Posted in კინემატოგრაფია

გათხოვდი, ჩაბარდი პატრონს!

ერთ დღესაც, თურქეთის ერთ-ერთ სოფელში, გოგონების უწყინარი, ბავშვური თამაში თანაკლასელ ბიჭებთან ერთად, ძალიან მარტივად, გამზრდელი ბებიისთვის და ბიძისთვის კლინიკაში ქალიშვილობის შემოწმების მიზეზად შეიძლება იქცეს. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, დებს სახლში გამოკეტავენ, ჩამოართმევენ ტელეფონებს, კომპიუტერს, გისოსებით შემოსაზღვრავენ სახლს და კულინარიულ გაკვეთილებს უტარებენ, ბებია და ბიძა იწყებენ გოგონების გათხოვებას. და როგორც უმცროსი და იტყვის, სახლი “ცოლების მწარმოებელ ქარხანას” ემსგავსება.

თურქი რეჟისორის დენიზ გამზეს ფილმი “მუსტანგი”

სამწუხარო ის იყო, რომ ეკრანზე რამე ახალს და განსაკუთრებულს არ ვუყურებდი, ისეთს, რაც საქართველოში არ მენახა ან არ გამეგონა. ვფიქრობ ხოლმე, მოდი მეც გადავიღებ ამ თემაზე ფილმს, მაგრამ მგონია რომ ველოსიპედის თავიდან გამოგონებასავით საქმე გამომივა და ეგეც არ იყოს, ყველას კარგად გვახსოვს, სულ ახლახან სამეგრელოში მომხდარი ამბავი, იმედზე გასული სიუჟეტი, სადაც ცოლი “ქალიშვილი არ აღმოჩნდა”, სიუჟეტის განვითარება, შინაარსი, მონაწილე ადამიანები, თავად ამბავი, ეს ყველაფერი უკვე არის კინო, ვუყურებდი და ვფიქრობდი, აი რომ მოვკიდო კამერას ხელი და რამე გადავიღო, ამაზე მეტი და ამაზე რეალური რაღა უნდა გადავიღო?

სად ცდებიან მშობლები და სად ცდებიან მშობლების მშობლები? წადი გოგო, გამოეწყე, გამოიპრანჭე და დატრიალდი ქელეხში, მეზობელი მოკვდა, იქნებ ვინმემ თვალი გკიდოს. რამდენი ჩემი ნათესავი ან ახლობელი გოგო წასულა ასე გამოპრანჭული და სინებით ხელში ქელეხებში უტრიალიათ სასურველი სასიძოს ძიებაში. შანსები ძალიან მაღალი იყო, კერძების მომზადება, ოჯახში ცეცხლივით ტრიალი, მოწესრიგებულობა მნიშვნელოვნად მაღლა სწევდა გათხოვების შანსებს.

არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა განათლებას, საკუთარი ზურგის ქონას, საკუთარი პასუხისმგებლობების, აზრების ქონას. გოგო უკვე იმთავითვე იზრდებოდა, რომ ქელეხში ორგანულად მიდიოდა, ეს ყველაფერი მისთვის ბუნებრივი იყო, ასე უნდა ყოფილიყო, არ გამოხატავდა სწავლის გაგრძელების სურვილს, სკოლის პერიოდში გათხოვებაც რასაკვირველია პრობლემას არ წარმოადგენდა. თუ სკოლის ასაკს გადააცილებდა, მაშინ დღის წესრიგში დგებოდა უნივერსიტეტში მოწყობის საკითხი, პედაგოგიურზე, სტომატოლოგიურზე ან რამე მსგავს პროფესიაზე, რათა გაფართოებულიყო სამეგობრო-სანაცნობო წრე და პატრონს ჩაბარების შანსები უფრო გაზრდილიყო.

ასეთი სურათი იყო 90-იან წლებში, რაც ნათლად მახსოვს, თბილისშიც და იმ სოფლებშიც, სადაც ზაფხულობით სტუმრად ჩავდიოდი ხოლმე.

მე გადავრჩი, როგორ და რანაირად გადავრჩი ზუსტ სქემას ვერ გადმოგცემთ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად, თანაბრად მთავარი როლი შეასრულა ყველამ, ბებია-ბაბუებმა და მშობლებმა, შემდეგ სკოლამ და გარემოცვამ. გამზარდეს ისეთივე დამოუკიდებელი, თანასწორი და ჩამოყალიბებული, როგორებიც თვითონ იყვნენ, შინ თუ გარეთ, მაშინაც, როცა ვერ ვათვითცნობირებდი და ახლაც, როცა კარგად ვათვითცნობიერებ, ეს ადამიანები, ჩემთვის იყვნენ და არიან დამოუკიდებლობის და თანასწორობის საუკეთესო მაგალითები.

2015 წელს გადაღებული თურქული ფილმის შემდეგ, ძალიან დიდი ნახტომი იყო ლანა ღოღობერიძის ფილმი “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, რომელიც დღეს ხელახლა და სხვა თვალით ვნახე BIAFF-ზე.

ლანა ღოღობერიძის ფილმი “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” 

1977 წელს გადაღებული ფილმი და მასში შესული, იმ დროისთვის და მგონი ამ დროისთვისაც თამამი ნარატივები, ერთის მხრივ დიდი კონტრასტია და მეორეს მხრივ მიკვირს, რომ 70-იანი წლებიდან არსებობს ეს ფილმი და ჩემი მშობლების თაობას მაიინც გამოყვა თემები “ქალი სახლში უნდა იჯდეს, ბავშვებს უნდა მიხედოს, ქმარს ცხელი კერძი დაახვედროს, სახლი დაალაგოს და იოცნებოს იმაზე დილით რა დაახვედროს ქმარ-შვილს, ღალატი აპატიოს, ოჯახი ერთი გავლა-გამოვლის გამო არ დაანგრიოს და ა.შ. . . .”

ფილმის შემდეგ სახლში ვბრუნდები და კიდევ ახალი სიურპრიზი მხვდება, პროფილის და მაია ასათიანის ახალი ვიდეორგოლი.

და ვხვდები, რომ არ მჯერა მაია ასათიანის, რომელმაც ახლა გამოიღვიძა, ახლა აღმოაჩინა რომ ჩვენთან ქალებს კლავენ, ნაცრისფრად და რუტინულად ზრდიან, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისთვის ადამიანებს ქოლავენ, ხალხს შია და ვიღაც ასიათასიანი ჯიპით დადის, მრევლი სადამსჯელო რაზმს დაემსგავსა და ა.შ. მაშინ როდესაც, ბევრი წლის მანძილზე, ეს გადაცემა აღვივებდა ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილს, ამყარებდა სტერეოტიპებს, ძირს უმაგრებდა ძირგამომპალ ტრადიციებს, იყენებდა ადამიანთა სევდას, ტკივილს, ცრემლს და ეს ყველაფერი მხოლოდ დედააფეთქებული რეიტინგისთვის.

ცოლების მწარმოებელი ქარხანა უნდა დაინგრეს, ისევე როგორც დაინგრა ყველა ქარხანა 90-იან წლებში და ჯართად ჩაბარდეს, დილაობით მომკივან კაცებს, “ვიბარებთ ჯართს”.

 

Posted in Photography

ფოტოები: ერთი B&W დღე ბავშვობიდან

სავარაუდოდ ეს ფოტოები 1984-85 წლებში , ნაწილი მამაჩემის, ნაწილი  კი მამას მეგობრის გადაღებულია. ფირი დაკარგული ეგონათ, თუმცა 90-იანებში სრულიად შემთხვევით ამ თეთრი ნივის (სანამ მოიპარავდნენ) სათავსოს (Бардачок)  სადღაც კუნჭულში გაჩხერილი იპოვეს და ფოტოებიც დაბეჭდეს;

მიუხედავად იმისა, რომ ფირი არ იყო იდეალურ მდგომარეობაში, მაინც რამდენიმე ფოტო ნორმალური გამოვიდა 🙂

P.S. ფოტოები გადაღებულია ჯარში საზიაროდ ნაყიდი Vilia Auto-ს მეშვეობით 😉

მამა
დედა
მე

😉
🙂 🙂
😉
Posted in საზოგადოება

მამლის ყივილამდე

დილა ან მამლის ყივილით ან რომელიმე მეზობლის ვირის ყროყინით იწყება, თუმცა ეს მას შემდეგ, რაც ბაბო ლოგინიდან დიდი ხნის ამდგარია, წყაროდან ორი გზობა წყალი ჩამოტანილი აქვს და ეზოში ფაციფუცობს. ეზოს შემდეგ, სახლს მიადგება, ჯერ ერთი ოთახი, მერე მეორე, მესამე, შემდეგ მეორე სართულს აუყვება ნელი ნაბიჯით და ბუტბუტით, თუ რის გაკეთებას აპირებს, რომელ აბლაბუდას მოხსნის და რომელ ფარდას გარეცხავს პირველ რიგში, ბოლოს კი გემრიელ ლუკმად უზარმაზარ შემოსასვლელს იტოვებს მოსარეცხად. წყალი კი უკვე მრავალგზის ჩამოტანილი აქცს წყაროდან.  ეზოში ხომ წყალი თითქმის არასოდეს მოდის, არც არავის სთხოვს დახმარებას, სულ უნდა ყველაფერი თვითონ გააკეთოს ჯიუტად. ასე სიჯიუტით გაახარა ერთადერთი ლიმონის ხეც, დიდ მწვანე ქვაბში ჩარგული, რამდენჯერ ვუთხარით არ იხარებს თქო,  იმდენჯერ უფრო გაჯიუტდა, ზამთრობით შეფუთავს და შეაქვს ხოლმე იმოდენა მიწით სავსე ქვაბი მარანში, ზაფხულობით ისევ გამოაქვს, ჩვენ კი როცა ვსტუმრობთ ყოველთვის გვხვდება ლიმონიანი ჩაი.

ვნერვიულობდით როცა პაპა გარდაიცვალა, როგორ შეძლებდა მარტო ცხოვრებას, ამ ყველაფრის მიხედვას, შეძლო და თან როგორ, დიდი სიჯიუტით, ვინ თქვა მარტოობას დეპრესია მოაქვს, მხოლოდ დიდი სიჯიუტე და იმუნიტეტი, გააკეთო უფრო მეტი ვიდრე აქამდე შეგეძლო ან ვიდრე აქამდე აკეთებდი, იყო უფრო ძლიერი, მერე რა რომ წლები გემატება და „ძალა გელევა“, ამ სიჯიუტით, ყოველთვის რა დროსაც არ უნდა ვესტუმრო ბაბოს მხვდება გაწკრიალებული სახლი, ცხელი კერძი, წყლით სავსე სათლები, დახუნძლული ვენახი, ბაღჩაში ქორფა მწვანილები და გარშემო რა თქმა უნდა ბაბოს საყვარელი ვარდისფერი ვარდები.

ამ ყველაფრის შემყურე ვხვდები ერთ რამეს, ეს ადამიანი იყენებს ყველაფერს რაც აქვს, უფრო მეტიც, იყენებს იმას რაც არ აქვს და იმასაც, რაც ექნებოდა კიდევ სამჯერ 85 წლის განმავლობაში რომ ეცხოვრა.