ჩვენ ვფეთქავთ

მე შევიყვარე პოეზია,
შენსავით ურითმო, მძიმე და ჩახლართული,
ვეძებე და დავკარგე სიტყვები,
შენთვის სათქმელის ასაწყობად.

სხვა გზებიც მოვსინჯე,
შენსავით ურითმო, მძიმე და ჩახლართული,
წრეზე ვიარე და ისევ შენთან დავბრუნდი.

ვამბობ რომ წავალ,
უკვე მივდივარ, ხედავ?
ორივემ ვიცით რომ გატყუებ.

შეგეგუე შენც და ჩემს ასეთ მეს.
შევეგუე შენთან არსებობას და შენს არარსებობას,
შევეგუე შენს გულიანობას და შენს უგულობას,
შენს ერთგულებას და ღალატს.

ჩვენ ისევ ვფეთქავთ,
ხან ერთად და ხან ცალცალკე.
როცა მენატრები, ფეთქვას ვწყვეტ, გაგუდვამდე,
ფიქრები მთიშავს, ვიძინებ.

დილით ისევ შენს ძლიერ ხელებს ვგრძნობ,
ჩემს მუცელზე,
შენ აქ ხარ,
ჩვენ ვფეთქავთ.

——

სტამბოლი 15.04.2015

სიყვარული აკრძალულია?

არსებობს ცენზურა, ასევე არსებობს თვითცენზურა, სხვადასხვანაირი შიშები, გაკიცხვის, დატუქსვის, დაცინვის . .. ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფილმში ზრდილობას და კულტურას ითხოვენ, რა არის ზრდილობა ან კულტურა სხვადასხვა ადამიანის გადმოსახედიდან, ეს კიდევ ცალკე განხილვის თემად შეიძლება ვაქციოთ.

1990 წელი, მოსკოვი, “გრძნობათა იმპერიას” აჩვენებენ. “ახლადგახსნილი კინოს მუზეუმის დიდ დარბაზში, სეანსი ჩაიშალა. ნაგისა ოსიმას ფილმის, “გრძნობათა იმპერიის” ჩვენების დროს რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად დაიწყო ყვირილი “ჟიდომასონები რუსულ კულტურას უტევენ!”. ამ წამოძახილს ვიღაცამ უპასუხა და კინოს მუზეუმში ხელჩართული ბრძოლა დაიწყო. დარბაზის ადმინისტრაცია იძულებული იყო ფილმის ჩვენება შეეწყვიტა”, ვკითხულობთ გოგი გვახარიას წერილში გრძნობათა იმპერია – 30” 

ისევ 1990 წელი, ახლა უკვე თბილისი და ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, ორიათასამდე მაყურებელი “გრძნობათა იმპერიის” სანახავად შეიკრიბა. მოსკოვისგან განსხვავებით, სეანსი შედგა.  ქართველმა მაყურებელმა ფილმი ნახა.

ზუსტად არ მახსოვს 90-იანების რომელი წელი იყო, ის კი მახსოვს, რომ ნაქირავებ, ერთ ოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, შუქი ღამე მოდიოდა და ფილმების ნახვასაც მხოლოდ ღამით ვახერხებდი. “გრძნობათა იმპერია” აჩვენეს “ფსიქოში”, მახსოვს ტელევიზორი რაღაც უცნაურ ყუთში იდო, ორივე მხარეს კარი ჰქონდა კარადასავით, აქეთ-იქეთ ფრთებივით გავუშლიდი ხოლმე და მშობლებს რომც გაღვიძებოდათ, ტელევიზორისთვის თვალის შევლებას ვერ მოასწრებდნენ.

ასე ვნახე “გრძნობათა იმპერია”, გადახვევის და ხმის ჩაწევის გარეშე. მაშინ პულტიანი ტელევიზორი არ გვქონდა.

დაახლოებით 1994 წელია, კახეთში, გურჯაანის ტელევიზია უჩვენებს ეროტიკულ ფილმს “ღამის ქალი”.  ეს ფილმი შედევრებთან რა მოსატანია, თუმცა ფილმის შემდგომ განვითარებული მოვლენები იყო საინტერესო. მეორე დილას, იმავე გურჯაანის ტელევიზიამ, საინფორმაციო გამოშვებაში გადმოსცა, რომ დაახლოებით 200-მდე ადამიანი შეიკრიბა ტელევიზიასთან, რომლებიც კატეგორიულად ითხოვდნენ არ გაეშვათ ფილმის დაანონსებული მეორე ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტელევიზიის აღებით იმუქრებოდნენ.

2015 წელი, ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი, აპოლოს ეკრანზე გასპარ ნოეს “სიყვარული” ჩნდება, არასიმულირებული სექსის სცენებით გაჯერებული ფოტოგრაფიული ესთეტიკის პორნოგრაფიული ეროტიკა ან ეროტიკული პორნოგრაფია. გააჩნია როგორ შეხედავთ. თუ ფილმში ზრდილობას, კულტურას, მორალს და ათას მსგავს ოხრობას ითხოვთ, დროს ტყუილად დაკარგავთ, ეს სათქვენო ფილმი არ არის.

სკანდალი არა, მაგრამ ცოტა პარადოქსული იყო ის, რომ ჯერ დარბაზში შესვლაზე იყო წყვეტა და ბევრი გარეთ დარჩა, შემდეგ დარბაზიდან გამოსვლაზე იყო მარათონი. ჰო, ბევრმა დატოვა დარბაზი, ზოგი ბუზღუნ-ბუზღუნით ზრდილობას ითხოვდა ფილმში, ზოგმა 3D-ში სპერმის შხეფებზე თავი გვერდით გასწია.

სიყვარულის” ამბავი სასამართლომდეც მივიდა, დაობდნენ ეჩვენებინათ თუ არა ფილმი 16-17 წლის მოზარდებისთვის, საბოლოოდ 18 წელი გადაწყვიტა სასამართლომ. მალე, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, “სიყვარულის” პროდიუსერი ვინსენტ მარავალი ტვიტერზე დაწერს “საფრანგეთში, 18 წლის ქვემოთ სიყვარული აკრძალულია”. გასპარ ნოე კი შიშობს, რომ მომავალში, რეჟისორებს და პროდიუსერებს ეს ფაქტი დააფრთხობს უფრო თამამად გადაიღონ ფილმები.

ამ წლების მანძილზე, მრავალმხრივი განვითარების პარალელურად, თითქოს აღარ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, კინოთეატრები უჩვენებენ თუ არა ფილმს, აკრძალულია თუ არა სიყვარული, დღის წესრიგში აღარ უნდა იდგეს ეს საკითხები, თითქოს მაყურებელიც უფრო განვითარებული უნდა იყოს და ეკრანზე არაფერი უნდა უკვირდეს, თუ ნახვა არ სურს, უბრალოდ არ წავიდეს კინოთეატრში. ისე ჩანს, რომ ბევრი წლის წინ უფრო მზად იყო მაყურებელი, უფრო არ ეშინოდა, არც საკუთარი თავის და არც სხვების.

“რატომ არ არის ქართულ ფილმებში მეტი შიშველი სხეული?” დაახლოებით ეს კითხვა დასვა ერთ-ერთმა მსმენელმა, გოგი გვახარიას ლექციაზე “შეხების ეროტიკა და კინომონტაჟის კრიტიკა”, – “სხეულის შიში”, იყო მოკლე და მარტივი პასუხი.

მე ვიტყოდი, ეს არის შიში, რომელსაც ქმნის პუბლიკა, პუბლიკა რომელიც ფხუკუნებს, გადის დარბაზიდან, ფეისბუქზე არეპორტებს სიშიშვლის შემცველ ფოტოებს, დასცინის ფილმებში თუ ჟურნალებში გამოჩენილ სიშიშვლეს და ა.შ თუმცა ამას არავითარ შემთხვევაში არ ვწერ იმისთვის, რომ ქართველი რეჟისორების უნიათობა გავამართლო. ორივე, შიშიც და აკრძალვაც მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს იმისთვის, რომ შექმნა ის, რაზეც ზოგი შემოვარდება კინოდარბაზში და ზოგი მოწყვეტით გავარდება გარეთ.

ცენზურის დაუსრულებელი ამბავი კი აუცილებლად უნდა დავასრულო ჯუზეპე ტორნატორეს ფილმით “სინემა პარადისო”, გვახსოვს მთავარი გმირი, როგორ ჭრის არასასურველ სცენებს კინოთეატრში გასაშვები კინოფირიდან, ჭრის და ამოჭრილ ნაწილებს, რომელმაც ცენზურა ვერ გაიარა, სადღაც ერთ ყუთში ყრის. პატარა თანაშემწეს არ ავიწყდება ამოჭრილი სცენები და როდესაც უკვე ჭაღარაშერეული, ცნობილი რეჟისორი სახლში ბრუნდება, ყველა აკრძალვას, ყველა კოცნას, რომელიც ბავშვობაში გამოტოვა, ერთად კინძავს და გრძნობათა იმპერიას ქმნის, იმპერიას, სადაც ცრემლი, სიხარული, ტკივილი და ბედნიერება ერთმანეთშია არეული.

არასოდეს გამოტოვოთ კოცნა.

მე შენ ჩემს ფერფლს განდობ

“დღესასწაულის მიზანია, დაგვავიწყოს, რომ საცოდავი მარტოსულები ვართ და ერთ დღეს ყველანი დავიხოცებით”

მ. უელბეკი 

———–

გიცეკვიათ სამბა მეგობართან ერთად, დილის ხუთ სააათზე ბათუმის ბულვარში?  ან ვალსი ან რამე სხვა, არ აქვს მნიშვნელობა და ქარისთვის გაგიტანებიათ ის კომპლექსები, რომელიც გეძახის, უი, შეხედე ამ შუაღამეს ბულვარში ცეკვავს და გაკავებს. მე მიცეკვია, გარშემო ადამიანების სახეებიც მახსოვს, ზოგის ცოტა გაკვირვებული, ზოგის გაღიმებული ან გახარებული, მაგრამ არა გაოგნებული ან ვაი შენს პატრონს სახეები. ამის შემდეგ ვფიქრობ და მგონია რომ სხვების ვაი შენს პატრონს სახეებსაც ჩვენ ვქმნით, ჩვენი წარმოსახვის პროექციაა მათი სახეები და სინამდვილეში არ არსებობს. თუ ნაბიჯებს თამამად და თავდაჯერებულად დგამ, შეიძლება შეცდომითაც, ასეთ სახეებს ვერ ნახავ გარშემო, ისინი უბრალოდ ვერ გაბედავენ ასეთი სახეების შექმნას თავდაჯერებული და საკუთარ ნაბიჯებში დარწმუნებული ადამიანის წინაშე. შეიძლება დაიბოღმონ, შეშურდეთ შენი თავაწყვეტილი თავისუფლების, მათ ხომ ასეთი თავდაჯერებული ნაბიჯები არასოდეს გადაუდგამთ ცხოვრებაში, მეტიც, ნაბიჯი საერთოდ არ გადაუდგამთ, ერთ ადგილას დგანან.

ზოგადად რას ვაკეთებთ ადამიანები? ზოგადად არ ვიცი და კონკრეტულად კი, დღისით კომპლექსებს ვებრძვით, შიშებს ვთოკავთ, თავს ვაკონტროლებთ, ღამით კი დამარცხებულები ვიძინებთ, ჩვენც და ჩვენი კომპლექსებიც. ბევრი ბრძოლით გათანგული, საკუთარი თავის გაკონტროლებით დაღლილი, რაღაც მომენტში ხვდები, რომ კომპლექსების და შიშების დამარცხების საუკეთესო გზა მოდუნება და მათი იგნორირებაა, რა წამსაც ამას მიხვდებით, იმ წამს გაივლით ტრიუმფალურ თაღში, თავაწეული და ამაყი. გამარჯვებული. უფრო მეტი დრო დაგრჩებათ საკუთარი თავისთვის, ოცნებების ასრულებისთვის, რეალიზებისთვის, უფრო მეტი საქმის გაკეთებისთვის, დრო ხომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია, ის იმდენად ცოტა გვაქვს, რომ აბსურდია საკუთარი თავის კონტროლს და კომპლექსებთან ბრძოლას შევალიოთ.  ეს დრო მხოლოდ ერთმანეთს უნდა შევალიოთ და სხვა ბევრ საინტერესო და სასარგებლო საქმეს.

ჯარმუშის ბოლო ფილმის ერთი სცენა მახსენდება, სადაც მარადიული ცოლი ეუბნება მარადიულ ქმარს, “არ მესმის, ამდენი ხანი ცოცხლობდე და მაინც არ გესმოდეს . . . საკუთარი თავით შეპყრობა დროის ფუჭად კარგვაა. გამოიყენე გადარჩენის მიზნით, ბუნების დაფასებისთვის, სიკეთისთვის და მეგობრობისთვის .. . ცეკვისთვის! შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულშიც კარგად გაგიმართლა”.

დღეს, დედაჩემმა და მამაჩემმა ქორწინების 35 წლისთავი აღნიშნეს, ყველა ურთიერთობაშია აღმასვლა და დაღმასვლა, რაც ალბათ უფრო საინტერესოს ხდის ყველაფერს და ერთგვარი გამოწვევასავითაა სიძნელეების გადალახვა და ურთიერთობასაც ეს კვებავს. ალბათ.

რომ არა ერთგული ქალი და ნამდვილი მეწყვილე, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ და მეორე ნახევრის ძალებში და შესაძლებლობებში, სებასტიან სალგადოს სახით რიგითი ბიზნესმენი, ეკონომისტი გვეყოლებოდა, რომლის სახელიც ვიწრო წრეს არ გასცდებოდა. ფოტოგრაფიაში გადასვლის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს, ეს არ იყო ადვილი, ახალი ხილი იყო იმ წლებში და დიდი რისკი იყო ოჯახისთვის, მისი ფოტორედაქტორიც ცოლი გახდა, ის, ვინც ყველაზე კარგად იცნობდა სალგადოს, მის ცხოვრებას და მის ფოტოებს.

ძალიან ბევრი პესიმისტურად უყურებს, ცოლ-ქმრობის კი არა, შეყვარებულობის პერიოდსაც კი ვერ ქაჩავენ დიდხანს და ერთად. მე ჯერ კიდევ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მჯერა რომ არსებობს ურთიერთობა რომელიც დროს გაუძლებს, სადღაც ჯარმუშიც ხომ ამას უშვებს, სიყვარულის და ურთიერთობის მარადიულობას. სიკეთით, მეგობრობით და ცეკვით გაჯერებული მარადიულობას.

“ვერ მოვიგებ. სიყვარული რუსული რულეტკასავით არის, არავის უყვარს ჩემში არსებული ნამდვილი მე, მხოლოდ სახელ და ვარსკვლავს ეტრფიან. ძალიან სწრაფად მიყვარდება და ყოველთვის ტკივილით ვამთავრებ. სხეული ჭრილობებით მაქვს დაფარული. მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, გარეგნულად ძლიერი, რომელიც მუდმივად მაჩოს პროექციას ახდენს სცენაზე, სინამდვილეში შინაგანად ძალიან რბილი ვარ, ვდნები”. მერკურის რომ არ ეთქვა ეს სიტყვები, ალბათ მე ვიტყოდი და კიდევ ბევრი იტყოდა ჩემთან ერთად. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რამ ხვდება ერთმანეთს, ის ვისაც შენი სუსტი მე უყვარს, ძლიერ მეს ვერ აიტანს და პირიქით, ვისაც შენი ძლიერი მე უყვარს, ის შენს სისუსტეებს ვერ აიტანს, პატარა წყენას და გაბუტვასაც კი ვერ აიტანს, როგორ გაბედე და ცრემლი გადმოაგდე, შენ ხომ ასეთი ძლიერი ხარ.

როგორია მამაკაცი რომელიც გეტყვის, მე შენ ჩემს ფერფლს განდობ? ალბათ ზუსტად ისეთი, რომელსაც ისე ეყვარები, ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტის გარეშე, მთელ ცხოვრებას ერთად გაატარებთ და ისე გეყვარება, რომ თვალის დაუხამხამებლად გაუყოფ მეორე მამაკაცს და წვეულებებზე ერთად მიუსხდებით მაგიდას, ერთ მხარეს შენ და მეორე მხარეს, მისი იმჟამინდელი ბოიფრენდი. ეს მამაკაცი ფრედი მერკურია. ეს ქალი კი მერი ოსტინი – Love of his life.

“ჩვენი სიყვარული ცრემლებით დასრულდა, რამაც უფრო ღრმა და მჭიდრო კავშირი შექმნა ჩვენს შორის და ეს ზუსტად ის არის, რასაც ვერავინ წაგვართმევს. ეს მიუწვდომელია . .. .  ყველა ჩემი საყვარელი მეკითხება, რატომ ვერ ჩავანაცვლე მერი, ეს უბრალოდ შეუძლებელია . . ..  ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ და ეს სიყვარულის საუკეთესო ფორმაა. მილიონი პრობლემა შეიძლება მქონდეს, მაგრამ გვერდით მერი მყავს და ეს ყველაფერს გადამატანინებს… მერი ჩემი ერთადერთი მეგობარია და სხვა არავინ არ მინდა “.

მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან.

XXVII წერილი ქუცნას – ჩვენი პეპლები

დილაა. მინდა გითხრა რომ ფანჯარაში მზემ შემოიჭყიტა, მაგრამ მოგატყუებ. მზე ისე ჩახჩახებს, მგონი ღამეც არსად მიდის, მთელი ღამე გვერდით მიწევს მხურვალე და ვნებიანი საყვარელივით.

დილით დაღლილი ვიღვიძებ, მზისგან, ფიქრისგან და ოცნებებისგან. მუცელში გაჩენილ პეპლებს ტრანკვილიზატორით ვაძინებ. ვხვდები რომ მინდა მოგწერო, ბევრი მაქვს მოსაყოლი, ვდგები, პირზე ცივ წყალს ვისხამ  და გწერ. მომენატრე. პეპლებზე მინდა გესაუბრო. მუცელში მკვდარი პეპლების სასაფლაო მაქვს, ყოველ ჯერზე, როცა კი ჩნდებიან ან ვკლავ ან ვაძინებ. პეპლების მეშინია, უფრო სწორად იმის მეშინია, ვინმემ არ დამასწროს და ჩემამდე არ მოკლას, ასე უფრო გული დამწყდება, მეტკინება, ხოდა ამ ტკივილის მეშინია. ვინ თუ არა, შენზე კარგად ვინ იცის რამდენჯერ მოკლეს ჩემი პეპლები, მოულოდნელად, დაუგეგმავად, გაუფრთხილებლად, სპონტანურად . . .  პეპლების დატირებაც გეხსომება.

მონადირეები შებოჭილი, ჩამოუყალიბებელი და თავდაუჯერებელი ადამიანები არიან, თავისუფალი, მონავარდე და საკუთარ ძალებში დარწმუნებული სული, ისეთი იშვიათი მოვლენაა, მისი არსებობა უკვე მითი მგონია. სადღაც გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ რომ მე და შენ ვართ ასეთები, მე ზედმეტად რეალური ვარ, შენ ზედმეტად არარეალური, იმდენად, რომ მგონია წერილებიც არ მოდის შენამდე და ჩემს მონავარდე რეალობაში რჩება.

როცა მგონია რომ დაბრუნდი, როცა მგონია რომ რეალური ხდები და როცა მგონია როგორც იქნა ჩემს გვერდით ხარ, კიდევ უფრო მეშინია. ისევ რომ გაქრე? საკმარისია ჩვენი რეალური და უარყოფითი ენერგიით დამუხტული სივრცე შენი თავისუფალი სულისთვის? ხომ ხედავ რა უარყოფითია, დილაობით პეპლებს ვკლავ მუცელში.

თუმცა, სადაც მზე ეტევა ჩემს ოთახში, ერთად ვიძინებთ, ერთმანეთს ვესიზმრებით და ერთად ვიღვიძებთ, იქნებ შენც მოარჯულო ეს რეალური სამყარო, სადაც მე ვცხოვრობ, მე ხომ ამდენი ხანია შენს ირეალობას ვეგუები. არ გაყვედრი. მენატრები. უკვდავი პეპლები გამომიგზავნე ქუც. :*

XXV წერილი ქუცნას – ნაღმზე რომ აფეთქდეს?

ქუც, შენთან გამოგზავნილი ძველი წერილები, დღეს ლამის სათითაოდ ამიხდეს, ხოდა ამიტომ, წინა წერილის არ იყოს, გადავწყვიტე წარსულის ამბები მოგიყვე ხოლმე, ალბათ ასე უფრო გამიადვილდება წარსულის წარსულში დატოვება, ვხვდები რომ იქიდან გადმოყოლილი რაღაცეები ხელს მიშლის აწმყოშიც და მომავალშიც, რამე კონკრეტულს ვერ დავასახელებ, თუმცა ფაქტია რომ ძველ ტრავმებს, გავლენა აქვთ ჩემზე, ჩემგან დამოუკიდებლად.

მე და ჩემს მეგობარს ერთი ასეთი ხუმრობა გვაქვს, ზოი, ვეკითხები, სამხედრო რომ შემიყვარდეს და ნაღმზე აფეთქდეს? ვიცინით გულიანად. და საერთოდ, როცა რაღაცაზე მოვიწყენთ ხოლმე, მაშინვე ეს მახსენდება და ისევ ვეკითხები, ისევ გულიანად ვიცინით.

ის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ალენ დელონი იყო, აი ასე, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ერთადერთი უნაკლოდ ლამაზი ადამიანი, ვისაც ჩემს თვალწინ ჩაუვლია. ვერანაირ შესწორებას ვერ შეიტანდით მის გარეგნობაში, მომხიბვლელობის და მიმზიდველობის უკანასკნელი შტრიხი მისთვის ბავშვურ ცელქობას დაემატებინა – ნაიარევი წარბთან.

ჩვენი შეხვედრა არ იყო მოულოდნელი და არც ერთი ნახვით შეგვყვარებია ერთმანეთი. მეგობრები ვიყავით. სტუდენტობის ბოლო წლებში, ძალიან ახალგაზრდები, ძალიან პატრიოტები და ძალიან პოლიტიკურები, საათობით ვკამათობდით და ვარჩევდით იდეოლოგიებს, ძალაუფლებებს, რეჟიმებს, სისტემებს, პოლიტიკურ მკვლელობებს, ეს ყველაფერი ხომ ასე ძალიან ახლობელი იყო იმ წლებში. დიდი გეგმები გვქონდა. მალე უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ის სამხედრო აკადემიას. კი, ალბათ მეოცნებეებიც ვიყავით. პოლიტიკურ მკვლელობებს გამოვიძიებდით, დამნაშავეებს დავსჯიდით.  ქვეყანას გადავარჩენდით, რომელსაც ახალი ძალა და ახალი სისხლი, ჰაერივით სჭირდებოდა.

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ეგრეა ხომ? მე ვფიქრობ, რომ ამ დროს ღმერთი ბოხი ხმით იცინის ხოლმე. ყველაფერი იმდენად სწრაფად და ბანალურად დასრულდა, ჟანრის რომელი კლასიკისთვის მიმეკუთვნებინა, არც კი ვიცოდი.

ბედნიერად საბანკეტო კაბას ვიკერავდი, უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ფრთები ალბათ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მქონდა გადაჭიმული. რეკავს ტელეფონი.

– ცოლი მომყავს.

– რა? (ეს არ იყო პირველი აპრილი)

– ცოლი მომყავს, ხმა უწყდება, თუმცა შეძლებს და გამოცრის ამ ორ სიტყვას.

– რას ნიშნავს ცოლი მოგყავს? დაბნეულობისგან, ბრაზისგან რა და როგორ მეთქვა აღარ ვიცოდი.

– ხუთი თვის ორსულია. ასე გადავწყვიტე. სხვა გზა არ მაქვს.

სხვა დანარჩენი, რაც მელაპარაკა, ვითომ ამიხსნა, განმიმარტა, უკვე ლირიკაა, არაფერი მესმოდა, არაფერი მახსოვს. მართლა არ მახსოვს.

აი ასე, უბრალოდ, დამირეკა და მითხრა რომ ცოლი მოყავს, ხაზის ტელეფონზე დამირეკა, დისკიანზე, რომელიც შემოსასვლელში იყო მისვარკული და შუაში, სამარილესავით გამოჭიმული ხომ არ დავიწყებდი ჯღნავილს? ვიდექი, ვუსმენდი და ყელი მისივდებოდა ცრემლების შეკავებისგან. მერე დავაგდე ყურმილი, გავვარდი საძინებელში და დიდხანს ვზლუქუნებდი პირქვე დამხობილი.

მე მიმატოვეს. ნაწილი პირველი. დუბლი ერთი.

შეიძლება ეს არ იყო დიდი სიყვარული, შეიძლება ეს უბრალოდ კარგი და ერთგული მეგობრობა იყო, შეიძლება ჩვენ დიდ პოლიტიკაში არ მოვსულიყავით, არც მკვლელობები გაგვეხსნა და ვერც ქვეყანა გადაგვერჩინა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა ერთმანეთის და გვჯეროდა იმის, რაზეც ვოცნებობდით და რასაც ვგეგმავდით.

აი ასე ბანალურად გაყვა წყალს, ნდობა და რწმენა, რომლის პოვნაც მას შემდეგ ძალიან მიჭირს ადამიანებში და ასევე გაცემაც.

ამ ამბავს, ახლა ისე გიყვები ქუც, თითქოს მხრებზე პლედმოსხმული ვიჯდე ბუხრის წინ, შვილიშვილებით გარშემორტყმული, რომლებიც დარწმუნებული არიან რომ ბებია ძილისწინა ზღაპარს უყვება, მაგრამ ეს ის ზღაპარი არ არის ნამდვილად, რომელსაც შვილიშვილებს მოვუყვები, ზღაპრები ხომ კარგად უნდა მთავრდებოდეს? ხომ ყოველთვის კარგად მთავრდება ზღაპარი? ხოდა მეც ის ზღაპარი მინდა, პაპა რომ მიყვებოდა ხოლმე ბავშვობაში, რომელიც კარგად მთავრდებოდა, სადაც პრინცი არ მიდიოდა, არც ნაღმზე ფეთქდებოდა, არც ქრებოდა და შვილიშვილებისთვის ნამდვილი ზღაპარი მექნება, კარგი დასასრულით.

ჩაი ორისთვის

“იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც,
დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი;
დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავს
ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი.

. . .

დღემდე მიტაცებს შრიალი შორი,
ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი,
ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი,
ცისფერ მაგიდას შემოვუსხდებით… “

აქ მაგიდები ისეთი პატარა ზომისაა, ჩაის შენი მეორე ნახევრის ფინჯნიდან წრუპავ. ერთმანეთის სუნთქვა გესმით და ხანდახან სულსაც უბერავთ ცხელი ჩაი რომ გაუგრილოთ ერთმანეთს, შტრუდელსაც ერთმანეთის თეფშიდან იპარავთ, პატარა ნიჩბებით. უგემრიელესია ვენური ვაშლის შტრუდელი.

ეს არის დილა. თქვენი დილა. ცხელი ჩაით, ვენური ვაშლის შტრუდელით და ხანშიშესული მიმტანით, რომელიც კიდევ ცალკე ისტორიაა.

ვენური კაფეს ხანშიშესულ მიმტანს, თქვენი ასაკის სამუშაო სტაჟი აქვს, შეიძლება მეტიც. მას ბევრი წყვილი უნახავს;  წყვილები, რომლებიც მდუმარედ შეექცევიან დილის საუზმეს და ერთმანეთს ცხელ ჩაის უგრილებენ.

უკვე მერამდენედ ნაღვლიანი ვათვალიერებ ვენის ფოტოებს და ვცდილობ გავიხსენო ყველა ის ემოცია და შთაბეჭდილება, რაც თავზე დამეყარა ამ მიმზიდველ ქალაქში. ერთი ასეთი შთაბეჭდილება სწორედ, ვენური კაფეების კულტურა იყო.

შტალბურგასეზე სეირნობისას, სრულიად შემთხვევით ამოვყავით თავი კაფე ბროინერჰოფში , თითქოს რაღაც ჯადოსნურ ღილაკს დავაჭირეთ თითი და მყისიერად, სადღაც 50-60-იანი წლების ვენაში აღმოვჩნდით. მართლაც, კოვზიდან დაწყებული კედელზე გაკრული პოსტერებით დამთავრებული ყველაფერი ძველი და ყავლგასული იყო. ასე იგრძნობოდა.

ეს იყო ადგილი, სადაც თავს მყუდროდ და მოხერხებულად იგრძნობდით, თუნდაც ხალხით გადაჭედილ გარემოშიც.  ალბათ, ამიტომაც იყო ეს ადგილი ბევრი პოეტისა თუ მწერლის მეორე სახლი. ერთი მწერალი წერილებსაც კი ამ კაფეს მისამართზე იღებდა.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ადგილი, რომელსაც შეგიძლია დილით ესტუმრო და ისაუზმო, ცხელი ყავა ან ჩაი დალიო, გაეცნო დილის პრესას ან მთელი დღე ერთ ფინჯან ჩაის მიაშტერდე.

ვენაში დაბრუნების დროა. ჩაი მომენატრა.

strudel

 

15 წერილი ქუცნას – უჩემოდ ყველა გზა ხსნილია

უგულისყურო და ცივი ადამიანი ვარ. დღეები ისე გავა, ადამიანს არ მოვიკითხავ, შენც მათ რიგებში ხარ ქუც. გგონია არ მიყვარხარ? გგონია შენზე მეტად ან ნაკლებად მიყვარს ვინმე? არა, პირიქით ყველა ძალიან მიყვარს, უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ, რომ სიყვარულის გამანაწილებელი დავკარგე დიდი ხნის წინ, ხან ერთ მხარეს მივმართავ ჩემ სიყვარულს, ხან მეორე მხარეს, ერთს რწყევა ემართება ჩემი სიყვარულით, ათს კი სიკვდილამდე ვენატრები, აბა აბა როგორ შეიძლება ასე? ახლაც, აი როდესაც გვერდით ექიმის დანიშნული წითელი ღვინით სავსე ჭიქა მიდგას, ვფიქრობ ვინ უფრო მიყვარს ყველაზე მეტად ან თუ მიყვარს ვინმე, ისე რომ დავწერო წერილი, დავრეკო, დავუძახო, ქვა ვესროლო და ჩემსკენ შემოვახედო, ან მიყვარს კი ვინმე საერთოდ? თუ კი, ეს ჩემი თავი ნამდვილად არ არის, ვიღაც სხვაა, რომელიც სადღაც დგას, ალბათ კუთხეში, უღიმღამოდ და იქნებ არა ერთი ჭიქა აქვს უკვე დაცლილი . . .  არა სიყვარულით . . .

ბოლო დროს საშინელებები მესიზმრება ქუუც, ვდგები დამძიმებული, ფინჯან ყავას ფერზე მოვყავარ და მივიზლაზნები სამსახურისკენ. საშინელი მოძრაობა, მეჩვენება რომ ყველა ვინც საჭეს მართავს, ერთმანეთი სძულთ, ერთმანეთის კონკურენტები არიან მართვაში, ყველას სურს პირველობა, ყველას სურს პერსონალური გზა, სულ ხსნილი და მწვანე შუქნიშნებით განათებული. შენ გინდა ეგრე? არ ფიქრობ რომ მოსაწყენია? არ ფიქრობ, რომ ხანდახან უნდა შეისვენო და გზა სხვას დაუთმო? მე ვუთმობ, თითქმის სულ ვუთმობ, თავს ვისულელებ, მაგრამ მერე რა, ზოგჯერ დათმობაც ხომ სხვისი დამცირების ტოლფასია, სხვისი სისუსტის აღიარებაა . . .

თითქმის უკვე ორი დღეზე მეტია სოციალურ ქსელს გამოვეთიშე, იმ სოციალურ ქსელს, რომელსაც შენ ვერ იტან და ფიქრობ რომ ადამიანებს აშორებს და აუცხოებს, ისიც მახსოვს მეჩხუბებოდი ამიტომ ვერ იცლი ჩემთვის და ბევრ დროს გაკარგვინებსო. არ გამართლდა შენი ფიქრები და ვარაუდები, არავითარი დამოკიდებულება, არავითარი დროის დაკარგვა, ისევ ისე ვმუშაობდი როგორც მანამდე; ქსელში ჩართვამდე მხოლოდ პაროლის აკრეფა მჭირდებოდა, ერთხელაც არ წამცდენია ხელი. არც ის გამოდგა მართალი ადამიანებს აშორებსო, პირიქით, არასოდეს ისე ახლოს არ ვყოფილვარ ადამიანებთან ქუუც როგორც ახლა, უფრო ხშირად ვხვდებით ერთმანეთს რეალურ რიტმში, ვსაუბრობთ, ვსეირნობთ, კინოში, თეატრში დავდივართ. ამას წინათ, ერთმა აწ უკვე ვირტუალურმა და ახლა რეალურმა მეგობარმა პატარა, საყვარელ კაფეში დაგვპატიჟა, აი მითხარი ბოლოს როდის მიირთვი ნაკვერჩხალზე მოდუღებული ყავა ან მიირთვი ნაკვერჩხალზე გამომცხვარი პური? მე დიდი ხანია არ გამისინჯავს, თითქმის ოთხი-ხუთი საათი დავყავი იქ, არადა მეგონა ნახევარი საათის მისული ვიყავი, ისე მალე გავიდა დრო სასიამოვნო ჭუკჭუკში, გიტარაზე დაკვრაში და სიმღერაში.

შენ კი სულ მსაყვედურობ მაინც . . .

ვაპირებ ისევ დავუბრუნდე ვირტუალურ ცხოვრებას, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, მე უკვე აღარ მესმის ადამიანების, რომლებიც დროებით ეთიშებიან ხან რეალურ და ხანაც ვირტუალურ ცხოვრებას . . . მთავარი არც ერთია და არც მეორე, მთავარი ის არის, რომ იქ ხარ, სადაც მოგწონს, სადაც ცხოვრობ და არა ცოცხლობ, სადაც ემოციების, გრძნობების უწყვეტი ურთიერთგაცვლაა, ხან შენ გწყინს, ხან მას, ხან შენ გიხარია, ხან მას, ხან შენ ბრაზდები და ხან ის, აბა როგორ . . . შენ რა არ მოგწყინდა მანდ უემოციოდ და ასე უღიმღამოდ ყოფნა, გაბრაზებული და დეპრესიული კი მერე ჩემზე იყრი ხოლმე ჯავრს, მწერ რაღაც გაუგებარ წერილებს ან გაბუტული საერთოდ ხმას არ იღებ. ჩემი არ იყოს მგონი შენც სიყვარულის გამანაწილებელი დაკარგე და მხოლოდ ჩემსკენ მომართულ გრძნობებს ვეღარ აკონტროლებ . . .

მაინც მიყვარხარ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ყველაზე, ყველაზე ერთგული ადრესატი ხარ.

დროებით ქუც.

პ.ს. სხვა ყავა , არა ისეთი როგორიც აქამდე გაგისინჯავს

C’est la vie

მანქანა ძლივს დავქოქე, ხმა არ მომეწონა, დილა ცუდად დაიწყო, კარგად რომ მომესმინა მეტყოდა დღეს სახლში დარჩი ნუ წახვალო. მერე სამსახურში ვიყავი, ვიმუშავე, ქაოსურად მიდიოდა, მოდიოდა ხალხი, წრეზე ტრიალებდა ყველაფერი, ჩემი ჩათვლით, ამ ბოლო დროს აჩრდილივით დამყვება დეჟავიუს შეგრძნება. ერთი და იგივე  სულ, სამსახური, სახლი, სახლშიც მუშაობა, ისევ იგივე, თავბრუ მეხვევა. იქნებ ისე დამეხვეს თავბრუ, რომ დედამიწიდან გადავვარდე და სადღაც გავიშალო ვარსკვლავებად, არა მტვრად არა, მე ვიცი, რომ ვარსკვლავებად დავიშლები და მერე სხვებს გავუნათებ გზას დავეხმარები.

მინდოდა ჩემი წრისთვის, რაღაც კუთხე მიმეცა და თან გამეფერადებინა, კინოში წავედი ექვს საათზე იწყებოდა, მაგრამ თარგმანს ვერ მოვრჩი და ერთი საათის დაგვიანებით მივედი, მიყვარს კინო! ფილმი არ იყო შვების მომგვრელი ”The Fountain”, პირიქით უფრო ჩამაფიქრა, დამანაღვლიანა და ვაპირებდი რამე დამეწერა ამაზე . . . აპირებდი კარგია . . . სად არის ეგრე რამე დააპირო და ვინმემ გაცალოს, ისე როგორ შეიძლება რამე ჩაიფიქრო და ფიქრი არ ჩაგიფარცხონ, რამე იოცნებო და ოცნება არ გაგიქარწყლონ, ”ჩვენ ხომ შენთვის კარგი გვინდა”-ს სახელით. მე ვერ ვეგუები შენს მეგობრებს, მეუბნება დედაჩემი და რატომ არის აუცილებელი დედაჩემი შეეგუოს ჩემს მეგობრებს?! უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორია, ასაკობრივი ზღვარი, განსხვავებული ინტერესები, მსოფლმხედველობა . . . არ მაინტერესებს მე ეს ყველაფერი, მუდმივი შეთქმულების თეორიები უკვე მაგიჟებს . . . ყველაფერს აქვს დასასრული . . . და ზღვარი .. .

ფილმის შემდეგ მივდიოდით სახლისკენ, მარჯანიშვილზე ხიდზე გადმოვდიოდით, უცებ ჩემი მეგობარი მეუბნება, გააჩერე, ვაიმე, გავიხედე უკანა სარკეში და ვიღაც ახალგაზრდა ზის ხიდზე ფეხები გადაყოფილი და იწერს პირჯვარს, ჩავიდა ჩემი მეგობარი და ელაპარაკება უცნობს, ჩამოვიდა ხიდიდან, რაღაც წერილი ჰქონდა თან, რაღაცას წუხდა, ჩიოდა, ყველგან კარი დამიკეტეს, არსად მიღებენ, ყველგან უარით მისტუმრებენ, აქ თავშესაფარი არ მაქვს, ტვირთის გადაზიდვით ვირჩენ თავს . . . . მოკლედ ამ კაცს სიკვდილი უნდოდა და არ ვაცალეთ . . . მაინც როგორი ეგოისტები ვართ ადამიანები, არაფერს ვაცლით ერთმანეთს, ხან სიკვდილს არ ვაცლით, ხან სიცოცხლეს . . .

აქა იქ ფილმიდან ფრაზები მახსენდება, უკურნებელი სენით კვდება მთავარი გმირი, ქალი, ცოლი, მაგრამ არა დედა, რომელსაც კაცი, ქმარი არ უშვებს, ვერ ელევა, ქალი ეუბნება: ”მე უკვე აღარ მეშინია”, ის მზად არის წავიდეს, ის შეგუებულია, მას უნდა, მოდი აცალე რა სიკვდილი, ნუ ცდილობ გაცოცხლებას და ნუ ამბობ, რომ სიკვდილი დაავადება და მისი მორჩენა შეიძლება და ნუ წახვალ წამლის საძიებლად.

მოდი ვაცალოთ ერთმანეთს სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, მეგობრობა, სიძულვილი და სხვა ათასი ქვენა და ზენა გრძნობა.

ვინ იცის ხიდზე მყოფმა ადამიანმა გაგვაბითურა, იქნებ მოგვატყუა, იქნებ, იქნებ . . . . ათასი იქნებ არსებობს . . . .

სიკვდილი კარგია, მაგრამ გამოსავალი მაინც სიცოცხლეშია . .

მეგობარი სახლში წავიდა, ვიღაც გადარჩა, ვიღაც მოკვდა,  ვიღაც დაიბადა, ვიღაცას ძალიან შესძულდა ან შეუყვარდა . . . ყველას რაღაც საქმე ჰქონდა, თუნდაც სუიციდური . . .

მე კი გიჟივით მოვქროდი და სახლში მეჩქარებოდა,. . .

და წითელზე, რომელზეც თითქმის არასოდეს ვჩერდები, მანქანა ჩაქრა . . . .

წერილი რომელიც იმ ბიჭმა გადმოგვცა – იხილეთ ამ ბმულზე