მეტი ტუჩი, ცოტა ანდერგრაუნდი და თანასწორობა თვლით 

აკრედიტაცია, კაი თბილისური გაგებით, მეტად უცნაური რამეა. მე დამოუკიდებელი ფოტოგრაფი ვარ, ეს კიდევ უფრო დიდი თავსატეხია კაი თბილისური გაგებით, თუმცა როგორც კი ვახსენებ, რომ GETTY IMAGES კონტრიბუტორ-ფოტოგრაფი ვარ და შესაბამის პორტფოლიოსაც დავურთავ, თითქმის ყველა კარი იღება, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, აკრედიტაციისთვის მიმემართოს და უარი ეთქვათ.

დამოუკიდებელი ფოტოგრაფის სტატუსით რამდენჯერმე ვიყავი Tbilisi Fashion Week-ზეც და Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ზეც.

პირველი პრობლემა შეიქმნა მაშინ, როდესაც გაგზავნილ აკრედიტაციაზე პასუხი არ მოვიდა, თუმცა ფეისბუქზე დაწერილ სტატუსს, მალევე გამოეხმაურნენ, ტექ. ხარვეზის გამო რამდენიმე აპლიკაცია არ შემოვიდა, ბაზაში არ ხართ და ხვალ მობრძანდით, გადმოგცემთ აკრედიტაციასო. ასე მშვიდობიანად გადაიჭრა ეს საკითხი, კაი თბილისური გაგებით, ჩემმა მზემ.

შევედი გვერდზე, საიტზე დევს ჩვენებების განრიგი, დღეების და საათების მიხედვით, მაგრამ არ წერია ლოკაციები. მე, გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც სიღრმეში, კონცეპტუალურ დროსა და სივრცეში, აუცილებლად მითითებულია ლოკაციები, მაგრამ მე, რიგით ფოტოგრაფს ძალა არ შემწევს აღმოვაჩინო ეს ლოკაციები.

ჩემმა ნაცნობმა ფოტოგრაფმა გამაგებინა, გუშინ საღამოს, სადღაც სხვაგან იყო ჩვენებაო, არა რუსთაველის თეატრშიო, დღესაც ვიფიქრე, რომ საღამოს სხვაგან იქნებოდაო და დავრეკეო, დავრეკეო და მითხრეს რომ ბასიანზე იქნებაო. ჰოი, ჰოი.

გამიკვირდა რაღაცნაირად. ერთი გაფიქრება, კი ვიფიქრე, რა ჯანდაბა უნდა ფეშენს თბილისის ანდეგრაუნდის ჭიპში მეთქი, მაგრამ სიცივემ, წითელმა ტყავის შარვალმა, შუბებმა და ანდერგრაუნდისკენ გამავალი გისოსების იქით ცხელი გლინტვეინით მოსიარულე მეტმა ტუჩმა, თავისი ქნა, ჩემს კამერას აუდგა, კინაღამ სკოჩი შემოიხია.

მივაჭერი დაცვას, დახედა ბეჯს, ფოტოგრაფიო, ვერ შეგიშვებთო, რატომ მეთქი, ის არ გაწერიათ ბეჯზე, ვისაც ვუშვებთო. მიმოვიხედე ნაცნობი ფოტოგრაფები და ჟურნალისტებიც შევნიშნე, რომლებსაც ასევე არ უშვებდნენ, ზოგს PRESS ეწერა, ზოგს PHOTOGRAPHER და ჩემგან განსხვავებით, ისინი ცნობილ მედია საშუალებებს წარმოადგენდნენ.

დახურულია ივენთიო, ივენთი დახურულიაო, ზედ კართან გვითხრეს, აი, ასე მშრალად, არც ის რომ ივენთი დახურულია მედია საშუალებებისთვის, არც ის, რომ წინასწარ ამაზე ვინმემ სადმე დაწერა ან დარეკა ან დაგიმესიჯა ან მტრედი გამოაგზავნა, არავინ არაფერი იცოდა, დაახლოებით 15-20 კაცი ველოდებით გარეთ, ზოგი ვიდექით, ზოგი უკან გაბრუნდა მალევე. ყველა ერთმანეთისკენ იშვერდა ხელს, მე ასე გადმომცეს რომ არ შეუშვათო, მერე ვიღაც გოგო გამოვიდა და ოფიციალურად გვითხრა ტყუილად ელოდებით, ასე გვითხრეს რომ არ უნდა შემოგიშვათო. რატომ არ გაგვაფრთხილეზე, პასუხი არ ჰქონდა, ხელებს ასავსავებდა. ამასობაში ირკვევა, რომ შიგნით რამდენიმე ფოტოგრაფი უკვე არის, ზოგი შერჩევით, ზოგიც თვლით, მათ შორის ისეთებიც, ვისაც ის ეწერა ბეჯზე, რაც ჩვენ, გარეთ დარჩენილებს.

ჰო, მერე იგივე ხალხი გამოვა და უფლებებზე და თანასწორობაზე წაიკითხავს პოემებს, შაირებს, ჰაიკუებს.

არადა, ამ საკითხის მოგვარება შეიძლებოდა მარტივად, მედია კოორდინატორი, მორიგეობით, შესაბამისი ქრონომეტრაჟით შეიყვანდა 4-5 ფოტოგრაფს/ჟურნალისტს ან წინასწარ გააფრთხილებდა, კულტურულად მიწერდა მეილზე ყველას და შეატყობინებდა, რომ დღევანდელი ჩვენება მედიის წარმომადგენლებისთვის დახურულია და ის არის მხოლოდ ქერუბიმებისთვის. ჩვენც არ მოვიდოდით, ხომ ვიცით რომ ქერუბიმები არ ვართ, არც უფრო ფეშენები ვართ, არც უფრო თანასწორები ვართ, თანაც ზუსტად იმ ანდერგრაუნდ სივრცეში, სადაც ყველა თანასწორია, ჩემმა მზემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფესტივალი. დღე უკანასკნელი

დღეს ცალსახად პლაცებოს დღეა. ფესტივალის გრაფიკში, მოულოდნელად რაღაცეები შეიცვალა. ხუთი საათისთვის მეგობრების მოსასმენად ავდიოდით და გზაში წამოგვეწია მესიჯი, რომ უკვე დავუკარით, დროზე ადრე გადმოიტანეს შემსრულებლების გამოსვლა, მთავარ სცენაზე, დაგეგმილზე უფრო ადრე რომ დაწყებულიყო კონცერტებიო. გვეწყინა.

მთავარ სცენაზე, მთელი საღამოს განმავლობაში, პლაცებოსთვის გამზადებული, ტენტით გადაფარებული აპარატურა იდგა. პლაცებომდე გამომსვლელი ქართველი შემსრულებლებიც ამ არტ ინსტალაციის ფონზე გამოდიოდნენ. როგორც ჟღერადობით მივხვდით და როგორც გვითხრეს, მომღერლებმა საუნდჩეკი სულიერად გაიარეს; ბეარფოქსამდე და ლაუდსპიკერსამდე, ისეთი “საოცარი” ჰანგები იღვრებოდა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, მეგონა კარაოკეს ფესტივალზე ვიყავი.

შემდეგ ნელ-ნელა გამოსწორდა.

ნელ-ნელა ხალხმაც იმატა.

მეც, როგორც წინა დღეების განმავლობაში, ფოტოგრაფის ბეჯით შევედი სცენის ტერიტორიაზე და მედია კარავში, სხვა კოლეგებთან ერთად, ველოდებოდი როდის დაგვიძახებდნენ. პლაცებო უკვე ემზადებოდა სცენაზე გამოსასვლელად.

მთელი ამ დღეების განმავლობაში, კანტიკუნტად ვხედავდი ონლაინ, ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლებს, მწერალ ჟურნალისტებს, ძირითად მხოლოდ ფოტოგრაფები და სხვადასხვა ტელევიზიის ვიდეოკამერები მხვდებოდნენ ხოლმე.

პლაცებოს დღეს კი, რაც მოხდა გაგაოცებთ, მედიის წარმომადგენლების რაოდენობა ალბათ გაათმაგდა, ვერ მივხვდი, საიდან გაჩნდა უცებ ამდენი ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, ზოგი მობილური კამერით, ზოგი ფლიპკამერით, სამოყვარულო ფოტო თუ ვიდეოკამერებით შეიარაღებული, ყველა სცენისკენ მიიწევდა. დაცვა შავ დღეში იყო, ფანები შეეკავებინა თუ ჟურნალისტები ვეღარ გაეგოთ. რამდენიმე ფოტოგრაფი, გაოგნებულები შორიდან ვუყურებდით ამ ყველაფერს. შემდეგ ერთბაშად გვანიშნეს, წამოდითო, წინ მთელი ურდო გაიჭრა, გავყევით უკან, ისეთი მდგომარეობა იყო, ცხვირი კი არა, ტელე-ლინზაც ვერ შევყავი. :დ

დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობდა, ღობის იქიდან გადმოყავდათ ხან გულწასული, ხან გადმოვარდნილი ფანები. შეკავება სულ უფრო ძნელდებოდა.

ნელ-ნელა, ჯერ ტელევიზიები, შემდეგ ფოტოგრაფები შეგვიყვანეს. ძალიან სტრესული სიტუაცია იყო, უკან ფანები, რომლებიც ცალხაზიან ღობეს მთელი ძალით აწვებოდნენ, რომელსაც თავის მხრივ აკავებდა დაცვა, შემდეგ კამერები და წინ ორწყებად ისევ დაცვა, რომელიც ჟურნალისტებს გვაკონტროლებდა, წინ ზედმეტი ნაბიჯი რომ არ გადაგვედგა.

მოვრჩით. გამოვედით.

ამ ჭაპანწყვეტიდან გამოსვლის შემდეგ, ჩამესმის პლაცებოს Twenty Years და  ვხედავ, როგორ მოძრაობს რომელიღაც ტელევიზიის ვიდეოკამერა ხალხში და კამერაზე დამაგრებული მაშუქით ეძებს ხალხში გაფანტულ მოზასავე წყვილებს. ალბათ, მოგვიანებით, ამ ვიდეოებს ისეთი ჰედლაინებით ვიხილავთ, რომელიც გაგვაოცებს, თუმცა ისე ვეღარ გამაოცებს, როგორც მედიამ გამაოცა პლაცებოს ლაივ კონცერტზე.

გამოსვლიდან ორიოდე წუთში, ორგანიზატორი, ერთ-ერთ უცხოელ ფოტოჟურნალისტს მიუახლოვდა და სთხოვა, პროფესიონალი ფოტოკამერებით, სცენის მხარეს ფოტოები არ გადაეღო.

როგორც აღმოჩნდა ამ შეზღუდვას აწესებდა პლაცებოს დაცვა.  ეს მათი მოთხოვნა იყო, თუმცა გაუგებარია, თუ ფოტოების გადაღება არ სურდათ, საერთოდ რატომ შეგვიშვეს სცენის შიგნით?

ეს იყო პიკი. სრულიად გაუგონარი რამ ფოტოგრაფიის, ვიდეოგრაფიის, ახალი მედიის ეპოქაში, როდესაც ჰაერივით მნიშვნელოვანია ფოტო/ვიდეო მასალა ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის.

რაც შეეხება, ყველას ერთბაშად გაჟურნალისტებას, ამ “ჟურნალისტებს” შორის ბევრი იყო ჩვეულებრივი ფანი, რომლებსაც უბრალოდ დაავიწყდათ პროფესია, უცბად იქცნენ “ვაიმე შევჩენკოებად”, თვალებზე ბინდი გადაეკრათ და მზად იყვნენ წაელეკათ ყველა და ყველაფერი. ფანი ხარ? მაშინ გადადი ღობის მიღმა, დაიხარჯე, იხავლე, იყვირე, გაიჭყლიტე, ღობეზე ახტი, მობილურით გადაიღე და მერე თუ გინდა დაწერე ამ ემოციებზე, ოღონდ ამის გამო კოლეგებს თავზე ნუ გადაახტები.

როდესაც ადამიანი აკრედიტაციას გადის, როგორც მწერალი ჟურნალისტი, ის, ფოტო და ვიდეო კამერით აღარ უნდა დარბოდეს, კეთილი ინებონ, ამ მედია საშუალებამ როგორმე თუნდაც ერთი ფოტო, ერთჯერადად შეიძინოს მოქმედი ფოტოგრაფებისგან.

ცოტა რომ გამოვერიდე ამ ორომტრიალს, გონზე მოვედი და მერე გამახსენდა ერთი შეძახილი, როცა პლაცებოსკენ გავრბოდით, “ჰე, ჰეიი, ჩვენც არტისტები ვართ”,  მოვიხედე და სადღაც სიბნელეში, ნიკ კაჩაროვი დავლანდე.

უხერხულად ვიგრძენი თავი.

ჰო, ჩვენც გვყავს არტისტები, ძალიან კარგი არტისტები და თან არ ვაფასებთ, საუნდჩეკის გავლის საშუალება მაინც მივცეთ ხოლმე, რა ვიცი.

 

როგორც გიორგი გოგუამ აღნიშნა, ეს არის სისხლით მოპოვებული კადრი.  :))

პლაცებოს გიტარისტ-ბასისტი სტეფან ოლსდელი

პლაცებოს გიტარისტ-ბასისტი სტეფან ოლსდელი