შეშინებული ქართველი რეჟისორები

ფესტივალის დასაწყისში, პოსტში აღვნიშნე კიდეც, წლიდან წლამდე როგორ მატულობს ახალი ქართული ფილმები, შეძლებისდაგვარად უმჯობესდება ხარისხიც, ზოგი ფილმი ფესტივალებზეც მოგზაურობს. თუმცა მთელი რიგი პრობლემების გარდა, ძირითად სისუსტედ კვლავ სცენარი და მსახიობების შერჩევა რჩება. ეს წელიც არ არის გამონაკლისი, მეტიც, რაღაც მომენტში, უფრო უარესობისკენ წავსულვართ, ვიდრე უკეთესობისკენ.

ვუყურებდი მოკლემენტრაჟიან საკონკურსო ფილმებს და ვფიქრობდი, უფრო სწორად, ვცდილობდი წარმომედგინა ფილმის ფურცელზე დაწერილი ვერსია, კადრების, ფერების, ყველაფრის გარეშე და გამეგო, როგორ, რანაირად მოხდა ისე რომ ასეთი დაუმუშავებელი, დრამატურგიულად გაუმართავი, ზოგან თავის, ზოგან ბოლოს, ზოგან შუა ნაწილის არმქონე სცენარი იქცა ფილმად, მიიღო დაფინანსება, ადამიანები დაითანხმეს სამუშაოდ და საბოლოოდ, ფილმი მაყურებლამდეც მივიდა.

უზარმაზარი გადამღები ჯგუფიდან, როგორ ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც იტყოდა, ჰეი, რაღაც ვერ გამოდის, ამბავი არ იკვრება, პრობლემა არ დგას, კვანძი ვერ შევკარით, ვერც გავხსენით, რაღაც ხომ შევცვალოთ? ხომ არ ჯობია კამერა ვამოძრაოთ? და მაყურებელს ლამაზი ფოტოალბომი არ დავათვალიერებინოთ, არ გვინდა ამდენი უძრავი კადრი, ფოტოების დათვალიერება რომ უნდოდეს, კინოში კი არა, ფოტოგამოფენაზე წავა ადამიანი, ან ეს ფერები? თინეიჯერი გოგოს რეტრიკა ალბომია?

სამწუხაროდ, რეჟისორებს ფილმების დაწყებამდე შევხვდით, თორემ აუცილებლად შევეკითხებოდი, გეშინიათ კამერის მოძრაობის?

პაუზები, პაუზები, პაუზები, გაყინული კადრები, თითქოს ამით გინდა მეტი დრამა შემოიტანო და იღებ იმას, რომ მაყურებელი უხერხულად იშმუშნება, ადგომა და გასვლაც ერიდება, აქა-იქ სიცილსაც აყრის, თუმცა ჯობია ტირილი.

იდეები მშვენიერი იყო, კარგი დამუშავების შემთხვევაში, ნორმალურ მოკლემეტრაჟიან ფილმებს მივიღებდით, საზოგადოებისთვის პრობლემურ და საინტერესო თემებზე.

აღარ მახსოვს ვინ თქვა, რეჟისორი პირველ რიგში მაყურებელიც უნდა იყოსო, მაყურებლის თვალით შეხედოს ფილმს და შეაფასოსო, ჰოდა, კიდევ მეორე კითხვაც მექნებოდა რეჟისორებთან, თქვენს ფილმებს არ უყურებთ? ან პროდიუსერი ან ვინმე ფილმს არ უყურებს? თუ შენიშვნას ვერ გიბედავთ? თუ გაძლევენ შენიშვნებს, მაგრამ არ ითვალისწინებთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ხართ თქვენს ღრმა ჩანაფიქრში და მთელი დანარჩენი სამყარო ვერ გიგებთ და თქვენ წინააღმდეგ არიან?

გთხოვთ, ან უფრო დიდხანს იმუშავეთ იდეაზე, სცენარზე, გადაღების ფორმებზე ან გაითვალისწინეთ უფრო გამოცდილი ადამიანების რჩევებიც ან ყველაფერი ერთად ან კიდევ, ნურც ჩვენ გვაწვალებთ და ნურც თქვენს ჭუჭუს.

რა მინდა ფილმისგან პირველ რიგში? მოძრაობა, დინამიურობა მინდა, ამბავი მომიყევით მოძრაობით და დინამიურობით, რასაკვირველია, თუ საჭიროა პაუზაც უნდა გამოიყენოთ და გაყინული კადრიც, მაგრამ პაუზა და გაყინული კადრი ისეთ დროს და იმ დოზით უნდა იყოს, რომ ამბავი მოძრაობას არ წყვეტდეს და გაყინული კადრი, კინოდარბაზის ტექნიკურ ხარვეზზე არ მიუთითებდეს.

მიყოლებით რამდენიმე ფილმს ვუყურე, აი, სადღაც მეორე თუ მესამე ფილმის შემდეგ, ვიღაცამ ძლიერად ხელი მკრა და ფილმში შემაგდო, გიჟივით დავრბივარ, ვერ ვხვდები რა ხდება, რაღაც ძველი სახლის აივანზე ვარ, ფეხებში მედება ყველა, ადამიანები, გარეთ გამოტანილი ნივთები, ყველა დარბის, კივის, წივის, რვა წუთში მზე ქრება. ღმერთო, კამერა მოძრაობს და მეც ფილმში ვარ, აი, მინდა ვიყვირო, რომ კამერა მოძრაობს, აქეთ-იქეთ დავყავართ თავის ნებაზე, მერე ვფიქრობ, რა დროს ეგ არის, მზე ქრება 8 წუთში. იმდენად ვერ ამოვისუნთქე რომ ამ პოსტისთვის ერთი კადრის გადაღება მინდოდა და დამავიწყდა. სრული მოულოდნელობა და საუკეთესო მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ყველაზე მარტივი, უბრალო ამბავი მოვყვეთ თანმიმდევრულად, სავსედ, მაყურებელი გადმოვათრიოთ სკამიდან, ფილმში შევითრიოთ და საათს არ უყუროს, როდის გავა 8 წუთის 13 წუთი.

 

 

 

 

ოცნებები გვიან ხდება

დღეს, ერთი მოხუცი ბაბუ ვნახე რუსთაველზე, რომელსაც მიწისქვეშა ამოსასვლელთან, უკვე კარგა ხნის ფერდაკარგული ჟურნალ-გაზეთები, პოსტერები, კედლის ანბანები და რუქები გასაყიდად გამოეტანა. აქა-იქ თვალში მომხვდა რამდენიმე ისეთი ჟურნალი, რომელსაც 90-იან წლებში მეც ვაგროვებდი, ვჭრიდი პლაკატებს და ჩემს ოთახში კედლებზე ვაკრავდი. ბაბუს, მადონას შავ-თეთრი პოსტერიც კი შემოენახა. თუ ორიოდე ტელე ან რადიო გადაცემას არ ჩავთვლით, ჩემთვის, ეს ჟურნალები ერთადერთი წყარო იყო მაშინ, რომ რაღაც დამატებითი გამეგო კინომსახიობების, რეჟისორების და ზოგადად კინოს შესახებ. ჰო, ინტერნეტი მაშინ არ გვქონდა, ხოლო შუქი ზუსტად მაშინ მოდიოდა, როცა მეორე არხზე ტომიჯერი (და არა Tom & Jerry) იწყებოდა.
ჟურნალებიდან ამოჭრილ დიდ პოსტერებს კედელს ვუთმობდი, პატარებს რვეულში ვაკრავდი და აღწერილობას ვურთავდი; ეს რვეულები ახლაც შენახული მაქვს.

90
90-იანი წლები საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მთელი თინეიჯერობა სწორედ ამ გაყინულ, ბნელ პერიოდს დაემთხვა, არა თეატრი, არა კინო, არაფერი მსგავსი არ ხდებოდა, საღამოს ქუჩაში გასვლა საშიში იყო, მხოლოდ ტელევიზორში თუ ვნახავდით რამეს, მაგალითად გადაცემა “ილუზიონში”. ასე მეხუთე კლასში ვიქნებოდი, მამამ პირველად კინოთეატრში რომ წამიყვანა, პირველად ანუ რაც ჩემს მეხსიერებას დაამახსოვრდა როგორც კინოში წასვლა, ეს იყო კინოთეატრი “საქართველო”, დაახლოებით 1990 წელი, და ვნახეთ სერჯო ლეონეს ფილმი “ერთხელ ამერიკაში”, მესამე ნაწილი.

ზუსტად ვერ ვიხსენებ, პირველად როდის გამიჩნდა ფილმის გადაღების სურვილი, მაგრამ მახსოვს რატომ გამიჩნდა, 90-იანებში გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტას ერთი ბრწყინვალე თვისება ჰქონდა, ადამიანები ერთმანეთს უკეთესად ვხედავდით, ვუსმენდით და ვესაუბრებოდით ერთმანეთს, გარშემო ხდებოდა ბევრი, ხშირად სამწუხარო, მაგრამ საინტერესო ამბავი; თითოეული ასეთი ამბავი, თავისი შემადგენელი სცენებით, დიალოგებით თუ მონოლოგებით უკვე იყო კინო, კინო, რომელსაც მხოლოდ გონებაში თუ ჩაიწერდი და დაიმახსოვრებდი. ასე გროვდებოდა გამოცდილება, ილექებოდა ამბები და იზრდებოდა წარმოსახვა.

ოცნებები გვიან ხდება, თუმცა ესეც კარგია რომ პროფესია რეჟისორი არ გახდა ჩემი პირველი პროფესია, და არის რიგით მესამე, თუმცა ახლაც მგონია, ჯერ ისევ ადრე ხომ არ არის, იმდენად რთული და მნიშვნელოვანი პროფესიაა, პროფესია რომელსაც ფეხდაფეხ გამოცდილების მიღების გარდა, ჯერ კიდევ არჩევამდე მოითხოვს ძალიან დიდ გამოცდილებას.

წესით, ჩემი პირველი ფილმი “დაიცავი გუდიაშვილი” უნდა ყოფილიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო ფილმის პოსტპროდაქშენი. ამგვარად, ჩემი პირველი, დასრულებული ფილმია “The Bridge”, რომელიც ბათუმში გადავიღე, BIAFF-ის და Postcode Fillms-ის  მხარდაჭერით. ამ თემაზე ფილმის გადაღებას ჩემგან ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ეს არის ფილმი, ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც დელფინების მწვრთნელად მუშაობს ბათუმის დელფინარიუმში. 90-იანებისგან განსხვავებით, ახლა ადამიანებს უფრო მეტი სივრცე და საშუალება აქვთ აირჩიონ ზუსტად ის პროფესია, რომელიც ძალიან უყვართ, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდნენ და არა მხოლოდ სიტუაციის და გარემოების შესაბამისად, პრაგმატულ მოტივებზე დაყრდნობით, ამ ფილმის გადაღების მთავარი იდეაც სწორედ ეს იყო, აკეთო ის რაც გიყვარს, რითაც არ იღლები, რაც არ გბეზრდება, მიუხედავად იმისა იღებ ანაზღაურებას თუ არა.

მონადირე – ნიკოლოზ შენგელაია

“როცა ლაპარაკია ქართველ რეჟისორებზე, განსაკუთრებით იმათზე, ვინც მწერლობიდან მოვიდა კინოში, ძალიან იშვიათად აქცევებ ყურადღებას მათ ლიტერატურულ შემოქმედებას. ალბათ ყველამ არა, მაგრამ იმათ კი, ვისაც ნიკოლოზ შენგელაიას კინოშემოქმედება შეუსწავლია იციან,  რომ იგი ადრე პოეტი იყო. კინორეჟისორობა შედარებით მოგვიანებით დაიწყო. გაგახსენებთ ლექსს “მონადირე””.  (ამონარიდი ა. ბაქრაძის წიგნიდან “კინო და თეატრი”)

“ბაი ბეთქილი . . .

თეთნულდიდან ნისლი ლილედა.

ფეხდამცდარ კდლიდან

თითო-თითოდ მოდის მთა–ბარი.

ზედ მონადირე . . .

გამოძახილს მოსდევდა ხმები:

ლილეო!!

დალი!!

რომ მწვერვალზე გადაენთები

თვალი მართალი,

ზედ ხანჯალი, იმედი კიდე.

შენ მონადირე,

უშბის წვერზე რომ დაეკიდე,

თვალებში გენთო თაფლის სანთელი.

მაგარი თეძო მეგობარია ვაჟკაცის მთაში

და ჩეგემიდაქნ გადმოტანილი სტამბულს

ეჭირა კბილებში კაჟი.

გახარებული ბედი მოგინდა,

შუბლს გიელვარებს თოვლის ნათელი.

მოგენატრება ჯიხვის ჯოგიდან

დამსკდარ კლდეების კორიანტელი.

მოდედებული სისხლი ძარღვებში

ათასში ერთი რომ აგიცილდეს,

გაიჭედება რკინის კუნთები.

ვიცი, რომ სოფლად არ დაბრუნდები.

თავგამეტებულს გზა გეადვილა,

სუნთქვამ მაღლობზე უფრო იმატა,

ცა

დაბალია თავშესაფარი.

ბაი ბეთქილი!!!

თეთნულდიდან ნისლი ლილედა.

ფეხამცდარ კლდიდან

ბურთებივით ცვივა მთა-ბარი!”

—————————

მისი ლიტერატურული მოღვაწეობა 1922 წლიდან იწყება, კინოში 1924 წლიდან გვხვდება, შესაბამისად ეს ლექსიც ამ პერიოდს უნდა მივაკუთვნოთ (ზუსტი წყარო არ მაქვს სამწუხაროდ).

პ.ს. თქვენი არ ვიცი და ამ ლექსის კითხვის დროს ჯერ მაგრად შემცივდა და მერე მთებზე სიარულით დავიღალე 😀

იხილეთ მეტი