Posted in ჩემი ჩანახატები

ცხელი ჩაიდანი

ეძღვნება ყველა სიცოცხლეს

არეულ ოთახში მაღვიძარას გამყინავი ხმა გაისმა, ისევ წიგნზე დასძინებოდა, ისეთი დაფეთებული წამოხტა, იატაკზე დაგდებულ ლეპტოპს ფეხებით შესდგა, ჯერ სამზარეულოში შევარდა ჩაიდანი ჩართო, შემდეგ აბაზანისკენ გაემართა სწრაფად და თან ბავშვის ოთახის კარიც შეაღო.

– ლიზი, ადექი დედი, გვაგვიანდება მასწავლებელთან.

– აუ, ცოტაც რა დე – საწოლში გვერდი იცვალა ლიზიმ და უფრო ჩაითბუნა.

– ადექი, ხელ-პირი დაიბანე, – განაგრძო დედამ.

გასკდა ჩაიდანი კივილით, ვერავინ მოიცალა, ლიზი საწოლშია, დედა აქეთ-იქეთ დარბოდა, თან ბუტერბროდებს ამზადებდა, თან იცვამდა, თვითონაც სამსახურში აგვიანდებოდა.

– ლიზიი, – ეძახის ისევ, მაგრამ ახლა უკვე თავზე წამოადგა და საბანი გადახადა.

– აბა, ახლავე ადექი, მოწესრიგდი და ისაუზმე.

– არ მშია დე, – თვალებს იფშვნეტს და აბაზანისკენ მიბარბაცებს ბუზღუნით.

–  უნდა ჭამო, ჩაი და ბუტერბროდები გაგიმზადე უკვე.

ხელის ერთი-ორი მოსმით ლოგინი მიალაგა, ტანსაცმელები კარადაში შეყარა და სამზარეულოში გავიდა, თავისთვის ყავა დაისხა, ლიზის კი ჩაი.

ამასობაში ლიზიც შემოფრატუნდა, ისევ საღამურში, სკამზე აჩოჩდა და ბუტერბროდი ზლაზვნით ჩაკბიჩა.

– ლიზი სწრაფად, დრო ნუ გაგყავს.

– დე, ჩაიდანი ისევ უსტვენს, – თქვა და ჩაი მოხრუპა ლიზიმ.

– უი, ხო დამავიწყდა გამორთვა.

– დე, ჩაიდანს რატომ ჰქვია ჩაიდანი? – თქვა და ბუტერბროდს ძეხვი გამოაცალა, ზიზღით.

– არ ვიცი დე, ასე ერქვა ყოველთვის, ჩაისთვის გამოიყენება და ამიტომაც დაარქვეს ალბათ.

– ააა, – პასუხით უკმაყოფილო ლიზი შეიშმუშნა და საძინებელში დაბრუნდა ჩასაცმელად.

როგორც იქნა მოწესრიგდა დედა-შვილი, ჩაირბინეს კიბეზე და გაჩერებისკენ გაემართნენ.

გარეთ ციოდა, დეკემბრის სუსხმა ლიზის ცრემლები წამოაყრევინა და ცხვირი ოდნავ შეუწითლა, ოდნავ ნიავზეც და სიცივეზე სულ ასე ემართებოდა.

ტრანსპორტი ჯერ არ ჩანდა, ლიზი ფეხებს აბაკუნებდა სიცივისგან, აი ძლივს, რაღაც მოჩანჩალდა, ავიდნენ, ფეხზე დასადგომი ადგილი ძლივს მონახეს, მაგრამ ვინ ჩიოდა, ისეთი გაყინულები იყვნენ.

ცოტა დააგვიანდათ, ინგლისურის გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო, ლიზი ოთახში უხმოდ შევიდა და არც გაუხდია ისე მიუჯდა მაგიდას, ჯერ ისევ ძალიან კანკალებდა.

დედაც სამსახურში მივიდა, დააგვიანდა, პალტო და ქუდი ნაჩქარევად მიყარა მისაღებში და კაბინეტში აქოშინებული შევარდა.

ექთანი უკვე ადგილზე იყო, ყველაფერი დალაგებული ჰქონდა, გარეთ ოთხი ქალბატონი ელოდებოდა, წინასაახალწლო დღეები იყო და არც ამ ოთხ ადამიანს ელოდნენ, წინასწარ ჩაწერილები რომ არ ყოფილიყვნენ, არც მოვიდოდა დღეს სამსახურში.

– ქეთი, ვინ გვყავს დღეს ჩაწერილი, რა აწუხებთ? – ექთანს ჰკითხა ლიკამ და ხელების დასაბანად შევიდა.

– ორი აბორტზე და ორი გეგმიურ გასინჯვაზე გვყავს,  – უპასუხა ქეთიმ და თაროდან ანბანურად ჩამწკრივებული ისტორიებიდან, ორი სასურველი გადმოიღო.

– ოჰ, ესე იგი მძიმე დღე გვაქვს დღეს, ორი აბორტი, ამ წინასაახალწლოდ, – შეწუხებულმა ლიკამ ხალათი მოისხა და ნერვიულად შეიკრა თეთრი, ფითქინა ხალათის ღილები.

ლიზი გინეკოლოგი იყო ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დიდი ხანი არ იყო რაც ოფიციალურ სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა, მაგრამ უკვე კარგად აეღო ალღო, ბევრი მომადლიერებული პაციენტი ჰყავდა, რომლებიც რეგულარულად დადიოდნენ მასთან კონსულტაციებზე, უყვარდა პროფესია მიუხედავად მისი მძიმე მხარეებისა. მეუღლეს დიდი ხნის გაშორებული იყო, ლიზი 2 თვისაც არ იყო, როდესაც მამამ საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა სასწავლებლად და მას მერე აღარ უნახავს და არც არაფერი გაუგია მისგან, საერთო ნაცნობებისგან კი იცის, რომ ლონდონში სწავლობს, მუშაობს და მეგობარი გოგოც ჰყავს. დღეს ლიზი უკვე მესამე კლასშია, მამა არასოდეს უნახავს, იცის რომ სხვა ქვეყანაშია წასული, მეტი არაფერი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ლიკა აბორტს იღებდა, ლიზი ახსენდებოდა და ფიქრობდა რა იქნებოდა ცხოვრება მის გარეშე, სახლში ხომ მხოლოდ ის და ლიზი იყვნენ, ლიზი იყო მისი ერთადერთი სიხარული და სითბო, მისი ცხოვრების სამკაული. ახლაც ამ ახალი წლის წინა დღეებში, ორი აბორტი უნდა მიეღო და ფიქრობდა ორ ლიზიზე, ვაკუუმში შესრუტულ თითოეული ცოცხალი ნაწილაკის წარმოდგენაზე გული ჩხვლეტდა, ხელებს და თითებს გამწარებული იბანდა, რას ერჩოდა თითებს, კინაღამ გადაიფცქვნა, აწითლებული ხელებით გამოვიდა აბაზანიდან.

– როგორ არის ლიზი, – ქეთის ხმამ გამოაფხიზლა მწველი ფიქრებიდან.

– არა უშავს, სკოლაში არდადეგები დაეწყო, დღეს კერძო მასწავლებელთან არის, მეცადინეობს, ძალიან მიეჩვია ახალ მასწავლებელს.

– მე მზად მაქვს ყველაფერი, – თქვა ქეთიმ და პაციენტისთვის ხალათი და ახალი ბახილები გამოიტანა.

– სთხოვე შემოვიდეს.

პაციენტი შემოვიდა ოთახში, ლიკამ სკამზე მიუთითა, თვითონაც ჩამოჯდა და ანამნეზის შესაკრებად მოემზადა.

– ასაკი?

– 23 წლის

– პირველი აბორტია?

– დიახ, – ოდნავ გაკვირვებით შეხედა გოგონამ ლიკას.

– რამეზე ალერგიული ხომ არ ხართ, ვთქვათ საკვებზე, პრეპარატზე . . .

– არა, ასეთი არაფერი მახსოვს.

– შვილი გყავთ?

– არა

– როგორც ექოსკოპმა გადმომცა, ნაყოფი ნორმალურ მდგომარეობაშია, თქვენც არ უჩივით ჯანმრთელობას, გადაწყვეტილება საბოლოოა?

– დიახ, მამას არ უნდა ბავშვი, მე მარტო ვერ გავზრდი, მშობლები ვერ გამიგებენ – თავს იმართლებდა და ნერვიულად ჭმუჭნიდა ხელჩანთას გოგო.

ნაცნობი სიტყვები იყო, ნაცნობი მდგომარეობა, თითქოს შეჩვეულიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც უჭირდა.

– კარგით, – ამოიხვნეშა ლიკამ, ექთანი მოგამზადებთ და შეეცადეთ არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება.

როგორც იქნა დასრულდა ექიმისთვის და პაციენტისთვისაც მტანჯველი პროცესი, ისე დამძიმდნენ, თითქოს ბავშვთან ერთად ვაკუუმმა მათი გულებიც შეისრუტა.

გოგონა ცოტა ხნით იწვა სავარძელზე, პირი გაუშრა, შესცივდა, წამოდგომა სცადა, ექთანი დაეხმარა, ლოგინისკენ გაუძღვა, სახეზე ფერი არ ჰქონდა, ოდნავ ჩაიკეცა, მაგრამ ექიმმა ხელი შეაშველა და ერთად წამოაწვინეს საწოლზე, თითქმის გულწასული გოგონა.

ნელ-ნელა მოდიოდა აზრზე, სახეზე ფერი მოუვიდა, ოდნავ წამოდგა, წყალი მოსვა, ჯერ კარგად ვერ გაეგო რა მოხდა.

– როგორ ხარ? – შეეკითხა ლიკა და სკამზე გადაკიდებული ტანსაცმელი მიაწოდა.

– ცოტა თავბრუ მეხვევა და რაღაც მჩხვლეტავს მუცელში, ცივად.

– გაივლის მალე, არ ინერვიულო.

გოგონამ ჩაიცვა და წასასვლელად გაემზადა.

– გელოდება ვინმე?

– კი, გარეთ მელოდება, მანქანით წამიყვანს.

– გასასვლელამდე გაგაცილებ, ჯერ ისევ სუსტად ხარ.

ლიზიმ წამლები გამოუწერა, დანიშნულება მისცა, შემდეგ პალტო მოისხა და გოგონას გაჰყვა.

უხმოდ ჩავიდნენ კიბეებზე, უხმოდ იყვნენ ლიფტშიც, უხმოდ გაიარეს გრძელი, თითქოს დაუსრულებელი დერეფანი.

აი უკვე გარეთ გავიდნენ, დეკემბრის სუსხი შემოეფეთა ორივეს, გარეთ თურმე თოვდა, მსხვილი ფანტელები ცვიოდა.

– კარგად იყავით, – აწყლიანებული თვალებით დაემშვიდობა გოგონა ექიმს.

– კარგად, თავს გაუფრთხილდით, – ხელი გაუწოდა ლიკამ, თითქოს მისი გამხნევება უნდოდა.

– მადლობა.

ცოტა ხანი იდგა ლიკა და გაჰყურებდა, როგორ მიუყვებოდა საავადმყოფოს ეზოს გოგონა, თავჩაღუნული, ნელი ნაბიჯებით. დაინახა როგორ გააღო მანქანის კარი და ჩაჯდა, სადღაც სავარაუდო მამის სილუეტმა გაიელვა.

ლიკა ისევ შებრუნდა საავადმყოფოში, კიდევ სამი პაციენტი ელოდა იქ, კიდევ ერთხელ უნდა შეესრუტა მისი გული ვაკუუმს. ამის გაფიქრებაზე, ისევ ცუდად გახდა, შეჩერდა და იქვე ცოტა ხნით ფანჯრის ცივ შუშას მიადო შუბლი. ესიამოვნა.

* * *

დაძაბული დღის შემდეგ, რაც შეიძლება მალე უნდოდა ლიზის ნახვა და სახლში მისვლა, ნაძვის ხე უნდა მოერთოთ, რაღაცეები მოემზადებინათ ახალი წლისთვის.

ლიზის გაუარა მასწავლებელთან, სახლამდე მაღაზიაში შეიარეს.

– დე, ახალ სათამაშოებს ხომ ვიყიდით ნაძვის ხისთვის?

– კი, დე აბა რა, კიდევ ბევრ შოკოლადებს ვიყიდით – მუხლზე ჩაიჩოქა ლიკა, გაყინულ ცხვირზე აკოცა – გოზინაყსაც გაგიკეთებ, დე.

სახლშიც მივიდნენ, გათოშილები, ლიკა გათბობას ეცა, ჩართო, რომ გაყინული სახლი გონზე მოეყვანა.

საჭმელი არც უჭამიათ ისე, ნაძვის ხე გამოათრიეს საწოლის ქვემოდან და აწყობა დაიწყეს.

– დე, რა ხდებოდა დღეს მასწავლებელთან, აბა მომიყევი, – შეეკითხა ლიზის და თავზე ბრჭყვიალა ქუდი წამოაცვა.

– ჩემთან ერთად მეცადინეობენ ბექა და თათია, თათიამ ახლა დაიწყო სიარული, მე და ბექა ვჯობნით.

– ძალიან კარგი, კიდევ დე

– დე, ჩემს კლასელ ბექას ორი მამა ჰყავს, – თქვა ლიზიმ და თეთრი წვიმები ნაძვის ხის ძირში განალაგა.

– არა, დე, ორი მამა როგორ ეყოლება, ყველას ერთი დედა და ერთი მამა ჰყავს.

– ორივეს მამას ეძახის . . .

– დედაც ეყოლება, – დაიჟინა ლიკამ.

– და არ შეიძლება მარტო ორი მამა ჰყავდეს?

– არა, ერთი აუცილებლად დედა უნდა იყოს, ასეა, ასე იყო ყოველთვის, – განაგრძო ჯიუტად, ახლა არ იყო ახსნის დრო.

– დილას, რომ მეუბნებოდი ჩაიდანზე, ისე, დე? – გაახსენდა ლიზის დილანდელი საუბარი.

– ხო შვილო, ისე, ჩაიდანივით.