გზა სამშობიარო სახლიდან სიქრით სანტამდე, შუაში ტორტებით

საჩუქარი და შესაბამისად ყურადღება ორივე მხარისთვის – გამცემისთვისაც და მიმღებისთვისაც სასიამოვნო პროცესია, იქამდე სანამ ეს ვალდებულებად, იძულებად და ყოველწლიურ ლოდად ქცეულ რუტინად არ იქცევა.

თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი სკოლიდან იწყება, ცდებით. ყველაფერი იწყება სამშობიარო სახლიდან, სადაც ჯერ ექთნებს და ექიმებს მარხავთ ძღვენში, რათა თქვენს ახალდაბადებულ შვილს „მეტი ყურადღება“ მიაქციონ, „რამე არ დააკლონ“ – პალატაში უფრო მეტჯერ შემოგიყვანონ ვიდრე გათვალისწინებულია.

შემდეგ ამბავი გრძელდება საბავშვო ბაღში, ზეიმის ფულის შეგროვება, რვა მარტს, სამ მარტს მასწავლებლების საჩუქრები, მასწავლებლების დაბადების დღეები და ა.შ. ამ ყველაფერს 90-იანებში შეშის და ჩატეხილი შუშების ფული ემატებოდა.

სკოლაშიც იგივე სურათი, აბა, მასწავლებელს პატივი ხომ უნდა ვცეთ, გამოიდებდა თავს რომელიმე მასწავლებელთან დაახლოებული ან დაახლოების მოსურნე მშობელი, სხვა მშობლებიც, ყოველ შემთხვევაში მათი უმრავლესობა არ ჩამორჩენის და კარგი სოციალური სტატუსის დაფიქსირების მიზნით უკან არ იხევდა, მიუხედავად იმისა ჰქონდათ თუ არა მათ ამის საშუალება.თუ არ დადებდი ფულს, იჩაგრებოდა ბავშვიც და თქვენ წარმოიდგინეთ მშობელიც დაცინვის მსხვერპლი ხდებოდა.

სიტუაცია უფრო რთულდება, როდესა ოჯახში 2-3 ან მეტი ბავშვი დადის სკოლაში. აქაც, სხვა ყველაფერს, 90-იანებში შეშის, ჩატეხილი შუშის და ფონდის ფული ემატებოდა.

მტერს და ავს თუ სკოლის გარდა სხვაგანაც დადიოდი, მაგალითად ცეკვაზე ან საერთო სავალდებულო გაწვევით მუსიკალურ შვიდწლედში. გაკვეთილის მიმდინარეობისას, კართან მომლოდინე მშობლები განსაკუთრებულად საშიშ სიმბიოზს ქმნიდნენ, ისინი მუდმივად ელოდნენ მსხვერპლს გასაჯიჯგნად იქვე თუ გრძელვადიან პერიოდში.  არავის აინტერესებდა ვის უჭირდა, ჰქონდათ თუ არა საშუალება, ამას არავინ კითხულობდა. მთავარი იყო ძღვენი პედაგოგებისთვის, რომელსაც სიხარულით და ბედნიერებით აცახცახებულები მიიტანდნენ სკოლაში თუ სადმე სხვაგან.

თითქოს ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ლიბერალზე წავიკითხეთ სკოლის მოსწავლეს როგორ არ აჭამეს ერთი ნაჭერი ტორტი, იმის გამო რომ მშობელმა მასწავლებლისთვის განკუთვნილი ტორტის ფული არ დადო.

ერთხელ თამარა ბაბო გამყვა ცეკვაზე, ქიზიყელი ქალია, პირდაპირი, მშობლების სინდიკატის საშუალებით გაიგო რომ ორ ცეკვაში სოლოს მიმატებდნენ და შესაბამისად განსხვავებული კაბები უნდა შემეკერა. ბაბომ, „არ გვაქვს მაგის საშუალება, ვერ შევუკერავთ განსხვავებულ კაბებსო“ – კაი ხანს ეყოთ რეპლიკებად ბაბოს ნათქვამი.

ამის გარდა, სტატუსების მიხედვით, კლასიც და შესაბამისად მშობლებიც იყოფოდნენ გადამხდელებად და არ ან ვერ გადამხდელებად და იმის მიხედვით მოდიოდა შენამდე ამბები ამა თუ იმ საკითხზე ფულის შეგროვებისა.

ასე მაგალითად, არშეხვედრილ ტორტის ნაჭერზე გამახსენდა, ერთხელ ცეკვის სტუდიაში ფოტოგრაფი მოიყვანეს, 90-იანი წლების დასაწყისია, გადაგვიღეს ფოტოები. არ ვიცოდით ვინ მოიყვანა მასწავლებელმა, მშობელმა, თუ რამე გაზეთიდან იყვნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, სინდიკატის მცირე ნაწილი ჩუმად ათვალიერებდა ფოტოებს. ჰო, ფოტო არ შემხვდა.

გადავედით უნივერსიტეტში, აქ სიტუაცია ისეთი რთული არ არის, მშობლების სინდიკატი კარს ფიზიკურად მოშორებულია, მაგრამ შემორჩენილია მექრთამე-ლექტორების კატეგორია. ერთ-ერთ გამოცდაზე ხინკალი შეგვიკვეთა ოფიციალურად, რამდენიმე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ როდესაც მთელი კურსის ბედი ხინკალზე კიდია, ვეღარ შეეწინააღმდეგები. ასეთ დროს საჭიროა 100%-იანი წინააღმდეგობა და მთელ კურსს ხომ არ ჩააგდებდა? მოკლედ, ამოვიტანეთ ხინკალი, სიჩქარეში კიბეებზე დაგვეყარა ნაწილი და ისევ ავკრიფეთ, დავალაგეთ სინზე. შენიშვნა მოგვცა, რამდენი პილპილი წაგიყრიათო. :დ

ასევე, ლეგენდების დონეზე მაინც გვახსოვს ჩათვლის წიგნაკებში ჩადებული ფული, გამოცდებზე გოჭებით და ხაჭაპურებით სირბილი და რესტორნის დახურვით დაცული დისერტაციები.

ახლა, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მავნებლობა შეაჯამეთ, გადაამუშავეთ და გადავიდეთ სამსახურში, სადაც უნდა ასიამოვნო უფროსს, თანამშრომლებს და ახლა უკვე საახალწლოდ სიქრით სანტას მადლიც მოისხა. 10-დან 9 შემთხვევაში პროცესი ვალდებულებითი ხასიათისაა, არ გააკეთებ და გაირიცხები კასტიდან, წრიდან, დაკარგავ სოციალურ სტატუსს, თანამშრომლები ამრეზით, დაცინვით გიყურებენ – ამიტომ შენც დგები და იხდი ამ ყველაფრის სანაცვლოდ, მერე რა რომ მთელი ხელფასის დატოვება მოგიწიოს სამსახურში, ზოგჯერ შეიძლება ფულის სესხებაც დაგჭირდეს – სამაგიეროდ სტატუსი გაქვს.

შესაბამისად, ყველა ვინც უკანასკნელ ფანჩარს იბრდღვნით და ფულს დებთ, საჩუქარს ყიდულობთ იძულებით და ვალდებულებით, თითო აგურს დებთ ამ განუკითხაობაში და მახინჯი “ტრადიციის” შენარჩუნებაში. თქვენი ბრალია იმ ბავშვს რომ ტორტი არ შეხვდა.

 

და ბოლოს,  კითხვა მაქვს: სტატუსი თუ ტორტი?

 

19 წერილი ქუცნას – მატარებელი

მგონი ჩანაფიქრმა გაამართლა და საწადელს მივაღწიე – ჩემმა ბოლო, ცარიელმა წერილმა თავისი საქმე გააკეთა. საფოსტო ყუთში ერთი მუდმივად წაუკითხავი წერილი მაქვს, რომელსაც ვერ ვპოულობ, თუმცა ვიცი რომ შენ ხარ, ხელი წაგიცდა და გამოაგზავნე. არა უშავს, ვნახავ ოდესმე, მთავარია რომ ნავსი გატყდა და მე დაუსრულებლად აღარ ველოდები შენგან წერილებს.

ვიცი ძალიან არ გიყვარს როცა ქალებზე გელაპარაკები ხოლმე, მაგრამ ვის თუ არა შენ უნდა გავუზიარო ჩემი აზრები, რომელიც ჩემდა უნებურად ამყვებიან ხოლმე ხან წიგნის, ხან ფილმის და ხან რეალობის გადამკიდე.

ქალი – მსხვერპლი, გაგიგია ასეთი რამ ქუც? რაც არ უნდა ნაწარმოები გაგვევლო სკოლაში, მთავარი თემა ყველგან გმირ ქალთა სახეები იყო, აი მსხვერპლ ქალთა სახეებზე კი არასოდეს დამიწერია რამე.

ქუც, დეიდა ტულას იცნობ? უნამუნოს დეიდა ტულას? აი ზუსტად ახლა დავასრულე კითხვა და უამრავი ასეთი ქალი დამიდგა თვალწინ, რომელსაც რეალურად ვიცნობ. საზოგადოების თვალში ასეთი ქალი მსხვერპლად გამოიყურება, საწყალი, გაუთხოვარი თუ შინაბერა, უბედური რომელიც თავის წილ ბედნიერებას ვერ ეღირსა და სხვის შვილებს შეამსხვრია მთელი ახალგაზრდობა; უბედური რომელსაც მოხუცი დედ-მამის მოვლაში ამოხდა სული; და არასოდეს, არავინ ფიქრობს და უშვებს იმას, რომ ეს შეიძლება ამ ადამიანის არჩევანი იყოს, მისი მკაცრი გადაწყვეტილება, ცხოვრების მიზანი მხარში ამოუდგეს და დაეხმაროს მისთვის ძვირფას ადამიანებს და სულაც არ თვლიდეს თავს მსხვერპლად, უბედურად და განწირულად, არამედ პირიქით – აი ზუსტად ისეთი, როგორიც არის უნამუნოს დეიდა ტულა, ძლიერი, მოსიყვარულე, ერთგული, თუმცა ზოგჯერ ცოტა ეგოისტიც.

ანა კი ახალმა ფილმმა გამახსენა; მასზე ჯერ კიდევ მაშინ გესაუბრე, როდესაც გუდამაყარში ვისვენებდი ერთ მშვენიერ ზაფხულს, გახსოვს ქუც, რა კარგი დრო იყო? მაშინ პირველად წავიკითხე,  პირველი შთაბეჭდილება ვერ იყო ისეთი მყარი, ან კი როგორ იქნებოდა იმ ბავშვისთვის, რომელსაც მატარებელი ჯერ კიდევ, უბრალოდ მატარებელი ეგონა, რომელსაც პატარა გოგონა ზაფხულობით ბებიასთან მიყავდა სოფელში.

მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, მატარებლის კონტურები უფრო გამოიკვეთა და ჩვენც მივხვდით, რომ ანას თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს. ანა მოკლეს ადამიანებმა, ხალხმა, საზოგადოებამ. სხვას რას უნდა შეადარო საზოგადოება, თუ არა ჩაშავებულ, ჩაკირულ, გაყინულ მატარებელს, რომელიც შეუჩერებლად მოძრაობს, არ ელევა მამოძრავებელი ძალა; მატარებელს, რომელიც გადაგივლის ნებისმიერ დროს, ჩაგბურჯღნის და აგქნის ასო-ასო, ისე რომ ვეღარასოდეს გაიგებ რას ან ვის გადაუარა, როგორი იყო მის პირვანდელი სახე . . .

ესეც ჩაივლის, ჩაივლის და ისევ მატარებელი გვეტყვის რომ ვიღაც ბორბლებს ჩაუვარდა, ვიღაცამ თავი მოიკლა . . .

ოჰ, ეს მსხვერპლი

ეს საწყალი

ეს თავისი თავის მტერი . . .

და ასეა მუდამ

ვერ იგებ სად არის პირველი და სად ბოლო გაჩერება ქუც, დავდივართ წრეზე, მე, შენ და მატარებელი.