მე გლეხი ვარ

ჩემი ცხოვრება ტანჯვაში და ვაებაში გამიტარებია. სიკეთე და სიხარული მე არ მინახამს. დღე და ღამე ვშრომობდი, მაგრამ ჩემ ბედკრულ ოჯახს საკმარისი არც პური ჰქონია და არც ფული. სახნავი მე არა მქონდა და სათესი. მუდამ ბატონის შემყურე ვიყავ. მის მიწას ვხნავდი, მის ვენახს ვამუშავებდი. ჩემი ნაშრომის ნახევარი და უკეთესი პირველათ მას მიჰქონდა; უხეირო და უკანასკნელათ მე მომქონდა. დიდიან-პატარიანად ყველა მათ თვალწარბში შევყურებდით, რომ არა სწყენოდათ რა. შიში, ხათრი და მორიდება თვით სიზმარშიაც არ მავიწყდებოდა. რას იზამ, შვილოსან, გლეხიკაცი მუდამ აბუჩად იყო აგდებული თავადაზნაურობისგან.  ქვეყანა მათ ხელში იყო: ძალაც მათი იყო და სამართალიც. ყველა ჩვენს კისერზე გადადის მალაყს: თავადიც, აზნაურიც, ბერიც, ღვდელიც, პრისტავიც, მამასახლისიც, კანცელარიის მწერალიც, ნაჩალნიკიც და ღუბერნატორიც. გლეხი-კაცის დამხმარე არავინ იყო.

პიატი გოდაში ჩემი ვანე ბიჭი ჩაეწერა ერთობაში – სოციალ-დემოკრატების პარტიაში;

ერთ წელიწადს მთელმა სოფელმა პირი ვქენით, ღალა მეათედზე მეტი არ მივეცით, თავდებს მოჯამაგირე აღარ დავანებეთ, მაგრამ რუს-ხელმწიფე მათ ეხმარებოდა, დაგვახვიეს ყაზაყობა და სოფელს სულ ნაცარ ტუტა აგვადინეს. საწყალ ბიჭს იმდენი მიცემეს, რომ სამი თვე ლოგინათ მყავდა ჩავარდნილი.

ეჰ, შვილოსან, დიდ ბოროტებას ჩადიოდნენ, ღმერთი რა ხეირს დააყრიდა გლეხობის დამჩაგვრელებს. მართალია, გლეხ-კაცი უსწავლელია, მაგრამ, ჭირიმე ხალხის ერთი პირისა და სულისა. ღმერთმა ააშენოს იმათი ოჯახი, ვინც ჩვენში ერთობა მოიგონა. ღვთის წყალობა გვაქვს, რომ სოციალ-დემოკრატებმა საქმე უყვეს ამ ჩვენ თავადებს და ბურჯუებს.

თქვენი ჭირიმე, ბიჭებო, ნიკოლოზის დროს, პეტრებუსისთვის რომ ხალხს ვირჩევდით, ჩემი ვანე სულ იმას მეუბნებოდა: მამა, სოციალ-დემოკრატი ჩხეიძე ავირჩიოთ, სიმართლისთვის და მუშა ხალხისთვის მტერს თავს ზედ შეაკლამსო.

მაგრამ გაუმარჯოს ხალხის სიმართლეს, რომ თვითონ ჩხეიძე კი უმტკივნეულოთ და მთელი დაბრუნდა მაგრამ ამ ხელმწიფეს და ამ ჩვენ თავად-აზნაურობას კი დღე დაუბნელა.

თავადებს ეხლა რაღაც პარტია დაუარსებიათ, ეროვნულ-დემოკრატები ვართ, სოციალ-დემოკრატები უნდა დავამარცხოთ, ერთობას ვებრძოლოთ რომ ჩვენი დედულ-მამული უკან დავიბრუნოთო.

შვილოსან, ისხედით თქვენთვის მაგ შვიდ დესეტინა მიწაზე, რაც დაგიტოვეთ, თორემ გლეხ-კაცს ეხლა თქვენ ბრძოლას ვერ ასწავლით.

მთავრობაში თავად-აზნაურობის მომხრეებს ავირჩევთ და ქვეყანას როგორც გვინდა ისე ვატრიალებთო. ბიჭო და მერე ჩვენ ბალახსა ვძოვთ! ..

გლეხი-კაცი დაუდევარია, ერთი ალთას წავა, მეორე ბალთას, ზოგმა იქნება სულაც არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და თავადები ბავშვებსაც კი გამოვიყვანთ, რომ არჩევნები მოვიგოთო.

აბა, ხალხო, ფხიზლად მოიქცეთი, ფხიზლათ!

ცოტახან კიდევ, ბიჭებო, ცოტახან კიდევ სიმაგრე, რომ ეს თავადაზნაურობისგან ჩამორთმეული მიწები დაგვირიგოს ერთობის მთავრობამ და ერთი რიგიანად დავყორღნოთ და მერე როცა სამნებს ჩავყრით და მიწის ნაყიდობას “კუპჩა კრეპოსტს” უბეში ჩავიდებთ, როცა თავადებმა ჩვენ უნდა ჩამოგვართონ მიწები მაშინ იგი თავიანთ მკვდრებს დააკვეხონ.

მე არავითარი პარტია არ ვიცი, არც ფედერალისტები და არც სხვები, რაც თავი შემისწავლია მე ვიცი ერთი მუშათა პარტია სოციალ-დემოკრატების და ღმერთმა გამარჯვებაც მას მიანიჭოს გლეხკაცობის გასახარელათ და თავად-აზნაურობის სავალალოთ.

აქნობამდის, შვილოსან, ყველგან საწყალი კაცი იდგა ყველაზე უკან და თავადები და ბურჯუები ყველგან მიღებული ხალხი იყო და წინ იდგნენ. ეხლა დროება გამოიცვალა, გაუმარჯოს ერთობას და მის ხალხს, რომ პატარა თავისუფლად ამოვისუნთქეთ და ბატონობა ამოაგდეს.

ნათქვამია: “წინანი უკანაო და უკანანი წინაო”

ეხლა გლეხკაცობა და მუშა ხალხი უნდა წავიდეთ წინა და პირველნი, პირველ რიგში, პირველი ნომრით 1 უნდა გავიდეთ არჩევნებში და ასე პირველნი ვიყვნეთ ქვეყანაზე და სახელმწიფოში, რომ დაფასდეს გლეხ-კაცის შრომა და ოფლი.

 

ძირს თავად-აზნაურობა და ბურჯუაზიები!

გაუმარჯოს სოციალ-დემოკრატებს!

გაუმარჯოს პირველ ნომერს!  

 

 

 ——— 

 

 

me_glexi_var

“მე გლეხი ვარ” საქართველოს სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის საარჩევნო პლაკატი 1919 წელი   

 

Advertisements