევრი ფოტო ვერ გადავიღე, წავიღე დიდი კამერა, რომელიც მედო ზურგჩანთაში. წამდაუწუმ გაჩერების, ზურგჩანთის მოხსნის და გადაღების დრო არ იყო (ხან ამინდი გვიშლიდა ხელს), უფრო მოხერხებული ამ შემთხვევაში მობილური ტელეფონი აღმოჩნდა. შესაბამისად, უფრო პატარა და კომპაქტური კამერა რომ წამეღო მეტი საინტერესო კადრი მექნებოდა და 4 კილომდე აპარატურის თრევა აღარ მომიწევდა.

ამ რეალობიდან გამომდინარე გიზიარებთ რამდენიმე რჩევას:

1) ჩაიცვით რაც შეიძლება მსუბუქად (ერთი თხელი შარვალი/თბოელასტიკი და საწვიმარი საკმარისია), ვინაიდან მუდმივად სიარული გიწევთ, ძალიან არ გცივათ და ზედმეტად თბილი და სქელი ტანსაცმელი უარესად გამძიმებთ და ხელს გიშლით სიარულში (რაც დამემართა კიდეც და ფოტოებშიც ნახავთ)

2) თან გქონდეთ გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდა (ასევე მსუბუქი)

3) მსუბუქი წყალგაუმტარი ზურგჩანთა ან საწვიმრით, რათა თავიდან აიცილოთ წყლით გაჟღენთვა და დამძიმება (ჩემი ზურგჩანთა შიგთავსიანად სველი იყო რომ ჩამოვედი)

4) საკვები მიგაქვთ მშრალი და კომპაქტური, არც ბევრი არ არის საჭირო (ძირითადად იკვებებით დილას გასვლისას და საღამოს ადგილზე მისვლისას)

5) აკლიმატიზაციას სხვადასხვა სიმპტომები აქვს, ამიტომ შეგიძლიათ თან იქონიოთ (გულის საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები) და რაც ყველაზე მთავარია ლიფთონის მწვანე ჩაი და ლიმონი ❤ ❤ ❤ სიცოცხლის ელექსირი!

6) იყავით კარგად გამოძინებული და დასვენებული

7) ხშირად შეისვენეთ, მოსვით ცოტა წყალი და დატკბით ულამაზესი ხედებით, ეს უკანასკნელი აქ ყველაზე მეტად გამშვიდებთ – უსასრულო სივრცეები და ბევრი მწვანე ფერი ❤ ❤ ❤

თუ ამ ყველაფერს არ შეასრულებთ, ჩათვალეთ რომ ისედაც რთულ და დამღლელ გზას, ასმაგად ართულებთ და თქვენც უარესად იღლებით.

ნაწილი III – მეტეო სადგური ანუ ბეთლემ ქოხი  ❤

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბოლო აღმართი მეტეო სადგურამდე ე.წ. ბოღმიანი, სულ ფორთხვით ვიარე და ახლაც არ მახსოვს როგორ ავიარე ბეთლემ ქოხის ოთხ საფეხურიანი კიბე. ოთახში ტაშით შემეგებნენ. ❤

რამდენიმე ხანს ვიყავი ძალიან სუსტად, მეძინებოდა მაგრამ ვერ ვიძინებდი, გულზე მიჭერდა, საშინელი გულისრევის შეგრძნება მქონდა, საერთოდ არ მშიოდა მიუხედავად იმისა რომ დილის მერე არაფერი მეჭამა. მხოლოდ ლიფთონის მწვანე ჩაი და ლიმონი მიბრუნებდა გულს, მეტ-ნაკლებად. მალევე, ქოხში მყოფმა ერთმა ალპინისტმა რაღაც წამალი მომცა და მაგის მერე მოვედი გონზე, დაბრუნდა გულიც, მადაც და ხასიათი. თვალებში გამოვიხედე.

ფოტო მობილურიდან – ხედი ბოღმიანიდან

თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ, მეტეო სადგური იგივე ბეთლემ ქოხი მყინვარწვერის კალთაზე, გერგეტის მყინვარის მხრიდან 3680 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, თუმცა თავად მეტეოს შენობაზე დამაგრებულ სტენდზე 3653 მ-ია მითითებული. ქოხის აშენების იდეა 20-იან წლებში გაჩნდა, როდესაც გააქტიურდა მყინვარწვერის დალაშქვრის მოსურნეთა რიცხვი და საჭირო გახდა ალპინისტებისთვის ღამისთევის და აკლიმატიზაციის გასავლელი ადგილი.

დღესაც, ეს შენობა მასპინძლობს უამრავ ტურისტს, მოლაშქრეს თუ ალპინისტს; აქ არის ღამის გასათევი ოთახები, რაღაც პერიოდით ირთვება შუქი, არის წყალი, შეგიძლიათ გათბეთ და ცხელი საკვებიც მოიმზადოთ. თუმცა ერთი კარგი ინვესტიცია არ აწყენდა ამ შენობის განახლებას და უფრო ადაპტირებას.

ჩვენი ოთახი ❤
სამზარეულო ^_^

შტაბი ანუ ოთახი, სადაც შეგიძლიათ გათბეთ, დაისვენოთ, გააშროთ სველი ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი, ითამაშოთ ნარდი, დომინო, კარტი და უბრალოდ იურთიერთოთ რა 😀

შტაბი იყო ურთიერთობა :D
შტაბი იყო ურთიერთობა 😀

ამ კიბის ბოლო საფეხურზე იჭერს ტელეფონი, კერძოდ კი, ჯეოსელის ქსელში ჩართული ტელეფონი 😀 ამით გავეცი პასუხი კითხვას თუ როგორ ვპოსტავდი 3653 მეტრი სიმაღლიდან 😀

ჯეოსელის კიბე
ჯეოსელის კიბე

ერთი სიტყვით, ბეთლემის ქოხი ის ადგილია, სადაც ყველა ჯიგარი და კაი ტიპი იყრის თავს ან შეიძლება ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს კაი ტიპობას, ვერ გეტყვით, მაგრამ ასე იყო ნამდვილად 😀 ამდენი ჭირ-ვარამის გადატანის შემდეგ, აღმართებზე ბღოტიალის, მდინაარების გატოპვის, ყინულის მოედანზე სიარულის და თოვლში შაგაობის შემდეგ, გვხდებათ კარგი სიტუაცია, კარგი ხალხი და რაც მთავარია ადგილობრივი, მხიარული მოხევეები ❤ თუ ვინმე წახვედით არაყს გაგატანთ ჩემს სახელზე 😀

 

ვიდრე ბოლო ნაწილზე გადავალ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჯგუფის ყველა წევრს ჩემი დახმარებისთვის და ატანისთვის, განსაკუთრებით კი მოლაშქრეთა ეროვნულ ფედერაციას – თითოეული თქვენგანის გარეშე, ეს ამბავი არ გამოვიდოდა.  ^_^ ❤ ❤ ❤

ჩვენ
ჩვენ

ნაწილი IV -ჩამოფორთხვა და ჯიგარი ბორჯღალიანი კაცი 

ჩამოსვლისას ამინდმა გვიმტყუნა, მოთოვა, მოსეტყვა, მოწვიმა, მონისლა. დავსველდით, მყინვარწვერის ენაზე ვისრიალეთ, დავეცი ერთხელ, გადამარჩინა ფუმფულა ტრაკმა 😀 ხოოდა ტალახში სიარული იყო კოშმარი, თან მტკივანი ფეხით.

ერთი სიტყვით ბოლო ძალებით მოვაღწიე სამების ძირში და განვერთხე ბალახზე. 😀 სად იყო და სად არა, სამებიდან მომავალი თეთრი პიკაპი გამოჩნდა, გააჩერა და ყაზბეგში ჩაყვანა შემოგვთავაზა ❤

წამოვფრინდი ფეხზე ❤ ❤ ❤

ბოლოს ასე რა გამიხარდა არ ვიცი 😀

სამება
სამება

ნაწილი V – აი, რომ ახვედით, მერე რა? 

ყაზბეგი სავსეა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებით, უფრო მეტად კი უცხოელი ტურისტები ეტანებიან ამ ალპინისტურ რეგიონს. სერვისი რომ არ ბრწყინავს ჩვენთან და საკვებს ყველგან ერთნაირად ვერ ამზადებენ ეს არახალია, მაგრამ ყაზბეგში მოხვეულმა სამოცდაათეთრიანმა ხინკალმა ყველა რეკორდი მოხსნა, ახლაც არ ვიცი რისგან იყო გაკეთებული და რატომ იყო ასეთი უგემური :/ :/ არადა ცენტრთან ახლოს იყო ეს დაწესებულება და წესით უნდა ზრუნავდეს იმაზე რომ ადგილობრივსაც და სტუმარსაც ნორმალურად გაუმასპინძლდეს და მერე გაკვირვებულმა არ იკითხოს ტურიზმს ფული როგორ შემოაქვს. მტკივანი ფეხით გასვლისას არ იკითხოს ნეტავ იქ რამ აგიყვანათ, რა გრჯიდათ და მსგავსი რამეები, იქ რომ არ ავსულიყავით ქალბატონო, ხომ არც თქვენს კაფეში არ შემოვიდოდით და არ დავხარჯავდით იმ ფულს, რაც დავხარჯეთ, არც ის კანადელი გოგონა შემოვიდოდა რომელმაც თავის სამოგზაურო რუკაზე ერთი თვით საქართველო ჩაინიშნა და რომელიც მეორე დღეს აპირებდა მყინვარწვერის დალაშქვრას და არც სხვა ვინმე.  და ზოგადად, ეს ადამიანები იზრუნებენ იმაზე რომ სხვამაც გაიგოს ყაზბეგის არსებობის შესახებ, მყინვარწვერის შესახებ და გაუზიარებს შთაბეჭდილებებს, რათა უფრო მეტი ადამიანი ესტუმროს რეგიონს და თქვენს სახინკლეშიც შემოვიდეს, თქვენც ეცადეთ რომ სათანადოდ დახვდეთ, არ დაგენანოთ ახალი პროდუქტი სტუმრისთვის, რადგან ფრაზა “ტურიზმს შემოაქვს ფული” არ ნიშნავს იმას რომ ტურისტი ღობის აქედან ფულს გადმოგიყრით და ისე ჩაივლის. მე კი ავიტან ფეხზე მაზოლს.

 

პ.ს. ეს ის ადგილია, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა აეხიროთ ❤