წყლის მომწოდებელი

მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვხუმრობთ კიბოზე. მე და ჩემი კიბოიანი მეგობრებიც. ცრემლებამდე ვიცინით ხოლმე, ისტერიკულად, გაუჩერებლად, იუმორის და სისხარტის პიკში და ალბათ ეს ზუსტად ის არის, რაც გაგვიყვანს ნებისმიერი ტკივილიდან, ერთგვარი ანესთეზიაა, რომელიც გულს და ტვინს გვიყუჩებს და გვაიძულებს არ ვიფიქროთ ან ისე ღრმად არ ვიფიქროთ სიკვდილზე აქ და ახლა მაინც.

ჩვენ ყველანი შვილები ვართ, ზოგს ისეთი ლაღი და დალხენილი ცხოვრება აქვს, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობაც არ აუღია, ონკანიდან წყალსაც ვერ დალევს დამოუკიდებლად. ერთობა, ტკბება იმ ცხოვრებით, რომელიც მას სპეციალურად მისთვის შექმნეს მშობლებმა და გარშემომყოფებმა.

“ჩემი ნაბოლარა, სიბერეში წყლის მომწოდებელი, ავად რომ გავხდები ხომ მომივლი”, რამდენჯერ მსმენია ეს სიტყვები, ბავშვობიდან რომ გაკერებენ მშობლები, გკიდებენ ვალდებულებას და მიზანმიმართულად, ეგოისტურად ბლოკავენ შენს თავისუფლებას.

ჯოშ მონდის ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა ბიჭია, ერთობა როგორც შეუძლია, კლუბები, სასმელი, მეგობრები, არ მუშაობს, თუმცა ეძებს სამსახურს. ერთ დღესაც აღმოჩნდება რომ დედა, რომელიც სიგიჟემდე უყვარს, მძიმე ავადმყოფია, დიაგნოზი – მეოთხე სტადიის კიბო. დედა ხელით სატარებელია, საპირფარეშოში, აბაზანაში, წყალს კი მიაწოდებ, მაგრამ დალევა უჭირს, ნერვული შეტევები აქვს. მომაკვდავია. საავადმყოფოშიც არ ტოვებენ. ლოგინი არ აქვთ მომაკვდავისთვის. ჯეიმსის ახალგაზრდული ენერგია, შემართება და ოპტიმიზმი ეჯახება დედის უძლურებას და ფარხმალის დაყრას. შვილი მოუმზადებელია ასეთი მასშტაბების შეჯახებისთვის, ტკივილისთვის, დაკარგვისთვის, საკუთარ ახალგაზრდობაზე, გართობაზე, მეგობრებზე უარის თქმისთვის და საყვარელ ადამიანზე პასუხისმგებლობის აღებისთვის.

ამ დროს კვდება იუმორიც, ოცნებაც პარიზში ცხოვრებაზე და ერთადერთი, რაც გატკბობს და სულს გიამებს, მოგონებებია, რომელიც ერთად შექმენით განვლილი ცხოვრების მანძილზე.

რაც გვკლავს, ის გვაძლიერებს.  

კადრი ბიაფის საკონკურსო მხატვრული ფილმიდან "ჯეიმს უაითი"

კადრი ბიაფის საკონკურსო მხატვრული ფილმიდან “ჯეიმს უაითი”

ვინ აღმოაჩინა თქვენი ნიჭი?

გახსოვთ ვინ იყო თქვენი პირველი მასწავლებელი ან ვინ აღმოაჩინა თქვენში პირველი ინტერესი, მიდრეკილება თუ ნიჭი? ხშირად ეს პირველი მასწავლებელია, მშობელი ან ბებია-ბაბუა. თუმცა შეიძლება საერთოდ არ გაგიმართლოთ და არავინ მიაქციოს ყურადღება თქვენს ინტერესებს, ან არავინ იყოს თქვენს გარშემო ისეთი, ვინც ამას დაინახავს.

ისრაელის ფილმში “ბაღის მასწავლებელი” , სწორედ მსგავსი ამბავია მოთხრობილი. პატარა იოავის დედ-მამა ეს-ეს არის გაშორდნენ ერთმანეთს, ბავშვი გულჩათხრობილი და მოწყენილია. იოავს ჰყავს ძიძა, რომელიც გამუდმებით ქასთინგებზე ფიქრობს და მამა, რომელიც ჩაფლულია რესტორნების ბიზნესში. არავის სცალია იოავისთვის, გარდა ნირასი, ბაღის მასწავლებლისა.

Maestra

ბავშვი განსაკუთრებული პოეტური ნიჭით გამოირჩევა, პერიოდულად, ზეპირად, ხმამაღლა იწყებს ლექსების თხზვას. რასაკვირველია , ნირას ეს შეუმჩნეველი არ რჩება და ეკითხება ძიძას, როგორც აღმოჩნდა, ძიძა მის ლექსებს იპარავს და ქასთინგებზე კითხულობს. არც მამაა საქმის კურსში, თუმცა მას შემდეგ რაც ნირა მოუყვება ამის შესახებ და სთხოვს რომ ბავშვს სათანადო ყურადღება მიაქციოს, გამაოგნებელ პასუხს იღებს მამისგან, “რაში გამოადგება ლექსები, წერა, პოეტობა . . ” მას სხვა გეგმები ჰქონდა შვილთან დაკავშირებით.  თუმცა არავის აპატიებს რაიმეს, თუნდაც ლექსის მოპარვას და ძიძას სამსახურიდან ათავისუფლებს.

ნირა უკვე ავადმყოფურად განიცდის ბავშვის ნიჭისადმი ადამიანების ინდიფერენტულობას, შეპყრობილია იოავის პოეტურობით და დარდობს რომ მის ნიჭს ოდესღაც განადგურება ემუქრება. ბავშვის ნიჭის დაცვა, ერთი შეხედვით მშვიდ და გაწონასწორებულ ბაღის მასწავლებელს უკვე პარანოიაში გადადის, იმდენად რომ ამას უკვე იოავიც ხვდება.

აი ასე მარტივად შესაძლებელია ნიჭის დაცვა და ყურადღება სრულ ისტერიაში გადაიზარდოს, ბაღის მასწავლებლის ადგილას შეგვიძლია განვიხილოთ ასევე მშობელიც, ბებია-ბაბუაც, სკოლის მასწავლებელიც და ძიძა, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ ამ “ნიჭების” აღმოჩენას ბავშვში, ხშირად ეს ნიჭი და ინტერესი ცხადია არ არსებობს და გამუდმებით აიძულებენ ბავშვს რაღაც ისწავლოს, შეითვისოს და საბოლოოდ დააჯერონ საკუთარ თავსაც და ბავშვსაც რომ ის განსაკუთრებულია, ყველასგან გამორჩეულია და სასათბურე პირობებს უქმნიან თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე, რასაკვირველია თუ იოავის მსგავსად დროულად არ მიხვდა და არ გააპროტესტა.

——–

ნადავ ლაპიდის ფილმი “ბაღის მასწავლებელი” მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციიდან

 საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე

 

 

რაც მამას უნდა

თეძოების რხევა, ირლანდიისთვის უცხო ამერიკული ჯაზის რიტმებზე – ეს გარყვნილებაა, დარბაზის გახსნა ცეკვებისთვის, ხატვის, მუსიკის წრეებისთვის, საუბრებისთვის და აზრთა გაცვლა-გამოცვლისვის კი უბრალოდ ძალიან საშიშია.

ყველაფერი უცხო საშიშია. უცხოს უნდა მოვერიდოთ, არ გავეცნოთ, საფრთხის მომტანია. ხშირად მეჩვენება რომ ქართულ ენაშიც რაღაცნაირად ზედმეტად ხშირად და თან უადგილოდ ვიყენებთ ხოლმე ამ სიტყვას. ალტერნატივაც ვერ მოვიფიქრე. ცნობა ეძლევა “უცხო ქვეყნის” მოქალაქეს – რა უხეშად ხვდება ყურს, პირდაპირ ქვეყანა რომ მიეთითოს არ შეიძლება? ან “საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანისთვის ჯილდო გადაეცემა . . .”  აქაც არ შეიძლება პირდაპირ ენა დაასახელონ?

ნაცნობი სიტყვის ჩანაცვლება “უცხო”-თი, რაღაცნაირად გვაშორებს ამ სიტყვასთან, გვაუცხოებს და გვაშინებს.

მამას ეშინია. მამას არ სურს დარბაზის არსებობა. ის თვლის რომ ეკლესიიდან წამოსული განათლება საკმარისია და სხვა ყველაფერი ზედმეტი და საფრთხის შემცველია.

ერთხელ უკვე გაძევებული და ამერიკიდან ახალდაბრუნებული ჯეიმს გარლტონი, სერიოზული პრობლემაა სულიერი მამისთვის და მდიდარი მემამულეებისთვის. სოფელში გამეფებულ სიღარიბეს, ახალმოხნული მიწის სურნელს აზროვნების ნოტები შეპარვია.

დარბაზის გახსნიდან პირველივე ქადაგებაზე, სულიერი მამა ასახელებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესტუმრნენ დარბაზს, არცხვენენ საზოგადოებას, საკუთარ ოჯახებს და გარყვნილებაში ეფლობიან. დარბაზი ეშმაკეულია.

ეს ამბები ირლანდიაში ხდებოდა 30-იან წლებში. სწორედ ამას გვიყვება კენ ლოუჩის ფილმი “ჯიმის დარბაზი”, რომელიც კინოფესტივალზე  ვნახე, ბათუმში.

ფილმის ნახვის შემდეგ ბევრი ასოციაცია გამიჩნდა და ბევრი შტრიხი გავაიგივე ჩვენს დღევანდელ რეალობასთან. სამწუხაროდ.

რა უნდა მამას? როგორ უნდა მამას? და რატომ არის მამა? . . . . კითხვები არ უნდა გებადებოდესო, თუმცა ვერ ისვენებენ და ეს და სხვა მრავალი კითხვა მიტრიალებს ხოლმე თავში.

ამ რამდენიმე ხნის წინ, კაზანტიპზე თეძოს გაქნევა და მუსიკის მოსმენა იყო დიდი გარყვნილება, ანაკლია-განმუხურის დაკარგვით იმუქრებოდნენ. მამას არ უნდოდა კაზანტიპი.

ხან სუნამოა ეშმაკეული, ხან კრიმინალზე არ უნდა ვისაუბროთ, ხან საზღვარგარეთ არ უნდა წავიდეთ სასწავლებლად, ხან ეს და ხან ის არ უნდა მამას.

ფილმის დასასრულს ყველაფერი ისე ხდება როგორც მამას უნდა, თუმცა რასაკვირველია რჩება და ჩნდება იმედი, სულ პაწაწინა სინათლე, უშრეტი და მზარდი ენერგიის წყაროთი, ენერგიული ახალგაზრდებით, შემტევი თაობით.

უცხო სუნელსაც აქვს თავისი სახელი – ულუმბო ჰქვია.

თავისუფალი მონა

ვინ ხარ შენ?

გგონია რომ თავისუფალი არსება ხარ, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება, რასაც უნდა აკეთებს, როცა უნდა აკეთებს, არ გადაიხდის გადასახადებს, ან გადაიხდის, არ იყიდის სახლს თუ ღია ცისქვეშ იცხოვრებს. ავტოსტოპით იმოგზაურებს თუ მანქანას იყიდის, სადაც ყოველდღე ბენზინს ჩაასხამს და სამსახურში ივლის.

სამსახურში ივლის და იმუშავებს ვირივით, იმისთვის რათა ნაყიდ მანქანაში ჩაასხას ბენზინი, დარეკოს ტელეფონზე, იყიდოს ძონძები, ააშენოს სახლი, მოიშენოს კიდევ ერთი სახლი, ააშენოს ტერასა, რომელიც არაფერში სჭირდება, იყიდოს უამრავი ნაგავი, რომელიც ყოველწელს იცვლება და ახალი გამოდის. შენც ყიდულობ, აახლებ, მერე რა რომ სულ არ გჭირდება.  ეს ერთი მხარეა.

მეორე მხარეა, როდესაც კვლავ მუშაობ ვირივით ან უფრო მეტადაც, შენი შემოსავალი არაფერს ჰყოფნის, გიწევს დამატებითი სამუშაოს შოვნა ან არსებული სამუშაოს შენარჩუნება ხან ცეცხლით და ხანაც შუბლის ძარღვის გაწყვეტამდე. არ გაქვს მუდმივი კონტრაქტი, ზიხარ ეკლებზე, გყავს შვილები უამრავი გადაუდებელი საჭიროებით, იხდი სახლის ქირას და მუდმივად გეშინია არ დაკარგო სამსახური.

ორივე შემთხვევაში შენს გარშემო გამეფებული არასწორი მენეჯმენტის, კანონების, დამოკიდებულების, სახელმწიფო პოლიტიკის მონა ხარ და ასევე იმ ნაგავის, რომელიც ყოველწელს იცვლება და ახალი გამოდის.

იწყება დეპრესია. ძნელია დეპრესიასთან ბრძოლა, ისევე როგორც იმ მენეჯმენტთან ბრძოლა, რომელსაც 17 თანამშრომელი ჰყავს და შენი ავადმყოფობის შემდეგ მიხვდა, რომ 16 თანამშრომელიც მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. შენ არავის სჭირდები. შენ უკვე ეჭვი გეპარება საკუთარ არსებობაში.

ბიაფის ფარგლებში ნაჩვენები ძმები დარდენების ახალ ფილმში, მარიონ კოტიარის გმირს, ორი ღამე და ერთი დღე აქვს, რათა დაარწმუნოს თავისი თანამშრომლები, უარი თქვან მისი გაგდების სანაცვლოდ გაცემულ ერთჯერად, 1000 ევროიან პრემიაზე. ზოგს ახალი ტერასა აქვს დასამთავრებელი, ზოგს მშიერი ბავშვი უჭყავის შინ, 1000 ევროზე უარის თქმა ძალიან ძნელია, ასეთ ძაღლივით ენაგადმოგდებულ ცხოვრების ორომტრიალში.

თუ თავისუფლებას ასე გავიგებთ, თანამედროვე მონები ასეთი თავისუფლები ვართ.

კადრი ფილმიდან “ორი ღამე, ერთი დღე”

შედუღებული კარი

ხიდჩატეხილობის პრობლემას ამ ხანებზე შედუღებული კარის  პრობლემაც დაემატა. კარი რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა სკოლაში გადის და მშობლებს შედარებით კომფორტულად შეჰყავთ შვილები, ახლოს მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებმა შეადუღეს. მიზეზი სხვადასხვაა. ზოგი ამბობს რომ პარკინგის პრობლემაა და ეზო ივსება, ზოგი ამბობს რომ არ სურთ “ასეთმა ბავშვებმა” მათ ეზოზე გაიარონ.

ორივე შემთხვევა პრობლემაა. თუ პარკინგის პრობლემის გამო შეადუღეს კარი, რატომ ვერ მოაგვარა სკოლამ/მშობლებმა და მეზობლებმა ერთობლივად ალტერნატიული პარკინგის საკითხი, რატომ არ დააყენეს ეს საკითხი აქამდე, უფრო სერიოზულად და ხმაურიანად, მითუმეტეს როდესაც სპეციალური საჭიროების სკოლაზეა საუბარი. ხოლო თუ ამას ემატება დისკრიმინაციული დამოკიდებულებაც “ასეთმა ბავშვებმა” რომ მათ ეზოზე არ გაიარონ – ეს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა, ადამიანებში გაბატონებულ სიძულვილთან, სიბრალულთან, ინფორმაციის არ ქონასთან ბრძოლა ძალიან რთულია და დიდ დროს მოითხოვს. ამ პრობლემის მოგვარებას კი როგორც ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფლაერების დარიგება, 2-3 დღიანი ტრენინგების ჩატარება და მოვალეობის მოხდის მიზნით გადაღებული სატელევიზიო რგოლები არ შველის. ეს მხოლოდ წლიურ ან თვიურ ანგარიშში “პწიჩკების” დასასმელად თუ გამოადგებათ.

“თქვენი ეტლის ბორბლები იატაკს სვრის, დავიღალე წმენდით და თქვენი დევნით” – ეუბნება ანჩხლი დამლაგებელი, მოსწავლე გოგონას, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლაში, ფილმში  “გამოსასწორებელი კლასი” .  ამავე სკოლაში არ არის პანდუსები ზედა სართულებზე, ხოლო სკოლის შესასვლელში დამონტაჟებული რკინის ორი რელსის გამოყენება სრულიად შეუძლებელია. ლენას კლასელები ეხმარებიან სკოლაში შესვლისას, ყოველ დილას გადმოჰყავთ ეტლიდან და ცალ-ცალკე შეჰყავთ სკოლაში.

აქ არაფერ შუაშია სიბრალული. არავის არ სჭირდება თქვენი სიბრალული, ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელშეწყობა ელემენტარულ საჭიროებებში: თავისუფალ გადაადგილებაში, განათლების მიღებაში და მიღებული ცოდნით და განათლებით საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში, სწორედ ისე როგორც ამას შეძლებდა ნებისმიერი თქვენგანი, მიუხედავად შესაძლებლობისა თუ შეუძლებლობისა.

კარი უნდა გაიხსნას. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რის გამო შედუღდა, ნებისმიერი მიზეზი ამაზრზენი და დამთრგუნველია ყველა ადამიანისთვის. იზოლაცია კარგს არაფერს მოიტანს, კარი უნდა გაიხსნას რათა ერთმანეთი უკეთესად დავინახოთ, გავიცნოთ და შევიცნოთ, მხოლოდ ასე თუ დავამარცხებთ სიძულვილს და სიბრალულს.

კადრი ფილმიდან “გამოსასწორებელი კლასი” – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დოკუმენტური სექცია

ენდრიუ ვიალის მასტერკლასი

ყოველწლიურად ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში თემატური მასტერკლასები და ვორქშოფებიც ტარდება. მასტერკლასებს და ვორქშოფებს როგორც წესი ატარებენ ის რეჟისორები, მსახიობები და პროდიუსერები, რომლებიც ბიაფს სხვადასხვა სტატუსით ესწრებიან.  ერთ-ერთი ასეთია ფილმმეიქერი და მსახიობი ენდრიუ ვიალი , წლევანდელი ჟიურის წევრი.

უნდა ვაღიარო რომ მისი ე.წ. ფილმებით ვერ მოვიხიბლე, თუმცა ვორქშოფი საინტერესო იყო იმით რომ სრულიად ექსპრომტად, სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების დამსწრეებმა მინი სცენები გაითამაშეს, სპონტანური დიალოგებით და მიმართულებით, რაც იქვე გადავიღეთ კიდეც.

ვორქშოფის ძირითადი ფოკუსი იყო ვიდეოს/მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება ნებისმიერი, თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით, დაწყებული კომპიუტერის ვებკამერით, მობილური კამერით, ე.წ. სასაპნეებით, დამთავრებული პროფესიონალური კინოკამერებით.

 

ფოტოები და სკეტჩის ვიდეო მასტერკლასიდან 

 

 

20140916-20140916-DSC_5001

 

20140916-20140916-DSC_4963

 

20140916-20140916-DSC_4981

 

 

 

როდის ვესტუმროთ ბათუმს

როდის ვესტუმროთ ბათუმს

უკვე მესამე წელია შვებულებას ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალს  ვამთხვევ, რომელიც აგერ უკვე მეცხრე წელია პაუზის გარეშე ტარდება.

გადატვირთულ-გადარბენითი გრაფიკის გამო, სტაბილურად ვერ ვახერხებ ახალი ფილმების ნახვას, მითუმეტეს საავტორო კინოს მიმართულებით. შესაბამისად შვებულების დამთხვევა ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე ჩემთვის იდეალური ვარიანტია.

მზე, კამკამა ზღვა, მშვიდი ქალაქი, ხანდახან წვიმა, დიდი დოზით კინო (5-6 სეანსი დღეში), მასტერკლასები, ვორქშოფები და ბევრი საინტერესო სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან – ეს არის სექტემბერი ბათუმში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ, თუ კი კინო გიყვართ.

რა არის საავტორო კინო

 საავტორო კინო  ეს არის დამოუკიდებელი კინოს  უფრო მეტად ღრმა და ინტელექტუალური მიმართულება, რომელიც განკუთვნილია არა ფართო მაყურებლისთვის, არამედ შედარებით ვიწრო წრისთვის. როგორც წესი ასეთი კინო არ არის გათვლილი მოგებაზე, ახასიათებს ხელოვნების ისეთი -თვისებები, რაც შორს დგას ჰოლივუდური თუ სხვა კომერციული კინოსგან. საავტორო კინო ეხმაურება სხვადასხვა სოციალურ თემატიკას, ეთნიკურ, რელიგიურ, გენდერულ და სხვა სახის პრობლემებს.

წლევანდელ ბიაფზე ისეთი რეჟისორების უახლეს საავტორო ნამუშევრებს ვნახავთ, როგორიცაა: კენ ლოუჩი, ლარს ფონ ტრიერი, ივან ტვერდოვსკი, ფარიდ ესლამი, ნური ბილგე ჯეილანი, ჟან-ლუკ გოდარი, ასევე ქართველი რეჟისორების ნანა ჯორჯაძის, ლევან კოღუაშვილის, თინათინ ყაჯრიშვილის, გიორგი ოვაშვილის, გიორგი ვარსიმაშვილის, დეა კულუმბეგაშვილის და სხვათა ახალ ნამუშევრებს.

თუ ეს სახელები ამოიცანით, გილოცავთ! ამ სახის კინოფესტივალები ზედგამოჭრილია თქვენთვის, თუ ვერ ამოიცანით, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი გაიგოთ რა არის კარგი კინო, ამისთვის შორს წასვლა კი ნამდვილად არ მოგიწევთ. 🙂

კენ ლოუჩის “ჯიმის დარბაზი’  

ჟან-ლუკ გოდარის “მშვიდობით ენავ” 

გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” 

ივან ი. ტვერდოვსკის “გამოსასწორებელი კლასი” 

ფარიდ ესლამის “ერთიანი სტამბოლი” 

დოკუმენტური კინემატოგრაფიის ვორქშოფი

POSTCODE FILMS-ის  და BIAFF-ის მიერ ბრიტანეთის საბჭოს“ მხარდაჭერით განხორციელდა ერთობლივი პროექტი  KINO FUTURES, რომლის ფარგლებშიც ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში Postcode films-ის 5 დღიანი დოკუმენტური კინემატოგრაფიის ვორქშოფი ჩატარდა, ტრენერების ჯემი ტეილორის და ელჰუმ შაკერიფარის ხელმძღვანელობით; ვორქშოფი მოიცავდა შემდეგ მოდულებს:

1) მასალის ფითჩინგი საწარმოო პანელის წინაშე (ფრანგი და თურქი პროდიუსერების გარდა პანელში ასევე იყო რეჟისორი თინათინ გურჩიანი)

2) თინათინ გურჩიანის მასტერკლასი

3) მარინა რაზბეჟკინას მასტერკლასი

4) ფესტივალის ფილმებზე დასწრება

ცხადია, ამ მოდულების პარალელურად, მიმდინარეობს არჩეულ თემაზე ფილმის გადაღება, მასალის განხილვა და მონტაჟი.     ეს ყველაფერი ხუთ დღეში, თუმცა იდეის შეცვლის გამო, მხოლოდ სამი დღე მქონდა ჩემი ფილმისთვის და მასალაც საკმაოდ რთული იყო, როგორც გადასაღებად, ასევე სამონტაჟოდ. workshop Continue reading

BIAFF 2013 – Ketato & Lullaby Queens

Ketato & Lullaby Queens-მა ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დახურვაზე, რამდენიმე სიმღერა შეასრულეს  ბათუმის საზაფხულო კინოთეატრში.

ფოტოები და ვიდეო კონცერტიდან

Ketato & Lullaby Queens

Ketato & Lullaby Queens

ketato

Ketato & Lullaby Queens

კინოფესტივალის გახსნა [ფოტო]

კულტურული ღონისძიებები, საკუთრივ კი ისეთი ღონისძიებები, სადაც უფასოდ შეიძლება დაესწრო ჩვენებებს, წარმოდგენებს, საღამოებს და ა.შ. ხშირად არ გვანებივრებენ საქართველოში. შესაბამისად, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დაწყებას დიდი სიამოვნებით ველოდები ხოლმე და შვებულების ერთ კვირას ყოველთვის ვინახავ სექტემბრისთვის.

ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დაესწროს კინორეჟისორების, პროდიუსერების თუ სხვა პროფესიონალების მასტერკლასებს, სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი ფილმების ჩვენებებს და თემატურ ვორქშოფებს მთელი ერთი კვირის მანძილზე, რასაკვირველია ეს ყველაფერი უფასოდ.

ვფიქრობ ეს არის შანსი, რომელიც ყველა კინომოყვარულმა უნდა გამოიყენოს და მითუმეტეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა სწავლობენ ამ სფეროში და მომავალში აპირებენ თავის წარდგენას საკუთარი შემოქმედებით. აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ სწავლება ამ მხრივ არ დგას მოწოდების სიმაღლეზე, მაქსიმალურად უნდა დაესწრონ მოწვეული სპეციალისტების მასტერკლასებს.

ფოტოები ბიაფის გახსნიდან 

biaff1

biaffcake

წიგნივით ჩასაკეცი კინო

ფილმი შავ–თეთრია, აბსოლუტურად შავ-თეთრი, უკანასკნელი ნამუშევარი რეჟისორისთვის, ჩემთვის კი პირველი მისი შემოქმედებიდან. ხანგრძლივი და მონოტონური, იმაზე უფრო ხანგრძლივი და მონოტონური ვიდრე თავად ცხოვრება. დრო და დრო შეგიძლიათ წიგნივით ჩაკეცოთ და შეისვენოთ, მერე მოხვალთ და ისევ იმ ადგილიდან შეგიძლიათ გააგრძელოთ სადაც შეჩერდით.

სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ გამჩენია იმის შეგრძნება რომ ფილმს იღებენ, ან ეს  ფილმია რასაც ვუყურებ, ან ამ ფილმს ჰყავს რეჟისორი; თითქოს ჩვენ, მაყურებლები ვისხედით სწორედ იმ სახლის წინ, რომელსაც ფასადი ჩახსნილი აქვს და ვაკვირდებით ამ ადამიანების ცხოვრებას. ცხოვრება რომელიც მდორე და ერთფეროვანია, უფრო სწორად კი შავ–თეთრი, სადაც არ არის საჭირო არცერთი სხვა ფერი, ზედმეტია.

აქ ყველაფერი ნამდვილია, ამინდი, ცხენი, ადამიანები, სახლი, გარემო, სიღატაკე, მოხარშული კარტოფილი, ხმები და მოშიებული ადამიანის პირის წკლაპუნიც კი. ჭამის პროცესი ხომ ფილმის ყველაზე აქტიური და სიცოცხლით სავსე სცენაა.

ყოველდღიური რუტინა და ცხოვრებისეული ერთფეროვნება ფილმში რამდენჯერმე ირღვევა. დისონანსი შემოაქვთ სახლში დაბუდებულ ხის ჭიებს, რომლებიც ჩუმდებიან 58 წლიანი ხმაურის შემდეგ და ფესვებგამდგარი სიჩუმე კიდევ უფრო უხერხული ხდება.

უხერხულობის გრძნობა რაღაც მომენტში მეც დამეუფლა ფილმის ყურებისას, თავი ისე ვიგრძენი თითქოს სხვის ცხოვრებას ვაკვირდებოდი, გახდას, ჩაცმას, ცეცხლის დანთებას, პირის დაბანას, ჭამას, უბრალოდ არაფრის კეთებას, რომელიც ასევე ძალიან პირადულია.

ოჯახის ოთხფეხი არსება, ცხენი უფრო მგრძნობიარეა ადამიანებთან შედარებით, აღარც სვამს, აღარც ჭამს, აღარც პატრონს ემორჩილება.

თენდება კიდევ ერთი დღე და ერთფეროვნება ისევ ირღვევა; დილით, წყლის მოტანის მორიგი რიტუალისას ქალს დამშრალი ჭა ხვდება. წყალი გაქრა, ისე თითქოს არც ყოფილა, თითქოს უკან შეისრუტა რაღაც ძალამ.

მამა–შვილი სახლს ტოვებს, მიდიან, შვილი მიათრევს ბარგით სავსე ურიკას, მამას და მშიერ ცხენს. ისევ ბრუნდებიან. გრიგალი ისევ არ ჩაწყნარებულა, ის ერთადერთია, რომელსაც მუხლი არ ჩაუხრია ამ დღეების განმავლობაში.

ნგრევით დაღლილი მხოლოდ ბოლო დღეს ისვენებს  . . .

ნელ–ნელა ქრება ყველაფერი დიდი ხნის წინათ ბოძებული, ხმაური, ფოთლები, ჭიები,  წყალი, ცეცხლი და ნათელი.

და  იქმნა ბნელი მეექვსე დღეს . . .

––––––––––

P.S.  მსგავსი არაფერი მინახავს აქამდე და წინასწარ გული მიწუხს იმაზე რომ კიდევ დიდხანს ასეთ ფილმს ვერ ვეღირსებით.

როგორც აღვნიშნე ფესტივალზე ნაჩვენები “ტურინის ცხენი” რეჟისორის უკანასკნელი ფილმია, კინოდან მიდის და ალბათ მართალიც არის, ამომშრალი ჭასავით არის ეს ფილმი, უბრალო კი არა, ნამდვილი, დასასრულით, უფლება არ აქვს გააგრძელოს.