Posted in კულტურა, ლიტერატურა

შენ ქალი ხარ, მე დედოფალი

როგორ მოხდა აღარ მახსოვს, მაგრამ არც ასლის გადაღების საშუალება იყო და არც წიგნის შოვნის, უნივერსიტეტში დიდი ბრიტანეთის მთელი ისტორიის ხელით დაკონსპექტება მომიწია, ხან ქართულიდან და უფრო მეტად ინგლისური წყაროებიდან. ხელით წერისას თითქოს უფრო გამახსოვრდება ყველაფერი, შეიძლება თითებსაც აქვთ მეხსიერება . . .

მეც, მეტ–ნაკლებად მახსოვს ამ ქვეყნის ისტორია, შეიძლება წლები ტყვიის სიზუსტით ვერ მიგითითოთ, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდები, როგორიცაა დედოფალ ელისაბედ I–ს ხანა, კარგად მახსოვს;

მით უმეტეს, ამ პერიოდს უკავშირდება ლიტერატურაში (და არა მხოლოდ), აღორძინების ხანაც, მარლო, შექსპირი . . .

ორი დედოფალი ერთ ქვეყანაში  . . . ან ერთი უნდა დარჩეს, ან მეორე, დიდი ხანი ვერ აიტანდა ქვეყანა ორ დედოფალს, ქვეყანა დუღდა, გაეხვა შეთქმულებების ხან რეალურ და ხან არალეალურ ღრუბლებში . . .

შილერის ნაწარმოების ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო სცენაა ამ ორი მოქიშპე ქალბატონის შეხვედრა ფოთრინგეის ციხეში, სადაც მარიამი ქცევით თუ სიტყვებით ცდილობს დასცინოს და დაამციროს, მკაცრი და თავდაჯერებული დედოფალი ელისაბედი.

სწორედ აქ ჩანს ყველაზე კარგად, თუ რა დიდი განსხვავებაა ამ ორ ქალს შორის, მარიამი ვნებებს აყოლილი, თამამი ქალი, ხოლო ჟღალთმიანი მედიდური, ზვიადი, ნამდვილი მონარქის თვისებებით.

მაგრამ ეს შეხვედრა შედგა მხოლოდ შილერის პიესაში.

სინამდვილეში . . .

სინამდვილეში კი, მარიამ სტიუარტი თითქმის 20 წელი იყო ჟღალთმიანის ტყვეობაში და ამ დროის განმავლობაში, ისინი ერთხელაც არ შეხვედრიან ერთმანეთს.

მისი სილამაზეც თაყვანისმცემლების შექმნილია . . .

ფილმებში, სპექტაკლებში, წიგნებში ყველგან ულამაზესი და მომხიბვლელია, არც სინამდვილეში იყო მახინჯი, თუმცა არა ისეთი, როგორსაც წარმოვიდგენთ, დაახლოებით 40 წლამდე, ფუმფულა, ჭაღარა შეპარული ქალბატონი გახლდათ.

ელისაბედის გარშემოც უამრავი საყვარელი ირეოდა, მაგრამ მათ ანგარება ამოძრავებდათ ქალწული დედოფლისადმი და მხოლოდ გამორჩენის მიზნით ეტრფოდნენ მას.

რატომ ასეთი კონტრასტი? იქნებ იმიტომ, რომ მსხვერპლი ყოველთვის ლამაზია, მომხიბვლელია, რაც არ უნდა ცუდი იყოს და შეიძლება სინამდვილეში ცუდიც იყოს და ბოროტიც, მსხვერპლი ყველას გვეცოდება, ყველა მხარს ვუჭერთ და ვცდილობთ სადღაც ღობე–ღობე მისი გამამართლებელი საშუალებები ვეძებოთ.

ელისაბედისთვის არ იყო ადვილი სამეფო სისხლის დაღვრა, დედოფლის დასჯა, არც პიესაში და არც სინამდვილეში. იგი დიდ ხანს ფიქრობდა დაესაჯა თუ არა შოტლანდიის დედოფალი, მართალია ჩვენ, მაყურებლები ამას მხოლოდ სამი საათი ველოდით, მაგრამ ისტორიულად ეს ლოდინი თითქმის 20 წელი გაგრძელდა.

სიტუაცია დაიძაბა, რელიგიურ–პოლიტიკურ ნიადაგზე, პროტესტანტების და კათოლიკეების შუღლი პიკს უახლოვდებოდა, კათოლიკურ სამყაროს მარიამ სტიუარტის ხილვა სურდა სამეფო ტახტზე, საშიშროება იყო, რომ პაპი საფრანგეთს და ესპანეთს მოუქსევდა, ამ ამბავს ისიც ამძაფრებდა, რომ მარიამი დედით ფრანგი იყო, საფრანგეთში გაიზარდა, როგორც ნამდვილი კათოლიკე და მხარდაჭერის დიდი იმედი ჰქონდა.

აკი რამდენჯერმე ჩაიშალა კიდეც, მათ მიერ დაგეგმილი შეთქმულება ელისაბედის წინააღმდეგ.

ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ პიკს მიაღწია, ელისაბედი იძულებული შეიქნა მძიმე გადაწყვეტილება მიეღო.

კათოლიკურმა შეთქმულებებმა და კათოლიკური ქვეყნებიდან წამოსულმა საშიშროებამ, ხალხის შეხედულებებიც შეცვალა; მათთვის ყველაფერი კათოლიკური ინგლისის მტერი იყო. სწორედ ეს სიძულვილი ყოველივე კათოლიკურისადმი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად იქცა სამომავლოდ.

განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი . . .

პ.ს.

პიესა ელისაბედის ტრაგედიით მთავრდება. შოტლანდიის დედოფალი ამაყად, თავაწეული მიემართება ეშაფოტისკენ, გარშემოტყმული თვალცრემლიანი. ერთგული და მოსიყვარულე მეგობრებით . . . და იმედით, რომ მისი შვილი, ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ დაიდგამს ორივე გვირგვინს . . .

ელისაბედი კი რჩება მარტო, მას ის ადამიანებიც მიატოვებენ, რომლებიც მართლაც ერთგულად ემსახურებოდნენ ბოლომდე.

 

Posted in კულტურა, ჩემი ჩანახატები

ტაქსის მძღოლი 18+

– გამარჯობა

– გაგიმარჯოს

– დიდ დიღომში რამდენად წამიყვანთ?

– 10 ლარად

– რვად?

– კარგი, 9 იყოს

სუფთა და გაღუღუნებულ წითელ ტაქსში ვჯდები, მძღოლი ისეთი გაბარიტების იყო, ჭერს თავს ურტყამდა.

– ახლა გარეთ -2 გრადუსია, დიდ დიღომში ალბათ -3 ან -4 მაინც იქნება.

– უფ, კი, როგორ არა!

– აქ მუშაობთ თქვენ?

ისევ +18 სპექტაკლის შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი და მოკლედ მოვჭერი: “დიახ, აქ ვმუშაობ”

პაუზა

– თუ საიდუმლო არ არის, რაზე მუშაობთ? – მორიდებით მკითხა მძღოლმა და გულმა მიგრძნო მინიმუმ 1 დიპლომიან ტაქსის მძღოლს ვესაუბრებოდი.

– თარჯიმანი ვარ

– ძალიან კარგი

აქ გამახსენდა, რა კარგად თარგმნიდა დათო გაბუნია სპექტაკლს, ალბათ უფრო კარგად ვიდრე წერდა და ალბათ იმაზე უფრო კარგად ვიდრე, რომელიმე პოლიტიკოსის ან კუტუნიოს თარჯიმანი გადათარგმნიდა – ზუსტად და სწორად.

– რა ენის თარჯიმანი ბრძანდებით?

– ინგლისურის

– მე ჩემს შვილს ვასწავლი ინგლისურს, მერე შემრცხვა, რომ არ ვიცოდი და მეც დავიწყე სწავლა, ჩემს ცოლთან ერთად.

– ძალიან კარგი (ისევ ვმეორდები გიგი დედალამაზიშვილივით)

– ამას წინათ, ორი მასწავლებელი დამემგზავრა, აი, უცხოეთიდან რომ ჩამოიყვანეს ისინი

– აჰა

– რა მაგარი იყო იცი (იცინის) ისინი ქართულად მელაპარაკებოდნენ, მე ინგლისურად, სამივე ვამტვრევდით.

– ვაააჰ, ვამბობ და გულში ვფიქრობ, რა მაგარია ინგლისურის მცოდნე ტაქსის მძღოლი (მაგრამ რად გინდა, მაინც ყველა ისე უყურებს ტაქსის მძღოლობას, როგორც დროებით სამუშაოს)

– სკულტე კარგია? – მეკითხება მძღოლი, სკულტე მაქვს, თავის აუდიოკასეტებით

– კი, საკმაოდ ნორმალურია თქვენთვის, კარგი და მარტივია დამწყებთათვის.

– კასეტები გავაციფრულე, ახლა მანქანაში ხმის გამაძლიერებელს ვიყიდი და აქ მოვუსმენ ხოლმე

ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, განა რა არის საოცარი ამაში, ინგლისურს სწავლობს, დარწმუნებული ვარ კბილებსაც იკეთებს. (აი, რა შუაშია?)

– ამას წინათ, ასეთი რამ შემემთხვა, ჩემთვის ვიდექი სვეტაფორთან, უკანა სარკეში ვხედავ, რომ ორი ქალბატონი, გააჩერებს ერთ ტაქსს, მეორე ტაქსს, მესამე ტაქსს, ყველა მიდის, ვიფიქრე რა ხდება, მივედი, თურმე ტურისტები იყვნენ ისრაელიდან და ერთი სიტყვა არ იცოდნენ ქართულად.

– ჯობია აქეთ ჩაუხვიოთ, შუქნიშნებს მაინც ავცდებით.

– ჰო, მართალი ხართ, შევყევი ლაპარაკს, სანაპიროთი ჯობია.

– კი, ნამდვილად

– ხოდა, მეკითხებიან ეს ქალები, OLD SHOP, OLD SHOP, ვიფიქრე ახლა, OLD ძველია, SHOP -მაღაზია, ხოდა ეგრევე მივხვდი რა, რო მშრალ ხიდზე უნდოდათ წასვლა, ეგ არ არის OLD? ხო ეგ არის? –  მეკითხება მძღოლი, სიცილით

– კარგად მიხვედრილხართ.

– ჰოდა, აი ასე მივიყვანე მშრალ ხიდზე, ასეთი კურიოზებიც ხდება ხოლმე, მაშ.

– ისე, სამხედრო ვარ, 16 წელი ვმსახურობდი და ახლა ტაქსის მძღოლი ვარ, ხოდა ინგლისურს ვსწავლობ ახლა, სულ ტაქსის მძღოლი ხომ არ ვიქნები.

ამასობაში სახლსაც მივუახლოვდით.

– აქ ხელმარცხნივ გამიჩერეთ თუ შეიძლება, ვეუბნები და 10 ლარიანს ვაწვდი

– ახლავე

– იყოს ხურდა არ მინდა

– ჰაჰაჰ, მადლობა და ისე, რომ იცოდე, საიდანაც წამოგიყვანე იქიდან აქამდე 15–20 კილომეტრია, მეუბნება მძღოლი.

– კი, ვიცი, მადლობა . . . ყოველდღე მანქანით დავდივარ

– აჰაჰ, კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ და მიდის.

P.S. არადა არ ვიყავი სამსახურში, მე რუსთაველზე არ ვმუშაობ, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ  სცენაზე, 18+ სპექტაკლზე ვიყავი, სადაც ვნახე კოცნები, ლიფიანი ძუძუები, ნიფხვიანი და უნიფხვო ჭუჭუები და. და რა, ა, ჰო, აკაპელა შესრულებული FEELINGS