რაც მამას უნდა

თეძოების რხევა, ირლანდიისთვის უცხო ამერიკული ჯაზის რიტმებზე – ეს გარყვნილებაა, დარბაზის გახსნა ცეკვებისთვის, ხატვის, მუსიკის წრეებისთვის, საუბრებისთვის და აზრთა გაცვლა-გამოცვლისვის კი უბრალოდ ძალიან საშიშია.

ყველაფერი უცხო საშიშია. უცხოს უნდა მოვერიდოთ, არ გავეცნოთ, საფრთხის მომტანია. ხშირად მეჩვენება რომ ქართულ ენაშიც რაღაცნაირად ზედმეტად ხშირად და თან უადგილოდ ვიყენებთ ხოლმე ამ სიტყვას. ალტერნატივაც ვერ მოვიფიქრე. ცნობა ეძლევა “უცხო ქვეყნის” მოქალაქეს – რა უხეშად ხვდება ყურს, პირდაპირ ქვეყანა რომ მიეთითოს არ შეიძლება? ან “საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანისთვის ჯილდო გადაეცემა . . .”  აქაც არ შეიძლება პირდაპირ ენა დაასახელონ?

ნაცნობი სიტყვის ჩანაცვლება “უცხო”-თი, რაღაცნაირად გვაშორებს ამ სიტყვასთან, გვაუცხოებს და გვაშინებს.

მამას ეშინია. მამას არ სურს დარბაზის არსებობა. ის თვლის რომ ეკლესიიდან წამოსული განათლება საკმარისია და სხვა ყველაფერი ზედმეტი და საფრთხის შემცველია.

ერთხელ უკვე გაძევებული და ამერიკიდან ახალდაბრუნებული ჯეიმს გარლტონი, სერიოზული პრობლემაა სულიერი მამისთვის და მდიდარი მემამულეებისთვის. სოფელში გამეფებულ სიღარიბეს, ახალმოხნული მიწის სურნელს აზროვნების ნოტები შეპარვია.

დარბაზის გახსნიდან პირველივე ქადაგებაზე, სულიერი მამა ასახელებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესტუმრნენ დარბაზს, არცხვენენ საზოგადოებას, საკუთარ ოჯახებს და გარყვნილებაში ეფლობიან. დარბაზი ეშმაკეულია.

ეს ამბები ირლანდიაში ხდებოდა 30-იან წლებში. სწორედ ამას გვიყვება კენ ლოუჩის ფილმი “ჯიმის დარბაზი”, რომელიც კინოფესტივალზე  ვნახე, ბათუმში.

ფილმის ნახვის შემდეგ ბევრი ასოციაცია გამიჩნდა და ბევრი შტრიხი გავაიგივე ჩვენს დღევანდელ რეალობასთან. სამწუხაროდ.

რა უნდა მამას? როგორ უნდა მამას? და რატომ არის მამა? . . . . კითხვები არ უნდა გებადებოდესო, თუმცა ვერ ისვენებენ და ეს და სხვა მრავალი კითხვა მიტრიალებს ხოლმე თავში.

ამ რამდენიმე ხნის წინ, კაზანტიპზე თეძოს გაქნევა და მუსიკის მოსმენა იყო დიდი გარყვნილება, ანაკლია-განმუხურის დაკარგვით იმუქრებოდნენ. მამას არ უნდოდა კაზანტიპი.

ხან სუნამოა ეშმაკეული, ხან კრიმინალზე არ უნდა ვისაუბროთ, ხან საზღვარგარეთ არ უნდა წავიდეთ სასწავლებლად, ხან ეს და ხან ის არ უნდა მამას.

ფილმის დასასრულს ყველაფერი ისე ხდება როგორც მამას უნდა, თუმცა რასაკვირველია რჩება და ჩნდება იმედი, სულ პაწაწინა სინათლე, უშრეტი და მზარდი ენერგიის წყაროთი, ენერგიული ახალგაზრდებით, შემტევი თაობით.

უცხო სუნელსაც აქვს თავისი სახელი – ულუმბო ჰქვია.

Advertisements

პროტესტი პროტესტისთვის

მაინც რა არის პროტესტი? იქნებ საშუალება, რომ როგორმე ჩვენი ან სხვისი მოწყენილი ცხოვრება გავახალისოთ, უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, მივცეთ საშუალება სხვა, გარეშე ადამიანებს, დღეების, კვირეების, თვეების განმავლობაში განიხილონ ამა თუ იმ ჯგუფის ზოგჯერ უმიზნო და ზოგჯერ გამიზნული პროტესტის ავკარგიანობა, ვინ მართალი იყო, ვინ მტყუანი.  კარგია იყო თბილ სავარძელში მოკალათებული და განსაჯო სხვები, დასცინო და აკრიტიკო მათი ქმედებები. და რაც რეალობაა შენ არ ხარ ამ პროცესების მონაწილე, არც ცდილობ შეძვრე მონაწილეთა ტყავში და გაქვს ერთადერთი სასიამოვნო შეგრძნება, რომ რაღაც „საქმე“ მოგეცა, ილუზიური წარმოდგენა იმისა რომ შენც რაღაც წვლილი შეგაქვს პროცესებში, მაშინ როდესაც სავარძელში მოკალათებულს წარმოდგენაც არ გაქვს კონკრეტული პროტესტის რეალურ არსზე და ერთი პროცენტითაც ვერ იზიარებ შეწუხებული ადამიანების ტკივილს.

იმის მაგივრად რომ ადამიანები შეურთდნენ პროტესტს ნებისმიერი მათთვის შესაძლებელი და ხელმისაწვდომი ფორმით, რას აკეთებენ? ფაქტობრივად არაფერს, იღლებიან არაფერის კეთებაში და ამ „არაფერს“ ყველანაირად ხელს უწყობენ იარსებოს და გასტანოს დიდ ხანს.

გუშინდელი დისკუსიის ამოსავალი წერტილი კი ახალგაზრდები და ახალგაზრდული პროტესტი იყო.

ვერ გეტყვით მოსმენის კულტურა თანდაყოლილია თუ შეძენილია, მაგრამ დისკუსიის დამსწრე სტუდენტობას ვურჩევდი პროტესტობანამდე ჯერ მოსმენის კულტურისკენ გადაედგათ მარჯვე ნაბიჯები.

საოცარია, რაოდენ დაფიქრებული, ომახიანი და შემტევია შედარებით უფროსი თაობა, მით უფრო მჩატე, დაუფიქრებელი და უმოქმედოა ახალი თაობა, რა თქმა უნდა გამონაკლისები ყველგან არიან, ახალშიც, ძველშიც და ძველის ძველშიც.

 „პროტესტი ევროპული აზროვნებაა“ – აღნიშნავს სტუდენტი დისკუსიაზე; რას ნიშნავს ევროპული აზროვნება და რას ნიშნავს რომ პროტესტი ევროპული აზროვნებაა? რატომ უნდა შევზღუდოთ აზროვნება გეოგრაფიული ლოკაციებით და გაჩენისთანავე მოვაქციოთ რაღაც სახასიათო ჩარჩოებში? მარტივად რომ ვთქვათ, როგორც შემგუებლობა, ასევე პროტესტიც, წინააღმდეგობრიობაც პირველ რიგში ხომ სწორედ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს და არა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან, რასაც შემდეგში ხელს უწყობენ გარშემომყოფები ან/და გარემო ფაქტორები.  ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თვითმფრინავში, თვით იმ თვითმფრინავში მყოფი არცერთი ახალგაზრდა არ ფიქრობდა, რომ პროტესტი ევროპული აზროვნებაა და ამიტომ აიჭრნენ ცაში, მათ გაუჩნათ პროტესტი ბუნებრივად, პროტესტი რომელიც შიგნიდან წამოვიდა გარეგანი ფაქტორების წინააღმდეგ, გაუჩნდათ და იმოქმედეს, წინააღმდეგობებმა, პროტესტმა, გრძნობებმა ერთდროულად იპოვეს გზა  და აფრინდნენ . . .

„მე ჩემს თავს ვერ ვხედავ აქციებზე . . . ვფიქრობ რომ აქციაზე ჩემი ყოფნით, არაფერი ეშველება“ – განაგრძობს დისკუსიაზე საუბარს იგივე ხმა (ვერ ვხედავდი ვინ საუბრობდა).

აბა მაშ როგორ? კი, მე მესმის, რომ შეიძლება უმოქმედობაც პროტესტის ფორმა იყოს, მაგრამ ეს უმოქმედობაც რაღაცაში ხომ უნდა გამოიხატოს მაინც, მაგალითად როდესაც რომელიმე ქარხნის მუშები სწორედ უმოქმედობით (სამუშაოზე უარის თქმით) აპროტესტებენ ცუდ სამუშაო პირობებს, მათი პროტესტი ხომ რაღაცნაირად გამომხატველობითია, დგანან ქარხნის წინ პლაკატებით, გამოდიან სიტყვით და ა.შ. ერთი მუშა ხომ არ დგას, მიდის ყველა, ერთმანეთის მხარდასაჭერად და რაც მთავარია იმის საჩვენებლად თუ აი რამდენ ადამიანს აწუხებს და აინტერესებს ეს საკითხი.

აქციის ყველა მონაწილეს აქვს ფუნქცია, როგორც მინიმუმ საკუთარი თავის და ინტერესების წარმოდგენის ფუნქცია და არასოდეს არცერთი პროტესტი არ იწყება იმ აზრით, რომ აი მე ვერაფერს შევცვლი. მარტივია, ასეთი განწყობით დაწყებული ნებისმიერი პროტესტი თუ სხვა რამ ქმედება ჩანასახშივე მკვდარია.

კონკრეტულ ჯგუფებს თუ არ ჩავთვლით, სტუდენტების ძირითადი მასა წარმოადგენს გამომშრალ, შემგუებელ და დამყოლ სოციუმს, რომელიც დადის, დადის, დადის თავჩაქინდრულ ან ქვიშაში თავწარგულ პოზაში, ემორჩილება მშობელს, მეზობელს, მეგობარს, ნათესავს, მასწავლებელს, ლექტორს, მღვდელს და ა.შ. მუდმივად არის ვიღაცის ან რაღაცის ზეგავლენის ქვეშ და ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია, ცდაც კი არ ღირს და ხშირ შემთხვევაში ასევე დარწმუნებულია რომ რაც მის გარშემო ხდება ეს ბუნებრივი მდგომარეობაა და არც არაფერია შესაცვლელი! სწორედ ეს არის დიდი უბედურება, როდესაც ადამიანი ფიქრობს რომ მის გარშემო არაფერი არ არის შესაცვლელი და როგორც არის ისე უნდა დარჩეს ყველაფერი.

აბა მითხარით, რა უნდა გააპროტესტოს ადამიანმა, რომელსაც „DAAD“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საბუთების შეკრებაზე, თარგმნაზე და მომზადებაზე ყველგან მამიკო დაჰყვება? მამიკომ იცის რა საბუთები სჭირდებათ, რა ენაზე უნდა ითარგმნოს, სად უნდა მიიტანონ, სტუდენტი კი დგას უძრავად და შეჰყურებს მამიკოს!

ან რა უნდა გააპროტესტოს ადამიანმა, რომელიც სალონში ვერ წყვეტს როგორ შეიჭრას თმა, ეკითხება იქვე მდგომ ბებიას და დედას, რომლებიც თავის მხრივ ფიქრობენ ისეთი ვარცხნილობა შეარჩიონ, რომ მოეწონოს სახლში მყოფ მამას!

ამის შემდეგ მე და კიდევ სხვებს ნუ მოატყუებთ, რომ რაღაცას აპროტესტებთ და რაღაცის შეცვლა გინდათ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თქვენ ეგუებით სწავლის უზარმაზარ გადასახადებს, რომლის შესაბამის განათლებასაც არ/ვერ იღებთ უნივერსიტეტში, ან თუმცა რა გენაღვლებათ, ამ ფულს ხომ თქვენი დედიკოები და მამიკოები იხდიან.

ოთახის ყვავილები არაფერს აპროტესტებენ, მათ მხოლოდ წყალი სჭირდებათ, თუ შეუწყდათ კი მალევე ჭკნებიან, თავისით ვერ მოიტანენ და ვერც მივლენ წყალთან, ეს არის და ეს.

 ———-

Be Explosive and Move Forward!