Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

ფეხბურთის ფანები თუ ქაჯები?

“შუადღისას წავედით ფეხბურთის მატჩზე თბილისისა და კიევის გუნდებს შორის. ეს იყო თვალწარმტაცი, სწრაფი და ცხარე ფეხბურთი. ვეება სტადიონზე თამაშს ესწრებოდა სულ მცირე ორმოცი ათასი მაყურებელი. ისინი ძალზე ემოციურად განიცდიდნენ მატჩის მსვლელობას, ვინაიდან კლუბების შეჯიბრი აქ სარგებლობს უდიდესი პოპულარობით. თუმცა თამაში სწრაფად და მძრაფრად მიმდინარეოდა და გააფრთებით იბრძოდნენ ბურთისთვის, არც შეხლა-შემოხლა, არც ჩხუბი არ მომხდარა. მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ წამოიჭრა უმნიშვნელო დავა. მატჩი დამთავრდა ანგარიშით ორით-ორი, და როგორც კი დასრულდა თამაში, მაშინვე რი მტრედი ააფრინეს ცაში. საქართველოში ძველად ყოველი შეჯიბრის შემდეგ, ჩხუბის შემდეგაც კი, გამარჯვებისას გაუშვებდნენ ხოლმე თეთრ მტრედს, დამარცხებისას შავს. ამ მტრედებს ამბავი მიჰქონდათ საქართველოს სხვა ქალაქებში. იმ დღეს კი, როდესაც მატჩი ფრედ დამთავრდა, გაუშვეს ორი მტრედი – შავიცა და თეთრიც და მათ მყისვე გადაუფრინეს სტადიონს.” 

ეს ჩანაწერი არც სიზმარია, არც პარალელური საქართველოდანაა, არამედ ამონარიდია ჯონ სთეინბეკის  “რუსული დღიურიდან”, რომელიც საქართველოს ორმოციან წლებში (1948წ.) სტუმრობდა.

გადის წლები, ფეხბურთი იცვლება, უფრო ველურდება და უხეშდება, იცვლებიან ფეხბურთის ფანებიც, იცვლებიან ტრიბუნებიც, სკამები არ უძლებს არც მატჩებს და არც ფანებს. მატჩებს გაძლიერებულად იცავენ პოლიციელები, კიდევ უფრო ხშირად სპეცრაზმი. არასასიამოვნო მომენტები ჩვენს სტადიონზეც გვახსოვს, ფანების თუ ფეხბურთელების მხრიდანაც.

გალათასარაი, ფენერბახჩე და ბეშიქთაში მეტოქე კლუბები არიან თურქეთში, დოკუმენტურ ფილმში “ერთიანი სტამბოლი”, სწორედ მათი ურთიერთდამოკიდებულებაა გადმოცემული. როგორ ემზადებიან მატჩისთვის, როგორ გადასცემენ თაობიდან თაობას საყვარელი კლუბის გულშემატკივრობას, რა სიძულვილს გრძნობენ მეტოქე გუნდის გულშემატკივრების მიმართ და ამასთან გულშემატკივრების ძველი თაობა როგორ ინარჩუნებს მთავარს – საკუთარი კლუბის პატივისცემას და საკუთარ ღირსებას.

“თუ გალათასარაი სხეულია ჩვენ მისი ხელები და მუშტები ვართ”  – ამბობს ფილმის ერთ-ერთი გმირი, ძველი თაობიდან.

“ბავშვობაში წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ ვუხეთქავდი თავს გალათასარაის ფანს, მაშინ 14 წლის ვიყავი.” – იხსენებს ბეშიქთაშის გულშემატკივარი.

“რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო, როდესაც ფორმა მაცვია, მე კლუბს და კულტურას წარმოვადგენ, ცუდად ვერ მოვიქცევი.” 

DSC_4417
გალათასარაის ფანები ისტიკლალზე, სტამბოლი 25 აგვისტო, 2014წ. ფენერბახჩეს და გალათასარაის მატჩის დღე. ფოტო (c) Tamar Mirianashvili

რასაკვირველია, ამის შესრულება ყოველთვის ადვილი არ არის, ხშირად სიტუაცია უკონტროლოა, გულშემატკივრების ახალი თაობა უფრო ფიცხი და დაუნდობელია. ამიტომ შეხლა-შემოხლის თავიდან არიდება ხშირად არ გამოსდით. მეტიც, ამ კლუბების ფანებს მატჩის დასრულების შემდეგაც, ეულად გარეთ სიარული უჭირთ. ამიტომ დადიან გუნდ-გუნდათ და ფანკლუბის ნიშნების გარეშე.

თუმცა დგება მომენტი, როდესაც გალათასარაი, ფენერბახჩე და ბეშიქთაში ერთ ხაზზე დგებიან, ერთმანეთს არ მტრობენ, აცვიათ საყვარელი კლუბის ფორმები და ერთად მღერიან ერთ სიმღერას, თუ როდის დადგა ეს სასწაული მომენტი, ეს უკვე ფილმში უნდა ნახოთ, რომელმაც გულდასაწყვეტად ბათუმის კინოფესტივალზე  ვერ გაიმარჯვა დოკუმენტურ სექციაში.  😦

Posted in Photography, Travelling

გულჰანეს პარკი სტამბოლში

სტამბოლის დიდი მასშტაბების მიუხედავად, ქალაქს სულ 6 პარკი აქვს. გულჰანეს პარკი, თარგმანში ყვავილების სახლი, ერთ-ერთია ამ ექვსი პარკიდან, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიხვიდეთ და დაისვენოთ, წამოსხდეთ მწვანე მოლზე, ხის სკამებზე და პატარა ხიდებზე შადრევნების გარშემო.

გულჰანეს პარკი გახლავთ სწორედ ის ადგილი, სადაც მუსტაფა ქემალ ათათურქის პირველი ძეგლი დადგეს, 1926 წელს. ამჟამად, პარკი ტოპკაპის სასახლეს ეკვრის, თუმცა ერთ დროს იგი სასახლის განუყოფელი ნაწილი იყო და საზოგადოებისთვის 1912 წელს გაიხსნა.

მიუხედავად იმისა რომ პარკის არსებობის შესახებ ვიცოდი, პარკში მაინც სრულიად შემთხვევით მოვხვდით, რადგან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტოპკაპის სასახლე ჩვეულებრივზე ადრე დაკეტეს იმ დღეს და ვერ შევედით სასახლეში.

აქვე პარკიდან შეგიძლიათ დატკბეთ ბოსფორის და მარმარილოს ზღვის ულამაზესი ხედებით და მოინახულოთ ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მუზეუმი, სადაც დაცულია ისლამური სამყაროს VIII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული გამოგონებების ნიმუშები.

გულჰანეს პარკი
გულჰანეს პარკი

ფოტოები გულჰანეს პარკიდან

Posted in კულტურა, Photography

ქუჩის მუსიკოსები სტამბოლში

სიცხეა, ჰაერი სულ უფრო და უფრო იკუმშება და სადღაც ქრება, სცენარის მიხედვით სუნთქვა უნდა გაგიჭირდეს, გრილ ადგილს ეძიებდე და თავზე ცივ წყალს ისხამდე, თუმცა ასე არ ხდება. გავდივარ გარეთ, მეც ვუერთდები ხალხის ნაკადს და ვტკბები სტამბოლით, სრულიად მარტო.

მარტო ბოდიალს არაფერი სჯობს, მითუმეტეს სტამბოლის მიხვეულ-მოხვეულ, მეტასტაზებივით გაბნეულ ვიწრო ქუჩებში და თუ ამ პაპანაქება სიამტკბილობაში ქუჩის მუსიკოსებიც შემოიჭრებიან, აღარასოდეს ფიქრობ უმისამართო სეირნობის სავარაუდო დასასრულზე.

ქუჩის მუსიკოსების სიმრავლით სტამბოლი არ გამოირჩევა, თუმცა აქა – იქ სასიამოვნოდ ამოხეთქავს ხოლმე საინტერესო და მრავალფეროვანი ჰანგები, ჩერდები, უსმენ და თან ისვენებ.

მშურს ხოლმე ქუჩის მუსიკოსების, მგონია რომ თითოეული მათგანი უფრო მეტად ახორციელებს თავის თავში თავისუფლების იდეას, ვიდრე ყოველდღიურ, გინდა-არ გინდა ყოფიერების ფერხულში ჩაბმული რომელიმე რიგითი მე. ეს არ არის მხოლოდ სამუშაო სამუშაოსთვის, ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით ასე გეჩვენება, ეს არის სიმღერა თავისუფლებისთვის, და ისეთი თავისუფალი ნოტებისთვის რომ გეშინია რომელიმე მათგანის უკიდეგანო თავისუფლებას ვერ გაუძლო და წაგაქციოს კიდეც.

მთავრდება მუსიკა და შემსრულებელი მთავაზობს კომპაქტ დისკს, ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვრჩები, მრგვალ, ვერცხლისფერ სფეროში მოთავსებული თავისუფლება მეხამუშა, მეუცხოვა და წამოვედი.
ცოტა ხანი, ხელებგამოშვერილი ნოტები კიდევ მომყვებოდნენ, თავისუფლება სურდათ, ნამდვილი თავისუფლება, ნელ-ნელა ყველაფერი მიილია ქუჩაც, მუსიკაც, ნოტიც და თავისუფლებაც.

street music