სიმინდის კუნძული

მთავარი შეცდომა, რასაც მაყურებლები სიმინდის კუნძულის   ნახვის შემდეგ უშვებენ, ჩემი აზრით, არის ის რომ ამ ფილმს უმალ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს უკავშირებენ.

აქ კონფლიქტი მეორეხარისხოვანია, ეგრეთ წოდებული “background story”-ია, ამიტომაც არის ასე გაკვრით ნაჩვენები, ძუნწი დიალოგებით, ამბავის ნაკლები განვითარებით, ვიცით რომ სადღაც ნისლში ჩაფლულ სანაპიროზე კონფლიქტის ერთი მხარეა, აქეთ კი მეორე. რეჟისორის ადგილას რომ ვყოფილიყავი, კონფლიქტის იდენტიფიკაციას საერთოდ არ მოვახდენდი და ფონად გლობალური კონფლიქტი იქნებოდა, ერთ მიწა-წყალზე ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, რასაც თითქმის ყველა ქვეყანაში შევხვდებით.

ამ შემთხვევაში კი, სიმინდის კუნძული მეტია ვიდრე ორი მხარის კონფლიქტი, ზოგადად ადამიანების კონფლიქტი.  ეს არის ადამიანის დროებითი სტუმრობა, არავის კუთვნილ მიწის ნაჭერზე. მიწის ნაჭერიც დროებითია, ასე ვთქვათ, ცოტა ხნით ათხოვა ბუნებამ ადამიანს, ძალიან ცოტა ხნით და თან ისე რომ ადამიანმა არც კი იცის, უკან როდის წაიღებს.  ამისთვის მას მუხლჩაუხრელი შრომა უწევს, ყოველწუთს, ყოველდღე; შესანიშნავი კადრებით, კომპოზიციით და ფერებით რეჟისორი სრულიად უხმოდ გვიჩვენებს ადამიანის შრომის ყოველდღიურობას, ბრძოლას სტიქიასთან, ბრძოლას გადარჩენისთვის –  ამ ნათხოვარ მიწის ნაკვეთზე, მან ხომ მთელი წლის სარჩო უნდა მოიპოვოს.

არავის კუთვნილი მიწის ნაგლეჯი პატარაა, თუმცა მდიდარი და ნოყიერი, არავინ უწყის რა სიღრმე აქვს, როდემდე გაუძლებს წვიმებს და ადიდებულ მდინარეს.

ბუნება გულუხვად აძლევს ადამიანს და დაუნდობლად ართმევს, მოულოდნელად, თითქოს სჯის, რომ რაღაც სწორად ვერ გააკეთა, თითქოს ნაკლები იშრომა, თითქოს ვერ მოასწრო.

ამის შემდეგ ისევ წრეზე მივდივართ, ისევ ვსინჯავთ ნიადაგს სხვის ნაკვალევზე, იქნებ კონფლიქტის ნიადაგსაც, რომლის მეორე მხარეც სადღაც ნისლში იმალება.

 

"სიმინდის კუნძული" რეჟისორი გიორგი ოვაშვილი

“სიმინდის კუნძული” რეჟისორი გიორგი ოვაშვილი 

როდის ვესტუმროთ ბათუმს

როდის ვესტუმროთ ბათუმს

უკვე მესამე წელია შვებულებას ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალს  ვამთხვევ, რომელიც აგერ უკვე მეცხრე წელია პაუზის გარეშე ტარდება.

გადატვირთულ-გადარბენითი გრაფიკის გამო, სტაბილურად ვერ ვახერხებ ახალი ფილმების ნახვას, მითუმეტეს საავტორო კინოს მიმართულებით. შესაბამისად შვებულების დამთხვევა ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე ჩემთვის იდეალური ვარიანტია.

მზე, კამკამა ზღვა, მშვიდი ქალაქი, ხანდახან წვიმა, დიდი დოზით კინო (5-6 სეანსი დღეში), მასტერკლასები, ვორქშოფები და ბევრი საინტერესო სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან – ეს არის სექტემბერი ბათუმში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ, თუ კი კინო გიყვართ.

რა არის საავტორო კინო

 საავტორო კინო  ეს არის დამოუკიდებელი კინოს  უფრო მეტად ღრმა და ინტელექტუალური მიმართულება, რომელიც განკუთვნილია არა ფართო მაყურებლისთვის, არამედ შედარებით ვიწრო წრისთვის. როგორც წესი ასეთი კინო არ არის გათვლილი მოგებაზე, ახასიათებს ხელოვნების ისეთი -თვისებები, რაც შორს დგას ჰოლივუდური თუ სხვა კომერციული კინოსგან. საავტორო კინო ეხმაურება სხვადასხვა სოციალურ თემატიკას, ეთნიკურ, რელიგიურ, გენდერულ და სხვა სახის პრობლემებს.

წლევანდელ ბიაფზე ისეთი რეჟისორების უახლეს საავტორო ნამუშევრებს ვნახავთ, როგორიცაა: კენ ლოუჩი, ლარს ფონ ტრიერი, ივან ტვერდოვსკი, ფარიდ ესლამი, ნური ბილგე ჯეილანი, ჟან-ლუკ გოდარი, ასევე ქართველი რეჟისორების ნანა ჯორჯაძის, ლევან კოღუაშვილის, თინათინ ყაჯრიშვილის, გიორგი ოვაშვილის, გიორგი ვარსიმაშვილის, დეა კულუმბეგაშვილის და სხვათა ახალ ნამუშევრებს.

თუ ეს სახელები ამოიცანით, გილოცავთ! ამ სახის კინოფესტივალები ზედგამოჭრილია თქვენთვის, თუ ვერ ამოიცანით, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი გაიგოთ რა არის კარგი კინო, ამისთვის შორს წასვლა კი ნამდვილად არ მოგიწევთ. 🙂

კენ ლოუჩის “ჯიმის დარბაზი’  

ჟან-ლუკ გოდარის “მშვიდობით ენავ” 

გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” 

ივან ი. ტვერდოვსკის “გამოსასწორებელი კლასი” 

ფარიდ ესლამის “ერთიანი სტამბოლი”