Posted in QuickPress, Travelling

ქაირო – მტვერში დაკარგული ბრილიანტი

მოვედით, მოვედით, – შემომესმა გიდის ხმა, მთელი ღამის ნამგზავრმა ძლივს გავახილე თვალი, ხუმრობა ხომ არ იყო 500 კილომეტრი გავიარეთ და აი როგორც იქნა დილის შვიდ საათზე ქაიროში შევედით. პირველი რაც დავინახე იყო საშინელი ნისლი, თუმცა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა უცებ ვერ გამოვარკვიე, რომ ეს ნისლი კი არა საშინელი მტვრის ჯანღი ედგა მთელ ქაიროს თავზე. დილის შვიდი საათი და 25 მილიონიანი ქალაქი დუღდა, ხალხი მოძრაობდა, გვერდებ მიჩეჩეჩქვილი მანქანები უკვე ჩვეული საცობის ფორმირებას იწყებდნენ. მიჩეჩქვილი მანქანაც და საცობიც ჩვეულებრივი ამბავი იყო ამ უზარმაზარ და უშუქნიშანო ქალაქში. მოძრაობის მარეგულირებელი სამი ფერი  მხოლოდ მერიასთან დავლანდე წრიულზე.

პირდაპირ გეტყვით, ფეშენებელური სასტუმროდან გამოსვლის, 500 კილომეტრი გაზიმზიმებული ტრასის გავლის შემდეგ ქაიროში შესვლა იყო სრული შოკი. დაახლოებით ისე მეჩვენებოდა, რომ მეოთხე დონის (ყველაზე ბოლო) სიზმარში მოვხვდი, ისე როგორც ფილმში ”დასაწყისი”; ნაცრისფერი, ასფალტისფერი, მტვრისფერი – ფერების სიძუნწე შემომაგება ქაირომ, ნახევრად ან მთლიანად ჩამოგრეული შენობებიც არ დაენანა; შიგადაშიგ ქალები უზარმაზარ თავზე წამოდებულ ბოხჩებს ეზიდებოდნენ, თავით ფეხებამდე შემოსილები, თუმცა ბურქით ერთი-ორი ვნახე მხოლოდ ქაიროს მუზეუმთან, ჩემსავით ტურისტები იყვნენ ისინიც. პერიოდულად ხან ცხვრები და ხან თხები ჩანდნენ, რომელთაც ადგილობრივი მწყემსები ჰყავდათ. ნილოსის შემალული ადგილები ფაქტობრივად სანაგვედ ჰქონდათ ქცეული, გიზასკენ კი შეჭაობებულმა ადგილებმა და ნაგავმაც იმატა, უმეტეს წილად ღარიბი უბნები, რაღაც დახლები, პირამიდები რომ გამოჩნდა ჩემ თვალსაწიერში, ასე იყო მარჯვნივ პირამიდები და მარცხნივ ელიავა, თვალებს არ ვუჯერებდი, ქვეყანა, რომელიც ასეთი სიმდიდრეს ფლობდა, სრულ სიდუხჭირეში და ჭუჭყში იხრჩობოდა. ყველა სარეკლამო ბილბორდს თუ ბანერს, ფერი გაჰხუნებოდა და მძიმე მტვერი დასდებოდა, გაოგნებულმა ჩავუარე გვერდი კოკა-კოლას სარეკლამო სტენდს, რომელიც სასტუმროს თავზე იწონებდა თავს.

ფერები მხოლოდ სამი სახის ბილბორდზე დამხვდა, რომელიც უხვად იყო ქალაქში მიმობნეული:

1) უბერებელი მუბარაკის

2) სარეცხი მანქანის რეკლამის და

3) ანდრეა ბოჩელის

ჰო, სწორედ იმ დროს ქაიროს ოპერაში იყო მოწვეული კონცერტის გასამართად და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ადგილობრივ მოსახლეობას ახსენებდნენ პრეზიდენტს, სარეცხის რეცხვას და ბოჩელის კონცერტს. Continue reading “ქაირო – მტვერში დაკარგული ბრილიანტი”