დაგვიანება იცით კაცებმა

ეპიზოდი I – მონადირე

– გამარჯობა, მიცანი?

– ვერა, ვერ გიცანი, რომელი ხარ?

– ჯგუფელები ვიყავით ბაღში, როგორ ვერ მიცანი, თმებს გწიწკნიდი, კუბიკებს გესროდი და შენს საჭმელს ვჭამდი, აღარ გახსოვს?

– პირიქით რომ გაგეკეთებინა, უფრო დამამახსოვრდებოდი ალბათ (სიცილი)

– მიყვარდი ბაღში

– ვა

– ახლახანს დავჯექი და დავფიქრდი რომ სულ შენ მიყვარდი, მთელი ეს წლები

– ახლა, ანუ 30 წლის შემდეგ? 

– კი, მიყვარხარ და მინდა რომ ერთად ვიყოთ

– მე არ მინდა, არ გიცნობ, არ ვიცი ვინ ხარ

– თავს იფასებ?

– არა, უბრალოდ არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ, მითუმეტეს არ მიყვარხარ და არც შენთან ყოფნა მინდა . . .

(უკვირს. თან ძალიან.)

– კარგი მაშინ ცოლს მოვიყვან.

– კარგი

(და მოყავს)

ასეთი დიალოგის კიდევ ბევრი ვერსია შემიძლია შემოგთავაზოთ, ბაღიდან, სკოლიდან, უნივერსიტეტიდან თუ ცხოვრების სხვა პერიოდებიდან; დასაწყისი, დასასრული თითქმის ერთნაირია ხოლმე, მხოლოდ ამბავის დრამატულობის დონე იკლებს ან მატულობს ხოლმე, ინდივიდუალურად. ყველაზე სევდიანი თითოეულ ამ ამბავში არის ის რომ, შენს უარს, პირობითად 30 წლის შემდეგ, მეორე მხარე იღებს როგორც თავის დაფასებას, “თავს იფასებ”, “მაწვალებ” და რაც ყველაზე სასაცილოა, იწყებენ ნადირობას, შტერები უფრო მეტად ვარდებიან ინტერესში და ერთი პროცენტითაც კი არ უშვებენ იმას რომ, გადაგინდა, გაცივდი, აღარ გიყვარს, სხვას ხვდები, აღარ გაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს ამდენი დრო გავიდა.

 

ეპიზოდი II – საჩოკი

როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ეს ეპიზოდი პირდაპირ ბმაშია წინა ეპიზოდთან, მაგრამ აქ უნდა გამოვყოთ საჩოკის რამდენიმე ქვეჯგუფი:

საჩოკი ნომერი 1 – ადამიანი, რომელიც 30 წელი (პირობითად) არ ჩანს, არ გაწუხებს, საერთოდ არ იცი მისი არსებობის შესახებ და ბოლოს სცენაზე გამოდის ანშლაგის და ბისზე გამოყვანის მოლოდინით ❤

საჩოკი ნომერი 2 – ადამიანი, რომელიც მუუუუუუუუდმივად შენს გვერდით არის, 24/7-ზე, ყველა დღე, ყველა წელი, არ გტოვებს არც ჭირში, არც ლხინში, მშვიდად ისმენს შენს სასიყვარულო ისტორიებს, გაძლევს რჩევებს, ოღონდ ისე კოხტად და მოქნილად, რომ თვითონაც ვერ ხვდება თავის მესაკუთრეობის, ეჭვიანობის და პოტენციური კონკურენტის თავიდან მოშორების აუტანლად მსუბუქ შტრიხებს ❤ და ვერასოდეს, ვერასოდეს ხვდება რა გითხრას, როდის გითხრას ან როგორ გითხრას.

(უმძიმესი შემთხვევა(ავტ. შენიშვნა)).

საჩოკი ნომერი 3 – ის შენს გვერდით არ არის, ის არის სადღაც, არც იცი სად, მაგრამ მან იცის შენი კონტაქტი, შენ იცი მისი, წლების ინტერვალით შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდეთ, ან მისი ან შენი ინიციატივით, გაგყვეს ცხოველების ბაზრობაზე და თეთრი ბაჭია გაყიდინოს ან რა ვიცი, სხვა რამე მსგავსი ჰეროიკული ნაბიჯი გადადგას. მოკლედ, ის არის, ის არსებობს, როგორც ჰამლეტის მამის აჩრდილი და როგორც კი მის სახელს ახსენებ, მაშინათვე შენთან გაჩნდება (ზღაპარივით).

(შემთხვევის სიმძიმე დაუდგენელია (ავტ. შენიშვნა))

 

ეპიზოდი III – დაუდეგარი საჩოკი

რასაკვირველია შესაძლებელი იყო ეს საჩოკი, საჩოკი ნომერი ოთხი ყოფილიყო, მაგრამ იმდენად გამოირჩევა რომ ცალკე ეპიზოდი დააკვდება.

ახლა აქ რა ხდება, აქ, თავიდანვე ორივემ იცით რომ იმას მოწონხარ, შენც მოგწონს, კარგად ხართ ერთად, დიდებულად, მაგრამ რაღაც პატარა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს: აი ამ მომენტში იცის რა უნდა, მაგრამ მეორე მომენტში აღარ იცის, ან აღარ ახსოვს. ერთ ადგილზე ვერ ისვენებს, ხან ვის მიასკდება, ხან ვის, თუმცა მუდმივად შენს გარშემო ტრიალებს, შენ ხომ ჯიბეში ჰყავხარ, სად წახვალ, არსად წამსვლელი შენ არ ხარ, ეს კარგად აქვს გათავისებული, და შენი მხრიდან მუდმივად აქვს მოთმინების, გაგებით მოკიდების და ლოიალურობის იმედი.

ეპიზოდი IV – წარსულის აჩრდილებთან მებრძოლები

მებრძოლი, ერთი შეხედვით გაუტეხელი სულის პატრონი, მუხას რომ მოგლეჯს და სად ჯანდაბაში წაიღოს რომ არ იცის, სულს ამოიღებს შენი გულისთვის, გორასაც ძვრას უზამს, პირამიდას დაეტაკება თავით, ევერესტზე ავა და ჩამოვა, უკვდავების წყალზე გაგეგზავნება, რომანტიკულ ვახშამსაც მოგიწყობს, ისეთ ადგილას, რასაც ახლა მარტო ჩემი ფანტაზიით ვერ ვიგონებ, მაგრამ აი, მუხთალი როა წუთისოფელი, წარსულის აჩრდილებს ვერაფერს უხერხებს, მოკალი და ვერ.

– აი საშინელი გამოცდილება მქონდა, ვერ გავრისკავ  

– აი ვერ დავიწყებ სერიოზულ ურთიერთობას, მეშინია პასუხისმგებლობების

(და თავისი მოტანილი სტენკა ისევ სახლში წაიღო)

– აი ბოდიში რო შეგაწუხე მარა სხვა მიყვარს რა

– აი ცოლი მყავდა აკვნიდან და ახლა იგივეს ვერ გავიმეორებ

– მიყვარხარ მაგრამ მეშინია, შენმა წინამორბედმა მიღალატა

(წინამორბედს დაშორდა ასე ხუთი წლის წინ – ავტ. შენიშვნა)

ციტატები შემიძლია კიდევ გავაგრძელო, მეტი დრამა შემოვიტანო, ასევე გაითვალისწინეთ რომ თუ ძალიან “გაგიმართლათ” წარსულთან მებრძოლი აჩრდილი შეიძლება იყოს საჩოკი და არა ისეთი, როგორიც აღვწერე.

და ბოლოს, ისევ დაბრუნდით პოსტის დასაწყისში და გადახედეთ პირველ დიალოგს, ეპიზოდების შესაბამისად. :დ  

 

 

Advertisements