გზა სამშობიარო სახლიდან სიქრით სანტამდე, შუაში ტორტებით

საჩუქარი და შესაბამისად ყურადღება ორივე მხარისთვის – გამცემისთვისაც და მიმღებისთვისაც სასიამოვნო პროცესია, იქამდე სანამ ეს ვალდებულებად, იძულებად და ყოველწლიურ ლოდად ქცეულ რუტინად არ იქცევა.

თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი სკოლიდან იწყება, ცდებით. ყველაფერი იწყება სამშობიარო სახლიდან, სადაც ჯერ ექთნებს და ექიმებს მარხავთ ძღვენში, რათა თქვენს ახალდაბადებულ შვილს „მეტი ყურადღება“ მიაქციონ, „რამე არ დააკლონ“ – პალატაში უფრო მეტჯერ შემოგიყვანონ ვიდრე გათვალისწინებულია.

შემდეგ ამბავი გრძელდება საბავშვო ბაღში, ზეიმის ფულის შეგროვება, რვა მარტს, სამ მარტს მასწავლებლების საჩუქრები, მასწავლებლების დაბადების დღეები და ა.შ. ამ ყველაფერს 90-იანებში შეშის და ჩატეხილი შუშების ფული ემატებოდა.

სკოლაშიც იგივე სურათი, აბა, მასწავლებელს პატივი ხომ უნდა ვცეთ, გამოიდებდა თავს რომელიმე მასწავლებელთან დაახლოებული ან დაახლოების მოსურნე მშობელი, სხვა მშობლებიც, ყოველ შემთხვევაში მათი უმრავლესობა არ ჩამორჩენის და კარგი სოციალური სტატუსის დაფიქსირების მიზნით უკან არ იხევდა, მიუხედავად იმისა ჰქონდათ თუ არა მათ ამის საშუალება.თუ არ დადებდი ფულს, იჩაგრებოდა ბავშვიც და თქვენ წარმოიდგინეთ მშობელიც დაცინვის მსხვერპლი ხდებოდა.

სიტუაცია უფრო რთულდება, როდესა ოჯახში 2-3 ან მეტი ბავშვი დადის სკოლაში. აქაც, სხვა ყველაფერს, 90-იანებში შეშის, ჩატეხილი შუშის და ფონდის ფული ემატებოდა.

მტერს და ავს თუ სკოლის გარდა სხვაგანაც დადიოდი, მაგალითად ცეკვაზე ან საერთო სავალდებულო გაწვევით მუსიკალურ შვიდწლედში. გაკვეთილის მიმდინარეობისას, კართან მომლოდინე მშობლები განსაკუთრებულად საშიშ სიმბიოზს ქმნიდნენ, ისინი მუდმივად ელოდნენ მსხვერპლს გასაჯიჯგნად იქვე თუ გრძელვადიან პერიოდში.  არავის აინტერესებდა ვის უჭირდა, ჰქონდათ თუ არა საშუალება, ამას არავინ კითხულობდა. მთავარი იყო ძღვენი პედაგოგებისთვის, რომელსაც სიხარულით და ბედნიერებით აცახცახებულები მიიტანდნენ სკოლაში თუ სადმე სხვაგან.

თითქოს ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ლიბერალზე წავიკითხეთ სკოლის მოსწავლეს როგორ არ აჭამეს ერთი ნაჭერი ტორტი, იმის გამო რომ მშობელმა მასწავლებლისთვის განკუთვნილი ტორტის ფული არ დადო.

ერთხელ თამარა ბაბო გამყვა ცეკვაზე, ქიზიყელი ქალია, პირდაპირი, მშობლების სინდიკატის საშუალებით გაიგო რომ ორ ცეკვაში სოლოს მიმატებდნენ და შესაბამისად განსხვავებული კაბები უნდა შემეკერა. ბაბომ, „არ გვაქვს მაგის საშუალება, ვერ შევუკერავთ განსხვავებულ კაბებსო“ – კაი ხანს ეყოთ რეპლიკებად ბაბოს ნათქვამი.

ამის გარდა, სტატუსების მიხედვით, კლასიც და შესაბამისად მშობლებიც იყოფოდნენ გადამხდელებად და არ ან ვერ გადამხდელებად და იმის მიხედვით მოდიოდა შენამდე ამბები ამა თუ იმ საკითხზე ფულის შეგროვებისა.

ასე მაგალითად, არშეხვედრილ ტორტის ნაჭერზე გამახსენდა, ერთხელ ცეკვის სტუდიაში ფოტოგრაფი მოიყვანეს, 90-იანი წლების დასაწყისია, გადაგვიღეს ფოტოები. არ ვიცოდით ვინ მოიყვანა მასწავლებელმა, მშობელმა, თუ რამე გაზეთიდან იყვნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, სინდიკატის მცირე ნაწილი ჩუმად ათვალიერებდა ფოტოებს. ჰო, ფოტო არ შემხვდა.

გადავედით უნივერსიტეტში, აქ სიტუაცია ისეთი რთული არ არის, მშობლების სინდიკატი კარს ფიზიკურად მოშორებულია, მაგრამ შემორჩენილია მექრთამე-ლექტორების კატეგორია. ერთ-ერთ გამოცდაზე ხინკალი შეგვიკვეთა ოფიციალურად, რამდენიმე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ როდესაც მთელი კურსის ბედი ხინკალზე კიდია, ვეღარ შეეწინააღმდეგები. ასეთ დროს საჭიროა 100%-იანი წინააღმდეგობა და მთელ კურსს ხომ არ ჩააგდებდა? მოკლედ, ამოვიტანეთ ხინკალი, სიჩქარეში კიბეებზე დაგვეყარა ნაწილი და ისევ ავკრიფეთ, დავალაგეთ სინზე. შენიშვნა მოგვცა, რამდენი პილპილი წაგიყრიათო. :დ

ასევე, ლეგენდების დონეზე მაინც გვახსოვს ჩათვლის წიგნაკებში ჩადებული ფული, გამოცდებზე გოჭებით და ხაჭაპურებით სირბილი და რესტორნის დახურვით დაცული დისერტაციები.

ახლა, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მავნებლობა შეაჯამეთ, გადაამუშავეთ და გადავიდეთ სამსახურში, სადაც უნდა ასიამოვნო უფროსს, თანამშრომლებს და ახლა უკვე საახალწლოდ სიქრით სანტას მადლიც მოისხა. 10-დან 9 შემთხვევაში პროცესი ვალდებულებითი ხასიათისაა, არ გააკეთებ და გაირიცხები კასტიდან, წრიდან, დაკარგავ სოციალურ სტატუსს, თანამშრომლები ამრეზით, დაცინვით გიყურებენ – ამიტომ შენც დგები და იხდი ამ ყველაფრის სანაცვლოდ, მერე რა რომ მთელი ხელფასის დატოვება მოგიწიოს სამსახურში, ზოგჯერ შეიძლება ფულის სესხებაც დაგჭირდეს – სამაგიეროდ სტატუსი გაქვს.

შესაბამისად, ყველა ვინც უკანასკნელ ფანჩარს იბრდღვნით და ფულს დებთ, საჩუქარს ყიდულობთ იძულებით და ვალდებულებით, თითო აგურს დებთ ამ განუკითხაობაში და მახინჯი “ტრადიციის” შენარჩუნებაში. თქვენი ბრალია იმ ბავშვს რომ ტორტი არ შეხვდა.

 

და ბოლოს,  კითხვა მაქვს: სტატუსი თუ ტორტი?

 

შედუღებული კარი

ხიდჩატეხილობის პრობლემას ამ ხანებზე შედუღებული კარის  პრობლემაც დაემატა. კარი რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა სკოლაში გადის და მშობლებს შედარებით კომფორტულად შეჰყავთ შვილები, ახლოს მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებმა შეადუღეს. მიზეზი სხვადასხვაა. ზოგი ამბობს რომ პარკინგის პრობლემაა და ეზო ივსება, ზოგი ამბობს რომ არ სურთ “ასეთმა ბავშვებმა” მათ ეზოზე გაიარონ.

ორივე შემთხვევა პრობლემაა. თუ პარკინგის პრობლემის გამო შეადუღეს კარი, რატომ ვერ მოაგვარა სკოლამ/მშობლებმა და მეზობლებმა ერთობლივად ალტერნატიული პარკინგის საკითხი, რატომ არ დააყენეს ეს საკითხი აქამდე, უფრო სერიოზულად და ხმაურიანად, მითუმეტეს როდესაც სპეციალური საჭიროების სკოლაზეა საუბარი. ხოლო თუ ამას ემატება დისკრიმინაციული დამოკიდებულებაც “ასეთმა ბავშვებმა” რომ მათ ეზოზე არ გაიარონ – ეს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა, ადამიანებში გაბატონებულ სიძულვილთან, სიბრალულთან, ინფორმაციის არ ქონასთან ბრძოლა ძალიან რთულია და დიდ დროს მოითხოვს. ამ პრობლემის მოგვარებას კი როგორც ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფლაერების დარიგება, 2-3 დღიანი ტრენინგების ჩატარება და მოვალეობის მოხდის მიზნით გადაღებული სატელევიზიო რგოლები არ შველის. ეს მხოლოდ წლიურ ან თვიურ ანგარიშში “პწიჩკების” დასასმელად თუ გამოადგებათ.

“თქვენი ეტლის ბორბლები იატაკს სვრის, დავიღალე წმენდით და თქვენი დევნით” – ეუბნება ანჩხლი დამლაგებელი, მოსწავლე გოგონას, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლაში, ფილმში  “გამოსასწორებელი კლასი” .  ამავე სკოლაში არ არის პანდუსები ზედა სართულებზე, ხოლო სკოლის შესასვლელში დამონტაჟებული რკინის ორი რელსის გამოყენება სრულიად შეუძლებელია. ლენას კლასელები ეხმარებიან სკოლაში შესვლისას, ყოველ დილას გადმოჰყავთ ეტლიდან და ცალ-ცალკე შეჰყავთ სკოლაში.

აქ არაფერ შუაშია სიბრალული. არავის არ სჭირდება თქვენი სიბრალული, ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელშეწყობა ელემენტარულ საჭიროებებში: თავისუფალ გადაადგილებაში, განათლების მიღებაში და მიღებული ცოდნით და განათლებით საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში, სწორედ ისე როგორც ამას შეძლებდა ნებისმიერი თქვენგანი, მიუხედავად შესაძლებლობისა თუ შეუძლებლობისა.

კარი უნდა გაიხსნას. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რის გამო შედუღდა, ნებისმიერი მიზეზი ამაზრზენი და დამთრგუნველია ყველა ადამიანისთვის. იზოლაცია კარგს არაფერს მოიტანს, კარი უნდა გაიხსნას რათა ერთმანეთი უკეთესად დავინახოთ, გავიცნოთ და შევიცნოთ, მხოლოდ ასე თუ დავამარცხებთ სიძულვილს და სიბრალულს.

კადრი ფილმიდან “გამოსასწორებელი კლასი” – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დოკუმენტური სექცია

“მანდატურებს – რა?!”

მეგობარმა პირწიგნაკზე ერთ-ერთი სტატია გაგვიზიარა, სადაც ნათქვამია, რომ  #53 საჯარო სკოლაში მანდატურებზე გაბრაზებული მეთორმეტეკლასელები საკლასო ოთახში ჩაკეტილან, შიგ არავის უშვებდნენ და გაჰყვიროდნენ: მანდატურებსრა?!” . . . .

 

საინტერესოა რამ გამოიწვია მოსწავლეების გაბრაზება?

რატომ მივიდა საქმე იქამდე, რომ ისინი საკლასო ოთახში ჩაიკეტნენ?

შეეცადნენ თუ არა კონფლიტის მოგვარებას პედაგოგები?

მახსოვს არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის (ESM) პედაგოგმა ყური აუწია ოდენ დიდად პატივცემულ მოსწავლეს, რაც მეორე პატივცემულმა მოსწავლემ ტელეფონის კამერაზე დააფიქსირა. მოგვიანებით აღნიშნული კადრები კურიერის მთავარ საინფორმაციო გადაცემაში გავიდა, მასწავლებლის მიმართ აღშფოთება გამოხატეს მოსწავლეებმა (მე-6 კლასი), მშობლებმა და შედეგად პედაგოგი გაანთავისუფლეს სამსახურიდან.

ამის შემდეგ თუ სწორად მახსოვს, მასწავლებლებს დაუწესდათ შეზღუდვები და ოფიციალურად (თუ შეიძლება ასე ითქვას) ჩამოერთვათ მოსწავლის დატუქსვის და ყურის აწევის უფლება.

დღევანდელი შემთხვევა და ეს ძველი შემთხვევა მაფიქრებინებს, რომ მანდატური ფუნქციადაკარგული მასწავლებლის ერთგვარი აპლიკაცია/დანამატია, თორემ, აბა თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, მასწავლებელს რომ ებრძანებინა საპირფარეშოს მოხეხვა, ვინ გააპარფაშებდა მას ამის შემდეგ სკოლაში?!

მინდა გავიხსენო სკოლის პერიოდი და ვთქვა რა სადამსჯელო ღონისძიებას მიმართავდნენ მასწავლებლები, როდესაც მოსწავლე რამეს აშავებდა, რაც უცებ მაგონდება არის გაკვეთილზე ან გაკვეთილების შემდეგ დამატებითი, წერითი ან საზეპირო დავალების შესრულება, კლასისთვის ახალი გაკვეთილის წაკითხვა, შედარებით პატარა ასაკში კუთხეში დგომა, ყურის აწევა, უკიდურეს შემთხვევაში მთელი კლასის წინაშე დატუქსვა (რაც ყველაზე მეტად აუტანელი იყო) და მეტად უკიდურეს შემთხვევაში მშობლის დაბარება.

საპირფარეშოს ხეხვა ჩემ მეხსიერებას არ შემორჩენია.

სტატიაში საბჭოთა არმიაც იყო მოხსენიებული და მეც, უკვე ველოდები, ერთ მშვენიერ დილას ”რადიატორებს ვჭრი”-ს გამკივან ხმას, როდის ჩაანაცვლებს ღრიალი – ”როტა პადიოოოოოოოოოოოოოომ”.

————————————

აქ სტატია სკოლის დირექტორზე, რომელიც მანამდე ციხის უფროსი ყოფილა 🙂

13 წერილი ქუცნას – მე ქუდბედიანი დავიბადე (ამაყად)

შეიძლება დიკენსის დავიდ კოპერფილდიც გაგახსენდეთ მაგრამ სხვა რა გზაა 🙂 🙂 მე დავიბადე, ხუთშაბათ დღეს, დილის 7 საათზე, სამშობიაროს გარეთ სამეგრელოდან საგანგებოდ ბაბუასგან წარგზავნილი დელეგაცია მელოდა, რომელსაც აწ გარდაცვლილნი სოციალისტური შრომის გმირი ვინარი სხულუხია და მისი მეუღლე გენო ხვიჩია ედგნენ სათავეში. ვაჰ აბა! დავიბადე და ბიცოლას გადმოუჩხავლია ზემოდან გოგოა გოგოაო (მამაჩემის ციტატა) ბებიაქალმა კი მოწიწებით ამიტაცა (ახლაც ვგრძნობ მაგას მე), თან მოყოლილი ქუდი ნაზად ამხსნა თავიდან და იყვირა სამეგრელოს დედოფალი დაიბადაო, ვაჰ აბა რა შუაგულ კახეთში დაიბადა სამეგრელოს დედოფალი!!! თან ქუდბედიანი!! ხო აქვე შენიშვნა დავიდ კოპერფილდი პერანგიანი დაიბადა. მაგრამ ქუდბედი უფრო მისტიკურია და სჯობს პერანგს. მაგ. იესო ქრისტე, ალექსანდრე დიდი, ლორდ ბაირონი და ხალილ ჯიბრანი ქუდბედიანები დაიბადნენ თურმე. მრავალი ლეგენდა არსებობს ქუდბედიანებზე, ზოგ ქვეყანაში მათ ცეცხლზე წვავდნენ როგორც ჯადოქრებს, ვამპირებს ან მაქციებს (ჰმ ”ბინდი” გამახსენდა), თუმცა ბერძენი და რომაელი მოღვაწეები ყიდულობდნენ ქუდბედს რადგან ითვლებოდა, რომ მას სიბრძნე, პატივისცემა და სამართლიანობა მოჰქონდა. ქუდბედიანები ადვილად აღსაზრდელები არიან თუმცა დროთა განმავლობაში ხალხი გრძნობს მათ განსაკუთრებულ თვისებებს და ვერ უგებენ და ერიდებიან კიდეც მათ. წინასწარმეტყველების და ქვეყნებში ვირტუალური მოგზაურობის რა მოგახსენოთ მაგრამ ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს რომელსაც ასევე კარგად ვნიღბავ. და რა შემიძლია და რა არა ყველაფერს აქ ხომ არ დავწერ 🙂 🙂

ზღაპრები

ჩემი ცხოვრება ზღაპრებით დაიწყო ქუუც, შენც ხომ ჩემი ზღაპრის ნაწილი ხარ, ახლაც ზღაპარში ვცხოვრობ, ოღონდ ჯერ მხოლოდ ნაცარქექიები დარბიან ჩემს გარშემო (NO PRINCE); ჩემი კეთილი მეზღაპრე პაპაჩემი იყო, მის ხელში ზღაპრების წიგნი არ დამინახავს ყოველთვის ზეპირად მიყვებოდა, ემოციებით, მიმიკებით, ხელებით ხან იატაკზე გაგორდებოდა, ხან ჰაერში ამახტუნებდა, მერე მოყოლილი ზღაპრის წიგნს დამიდებდა და მეც ინტერესით ვათვალიერებდი, ერთი სული მქონდა როდის წავიკითხავდი ჩემით, ცოტა რომ გავიზარდე ენციკლოპედიის თვალიერება დავიწყე, იმიტომ, რომ იქ ბევრი სურათები აღმოვაჩინე ადამიანების, მცენარეების, ცხოველების, ფრინველების, სულ ფერად-ფერადები, და დავდევდი ბაბოს და ვეხვეწებოდი კითხვა ესწავლებინა; არა ბაბო გენაცვალოს ჯერ პატარა ხარ, ცოტაც მოიცადე, ხელი გაგიფუჭდებაო. ერთი სიტყვით ამ ხელოვნებას 2 წლის ასაკში ვეზიარე, თავიდან ეს არ იყო წერა რა თქმა უნდა, ეს იყო ტვიფრა ქაღალდზე, მოგვიანებით დაიხვეწა მხოლოდ სისწრაფე, რაც ძალიან ძალიან შემიქეს როდესაც გამომძიებლის თანაშემწე ვიყავი, ჩვენებებს სწრაფად ვიწერდი და უხაროდათ. კითხვით კიდევ უფრო სწრაფად ვკითხულობდი, კლასელებს მოსწონდათ მე რომ ზღაპრებს ვუკითხავდი, ეს იმ ასაკში, როდესაც ბავშვები ჯერ სიტყვებს და ასოებს შორის ნერწყვის ხანგრძლივი ყლაპვით კითხულობენ. ერთი დღე იყო გაცდა ფიზკულტურის გაკვეთილი, გარეთ ხომ არ გაგვიშვებდნენ, დაგვტოვეს საკლასო ოთახში და გადაწყვიტეს ზღაპრების წაკითხვა. აბა ვინ წაიკითხავს, ვინ წაიკითხავს არის გნიასი, თამუნა თამუნა სკანდირებს კლასი ჰუჰუჰუ სკანდირებს 🙂 🙂 🙂 მოკლედ გამოვედი დაფასთან და დავიწყე კითხვა;  წავიკითხე ერთი ზღაპარი, მეორე, მესამე, მეოთხე და ჰოი საოცრებავ, მეხუთზე ზღაპარზე ასოებმა ხტუნვა დაიწყეს, აირივნენ ერთმანეთში, იქვე ვაი დედა დამიძახია თურმე, და თამუნა თავის ზღაპრების წიგნიანად იატაკზე აღმოჩნდა გულწასული, იმის მერე ზღაპრების წასაკითხად აღარ გამოვყავდი მასწავლებელს 🙂 🙂 :)ეჰ არადა როგორ მიყვარს.

ერთი მეზობელი მყავს სოფელში ქუუც, ასე 55 წლამდე ქალბატონი, ძალიან ძალიან განათლებული და უთბილესი ადამიანი, წიგნით ხელში დავლანდე ერთ დღეს ვერანდაზე და ვკითხე: ”რას კითხულობთ?” და მან მიპასუხა: ”ზღაპრებს თამუნა ზღაპრებს, მე ისევ ზღაპრებს დავუბრუნდი, ისინი ხომ ყოველთვის კარგად მთავრდება”, მესიამოვნა იცით, ასე, რომ მიპასუხა, ცოტა დავსევდიანდი, და ახლა დღევანდელი გადასახადედიდან უფრო ვრწმუნდები, რომ მართლაც მხოლოდ ზღაპრები მთავრდება კარგად.

ქუც ჩემი ზღაპარიც ხომ დამთავრდება კარგად?

Little Litterator

აქ ალბათ პრინცი ვივარაუდე 🙂 🙂

და სად არის აქ თუთა?

რატომ მომინდა ტანკის აწყობა ბაღში? (გაკვირვებული)

ეს იცანით ხომ?  🙂

ხატვის ნიჭი აშკარად არ მაქვს 🙂 ამიტომ სკოლაში  ხატვის დავალებებს   დედაჩემი ასრულებდა ფრიად წარმატებით

სკოლაში

ჩემი ლექსები ყველა შენია
არ ვარ ძუნწი
ვიცი ვერც შეჭამ, ვერც დალევ
ამ ლექსებს
მაგრამ ხომ გათბობს
როცა იცი რომ ეს მე დავწერე,
როცა იცი რომ შენზე დავწერე
ხომ გრძნობ? თუ არა?!
რა მინდა იცი?
სკოლიდან მოვრბოდე
შენს სახლთან მოვდიოდე
და კედელზე ვწერდე
ლექსებს მხოლოდ შენთვის
ჩუმად, მაგრამ ჩემს ხელს ალბათ იცნობ
ბატიფეხურს
უჰ, მაგრამ რა დროს სკოლაა
წავიდა ბავშვობა
დატოვა ლექსები შენთვის
კედელზე არა, მხოლოდ გულში
ხანდახან ვბედავ და ქაღალდზე გადმომაქვს
ქაღალდზე პირობითად
ქაღალდი გაფრინდა, მელანი დაიქცა . . .
ოოჰ, როგორ მინდა კედელზე დაგიწერო
თითები გადამეფცქვნას, მეტკინოს წერით
მერე რა . . ხომ მოხვალ
და თითებზე მაკოცებ, ასე მგონია
ხომ ვიტირე ერთხელ და ხომ დამამშვიდე . . .

9 ივნისი, 2010წ.